† ბერი პაისი ათონელი

სხვადასხვა

„სამწუხაროდ, ჩვენს დროში მომრავლდა სიტყვები და წიგნები,
მაგრამ შემცირდა გამოცდილება“

ძველ დროში წმიდა მამები უდაბნოში გადიოდნენ და ასკეტური მოღვაწეობით თავიანთი ვნებებისაგან თავისუფლდებოდნენ. მათ არ გააჩნდათ რაიმე პირადი გეგმები ან პროგრამები - ისინი თავს სრულად უფალს მიანდობდნენ. ამასთან, ყოველგვარ ძალაუფლებასა და წოდებებს გაურბოდნენ, მაშინაც კი, როდესაც სიწმიდეს აღწევდნენ - მხოლოდ იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც დედაეკლესია მათ დახმარებას საჭიროებდა. მაშინ, ცხადია, ისინი უფლის ნებას ემორჩილებოდნენ და სახელი ღვთისა იდიდებოდა მათი წმიდა ცხოვრებით.

ასე ხდებოდნენ ხოლმე წმიდა ბერები სულიერი დონორები მას შემდეგ, რაც უდაბნოში სულიერ საზრდოს მიიღებდნენ. მათი მოღვაწეობა გამოცდილი მოძღვრების დაუძინებელი მზრუნველობის ხელმძღვანელობით აღსრულდებოდა. ამგვარი ასკეტური მოღვაწეობის შედეგად ბერები სულიერ ჯანმრთელობას იძენდნენ.

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს დროში ამასოფლის სიყვარულით მოხიბლულებს, - სიყვარულით, რომელსაც არ გააჩნია სულიერი საფუძველი, - გვსურს ვაკეთოთ სიკეთე, ,,გავცეთ ჩვენი სისხლი“, მაშინ როდესაც სისხლი აღვსილი გვაქვს სულიერი „მიკრობებით“; და ამგვარად სიკეთის ნაცვლად უფრო მეტი ზიანი მოგვაქვს.

ჩვენ რომ წმიდა მამების დარად გვეცხოვრა, მაშინ ყველანი სულიერად ჯანმრთელები ვიქნებოდით და სხვა სარწმუნოებების მიმდევრებს ჩვენი სულიერი სიჯანსაღე შეშურდებოდათ. მაშინ ისინი ყოველგვარი ქადაგების გარეშე დაუყოვნებლად დატოვებდნენ თავიანთ ავადმყოფურ ცდომილებებს და ცხონდებოდნენ. ამჟამად მათ იმიტომ არ აღაფრთოვანებს წმიდა მამათა ,,გარდამოცემა“, რომ სურთ აგრეთვე იხილონ წმიდა მამების საქმის გაგრძელება, ჩვენი ნაყოფი, უწყვეტი ნათესავური კავშირები ჩვენს წმიდანებთან.

სამწუხაროდ, ჩვენს დროში მომრავლდა სიტყვები და წიგნები, მაგრამ შემცირდა გამოცდილება, იმიტომ, რომ ადამიანები კვლავ ამასოფლის სულის მიერ დატყვევებულნი არიან, ამასოფლის სული კი მუდმივად კომფორტისაკენ მიისწრაფვის და შრომას გაურბის. უმრავლესობა სიმშვიდეს სულიერი ლიტერატურის კითხვით პოულობს, მაგრამ ამ წაკითხულიდან რეალურ ცხოვრებაში მცირეოდენს თუ იღებს რასმე, ანდა საერთოდ - არაფერს. მხოლოდ აღვფრთოვანდებით ხოლმე ჩვენი ეკლესიის მამების ღვაწლით და არ გვესმის, რამდენი შრომის ფასად მიაღწიეს მათ ამ მდგომარეობას. რადგან თავად არ ვმოღვაწეობთ, - არ ძალგვიძს არც წმიდა მამების ღვაწლის წვდომა და არც მათი შეყვარება და მით უფრო მათი მიბაძვა მოშურნეობითი ღვაწლით.

ხოლო, ვინც მოშურნეობით იღწვიან, - თავს არ ინდობენ და საკუთარ ,,მე“-ს წინა პლანზე არ წამოწევენ - ძალიან ნაყოფიერად შეეწევიან სხვებს, რადგან მხოლოდ ამით ანიჭებენ მათ სულიერ სიმშვიდეს და თავადაც ამაში პოულობენ მშვიდობას, როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში.

ისინი ვინც ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან, თუმცა კი ჯერ კიდევ ვნებების ტყვეობაში იმყოფებიან, თავიანთ პირად ინტერესებს სულიერად წარმოაჩენენ და საერო ხელისუფალთაც კი მიმართავენ, რომ მათ საეკლესიო პრობლემები გადაწყვიტონ - ასეთები დაუტოვებია ღვთის მადლს!

დაე, პავლე მოციქულის სიტყვებით ნუ დაგვცინებს ეშმა: ,,..საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა ჯერ-არს ჩემი განკითხვაი...“ (საქმე 25, 11). პავლე მოციქული მაშინ კეისრის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა; მას წინასწარ უფლისგან ეუწყა, რომ ქრისტეს სჯული რომში უნდა ექადაგა და ამიტომ მოითხოვა კეისრის სასამართლო, რომ რომში მოხვედრილიყო (სახელმწიფოს ხარჯზე).

თუკი ადამიანი ცდილობს დააყენოს საეკლესიო საკითხები მართლმადიდებლური სულისკვეთებით, მაგრამ ამას მხოლოდ იმისათვის იქმს, რომ მას ეკლესიაში მაღალი წოდება მიაკუთვნონ, - შეუძლია თუ არა ასეთს ღვთის კურთხევის მიღება?!

ასევე არ უნდა მოვიწონოთ მათი ქმედებაც, ვინც თუმცა კი თითქოს ძალიან კარგად და მართლმადიდებლურად აყენებენ საეკლესიო საკითხებს მაშინ, როცა თავად ჯერ კიდევ საკმარისად მაღლა არ დგანან ეკლესიაში და აცდუნებენ მორწმუნეებს თავიანთი უგუნური უკიდურესობებითა და უძლურებებით.

ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობებს ყოველთვის ზიანი მოაქვს დედა ეკლესიისთვის და ისინიც, ვინც მათ ემხრობიან, რადგან ამ უკიდურესობის ორივე ბოლო (მხარე) ჩვეულებრივ ძლიერ აზიანებს. ეს იმის მსგავსია, რომ ერთ უკიდურესობას ემხრობოდეს ეშმაკეული, დასნებოვნებული სულიერი ურცხვობით (ყველაფრისადმი სიძულვილით), ხოლო მეორეს კი - შეშლილი, რომელშიც შმაგი ეჭვიანობა გონებაშეზღუდულობასთანაა შერწყმული და მაშინ - უფალო შეგვიწყალენ! - ორი უკიდურესობის მომხრეები მუდმივ ორთაბრძოლაში იქნებიან და ვერ გაარჩევ, ვინ არის მართალი და ვინ - დამნაშავე.

ის ვისაც შეუძლია დაუახლოვოს ეს ორი უკიდურესობა, შეაერთოს ისინი - ქრისტესგან ჯილდოდ ორ უხრწნელ გვირგვინს მიიღებს.

არ შეიძლება ეკლესიაში პრობლემების შექმნა და იმ მცირედი ადამიანური უძლურებათაგან გამომდინარე განწყობების გაზვიადება, რომელიც ეკლესიაში მუდმივად არსებობს, - რათა ამით ეკლესიას მეტი ზიანი არ მივაყენოთ და არც ბოროტი გავახაროთ.

ვინც მცირეოდენ უწესრიგობას შეამჩნევს თუ არა, მაშინვე ძლიერ აღშფოთდება ხოლმე და მთელი ძალისხმევით (მრისხანებაში მყოფი) თითქოს ცდილობს ეს გამოასწოროს, - იმ უგუნურ მნათეს ემსგავსება, რომელიც დაინახავს რა, რომ სანთელი იღვენთება, მაშინვე მივარდება მას, რომ გაასწოროს, - მაგრამ ამ დროს გზად მრევლს ეჯახება და შანდლებს აყირავებს და ამით მხოლოდ ხმაურს სტეხს ტაძარში ღვთისმსახურებისას.

სამწუხაროდ, ჩვენს დროში მრავალ ადამიანს შემოაქვს შფოთი დედაეკლესიაში. მათ ნაწილის (განათლებულს) - დოგმატები გონებით აქვთ მიღებული და არა წმიდამამებისეული სულით. ხოლო სხვანი, გაუნათლებლები ან ნაკლებად განათლებულები, დოგმატებს კბილებით არიან ჩაფრენილები და ამიტომ კბილთა ღრჭენით დაობენ საეკლესიო საკითხებზე. და ამგვარად, ეკლესია ორივე მხრიდან უფრო დიდ ზიანს ღებულობს, ვიდრე მართლმადიდებლობის მტრებისაგან.

ვინც თავის გაბოროტებას იმით ამართლებს, რომ მხილება აუცილებელია, მათ, ამავე დროს არ სურთ პირველ რიგში საკუთარი თავი ამხილონ. და ვინც ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც ხდება ეკლესიაში საჯაროდ უნდა გაცხადდეს, - ისიც კი რაზეც საუბარი მიღებული არ არის - და ამასთან, მახარებლის სიტყვებს იმოწმებენ: ,,უთხარ კრებულსა“ (მათე 18,17) - მხილება საკუთარი მცირე ეკლესიით (ოჯახით ან საძმოთი) დაიწყონ! და თუკი ეს მათ კეთილ საქმედ მოეჩვენებათ, მაშინ დაე, დედაეკლესიასაც დაასხან ლაფი. ვგონებ, რომ კარგი შვილები არასდროს დასწამებენ ცილს საკუთარ დედას. მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალი უგუნური მართლმადიდებელი აწვდის მწვალებლებს საპოლემიკო მასალის სიუხვეს - და ამის შედეგად მართლმადიდებლურ ქალაქებსა და სოფლებს იპყრობენ იეღოველები და სხვა სექტანტები, რომლებიც მუდმივად აფართოებენ თავიანთ მისიონერულ მოღვაწეობას.

გონიერი მოძღვრებისთვის ცნობილია, რომ ამგვარი დემონური მოღვაწეობით (სამღვდელოებისა და ეკლესიის შერცხვენით) მათ ბევრი დააბრკოლეს და იეღოველებად აქციეს. ასევე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ ამგვარი არამართლმადიდებლური ხერხით ჯერ კიდევ არცერთი იეღოველი არ მოუქცევიათ მართლმადიდებლობაზე.

ყოვლადსახიერი უფალი გვითმენს სიყვარულით და არავის არცხვენს მხილებით, თუმცა კი უწყის, როგორც გულთამხილავმა ჩვენი ცოდვით დაცემული მდგომარეობა. ასევე წმინდანები არასოდეს შეურაცხოფდნენ ცოდვილთ და მითუმეტეს, სხვების წინაშე, არამედ სიყვარულითა და სულიერი დელიკატურობით ფარულად შეეწეოდნენ ბოროტების გამოსწორებას. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ცოდვილები ვართ, ამის საპირისპიროდ ვიქცევით (როგორც ფარისეველნი).

მხოლოდ დემონის მიერ შეპყრობილს ეპატიება სხვების წინაშე ადამიანების შერცხვენა (რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ ადამიანთა, ვისზეც უფლებები აქვს დემონს), მათი წარსულის გახსენებით, რათა აცდუნოს უძლური სულები.

ბოროტი სული ადამიანის სათნოებებს არასოდეს ამჟღავნებს, მარტოოდენ მის უძლურებებს წარმოაჩენს. ვნებებისგან გათავისუფლებულ ადამიანებს ძალუძთ, ბოროტება სიკეთედ გადააქციონ; თუკი ისინი მცირეოდენ ბიწიერებას შენიშნავენ, რომელიც არ იწმინდება, მას მაშინვე დაფარავენ, რათა ვინმემ არ შეამჩნიოს და არ შეეზიზღოს. ისინი კი ვისაც ნაგავი გარეთ გააქვს, ემსგავსებიან ქათმებს, რომლებიც ....-ს ჩხრეკენ.

არ არის გულწრფელი და პირდაპირი არც ის, ვინც ვინმეს პირუთვნელად სიმართლეს ეუბნება, არც ის, ვინც ამ სიმართლეს პრესაში ბეჭდავს - არამედ ის, ვისაც სიყვარული აქვს და ცხოვრების ჭეშმარიტი წესით ცხოვრობს და განსჯით საუბრობს მხოლოდ მაშინ, როდესაც საჭიროა და იმაზე, რაც საჭიროა.

ვინც უგუნურად სხვებს ამხელენ, სულიერ სიბნელესა და ბოროტებაში არიან ჩაძირულნი. მათი წარმოდგენით ადამიანები ბრიყვები არიან და ამიტომ ისინი მათ უმოწყალოდ ,,ამუშავებენ“ მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები ამის შედეგად ზიანდებიან - ხარობენ იმ ,,კვადრატებით“, რასაც მათგან ქმნიან (კუბისტების სტილში)!

ისინი, ვინც მოძღვრობას ჩქარობენ, თუმცა ჯერ კიდევ მრავალ ,,სულიერ ტოქსინს“ ატარებენ - ემსგავსებიან მკვახე მახრჩობელა კომშს, რომელსაც რამდენი შაქარიც არ უნდა დააყარო, მისგან კარგ მურაბას მაინც ვერ მოადუღებ და რომც მოადუღო - მალევე დამჟავდება.

ამაღელვებელ სიტყვებსა და დიდ ჭეშმარიტებას ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ისინი ჭეშმარიტ ბაგეთაგან ჟღერს. ამასთან, მათი დატევა მარტოოდენ კეთილი ნებისა და წმიდა გონების მქონე დიდ ადამიანებს ძალუძთ.

ლამაზი სულის შინაგანი სიწმიდე ჭეშმარიტ ადამიანს ამშვენებს და გარეგნულადაც ამკობს, რადგან უფლის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება ადამიანს გარეგნულადაც განამშვენებს. სულის შინაგანი სილამაზე, ადამიანს სულიერად ამკობს და გარეგნულად ასხივოსნებს. ღვთის მადლი ასევე ამშვენებს და ნათელს ფენს ყველაზე ღარიბულ ტანსაცმელსაც კი, რომელსაც მადლმოსილი უფლისმიერი მორწმუნე ატარებს.

მეტად ფასეულია კურთხეული კაცი, რომელმაც შინაგანად ფერი იცვალა და რომელსაც გარეგნულადაც ნათელი მოეფინა - ვიდრე ყველა ის ადამიანი, რომლებიც თანდათანობით მარტოოდენ გარეგნობას (ტანსაცმელს) იცვლიან, ხოლო შინაგანად თავის ძველ სახეს ინარჩუნებენ, თავისი ,,არქეოლოგიური“ ცოდვებითურთ.

მეტად ფასეულია სულიერი გამოცდილების მქონე მორჩილი კაცის ერთი სიტყვა, რომელსაც იგი გულის სიღრმიდან თანაგრძნობით წარმოთქვამს; - ვიდრე საკუთარ გარეგნობაზე აქცენტირებული ადამიანის თავშეუკავებელი მრავალსიტყვაობა, დიდი სიჩქარით რომ იფრქვევა მისი განათლებული ენიდან. ეს სიტყვები ვერ არწმუნებს ადამიანების სულებს, იმიტომ რომ ხორციელია; - იგი არაა ცეცხლოვანი ენა სულთმოფენობისა!

თარგმნა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 49 (307), 2004 წ.