† ბერი პაისი ათონელი

ბერის გამონათქვამებიდან

„ჩვენს მიერ განვლილი წლები მეტად ძნელი და მეტად სახიფათოა,
მაგრამ, ბოლოსდაბოლოს ქრისტე გაიმარჯვებს“

ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და „უდიდესი ერული სისწრაფით მიექანიებიან. მაგრამ, რამდენადაც მათ არა აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არს „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა“ [1], ამდენად მათ არა აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრაფით, დაუმუხრუჭებლად, სრბოლას ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. ადამიანები მეტად აგზნებულნი არიან სირთულეების გამო და უმეტესწილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუკი თვით ისინიც კი, ვინც წმიდა მთაზე მოდიან, ასე გახელებული და დაბნეულნი არიან, როგორებიღა უნდა იყვნენ ისინი, ვინც შორსაა ეკლესიისაგან და ღვთისაგან.

ყველა ქვეყანაში ქარიშხალი და უდიდესი არეულობაა! უბედური სამყარო (დაე, განიპყრას უფალმა ხელი თვისი მის დასახსნელად) სამოვარივით დუღს და სადაცაა გადმოვა! თანაც, ძალიან ჩქარა...

ერთ ადამიანს, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია, ვკითხე, - რატომ ყურადღებას არ აქცევთ, რაც ხდება, სადამდე მივა ეს ყველაფერი? მან მომიგო: - მამაო, ადრე ბოროტები უმცირესი თოვლის მსგავსი იყო, ამჟამად კი ის დიდი ზვავია, ამას სასწაული თუ უშველის“. მაგრამ ზოგიერთი იმ საშუალებებით, რომლითაც თითქოს მდგომარეობის გამოსწორება სურთ, ბოროტების ზომები მიიღონ განათლებასთან და აღზრდასთან დაკავშირებით, რაიმე დადებითაც შეცვალონ, ისინი უარესს აკეთებენ, იმისათვის კი არ ზრუნავენ, რომ ეს ზვავი დაადნონ, არამედ მის ზრდას უწყობენ ხელს. თავიდან ხომ თოვლი არც ისე ბევრია. მაგრამ თუ იგი ქვევით ჩამოიწევს და დაქანდება, ზვავად იქცევა. თოვლი იკრებს თოვლს, ხეებს, ნაგავს, ქვებს, უფრო და უფრო იზრდება და დიდ ზვავად იქცევა. ასევეა ბოროტებაც: ცოტ-ცოტაობით ის უკვე თოვლის უდიდეს მასად იქცა და ქვევით მიექანება. ახლა იმისათვის რომ ბოროტების ზვავი განადგურდეს, აფეთქებაა საჭირო.

- წმიდაო მამაო, თქვენ ყოველივე ეს გაწუხებთ?

- აჰ, აბა რის გამოა, რომ წვერი უდროოდ გამითეთრდა? მე ორმაგად მტკივა. თავიდან, როდესაც მოახლოებულ საფრთხეს ვგრძნობ და ხმამაღლა ვყვირი, რომ ავიცილოთ უბედურება და შემდეგ, როდესაც ამას უყურადღებოდ ტოვებენ, ბოროტება აღესრულება და მე დახმარებისათვის მომმართავენ. ახლა მესმის, როგორ იტანჯებოდნენ წინასწარმეტყველები. ისინი უდიდესი მოწამეები იყვნენ. ისინი უფრო მეტად იყვნენ მოწამეები, ვიდრე რომელიმე მოწამე, თუმცა ზოგიერთ მათგან მოწამეობრივი სიკვდილი არ ხვდომია. ეს იმიტომ, რომ მოწამეები მცირე ხანს ევნებოდნენ, მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველები ხედავდნენ, თუ როგორ აღესრულებოდა ბოროტება და გამუდმებით იტანჯებოდნენ. ისინი გამუდმებით გაჰყვიროდნენ და გაჰყვიროდნენ, დანარჩენები კი თავ-თავიანთ საყვირზე უკრავდნენ. და მაშინ, როცა ამ დანარჩენების ქმედებების გამო ღვთის რისხვა მოიწეოდა, მათთან ერთად წინასწარმეტყველებიც იტანჯებოდნენ. მაგრამ მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში ადამიანების გონება შეზღუდული იყო და ამის გამო ტოვებდნენ ისინი ღმერთს და კერპებს სცემდნენ თაყვანს. დღეს, როდესაც ადამიანები შეგნებულად ტოვებენ უფალს - უდიდესი კერპთმსახურება აღესრულება.

ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიაზრებია ის ფაქტი, რომ ეშმაკს ღვთის ქმნილების დაღუპვა აქვს განზრახული. მან მოაწყო „პანიკინია“ [2], რათა სამყარო დაღუპოს, ის გაცოფებულია, რადგან ქვეყნიერებაზე სიკეთე ამოქმედდა. ის გაკოტრებულია, რადგან იცის, რომ სამოქმედოდ დიდი დრო აღარ დარჩენია“ [3]. ის ახლა იქცევა იმ დამნაშავესავით, რომელიც, რადგან ხედავს, რომ ალყაშია მოქცეული, ამბობს: „ვერ გადავრჩები, ისინი შემიპყრობენ“... და მარჯვნივ და მარცხნივ ყოველივეს ანადგურებს. ანდა როგორც ომის დროს ხდება ხოლმე, როცა საომარი მასალა გამოილევა, ჯარისკაცები ხიშტსა და ხმალს მოიმარჯვებენ, ომში გადაეშვებიან და მოხდეს, რაც მოსახდენია! „სულერთია, - ამბობენ ისინი, - მაინც ვიღუპებით. რაც შეიძლება მეტი მტერი მაინც გავანადგუროთ!“ ქვეყნიერებას ცეცხლი უკიდია, თქვენ გესმით ეს! უდიდესი განსაცდელები აიშალნენ. ეშმაკმა ისეთი ხანძარი დაანთო, ყველა მეხანძრე რომ ერთად შეიყაროს, ჩაქრობას ისინიც კი ვერ შეძლებენ. სულიერ ხანძარს უვნებლად ვერაფერი გადაურჩება. მხოლოდ ლოცვაღა დაგვრჩენია, რათა ღმერთმა შეგვიწყალოს. როდესაც დიდი ხანძარი ჩნდება და მეხანძრეები მის ჩაქრობას ვერ ახერხებენ, ადამიანები ხომ იძულებულნი ხდებიან, ღმერთს მიმართონ და მისგან დიდი წვიმა გამოითხოვონ, რათა ცეცხლი მან დააცხროს. იგივეა სულიერი ხანძარიც, რომელიც ეშმაკმა აღაგზნო და მხოლოდ ლოცვაა საჭირო, რომ შეგვეწიოს უფალი.

მთელი სამყარო ერთისკენ მიდის. საყოველთაო ნგრევაა. ვერ იტყვი, რომ სახლში ერთი მინაა გაბზარული, ან რაღაც ამგვარი, მოდი და შევაკეთებო, - მთელი სახლი ინგრევა! სამყარო დანგრეულ სოფელს დაემსგავსა. მდგომარეობა უკვე უკონტროლოა. მხოლოდ მაღლიდან ღმერთს შეუძლია შველა. ახლა ღმერთი შრომობს: ზოგან ქანჩით, ზოგან თაფლკვერით, ზოგან შოლტით, რათა ყოველივე ეს გამოასწოროს. სამყარო მოწყლულია, ის გაყვითლებულია და დასაღუპადაა გამზადებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ მომწიფებულა, ბოროტება მომწიფდება მაშინ, როდესაც იერიქონში [4], რომელსაც სენისაგან განწმენდა სჭირდება, „დეზინფექცია“ დაიწყება.

 

თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები

ადამიანთა ტანჯვას დასასრული არა აქვს. საყოველთაო ხრწნილება სუფევს - მთელ ოჯახებში, მოზრდილებში, ბავშვებში. ყოველდღიურად ჩემი გული სისხლით ივსება. სახლების უმრავლესობა განხეთქილებით, არეულობით, შფოთითაა სავსე. მხოლოდ იმ სახლებში, სადაც ღვთის ნებით ცხოვრობენ ადამიანები, გრძნობენ თავს მშვიდად. სხვაგან კი  - აქ გაყრა, იქ - გაკოტრება, სადღაც ავადმყოფობა, სადღაც უბედური შემთხვევები, ზოგი წამალს ეძალა, ზოგი - ნარკოტიკს... საცოდავები! ზოგს - მეტად, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ ყველას ტკივილი აწუხებს. განსაკუთრებით - დღეს. სამუშაო არ არის, ვალებია, ტანჯვაა, ბანკები ადამიანებს უკანასკნელ კაპიკებს სწოვენ, სახლებიდან ასახლებენ, ტანჯვა-წამების მთელი გროვაა. და ეს არა მხოლოდ ერთ-ორ დღეს! თუკი ასეთ ოჯახში ერთი ან ორი ჯანმრთელი ბავშვი არსებობს, ყოველივე ამისგან ისინიც ავადდებიან. ამგვარ ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ ერთი დღითაც რომ შეეძლოთ მონაზვნური უზრუნველობა მოიპოვონ, ეს მათთვის ყველაზე საუკეთესო აღდგომა იქნებოდა.

რა დიდი უბედურება ტრიალებს სამყაროში! თუკი საკუთარ თავზე კი არ ზრუნავ და შენი ტკივილი კი არ გტკივა, არამედ - სხვების, მაშინ მთელ ქვეყნიერებას ისე ხედავ, როგორც - რენდგენზე, რომელიც „სულიერი სხივებითაა“ განათებული. ლოცვისას ხშირად ხედავ, თუ პატარა, საბრალო, უბედური ბავშვები სიმწრით როგორ მოდიან ჩემს წინაშე და ღმერთს დახმარებას სთხოვენ. მათ ოჯახებში პრობლემები და სირთულეები აქვთ და ამიტომ დედები ლოცვაზე აყენებენ, რათა ღვთისგან შემწეობა ითხოვონ. ისინი „ამავე სიხშირეზე გადმოეწყობიან და ჩვენ ამგვარად ვუკავშირდებით მათ“.

 

უსაფრთხოება და უმწეობა

დღეს ქვეყნიერება სხვადასხვაგვარი „უსაფრთხოებებითაა“ სავსე, მაგრამ იგი განშორებული ქრისტესგან - უდიდესი უმწეობის შეგრძნებით იტანჯება. არც ერთ ეპოქაში არ არსებულა ასეთი უმწეობა, როგორშიც თანამედროვე ადამიანები არიან. და რამდენადაც ადამიანური უსაფრთხოება მათ არ აკმაყოფილებთ, ისინი ეკლესიის ხომალდს მიელტვიან, რათა სულიერი უსაფრთხოება იგრძნონ, რადგან ხედავენ, რომ ერის ხომალდი ფსკერისკენ მიდის, მეორე მხრივ, თუ ისინი დაინახავენ, რომ ეკლესიის ხომალდშიც შედის წყალი და იქაც ამსოფლიური სულით არიან შეპყრობილნი და სულიწმიდა არ იმყოფება მასში, მაშინ ადამიანებს სასო წარეკვეთებათ, რადგან ამის შემდეგ ხელჩასაკიდი აღარაფერი ექნებათ.

სოფელი იტანჯება, იღუპება და საუბედუროდ, ადამიანები იძულებულნი არიან ამ ერული სატანჯველის შუაგულში იცხოვრონ. უმრავლესობა სიმარტოვეს და გულგრილობას გრძნობს, განსაკუთრებით ამჟამად იგრძნობა ყველგან ეს ყოველივე, ადამიანებს საყრდენი არა აქვთ. როგორც ანდაზაშია: „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო“, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაღრჩობად განწირული ადამიანი ცდილობს რაიმეს ჩასჭიდოს ხელი, რათა გადარჩეს. ხომალდი იძირება და ვიღაც ცდილობს, გადარჩეს, ცდილობს, ანძაზე ავიდეს. იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ანძაც ფსკერისკენ წავა ხომალდთან ერთად. ის ანძას ჩაეჭიდება და კიდევ უფრო ჩქარა დაინთქმება. მე მინდა ვთქვა, რომ ადამიანები საყრდენს, ხელის ჩასაჭიდს ეძებენ. და თუ მათ არა აქვთ რწმენა, რომელსაც დაეყრდნობიან, თუ მათ არ ირწმუნეს ღმერთი იმდენად, რომ მთლიანად მას მიენდონ, მაშინ ტანჯვას ვერსად გაექცევიან.

ჩვენს მიერ გადატანილი წლები მეტად მძიმე და სახიფათო იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ქრისტე გაიმარჯვებს. თქვენ ნახავდით, თუ როგორი პატივისცემით განეწყობოდნენ ადამიანები ეკლესიის მიმართ, ჩვენ - ქრისტიანები რომ სწორად ვცხოვრობდეთ. ასეთ შემთხვევაში ადამიანები მიხვდებიან, რომ სხვაგვარად კარგი არაფერი გამოვა. პოლიტიკოსებმა უკვე გაიგეს, რომ თუკი ვინმეს შეუძლია ადამიანებს დახმარება გაუწიოს ამ ქვეყანაზე, რომელიც საგიჟედაა გადაქცეული, ეს ეკლესიური ადამიანები არიან. დიახ, ნუ გაოცდებით! თქვენმა პოლიტიკოსებმა თავიანთი უძულრება აღიარეს და ხელები ასწიეს. ჩემთან სენაკში რამდენიმე პოლიტიკოსი მოვიდა და მითხრეს:

- ბერები საქადაგებლად ერში უნდა გავიდნენ და განსწავლონ ადამიანები, სხვა გამოსავალი არ არსებობს - მძიმე წლებია!.. თქვენ რომ იცოდეთ, თუ სადამდე დავედით და წინ რა გველოდებაო!

 

ადამიანი ძიებაშია

როგორღაც ისე მოხდა, რომ ზამთარში, ჩემს სენაკში ჩვიდმეტი სრულიად განსხვავებული ადამიანი მოვიდა. სტუდენტიდან დაწყებული - თეატრის რეჟისორით დამთავრებული. ეს ადამიანები ცრემლის ღვრით მეკითხებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ისინი ღვთისმეტყველების სწავლას! ერის მდგომარეობა სრული უგუნურებაა! ყველა რაღაცას ეძებს და უმრავლესობამ არც იცის - თუ რას. ერთნი ჭეშმარიტებას გართობის ცენტრებში ეძებენ, მეორენი კი ცდილობენ ქრისტე შეშლილი მუსიკის მოსმენით იპოვონ...

- და მართლაც, წმიდაო მამაო, როგორ ძიებაში არიან ადამიანები! თქვენთან ამდენი ხალხი მოდის და რიგში საათობით დგანან, რომ თქვენ შეგხვდნენ.

- ესეც დღევანდელობის ერთ-ერთი ნიშანია - ადამიანები შემწეობას ეძებენ (თვით) ჩემისთანა უღირსთან. მე საკუთარ თავში ვერანაირ სიკეთეს ვერ ვხედავ და მიკვირს: რას ხედავენ ასეთს, რომ თავპირისმტვრევით მოიჩქარიან ჩემსკენ? ბოლოს და ბოლოს, ვინა ვარ მე: გოგრა საზამთროს კურკით. ჩვენს დროში კი გოგრას საზამთროს მაგიერ ჭამენ, რადგან მისი კურკები საზამთროსას ჰგავს. ადამიანები ჩემთან სამყაროს მეორე კიდიდან მოდიან და ისიც კი არ იციან, აქ დავხვდები თუ არა. ჩემთვის კი როგორია: ერთის მხრივ, მე საკუთარი თავის მრცხვენია, მეორე მხრივ კი - ადამიანები ტკივილით იტანჯებიან. სადამდე დავედით. როგორ დაეცა ერი! წინასწარმეტყველი ესაია ამბობს, რომ მოვა დრო, როდესაც ადამიანები იპოვიან ვინმეს ერთი შესამოსელის მქონეს და ეტყვიან: „გაგვიხდი მთავრად შენს ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო“ [5]. შეგვიწყალე, უფალო!

წმიდა არსენი კაბადოკიელი ოცდამეშვიდე ფსალმუნს კითხულობდა მათთვის, ვინც „ზღვასა შინა იჭირვიან“. მე კი როდესაც მას ვკითხულობ, ვამბობ: „ღმერთო ჩემო, ახლა ხომ ხმელეთის - ანუ მთელი სამყარო - ზღვაზე უფრო საშიშად იქცა, ადამიანები სულიერად ინთქმებიან ამ სამყაროში“. როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვერული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ: „ღმერთი შურის ძიებათა, ღმერთი შურის ძიებათა განცხადნა, ამაღლდი, რომელი შჯი ქვეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა... ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს... და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა“... ეს წმიდა სიტყვები მეტად ანუგეშებენ სულს. ამ უბედურ ადამიანებს მხოლოდ ერთხელ რომ მიეპყროთ მზერა ცისთვის, მაშინ ბევრი რამ შეიცვლებოდა. მაგრამ დღეს ადამიანები ღმერთზე არ ფიქრობენ, ამიტომ სულიერი დახმარების მცდელობა მათთვის გამოძახილს ვერ პოულობს და მათთან ურთიერთგაგების მდგომარეობის დამყარება ვერ ხერხდება.

მე გამუდმებით ვთხოვ ღმერთს, გამოუჩინოს ქვეყნიერებას კეთილზნეობრივი ადამიანები, ქრისტიანები, რათა ისინი შეეწიონ დანარჩენებს. დაე, უფალმა ასეთ ქრისტიანებს მრავალი წლის სიცოცხლე მიჰმადლოს. ვიცოცხლოთ იმისათვის, რომ ღმერთმა განანათლოს სამყარო და მოგვევლინონ სხვა ადამიანები. არა ისეთები, როგორებიც დღეს არიან - სამყაროს რომ ანგრევენ, არამედ ახლები, წმინდები, ვევედროთ ღმერთს, რომ მან გამოაჩინოს ახალი მაკაბელები [6]. ახალგაზრდებს შეიძლება გამოცდილება არ ჰყოფნით, სამაგიეროდ მათში არ არის სიცრუე და ცბიერება.

მოდით ვევედროთ ღმერთს, რომ მან განანათლოს არა მარტო ისინი, ვინც დღეს ეკლესიას ეკუთვნის, არამედ ისინიც, ვინც ხელისუფლებაში არიან, რათა მათ ღვთის შიში ჰქონდეთ და შეეძლოთ, თქვან რაიმე - სულთა განმანათლებელი. უმაღლეს ხელისუფლებას ძალუძს მხოლოდ ერთი განმანათლებლური სიტყვით შეცვალოს საქმის ვითარება მთელ ქვეყანაზე. ხოლო ერთი განუსჯელი სიტყვით - მთელი სახელმწიფოს დამხობა შეძლოს. კეთილი გადაწყვეტილება კეთილად მოაქცევს ქვეყანას, ხოლო ცუდი გადაწყვეტილება - კატასტროფაა მისთვის. ადამიანების უბედურება მათ მატერიალურ გასაჭირში კი არ არის მარტო, არა მხოლოდ იმაში, რომ უქონელნი და ღატაკნი არიან. მათი სულიერი სიდუხჭირე უფრო საშიშია. ლოცვა დიდად საჭიროა იმისთვისაც, რომ ქრისტემ ადამიანებს ცოტაოდენი შუქი მოჰფინოს. ქრისტე თითქოს ხელთ იღებს პატარა სახრახნისს, სადღაც მეტად მოჭერაა საჭირო, სადღაც - მოშვება და წესრიგია! როდესაც ღმერთი გააბრწყინებს ზოგიერთ რჩეულ ადამიანს, მაშინ თვით ბოროტების ფასი თანდათან ეცემა და მასზე მოთხოვნილება აღარ არის. რადგან ბოროტება ღმერთს კი არ ანადგურებს, არა! ის ანადგურებს საკუთარ თავს. მოვა დრო და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. მე ვხედავ, რომ მრავალ მათგანს, ვისაც რაღაც მაღალი მდგომარეობა უკავია, ესმის, თუ რა ხდება, მათ სტკივათ და ებრძვიან ბოროტებას. ყოველივე ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.

 

ჩვენს ეპოქაში ცოცხალი მაგალითები მოგვაკლდა

- წმიდაო მამაო, რატომ ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, რომ უკანასკნელი ჟამის მოწამეები სხვა ჟამის მოწამეებზე აღმატებულნი იქნებიან?! [7]

- იმიტომ, რომ ადრე მრავალი სულიერი გოლიათი ცხოვრობდა, ჩვენს დროში კი საკმარისად არ არის ცოცხალი მაგალითები, მე ეხლა ზოგადად ეკლესიასა და მონაზვნობაზე ვლაპარაკობ. ჩვენს დროში სიტყვები და წიგნები მომრავლდა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება შემცირდა. ჩვენ მხოლოდ აღფრთოვანებას გამოვხატავთ ჩვენი ეკლესიის წმიდა მოღვაწეთა მიმართ და არ გვესმის, თუ რა დიდი იყო მათი შრომა. ეს რომ გავიგოთ, თავადაც უნდა ვიშრომოთ, უნდა შევიყვაროთ წმინდანები და φιλοτιμο [8], მთელი ძალისხმევა იქით მივმართოთ, რომ მათ მივემსგავსოთ. რა თქმა უნდა, სახიერი ღმერთი ჩვენი ეპოქის თავისებურებებსაც გაითვალისწინებს, იმ პირობებს, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და ჩვენგან ყოველივეს მასთან შესაბამისობაში მოითხოვს. და თუ ჩვენ სულ მცირე ღვაწლს მაინც აღვასრულებთ, უფრო მეტად დავჯილდოვდებით, ვიდრე ძველი დროის ქრისტიანები.

ძველად მოღვაწეობრივი სული ცოცხლობდა, თითოეული ცდილობდა, სხვისთვის მიებაძა. ამიტომ ვერც ბოროტება, ვერც უსულგულობა ფეხს ვერ იკიდებდა. უხვად იყო სიკეთე, ღვაწლის სურვილი, ამიტომ დაუდევარი ადამიანი ვერ ახერხგბდა თავის დაუდევრობაში განმტკიცებულიყო. მას სიკეთის დიდი ნაკადი იზიდავდა თავისკენ. მახსოვს სალონიკის ქუჩაში შუქნიშნის ნიშანს ველოდით, რომ გზა გადაგვეკვეთა. მწვანე აინთო, ადამიანების მასა შეიძრა და მე ვიგრძენი, რომ სხვებთან ერთად არ ვიყავი. მაშინ ისღა დამრჩენოდა, რომ ფეხები გადამედგა და ქუჩის მეორე მხარეს გადავსულიყავი. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ყველა ერთი მიმართულებით მიდის, მაშინ ვიღაც ერთს ძალიან გაუჭირდება მათ გვერდით არ იაროს - მაშინაც კი, როდესაც მას ეს არ სურს. სხვები იზიდავენ, რომ მანაც მათთან ერთად იაროს. მაგრამ თუ ადამიანს სურს პატიოსნად, სულიერად იცხოვროს, ამქვეყნად მისთვის ადგილი არ მოიძებნება, მას ძალიან გაუჭირდება და თუ ყურადღებას მოადუნებს, მთიდან დაექანება და ქვეყნიური ნიაღვარი ძირს წაიღებს.

ძველ დროს იყო სიუხვე სიკეთისა, სიუხვე ქველმოქმედებისა, იყო კეთილი მაგალითები, და ბოროტება სიკეთის სიუხვეში დაინთქმებოდა. ცოტაოდენი უწესობა, რომელიც ერში თუ მონასტერში არსებობდა, შეუმჩნეველი იყო და ხალხს არ ვნებდა. ეხლა კი რა ხდება? უხვადაა ბოროტი მაგალითები, ხოლო ის ცოტაოდენი სიკეთე, რომელიც კიდევ დარჩა, გროშადაც არ ღირს. ანუ დღეს სწორედ რომ საწინააღმდეგო ხდება, ცოტაოდენი სიკეთე დიდ ბოროტებაში ქრება და ხელისუფლებაშიც ბოროტებაა გამეფებული.

თუ ერთ ადამიანს ან რამდენიმე მათგანს მოღვაწეობრივი სული აქვს, ეს მეტად ეხმარება სხვებს, რადგან თუკი ვინმე სულიერად წარმატებულია, ამისაგან სიკეთეს მარტო თვითონ კი არ იღებს, არამედ ისიც, ვინც მასთან არის. ეს ეხება ადამიანების მოშვებულობასაც - ეს მოქმედებს სხვებზეც. თუ დასუსტდა ერთი, სხვებიც სუსტდებიან. ანუ გამუდმებით და შეუმჩნევლად ირგვლივ უკვე კარგი აღარაფერი დარჩება. ამიტომ გამეფებული მოშვებულობის ატმოსფეროში მეტად შველის მოღვაწეობრივი სული. ჩვენ მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ ამგვარ ურთიერთობებში, რადგანაც ამჟამინდელი ადამიანები სამწუხაროდ იქამდე მივიდნენ, რომ კანონებსაც კი იღებენ, რომ ეს მოშვებულობა და აღვირახსნილობა გაბატონდეს, იღწვიან კიდეც ამ კანონების აღსასრულებლად. ამიტომ ის, ვინც კეთილი ღვაწლი იტვირთა არა მარტო ერული სულის ზეგავლენას არ უნდა ემორჩილებოდეს, არამედ საკუთარ თავს ამა ქვეყნის ადამიანების გვერდით არც უნდა აყენებდეს [9], რადგან მათ გვერდით ქრისტიანები თავს წმინდანებად წარმოიდგენენ ხოლმე და საბოლო ჯამში იქამდე დადიან, რომ იმათზე უარესნი ხდებიან, ვისაც თავს ადარებდნენ. სულიერი ცხოვრების მაგალითები წმინდანები უნდა იყვნენ და არა ამსოფლური ადამიანები. კარგია, თუ თითოეულ სათნოებასთან დაკავშირებით ამგვარ შრომას აღასრულებ: მოძებნე წმიდანი, რომელიც ამა თუ იმ სათნოებით გამოირჩეოდა და ყურადღებით წაიკითხე მისი ცხოვრება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მიხვდება, რომ ჯერაც არაფერი გაუკეთებია და თავის სულიერ ღვაწლს მორჩილებით განაგრძობს. სტადიონზე მორბენლები იმის დასანახად, თუ ბოლოში ვინ მირბის, უკან არ იცქირებიან, რადგან თუ მათ ცქერას დაიწყებენ, თვით გახდებიან უკანასკნელნი. თუ მე შევეცდები, მათ მივბაძო, ვინც წარმატებულია, ჩემი სინდისი იხვეწება, ხოლო მათ ცქერაში, ვინც უკან მოჩანჩალებს, საკუთარ გამართლებას ვხედავ და თავს ვარწმუნებ, რომ მათ ცოდვებთან შედარებით, ჩემი ცოდვები არც თუ ისე დიდია. მე იმ აზრით ვინუგეშებ თავს, რომ ვიღაც ჩემზე უარესია. ამგვარად ვახშობ სინდისს, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, იმით ვამთავრებ, რომ ჩემი გული უგრძნობელი ხდება, თითქოს იგი ბათქაშის ფენით დაფარეს.

 

ძალიან ადვილია იპოვო „ტკბილი გორაკი“
და მისი საშუალებით ძირს დაეშვა

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ასე გვიჭირს სიკეთის ქმნა და ამდენადვე ადვილია ბოროტებაში ჩაძირვა?

- იმიტომ, რომ სიკეთისათვის, უპირველეს ყოვლისა, შრომაა საჭირო, ადამიანს ამისთვის ძალისხმევა სჭირდება. მაშინ, როდესაც ბოროტ საქმეში მას ეშმაკი ეხმარება. ამის გარდა კი ადამიანები არ ბაძავენ კეთილს და არც კეთილი ზრახვები აქვთ. მე ხშირად მომაქვს ეს მაგალითი ერისკაცთათვის: ვთქვათ, მე მაქვს ავტომობილი. ვიწყებ განსჯას: „რისთვის მჭირდება ის? საქმეებზე შეიძლება მატაროს ნაცნობმა, რომელსაც ასევე აქვს მანქანა, აუცილებლობის შემთხვევაში ტაქსის აყვანაც შემიძლია. ჯობია, ეს ავტომანქანა ერთ ნაცნობ მრავალშვილიან მამას ვაჩუქო, რათა მან თავისი საბრალო ბავშვები ქალაქგარეთ, მონასტერში ატაროს, რომ იქ დაისვენონ და ძალა მოიკრიბონ“. ამგვარად, თუ მანქანას სხვას ვაჩუქებ, არავინ მომბაძავს, მაშინ როცა, თუკი მე მას შევცვლი და ვიყიდი უკეთესს, ისეთი მარკისას, როგორიც თქვენია, ან თქვენსაზე უკეთესს, აი, მაშინ ნახეთ, რომ ღამით არ დაგეძინებათ მანამ, ვიდრე თქვენც არ შეიცვლით მანქანას და ისეთს არ შეიძენთ, როგორიც მე მექნება. იმის შესახეს რომ მანქანა, რომელიც ამჟამად გაქვთ, თავისთავად კარგია, აღარც იფიქრებთ. ასეთ შემთხვევაში იტყვით: „გავყიდი რამეს, ვალს ავიღებ, მაგრამ ავტომანქანას აუცილებლად გამოვცვლი“. პირველ შემთხვევაში კი პირიქით, არავინ მომბაძავს, არავინ იტყვის: „რაში მჭირდება ეს მანქანა, მოდი იმას ვაჩუქებ, ვისთვისაც ის ნამდვილად აუცილებელია“, პირიქით, იმასაც კი დამაბრალებენ, ჭკუაზე შეცდაო.

ადამიანები ადვილად ექცევიან ბოროტის ტყვეობაში. სულის სიღრმეში ისინი სიკეთეს აღიარებენ, ის მათში პატივისცემას იწვევს, თუმცა ისინი ადვილად ექცევიან ბოროტების ზეგავლენის ქვეშ და გაიტაცებთ ხოლმე ბოროტება, რადგან მისი საშუალებით ბოროტი ხელმძღვანელობს მათ. ანუ “კანონარხობს“ [10] ადვილია მოძებნო „ტკბილი გორაკი“. ბოროტი ხომ მხოლოდ იმას ცდილობს, როგორ უბიძგოს ღვთის ქმნილებას ამ გორაკისაკენ, ხოლო ქრისტე უსაზღვრო კეთილშობილებით მოქმედებს, იგი ამბობს: კეთილ არს, როდესაც ვინმეს „ჰნებავს შემოდგომად ჩემდა“ [11]. ის არ აიძულებს ვინმეს, არ ეუბნება: „აბა, ნაბიჯით იარ, ჩემსკენ!“ ეშმაკი ბილწია. ის ადამიანს ხელებსა და ფეხებზე ეპოტინება, რათა იქით წაიყვანოს, საითაც თვით სურს, მაშინ, როცა ღმერთი ადამიანის თავისუფლებას სცემს პატივს, მან ადამიანები მონებად კი არ შექმნა, არამედ - ძეებად... მან ამჯობინა შეეწყნარებინა ისინი, ხორცი შეესხა, ჯვარცმა დაეთმინა და ამგვარად ეხსნა ადამიანი. ადამიანს ღმერთმა თავისუფლება მიჰმადლა. და მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკს ძალუძს მრავალი ბოროტი საქმის აღსასრულებლად გამოიყენოს იგი, ადამიანისათვის ბოძებულ თავისუფლებაში არის ხელსაყრელი პირობა იმისათვის, რომ ადამიანები განმტკიცდნენ.

აშკარაა, თუ რას აკეთებს ადამიანი გულით და რას - არა. და თუ ვინმეს ზედმეტი ამპარტავნება აქვს, ეს ძალიან შესამჩნევია ხოლმე.

 

ღმერთი ბედის ანაბარა არ გვტოვებს

ადამიანები, რომლებიც დღეს ასეთ საშინელ მდგომარეობაში არიან, რაც თავში მოუვათ, ყველაფერს აკეთებენ. ერთნი - აბებით ცხოვრობენ, სხვები - ნარკოტიკებით. ამგვარად, სამი შეცდომილი ქმნის რომელიღაცა ახალ რელიგიას. ყოველივე ამასთან შედარებით დანაშაულებები, უბედური შემთხვევები, ბოროტმოქმედებები ნაკლებად ხდება. ღმერთი ეხმარება ადამიანებს. მახსოვს, ერთხელ ჩემთან სენაკში ერთმა ახალგაზრდა კაცმა ამოჰყო თავი და იკითხა: „მისმინე, გიტარა არა გაქვს?“

ის ხომ არ კმარა, რომ ჰაშიშს ეწევა, არ კმარა, რომ ენას ატარტარებს და არ კითხულობს, არის თუ არა ვინმე მისი მოსმენის ხასიათზე, ახლა გიტარაც მომინდომა! სხვები ცხოვრებამ დაღალა და სურთ, რაიმე ბოროტება ჩაიდინონ ან ერთი კარგი აურზაური ატეხონ. აქ იმათზე კი არ ვლაპარაკობ, ვისაც მსგავსი სურვილი ბოროტი განზრახვის სახით უჩნდება და შეეწინააღმდეგება ამ სურვილს. ეხლა იმ ადამიანების შესახებ ვსაუბრობთ, რომლებიც ცხოვრებისაგან დაიღალნენ და აღარ იციან, რა აკეთონ. ერთმა მითხრა: „მინდა გაზეთებში ჩემზე დაწერონ, რომ გმირი ვარ“. აი, ამგვარ ადამიანთაგან ზოგიერთს იყენებენ კიდეც ბოროტი მიზნის მისაღწევად - მადლობა ღმერთს - ამასთან შედარებით ბოროტება მართლაც ნაკლებად ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობამდე მივიყვანეთ თავი, ღმერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ღმერთი ამჟამინდელ სამყაროს ორივე ხელით იფარავს, მაშინ, როცა ძველ დროში მხოლოდ ერთით იცავდა. დღეს, როცა ადამიანი ამდენი საშიშროებით არის გარემოცული, ღმერთი იცავს მას ისე, როგორც დედა - შვილს, რომელიც ეს-ესაა სიარულს იწყებს. დღეს ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმინდანები შეგვეწევიან მეტად, ვიდრე ძველ დროში, მაგრამ ჩვენ ეს არ გვესმის. და სადამდე მივიდოდა ქვეყნიერება, ეს შეწევნა რომ არ ყოფილიყო!.. ადამიანების უმრავლესობა აბებით ცხოვრობს, ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ სათქმელადაც საშინელებაა. ერთი მთვრალია, მეორე ცხოვრებაზე იმედგაცრუებული, მესამეს თავი აქვს გაბრუებული, მეოთხე უძილობით იტანჯება და ხედავ, თუ როგორ მართავენ ეს ადამიანები ავტომანქანებს, დაქრიან მოტოციკლეტებით, ასრულებენ სარისკო სამუშაოებსს შრომობენ საფრთხის ქვეშ. რა, განა ყველა მათგანი არის საჭირო ფორმაში? მრავალი მათგანი შეიძლებოდა, დასახიჩრებულიყო. როგორ გვიცავს ღმერთი! ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით.

მახსოვს, ადრე ჩვენი მშობლები როგორ მიდიოდნენ მინდორში სამუშაოდ და ჩვენ მეზობლის ამარა გვტოვებდნენ. ჩვენ მათ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდით. იმ დროში ბავშვები გაწონასწორებულნი იყვნენ. მეზობელი მხოლოდ დროდადრო გადმოგვხედავდ ხოლმე და თავის საქმიანობას აგრძელებდა. ჩვენ კი ჩუმად ვთამაშობდით. ასევე, ქრისტე, დედა ღვთისა და წმიდანები უწინ მხოლოდ მეთვალყურეობდნენ სამყაროს. დღეს კი ქრისტეც, დედა ღეთისაც და წმიდანებიც გამუდმებით ხან ერთს სტაცებენ ხელს სადღაც, ხან მეორეს რაღაცისაგან გადაარჩენენ, რადგან დღეს ადამიანები გაუწონასწორებელნი არიან. ეხლა ისეთები ხდება, რომ, ღმერთო დაგვიფარე!.. ეს ისეა, რომ რომელიმე დედას ჰყავდეს სამი რთული ბავშვი: ერთი - უჭკუო, მეორე - კუზიანი, მესამე - ყრუმუნჯი... აბა, მიდი და უპატრონე ჯერ - შენებს, მერე მეზობლებისასაც. ერთი მაღლა აცოცებულა და სადაცაა ძირს ჩამოვარდება, მეორეს დანა აუღია და ცდილობს ყელი გამოიჭრას, მესამე ცდილობს მეოთხე დაჩაგროს... დედას არ შეუძლია მოეშვას. თვალს არ ხუჭავს, უკან დასდევს მათ, ბავშვები კი მის შეშფოთებას ვერ იგებენ. ასევე ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ღმერთი ეხმარება მათ. ღმერთი რომ არ მიხმარებოდა, თანამედროვე სახიფათო ტექნიკის ასეთი სიმრავლე დიდი ხანია დაასახიჩრებდა სამყაროს. მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს დამცველები: მამა ჩვენი - ღმერთი, დედა ჩვენი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ძმანი და დანი ჩვენნი - წმიდანები და ანგელოზები.

ამდენადვე დიდია ეშმაკის სიძულვილი ადამიანთა მოდგმისადმი! რა ძლიერია მტრის სურვილი, რომ გაგვანადგუროს. ჩვენ კი გვავიწყდება, თუ ვის ვეომებით. ჩვენ რომ ვიცოდეთ, თუ უკვე რამდენგზის შეამოაგრაგნა ეშმაკმა თავისი კუდი დედამიწას, რათა დაღუპოს იგი! მაგრამ ღმერთი ამის ნებას არ აძლევს. ანადგურებს მის გეგმებს. ღმერთი სარგებელს გვაწვდის თვით ამ ბოროტებიდანაც, რომლის აღსრულებასაც ბოროტი ესწრაფის, ღმერთი ბოროტებიდანაც დიდ სიკეთეს გვანიჭებს. ეშმაკი დღესაც ხნავს მიწას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ამ ხნულს დათესავს ქრისტე.

შეხედეთ: სახიერი ღმერთი ხომ არასოდეს უშვებდა, რომ დიდი განსაცდელები სამ თაობაზე უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო?! ის ყოველთვის ტოვებს საკვეთელს. ბაბილონის ტყვეობამდე ებრაელები ცარიელ ჭაში მალავდნენ უკანასნკელი მსხვერპლშეწირვის ცეცხლს, რათა შემდეგ მისგან ახალი მსხვერპლშეწირვის ცეცხლი აენთოთ. და მართლაც: - სამოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ტყვეობიდან დაბრუნდნენ, პირველი მსხვერპლშეწირვის ცეცხლი ჭაში შედედებული იპოვეს [12]. ნებისმიერ მძიმე დროში ბოროტებისაკენ ყველა არ მიისწრაფის. ღმერთი საკვეთელს ტოვებს მომავალი თაობებისთვის. კომუნისტები წინ გვეღობებოდნენ 75 წელი და 75 წელს გასძლეს მათ - სწორედ რომ სამი თაობის განმავლობაში. ხოლო სიონელები მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამდენი წელია წინ გვეღობებიან, შვიდ წელსაც ვერ ძლებენ.

 

უმძიმესი დრო მოდის

ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდით, ყველაფერ ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთის მხრივ, ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ - გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ეცხოვრა ჩვენ ეპოქაში, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა.

მე ვხარობ, როდესაც ანგარიშის გასწორებით მემუქრებიან იმის გამო, რომ არ ვდუმვარ და მათ გეგმებს ვარღვევ. როდესაც გვიან საღამოს მესმის, რომ ვიღაცა კალივის გალავნიდან ეზოში ხტება, გული ტკბილად ძგერას იწყებს. მაგრამ, როცა ღამის სტუმარი მთხოვს: „დეპეშა მოვიდა, ილოცე ამა და ამ სნეულისათვის“, მაშინ საკუთარ თავს ვეუბნები: „აჰ, აი, რა ხდება, როგორც ჩანს, ისევ არ გამიმართლა“. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სიცოცხლე მომბეზრდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ქრისტესთვის სიკვდილი. მოდით, ვიხარებდეთ, რომ დღეს ჩვენ წინაშე ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობაა. ვისაც მოწამეობა სურს, მას დიდი სასყიდელი ელის.

წარსულს დროში იწყებოდა ომი, ადამიანი მიდიოდა მტერთან საბრძოლველად და თავისი მამულის, თავისი ხალხის დასაცავად. ამჟამად ბრძოლაში ვებმებით არა იმიტომ, რომ მამული დავიცვათ, ომში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ ბარბაროსებს აღვუდგეთ წინ, რათა მათ არ იმძლავრონ ჩვენს დებზე და არ შეურაცხგვყონ ჩვენ. ჩვენ ომს წარვმართავთ არა ნაციონალური ინტერესებით, ან რაიმე იდეოლოგიისთვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით ან ქრისტეს, ან ეშმაკის მხარეს, ვინ ვისკენაა - ძალათა განლაგება აშკარაა! ოკუპაციის დროს გმირად იქცეოდი, თუკი არ მიესალმებოდი გერმანელს, ახლა კი გმირად იქცევი, თუ ეშმაკს არ მიესალმე.

ასე თუ ისე, ჩვენ საშინელი მოვლენების ხილვა მოგვიწევს. წარიმართება სულიერი ბრძოლა. წმიდანები კიდევ უფრო განიწმიდებიან, ხოლო უწმინდურნი კიდევ უფრო საძაგელნი შეიქნებიან [13]. მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი - ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ - ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.

ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.

 


[1] - ფს. 110,10.

[2] - პანიკინია - „ყველა ერთად“. „თავშეყრით“ - სამუშაო, რომელშიც მონასტრის ან სკიტის ყველა წევრი მონაწილეობს.

[3] - გამოცხ. 12,12.

[4] - ისუ 6,23.

[5] - ეს. 3,6.

[6] - „მაკაბელები“ („მტრის მომწყვლელნი“) ეწოდებოდათ იუდეველთა ამბოხების მოთავეებს (166 წ. ჩვ. წ.-მდე) - იუდას და მის შთამომავლებს. ამბოხება ანტიოქე IV ეპიფანეს წინააღმდეგ მოეწყო, რომელიც სელევკიდების დინასტიის დამაარსებლად ითვლება. მაკაბელები მამათა საწრმუნოებისათვის თავგანწირული ბრძოლით გამოირჩეოდნენ და ისრაელის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ეწირებოდნენ.

[7] - „ბოლო ჟამის მოწამეები პირველ მოწამეებზე მაღლა დადგებიან“. წმ. კირილე იერუსალიმელი.

[8] - φιλοτιμο - „დიდსულოვნება“, „თავგანწირვისთვის მზაობა“.

[9] - სიტყვა „κοσμικός“ - „ადამანი, რომელიც არ არის, ან ნომინალურად არის დაკავშირებული ეკლესიასთან“, „ერის ადამიანი“, „კაცი ამის სოფლისა“. სიტყვა ერისკაცი ბერძნულად არის „λαϊκός“ - შეგნებული ქრისტიანი, რომელიც ერში ცხოვრობს.

[10] - კანონარხობს - სიტყვიდან „კანონარხი“ - კარნახობს, ვინ რა თქვას (მედავითნე, რომელიც ხელმძღვანელობს გუნდურ საგალობელთა თანმიმდევრობას).

[11] - მთ. 16,24

[12] - იხ. მარკ. 1,19-22

[13] - გამოცხ. 22,11