† ბერი პაისი ათონელი

ოჯახური ცხოვრება
ნაწილი მეოთხე - სულიერი ცხოვრება

თავი პირველი
ოჯახში სულიერი ცხოვრების შესახებ

რაც უფრო მეტად დრტვინავს ადამიანი, მით უფრო მეტად ანგრევს, ინადგურებს თავს

- წმიდაო მამაო, საიდან იღებს სათავეს დრტვინვა და როგორ უნდა გავექცეთ მას?

- დრტვინვა საკუთარი უბედობის განცდიდან მომდინარეობს. მისი განგდება კი ღვთის დიდებითაა შესაძლებელი. დრტვინვა დრტვინვას შობს, ღვთის დიდება კი ღვთის დიდებას ბადებს. თუკი ის ადამიანი, ვინც სირთულეებს შეხვდა, არ დრტვინავს და ღმერთს ადიდებს, ეშმაკი მრისხანებისაგან ბრდღვინავს და მიდის მასთან, ვინც დრტვინვაშია, რათა მას უმეტესი უსიამოვნებები შეამთხვიოს. რადგანაც, რაც უფრო მეტად დრტვინავს ადამიანი, მით მეტად ინგრევა იგი. ზოგჯერ ეშმაკი გარს მოგვადგება და გვასწავლის, რომ ყველაფრით უკმაყოფილონი ვიყოთ, მაშინ, როდესაც ყველაფერს, რაც კი შეიძლება შეგვემთხვეს, სულიერი სიხარულით და ღვთის დიდებით უნდა შევხვდეთ და მაშინ ჩვენზე გადმოვა კურთხევა ღვთისა. ათონზე ერთ ბერს ვიცნობ. თუ გაწვიმდა და მას უთხარი: „ისევ წვიმა წამოვიდა“, აუცილებლად დაიწყებს: „ხო, სულ ასხამს და ასხამს, მალე ამ წვიმისაგან და სინესტისაგან ყველაფერი დალპება“. ეს წვიმა მალე დასრულდება და ეტყვი: „წვიმამ გადაიღო.“ ის ამაზე გიპასუხებს: „აბა, განა ეს წვიმა იყო?! ასეთი წვიმები თუ იქნა, ყველაფერი გახმება“. იმის თქმა ნამდვილად არ შეიძლება, რომ ამ ადამიანს თავში რაიმე რიგზე არ ქონდეს. არა, უბრალოდ ის მიეჩვია, რომ ყველაფრით უკმაყოფილო იყოს. ადამიანი საღ გონებაზეა და სრულიად უგუნური კაცივით კი აზროვნებს!

დრტვინვაში წყევლა მალავს თავს. ანუ, მდრტვინავი ადამიანი შეიძლება ითქვს, რომ საკუთარ თავს წყევლის, მერე კი მას ღვთის რისხვა ატყდება თავს. ეპირში ორ გლეხს ვიცნობდი. ერთ მათგანს ჰქონდა ოჯახი და ორ პატარა მიწის ნაკვეთს ფლობდა. მას ეს ყოველივე ღმერთზე ჰქონდა მინდობილი. იმდენს მუშაობდა, რამდენიც შეეძლო და სულიერი ღელვით თავს არ იტანჯავდა. „რასაც მოვასწრებ, მოვასწრებ?“ ამბობდა იგი. ზოგჯერ ის თივის აღებას ვერ ასწრებდა და მას მინდვრად წვიმა ალპობდა, ზოგჯერ კი ზვინებს ქარი ფანტავდა. ის კი ყოველთვის ამბობდა: „დიდება შენდა, ღმერთო!“ და საქმე ყოველთვის კარგად მისდიოდა. მეორე გლეხს დიდი მიწები ჰქონდა, ბევრი ძროხა და საქონელი ჰყავდა. შვილები კი - არა. ამ ადამიანისათვის რომ გეკითხა: „საქმე როგორ მიგდის?“ ის გიპასუხებდა: „რა საქმეზეა ლაპარაკი, ჯობს, არც იკითხო!“ ის არასოდეს იტყოდა: „დიდება შენდა, ღმერთო!“ სულ ბუზღუნებდა და დრტვინავდა. და მართლაც უნდა გეყურებინათ: ხან ძროხა მოუკვდებოდა, ან რაიმე სხვა უსიამოვნება შეხვდებოდა, მერე კიდევ - რაღაც სხვა... ამ ადამიანს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევდა.

ამიტომ ვამბობ, რომ დიდება ღვთისა უდიდესი საქმეა. ღმერთი თავის ლოცვა-კურთხევას გვანიჭებს, მაგრამ ვიგემებთ თუ არა მას, ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. გემოს გაგებას როგორ შევძლებთ, თუკი ღმერთი ბანანს გვაძლევს, ჩვენ კი ვფიქრობთ რაიმე გაცილებით გემრიელ საჭმელზე, რომელიმე მილიონერი რომ მიირთმევს. იცით რამდენი ადამიანი არსებობს, მხოლოდ გამხმარი ორცხობილა რომ აქვს საჭმელად და მიუხედავად ამისა დღე და ღამ ღმერთს ადიდებს?! ისინი ზეციური სიტკბოებით საზრდოობენ. ამ ადამიანებს სულიერი მგრძნობელობა აქვთ მოპოვებული და წინასწარ გრძნობენ, როდის მოეფერება მათ ღვთის ხელი. ჩვენ კი ეს ყველაფერი არ გვესმის იმიტომ, რომ ჩვენ გულები გაქონილი გვაქვს და არაფერი გვაკმაყოფილებს. ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ ბედნიერება ისაა მარადიულობასთან ვიყოთ დაკავშირებულნი და არა - ამაოებასთან.

 

ჩვენი ცხოვრების წარმართვა ღმერთს მივანდოთ

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ წმიდა წერილში ცათა სასუფეველი მდოგვის მარცვალთანაა შედარებული: „ვითარცა მდოგვისა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. და ოდეს დაეთესის და აღმოხდის და იქმნის იგი უფროის ყოველთა მხალთა“ [1].

მდოგვის მარცვალი ძალიან პატარაა. მაგრამ, როდესაც მისგან მცენარე აღმოცენდება, დიდ ბუჩქად იქცევა. მის ტოტებზე ჩიტებსაც კი შეუძლიათ ჩამოსხდომა. ღვთის სიტყვა მდოგვის მარცვალთან იმიტომაა შედარებული, რომ ერთი პატარა სახარებისეული სიტყვის საშუალებით ადამიანი წარემატება და ცათა სასუფეველს აღწევს.

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა ვიგრძნოთ და განვიცადოთ ის, რაც წმიდა წერილშია ნათქვამი: „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს“ [2].

- მისმინე, კურთხეულო სულო, როდესაც ჩვენ საკუთარ თავში სამოთხისეული სიხარულის ნაწილს მაინც ვფლობთ, მაშინ ცათა სასუფეველი არის ჩვენში. და პირიქით: როდესაც შინაგანად სულიერი შფოთით, სინდისის ქენჯნით ვართ სავსენი, მაშინ საკუთარ თავში ჯოჯოხეთის სატანჯველს განვიცდით. უდიდესი საქმეა, თუ ადამიანი ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეძლებს, ნაწილობრივ მაინც განიცადოს სულიერი სიხარული. ამის მიღწევა კი ძნელი არ არის. თუმცა მეორე მხრივ ეგოიზმი გვიშლის ხელს, რომ ამ უდიდეს ბედნიერებას მივაღწიოთ. თვითონ ადამიანი, თუკი შეძლებს იმის მიღებას, რომ ღმერთი, როგორც კეთილი მამა მის ცხოვრებას წარმართავდეს, იგი იმასაც შეძლებს, ცხოვრება სამოთხედ გადაიქციოს. აუცილებელია ნდობა ღვთისადმი, ყველაფერში მას უნდა ვენდობოდეთ, რის გაკეთებასაც არ უნდა ვაპირებდეთ. და ამასთან, ყველაფრისათვის ვადიდებდეთ კიდეც მას. სულიერმა შფოთმა არ უნდა შეგვიპყროს. სულიერ მღელვარებას სულიერი მსხვრევისაკენ მივყავართ. ის სულის პარალიზებას ახდენს. თუკი ადამიანი ცათა სასუფეველს ეძებს, მას ყველა სხვა დანარჩენი მიეცემა. სახარება ამბობს: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ [3] და ასევე: „სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ [4].

დღეს ადამიანები თვითონვე ირთულებენ თავიანთ ცხოვრებას. იმიტომ, რომ მათ მცირედი არ აკმაყოფილებთ და გამუდმებით მატერიალურ სიკეთეს მისდევენ. თუმცა, ვისაც სურთ, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით იცხოვრონ, პირველ რიგში მათ მცირედით დაკმაყოფილება უნდა ისწავლონ. თუკი ადამიანებს საკუთარი ცხოვრება მოწყობილი აქვთ, თუკი ისინი ბევრი საზრუნავით არ არიან დამძიმებულნი, ეს მათ ერული სულისაგან ათავისუფლებს და სულიერი ვარჯისათვის დროის გამონახვასაც ახერხებენ. სხვა შემთხვევაში, თუკი ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ მოდას არ ჩამორჩნენ, ადამიანები იღლებიან, სიმშვიდესა და სიმყუდროვეს კარგავენ და მის ნაცვლად უდიდეს სულიერ მღელვარებას მოიპოვებენ.

მე ვხედავ, ზოგჯერ თვითონ ადამიანები როგორ გადააქცევენ ხოლმე საკუთარ ცხოვრებას წამებად! დღეს, როცა ათონიდან აქ მოვდიოდი, ერთმა კაცმა თავისი ავტომანქანით ურანოპოლისიდან აქ - მონასტერში წამომიყვანა და გზად მთხოვა, რომ ცოტა ხნით მასთან ერთად მის სახლში შემევლო. რაკიღა ძალიან მთხოვდა, გადავწყვიტე, აღარ მეწყენინებინა მისთვის. მის სახლს რომ მივუახლოვდით, დავინახე, რომ ის ფეხსაცმელს იხდის და თითის წვერებზე მიიპარება დერეფანში. „რა დაგემართა, ასე უცნაურად რაგომ დადიხარ?“ ვკითხე მე. „არაფერია, წმიდაო მამაო, უბრალოდ, ვცდილობ, რომ ფრთხილად ვიარო, პარკეტი რომ არ გავაფუჭო“, - მომიგო მან. აბა, რას, იტყვი?! ადამიანები თავადვე იტანჯავენ თავს - თანაც სრულიად უმიზეზოდ!

 

მოყვასისადმი თანაგრძნობა ეხმარება ოჯახს

რაც უფრო მეტ მატერიალურ კეთილდღეობას მოიხვეჭენ ადამიანები, მით მეტ პრობლემებს იგროვებენ ისინი. არც ღმერთს მადლობენ თავიანთი კეთილდღეობისათვის და არც მოყვასის დანახვა შეუძლიათ. ხოლო რამდენადაც მოყვასის უბედურებას ვერ ხედავენ, არც მოწყალებას გასცემენ მათთვის. ადამიანები უმიზნოდ ფლანგავენ ფულს და არ ფიქრობენ უპოვარ მოყვასზე. ყოველივე ამის შემდეგ როგორღა მივა მათთან მადლი ღვთისა?! ადამიანს რომც ჰქონდეს ოჯახი, მან მაინც უნდა მოახერხოს და დაზოგოს ფული, რათა სხვების მიმართ მოწყალება გამოავლინოს. მან უნდა მოახერხოს და აუხსნას საკუთარ ცოლსა და შვილებს, რომ სადღაც ყველასაგან მიტოვებული სნეული ადამიანი ან - უაღრესად გაჭირვებული ღატაკი ოჯახი ცხოვრობს. და თუკი მათ არ აქვთ იმდენი ფული, რომ უბედურებს დაეხმარონ, ეს მანაც უნდა თქვას: „მოდი, ამ საწყლებს რაიმე ქრისტიანული წიგნი მაინც ვაჩუქოთ, ასეთი წიგნი ხომ ძალიან ბევრი გვაქვს“. გაჭირვებულისათვის მოწყალების გაღებით ადამიანი საკუთარ თავსაც ეხმარება და თავის ოჯახსაც.

იცით, როგორ იტანჯებიან საბრალო მორწმუნეები რუსეთში?! ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ რუს სასფლიერო პირს პატარა კოლოფით საკმეველი ვაჩუქე და ვფთხარი: „მიიღე ეს მოკრძალებული საჩუქარი!“ „მან კი მომიგო: „განა ეს მოკრძალებული საჩუქარია? ჩვენთან, რუსეთში, ხომ ასეთ კარგ საკმეველს ვერ ნახავ.“ იცით კი როგორ იტანჯებიან სხვა ქვეყნებიდან და რუსეთიდან ლტოლვილები აქ - საბერძნეთში?! ქალკედიკში ერთი რუსეთიდან ჩამოსული ადამიანი გავიცანი. იგი ფუთავდა ქვის ფილებს, კვადრატულ მეტრში სამას დრაქმას [5] იღებდა და თანაც ამბობღა: „დიდება შენდა ღმერთო, რომ პური გვაქვს!“ სწორედ ამიტომ, როდესაც ერთმა მენარდემ შემომჩივლა, რომ მუშაობის დროს საკუთარ თავს ცოდვებით ტვირთავს, მე მას ვუპასუხე: „თუ შენ სამუშაოთი ამ ლტოლვილებს დატვირთავ და დავხმარები მათ, მაშინ საკუთარ თავს განტვირთავ ცოდვებისაგან. ამ საცოდავებს ხომ საცხოვრებელიც არ აქვთ. ასე რომ, მათთან შედარებით შენ ონასისი [6] ხარ“.

იმისათვის, რომ სათნოებები მოვიხვეჭოთ, ღმერთი ჩვენზე უშვებს ავადმყოფობებს, სიღატაკეს და ამდაგვარ განსაცდელებს. ღმერთს, რა თქმა უნდა, შეეძლო განეკურნა ყველა სნეული და გაემდიდრებინა ყველა ღატაკი: მას ყველაფრის მოგვარება შეეძლო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა მცდარი განცდა იმისა, რომ სათნოებებს ვფლობთ. საკუთარი თავი გულმოწყალე გვეგონებოდა, მაგრამ ეს საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა იქნებოდა - ჩვენი მხრიდან. ამჟამად კი შესაძლებლობა გვაქვს, საკუთარ სათნოებებზე ჩვენივე საქმეების მიხედვით ვიმსჯელოთ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, საკუთარი თავი მოყვასისათვის გაწირონ. ვიცნობდი ერთ კაცს, რომელსაც სრულიად უსამართლოდ, ჯარიდან დემობილიზაციის შემდეგ პატიმრობის ხანგრძლივი ვადა შეუფარდეს. ის სრულიად შეგნებულად წავიდა ასეთ რამეზე - ერთი ოჯახის გადასარჩენად. ამ ადამიანმა არც იმაზე იფიქრა, რომ საკუთარ თავის კომპრომეტირებას ახდენდა და არც თავის მომავალ კარიერაზე.

ვხედავ: ღმერთი თავადვე აწყობს ისე, რომ ყოველ ოჯახში ერთ ადამიანს მაინც ჰქონდეს ღვთისმოსაობა და სარწმუნოება, იმისათვის, რომ ამ ოჯახის სხვა წევრებმაც მიიღონ შეწევნა ღვთისაგან! კონიცაში ერთ ოჯახს ვიცნობდი, რომლის ყველა წევრი ეკლესიისადმი სრულ გულგრილობას ავლენდა, გარდა ერთ-ერთი ქალიშვილისა. ეს გოგონა, როგორც კი მის ყურს ზარის რეკვა მისწვეებოდა, მაშინათვე წინსაფარს იხსნიდა, ყველა თავის საქმეს დაუსრულებლად ტოვებდა და ეკლესიისკენ მიიჩქაროდა. მაშინაც კი, როდესაც სოფელში გერმანელები შემოვიდნენ და მნათემ ამ ამბის ხალხისათვის საუწყებლად ზარის რეკვა დაიწყო, ეს გოგონა მწუხრის მოსასმენად ეკლესიაში გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები უაღრესად ხელმოჭერილები იყვნენ, თვითონ უდიდესი თანაგრძნობის უნარი ქონდა. ამ გოგონას მამა სიძუნწის გამო წესიერად არ იკვებებოდა და წყალში დამბალ ხმელა ზურს ჭამდა. დედამისიც ძალიან ძუნწი იყო: მიუხედავად იმისა, რომ მის შვილებს საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავათ და მდიდრები იყვნენ, ის მხოლოდ იმის გამო, რომ ასანთი არ დაეხარჯა, ნაცარში იქექებოდა - გადარჩენილი ნაკვერჩხლის მოსაძებნად და მასზე ცოტაოდენი თივის დადებით აჩაღებდა ცეცხლს. მხოლოდ იმისათვის, რომ მადუღარის ყიდვა არ უნდოდათ, ისინი ყავას კონსერვის ქილაში ადუღებდნენ.

მაგრამ დედამისს მე ძალიან ვუყვარდი. იმ დროისათვის სტომიონის მონასტერში ვცხოვრობდი. გოგონა მოწყალების გაცემას რომ დააპირებდა და სახლიდან რაიმეს აღება სურდა, დედამისს ეუბნებოდა: „დედა, ეს ბერს უნდა.“ „წაიღე, წაიღე, მიეცი.“ ეუბნებოდა მას დედა. ძუნწი ქალი თანხმდებოდა, რომ ეს ნივთები მხოლოდ ბერებისთვის მიეცათ. ადრეც, ოკუპაციის დროს ეს გოგონა ღარიბებს ჩუმად ეხმარებოდა. ის შეუმჩნევლად იღებდა ბეღლიდან მარცვალს, საკუთარი მხრებით ეზიდებოდა წისქვილში, აფქვევინებდა და ფქვილს გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებდა. ერთხელ დედამისმა მას „დანაშაულის ადგილზე წაასწრო.“ როგორ მოხვდა ამ გოგონას! მაშინ მან ღმერთს აღუთქვა: „ღმერთო, დამეხმარე რაიმე სამუშაოს მოძებნაში, რომელიმე ქრისტიანულ დაწესებულებაში და მთელ ჩემს ხელფასს ქველმოქმედებას მოვახმარ.“ და მართლაც მეორე დღესვე მას ერთ-ერთ ქრისტიანულ დაწესებულებაში შესთავაზეს სამუშაო. ჰოი, როგორ გაიხარა! მან შეასრულა პირობა: საკუთარი ხელფასით თავისთვის წყვილი წინდაც კი არ უყიდია: მთლიანად მოწყალებას გასცემდა. იცით, რამდენი ადამიანი ეუბნება ხოლმე მას ამჟამად: „ღმერთმა გიშველოს, ღმერთმა აცხონოს შენი მშობლები!“ მის მიერ გაღებული მოწყალების შედეგად ღმერთმა დედამისიც შეიწყალა.

 

ოჯახში სათნოებების გამომუშავება

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა გამოიმუშავოს სათნოებები საკუთარ თავში იმ ადამიანმა, რომელსაც ოჯახი აქვს?

- ღმერთი ამისათვის მრავალ მოსახერხებელ შემთხვევას გვაძლევს. ძალიან ბევრი კი, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ევედრება ამგვარი შესაძლებლობები მისცეს, საკმარისია, რაიმე სირთულეს წააწყდეს, მაშინათვე დრტვინვას იწყებს. მაგალითად, ზოგჯერ სახიერი ღმერთი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე ინებებს ხოლმე, რომ მამაკაცში მოთმინებისა და სიმდაბლის სათნოებები დანერგოს, ამიტომ იგი სრულიად განაშორებს თავის მადლს ამ მამაკაცის ცოლს, რომელიც ძალიან „გადაპრანჭულად“ იქცევა და ქმარს უხეშად ეპყრობა. ასეთ შემთხვევაში ქმარი არ უნდა დრტვინავდეს, არამედ უნდა ხარობდეს და მადლობას სწირავდეს ღმერთს იმ უდიდესი წყალობისათვის, რომ ღმერთმა ღვაწლის აღსრულების საშუალება მისცა. ანდა, მაგალითად, დედა ევედრება ღმერთს, რომ მან მოთმინების ძალა მიანიჭოს. შემდეგ იგი შლის სუფრას, სუფრას უახლოვდება მისი შვილი, სუფრის კუთხეს ეზიდება და მთელ ჭურჭელს იატაკზე გადმოყრის. თითქოს პატარა ამ საქციელით დედამისს ეუბნება: „დედა, მოითმინე!“

და საერთოდ, ის სირთულეები, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში არსებობს, სულიერი ცხოვრების მოსურნე ადამიანებს აიძულებს, რომ არ დასუსტდნენ, არ ჩაეძინოთ. ღმერთმა დაიფაროს და როდესაც ომი იწყება, ადამიანები არ სუსტდებიან და თვალს არ ხუჭავდნენ. რაღაც ამდაგვარი, როგორც ვხედავ, ხდება იმათთან მიმართებაში, ვინც სულიერად ცხოვრებას ცდილობს. ავიღოთ თუნდაც ეკლესიური ახალგაზრდები. რამდენი სირთულის გადალახვა უწევთ ამ საბრალოებს! მაგრამ ეს სიძნელეები გარკვეულწილად ეხმარება მათ, რომ არ მოეშვან. მშვიდობიან დროს კი, როდესაც სიძნელეები არ არსებობს, ვხედავთ, რომ ადამიანების უმრავლესობა სარწმუნოებისა და ზნეობრიობის საკითხებისადმი სრულიად გულგრილია. წესით ადამიანმა მშვიდობიანი დროც სულიერი წარმატებისათვის უნდა გამოიყენოს: მან უნდა მოკვეთოს ნაკლოვანებები და სათნოებები გამოიმუშაოს.

სულიერ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება დაყუდება. კარგია, თუ დღის განრიგს ისე შევიმუშავებთ, რომ გარკვეულ დროს დაყუდებისთვის გამოვყოფთ. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავში უნდა იხედებოდეს. მან უნდა შეიცნოს თავისი ვნებები და აიღოს ღვაწლი - ამ ვნებების მოსაკვეთად და გულის განსაწმენდად. ძალიან კარგი იქნება, თუ სახლში არსებობს რომელიმე წყნარი ოთახი, რომლის ატმოსფეროც ბერული სენაკის ატმოსფეროს მსგავსია. იქ „საიდუმლოდ“ [7] სულიერი ღვაწლის აღსრულება, სასულიერო ლიტერატურის კითხვა და ლოცვა უნდა შეიძლებოდეს. თუკი ლოცვას მცირე ხნით სულიერი საკითხავები გაუძღვება წინ, ეს მას ძალიან შეეწევა. იმიტომ, რომ ამგვარი საკითხავები ათბობს სულსაც და გონებაც სულიერ სფეროში გადაინაცვლებს. ამიტომ, თუკი თვით უაღრესად დაკავებული ადამიანი ლოცვისთვის ათ წუთს გამონახავს, კარგს იზამს, თუ ამ დროიდან პირველ ორ წუთს დაუთმობს რაიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხავს. რათა გონების მოკრება შეძლოს.

- წმიდაო მამაო, არ ფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს ერში არც ისე ადვილია იმ ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ახლა თქვენ აღწერეთ.

- არა. იმიტომ, რომ არიან ძალიან სულიერად მცხოვრები ერისკაცებიც. ისინი მოღვაწეებივით ცხოვრობენ: მარხულობენ, აღასრულებენ მსახურებას, სკვნილზე ლოცულობენ და მეტანიებს ასრულებენ. ეს ყველაფერი - მიუხედაგად იმისა, რომ მათ შვილები და შვილიშვილები ჰყავთ. ასეთი ადამიანები კვირაობით ეკლესიაში დადიან, ეზიარებიან და კვლავ თავიანთ „სენაკებს“ უბრუნდებიან, - იმ მოღვაწეთა მსგავსად, რომლებიც კვირის დღეებში სკიტის მთავარ ტაძარში იკრიბებიან, შემდეგ კი ისევ პირად სენაკებში განაგრძობენ დაყუდებულ ცხოვრებას. მადლობა ღმერთს, რომ ერში ძალიან ბევრია ასეთი სული. და თუ კონკრეტულად ვილაპარაკებთ, მე ვიცნობ კიდეც ერთი ოჯახის უფროსს, რომელიც გამუდმებით, სადაც არ უნდა იყოს, აღასრულებს იესოს ლოცვას. ამ ადამიანის ლოცვას გამუდმებით ახლავს ცრემლები, მისი ლოცვა თვითმოქმედია და მისი ცრემლები - ტკბილი, ეს საღვოო სიხარულის ცრემლებია. წმიდა მთაზე ერთი მუშა მახსოვს, მას იანისს ეძახდნენ, ის ძალიან მძიმე სამუშაოებს ასრულებდა და ორი კაცის საქმეს აკეთებდა. მე მას ვასწავლე, რომ მუშაობისას იესოს ლოცვა შეესრულებინა და თანდათანობით მიეჩვია ამას. ერთხელ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ იესოს ლოცვის აღსრულებისას უდიდეს სიხარულს გრძნობს. „ირიჟრაჟა“ - მივუგე მე მას. ცოტა ხანი გავიდა და შევიტყვე, რომ ეს ადამიანი ორმა მთვრალმა ბოროტმოქმედმა მოკლა. როგორ ვდარდობდი მაშინ! კიდევ მცირე დრო გამოხდა და ერთმა ბერმა დაიწყო იარაღის ძებნა, რომელიც იანისმა სადღაც დადო, მაგრამ ბერმა ის იარაღი ვერსად ნახა, მაშინ იანისი გამოეცხადა ამ ბერს და უთხრა, თუ სად დადო ეს ნივთი. ანუ იანისმა მიაღწია სულიერ სიმაღლეს და მას შეეძლო, რომ იმ ქვეყნიდან შეწეოდა ადამიანებს.

რაოდენ უბრალოა სულიერი ცხოვრება! როდესაც ადამიანი შეიყვარებს ღმერთს, შეიცნობს მის დიდ მსხვერპლს და მის ქველმოქმედებას, როდესაც საკუთარ თავს მთელი შეგნებით აიძულებს, რომ მიბაძოს წმიდანებს, იგი მსწრაფლ განიწმიდება. მთავარია, დამდაბლდეს და თავისი უბადრუკობა და ღვთისადმი უმადურობა შეიცნოს.

 

ოჯახური ლოცვა

- წმიდაო მამაო, მთელმა ოჯახმა მწუხრის ლოცვა ერთად უნდა იკითხოს?

- უფროსებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ მწუხრის ლოცვა, პატარებს კი უთხრან: „თუ გსურთ, ჩვენთან ერთად ილოცეთ!“ როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან, უკვე შეიძლება, რომ ლოცვასთან მიმართებაში მათთვის გარკვეული ტიპიკონი შემუშავდეს. მაგალითად, როდესაც უფროსები ლოცულობენ თხუთმეტი ან ოცი წუთი, ბავშვებმა ორი ან ხუთი წუთი მაინც უნდა ილოცონ, ხოლო, თუ მეტი მოინდომეს, ილოცონ იმდენი, რამდენიც სურთ. თუკი მშობლები ბავშვებს აიძულებენ, რომ მათ მთელი მწუხრი უფროსებთან ერთად მოისმინონ, მაშინ ბავშვები „ტლინკის აყრას“ დაიწყებენ. არ შეიძლება, ბავშვები აიძულო, იმიტომ, რომ მათ ლოცვის ძალა და ღირსება ჯერაც ვერ გაუცნობიერებიათ. ვთქვათ, ოჯახში აქვთ ლობიო, ხორცი, ან - ნებისმიერი სხვა საჭმელი. მაგრამ თუ ბავშვი ჯერ მხოლოდ რძით იკვებება, განა მშობლები მას ხორცის ჭამას დააძალებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ხორცი მეტად კალორიულია?! რა თქმა უნდა, ხორცი მართლაც მეტად კალორიულია, მაგრამ ჩვილს მისი გადამუშავება არ შეუძლია. ამიტომ თავდაპირველად, იმისათვის, რომ ხორცის ჭამას მიაჩვიონ, მშობლები ბავშვს ხორცს ძალინ მცირე ნაჭრებად აძლევენ - ხორცის ბულოინთან ერთად, რომ შემდეგ თვითონ ბავშვმა მოინდომოს ეს საჭმელი.

- წმიდაო მამაო, ზოგჯერ ბავშვები კი არა დიდებიც კი იმდენად დაღლილები არიან საღამოს, რომ სერობის წაკითხვაც კი უჭირთ.

- თუკი ძალიან დაღლილები არიან ან ცუდად გრძნობენ თავს, მაშინ სერობის ნახევარი მაინც უნდა წაიკითხონ. ან ბოლოსდაბოლოს „მამაო ჩვენო“ ერთხელ მაინც თქვან! ლოცვის მთლიანად მიტოვება არ შეიძლება. ომის დროს, როდესაც ჯარისკაცი მტრის ალყაში მოექცევა, დროდადრო იარაღიდან ისვრის, რომ მტერს ეშინოდეს და შეტევაზე გადმოსვლა ვერ გაბედოს. ასევე იმ ადამიანებმა, რომელთაც სრულყოფილი ლოცვისათვის ძალა არ შერჩათ, დროდადრო (სულიერი) იარაღიდან უნდა ისროლონ, რომ ეშმაკი დაფრთხეს და გაიქცეს.

ლოცვა ოჯახში უდიდეს ძალას ფლობს. ვიცნობ ორ ძმას, რომელთაც თავიანთი ლოცვით შეძლეს, თავიდან აეცილებინათ ნაჩხუბარი მშობლების გაყრა და არა მხოლოდ გაყრა აიცილეს თავიდან, არამედ, კიდევ უფრო მტკიცედ შეაკავშირეს ისინი. მამაჩვენი გვეტყოდა ხოლმე: „სადაც არ უნდა იყოთ, მოვალენი ხართ, რომ დღეში ორჯერ პატაკს აბარებდეთ ღმერთს, რათა მან იცოდეს, სად იმყოფებით“. ყოველ დილასა და ყოველ საღამოს თითოეული ჩვენგანი: დედა, მამა ძმები და დები - ხატების წინაშე ვლოცულობდით, ლოცვის ბოლოს კი მაცხოვრის ხატთან მეტანიას აღვასრულებდით. როდესაც ოჯახში რაიმე განსაცდელი, სირთულე წარმოიშობოდა, მისგან დასახსნელად ვლოცულობდით. მახსოვს, როდესაც ჩემი უმცროსი ძმა გახდა ავად, მამამ თქვა: „წამოდით, ვევედროთ ღმერთს, რომ მან ან განკურნოს იგი, ან თავისთან წაიყვანოს, რომ ის აღარ იტანჯებოდეს“. ჩვენ - მთელმა ოჯახმა ერთად ვილოცეთ და ჩვენი ძმა გამოჯანმრთელდა. სუფრასაც ერთად მივუსხდებოდით ხოლმე. ჯერ წავიკითხავდით ლოცვას და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებოდით ჭამას. თუ ვინმე ტრაპეზის კურთხევამდე შეჭმადა რამეს, მასზე ვამბობდით: „მან შესცოდა“. საჭმელის მიმართ თავშეუკავებლობას ცოდვად ვთვლიდით. თუ ოჯახის რომელიმე წევრი სრულიად უმიზეზოდ ადრე ბრუნდება სახლში და როცა მოეპრიანება სუფრას მაშინ მიუჯდება, ეს ოჯახს დანგრევამდე მიიყვანს.

 

მეუღლეების სულიერი ცხოვრება

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, თუ მისი ქმარი სულიერად არ ცხოვრობს?

- დაე, მან ქმარი ქრისტეს მიანდოს და ილოცოს, რომ მან ამ კაცის გული მოალბოს. გავა მცირე ხანი და ქრისტე მისი ქმრის გულში „დესანტს“ გადასხამს, რის შემდეგაც ეს კაცი აუცილებლად დაფიქრდება უმთავრეს თემებზე. ხოლო, როგორც კი ქმრის გული მცირედ დარბილდება, ცოლმა უნდა სთხოვოს მას, რომ ავტომანქანით ეკლესიამდე მიიყვანოს. არ არის საჭირო დაძალება: „ბოლოს და ბოლოს, რატომ არ მოდიხარ ეკლესიაში?“ არამედ მხოლოდ ეს უნდა სთხოვოს: „თუ რაიმე საქმე არ გაქვს, ეკლესიამდე ხომ არ მიმიყვანდი“. თუმცა, როდესაც ეკლესიამდე მიიყვანს, ქმარმა შესაძლოა, მას უთხრას კიდეც: „მოდი და რადგან აქამდე მოვედი, ბარეღამ შემოვალ ტაძარში და სანთელს ავანთებ“. და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ყოველივე ამის შემდეგ თანდათანობით ის ერთგვარ სულიერ წინსვლას დაიწყებს.

- წმიდაო მამაო, შეძლებს ცოლის მოძღვარი, რომ გარკვეულწილად ქმარსაც დაეხმაროს?

- ზოგჯერ ქმრის დასახმარებლად მოძღვარმა ცოლთან უნდა იმუშაოს სულიერად. შემდეგ კი ყოველი სიკეთე, რასაც ცოლი ფლობს, ქმარსაც გადაეცემა. თუ მას კეთილი გული აქვს, ცოლი დაეხმარება, რომ შეიცვალოს.

ქალს ღვთისმოსაობა ბუნებრივად აქვს. მაგრამ, თუკი მამაკაცი, რომელიც ეკლესიისადმი თავდაპირველად სრულიად გულგრილი იყო, შემდეგ სულიერ გონებას მოიხვეჭს, იგი სულიერ საკითხებთან მიმართებაში წინ თავდაჯერებულად მიიწევს და ცოლი მას ვეღარ ეწევა. შესაძლოა, ასეთი რამაც მოხდეს: ცოლს მისი შეშურდეს, რადგან თავად სულიერ ცხოვრებაში ერთ ადგილს ტკეპნის. ამიტომ ქმრებს ვურჩევ, რომ მსგავს შემთხვევებში ძალიან ყურადღებით იყვნენ. რადგანაც, რა ხდება?! სულიერ ცხოვრებაში რაც უფრო წინ მიიწევს ქმარი, ცოლი თუკი ის სულიერად არ ცხოვრობს, მის საწინააღმდეგო მხარეს მიდის. მაგალითად, თუ ქმარი იტყვის: „ეკლესიაში ვაგვიანებთ, ავდგეთ და დროზე წავიდეთ!“ ცოლი პასუხობს: „ადექი და წადი! შენ ხომ ჩემი საერთოდ არ გესმის, მე ხომ უამრავი საქმე მაქვს“. ანდა, თუკი ქმარი იკითხავს: „შენ რა, კანდელი არ გინთია?!“ ან - ჩამქრალი კანდელის ანთებას თვითონ მოინდომებს, მაშინ ქალში ეგოიზმი იღვიძებს და იწყებს ყვირილს: „შენ რა, მღვდლობას აპირებ, თუ ბერობა გადაგიწყგეტია?!“ მან შესაძლოა, ესეც კი თქვას: „საერთოდაც, რა საჭიროა კანდელის ანთება, არ ჯობდა, ზეთი ვინმე გლახაკისათვის მიგვეცა?!“ დიახ, დიახ, ის აქამდეც კი შეიძლება დავიდეს, - ამგვარ პროტესტანტულ სისულელემდე. რა თქმა უნდა, ცოლი მერე თვითონვე ნერვიულობს ყველაფერი იმის გამო, რაც თქვა, მაგრამ, ამავდროულად იმ სულიერ წარმატებულობაზე ნერვიულობასაც განაგრძობს, რომელსაც ქმრის ცხოვრებაში ხედავს. ამიტომ, ამგვარ შემთხვევაში გაცილებით უკეთესია, თუ კანდელი ჩამქრალი დარჩება და ქმარი მას არ აანთებს.

და აი, იმისათვის, რომ ოჯახი დანგრევისაგან დაიცვან, ქმრებს ვურჩევ: „როდესაც შენი ცოლი სულიერად დამშვიდებული იქნება, უთხარი მას: „იცი, როდესაც ეკლესიაში დავდივარ, როდესაც ვლოცულობ, როდესაც მეტანიას აღვასრულებ, ან - რომელიმე სულიერ წიგნს ვკითხფლობ, ამას განსაკუთრებული ღვთისმოსაობიდან გამომდინარე კი არ ვაკეთებ, არა! არამედ იმიცომ, რომ ეს ყოველივე მე რაღაცნაირად მაკავებს, მამუხრუჭებს, რომ თავი არ მივცე ამ საშინელი საზოგადოების ნიაღვარს, რომელშიც ვცხოვრობთ, რათა მან არ გამიტაცოს. ხომ იცი, როგორ იცის ჩათრევა ამ სამიკიტნოებმა და კომპანიებმა!“ თუკი ქმარი საკითხს ასე დასვამს, შესაძლოა, ცოლმაც ძალიან გაიხაროს, მანაც შეცვალოს ცხოვრება და სულიერად ქმარზე მეტად წარემატოს. ხოლო საკითხის სხვაგვარად დასმით ის საშინლად აბოროტებს და ანრისხებს ცოლს და უმძიმეს სულიერ მდგომარეობამდე მიჰყავს, რამაც შესაძლოა, გაყრაც კი გამოიწვიოს. თუკი ქმარს სურს, რომ სულიერად დაეხმაროს ცოლს. უნდა ცდილობდეს, დაუკავშიროს სულიერად მცხოვრებ ოჯახს სადაც დედა და ცოლი ღვთისმოსავები არიან, რათა მის მეუღლესაც გაუჩნდეს მათი მიბაძვის სურვილი.

 

ბავშვები და სულიერი ცხოვრება

- წმიდაო მამაო, ერთი დედა თავის შვილს დასალევად ნაკურთხ წყალს აძლევს, ბავშვი კი მას აფურთხებს, ამ შემთხვეგაში როგორ უნდა მოიქცეს დედა?

- მან ბავშვისთვის უნდა ილოცოს. იქნებ ნაკურთხ წყალს ბავშვს ისეთი ფორმით აძლევს, რომ ეს მასში წინააღმდეგობას ბადებს. იმისათვის, რომ ბავშვებმა საღვთო გზაზე იარონ, მშობლები ასევე სწორი სულიერი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ. ზოგიერთი მშობელი - ეკლესიაში რომ დადის, ცდილობს დაეხმაროს თავის შვილებს, რომ ისინი კარგი ადამაანები დადგნენ. მაგრამ არა იმისთვის, რომ მათი სულის ცხონების საკითხი აღელვებს, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი შვილების ყოლა უნდა. ანუ, მას გაცილებით მეტად აღელვებს ის, რას იტყვიან მისი შვილების შესახებ სხვა ადამიანები, ვიდრე ის რომ შესაძლოა, მისი შვილები საუკუნო სატანჯველში მოხვდნენ. აბა, ასეთ ვითარებაში ღმერთი რანაირად დაეხმარება?! ამოცანა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ბავშვებმა ჯოხის შიშით იარონ ეკლესიაში, არამედ - იმაში, რომ მათ ეკლესია შეიყვარონ. მათ სიკეთე გაროზგვის შიშით კი არ უნდა აკეთონ, არამედ - აუცილებლობად უნდა შეიცნონ ის. მშობლების წმიდა ცხოვრება განაბრძნობს - ბავშვების სულებს და მაშინ ისინი უმტკივნეულოდ ემორჩილებიან დედას და მამას. ასე იზრდებიან ისინი ღვთისმოსაობასა და ორმაგ ჯანმრთელობას ფლობენ, სულიერ სნეულებებს თავს არიდებენ. თუკი მშობლები ღვთის შიშით არიან აღძრულნი და ისე უჭერენ ქანჩს შვილებს, ღმერთი შეეწევა მათ და ბავშვები შეწევნას იღებენ. შაგრამ, თუკი ისინი ამას ეგოისტურად აკეთებენ, ღმერთი მათ არ ეხმარება. ხშირად შვილები მშობლების ამპარტავნების გამო იტანჯებიან.

- წმიდაო მამაო, დედები ხშირად გვეკითხებიან, როგორ და რამდენი უნდა ილოცონ სამი-ოთხი წლის ბავშვებმა?

- თქვენ უთხარით მათ: „დედა შენ ხარ და თვითონ დააკვირდი, რამდენ ხანს ეყოფა ძალა შენს პატარას“. აქ წესები არ გამოდგება.

- წმიდაო მამაო, ჩვენთან მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე მშობლებს პატარა ბავშვები მოჰყავთ. განა ბავშვებისთვის ეს ძალიან მომქანცველი არ არის?!

- ცისკარზე ბავშვები მცირე ხნით უნდა დაასვენონ, საღვთო ლიტურგიაზე კი ისევ ტაძარში მოიყვანონ.

დედებმა ბავშვებს უმცირესი ასაკიდან უნღა ასწავლონ ლოცვა. კაპადოკიური დასახლებების მცხოვრებლებმა სრულად დაიცვეს და შემოინახეს ასკეტიკური გარდამოცემები. მათ შვილები გამოქვაბულებში სამლოცველოებსა და ტაძრებში დაჰყავდათ, სადაც ისინი მეტანიებს აღასრულებდნენ და ცრემლით ლოცულობდნენ და ამგვარად მათი შვილებიც სწავლობდნენ ლოცვას. ღამით, როდესაც ყაჩაღები მათ გასაძარცვად მიდიოდნენ, ამ პატარა ეკლესიებთან გავლისას მათ ტირილის ხმები ესმოდათ და უკვირდათ. ისინი კითხულობდნენ: „რა ხდება, ეს რა ხალხია?! რატომაა, რომ დღისით იცინიან, ღამით კი ტირიან?“ ყაჩაღებს ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა.

პატარა ბავშვების ლოცვას სასწაულის აღსრულება შეუძლია. ღმერთი აძლევს მათ იმას, რასაც ითხოვენ. ბავშვები ხომ სუფთა და უმწიკვლოები არიან და ღმერთი მათ წმიდა ლოცვას ისმენს. მახსოვს, ერთხელ, როდესაც მშობლები მინდორში სამუშაოდ წავიდნენ, მე - ორ უმცროს ძმასთან ერთად - სახლში დამტოვეს. უეცრად ცა ჩამობნელდა და საშინელი კოკისპირული წვიმა წამოვიდა. „ვაიმე, რა დაემართებათ ახლა ჩვენს მშობლებს, სახლში როგორღა დაბრუნდებიან?!“ შევშფოთდით ჩვენ. პატარებმა ტირილი მორთეს. მე მათ დავუძახე: „აქ მოდით, მოდი, ვთხოვოთ ქრისტეს, რომ მან წვიმა შეაჩეროს!“ სამივე ხატების წინაშე მუხლზე დავემხეთ და ლოცვა დავიწყეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ წვიმამ გადაიღო.

მშობლები გონივრულად უნდა ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს და ცდილობდნენ, რომ ჩვილობის ასაკიდან დაუახლოვონ ისინი ქრისტეს და ადრეული წლებიდანვე შეაჩვიონ უდიდესი სულიერი სიხარულის განცდას. როდესაც ბავშვები სკლაში დაიწყებენ სიარულს, მშობლებმა თანდათანობით უნდა მიაჩვიონ ისინი სულიერი წიგნების კითხვას და სულიერი ცხოვრების წარმართვაში დაეხმარონ. ამ შემთხვევაში ისინი პატარა ანგელოზებს მიემსგავსებიან და ღვთის წინაშე დიდ კადნიერებას მოიპოვებენ. ასეთი შვილები ოჯახისთვის ნამდვილ სულიერ კაპიტალს შეადგენენ. სულიერი ცხოვრებაში მათ განსაკუთრებით დაემხარება წმიდათა ცხოვრებები. პატარა რომ ვიყავი, ვიღებდი ხოლმე იმ წლებში გამოცემულ წმიდათა ცხოვრების პატარ-პატარა წიგნებს და მივდიოდი ტყეში, იქ ვკითხულობდი, ვლოცლობდი და სიხარულისაგან პირდაპირ ვფრინავდი. ათიდან თექვსმეტ წლამდე, ვიდრე იტალია-საბერძნეთის ომი დაიწყებოდა, [8] არანაირი საზრუნავი არ მამძიმებდა და სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ბავშვური სიხარული სუფთაა: ის ადამიანში ღრმად აღიბეჭდება და როდესაც იგი გაიზრდება, განსაკუთრებით აღელვებს მის გულს. თუკი ბავშვები სულიერად ცხოვრობენ, მათ ამ ქვეყნადაც სიხარული ექნებათ და იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც ქრისტესთან ერთად იხარებენ მარადიულად.

 

ნათესავური და მეგობრული კავშირები

- წმიდაო მამაო, ერთმა ქალბატონმა გვკითხა, როგორ უნდა მოექცეს ორ დეიდაშვილს (ქალებს), რომელებიც წლების განმავლობაში მის კისერზე სხედან?

- რა უნდა ამ ქალს, სურს, რომ ახალი სახარება დავუწეროთ?! ღმერთი ითხოვს მისგან, რომ ის ამ ქალებს ეხმარებოდეს. ხოლო თავად უფალი იმას იზამს, რაც მათი სულებისთვის სასარგებლო იქნება.

- წმიდაო მამაო, თუკი ნათესავებს შორის რაიმე გაუგებრობა წარმოიშვება, დასახმარებლად რაიმე უნდა ვურჩიოთ მათ?

- კი უნდა ურჩიოთ, მაგრამ - ძალიან დელიკატურად. გაჩუმებამ ხომ შეიძლება, რაიმე ბოროტება გამოიწვიოს თუკი იმ ადამიანს რომელმაც კეთილი რჩევა მისცა ნათესავებზე გამწყრალ კაცს, არასწორად გაუგებენ და გაუნაწყენდებიან, მან უნდა მიუგოს „მაპატიეთ, რომ გაწყენინეთ!“ და ამის შემდეგ აღარაფერი უთხრას არამედ - მხოლოდ ილოცოს მათთვის.

ადამიანი, რომელსაც მშვიდობიანად ცხოვრება სურს, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ეკიდებოდეს ურთიერთობებს ნათესავებთან და მეგობრებთან. ის არ უნდა მოტყუვდეს ზრდილობითა და კარგი მანერებით, რომელებსაც შესაძლოა, სხვებში ხედავს. ერულ ზრდილობასა და თავაზიანობას არცთუ მცირეოდენი ბოროტების მოტანა შეუძლია, რამდენადაც ისინი თვალთმაქცობას შეიცავენ. ადამიანის გარეგნულმა გამოვლინებებმა სხვათა თვალში შესაძლოა, იგი წმინდანად გამოაჩინოს. მაგრამ როდესაც ამ სხვათა წინაშე მისი სულიერი სამყარო გამოაშკარავდება, აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ყველაფერი სრულიად სხვაგვარად ყოფილა.

- წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი გრძნობს, ხვდება, რომ მოყვასი მისდამი კეთილად არის განწყობილი, სწორი იქნება, თუ მის მიმართ მადლიერებას გამოავლენს?

- თუკი ეს ძალიან ახლობელი ადამიანია, მაშინ საჭირო არ არის. რადგანაც: ჯერ ერთი, ოდესმე თავადაც დახმარებია მას და სიკეთეც გაუკეთებია მისთვის. და მეორე: თვითონაც განიცდის იმ შინაგან მადლიერებას, როემლსაც ის მეორე გრძნობს მისდამი. თუმცა, თუკი იგი, ვინც მისდამი სიკეთე ან რაიმე ქველმოქმედება გამოავლინა, არც იმდენად ახლობელია, უნდა შეეცადოს, მისდამი მადლიერება გამოხატოს. უცხო ადამიანებს ვეუბნებით ხოლმე: „გმადლობ!“ მაგრამ ბავშვმა რომ მოინდომოს, ყველაფრისათვის, რასაც მისთვის აკეთებენ, მშობლებს მადლობა უთხრას, მაშინ დღე და ღამე მადლობის ძახილი მოუწევს.

ძალიან სასარგებლოა, თუკი ადამიანი სხვებთან ურთიერთობებში უბრალოა, თუკი მას ყოველთვის კეთილი ზრახვა აქვს და ყველა ადამიანს ძალიან სერიოზულად არ უდგება. უნდა მოვერიდოთ კამათსა და საუბრებს, რომლებიც ვითომდა სულიერი სარგებლობის მომტანია და რომელნიც სინამდვილეში ხშირად მხოლოდ თავს გვატკიებენ. შეუძლებელია, სულიერად გაგვიგონ ადამიანებმა, რომელთაც ღმერთი არ სწამთ. სჯობს, ასეთი ადამიანებისთვის ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეუნდოს მათ და განანათლოს ისინი. თითოეულთან იმ ენაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც მას ესმის. მორწმუნე ადამიანს არ უღირს სხვათა წინაშე იმ უდიდეს საიდუმლოებებზე მსჯელობა, რომლებისაც თავად სწამს და რომელთაც განიცდის, რამდენადაც იგი სულ სხვა სიხშირეზე საუბრობს, სულიერი ტალღის სხვა სიმაღლეზე იმყოფება და ამიტომ სხვები ვერ გაუგებენ მას.

ზოგიერთი ამბობს: „მსურს, რომ სხვებმაც შეიცნონ ქრისტე, ისევე, როგორს მე შევიცანი იგი“ და ეს ადამიანები მასწავლებლებივით იქცევიან სხვებთან. იმის ნაცვლად, რომ მათი ცხოვრება მათივე სწავლების თანხვედრი იყოს, ისინი თავიანთი ცხოვრებით სულ სხვა „ქრისტეს“ ქადაგებენ და სრულიად არ შეესაბამებიან საკუთარ სიტყვებს. ამიტომ მათ არა აქვთ უფლება თქვან, რომ ქრისტე შეიცნეს. თუკი სულიერი ცხოვრების გამოცდილებას მოკლებულია, ადამიანი რეალობას გაურბის და ადრე თუ გვიან მისი შინაგანი კაცი გასცემს მას. როდესაც ჩვენ ტკივილითა და ჭეშმარიტი სიყვარულით მივდივართ მოყვასთან, ეს ჭეშმარიტი ქრისტესმიერი სიყვარული ცვლის მას. ადამიანი, რომელიც სიწმიდეს ფლობს, - სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, - საკუთარი თავის გარშემო ერთგვარ სულიერ ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის და მოქმედებს ყველაზე, ვინც ამ ველზე მოხვდება. თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სიყვარული არ გავფლანგოთ და სხვებს ადვილად არ მივცეთ გული, იმიტომ, რომ ხშირად ზოგიერთი ადამიანი ხელში ჩაიგდებს მას და ამის შემდეგ ჩვენი გული სრულიად უმიზნოდ სისხლისაგან იცლება. ანდა, ამ ადამიანებს ჩვენი გაგება არ შეუძლიათ და მათთან ურთიერთობა უაღრესად მტკივნეული ხდება.

 

განსაცდელები დღესასწაულებზე

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ დღესასწაულებზე, როგორც წესი რაიმე განსაცდელი ხდება ხოლმე.

- შენ თავად არ იცი?! მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდანების დღესასწაულებზე წმიდანები ხარობენ და სულიერად მასპინძლობენ. ისინი აკურთხებენ ადამიანებს და სულიერ საჩუქრებს უძღვნიან მათ. მშობლებიც ხომ აწყობენ ხოლმე წვეულებებს და უმასპინძლდებიან სტუმრებს თავიანთი შვილების სახელობის დღეებზე, მეფეები კი უფლისწულის დაბადებასთან დაკავშირებით ამინისტიებს გამოსცემენ. მაშ, რად არ შეუძლიათ წმიდანებს, რომ თავიანთ დღესასწაულებზე ადამიანებს სულიერად უმასპინძლონ?

უნდა ითქვას, რომ წმიდანებისაგან მონიჭებული სიხარული დიდი ხნის განმავლობაში შემორჩება, ხოლო ადამიანების სულები ამგვარი მასპინძლობისაგან დიდ სარგებელს მოიხვეჭენ. ამიტომ ეშმაკმა ეს იცის და აწყობს განსაცდელებს, რათა ადამიანები საღმრთო წყალობასა და მადლს მოაკლდნენ და დღესასწაულში მათ არც სიხარული და არც სარგებელი არ მიანიჭოს. აი, ხომ ხედავ?! ხშირად ოჯახში, როდესაც ყველა წმიდა ზიარების მისაღებად ემზადება, ეშმაკი საჩხუბრად აქეზებს მათ და ისინი არა მხოლოდ ვერ ეზიარებიან, ეკლესიაშიც კი აღარ მიდიან. ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანები საღმრთო შეწევნას მოაკლდნენ.

სწორედ იგივე შეიძლება, შევნიშნოთ მონაზვნურ ცხოვრებაში. ხშირად ეშმაკი, რამდენადაც გამოცდილებიდან იცის, რომ ჩვენ დღესასწაულზე სულიერ სარგებელს ვიღებთ, ამ დღეს, უფრო ხშირად კი - წინა დღეს რაიმე განსაცდელს აწყობს. განა იგი თავად არ არის მაცდური (აბა, გარდა განსაცდელისა, სხვა რისი მოწყობა შეუძლია მას)?! ამგვარად ანგრევს შინაგან განწყობას ის ჩვენშიც. მაგალითად, მან შესაძლოა, რომელიმე ძმასთან უთანხმოების, ან შელაპარაკებისაკენ გვიბიძგოს, შემდეგ კი მწუხარებას მოგგვრის და გაგვტეხს ან ხორციელად, ან - სულიერად. ყოველივე ამის აღსრულებით ის საშუალებას არ გვაძლევს, რომ დღესასწაულისაგან რაიმე სარგებელი მივიღოთ და ჯეროვნად განვიცადოთ ის - ღვთის მადლობითა და დიდებით. მაგრამ, თუკი სახიერი ღმერთი ნახავს, რომ ჩვენ თავად არ ვაძლევთ ეშმაკს მიზეზს იმისათგის, რომ განსაცდელი მოგვივლინოს და ეს ყველაფერი მხოლოდ ეშმაკის შურის გამო ხდება, მაშინ იგი გვეხმარება. ხოლო გაცილებით მეტი სარგებლის მიღებაში ღმერთი მაშინ გვეხმარება, როდესაც თავს დატეხილი განსაცდელის მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე სიმდაბლით ვიტვირთავთ და არ განვიკითხავთ არა მარტო ჩვენს ძმას, არამედ თვით - სიკეთის მოძულე ეშმაკსაც. აბა, რას ვიზამთ?! ეს ხომ მისი სამუშაოა: საცდურის მახეების დაგება და ბოროტების გავრცელება. მაშინ, როდესაც ღვთის ხატება ადამიანში მშვიდობასა და სიკეთეს უნდა ნერგავდეს.

 


[1] - მარკ. 4,31-32; ასევე იხ. მათ. 13,32; ლუკ. 13,19.

[2] - ლუკ. 17,21.

[3] - მათ. 6,33.

[4] - შეად. მათ. 11,12.

[5] - წარმოთქმულია 1992 წელს. ესაა დაახლოებით ერთი ამერიკული დოლარი.

[6] - არისტოტელე ონასისი (1900-1975) - ბერძენი მულტიმილიონერი, უმსხვილესი გემთმფლობელი, ის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო მსოფლიოში.

[7] - ნახ. მათ. 6,4.

[8] - 1940 წელი - ომი საბერძნეთსა და ფაშისტურ იტალიას შორის.