† ბერი პაისი ათონელი

ოჯახური ცხოვრება
ნაწილი მეექვსე - სიკვდილი და მომავალი ცხოვრება

თავი მესამე
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

გარდაცვლილის განსჯა

- წმიდაო მამაო, ადამიანი სიკვდილისთანავე ხვდება, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება?

- დიახ, ის გონს მაშინათვე მოდის და საკუთარ თავს ეკითხება: „რა ჩავიდინე?“ მაგრამ ამგვარი შეკითხვა უკვე ვერაფერს რგებს. მაგალითად მთვრალმა საკუთარი დედა მოკლა, მღერის, იცინის, იმიტომ, რომ ვერ ხვდება, რა ჩაიდინა. მაგრამ, როგორც კი ღვინო გამონელდება, ტირილსა და მოთქმას იწყებს, საკუთარ თავს ეკითხება: „ეს რა ჩავიდინე?!“ სწორედ ასე ემართებათ ცოდვაში მყოფ ადამიანებსაც. ეს ადამიანები მთვრალებს ჰგვანან. ისინი ვერც კი ხვდებიან, რას აკეთებენ, მაგრამ საკუთარ დანაშაულს გრძნობენ. თუმცა სიკვდილის შემდგომ მიწიერი სიმთვრალე გამონელდებათ და გონს მოვლენ. მათ სულიერი თვალი ეხილებათ, ისინი საკუთარ დანაშაულს აცნობიერებენ, იმიტომ, რომ სხეულიდან გასული სული მოძრაობს, ხედავს და გრძნობს ყოველივეს, - ელვისებური სისწრაფით.

ზოგიერთი ძალიან შეშფოთებულია იმ საკითხით, თუ როდის იქნება მეორედ მოსვლა. თუმცა როდესაც კაცი კვდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისთვის მეორედ მოსვლა მაშინვე იწყება, რამდენადაც ადამიანი იმ მდგომარეობის მიხედვით გასამართლდება, რა მდგომარეობაშიც სიკვდილი მოუსწრებს.

- წმიდაო მამაო, რას განიცდიან ამჟამად ჯოჯოხეთის სატანჯველში მყოფი ადამიანები?

- ეს ადამიანები მისჯილები არიან. დილეგში შეპყრობილები იმ ცოდვათა შესაბამისად იტანჯებიან, რომელთაც სიცოცხლეში აღასარულებდნენ. ეს ხალხი საბოლოო სამსჯავროს ელოდება - ქრისტეს მომავალ სამსჯავროს. მაგრამ მათ შორის მკაცრი და განსაკუთრებული სასჯელის ქვეშ მყოფნიც არიან და არიან უფრო მსუბუქად დასჯილნიც.

- ხოლო წმიდანნი და კეთილგონიერი ავაზაკი [1] სადღა არიან ამჟამად?

- წმიდანები და კეთილგონიერი ავაზაკი ახლა სამოთხეში იმყოფებიან. მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ საბოლოო დიდება, ისევე, როგორც ჯოჯოხეთში მყოფებს არ მიუღიათ საბოლოო სასჯელი. ღმერთმა ჯერ კიდევ რამდენი საუკუნის წინ თქვა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“ [2]. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სულ უფრო და უფრო ახანგრძლივებდა დროს, რადგან ჩვენს გამოსწორებას ელოდა [3]. ჩვენ კი საკუთარ ცოდვებსა და ვენებებში ყოფნას ვერ ვეხსნებით და ამით უსამართლობას ვიჩენთ წმიდათა მიმართ, იმიტომ, რომ მათ სწორედ ჩვენს გამო არ შეუძლიათ, განდიდდნენ იმ საბოლოო დიდებით, რომლიც მომავალი საშინელი სამსჯავროს შემდეგ აქვთ აღთქმული.

 

ლოცვა მიცვალებულებისათვის და სულის განსასვენებელი მსახურება

- წმიდაო მამაო, შეუძლიათ ლოცვა დასჯილ მიცვალებულებს?

- ისინი გონს მოდიან და დახმარებას ითხოვენ, თუმცა საკუთარი თავის შველა აღარ შეუძლიათ. ისინი, ვინც სამოთხეში იმეოფებიან, ქრისტესგან მხოლოდ ერთ რამეს ისურვებდნენ: მისცეს სიცოცხლის მხოლოდ ხუთი წუთი, რათა სინანული მოასწრონ. ჩვენ - ვინც მიწაზე ვცხოვრობთ, კიდევ გვაქვს სინანულის დრო, მაშინ, როცა საბრალო გარდაცვლილებს საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება აღარ შეუძლიათ და შემწეობას მხოლოდ ჩვენგან ელიან. ამიტომ ვართ ვალდებულები, ჩვენი ლოცვებით შევეწიოთ.

გონება მეუბნება, რომ დასჯილთა მხოლოდ ათი პროცენტი იმყოფება დემონურ მდგომარეობაში და ჯოჯოხეთში მოხვედრილი გმობს ღმერთს იმგვარადვე, როგორც ამას დემონები იქმან. ეს სულები არამარტო არ ითხოვენ შეწევნას, არც კი შეიწყნარებენ მას. და აბა, როგორღა დაეხმარები? ღმერთს მათთვის რისი გაკეთება შეუძლია? წარმოიდგინეთ, რომ შვილი მიდის მამის სახლიდან, მთელ მის ქონებას ფლანგავს და ყოველივე ამის შემდეგ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს მამას. აბა, როგორ შეძლებს მამა ამისთანა შვილის დახმარებას? თუმცა ჯოჯოხეთში მყოფი სხვა დასჯილები, ისინი, ვისაც მცირეოდენი ღვთისმოსაობა მაინც აქვთ, გრძნობენ საკუთარ დანაშაულს, იტანჯებიან და ნანობენ თავიანთ ცოდვებს. ისინი დახმარებას ევედრებიან სხვებს და ამ დახმარებას ღებულობენ კიდეც მორწმუნეთაგან. ანუ ღმერთი ამჟამად ამ დასჯილ ადამიანებს აძლევს ხელსაყრელ შემთხვევას იმისათვის, რომ დახმარება მიიღონ მანამდე, ვიდრე მეორედ მოსვლა დამდგარა. მიწიერ ცხოვრებაში მეფის მეგობარს შეუძლია, უშუამდგომლოს რომელიმე მსჯავრდებულს მეფის წინაშე. სწორედ ამგვარადვე, თუკი ვინმე ღმერთის „მეგობარია“, შეუძლია, მის წინაშე გარდაცვლილ მსჯავრდებულს უშუამდგომლოს და მისი ერთი „დილეგიდან“ მეორე უკეთეს „დილეგში“ გადაყვანის ნება მოიპოვოს. ან ერთი „კამერიდან“ - მეორეში, რომელიც უფრო კეთილმოწყობილი იქნება. შესაძლოა, მან ისიც კი მოახერხოს, რომ ის „კამერიდან“ „ოთახში“ ან სულაც „ბინაში“ გადაიყვანონ.

ისევე, როგორც მსჯავრდებულის მონახულებისას მიგვაქვს მათთან გამაგრილებელი სასმელები და ამის მსგავსი ბევრი რამ - მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად, ამგვარადვე ვუმსუბუქებთ მდგომარეობას გარდაცვლილებს ლოცვითა და მოწყალების გაღებით, რომელთაც მათი სულის განსასვენებლად აღვასრულებთ. გარდაცვალებულთათვის ცოცხლების ლოცვა და მათ სახელზე შესრულებული განსასვენებელი მსახურებები (წირვა იქნება ის თუ - პანაშვიდი) არის უკანასკნელი შესაძლებლობა, რომ მათ მიიღონ ის შემწეობა, რომელსაც ღმერთი შეორედ მოსვლამდე განუკუთვნებს მიცვალებულებს. უკანასკნელი სამსჯავროს შემდეგ ისინი უკვე ვეღარანაირ შეწევნას ვერ მიიღებენ.

ღმერთს სურს, დაეხმაროს მიცვალებულებს, რადგნაც გული შესტკივა მათზე. მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ არ აკეთებს, რომ კეთილშობილება მისი თვისებაა. ის არ აძლევს ეშმაკს იმის შანსს, რომ მან უთხრას: „რატომ უნდა იხსნა ეს ცოდვილი, მას ხომ ამისათვის სულაც არ უშრომია?“ მაგრამ, თუ გარდაცვლილებისთვის ვლოცულობთ, ამით ღმერთს მის ბედში ჩარევის „უფლებას“ ვაძლევთ. ისიც უნდა ითქვას, რომ ღმერთის უმეტეს „მოლმობიერებას“ იწვევეს ჩვენი ლოცვა არა ცოცხალთათვის, არამედ სწორედ რომ - გარდაცვლილთათვის.

ამიტომაა დადგენილი ჩვენს ეკლესიაში გარდაცვლილთათვის ხორბლის კურთხევისა თუ განსასვენებელი მსახურებები, პანაშვიდი. განსასვენებელი მსახურება ეს გარდაცვლილის სულის საუკეთესო ადვოკატია. განსასვენებელ მსახურებას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ გარდაცვლილის ჯოჯოხეთიდან ამოყვანაც კი შეუძლია. ყოველი საღმრთო ლიტურგიის შემდეგ აკურთხებინეთ ხოლმე ხორბალი მიცვალებულთა სახელზე. მარცვალში არის აზრი. „დაეთესვს ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით“ [4], - ამბობს წმიდა წერილი. ერში ზოგიერთს ხორბლის მოხარშვა ეზარება და ამის სანაცვლოდ ეკლესიაში მიაქვს ჩამიჩი, ორცხობილა და ნამცხვარი, რომ მღვდელმა ყოველივე ამაზე მიცვალებულთა განსასვენებელი ლოცვა წაიკითხოს. წმიდა მთაზე კი მოხუცი ბერები ყოველი საღვთო ლიტურგიის დასასრულს აკურთხებენ კოლიოს გარდაცვლილთათვის და იმ დღეს მოხსენებულ წმიდათათვის პატივის მისაგებად, რათა მისგან ლოცვა-კურთხევა მიიღონ.

- წმიდაო მამაო, მცირე ხნის წინ გარდაცვლილ ადამიანებს ლოცვა უფრო მეტად ჭდრდებათ?

- აბა, მაშ როგორ?! როდესაც ადამიანი პირველად ხვდება ციხეში, განა მას ეს განსაკუთრებით არ უმძიმს? იმ მიცვალებულებისათვის ვილოცოთ, რომლებიც ღვთისათვის სათნონი არ არიან, რათა რამენაირად მათაც დაეხმაროს ღმერთი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ადამიანი უხეში ან სასტიკი იყო, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუკი ჩვენ ვინმე სასტიკ ადამიანად მიგვაჩნდა, რადგანაც ხდება, რომ ვიღაც სასტიკი გვგონია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე სულაც არ არის. და თუ ამავე დროს, ეს ადამიანი ცოდვილი ცხოვრებითაც ცხოვრობდა, მაშინ განსაკუთრებით ბევრი უნდა ვილოცოთ მისთვის. საღვთო ლიტურგიაზე კვეთაში მოსასხსენებლად გადავცეთ მისი სახელი, ორმოცდღიან მოსახსენებელში ჩავწეროთ და მის სახელზე ღატაკებისათვის მოწყალება გავიღოთ, რათა როდესაც მოისმენს ღატაკების ლოცვას: „ღმერთმა შეუნდოს ცოდვები!“ ან „ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“ ღმერთი მოლმობიერდება მისდამი და შეიწყალებს ამ ადამიანს. ამგვარად იმას, რაც ამ ადამიანს არ გაუკეთებია, მის ნაცვლად ჩვენ გავაკეთებთ. და თუკი ამ ადამიანში იყო მცირედი სიკეთე, თუნდაც კარგი ცხოვრება არ ჰქონდეს გავლილი, მცირე ლოცვისაგან ის დიდ სარგებლობას მიიღებს. ეს იმიტომ მოხდება, რომ მას კეთილი განწყობა ჰქონდა.

ვიცი შემთხვევები, რომელიც იმ დიდ სარგებელზე მეტყველებენ, რომელსაც მიცვალებულები სულიერი ადამიანების ლოცვის შედეგად იღებენ. ერთი ადამიანი ჩემთან სენაკში მოვიდა და ტირილით მითხრა: „წმიდაო მამაო, მე აღარ ვლოცულობ ერთი გარდაცვლილი ნაცნობისათვის და ის სიზმრად გამომეცხადა: „შენ უკვე ოცი დღეა აღარ დამხმარებიხარ, დამივიწყე და მე ვიტანჯები“. და მართლაც მე ის სწორედ ოცი დღის წინ დამავიწყდა პირველად და მას შემდეგ, იმდენი საზრუნავი მქონდა, რომ ჩემთვისაც კი აღარ მილოცია“.

- წმიდაო მამაო, როდესაც ვინმე კვდება და ჩვენ მისთვის ლოცვას გვთხოვენ, სწორი იქნება, რომ ასეთ შემთხვევაში გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში მის განსასვენებელად ერთი სკვნილი ვილოცოთ ხოლმე.

- თუ მიცვალებულისთვის სკვნილზე ლოცულობ, მასთან ერთად სხვა მიცვალებულებიც მოიხსენიე. რატომ უნდა მიდიოდეს მატარებელი ასე შორ მანძილზე მხოლოდ ერთი მგზავრით? მას ხომ სხვების წაყვანაც შეუძლია? იცით, რამდენ გარდაცვლილს ჭირდება ლოცვა? საბრალოები დახმარებას ითხოვენ და არავინ ჰყავთ, რომ მათთვის ილოცოს. ზოგიერთი ადამიანი ძალიან ხშირად უკვეთავს პანაშვიდს გარდაცვალებული ახლობლისათვის, მაგრამ ეს იმ ადამიანსაც კი არ შეეწევა, ვისთვისაც ლოცვა სრულდება, იმიტომ, რომ ასეთი ლოცვა ღმერთს დიდად არ ესათნოება. რაკიღა ამდენ მსახურებას აღასრულებენ გარდაცვლილი ახლობლისთვის, დაე, ამავდროულად სხვა მიცვალებულებისთვისაც ილოცონ.

- წმიდაო მამაო, ზოგჯერ ძალიან ვდარდობ ხოლმე გარდაცვლილი მამის ბედს, რამდენადაც მას ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

- შენ უკანასკნელ წუთებამდე მაინც არ იცი, რას განაჩინებს საღვთო სამართალი. როდის გეწვევეა ხოლმე ამაზე დარდი, შაბათობით?

- არ დავკვირვებივარ. და რატომ შაბათობით?

- იმიტომ, რომ შაბათი მიცვალებულთა დღეა. ის გარდაცვლილებს ეკუთვნის.

- წმიდაო მამაო, ის მიცვალებულები, რომელთაც მლოცველი არავინ ჰყავთ, მიიღებენ შეწევნას იმ ადამიანების ლოცვისაგან, ვინც ზოგადად ლოცულობს გარდაცვალებულთათვის და კონკრეტულ სახელებს არ გულისხმობს?

- რა თქმა უნდა, მათ ასეთი ლოცვა შეეწევათ. მე ყველა გარდაცვლილისათვის ვლოცულობ და სიზმრად ვხედავ ჩემს მშობლებს, რომლებსაც ჩემი ლოცვა ძალიან ახარებთ. ყოველთვის, როდესაც ჩემთან სენაკში საღვთო ლიტურგია აღესრულება, მე საზოგადო განსასვენებელ ლიტიასაც ვასრულებ და შესვენებული მეფეების, მღვდელმთავრებისა და ყველა მიცვალებულისათვის ვლოცულობ. ბოლოს კი ვამბობ: „და ყოველთათვის, რომელთა სახელი ვერ მოვიხსენეთ“. ხოლო, თუ ოდესმე მიცვალებულთათვის ლოცვა გამომრჩა, გარდაცვლილი ნაცნობები მეცხადებიან. ჩემი ერთი ნათესავი ომში მოკლეს და მე იგი არ ჩამიწერია მოსახსენებელში. იმიტომ, რომ მისი სახელი სხვებთან - ბრძოლის ველზე გმირულად დაცემულებთან ერთად ეწერა - კვეთაში მოსახსენებლად. და აი, განსასვენებელ ლიტიაზე ეს ადამიანი ჩემს წინაშე მთელი სიმაღლით წამომართული ვიხილე. თქვენც კვეთის დროს მარტო სნეულთა სახელებს კი ნუ გადასცემთ მოსახსენებლად, არამედ მიცვალებულთა სახელებიც გადაეცით, იმიტომ, რომ შესვენებულებს ლოცვა ძალიან სჭირდებათ.

 

მიცვალებულთა საუკეთესო მოხსენება

ყოველგვარ მოხსენებასა და განსასვენებელ მსახურებაზე უპირატესი, რაც კი შეიძლება მიცვალებულისათვის აღვასრულოთ, არის ჩვენი დაკვირვებული ცხოვრება და ის ბრძოლა, რომელსაც ნაკლოვანებათაგან გასათავისუფლებლად და სულის განსაწმენდად აღვასრულებთ. რადგანაც ჩვენი მატერიალურ საგანთა და სულიერ ვნებათაგან გათავისუფლების შედეგი მხოლოდ ის კი არ იქნება, რომ თავად ვიგრძნობთ შვებას, არამედ შვებას ჩვენი მოდგმის პირველთაგან შესვენებული მამები იგრძნობენ. მიცვალებულები ხარობენ, თუ მათი შთამომავლობა ღმერთთან ერთობაში ცხოვრობს. თუ კეთილი სულიერი განწყობა არ გვაქვს, მაშინ ჩვენი გარდაცვლილი მშობლები, პაპები და პაპის პაპები, მთელი ჩვენი წინაპრები იტანჯებიან. „ნახე ერთი, როგორ ცხოვრობს ჩვენი შთამომავალი!“ - ამბობენ ისინი და დარდობენ. მაგრამ, თუ ჩვენ კეთილსასურველ სულიერ მღგომარეობაში ვართ, ისინი ხარობენ, რამდენადაც ჩვენი ამ ქვეყნად მოსვლის საქმეში ღვთის თანამოღვაწენი იყვნენ და ამიტომ ღმერთი ერთგვარად „ვალდებულია“, დაეხმაროს მათ. ანუ, მიცვალებულებისთვის ძალიან დიდი სიხარულია, თუ ჩვენ კეთილ ღვაწლს ვტვირთულობთ და ვცდილობთ, ჩვენი ცხოვრებით სათნო ვექმნეთ ღმერთს. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენს მიცვალებულებს სამოთხეში შევხვდებით და მარადიულ არსებობაში ყველანი ერთად ვიცხოვრებთ.

აქედან გამომდინარე, ნამდვილად ღირს, ვიღვაწოთ და ვებრძოლოთ ჩვენ „ძველ კაცს“, რათა განვახლდეთ, ვიქცეთ იმ კაცად, რომელიც უკვე აღარც საკუთარ თავს ავნებს და აღარც სხვა ადამიანებს, არამედ დაეხმარება თავის თავსაც და სხვებსაც, - იქნებიან ისინი ცოცხლები თუ მიცვალებულები.

 

მართალთა კადნიერება ღვთის წინაშე

- წმიდაო მამაო, ახალდამწყებ ბერებთან მიმართულ წერილში თქვენ წერთ: „თუმცა ჭეშმარიტ ბერებს ესმით, რომ ის, რასაც ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაში იღებენ, სამოთხისეული სიხარულის მხოლოდ ნაწილია და რომ სამოთხეში ეს სიხარული გაცილებით დიდი იქნება, მაგრამ ამასთანავე მოყვასისადმი უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე სურთ, კიდევ იცხოვრონ დედამიწაზე, რათა სხვებისთვის ილოცონ, იმისათვის, რომ ღმერთი ერის საქმეებში ჩაერიოს და მან შეწევნა მიიღოს“ [5].

- წაიკითხე: „ბერებს სურთ, ამქვეყნად იცხოვრონ იმისათვის, რომ ადამიანებთან ერთად იტანჯონ და ლოცვით შეეწიონ მათ“.

- წმიდაო მამაო, ჭეშმარიტი ბერი იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც დაეხმარება თავისი ლოცვით ადამიანებს?

- დიახ, იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც დაეხმარება თავისი ლოცვით მათ, ოღონდაც აღარ დაიტანჯება, მაშინ, როდესაც ამჟამად მათ ტანჯვას იზიარებს. ის ამქვეყნად უზრუნველად არ ცხოვრობს, „ბედნიერი თვალებით და გაბრწყინებული სახით!“ თუმცა, რაც უფრო მეტად იტანჯება მოყვასისათვის ბერი, მით მეტი საღვთო ნუგეში ეძლევა მას. და ეს საზღაური გარკვეულწილად ამცნობს ბერს, რომ მისმა მოყვასმა შეწევნა მიიღო. ეს სამოთხისეული სიხარული არის იმ ტკივილის საზღაური, ძმის გამო რომ განიცდის.

- წმიდაო მამაო, ანუ, ის წმიდანები, რომლებსაც შეწევნას ვთხოვთ, ჩვენთან ერთად არ იტანჯებიან?

- აბა, რას ამბობ, ჩემო ძმაო, იქ ხომ ტკივილი არ არსებობს. სად უნდა იტანჯებოდნენ, სამოთხეში? „სადა არა არს ჭირი, არცა ურვა, არცა სულთქმა?“ [6] განა სამოთხეზე ასე არ არის ნათქვამი? გარდა ამისა წმიდანებმა გამოცდილებით იციან ის საღმრთო მისაგებელი, რომელსაც ამ ქვეყნად ტანჯული ადამიანები მიიღებენ და ეს ცოდნა სიხარულს ჰგვრის მათ. სხვაგვარად თვით ღმერთი, რომელიც ესოდენ თანაგრძნობას ფლობს, როგორ შეძლებდა, უდიდესი ადამინური ტკივილის ატანას?! მან ხომ თავად იცის იმ საღვთო საზღაურის შესახებ, გატანჯულ ადამიანებს რომ ელით. ანუ, რაც უფრო მეტად იტანჯებიან აქ ადამიანები, მით მეტ ზეციურ საზღაურს მიაგებს მათ ღმერთი. ამ ყოველივეს ჩვენ ვერ ვხედავთ და ამიტომაა, რომ თანავუგრძნობთ ადამიანურ ტკივილებს. მაგრამ, თუკი ადამიანი, თუნდაც მცირეოდენად მაინც ხედავს, რა ელით ამქვეყნად ტანჯულთ მომავალ ცხოვრებაში და იცის ის საღმრთო საზღაური, რომლიც მისთვისაა გამზადებული, მისი ტანჯვა რამდენადმე მცირდება.

- წმიდაო მამაო, თუ ჩვენ ღვთისაგან ვითხოვთ, რომ შეეწიოს გარდაცვლილს, რომელსაც სინამდვილეში ეს არ ჭირდება, გამოდის, რომ ამაოდ ვლოცულობთ?

- როგორ შეიძლება ლოცვა ამაო იყოს? როდესაც ვამბობთ: „განუსვენე სულსა მონისა ამის შენისა (სახელი)“, ეს კაცი კი იმქვეყნად ღვთის სიახლოვეს იმყოფება, ის კი არ გაგვიწყრება, პირიქით, ჩვენი ლოცვა ლმობიერებით აღძრავს, იტყვის: აბა ერთი უყურე, მე სამოთხეში ვარ, ღმერთთან ახლოს. ის კი ჩემზე დარდობს“. ამგვარად ლოცვა ამ ადამიანის სულზე მოქმედებს და მისი ვედრება ჩვენთვის ღვთის წინაშე კიდევ უფრო ქმედითი ხდება. გარდა ამისა, შენ საიდან იცი, ესა თუ ის მიცვალებული როგორ მდგომარეობაში იმყოფება? რა თქმა უნდა, პირველ რიგში სწორედ მათთვის უნდა ილოცო, ვისზედაც იცი, რომ თავიანთი მიწიერი ცხოვრებით ღმერთს განაწყრობდნენ. მერე ყველა მათი მსგავსი მიცვალებულებისათვის. და ბოლოს კი ზოგადად - ყოველთა შესვენებულთათვის უნდა აღავლინოთ ლოცვა.

 

მომავალი საშინელი სამსჯავრო

- წმიდაო მმამო, როგორ განიწმინდება სული?

- თუკი ადამიანი იღწვის, რომ დაიცვას ღვთის მცნებები და სათნოებები გამოიმუშაოს, თუკი ის თავის თავზე მუშაობს, იგი ვნებათაგან განიწმინდება და მისი გონება ნათლდება. ის ჭვრეტის სიმაღლეზე ადის და მისი სული ისეთივე ხდება, როგორიც იყო ზოგადად პირველქმნილი ადამიანის სული - ცოდვით დაცემამდე. ამ მდგომარეობაში ადამიანი მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომის შემდეგ იქნება. თუცა იგი, ვინც ვნებათაგან სრულად განიწმინდება, საკუთარი სულის აღდგომის ხილვას საყოველთაო აღდგომამდე შეძლებს. თუკი ეს მოხდება. მისი სხეული გახდება ანგელოზური, უხორცო და მისთვის მატერიალური საკვები დიდი საზრუნავი აღარ იქნება.

- წმიდაო მამაო, როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო?

- საშინელ სამსჯავროზე წამიერად აეხდება ფარდა, თუ რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფება თითოეული ადამიანი. თითოეული თავად მივა იმ ადგილას, რომელსაც იმსახურებს. თითოეული, როგორც ტელევიზორში, ისე დაინახავს საკუთარ უვარგისობას და სხვის სულიერ მდგომარეობას. ადამიანი, როგორც სარკეში, ისე შეხედავს მოყვასს და თავმოდრეკილი მიაშურებს თავის ადგილს. მაგალითად, რძალი ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა დედამთილის წინაშე, ფეხმოტეხილი დედმათილი კი რძლის საქმესაც აკეთებდა და რძლისა და ვაჟის შვილებზე - საკუთარ შვილიშვილებზეც ზრუნავდა. თუკი ეს რძალი ნახავს, რომ ქრისტე მის დედმთილს სამოთხეში ამკვიდრებს, თვით იგი კი იქ არ მიჰყავს, უკმაყოფილების გამოხატვას ვერ შეძლებს და ვერც ჰკითხავს ქრისტეს, ასე რად იქცევიო. მას ხომ თვალწინ ექნება ის ამქვეყნიური სცენები, რომელიც მათი ცხოვრებისათვის იყო დამახასიათებელი. მას კარგად ემახსოვრება, როგორ უვლიდა შვილიშვილებს კოჭლი დედაბერი და სამოთხისაკენ წასვლას ვერ გაბედავს. ის თვითონვე ვერ იპოვის საკუთარ ადგილს სამოთხეში.

მაგალითად, ბერები დაინახავენ იმ სირთულეებს, რომელიც ერისკაცთა წინაშე იდგა და ნახავენ, როგორ იტანდნენ ისინი ყოველგვარ პრობლემას. თუკი ეს ბერები არასწორად ცხოვრობდნენ, თვითონვე დახრიან თავებს და იმ ადგილისაკენ წავლენ. რომელსაც იმსახურებენ.

ის მონაზვნებიც, რომელთაც ღმერთს ვერ აამეს, საშინელ სამსჯავროზე ნახავენ იმ გმირული სულის მქონე დედებს, რომელთაც მართალია, აღთქმა არ დაუდიათ, მართალია ის კურთხევა და კეთილსასურველი შესაძლებლობები არ ჰქონიათ, რომელსაც ასე უხვად ფლობდნენ მონაზვნები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ღვაწლი იტვირთეს და მაღალ სულიერ მდგომარეობას მიაღწიეს. ყოველივე ამის შემხედვარე მონაზვნებს როგორ შერცხვებათ იმ მეწვრილმანეობისა და სიმდბლისა, რომელთა გამოც ამ ქვეყნად თავადვე იტანჯებოდნენ! ზრახვა მეუბნება: „აი, სწორედ ასეთი იქნება საშინელი სამსჯავრო!“ ანუ საშინელ სამსჯავროზე ქრისტე კი არ იტყვის: „აბა ერთი, აქ მოდი, თქვი, რა ჩაიდინე?“ არც ადგილებს გაუნაწილებს ვინმეს: „შენ ჯოჯოხეთში წახვალ, შენ კი - სამოთხეში!“ არა: თითოეული ადამიანი საკუთარ თავს სხვებს შეადარებს და თვითონვე მონახავს იმ ადგილს, რომელიც დაიმსახურა.

 

მომავალი ცხოვრება

- წმიდაო მამაო, ტკბილეული მოვიტანე იმისათვის, რომ თქვენ გაუმასპინძლდეთ დებს.

- ნახე ერთი, როგორ გაიხარეს! მომავალ ცხოვრებაში ჩვენ ვიტყვით: „როგორ გვახარებდა სისულელეები! რა საოცარი სისულელეები გვაღელვებდა მაშინ!“ ეხლა კი, ნუღარ იტყვი... ამ სიხარულისაგან გულები ლამისაა ამოგვცვივდეს!

- წმიდაო მამაო, როგორ მოვახერხოთ, რომ ამ სისულელეების ამაოებას აქვე მივხვდეთ?

- თქვენ თუ ამას აქვე მიხვდებით, მაშინ მომავალ ცხოვრებაში იმის თქმა, რა სისულელეები გვიხაროდაო, აღარ მოგიწევთ. რაც გინდა თქვი და, ის, ვინც ზეცაში იმყოფება, შესანიშნავად ცხოვრობს. იცით, რა საოცარი ხელსაქმე იციან ცაში? დაუდუმებელად ღმერთს ადიდებენ.

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ მკვდარ სხეულს „ნაწილებს“ უწოდებენ?

- იმიტომ, რომ სხეული ისაა, რაც დედამიწაზე ადამიანისაგან რჩება, - მისი სიკვდილის შემდეგ. მთავარი ნაწილი ადამიანისა - მისი სული ცაში მიდის. მომავალ სამსჯავროზე ღმერთი ადამიანის სხეულსაც აღადგენს, რათა ისინი ერთად განსაჯოს, რადგანაც სხეულიც სულთან ერთად ცხოვრობდა და სცოდავდა. იმქვეყნიურ ცხოვრებაში ყველას ერთნაირი სხეული ექნება - სულიერი სხეული, ყველა ერთი ზომის იქნება. დიდიც და პატარაც - ყველა ერთი ასაკის იქნება, ყმაწვილები, მოხუცები, ბავშვები, - იმიტომ, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი სული აქვს. ანუ იმქვეყნიურ ცხოვრებაში ყველას ერთი - ანგელოზური ასაკი ექნება.

- წმიდაო მამაო, მომავალ ცხოვრებაში ისინი, ვინც ჯოჯოხეთში მოხვდებიან, შეძლებენ იმათ დანახვას, ვინც სამოთხეში იქნება დამკვიდრებული?

- წარმოიდგინე, რომ ღამით ოთახში ანთია ცეცხლი. ისინი, ვინც ქუჩაში დგანან, ხედავენ ამ განათებულ ოთახში მყოფ ადამიანებს, ასევე დაინახავენ ჯოჯოხეთში მყოფნი - სამოთხის მკვიდრებს. ეს კი მათთვის კიდევ უფრო უარესი სატანჯველი იქნება. და აბა, კიდევ ერთხელ წარმოიდგინე: ისინი, ვინც განათებულ ოთახში იმყოფებიან, ხომ ვერ ხედავენ ქუჩაში მდგარ ადამიანებს? სამოთხეში მყოფნი ჯოჯოხეთის მკვიდრ ცოდვილებს რომ ხედავდნენ, ეს ხომ გულს ატკენდა მათ, გულს მოუკლავდათ მათი მწარე ხვედრი და სამოთხით ჯეროვნად ვეღარ დატკბებოდნენ. სამოთხეში კი „არა არს სულთქმა...“ ისინი, ვინც სამოთხეში მოხვდებიან, არა მხოლოდ ვერ დაინახავენ ჯოჯოხეთის მკვიდრთ, აღარც კი ემახსოვრებათ თუ ჰყავდათ საერთოდ დედა, მამა, შვილი და ძმა, თუკი ისინიც სამოთხეში, მათთან ერთად არ იქნებიან. „მას დღესა შინა წარსწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი“ [7], - ამბობს ფსალმუნთმგალობელი. რადგანაც თუ სამოთხის მკვიდრნი თავიანთ ჯოჯოხეთში ტანჯულ ნათესავებზე იფიქრებენ, მაშინ ეს რაღა სამოთხე იქნება მათთვის?! და უფრო მეტიც: სამოთხეში მყოფებს არც კი ემახსოვრებათ, რომ მათ გარდა, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს სამოთხეში, არსებობენ სხვა ადამიანები. ასევე, მათ აღარ ემახსოვრებათ ის ცოდვები, რომელთაც მიწიერ ცხოვრებაში აღასრულებდნენ. რადგანაც, მათ რომ ეს ცოდვები ახსოვდეთ, ღვთისმოსაობიდან გამომდინარე ვერ შეეგუებოდნენ იმ აზრს, რომ ღმერთი განარისხეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ სიხარულის ხარისხი, რომელსაც სამოთხეში განიცდიან სულები, ყველასთვის ერთნაირი არ იქნება. ერთს ხელისგულისოდენა სიხარული ექნება, მეორეს - ერთი თასი, მესამეს - მთელი ზღვა სიხარულისა. თუმცა თითოეული მათგანი საკუთარ თავში სისავსეს იგრძნობს. არავის ეცოდინება, რამდენ სიხარულს, რაოდენ ნეტარებას განიცდის სხვა. სახიერმა ღმერთმა ეს ასე იმისათვის მოაწყო, რომ, თუ ადამიანს ეცოდინებოდა, მასზე რამდენად აღმატებულ სიხარულს განიცდის მეორე, მაშინ სამოთხე სამოთხე აღარ იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სამოთხეშიც მიწიერის მსგავსი შური აღიძვრებოდა: „რატომაა, რომ ის ჩემზე მეტ სიხარულს განიცდის?“ ანუ სამოთხეში ყველა იმისდამიხედვით განიცდის სიხარულს, თუ რამდენად განწმენდილია მისი სულიერი თვალი. თუმცა სულიერი ხედვის ეს სიმახვილე ღვთის მიერ კი არ იქნება განსაზღვრული. ის ნებისმიერი ადამიანის სულიერ სიწმინდეზე იქნება დამოკიდებული.

- აი, ზოგიერთებს, კი, წმიდაო მამაო, არ სჯერათ სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობა.

- არ სჯერათ, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არსებობს? მაგრამ, თუ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არის, მაშ გარდაცვლილებს არ არსებობაში ყოფნა რაინაირად შეუძლიათ? ისინი ხომ სულები არიან, ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებით, ხოლო ადამიანს უკვდავება აქვს მიმადლებული. შესაბამისად ისინი ჯოჯოხეთშიც უკვდავები იქნებიან. გარდა ამისა, აქვე მიწიერ ცხოვრებაში ჩვენი სული საოცრად აშკარად განიცდის სამოთხესა და ჯოჯოხეთს - იმ სულიერი მდგომარეობის შესაბამისად, რომელშიც იგი იმყოფება. თუ ადამიანს სინდისის ქენჯნა სტანჯავს, თუ მას ეშინია და მღელვარებას, სულიერ შფოთს და სასოწარკვეთილებას გრძნობს, ანდა თუკი იგი სიძულვილით, შურით და სხვა ამის მსგავსი ვნებებითაა შეპყრობილი, მაშინ იგი ჯერ კიდევ მიწიერი არსებობისას ჯოჯოხეთურ სატანჯველში ცხოვრობს. მაგრამ, აი, თუ ადამიანში სუფევს მშვიდობა, სიყვარული, სიხარული, მოკრძალება, სიკეთე და სხვა ამის მსგავსი სათნოებები, მაშინ იგი უკვე სამოთხეშია დამკვიდრებული. ყოველივე ამის საფუძველი არის სული. ხომ სწორედ სული განიცდის სიხარულსაც და ტკივილსაც. სცადე და მიდი გარდაცვლილთან და შეეცადე, მისთვის ყველაზე საამო საგნებზე ელაპარაკო, მაგალითად, უთხრა: „შენი ძმა ამერიკიდან ჩამოვიდა!“ ან - რაღაც ამის მსგავსი. ის ვერაფერსაც ვერ გაიგებს. თუკი მას მივარდები და ხელებსა და ფეხებს გადაუგრეხ, ის კვლავ ვერაფერს იგრძნობს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ადამიანის არსებაში მხოლოდ სულს და სხვას არაფერს აქვს შეგრძნების უნარი. განა ამან არ უნდა დააფიქროს ის ადამიანები, სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობა რომ ეეჭვებათ? ანდა დავუშვათ, რომ შენ შესანიშნავ, საამო სიზმარს ხედავ. ბედნიერი ხარ, გული სიხარულით გიძგერს და ამ სიზმრის დამთავრება არ გინდა. გაგეღვიძება და გწყინს, რომ რეალობას დაუბრუნდი. ანდა, ვთქვათ, ცუდ სიზმარს ხედავ, მაგალითად, გესიზმრება, რომ სიმაღლიდან ჩამოვარდი და ფეხები მოიმტვრიე, შენ სწუხხარ და ტირი. შიშისაგან ცრემლიანი თვალებით გეღვიძება და ხედავ, რომ არაფერი გჭირს და ყველაფერი რიგზეა, სიხარულისაგან შესძახება „მადლობა ღმერთს სიზმარი ყოფილა!“ როდესაც ცუდ სიზმარს ხედავს, ადამიანი უფრო მეტად იტანჯება, ვიდრე - რეალურად დაიტანჯებოდა, სწორედ ისევე, როგორც ავადმყოფი ღამით უფრო იტანჯება, ვიდრე - დღისით. ამგვარადვე, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და ჯოჯოხეთის სატანჯველს მიაღწევს, უფრო მეტად დაიტანჯება, ვიდრე ამქვეყნად ცხოვრებისას იტანჯებოდა, როდესაც ჯოჯოხეთურ მდგომარეობას განიცდიდა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გამუდმებით კოშმარულ სიზმარს ხედავდეს და გამუდმებით იტანჯებოდეს. მაშინ, როდესაც მას ცუდი სიზმრის გაძლება რამდენიმე წამითაც კი უჭირს. და წარმოიდგინეთ, ღმერთმა ყველა დაგვიფაროს და, მუდმივად რომ მწუხარებაში ვიყოთ! ამიტომ, ჯობს, რომ ჯოჯოხეთში არ მოვხვდეთ. თქვენ რას იტყვით ამაზე?

- წმიდაო მამაო, ჩვენ იმდენი ხანია ვიბრძვით იმისათვის, რომ ჯოჯოხეთი ავიცილოთ როგორ გგონიათ, იქ მაინც მოვხვდებით?

- თუ გონიერება არ გეყოფათ, მოხვდებით. აი, მე რა მსურს ჩვენთვის, ყველასთვის, თუ სამოთხეა, ყველა ერთად ვიყოთ... თუ ჯოჯოხეთია, მას არავის ვუსურვებ... სწორს ვამბობ, თუ - არა? ყოველივე იმის შემდეგ, რაც ღმერთმა ჩვენთვის, ადამიანებისათვის მოიმოქმედა, უდიდესი უმადურობა იქნება, თუ ჯოჯოხეთში მოვხვდებით და ამით მას გავაწყრობთ. ღმერთო, დაიფარე ჯოჯოხეთისაგან, მარტო ადამიანი კი არა, - თვით სულ პაწაწკინტელა ჩიტიც კი.

დაე, სახიერმა ღმერთმა მოგვანიჭოს სინანული, რათა სიკვდილმა კეთილ სულიერ მდგომარეობაში მოგვისწროს და ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ მის ზეციურ სამეფოს. ამინ.

 


[1] - თურქული გამოთქმა ნიშნავს „აზრი არა აქვს“, „უაზრობაა“.

[2] - ნახ. ლუკ. 23,32-33 და 39-43.

[3] - მათ. 3,2.

[4] - როდესაც ამბობს „ჩვენი“, ბერს მთელი კაცობრიობა აქვს მხედველობაში.

[5] - 1 კორ. 15,42.

[6] - ბერი პაისი მთაწმინდელის წერილებიდან.

[7] - მიცვალებულთა კონდაკიდან: „წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა შესვენებულთა მონათა და მხევალთა შენთათა...“

[8] - ფს. 145, 4.