† ბერი პაისი ათონელი

ოჯახური ცხოვრება
ნაწილი მეხუთე - განსაცდელები ჩვენს ცხოვრებაში

თავი მესამე
ხორციელი ხეიბრობა ღვთის კურთხევაა

მართებული დამოკიდებულება ხეიბრობასთან

- წმიდაო მამაო, შეიძლება რომ ხეიბრობამ ადამიანში არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოაყალიბოს?

- ვაი, რა სისულელეა ეს!

- მაგრამ, წმიდაო მამაო, ხეიბარ ადამიანებს ეს ძალიან ხშირად ემართებათ.

- ემართებათ... იმიტომ, რომ არასწორი დამოკიდებულება აქვთ. როდესაც მიხვდებიან, რომ ხეიბრობა ღვთის კუურთხევაა, ადამიანები სწორ დამოკიდებულებას გამოიმუშავებენ და არასრულფასოვნების კომპლექსისაგანაც თავისუფლდებიან. როდესაც ხეიბარია პატარა ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიუღია სულიერი შეწევნა საიმისოდ, რომ ეს ხეიბრობა ახარებდეს და არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯება, მას შემამსუბუქებელი გარემოება აქვს. მაგრამ, ეს ბავშვი, როდესაც გაიზრდება, ამ კომპლექსისაგან თუ ვერ გათავისუფლდა, გამოდის, რომ იგი ვერ ჩასწვდენია ცხოვრების უღრმეს აზრს. ერთ ცხრა წლის გოგონას თვალში სიმსივნე გაუჩნდა და ექიმებმა თვალი ამოუღეს. სკოლაში ბავშვები დასცინოდნენ საბრალო ბავშვს და ის იტანჯებოდა. მამამისი ჩემთან სენაკში მოვიდა და მომხდარის შესახებ მიამბო. მან მითხრა: „წმიდაო მამაო, ვიფიქრე, რომ თუკი ვუყიდდი ყველაფერს, რასაც კი მთხოვდა, ამით დავეხმარებოდი მას, იმიტომ, რომ გაიხარებდა და საკუთარი ხეიბრობათ გამოწვეულ ტკივილს დაივიწყებდა, ფიქრით კი ვიფიქრე, მაგრამ როგორ გავაკეთო ეს? მე ხომ კიდევ ხუთი პატარა ბავშვი მყავს, რომლებსაც მისი შეშურდებათ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არაფერი ესმით“. „აბა, რას ამბობ, - მივუგე მე, - ის ნუგეში, რომელზეც ახლა მელაპარაკებოდი, ყალბია, პრობლემები ვერ გადაიჭრება, თუ დღეს მას იმ კაბას უყიდი, რომელსაც გთხოვს, გაივილის წლები და უკვე „მერსედესის“ ყიდვას მოგთხოვს. ამდენ ფულს სად იშოვი? მერე გაიგებს, რომ ვიღაცას რანჩოში საკუთარი თვითმფრინავი უდგას და იმასაც მოითხოვს, რომ მისთვის თვითმფრინავი იყიდო. აი, მაშინ რაღას იზამ? ეცადე, რომ უფრო უკეთესად დაეხმარო შენს შვილს, მას უნდა უხაროდიც, მხოლოდ ერთი თვალი რომ აქვს. იფიქროს, რომ მოწამეა: ბევრ წმიდა მოწამეს თხრიდნენ თვალებს, აჭრიდნენ ყურებს, ცხვირს და ერი დასცინოდა მათ. მაგრამ ტკივილისა და ადამიანთა დაცინვისაგან გატანჯული მოწამეები არ თმობდნენ და მოუდრეკელად ითმენდნენ წამებას. თუკი გოგონა ამას გაიგებს და საკუთარ ხეიბრობას ღვთის დიდებით მიუდგება, ღმერთი მას აღმსარებელთა შორის შერაცხავს! შენო აზრით ეს არაფირია?! გოგონას ხომ ცოდვები არ აქვს, რომ თავისი ხეიბრობით ამ ცოდვებს ზღავდეს? ამიტომ ამ ხეიბრობისაგან იგი სუფთა საზღაურს მიიღებს“. საბრალო მამამ მადლობა მითხრა და კეთილი სულიერი განწყობილებით წავიდა. ის მართლაც დაეხმარა თავის გოგონას იმის მიხვედრაში, რომ მისი ხეიბრობა ღვთის კურთხევა იყო. იგი დაეხმარა, რომ მას ღმერთი ედიდებინა. ამგვარად გოგონა ყოველგვარი გადახრების გარეშე გაიზარდა, ის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა, განათლება მიიღო, ამჟამად მასწავლებლად მუშაობს და უმეტესად ხარობს, ვიდრე სხვა გოგონები, რომელთაც ცხოვრებაში ყველაფერი აქვთ და მიუხედავად ამისა მაინც იტანჯებიან, იმიტომ, რომ ცხოვრების უღრმესი აზრის შეცნობა ვერ შეძლეს.

თუკი ადამიანები ცხოვრების უღრმესი აზრის გაცნობიერებას ვერ შეძლებენ, მაშინ მათ თვით ის კურთხევა და კითილსასურველი მდგომარეობაც კი ტანჯავთ, რომელსაც ღმერთი მათივე ცხონებისათვის აძლევს. ხოლო მას ვინც სწორად წარმართავს ცხოვრებას, ყველაფერი სიხარულს ანიჭებს. ადამიანი კოჭლია? მას ეს უხარია ის საკმარისად ჭკიიანი არ არის? მას ესეც უხარია! ცარიელ-ტარიელია? ესეც სიხარულს ანიჭებს!

რა თქმა უნდა, მესმის, როგორ სირთულეებს აწყდებიან ინვალიდები და ბევრსაც ვლოცულობ მათათვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის. ბიჭებისათვის ხომ ინვალიდობა და ხეიბრობა იმდენად მძიმე არ არის. მაგრამ ის გოგონიბი, რომლებსაც გათხოვება სურთ, ინვალიდობას ძნელაად იტანენ.

ან, როგორ იტანჯებიან ბრმები! საწყლებს საკუთარი თავის მომსახურება არ შეუძლიათ. თუ მიდიან, ბორძიკობენ და ეცემიან. ლოცვით შევთხოვ ხოლმე უფალს, რომ მან ბრმებს ცოტაოდენი სინათლე მისცეს თვალებში, რათა საკუთარი თავის მომსახურება მაინც შეძლონ.

- აი, მეც, წმიდაო მამაო, ძალიან მაწუხებდა ის ამბავი, რომ სახარებიდან ერთი თავის წაკითხვაც კი მიჭირს, რამდენადაც ძალიან ცუდად ვხედავ. თქვენ კი ამბობდით, რომ თუ ადამიანი სახარებიდან თუნაც ერთ თავს კითხულობს ყოველდღიურად, ის ნათლდება.

- მერე შენ რა გაწუხებს? მაშ, როგორ ფიქრობ, თუ შენ სახარებიდან მთელ თავს კი არა, არამედ - მხოლოდ რამდენიმე სტრიქონს წაიკითხავ, ან თუნდაც - მარტო ერთ სიტყვას, ან სულაც - უბრალოდ ღვთისმოსაურად ემთხვევი სახარებას, რა? არ განათლდები? გარდა ამისა, შენ ხომ გუშინ არ მოსულხარ ქრისტესთან? რატომ იმაზე არ ფიქრობ და იმას არ იაზრებ, რაც აქამდე წაგიკითხავს და მოგისმენია? მთავარი ის არის, რომ საკუთარი თავი სწორად განაწყო. უთხარი მას: „ღმერთს სურს, რომ დღეს ამ განწყობით ვიყო, რამდენიმე წლის წინ კი მას სურდა, რომ სხვა მდგომარეობა მქონოდა“. ერთმა ღვთისმოსავმა ადვოკატმა სიბერეში მხედველობა დაკარგა. ერთხელ მან მითხრა: ილოცეთ, წმიდაო მამაო, რომ ცოტაოდენი კითხვა მაინც შევძლო და საყვარელი ადამიანები ვიცნო“. მე მას მივუგე: საყვარელი ადამიანების ცნობა ხმითაც შეიძლება, ხოლო, რაც შეეხება კითხვას, შენ ხომ მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდი! ახლა კი იესოს ლოცვა აღასრულე. სრულიად სარწმუნოა, რომ დღეს შენგან სწორედ ეს სურს ღმერთს!“ ამის შემდეგ ეს საბრალო ადამიანი უკვე უმეტეს სიხარულს განიცდიდა, ვიდრე მაშინ, როდესაც მხედველობა ჰქონდა.

 

ზეციური საზღაური ხეიბარი ადამიანებისათვის

„თუკი ხეიბრობას ვითმენთ და არ ვდრტვინავთ, უდიდეს ზღაურს მივიღებთ. იმიტომ, რომ ყოველგვარი ხეიბრობისას ადამიანები გარკვეულ სულიერ დანაზოგს აგროვებენ. მაგალითად, ყოველი ყრუსთვის ზეცაში ანგარიშია გახსნილი იმ ყურისთვის, რომლიდანაც არ ესმის; ბრმისთვის - იმ თვალისთვის, რომლიდანაც ვერ ხედავს, კოჭლისთვის - იმ ფეხისათვის, რომლითაც კოჭლობს. ეს უდიდესი საქმეა! თუკი ეს ადამიანები სულიერი ვენებების წინააღმდეგ თუნდაც უმცირეს ღვაწლს აღასრულებენ, ისინი ღვთისაგან ჯილდოსა და გვირგვინებს მიიღებენ. აბა, შეხედე, ომის ინვალიდები ხომ განსაკუთრებულ პენსიას ღებულობენ და გარდა ამისა, მათ ორდენებითაც აჯილდოებენ. თუ ადამიანს აქვს სილამაზე, სილაღე, ჯანმრთელობა და ამავე დროს არ იღწვის, არ ცდილობს თავისი ნაკლოვანებების მოკვეთას, ღმერთი ეტყვის მას: „მიწიერ ცხოვრებაში შენთვის ბოძებული ყოველგვარი სიკეთითა და სილაღითა ტკბებოდი, კიდევ რა გეკუთვნის? არაფერი“. ხოლო ის ვისაც რაიმე ხორციელი ნაკლი აქვს: იქნება ეს თანდაყოლილი, მემკვიდრეობით მიღებული თუ შემდეგ შეძენილი, უნდა ხარობდეს, იმიტომ, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში საზღაურს მიიღებს. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი ხეიბრობაში ბრალი თვითონ არ მიუძღვის. ამ შემთხვევაში მას შეუძლია მიიღოს „სუფთა“ საზღაური, ყოველგვარი დაკავებისა და დაკლების გარეშე. რადგანაც, თუკი ადამიანს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში არ შეუძლია ფეხის გამართვა, დაჯდომა და მეტანიების შესრულება, ეს მცირე განსაცდელი როდია. იმქვეყნიურ ცხოვრებაში ღმერთი ამ ადამიანს ეტყვის: „მოდი ჩემთან, ჩემო შვილო და უკვე სამარადისოდ დაემკვიდრე ამ საყდარზე“. ამიტომ ვამბობ, რომ ათასგზის მერჩია, ამქვეყნად გონებრივად ჩამორჩენილი, ბრმა ან ყრუ დავბადებულიყავი, რადგან ამ შემთხვევაში ღვთისაგან დიდი საზღაური მელოდა. თუ ხეიბარი ადამიანები არ დრტვინავენ, არამედ მორჩილებითა და სიმდაბლით ღმერთს ადიდებენ და მასთან ერთობაში ცხოვრობენ, მაშინ ისინი სამოთხეში საუკეთესო ადგილს დაიმკვიდრებენ. ღმერთი მათ აღმსარებლებთან და მოწამეებთან ერთად დაამკვიდრებს, რომლებმაც ქრისტეს სიყვარულისათვის გაიღეს ხელი და ფეხი. ხოლო დღეს კი - სამოთხეში ღვთისმოსაობით ემთხვევიან ქრისტეს ხელებსა და ფეხებს.

- წმიდაო მამაო, თუ მაგალითად, ადამიანი სიყრუით იტანჯება და ამავდროულად წუწუნებს და თავის ხვედრს უჩივის?

- პატარა ბავშვებიც ხომ წუწუნებენ. ბევრ რამეს ღმერთი ყურადღებას არ აქცევს. აბა ნახეთ, კარგი მშობლები, რომელთაც შვილები თანაბრად უყვართ, განსაკუთრებული მზრუნველობით სუსტსა და ხეიბარ შვილებს ეპყრობიან. ამგვარადვე ღმერთი - კეთილი მამა ჩვენი - ეპყრობა თავის სულიერად თუ ხორციელად უძლურ შვილებს, ოღონდაც მათ კეთილი განწყობა ჰქონდეთ და თავიანთ ცხოვრებაში ჩარევის ნებას აძლევდნენ მას.

 

გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები

როგორ იტანჯებიან გონებრთვად ჩამორჩენილი ბავშვების საბრალო დედები! ეს ბავშვები წამდაუწუმ ხმაურიან სცენებს აწყობენ და ყველაფერს აფუჭებენ. ნამდვილი მოწამეობაა. მე ვიცნობდი ერთ-ერთ დედას, რომელსაც გონებრივად ჩამორჩენილი შვილი ჰყავდა. ის უკვე გაიზარდა, ჯანმრთელი ყმაწვილი გახდა და მასთან გამკლავებას ვეღარ ახერხებს. იმიტომ, რომ რაღაც წარმოუდგენლად იქცევა. სიბინძურეს უსვამს კედლებზე, ავეჯზე, ზეწრებზე. დედა ალაგებს სახლს, წმენდს, ნივთებს თავის ადგილს უჩენს, ის კი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და სიბინძურეში ყრის. საბრალო ქალი უმალავს სარეცხ საშუალებებს, ის კი პოულობს მათ და სვამს. კარადებს აივნიდან ძირს ყრის. ღვთის წყალობით ჯერ არავინ მოუკლავს. და ყოველივე ეს ერთი და ორი დღე კი არ გრძელდება წლების მანძილზე ასეა.

- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს სიმდაბლე და სიკეთე ჰქონდეს?

- როგორ არ შეიძლება?! აი, თუნდაც ის გონებრივად ჩამორჩენილი პატარა ბიჭი ავიღოთ, აქ ხშირად რომ მოჰყავთ მშობლებს. რომელ გონიერ ადამიანს აქვს იმდენი სიკეთე, რამდენსაც ის ფლობს? როგორ ლოცულობს, როგორ აღასრულებს მეტანიებს? როდესაც თიაქარით გატანჯულს მეტანიების აღსრულება არ შემეძლო, მშობლებმა უთხრეს მას „ბერი ავად არის, არ შეგიძლია, მეტანიები შეასრულო?“ „მე მის მაგიერ შევასრულებ მეტანიებს“, - მიუგო პატარამ და ჩემს მაგიერ მეტანიების შესრულება დაიწყო. თანაც ამ მეტანიებს ჩემს მაგიერ იგი დიდი ოფლის ღვრით აღასრულებდა. რაოდენი ღვთისმოსაობა იყო მასში, რაოდენი დიდსულოვნება! ერთხელ მოხდა, რომ მეზობლის ბავშვმა მას უბიძგა, მან კი დარტყმის პასუხად ხელი გაუწოდა და უთხრა: „გაგიმარჯოს!“ ხედავ, როგორ ხდება?! რომელი გონიერი ადამიანი იქცევა ასე? თუნდაც სახარებასა და მთელ გროვა სულიერ წიგნებს კითხულობდეს? რამდენიმე დღის წინ აქ ამ ბიჭუნას მთელი ოჯახი მოვიდა იმისთვის, რომ მე შემხვედროდა. ის გვერდით მომიჯდა, მისი პატარა დაიკო კი ცოტა მოშორებით დაჯდა. როდესაც ნახა, რომ და ჩემთან ახლოს არ იყო, უთხრა მას „მოდი, ბერთან ახლოს დაჯექი“ და ის თავის ადგილას დასვა. ამ ბავშვმა გული ძალიან ამიჩუყა და კურთხევის ნიშნად ვაჩუქე მინანქრის დიდი ჯვარი, რომელიც იერუსალიმიდან ჩამომიტანეს. მან ჯვარი ხელში აიღო, მითხრა: „ბებია, ბებია“ და მიჩვენა, როგორ დადებდა ამ ჯვარს ბებიას საფლავზე! წარმოგიდგენიათ! ამ პატარას საკუთარი თავისთვის არაფერი უნდა, ყველაფერი სხვებისთვის ემეტება! ის თვითონაც „უგამოცდოდ“ ჩაირიცხება სამოთხეში და მშობლებსაც სამოთხეში შეიყვანს.

როგორ მსურდა, მის ადგილას ვყოფილიყავ!ი და თუნდაც ნურაფერს ნუ გავიგებდი! თუნდაც ლაპარაკი არ შემძლებოდა! ღმერთმა ყოველგვარი სიკეთე მიწყალობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი ეს სიკეთე უმადურად გავფლანგე. იმქვეყნიცრ ცხოვრებაში ამ პაწაწასთან შედარებით თვით ღვთისმეტყველებიც კი უკანა პლანზე გადაინაცვლებენ. ზრახვა მკარნახობს, რომ ზეცაში ღვთისმეტყველები თვით ღვთის შემეცნების საქმეშიც კი ამ ბავშვებზე უკეთეს მდგომარეობაში ვერ იქნებიან. და შესაძლოა, რომ მართალმა ღმერთმა ასეთ ბავშვებს მისცეს გაცილებით მეტი იმიტომ, რომ ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ბევრ რამეს მოაკლდნენ.

 

სულიერი ავადმყოფობა

- წმიდაო მამაო, თუ ადამიანს მელანქოლია შეიპყრობს, მის დასაძლევად რა უნდა მოიმოქმედოს?

- საღმრთო ნუგეშია აუცილებელი.

- ეს ნუგეში როგორ უნდა მიიღოს?

- ადამიანი ქრისტეს უნდა ჩაებღაუჭოს და ქრისტე მას ნუგეშინისცემას მოუვლენს. ხშირად ღვთისმოსაობა ეგოიზმთან არის შერთული. შიზოფრენიკთა უმრავლესობა მგრძნობიარე სულის ადამიანია. მათ სულ უბრალო რამ შეიძლება შეემთხვეთ, ანდა გარკვეული სირთულის გადალახვას ვერ ახერხებენ და ძალიან იტანჯებიან. ზოგს შეუძლია, ადამიანი მოკლას და ისე იქცეოდეს, ვითომც არაფერი მომხდარა. მაშინ, როდესაც მგრძნობიარე ადამინმა კნუტს რომ შემთხვევით თათზე ფეხი დააბიჯოს, დარდისაგან მთელი ღამე ვერ იძინებს. და თუ ორი-სამი ღამე არ ძინავს, რა თქმა უნდა, მერე ექიმთან გაქცევა მოუწევს.

- წმიდაო მამაო, ექიმები ამბობენ, რომ სულით ავაღმყოფი ადამიანი უკეთ გახდება, თუკი მისი ავადმყოფობის მიზეზს განეშორება.

- დიახ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი ეს მიზეზი ნამდვილად არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში ხომ ადამიანები საკუთარი ზრახვებიდან გამომდინარე იშლებიან ჭკუაზე, მაშინ, როდესაც მოვლენები ბუნებრივად ვითარდება და თუ შეიძლება ასე ითქვას, გამართლებულია. „იქნებ სულიერი ავადმყოფობა მემკვიდრეობით გადმომეცა, იქნებ ავად ვარ?“ თავს იტანჯავენ ასეთი ადამიანები. ერთ ყმაწვილს ვიცნობდი, რომელიც სწავლის პერიოდში დღე-ღამეში თერთმეტი საათის განმავლობაში კითხულობდა. მან სტიპენდია მიიღო და ოჯახს ეხმარებოდა, იმიტომ, რომ მამამისი ავად იყო. სწავლის დასასრულს, რამდენადაც ძალიან მგრძნობიარე და ფაქიზი ადამიანი იყო, ძალა საერთოდ გამოეცალა. გამუდმებით თავი სტკიოდა და დიპლომი დიდი გაჭირვებით დაიცვა. მერე უკვე გატანჯა ზრახვებმა, რომ რაღაც მემკვიდრული სულიერი დაავადებით იყო ავად. აბა, რა მემკვიდრულ დაავადებაზე იყო ლაპარაკი? ადამიანი დღის განმავლობაში თერთმეტ საათს რომ კითხვას ანდომებს, რა თქმა უნდა, ძალებისაგან დაიცლება. და მაშინ რაღა ითქმის, თუ ადამიანი სწავლობს, მშობლებს ეხმარება და ამასთანავე მგრძნობიარე სული აქვს?

- წმიდაო მამაო, ერთი ბავშვი მას შემდე, რაც მამამისმა თავი მოიკლა, მელანქოლიას მიეცა, იქნებ ეს მემკვიდრულია?

- შესაძლოა, ბავშვმა სულიერი ტრავმა მიიღო. სრული სიზუსტით თქმა იმისა, რომ მიზეზი მემკვიდრული დაავადებაა, სწორი არ იქნება. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა მამამისი და რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. რა თქმა უნდა, ბავშვს დახმარება ჭირდება. რადგანაც, თუ მას გააწამებს ფიქრი, რომ ცუდი მემკვიდრეობა აქვს, შეიძლება მართლაც გახდეს ავად.

ღმერთი ყოველთვის უშვებს ადამიანზე ისეთ განსაცდელს, რომლის დაძლევასაც ის შეძლებს. მაგრამ განსაცდელის სიმძიმეს თან ადამიანური დაცინვის სიმძიმე ერთვის, ისე რომ, სული ნადგურდება ამ დამატებითი სიმძიმით და დრტვინვას იწყებს. თავიანთი დაცინვით ადამიანებს კიდევ უფრო მეტად გადაყავთ ჭკუიდან სულით ავადმყოფები. თავდაპირველად ხომ შეშლილობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა შესაძლებელია. წარსულში ფსიქიატრიული საავადმყოფოები არ იყო. ამიტომ, როდესაც ვინმე ჭკუაზე შეიშლებოდა, მას რკინის გისოსებიან ოთახში კეტავდნენ. მახსენდება ერთი შეშლილი ქალი, რომელსაც პერისტერას ეძახდნენ. ის სახლში ჰყავდათ გამოკეტილი. ბავშვები მისი ოთახის ფანჯრებს ქვებს უშენდნენ, დასცინოდნენ. საბრალო გაცოფებამდე მიდიოდა. გისოსებს აჯანჯღარებდა, ყვიროდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს ძირს ყრიდა. თუმცა იმქვეყნიურ ცხოვრებაში ნახავ, რომ პერისტერა მრავალ „გენიოსსა“ და „ჭკვიანზე“ წინ დადგება.

მახსოვს კიდევ ერთი შემთხვევა: ერთი ოჯახის უფროსი ქალიშვილი ცოტა არ იყოს გონებაჩამორჩენილი იყო. მაგრამ მას უამრავი სიკეთე ჰქონდა. ორმოცი წლის იყო, მაგრამ ხუთი წლის ბავშვივით იქცეოდა. რა განსაცდელებს აღარ უწყობდნენ მას მოზრდილებიც და ბავშვებიც ერთხელ მას მშობლებმა სახლში სადილის მომზადება დაავალეს, თვითონ კი მინდვრად სამუშაოდ წავიდნენ. ამ ქალიშვილის ძმა მინდვრიდან უნდა დაბრუნებულიყო, რომ სიმინდი მოეტანა, გაბზადებული სადილი კი თან წაეღო, რომ იქ მშობლებსა და მუშებს ესადილათ. საბრალომ ბოსტანში შეაგროვა ყაბაყები, ბადრიჯანი, ლობიო და ყველაფერი ამის ერთად მოხარშვას აპირებდა. მისმა უმცროსმა დამ კი, რომელიც გოგო კი არა - ნამდვილი ხორცშესხმული განსაცდელი იყო, სახედარს ხელი ყურში მოკიდა, დაგროვილ ბოსტნეულთან მიიყვანა და ყველაფერი შეაჭამა.

საბრალომ არავის არაფერი უთხრა და ბოსტნეულისთვის კვლავ ბოსტანში შევიდა. ძმა მინდვრიდან დაბრუნდა, როცა იგი ის-ის იყო ცეცხლზე დგამდა სადილს. ძმამ გადმოტვირთა ჯორები და როცა ნახა, რომ სადილი მზად არ იყო, ცემა დაუწყო მას. რამდენ ტანჯვა-წამებას განიცდიდა იგი ყოველდღიურად! მისი საბრალო დედა ევედრებოდა ღმერთს, რომ ჯერ მისი ქალიშვილი მომკვდარიყო და მერე - თვითონ. ფიქრობდა, რომ თვითონ თუ აღარ იქნებოდა, მის შვილს ვეღარავინ მოუვლიდა. და მართლაც, ჯერ ქალიშვილი მოკვდა და მხოლოდ ამის შემდეგ დედა გარდაიცვალა.

მაგრამ რაც არ უნდა თქვა: ის, ვინც გონებრივად ჩამორჩენილია, სხვებზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. ასეთ ადამიანებს შეუძლებელია, მოეკითხოთ რამე და ამიტომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში უგამოცდოდ გადადიან.

 

მშობლების სწორი დამოკიდებულება შვილების ხეიბრობისადმი

არიან ისეთი მშობლები, რომლებიც, ორსულობისას თუ შერტყვეს, რომ ხეიბარი შვილი უნდა შეეძინოთ, აბორტზე თანხმდებიან და შვილებს სასიკვდილოდ იმეტებენ. ისინი არ ფიქრობენ, რომ მათ შვილებსაც აქვთ უკვდავი სული. ძალიან ბევრი მამა მოდის და მეკითხება: „ჩემი შვილი ნაკლიანი უნდა იყოს? რატომ გვექცევა ღმერთი ასე? მე ამის გადატანა არ შემიძლია“. ღვთისადმი რაოდენ კადნიერებასა და ურცხვობას შეიცავს ამგვარი დამოკიდებულება, ამგვარი სიჯიუტე, ამგვარი ეგოიზმი! ღმერთი თუ არ დაეხმარა, ასეთი ადამიანები კიდევ უფრო უარესები გახდებიან. ერთხელ ჩემთან სენაკში მამასთან ერთად მოვიდა სტუდენტი, რომელიც ზრახვებს ჭკუაზე შეეშალა. ამ ყმაწვილს ელექტროშოკით მკურნალობდნენ. საბრალო საკუთარ სახლშიც კი ძალიან იყო შევიწროვებული. ის ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. როდესაც მეტანიებს აღასრულებდა, თავს მიწაზე ურტყამდა. „იქნებ ღმერთმა შემიწყალოს მე და შეიწყალოს ის მიწა, რომელსაც ურტყამენ“, - ამბობდა იგი. ის ფიქრობდა, რომ ღმერთი შეიწყალებდა მიწას, რომელსაც ის თავისი დარტყმებით ტკივილს აყენებდა და ასევე შეიწყალებდა თავად მასაც. ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ახგლგაზრდა საკუთარ თავს უღირსად თვლიდა. როდესაც მდგომარეობა უარესდებოდა, ის წმიდა მთაზე ჩამოდიოდა ხოლმე. მე მის ზრახვებს ვაწესრიგებდი და ორი-სამი თვის განმავლობაში მეტ-ნაკლებად კარგად იყო, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მამამისს არ სურდა, ნაცნობებს მისი შვილი ენახათ, რადგან ეს მის პატივმოყვარეობას ლახავდა. იგი საკუთარი ეგოიზმისაგან იტანჯებოდა. „ჩემი შვილი ხალხის თვალში ჩემს კომპრომეტირებას ცდილობს“, - გამომიცხადა მან. როდესაც ეს გაიგონა, ვაჟმა უთხრა: „მომისმინე, სჯობს, შეეგუო. აი, მე გიჟი ვარ და შესაბამისად ვიქცევი შენ რა? გინდა, რომ წესიერების ვიწრო ჩარჩოებში გამომამწყვდიო? იცოდე, რომ გიჟი შვილი გყავს და ამის შესაბამისად მოიქეცი. შენს გარდა რა, გიჟი შვილი არავის ჰყოლია?!“ მაშინ ვიფიქრე: „აი, ეს მესმის ვინ არის ახლა ამ ორ შორის ჭკუიდან შეშლილი?!“

ხედავთ, არც თუ იშვიათად სადამდე მიდის ეგოიზმი?! მამამ შეიძლება საკუთარი შვილის სიკვდილიც კი ინატროს! ერში რომ ვცხოვრობდი, ერთ გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვს ვიცნობდი. როდესაც მშობლები სტუმრად მიდიოდნენ, თან არ მიჰყავდათ, რომ მის გამო არ შერცხვენილიყვნენ. მეც დამცინოდნენ, იმიტომ, რომ ამ ბავშვს ვესაუბრებოდი ხოლმე. თუმცა მას ჩემს გულში უკეთესი ადგილი მივუჩინე, ვიდრე მათ, ვინც მას დასცინოდნენ.