† ბერი პაისი ათონელი

სხვადასხვა

ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა“

- წმიდაო მამაო, ამბა მაკარი ამბობს, რომ ღმერთი მოგვცემს ზეციურ სიკეთეებს და ჩვენ გვწამს ეს. უნდა ვიწამოთ ისიც, რომ იგი მოგვემს მიწიერ სიკეთეებსაც, რაც ესოდენ არსებითი არ არის?

- რომელ მიწიერ სიკეთეებს?

- იმას, რაც გვჭირდება.

- აი, ეს კი სწორად თქვი. ღმერთს უყვარს თავისი ქმნილება, თავისი ხატი და ზრუნავს იმაზე, რაც მას ესაჭიროება.

- ეს უნდა გვწამდეს და არ ვშფოთავდეთ?

-  თუ ადამიანს ეს არ სწამს და თავად ჯახირობს რომ მიწიერი სიკეთეები მოიხვეჭოს, იგი აუცილებლად დაიტანჯება. მაგრამ ადამიანი, რომელიც სულიერად ცხოვრობს, იმ შემთხვევაშიც არ განაწყენდება, თუკი ღმერთი მას მიწიერსა და ნივთიერს არ მისცემს. თუ ჩვენ ვეძიებთ უპირველესად სასუფეველსა ღვთისასა, თუკი ამ სასუფევლის ძიება არის ჩვენი ერთადერთი საზრუნავი, მაშინ სხვა დანარჩენიც გვეძლევა. ნუთუ ღმერთი თავის ქმნილებას ბედის ანაბარა დააგდებს? თუ ისრაელი მეორე დღისთვის იტოვებდა მანანას, რომელსაც ღმერთი აძლევდა უდაბნოში, მანანა ხრწნას იწყებდა. ღმერთი ასე ყოველივეს იმიტომ აწყობდა, რომ ისინი საღვთო განგებულებას მინდობოდნენ.

სიტყვებიც კი „ეძიებდეთ უპირველესად სასუფეველსა ღვთისას“ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ. ან გვწამს და მივენდობით უფალს ან არ გვწამს და ამიტომაც თავად უნდა ვიზრუნოთ აუცილებელზე. როდესაც საცხოვრებლად სინაზე გავემგზავრე, თან არაფერი წამიღია. თუმცა მე საერთოად არ ვფიქრობდი იმაზე, რა მომივიდოდა უდაბნოში უცნობ ადამიანებთან, რას შევჭამდი და როგორ ვიცხოვბრებდი. წმიდა ეპისტიმიას სენაკი, სადაც უნდა დავსახლებულიყავი, უკვე დიდი ხნის მიგდებული იყო, ადამიანებისგან მიტოვებული. მე არაფერი მითხოვია მონასტრისათვის, არ მსურდა მათი დამძიმება. ერთხელ მომიტანეს მონასტრიდან პური და უკან დავუბრუნე. რატომ უნდა შევშფოთებულიყავი, როცა ქრისტემ თქვა: „უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა“? წყალიც კი ძალიან ცოტა იყო. ხელობა არაფერი ვიცოდი. აი, ახლა კი მკითხე როგორ ვცხოვრობდი და პურს როგორი მოვიპოვებდი. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მქონდა, მაკრატელი იყო. მე გავყავი იგი ორ ნაწილად, ქვაზე გავლესე, ავიღე პატარა დაფა და ხატების გამოკვეთა დავიწყე. ვმუშაობდი და იესოს ლოცვას ვამბობდი. მალე გავიწაფე კვეთაში, მთელი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ხატს ვკვეთდი და ხუთდღიან სამუშაოს თერთმეტ საათში ვასრულებდი. გარკვეული ხნის განმავლობაში ამ საქმიანობას დღეში რამდენიმე საათს ვუთმობდი, შემდეგ კი ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ არ მსურდა ხელსაქმეს შევდგომოდი, მაგრამ, ამავე დროს, ვხედავდი, თუ რა გაჭირვებას განიცდიდნენ ბედუინები. მათთვის უდიდესი წყალობა იყო, მიეღოთ საჩუქრად ქუდი და წყვილი სანდალი. და მე გამიჩნდა აზრი: - „მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ბედუინებს დავეხმარო, თუ იმიტომ, რომ მთელი სამყაროსათვის ვილოცო?“ ამიტომ გადავწყვიტე, შემეწყვიტა ხელსაქმე, რათა ნაკლებად მოვწყვეტოდი ლოცავს და მეტი მელოცა. შენ გგონია, ველოდი, რომ ვინმე დამეხმარებოდა? საიდან? ბედუინებს თავადაც არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ, მონასტერიც შორს იყო, მეორე მხარეს დაუსახლებელი ადგილები იწყებოდა. მაგრამ აი, სწორედ იმ დღეს, როცა მე შევზღუდე სამუშაო, რათა მეტი დრო დამეთმო ლოცვისათვის, ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა. მაშინ სენაკთან ახლოს ვიმყოფებოდი, დამინახა და მითხრა: „აი, აიღე ეს ასი ოქრო. ბედუინებსაც დაეხმარები და შენს კანონსაც აღასრულებ და ილოცებ“. თავი ვერ შევიკავე, თხუთმეტი წუთით დავტოვე იგი მარტო და წავედი სენაკში. ღვთის განგებამ და სიყვარულმა იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ ცრემლები ვერ შევიკავე. ხედავ, როგორ აწყობს უფალი ყველაფერს, როცა ადამიანში არის კეთილი მისწრაფება? რამდენის მიცემა შემეძლო მე ამ უბედურებისათვის? ვაძლევდი ერთს, მაშინვე მოვიდოდა მეორე: - „მე მამამ არ მომცა“.  - შემდეგ მესამე. - „მე მამამ არ მომცა“!..

- წმიდაო მამაო, რატომაა რომ ჩვენ, რომლებსაც მრავალჯერ განგვიცდია ღვთის ყოვლადძლიერება, ვერ ვხედავთ მის განგებას ჩვენზე?

- ეს ეშმაკის მახეა! ეშმაკი თვალებში ნაცარს აყრის ადამიანს იმისთვის, რომ მან ვერ დაინახოს ღვთის განგება. თავად ადამიანმა რომ დაინახოს იგი, მაშინ მისი გრანიტის გული დარბილდება, მგრძნობიარე გახდება და ღვთის დიდებას მოისურვებს... ეს კი ეშმაკს არ აწყობს.

წიგნიდან: „სულიერი გამოღვიძება“, თბილისი, 2005 წ.