† ბერი პაისი ათონელი

ოჯახური ცხოვრება
ნაწილი მეოთხე - სულიერი ცხოვრება

თავი მესამე
ყოველდღიურ ცხოვრებაში თავშეკავების შესახებ

ასკეზის საშუალებით ადამიანი უხორცო ანგელოზს ემსგავსება

- წმიდაო მამაო, ერთხელ გვითხარით: „სულიერ ცხოვრებაში მოწინააღმდეგის ბლოკირება აუცილებელიაო“. რას გულისხმობდით ამ სიტყვებში?

- ომის დროს მტრის ბლოკირებას, მის ქალაქის კედლებში შემწყვდევასა და იქ შიმშილით დასუსტებას ცდილობენ. შემდეგ მას წყალსაც უკეტავენ. თუკი მტერს წყალი, საკვები და საომარი საშუალებების მარაგი არ აქვს, იგი ხომ იძულებული ხდება, რომ დანებდეს! იმის თქმა მსურს, რომ თუკი ეშმაკსაც ასევე ვებრძვით, - მარხვითა და მღვიძარებით, - ის იარაღს დაყრის და ჩამოგვეხსნება. „მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე“ [1], - ამბობს მგალობელი.

ასკეზისა და ღვაწლის მიერ ადამიანი უხორცო ძალებს მიემსგავსება. რა თქმა უნდა, როდესაც უდიდესი სულიერი მიზანი არსებობს, თავშეკავება საჭიროა. თუკი ადამიანი იმისთვის იკავებს თავს საკვების მიღებისაგან, რომ ხორციელი ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და მავნე ცხიმებისგან გათავისუფლდეს, ამ შემთხვევაში ასკეზი იოგას მიმდევათა ასკეზს ემსგავსება. საუბედუროდ მოღვაწეობისა და ასკეზის საკითხები უკანა პლანზე გადასწიეს თვით იმ ადამიანებმაც, ვინც საკუთარ თავს ეკლესიას მიაკუთვნებენ. ასეთი ადამიანები ამბობენ კიდეც: „აბა რა უნდა ვქნათ, ესეც უნდა ვიგემოთ და ისიც, განა ღმერთმა ყოველივე ეს ჩვენთვის არ შექმნა?!“ იცით, რა გამომიცხადა ერთმა არქიმანდრიტმა ერთ-ერთ ჩვენს საპატივსაცემოდ მოწყობილ სადილზე?! როდესაც შენიშნა, რომ მე ჩვეულებრივზე მეტის ჭამას არ ვაპირებდი, არქიმანდრიტმა მითხრა: „რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნას, განხრწნას იგიცა ღმერთმან“ [2]. მე გაკვირვებულმა ვკითხე: „შემთხვევით შენ რამე ხომ არ აურიე? წმიდა წერილის ეს სიტყვები რას ეხება? ასკეზს, თუ - მრუშ და გარყვნილ ცხოვრებას?! წმიდა წერილი აქ გულისხმობს იმათ, ვინც საკუთარ სხეულს, რომელიც არის ტაძარი ღვთისა ანგრევს, ხრწნის სიძვითა და ბოროტად მოხმარებით. წმიდა წერილი აქ იმ ადამიანებს არ გულისხმობს ქრისტეს სიყვარულით ასკეზს რომ აღასრულებენ. ის კი, ხედავ, როგორ იმშვიდებდა თავს და ამბობდა: „ჩვენ კარგად უნდა მივირთვათ, რომ თავშეკავებით არ „გავხრწნათ“ ჩვენი სხეული - სამკვიდრებელი ღვთისა?! მას შემდეგ, რაც მონასტრები მოინახულა, კიდეე ერთი ადამიანი, მიზიარებდა შთაბეჭდილებებს: „ერთ მონასტერში ვიყავი, სადაც ბერები ისე მარხულობდნენ, რომ ავად გახდნენ, ზეთიანი რუმბები ხელუხლებლად ეწყოთ, აი, მამაო, სადამდე მიჰყავს ადამიანები მარხვასა და მღვიძარებას“. აბა, აქ რაღა გვეთქმის?! ასეთ ადამიანებს არ სურთ, რამეს მოაკლდნენ. ისინი მიირთმევენ თავიანთ სადილს, თავიანთ ხილს, თავიანთ ნამცხვრებს და მერე იმისათვის, რომ თავი იმართლონ, ბრალს სდებენ სხვებს, მათ, ვინც ღვაწლს აღასრულებენ. ამ ადამიანებს არასოდეს უგრძვნიათ ის სულიერი სიხარული, რომელიც ასკეზს და თავშეკავებას მოაქვს. ასეთი ადამიანი იტყვის: „ჩემთვის აუცილებელია, რომ ამდენი და ამდენი ფინჯანი რძე დავლიო. რა თქმა უნდა, მარხვის დროს კი შევიკავებ თავს, მაგრამ შემდეგ კი აუცილებლად ავინაზღაურებ ყოველ ფინჯანს, რომელიც ჩემს ორგანიზმს მარხვაში მოაკლდა! ჩემთვის ხომ ცილების მიღება აუცილებელია!“ საქმე მართლა იმაში კი არ არის, რომ მის ორგანიზმს ცილები სჭირდება. ის ამბობს, რომ უფლება აქვს მიიღოს ეს რძე და სინდისს იმით იმშვიდებს, რომ ყველაფერი რიგზე აქვს და ეს ყველაფერი ცოდვა სულაც არ არის. ადამიანმა ასეთი რამ მხოლოდ რომ იფიქროს, ესეც კი ცოდვაა. სადამდე მიდის ადამიანური ლოგიკა?! ის თვლის, რომ უნდა დაიცვას ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები, მაგრამ ამავე დროს არ მოაკლდეს ყოველივე იმას, რაც მარხულობისას დაკარგა. ამის შემდეგ ასეთ ადამიანში როგორღა დაემკვიდრება სულიწმიდა.

აბა, ნახე, როგორი ღვთისმოსაობით გამოირჩევა ზოგიერთი ერის ადამიანი! ერთხელ მოხდა, რომ ერთი ძალიან უბრალო კაცი - ცხრა შვილის მამა - მოვიდა აღსარებაზე და მოძღვარმა მას ზიარების კურთხევა მისცა, მან კი უპასუხა: „ეჰ, მამაო, როგორ უნდა ვეზიარო, ჩვენ კარაქს ვჭამთ, მე ხომ ვმუშაობ და ბავშვებიც - ასევე.“ „რამდენი შვილი გყავს?“, - ჰკითხა მღვდელმა. „ცხრა“, - უპასუხა მან. „საჭმელს ბევრ კარაქს უმატებთ?“, - კვლავ ჰკითხა მოძღვარმა. „ორ კოვზ მცენარეულ კარაქს“, - მიუგო კაცმა. „მერე რამდენი კარაქი გხვდება იქიდან, შე საწყალო?! წადი და ეზიარე!“, - შეუძახა მოძღვარმა. თერთმეტ სულზე ორი ჩაის კოვზი მცენარეული კარაქი მოდიოდა და ამ კაცს მაინც სინდისი ქენჯნიდა.

ვიცნობდი ერისკაცებს, რომლებიც მათ მიერ აღსრულებულ ასკეზს გაებრწყინებინა. არც თუ მრავალი წლის წინ წმიდა მთაზე მუშაობდა ერთი ერისკაცი - ვაჟთან ერთად. მათ ათონზე დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს. შემდეგ სამშობლოში კარგი სამსახური გამოუჩნდათ და მამამ გადაწყვიტა, წასულიყო წმიდა მთიდან და შვილიც თან წაეყვანა, რათა მთელ ოჯახს ერთად ეცხოვრა. მაგრამ მისი ვაჟის გული შეძრა ბერების ასკეტიკურმა ცხოვრებამ, ერის ყოფას სულიერი შფოთით აღსავსე იხსენებდა და დაბრუნება აღარ სურდა. იგი მამას ეუბნებოდა: „მამა, შენ ხომ სხვა შვილებიც გყავს, ერთი კი აქ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაღში დატოვე“. მან არ გაიზიარა მამის შეგონებები და ისიც იძულებული გახდა, შვილი წმიდა მთაზე დაეტოვებინა. ეს ყმაწვილი გაუნათლებელი, მაგრამ ძალიან მახვილგონიერი იყო, დიდ ღვთისმოსაობასა და უბრალოებას ფლობდა. იგი საკუთარ თავს ბერობის უღირსად თვლიდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბერული ღვაწლის აღსრულება მის ძალებს აღემატებოდა. მან თავისთვის ერთი პაწაწინა სენაკი გამონახა, რომელსაც ადრე სასაპანლე პირუტყვისთვის იყენებდნენ ხოლმე. ყმაწვილმა ამ სენაკის კარი და ფანჯარა გარედან ქვებით და გვიმრის ტოტებით ამოქოლა და მხოლოდ ერთი პატარა ღრიჭო დატოვა - ხვრელი, რომლითაც შეძლებდა შემძვრალიყო სენაკში და გამომძვრალიყო იქიდან. გარედან ამ ხვრელს მან სადღაც ნაპოვნი ძველი, დაგლეჯილი პალტო ჩამოაფარა. ის ცეცხლსაც კი არ ანთებდა. ჩიტის ბუდე მის ბუდეზე უკეთესი საცხოვრებელი იყო და სახლადაც მხეცის ბუნაგი მეტად ივარგებდა, ვიდრე ის სახლი, რომელშიც იგი ცხოვრობდა. მაგრამ იმ სიხარულს, რომელსაც ეს სული განიცდიდა, ის ადამიანებიც კი ვერ მისწვდებიან, მდიდრულ სახლებში რომ ცხოვრობენ. ეს ადამიანი ხომ ქრისტესთვის იღწვოდა და ქრისტე გამუდმებით მის გვერდით იყო, არა მხოლოდ მის სენაკში, არამედ მთელ მის შინაგან არსებაში, მის სულში, მის ხორცში, მის გულში. ამიტომ იგი სამოთხეში ცხოვრობდა. ზოგჯერ იგი თავისი ბუნაგიდან გამოძვრებოდა და მიდიოდა რომელიმე სენაკში, სადაც ძმებს ბოსტანი ჰქონდათ გაშენებული. ის ძმებს მუშაობაში ეხმარებოდა და ამისთვის ცოტაოდენ ორცხობილასა და ზეთისხილს აძლევდნენ. თუ სამუშაოს არ მისცემდნენ, ორცხობილასა და ზეთისხილს არ იღებდა. იგი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ის წყალობა, რომელიც ღვთისაგან მიიღო, ორმაგი შრომით აენაზღაურებინა. რა თქმა უნდა, მისი სულიერი ცხოვრების შესახებ მხოლოდ ღმერთმა უწყოდა, რამდენადაც იგი უსახელოდ, უხმაუროდ და უბრალოდ ცხოვრობდა. მაგრამ არის ერთი შემთხვევა, როემლიც შემდეგ გახმაურდა და საიდანაც ბევრის მიხვედრაა შესაძლებელი. ერთხელ მოხდა ისე, რომ იგი მივიდა ერთ-ერთ მონასტერში და იკითხა, დიდი მარხვა როდის იწყებაო, თუმცა ამ ადამიანისათვის თითქმის მთელი წელიწადი დიდი მარხვა იყო. შემდეგ თავის ბუნაგში დაბრუნდა და შიგნიდან გამოიკეტა. თითქმის სამი თვე გავიდა, მას კი ეს არ შეუმჩნევია. ერთხელ კვალავ დატოვა სენაკი და წავიდა მონასტერში, რომ გაერკვია აღდგომა როდის დგებოდა. ის ლიტურგიაზე დადგა, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და შემდეგ მამებთან ერთად სატრაპეზოდ წავიდა. ტრაპეზზე მან წითელი კვერცხი დაინახა. ამ დღეს უკვე აღდგომის წარგზავნა იყო [3]. მას გაუკვირდა და ერთ-ერთ ძმას ჰკითხა: „მისმინე, განა უკვე აღდგომაა?“ „რა აღდგომა, ხვალ ხომ უკვე ამაღლებაა!“ მიუგო მან. ანუ ეს ადამიანი მარხულობდა მთელი დიდმარხვის განმავლობაში და შემდეგ კიდევ ორმოცი დღე - ამაღლებამდე. ამგვარად მოღვაწეობდა იგი სიკვდილამდე. აღსასრულიდან ორი თვის შემდეგ ის შემთხვევით მონადირიმ იპოვა და მომხდარის შესახებ ექიმსა და პოლიციას აცნობა. მერე ექიმი მიამბობდა: „მის სხეულს არა მხოლოდ გვამის არანაირი სუნი არ უდიოდა, არამედ, პირიქით, კეთილსურნელებასაც აფრქვევდა“.

 

მარხვა ბავშვებისათვის

- წმიდაო მამაო, უნდა იმარხულონ თუ არა ზიარებამდე ხუთი-ექვსი წლის ბავშვებმა?

- უკიდურეს შემთხვევაში ზიარების წინა დღეს მათ სამარხვო საჭმელი უნდა მიიღონ - ზეთით. თუმცა, ეს საკითხი მოძღვრის კომპეტენციაშია. ჯობს, თუ დედა მოძღვარს ჰკითხაგს, როგორ იკვებოს ბავშვმა, რადგან შესაძლოა, პატარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეს და მისთვის რძის მიღება აუცილებელი იყოს.

- წმიდაო მამაო, რამდენი დღის განმავლობაში უნდა მარხულობდეს პატარა ბავშვი?

- თუკი ბავშვი ძლიერია და ჯანმრთელობით გამოირჩევა, მას შეუძლია, იმარხულოს. გარდა ამისა, დღეს აურაცხელი სახის სამარხვო საჭმელები იყიდება. ძველად ბავშვები მარხულობდნენ და მთელი დღის განმავლობაში დარბოდნენ და თამაშობდნენ. ფარასაში დიდი მარხვის პერიოდში დიდებიც და ბავშვებიც მეცხრე ჟამამდე [4] მარხულობდნენ. მშობლები მათ ერთად შეკრებდნენ, სათამაშოებს მისცემდნენ და ისინიც თამაშობდნენ, ხოლო, როდესაც ნაშუადღევს პირველშეწირულთა ძღვენთა ლიტურგიაზე ზარს დარეკდნენ, ყველანი ერთად ეკლესიაში მიდიოდნენ და ეზიარებოდნენ. წმიდა არსენი კაპადოკივლი ამბობდა: „თუ ბავშვები თამაშობენ, ჭამა მთელი დღე არ აგონდებათ. და განა ისინი მარხვას ვერ შეძლებენ ახლა, როდესაც მათ ამაში ქრისტე ეხმარებათ?“

მოზრდილებს, რომლებიც არ მარხულობენ, სინდისი დაქენჯნის, როდესაც დაინახავენ, როგორ ინახავენ ბავშვები მარხვას. მახსოვს, პატარა ვიყავი და ჩემს ოსტატთან ერთად ერთ სახლში ვმუშაობდი. ჩვენ იქვე ვსადილობდით. ოთხშაბათობითა და პარასკევობით მე სადილად არ ვრჩებოღი და სასადილოდ სახლში ვბრუდებოდი, რადგანაც ეს ადამიანები არ მარხულობდნენ. ერთხელ მახსოვს, ოთხშაბათი იყო, მათ ნამცხვარი მოიტანეს და ჩემი გამასპინძლება მოინდომეს. „გმადლობ, მაგრამ მე ვმარხულობ“. ვუთხარი მაშინ. ძალიან გაუკვირდათ: „მარხულობ?! ნახე, პატარა ბიჭუნა მარხვას ინახავს, ჩვენ კი ზრდასრული ადამიანები ყველაფერს მივირთმევთ“.

 

ღვთისმოსაობით უნდა ვმარხულობდეთ

მარხვაში ადამიანი თავის კეთილ ნებას ავლენს. ღვთისმოსაობიდან გამომდინარე ის თავს იდებს ღვაწლს, ასკეზს და ღმერთი მას ეხმარება. მაგრამ, თუ ადამიანი ყოველივე ამას ძალდატანებით აკეთებს და ამბობს: „ეჰ, სად გაექცევი?! ეს პარასკევიც მოვიდა და უნდა ვიმარხულო!“ ის თავს იტანჯავს თუმცა, თუკი მარხვის მნიშვნელობას გააცნობიერებს და მას ქრისტეს სიყვარულით აღასრულებს, შინაგანად იხარებს. მაშინ ადამიანი იფიქრებს: „ამ დღეს მაცხოვარი ჯვარს აცვეს, მას წყალიც კი არ მისცეს და ძმარი შეასვეს [5]. ამიტომ მეც მთელი დღის განმავლობაში არ დავლევ წყალს“. ადამიანი, რომელიც სწორედ ამგვარი განზრახვით მარხულობს, უმეტეს სიხარულს გრძნობს, ვიდრე იგი, ვინც საუკეთესო გამაგრილებელი სასმელებით იკლავს წყურვილს.

და აბა, ნახე: მრავალ ერის ადამიანს მარხვის დაცვა დიდ პარასკევსაც კი არ შეუძლია. მაგრამ ამავე ადამიანებს შეუძლით, რომელიმე სამინისტროს წინ პირდაპირ ტროტუარზე დასხდნენ და პროტესტი შიმშილობით გამოხატონ, რათა სიჯიუტითა და თავხედობით რაიმეს მიაღწიონ. საამისაოდ მათ ეშმაკი აძლევს ძალას. რასაც ისინი აკეთებენ, ამას თვითმკვლელობა ჰქვია. სხვები კი, როდესაც აღდგომა დადგება, გახარებულები ხმამაღლა მღერიან: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით...“ და იმაზე ფიქრობენ, რაოდენ გემრიელი საჭმელი ელით. ეს ადამიანები იმ ებრაელებს ჰგვანან, ვინც ქრისტეს გამეფება მოინდომეს იმიტომ, რომ მან უდაბნოში დააპურა ისინი [6].

თუ გახსოვთ, რას ამბობს წინასწარმეტყველი?! „წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს!“ [7] სხვა საქმეა როდესაც ადამიანს აქვს კეთილი ნება იმისა, რომ იმარხულოს, მაგრამ ეს არ შეუძლია, რადგანაც მარხულობისას ფეხების კანკალი ეწყება და ძირს ეცემა, ან რაღაც ამდაგვარი ემართება. ანუ - ჯანმრთელობა მარხულობის ნებას არ აძლევს. სულ სხვა საქმეა, როდესაც ადამიანს შეუძლია და არ მარხულობს, ამ ვითარებაში კეთილგანწყობას ვერ ნახავ. ხოლო იმ ადამიანის მწუხარებასა და დარდს, რომელსაც სურს, მაგრამ არ შეუძლია მარხვა, ავსებს აღმატებული ღვაწლი და თვით ეს ადამიანიც უმეტეს სასყიდელს იღებს, ვიდრე იგი, ვისაც შეუძლია და მარხულობს კიდეც. რადგანაც ძალებით აღსავსე ადამიანი, რომელიც მარხვას იცავს, საკუთარი თავით ერთგვარად კმაყოფილია. დღეს ჩემთან ერთი საბრალო ქალი იყო მოსული, ასე ორმოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა. ის ტიროდა, რადგან მარხვა არ შეეძლო, ქმარი გაშორდა. ერთი შვილი ჰყავდა, რომელიც ავტოკატასტროფაში მოყვა და გარდაიცვალა. დარჩა სრულიად მარტო. დედაც მოუკვდა და ახლა არც ჭერი აქვს და არც ერთი ნაჭერი პური აბადია. ხან ერთსა და ხან მეორე ნაცნობს მიჰყავს ის სახლში, სადაც რაიმე სამუშაოს ასრულებს. ეს საბრალო მეუბნებოდა: „სინდისი ძალიან მაქვს დამძიმებული, იმიტომ, რომ ვერაფერს ვაკეთებ. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ მარხულობა არ შემიძლია. იმას ვჭამ, რასაც მაძლევენ. ზოგჯერ ოთხშაბათსა და პარასკევს მაქვს ხოლმე სამარხვო საჭმელი, მაგრამ ძირითადად მაინც - სახსნილო და მეც იძულებული ვხდები, ვჭამო, რადგანაც, როდესაც არ ვჭამ, ძალა მეცლება და ფეხზე დგომაც კი აღარ შემიძლია“. „ჭამე, რადგანაც ასე დაუძლურებული ხარ“, - ვუთხარი მე. ადამიანი საკუთარ თავს ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს, თუკი გრძნობს, რომ ძალები აღარ ჰყოფნის, მეტი უნდა ჭამოს. „განუსაზღვრე საზომი საკუთარ თავს“ [8], - ამბობდა წმიდა ნილოს მმარხველი.

- წმიდაო მამაო, როგორ ახერხებდა ძველად ზოგი ქალი, რომ ორშაბათიდან - თეოდორე ტირონის შაბათამდე საერთოდ არაფერს ჭამდა? [9] ასეთი მარხვისათვის როგორ ყოფნიდათ ძალები? როდესაც ამავე დროს უამრავი საქმისთვის, სახლისთვის, ბავშვებისთვის, პირუტყვისა და ბოსტნისთვის უნდა მიეხედათ?

- ეს ქალები საკუთარ თავს ეუბნებოდნენ: „ჩვენ რომ წესიერად ვმარხულობდეთ, დიდშაბათამდე არაფერს შევჭამდით“. ასე რომ, პირველი კვირის შაბათამდე მაინც ვიმარხულოთ, ეს შაბათი ხომ მალე დადგებაო. ან იქნებ ამასაც ფიქრობდნენ: „ქრისტემ ორმოცი დღე იმარხულა“ [10]. განა მე მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში მაინც არ უნდა ვმარხულობდე?!“ გარდა ამისა, ეს ქალები უბრალოებით გამოირჩეოდნენ და სწორედ ამიტომ შეეძლოთ მარხვის ამგვარად დაცვა. თუკი ადამიანში სიმდაბლე და უბრალოებაა, საღვთო მადლს იღებს, სიმდაბლით მარხულობს და საღმრთოდ იკვებება. მაშინ ის საღვთო ძალასაც ფლობს, ხოლო განგრძობილი მარხვის პერიოდში „სიმტკიცის მარაგს“ აგროვებს. ავსტრალიაში ერთმა ახალგაზრდამ იმასაც კი მიაღწია, რომ ოცდარვა დღის განმავლობაში არაფერი უჭამია. ამ ყველაფერის საამბობლად მოძღვარმა ჩემთან მოიყვანა იგი. ეს ახალგაზრდა უაღრესად ღვთისმოსავი იყო და მოღვაწეობრივ სულს ფლობდა: აღსარებას ამბობდა, ეკლესიაში დადიოდა, კითხულობდა წმიდა მამათა წიგნებს, ყველაზე ხშირად კი - ახალ აღთქმას. ერთხელ, როდესაც სახარებაში წაიკითხა, როგორ იმარხულა ქრისტემ ორმოცი დღის განმავლობაში, ყმაწვილის გული ლმობიერებით აივსო და გაიფიქრა: „თუკი უფალმა, რომელიც ღმერთია, ხოლო განკაცების შემდეგ უცოდველ ადამიანად მოგვევლინა, ორმოცი დღე იმარხულა, მაშ მე ცოდვილმა ადამიანმა რაღა უნდა ვქნა?“ ამიტომ მან მოძღვარს სთხოვა, მარხვის კურთხევა მიეცა მისთვის, თუმცა აზრადაც არ მოსვლია, ეთქვა, რომ ორმოცი დღე-ღამის განმავლობაში საერთოდ არაფრის ჭამას და დალევას არ აპირებდა. ამგვარად მან დიდმარხვის პირველი ორშაბათიდან მარხულობა დაიწყო და ჯვრის თაყვანისცემის კვირამდე პირში წყლის წვეთიც კი არ ჩაუშვია. თანაც ფაბრიკაში მუშაობდა და ძალიან მძიმე საქმე ჰქონდა: ყუთებს ახარისხებდა და ერთმანეთზე აწყობდა. მარხვის ოცდამერვე დღე რომ დადგა, მუშაობისას მან მცირედი თავბრუსხვევა იგრძნო და ცოტა ხნით ჩამოჯდა, მერე ჩაი დაილია და პატარა ორცხობილა შეჭამა. იგი ფიქრობდა, რომ თუ ძალა გამოეცლებოდა და დაეცემოდა, საავადმყოფოში წაიყვანდნენ, იქ მიხვდებოდნენ, რომ მარხულობს და იტყოდნენ: ნახეთ ერთი, ეს ქრისტიანები მარხვისაგან იხოცებიან!“ ეს ყმაწვილი მეუბნებოდა: „წმიდაო მამაო, ამდენი დღის მარხულობის შემდეგ საჭმელი შემძულდა, მაგრამ, თავს ვაიძულებ, რომ რაღაც მაინც ვჭამო, იმიტომ, რომ სხვაგვარად მუშაობას ვერ შევძლებ“. თუმცა ყმაწვილს ტანჯავდა ზრახვა, რომ მან ორმოცი დღე სრულად ვერ იმარხულა და თავისი ეს მოსაზრება მოძღვარს გაანდო, მოძღვარმა კი გონივრულად მიუგო: „რაც იმარხულე, ისიც საკმარისია, ზრახვებით თავს ნუ დაიტანჯავ“. შემდეგ მან ის ჩემთან გამოგზავნა, რათა გამეფანტა მასში დარჩენილი მტანჯველი ზრახვები. დასარწმუნებლად, რომ ამ ახალგაზრდას ნადვილად წრფელი მიზნები ჰქონდა, ვკითხე: „შენ რა, დაიფიცე, რომ ორმოცი დღე უნდა გემარხულა?“ „არა.“ მომიგო მან. მე კვლავ ვკითხე: „როდესაც მოძღვრისაგან მარხვის კურთხევას იღებდი, ვერ მოისაზრე, გაგენდო მისთვის, ორმოცდღიანი სრული მარხვა რომ გქონდა განზრახული, თუ შეგნებულად დაუმალე ეს - ვითომდა კეთილი ზრახვა, რომ თვითნებურად გემარხლა?“ „არა, მამაო“ მიპასუხა ისევ. მაშინ ვუთხარი: „რა თქმა უნდა, მე ისედაც ვიცი შენი განწყობა, მაგრამ ყოველივე ეს მაინც გკითხე, რათა თვითონვე მიმხვდარიყავი, რომ იმ დღეებისთვის, როდესაც მარხულობდი, უდიდეს ზეციურ საზღაურს მიიღებ. ეს დღეები საკმარისი იყო და თავს ნუ იტანჯავ იმაზე ფიქრით, ორმოცდღიანი მარხულობა რომ ვერ შეძელი. მეორედ კი აუცილებლად გაანდე მოძღვარს ის კეთილი ზრახვები, რომელიც გაქვს, ის სიკეთეც, რომელსაც გულით ფარულად ატარებ და მაშინ იგი თვითონ გადაწყვეტს, უნდა იტვირთო თუ არა რამენაირი ღვაწლი“. ამ ადამიანს უდიდესი სიმდაბლე ჰქონდა - მასში არსებული თავმდაბლური ზრახვებიდან გამომდინარე. ეს მარხვაც თავს იდო ქრისტეს სიყვარულით - დიდი ღვთისმოსაობიდან გამომდინარე. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ქრისტემ საღვთო მადლით შეამკო იგი. მაგრამ თუკი ვინმე, ვისაც ასეთივე სიმდაბლე არ მოუპოვებია, მოინდომებს ამგვარივე მარხულობას და ეგოისტურად იტყვის: „რატომ ვერ შევძლებ, მეც იგივე გავაკეთო, თუკი ამის გაკეთება სხვამ შეძლო?“ ეს ადამიანი ერთ ან ორ დღეს კი მოითმენს, მაგრამ მერე მიატოვებს მარხვას. მას გონებაც დაებინდება, რადგანაც საღვთო მადლი განერიდება. ასეთ ადამიანს ის ძალაც კი დაენანება, რომელიც ძლივს შენახულ მარხვაზე დაკარგა. შეიძლება, იქამდეც კი დავიდეს, რომ თქვას: „აბა, განა რა მომცა ამ მარხვამ?!“

მარხვის საშუალებით ადამიანი ტარიგად, კრავად გადაიქცევა. მაგრამ თუკი ის მხეცად იქცა, ეს ორი მიზეზით შეიძლება, მოხდეს: ეს ან იმის ბრალია, რომ ნატვირთი ღვაწლი მის ძალებზე აღმატებულია, ან იმისი, რომ იგი ეგოიზმიდან გამომდინარე იღწვის და ამიტომ საღვთო მადლს არ ღებულობს. მარხვა ზოგჯერ თვით მძვინვარე მხეცებსაც კი მოამდოვრებს და ამშვიდებს. აბა, ნახე: ზოგჯერ, როდესაც მხეცები დაიმშევიან, ადამიანებთან მიდიან. ცხოველები ინსტიქტურად ხვდებიან, რომ შიმშილისაგან სიკვდილი ელით, ხოლო ადამიანები მათ გამოკვებავენ და გადარჩებიან. ერთხელ ისე მოხდა, რომ ვნახე მგელი, რომელიც შიმშილს კრავად ექცია. ზამთარში დიდ თოვლი რომ მოვიდა, ის მთებიდან ბარად ჩამოვიდა და ჩვენს ეზოს მოადგა. მე და ჩემი ძმა პირუტყვის გამოსაკვებად გავედით სახლიდან, მე ხელში ფარანი მეჭირა. ჩემმა ძმამ რომ დაინახა, ხელი დაავლო ბოჯგას და მგელს ცემა დაუწყო, მაგრამ მას ამაზე რეაქციაც კი არ ჰქონია. თუკი ადამიანი იქამდე არ მივა, რომ ის რასაც აკეთებს ღვთისადმი და თავისი თანამოძმის - მოყვასის სიყვარულით აკეთოს, ძალებს ამაოდ ფლანგავს. თუკი კაცი მარხულობს და თანაც აქვს ამპარტავნული ზრახვა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს აღასრულებს, მთელი მისი მარხვა წყალშია ჩაყრილი. მერე უკვე ასეთი ადამიანი ემსგავსება გახვრეტილ ავზს, რომელშიც ვერაფერს შეაკავებ. აბა, სცადე და გახვრეტილ ავზში წყალი ჩაასხი, ნელ-ნელა მთელი წყალი დაიღვრება.

 

ცარიელი მუცლით სიამოვნება

თუ ადამიანი თავშეკავებით არ ცხოვრობს, ცხიმის დიდ მასას დაატარებს. მაგრამ, თუ თავს იკავებს და მხოლოდ იმდენს ჭამს, რამდენიც აუცილებელია, მისი ორგანიზმი საჭმელს წვავს და ხორცს ცხიმი აღარ ეკიდება.

მრავალფეროვანი საჭმელი ტვირთავს კუჭს და მადას აძლიერებს. გარდა ამისა, ბევრი ჭამა ადამიანს ადუნებს და ხორციელად აღაგზნებს. თუკი ტრაპეზზე მხოლოდ ერთი კერძია და ისიც - არცთუ გემრიელი, მაშინ ადამიანმა შესაძლოა, ბოლომდე არც კი შეჭამოს, ხოლო, თუკი საჭმელი გემრიელია და კაცს გემოთმოყვარება გაიტაცებს, - შეიძლება, ცოტა ზედმეტი მოუვიდეს. როდესაც ხედავ, რომ წინ გიდევს თევზი, სუპი, კარტოფილი, კვერცხი, სალათი, ყველი, ხილი და ტკბილეული, გინდება, ყველაფერი ეს შეჭამო და დამატებასაც ითხოვ. მადა აღგეძვრება როგორც ერთის, ისე მეორის მიმართ. შეჭამ ერთს და მოგინდება მეორე - მის გვერდით რომ დევს. და აბა დააკვირდი: ადამიანს ხომ მოყვასის მიერ ნათქვამი ერთი უბრალო სიტყვის მოთმენაც კი არ შეუძლია. საწყალი კუჭი კი ითმენს და ამუშავებს ყველაფერს, რასაც ჩააყრიან. რატომ არ ვეკითხებით, შეუძლია მას ამდენის მონელება? ანუ კუჭი, რომელსაც გონების ნასახი არ გააჩნია, სათნოებებით ჩვენ აღგვემატება. ის ყველაფრის გადამუშავებას ცდილობს. ხოლო, თუკი ჩვენს მიერ შეჭმული სხვადასხვა საჭმელი შეუთავსებელია, ისინი ერთმანეთთან „ჩხუბს“ იწყებენ. მაშინ რაღა დარჩენია კუჭს? მას საჭმლის მოუნელებლობა ეწყება.

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოვიკვეთოთ ჭარბად ჭამის ჩვეულება?

- ცოტა თავი უნდა დავამუხრუჭოთ. არ შეიძლება, ის ჭამო, რაც მოგწონს, რომ ამან მადა არ გაგიღიზიანოს, თანდათანობით ხომ მადა სულ უფრო და უფრო იზრდება. მაშინ სტომაქი, როგორც ამბა მაკარი ამბობს - ეს „ბოროტი“ მეზვერე, სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვს. როდესაც რაიმეს ჭამ, სიამოვნებას განიცდი. მაგრამ მერე ძილი გინდება; მუშაობაც კი არ შეგიძლია. თუ მხოლოდ რომელიმე ერთ კერძს შეჭამ, ამით მადას დააცხრობ.

- წმიდაო მამაო, თუ სუფრაზე ბევრი სახეობის კერძია, მაგრამ - მცირე რაოდენობის, ადამიანს იგივე სირთულეები მაინც ექმნება?

- ეჰ, სირთულეები იგივეა. პარტიული ფრაქციები სიმცირის გამოა, რომ ხელისუფლების ფორმირებას ვერ ახერხებენ. როდესაც მრავალფეროვან კერძებს ჭამ, ეს იმას გავს, თითქოს მუცელში მრავალი პოლიტიკური პარტია იკრიბება, ერთ პარტია მეორეს უტევს, ისინი ჩხუბობენ, ერთმანეთს უტევენ და იწყება საჭმლის მოუნელებლობა.

ზომიერი ჭამით მოგვრილი სიამოვნება აღემაგება სიამოვნებას, რომელიც ყველაზე გემრიელი საკვების მიღებას მოსდევს. ბავშვობაში ტყეში დავდიოდი ხოლმე და დღეში მხოლოდ ერთ ნატეხ ბლითს ვჭამდი. მე კი მეტი მაინც არაფერი მინდოდა. ყველაზე გემრიელი საჭმელიც კი ვერ მომგვრიდა იმ სიამოვნებას, რომელსაც მაშინ განვიციდიდი. მე ამას უდიდესი სიხარულით აღსავსე ვაკეთებდი. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცარიელ სტომაქს სიხარული არასოდეს მოუგვრია. თავდაპირველად, როდესაც რაიმეს - გემრიელს ჭამენ, ადამიანები სიამოვნებას გრძნობენ, მერე კი ამოქმედდება გემოთმოყვარება, მუცელღმერთობა; ისინი ბევრს ჭამენ და - განსაკუთრებით ხანშიშესულობისას - სიმძიმის გრძნობა აწუხებთ. ამგვარად აკლებენ ისინი საკუთარ თავებს იმ სიამოვნებას, ცარიელი სტომაქი რომ იწვევს.

 


[1] - ღირსთა საზოგადო ტროპარიდან „უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად...“

[2] - კორ. 3,17.

[3]  - აღდგომიდან ოცდამეცხრამეტე დღე, როდესაც ტაძარში ბოლოჯერ იგალობება „ქრისტე აღდგა“ და სხვა სააღდგომო საგალობლები.

[4] - ანუ: არაფერს ჭამდნენ და სვამდნენ ნაშუადღევის 3 საათამდე - ბიზანტიური დროით მეცხრე ჟამამდე.

[5] - ნახ. მათ. 27,34; მარკ. 15,36; იოან. 19,29.

[6] - ნახ. იოან. 6,5-15.

[7] - იერ. 48,10.

[8] - თხზულებანი ღირსისა მამისა ჩვენისა ნილოს სინელისა.

[9] - ანუ წყლისა და საკვებისაგან თავშეკავება ხუთი დღის განმავლობაში.

[10] - ნახ. მათ. 4,2; ლუკ. 4,2.

[11] - იქვე.