† ბერი პაისი ათონელი

ოჯახური ცხოვრება
ნაწილი მესამე - შვილები და მათი მოვალეობები

თავი მეორე
შვილების პატივისცემა და სიყვარული მშობლების მიმართ

ბავშვების პატივისცემა და სიყვარული მშობლებისადმი

როდესაც ბავშვი პატარაა, ის არანაირ სამუშაოს არ ასრულებს. მის საკვებზე, ტანსაცმელსა და ყოველგვარ საჭიროებაზე მშობლები ზრუნავენ. მშობლები შვილს სიყვარულიდან გამომდინარე ეხმარებიან. ბავშვი არ მუშაობს, მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ სახლში რაიმე პატარა დავალება შეასრულოს. მაგრამ განა შეიძლება, ეს მცირე სამუშაო იმ შრომასა და დანახარჯებს შევადაროთ, რომელსაც მშობლები მისთვის გაიღებენ? როდესაც ბავშვი გაიზრდება, თუკი ის ვერ მიხვდება, რა გააკეთეს მისმა მშობლებმა მისთვის და რა მისცეს მას, ეს უდიდესი უმადურობა იქნება.

უწინ მშობლები ფიზიკურად სჯიდნენ შვილებს. ბავშვიც ამ სასჯელს იღებდა ისე, რომ გულში წყენა არ რჩებოდა, თუმცა ხშირად არც კი იცოდა, რატომ ცემდნენ. დღევანდელი ბავშვები კი ერთი გაბმული „რატომ და რისთვის?!“ არიან. ერთი გაბმული შეპასუხება! მათში უბრალოება არ არის. რაც კი ხდება, მათი განსჯისა და შეფასების საგანია. თუმცა საღმრთო მადლი ასე როდი მოდის თუ ბავშვები მამის მამობას ვერ გრძნობენ და მამის სასჯელს არ იღებენ, მაშინ ის უსჯულოების შვილები არიან [1]. საკმარისია მშობელმა მცირეოდენი შენიშვნა მისცეს, რომ ზოგიერთი ბავშვი მაშინვე იმუქრება- „ვენებს გადავიჭრი!“ და აბა, რაღა დარჩენიათ მშობლებს? ისინი უკან იხევენ, შედეგად კი შვილები ირყვნებიან და იღუპებიან.

ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ მშობლებმა ზოგჯერ კიდეც რომ მოსცხონ მას, ამას ბოროტებისა და სიძულვილის გამო კი არ აკეთებენ, არამედ - სიყვარული, მის გამოსასწორებლად, რათა უფრო უკეთესი გახდეს და შედეგად სიხარული მოიპოვოს. როდესაც ჩვენ ვიყავით ბავშვები, ყველაფერს ვიღებდით. მშობლების ალერსსაც, მშობლების ალიყურსაც და მშობლების კოცნასაც. ჩვენ გვესმოდა, რომ ყოველივე ამას მშობლები ჩვენივე სიყვარულით აკეთებდნენ. ჩვენ მშობლებისადმი უდიდესი ნდობა გვქონდა. ზოგჯერ ესეც ხდებოდა. რომელიმე ძმა რამეს დააშავებდა, დედა კი მეორეს ეჩხუბებოდა, იმიტომ რომ „სასამართლო გარჩევა“ ვეღარ მოასწრო. თუმცა დამნაშავე, როდესაც ხედავდა, რომ მის დანაშაულს სხვას აბრალებღნენ, აღიარებდა, რაც ჩაიდინა, იმიტომ, რომ სინდისი ამხელდა. ამგვარად უდანაშაულო და ან ძმა გამართლდებოდა ხოლმე.

ოჯახში პატარები პატივს უნდა სცემდნენ მშობლებსაც და უფროს და-ძმებსაც. უმცროსები უფროსების მიმართ აუცილებლად უნდა განიცდიდნენ პატივისცემას, მადლიერებას და მორჩილებას. უფროსები თავინთი მხრიდან პატარებისადმი სიყვარულს უნდა ავლენდნენ, იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ მათ. როდესაც უმცრირი პატივს სცემს უფროსს და უფროსს უყვარს უმცროსი, მშვენიერი ოჯახური ატმოსფერო იქმნება. მამაჩვენი გვეუბნებოდა: „დაუჯერეთ თქვენს უფროს ძმას“. ჩვენ ვიცოდით, რომ მამას ყველანი ძალიან ვუყვარდით და მასთან თავისუფლად ვიქცეოდით. ხოლო უფროს ძმასთან, რომელსაც ჩვენდამი მამობრივი სიყვარული არ ჰქონდა, უდიდესი პატივისცემით ვეპყრობოდით [2].

როდესაც მეუღლეები ერთმანებთს სცემენ პატივს, ხოლო შვილები - მშობლებს, ცხოვრება ოჯახში ზომიერად მიდის, საათივითაა აწყობილი. ასეთ ოჯახში უფროსი შვილი არასოდეს ეტყვის დედას: „დედაჩემო, ასეთი რამ აღარ გააკეთო!“ანდა: „რატომაა, რომ ყველაფერს ასე უკუღმართად აკეთებ?“ მაგრამ ასეთ ოჯახში არც მამა ლაპარაკობს ამისთანა ტონით. უფროსი შეიძლება ეხუმრებოდეს პატარებს, რომ გაამხიარულოს ისინი, მაგრამ პატარამ, რომელსაც ეს ხუმრობა ახარებს, უფროსთან უცერემონიო და ფამილარული ქცევა არ უნდა დაიწყოს. როდესაც სტომიონის მონასტერში ვცხოვრობდი და ზოგჯერ მონასტრიდან ქალაქში ჩავდიოდი საყიდლებზე, ერთი პატარა ბიჭუნა, რომლის სახლი პირდაპირ გზისპირას იდგა, დამინახავდა თუ არა, ჩემსკენ გამოქანდებოდა და მე მას ხელზე ვკოცნიდი. ის ამას მიეჩვია და მერე უკვე, როდესაც მოირბენდა, ხელს საკოცნელად თვითონვე მიშვერდა. მე ისე ვიქცეოდი, როგორც მას სურდა. მაგრამ შემდეგ მისმა მშობლებმა მითხრეს, „მამაო, ნუ კოცნით მას ხელზე, იმიტომ, რომ მერე მღვდლებს დასდევს, ყველას საკოცნელად უწვდის ხელს და თუ ვიხმე არ აკოცებს, ჩხუბს იწყებს“.

 

როგორ უნდა უყვარდეთ შვილებს მშობლები მას შემდეგ, რაც საკუთარ ოჯახებს შექმნიან

სახიერმა ღმერთმა ყველაფერი ბრძნულად მოაწყო. ცოლი და ქმარი ერთმანეთს ისეთი სიყვარულით უკავშირდებიან, რომ ისინი საკუთარ მშობლებსაც კი ტოვებენ. რომ არა ეს სიყვარული, ადამიანები საკუთარი ოჯახების შექმნას ვერ შეძლებდნენ. მშობლების ამოცანა დასრულებულია, როდესაც შვილები ოჯახს შემნიან, ან, როდესაც ისინი მონაზვნობის გზას აირჩევენ. ამ წუთიდან შვილები მშობლებისადმი ორი რამის მოვალენი არიან, უდიდესი პატივიცემისა და ისეთი სიყვარულისა, როგორსაც ზოგადად უნდა განიცდიდეს შვილი მშობლისადმი. მე იმის თქმა არ მინდა, რომ ცოლსა და ქმარს თავიანთი მშობლები არ უნდა უყვარდეთ. მაგრამ პირველ ყოვლისა მათ ერთმანეთისადმი უნდა ჰქონდეთ უდიდესი სიყვარული და მხოლოდ ამის შემდეგ უყვარდეთ მშობლები. მეუღლეებს ერთმანეთი იმდენად ძლიერად უნდა უყვარდეთ, რომ მათი სიყვარული ნაპირებიდან გადმოდიოდეს. მეუღლეების ერთმანეთისადმი სიყვარუღო იმდენად კეთილშობილური უნდა იყოს, რომ თითოეული მათგანი მეორის მშობლებზე რაც შეიძლება, მეტად ზრუნავდეს.

ოჯახში მშვიდობა და თანხმობა რომ იყოს, აი, ამისათვის რა არის საჭირო: ქმარს ცოლი უფრო მეტად უნდა უყვარდეს, ვიდრე დედა და ვიდრე საერთოდ ვინმე, რომელიმე ახლობელი და ნათესავი - ამქვეყნად. მშობლებისადმი მისი სიყვარული მისი ცოლისადმი სიყვარულიდან უნდა იღვრებოდეს. რა თქმა უნდა, ცოლიც სწორედ ამასვე უნდა გრძნობდეს და ასევე უნდა იქცეოდეს.

ვიცნობ ისეთ ოჯახებს, სადაც თავდაპირველად, ცოლ-ქმრული ცხოვრების დასაწყისში ცოლსა და ქმარს პრობლემები ჰქონდათ იმის გამო, რომ ერთ-ერთ მეუღლეს დედა უზომოდ უყვარდა. ამ სიყვარულის სათავე ღვთისმოსაურია. ის ვაჟს ან ქალიშვილს უჩნდება იმ დიდი მადლიერებიდან გამომდინარე, რომელსაც მშობლისადმი განიცდიან. თუმცა თანდათანობით, როდესაც მეუღლეები ერთმანეთს ეთვისებიან, ეს პრობლემა ქრება. ქორწინებისთანავე ერთი მეუღლე მეორეს ისეთ სიყვარულს რომ უძღვნიდეს, რომელიც მას დედობრივ სიყვარულს შეუცვლიდა, ეს ხომ ძალიან არაბუნებრივი იქნებოდა.

თუკი ქმარი პატივს სცემს სიდედრს და სიმამრს, ეს მის ღირსებაზე ლაპარაკობს. ისევე, როგორც ქალის ღირსებაზე მეტყველებს მისი სიყვარული და პატივისცემა დედამთილის მიმართ, რომელმაც ქვეყნად მოავლინა მისი ქმარი და ახლაც სწორედ მისი ქმარია მისი ცხოვრების სიხარული და ბედნიერება. თუკი ცოლსა და ქმარს ასეთი აზრები და გრძნობები აქვთ, ეს მათი შვილების სულების აღზრდაზეც უჩუმრად დადებითად მოქმედებს.

დედა ვაჟის დაქორწინებამდე მის სიყვარულში დიდ ნუგეშს ხედავდა. მაგრამ მოხუცები ხომ ისევ ბავშვებად იქცევიან ხოლმე. როდესაც ვაჟი დაქორწინდება, დედა იმავეს გრძნობს, რასაც განიცდის უფროსი შვილი, როდესაც ხედავს, რომ დედამისი მის ახალშობილ ძმას ეფერება და ეხვევა. ხედავ, როგორ ხდება, თუ ადამიანი ვნებებს ახალგაზრდობაშივე არ მოიკვეთს, წლებთან ერთად მისი ნებისყოფა სუსტდება, ვნებები კი ძლიერდება. მაგრამ რძალი ამას არ უნდა გააბრაზოს. ხოლო, თუ ამასთან ერთად მას მოხუცებული დედამთილის მოვლაც უწევს, ჯობს, მცირედ თუ მოითმენს, რათა არ დაკარგოს ის საზღაური, რომელიც მის ანგარიშზე ირიცხება იმ ზრუნვისათვის, დედამთილისადმი რომ იჩენს. თუკი ის დღეს მოთმინებით უვლის მას, შემდეგ, როდესაც ყოველგვარ მწუხარებას უკან მოიტოვებს, მას გაახარებს თავის მიერ აღსრულებული სიკეთე.

მაგრამ, რა თქმა უნდა, დედამთილსაც საკუთარი ქალიშვილივით უნდა უყვარდეს რძალი. ბებიაჩემს - მამის მხრიდან დედაჩემი მამაჩემზე - საკუთარ ვაჟზე მეტად უყვარდა. როდესაც ჩემი უფროსი ძმები დაქორწინდნენ, მეზობლები თავს აქნევდნენ და დედაჩემს ეუბნებოდნენ: „ეხლა კი მოგაბეზრებენ რძლები თავს“. დედაჩემი კი პასუხობდა: „ამას რად ამბობთ, ჩემს დედამთილს საკუთარ ქალიშვილზე მეტად ვუყვარდი. მაშ მე რად არ მეყვარება ჩემი რძლები?!“ და მართლაც მას საკუთარი ქალიშვილებივით უყვარდა რძლები.

 

სიბერე ამდაბლებს ადამიანს

როგორ მდაბლდება სიბერეში ადამიანი! მოხუცი თანდათანობით კარგავს ძალებს და დაბერებულ შევარდენს ემსგავსება. როდესაც შევარდენი ბერდება, მას ბუმბული და ფრთები სცვივა და აჩეჩილ ვარცხნილობას ემსგავსება. მახსოვს სულიერი საბჭოს [3] ერთი წევრი - ფილოთეოსის [4] მონასტრიდან. 1914 წელს, როდესაც იგი ჯერ კიდევ ერისკაცი იყო, სმირნიდან ალბანეთში მოხალისედ წავიდა, რომ იქ ეომა და თურქებზე შური ეძია თავისი მოკლული მამის გამო. ერთხელ მან თურქი დაიჭირა და ყელის გამოჭრას უპირებდა. თურქი შეევედრა: ჩვენი სარწმუნოება უხეშია. ის ჩვენ ჩეხვასა და კვლას გვასწავლის. მაგრამ თქვენი სარწმუნოება ასეთი არ არის, ქრისტე არ გასწავლით კაცის კვლას“. ამ სიტყვებმა მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იარაღი გადააგდო და დაუყოვნებლივ განმარტოვდა ათონის მთაზე. ის გახდა ბერი, გახდა სულიერი საბჭოს წევრი, მაგრამ ატამანური სული მისგან ვერ განიდევნა. იგი პასუხისმგებელი იყო ყოველგვარ მორჩილებაზე და ყველა საკუჭნაოს გასაღები ქამარზე ეკიდა. ძმათაგან ვერცერთი მასთან შეპასუხებას ვერ ბედავდა. თუკი რომელიმე ბერს დაავიწყდებოდა მისთვის „მამა სპირიდონისთვის“ ჯეროვნად მიემართა, იგი წონასწორობას კარგავდა. ერთხელ დიდ მარხვაში ათონის მთაზე ავაზაკების ბანდა მოვიდა და ბერებს ყველი მოსთხოვეს. მაშინ ავაზაკებთან მისასალმებლად მამა სპირიდონი გავიდა და ასე მიმართა. „აი, თქვე ღორებო, დიდ მარხვაში ყველის სათხოვნელად მოხვედით?“ უთხრა და პირდაპირ წინკარიდან გადაუძახა ისინი. მეორედ მოხდა ისე, რომ ბერებმა ქორკანდელი [5] გასაწმენდად გამოიტანეს. როდესაც ბანდიტებმა ქორკანდელის მორთულობა - ბრჭყვიალა მოსართავები ნახეს, იფიქრეს, ოქროსიაო. მათ ეს მორთულობები ტომრებში ჩატენეს და ჯორები მოიყვანეს, რომ ამ ტომრებით დაეტვიროათ ისისი. როდესაც ეს მაპა სპირიდონმა დაინახა, ბანდიტები ერთმანეთის მიყოლებით გაყარა, ტომრები წაართვა და შიგთავსი მიწაზე გადმოყარა: „ვიგინდარებო, თქვე ვიგინდარებო, ეს ხომ რკინის უბრალო მორთულობებია, ისევე უბრალო, როგორც თქვენი სპილენძის შუბლები!“ ამ ადამიანმა არ იცოსა, რა იყო შიში. თუმცა სიბერეში იგი დაავადდა და დამდაბლდა. მე მომცეს მორჩილება, რომ მისთვის მომეარა. ერთხელ მან მთხოვა: „ილოცე, ამბერკი, რაღაც კარგად ვერ ვარ“ [6]. მე წამოვდექი და სკვნილზე ხმამაღალი ლოცვა დავიწყე. „უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მონა შენი მამა სპირიღონი.“ „სულყლო, მამა სპირიდონი კი არა, - სპირკო“, - მითხრა მან. როგორ დაამდაბლა ის სიბერემ და ავადმყოფობამ! აბა ერთი ადრე გაგებედა და მისთვის მამა სპირიდონი არ გეწოდებინა!

მამაჩემი კი სიბერეში ბუზებმა დაამდაბლეს. ერხელ ჩემმა დამ მტირალს მიუსწრო. „რა გატირებს, მამა, რომელიმე შვილიშვილმა ხომ არ გაწყენინა?“ ჰკითხა მან. „არა, არა, - მიუგო მან - მაინც რა არის ადამიანი... მინდოდა ბუზის სახოცით ბუზი მომეკლა და ვერ შევძელი. მარჯვნიდან მიპარვას ვაპირებდი, მარცხნივ გაფრინდა, მარცხნიდან მინდოდა მივდგომოდი და ახლა მარჯვნივ გაფრინდა. ახალგაზრდობაში მიზანში ისე ვისროდი, რომ თურქებს არც კი ვკლავდი. ყოველი მხრიდან ისე შემოვცხრილავდი, რომ პირდაპირ ტყვიებში ჩავსვამდი და საბოლოოდ დანებებას ვაიძულებდი ხოლმე. თექვსმეტი წლის რომ ვიყავი, ლომის ბოკვერს ვესროლე, დავჭერი და მერე ამ დაჭრილ მხეცს შევები, ახალ კი ბუზის მოკვლა აღარ შემიძლია! ეჰ, ადამიანი სრული არარაობა ყოფილა!“ საბრალო მამაჩემი ერთ უზარმაზარ „არარაობას“ გრძნობდა და - მეტს არაფერის, თითქოს თავისი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ეკეთებინოს.

თქვენ იცით, როგორ მდაბლდებიან მოხუცი ბერები ათონის წმიდა მთაზე მონასტრის მოხუც ბერთა თავშესაფრებში?! ისინი აქ კიდევ ერთ, ახალ აღკვეცას იღებენ... მათ თმას აჭრიან, რომ თმა დამოკლდეს და დასაბანად ადვილი გახდეს. მათ ჭრიან წვერს, იმიტომ, რომ დორბლი სდით, პირიდან კი საჭმელი უცვივათ, პირის გარშემო ეწებებათ და მერე წვერს როგორღა გაუსუფთავებ? ეს აღკვეცა უკანასკნელი აღკვეცაა, სიმდაბლით აღკვეცა!

 

საზღაური, რომელიც მოხუცების მოვლას მოაქვს

სადამდე დაეცა ქვეყნიერება! ფარასასა და ეპირში დაბერებულ პირუტყვსაც კი უვლიდნენ. ჯორებს რომ უვლიდნენ, კიდევ გასაგებია, მათი ხორცი ხომ საჭმელად არ ვარგა. მაგრამ იმ პირუტყვსაც კი, რომლის ხორციც იჭმეოდა, მაინც არ კლავდნენ და ცოცხალს ტოვებდნენ. მაგალითად ბებერ ხარებს, რომლებიც წარსულში მიწას ხნავდნენ, პატრონი პატივს სცემდა, უვლიდნენ, აჭმევდნენ და ეფერებოდნენ, ესენი ხომ ჩვენი მარჩენალები არიანო, - ამბობდნენ. ანუ მუშა პირუტყვს, მინდვრად რომ შრომობდა, კეთილი სიბერე ჰქონდა. მაშინ ხომ ადამიანებს ის ტექნიკური საშუალებები არ გააჩნდათ, რომელსაც დღეს ფლობენ. ხელის წისქვილში მარცვალი მოხერხებულად უნდა ჩაყრილიყო, რომ საბრალო ბებერ ხარს მისი დატრიალება შესძლებოდა. თანამედროვე ადამიანებმა კი ასეთი საგნები საერთოდ დაივიწყეს: ისინი მოხუც ადამიანზეც კი არ ზრუნავენ და ბებერ პირუტყვზე რაღა ითქმის!

ჩემს ცხოვრებაში თავი ისე კარგად არასოდეს მიგრძვნია, როგორც იმ რამდენიმე დღეს, როდესაც მორჩილება მომცეს, მომეარა ერთი მოხუცი ბერისთვის. მოხუცის მოვლა დიდ საზღაურს მოგვიტანს. მე მომისმენია ერთი მორჩილის შესახებ, რომელიც ათონის წმიდა მთაზე ცხოვრობდა და საშინელი ეშმაკით იყო შეპყრობილი. მას მიანდეს მორჩილება, რომ მოევლო ექვსი მოხუცებული ბერისათვის, რომლებიც მონასტრის მოხუც ბერთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ. ეს უმძიმესი წლები იყო, ხალხს არ ებადა შრომის შემამსუბუქებელი არანაირი საშუალება. ეს საბრალო მოიგდებდა მხრებზე უზარმაზარ ტომარას, რომელშიც მოხუცების მთელი თეთრეული იყო გამოკრული და მიდიოდა შორეული ტბისაკენ, რომ იქ ეს ყველაფერი ნაცარტუტში გაერეცხა. გავიდა გარკვეული ხანი, ის გათავისუფლდა ეშმაკისაგან, რომელსაც შეპყრობილი ჰყავდა და ბერად აღიკვეცა. ეს პირველ რიგში იმისთვის მოხდა, რომ თავად იგი საკუთარ თავს სხვებისთვის სწირავდა და იმის გამოც, რომ მოხუცი ბერები აკურთხებდნენ და ლოცავდნენ მას.

ბევრი ცოლ-ქმარი ჩივის და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ სირთულეების გამო, რომელსაც ოჯახში იქ მცხოვრები მოხუცი ადამიანების ოინები და ჯუჯღუნი იწვევს. ამ ადამიანებს აღარ ახსოვთ ის „ოინები“ თვითონ რომ ატარებდნენ ხოლმე ბავშვობაში, აღარ ახსოვთ ის უცნაურობები და ცელქობები, რომლითაც სხვებს აწვალებდნენ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ტირილითა და კაპრიზებით თვითონაც არ აძლევდნენ მოსვენებას მშობლებს. ამიტომაა, რომ ღმერთი უშვებს ამ ადამიანებს შეხვდეთ სირთულეები, რომლებიც სწორედ მშობლების მოვლასთან იქნება დაკავშირებული, რათა ამით ნაწილობრივ მაინც გამოისყიდონ ის ტანჯვა, რომელსაც თავის დროზე სხვებს აყენებდნენ. ახლა კი დრო მოვიღა, რომ თავიანთ მოხუც მშობლებს მხარში ამოუდგნენ, კეთილშობილურად იზრუნონ მათზე, გამუდმებით იხსენებდნენ იმ მსხვერპლს, რომელსაც მშობლები იღებდნენ მათთვის, როდესაც თავად ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. ისინი, ვინც საკუთარი მშობლების მიმართ მოვალეობის გრძნობით არ არიან განმსჭვალულნი, ღვთის მიერ გასამართლდებიან, როგორც უსამართლო და უმადური ადამიანები.

ვხედავ ხოლმე, რომ უმეტეს შემთხვევაში სატანჯველთა უმრავლესობა, რომელსაც ერის ადამიანები განიცდიან, სწორედ იქიდან მომდინარეობს, რომ მათზე მშობლები არიან განაწყენებულნი. ოჯახები იტანჯება სწორედ იმიტომ, რომ ამ ოჯახებში პაპებსა და ბებიებზე არ ზრუნავენ. რა კურთხევა ექნებათ იმ ოჯახების შვილებს, საიდანაც საბრალო ბებია ან უბედური პაპა მოხუცთა თავშესაფარში წაიყვანეს და იქ, უდიდესი სულიერი ტკივილით აღსავსე, სასიკვდილოდ დატოვეს. მთელი მისი ქონება მიითვისეს და იმის ნებასაც არ აძლევენ, რომ პატარა შვილიშვილებთან გაიხაროს?! დღეს ერთი ხანშიშესულ ქალი მოვიდა და მიამბო, რომ ოთხი ცოლ-შვილიანი ვაჟი ჰყავს, ისინი ერთ ქალაქურ ბინაში ცხოვრობენ, მაგრამ მას არა აქვს შვილებთან შეხვედრის უფლება, იმიტომ, რომ ერთხელ გაბედა და ერთ-ერთ რძალს რჩევა მისცა: „ერთმანეთის სიყვარული იქონიეთ და ეკლესიაში იარეთ“. ეს რომ გაიგონეს, ისინი პირდაპირ გადაირივნენ. „შენი ფეხი აღარ იყოს ჩვენს ოჯახებში!“ გამოუცხაღეს დედამთილს. საბრალოს თავისი შვილები უკვე ხუთი წელია აღარ უნახავს. „მამაო, ილოცე ჩემთვის, მე ხომ შვილიშვილებიც მყავს, ილოცე, რომ სიზმარში მაინც ვნახო ისინი“. ცრემლით მევედრებოდა იგი. აბა ერთი მითხარით, რაინაირად იქნება ღვთის კურთხევა ამ ქალის შვილებზე?

ოჯახში ბებია - ეს დიდი კურთხევაა ღვთისაგან. მაგრამ ასეთ ადამიანებს ეს არ ესმით. ჩვეულებრივ კაცები უფრო ადრე ბერდებიან და მათ ცოლები უვლიან. როდესაც ქმარი კვდება, შვილებს ბებია სახლში მიჰყავთ, რომ მან შვილიშვილებს მიხედოს და თავი ზედმეტად არ იგრძნოს. თუკი შვილები ნამდვილად ასე მოიქცევიან, ეს ძალიან კარგი იქნება. ასეთ შემთხვევაში მოხუცი დედაც სიმშვიდეს მოიპოვებს და მთელი ოჯახიც დიდ შეწევნას მიიღებს. ოჯახში დედა უამრავი საზრუნავიდან გამომდინარე ხომ ვერც კი ასწრებს, რომ შვილებს საკმარისი სითბო და სიყვარული მისცეს. სწორედ ამის ნაკლებობას უვსებს ბავშვს ბებია. ამიტომ ბებიის ასაკი, ეს სიყვარულისა და სინაზის ასაკია. აბა ნახე: როდესაც ბავშვი ცელქობს, დედა მას ეჩხუბება, ბებია კი ეფერება. როდესაც ბავშვების მისახედად ბებია რჩება, დედა ყველა საქმის გაკეთებას ასწრებს და მისი შვილებიც სითბოთი და სიყვარულით არიან გარემოცულნი. ასევე თავად ბებიასაც ათბობს შვილიშვილების სიყვარული.

ის ადამიანი, ვინც თავის მშობლებზე ზრუნავს, ღვთისაგან კურთხეულია. ერთმა ახალგაზრდა კაცმა დაქორწინების შემდეგ თავისი გეგმები გამანდო, „წმიდაო მამაო, მინდა, სახლი ავაშენო და ქვედა სართულზე ორი პატარა ბინა მოვაწყო, ერთი - ჩემი მშობლებისათვის და მეორე - სიდედრისა და სიმამრისათვის“. იცით, როგორ შემძრა ამ ნათქვამმა! იცით, რამდენი ვლოცე ეს ადამიანი?! საოცარია, რატომაა, რომ ბევრ ცოლ-ქმარს ეს არ ესმის?!

რამდენიმე დღის წინ ჩემთან ერთი ქალი მოვიდა და მთხოვა: „მამაო, დედაჩემი დამბლითაა ლოგინად ჩავარდნილი, როგორ დავიღალე! რვა წელიწადია ვაბრუნებ ერთი გვერდიდან მეორეზე!“ გესმით, რა ხდება, ქალიშვილი დედაზე ასეთი ტონით ლაპარაკობს! „ო, შენი პრობლემა ადვილად მოსაგვარებელია, ახლა ვილოცებ, რომ შენ დაგეცეს დამბლა რვა წლის განმავლობაში, დედაშენი კი გამოჯანმრთელდეს და მოგიაროს“. „არა, მამაო, არ მინდა!“ - შესძახა მან. მე კი ვეუბნები: „ოთხი წელი, ოთხი წელი მაინც აუცილებელია შენთვის! როგორ არ გრცხვენია! აბა, მითხარი ერთი, რა ჯობს, იყო ჯანმრთელი, არანაირ ტკივილს არ გრძნობდე და ავადმყოფ ადამიანს უვლიდე და თანაც ამის გამო საზღაურსაც ელოდე ღვთისგან, თუ იტანჯებოდე, ფეხის განძრევაც კი არ შეგეძლოს და მხოლოდ თავმდაბლურად ითხოვდე: „თუ შეიძლება გეთაყვა, ქოთანი მომიტანე, თუ შეიბლება, გვერდზე გადამაბრუნე!“ როდესაც ამ ქალმა ყოველივე მოისმინა, რაც ვუთხარი, ცოტა არ იყოს, შერცხვა.

ოჯახში პრობლემკბი არ იქნება, თუ შვილები საკუთარ თავს მოხუცი მშობლების ადგილას წარმოიდგენენ, ან თუ რძალი აყენებს საკუთარ თავს დედამთილის ადგილას და ამობს: „მეც ხომ ოდესმე დავბერდები და ერთ მშვენიერ დღეს მეც დედამთილი გავხდები. განა მაშინ მომეწონება, თუ ჩემი რძალი არად ჩამაგდებს და ყურადღებას არ მომაქცევს?“

 

მშობლიური ლოცვა-კურთხევა

მშობლიური ლოცვა-კურთხევა ეს ყველაზე უკეთესი მემკვიდრეობაა, რომელსაც მშობლები უტოვებენ შვილებს. ამიტომ შვილებმა მის მისაღებად უნდა იზრუნონ. აბა ერთი ნახე, სადამდე მივიდა იაკობი მხოლოდ იმის გამო, რომ მან მამისაგან კურთხევა მიეღო?! იქამდე, რომ ცხვრის ტყავშიც კი შეძვრა! [7]

განსაკუთრებით დიდი საქმეა დედობრივი ლოცვა-კურთხევა! ერთი კაცი ამბობდა: „დედაჩემის ყოველი სიტყვა, - ეს ოქროს მონეტაა“. ცოტა ხნის წინ ჩემთან ჩამოვიდა ერთი ბერძენი - იოჰანესბურგიდან. იცით, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე?! ის ჩემთან - სენაკში შემოდგომაზე მოვიდა და მითხრა: „წმიდაო მამაო, დედაჩემი ავად გახდა და მის სანახავად ჩამოვედი“. სამ თვესაც არ გაევლო და შობის შემდეგ ის ისევ ჩამოვიდა.

„შენ რა ისევ ჩამოხვედი?“ ვკითხე მე. „დიახ, გავიგე, რომ დედა კიდევ ვერ არის კარგად და ჩამოვედი, რომ ხელზე ვემთხვიო მას, ის უკვე ასაკშია და შეიძლება მოკვდეს. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე დედაჩემის ლოცვა-კურთხევაა“. ადამიანი სამოცი წლისაა და ის იოჰამესბურგიდან საბერძნეთში იმისთვის მოდის, რომ დედას ხელზე ემთხვიოს! ამჟამად ღმერთმა ეს ადამიანი ისეთი შესაძლებლობებით დააჯილდოვა, რომ მას სურს, მოხუცებული ღვთისმსახურებისთვის სახლი ააგოს და ის ეკლესიას გადასცეს. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ყელამდე სავსეა ლოცვა-კურთხევით და აღარ იცის, სად წაიღოს მისი სიჭარბე! ასეთი სული მე პირდაპირ ბალზამივით მეფინება. თითქოს საჰარის უდაბნოში მიდიოდი და მოულოდნელად ცოტაოდენ წყალს წააწყდი. თანდათანობით ეს ყველაფერი იკარგება და მიდის.

კიდევ ერთი ადამიანი მოვიღა ჩემთან სენკში, ცხარე ცრემლით ტიროდა. „მამაო, დედაჩემმა დამწყევლა და ახლა სახლში საშინელი ავადმყოფობები და არეულობა გამეფდა, სამსახურშიც საქმე უკუღმა მიმდის“, - მითხრა მან. „ალბათ დედაშენს ამის მიზეზი შენ თავად მიეცი, ის ხომ არ ადგებოდა და ასე არაფრის გამო არ დაგწყევლიდა!“ „რა თქმა უნდა, მეც დამნაშავე ვარ“. მიპასუხა მან. „მაშ წადი და ახლავე შენდობა სთხოვე!“ „წავალ, მამაო, წავალ, მაკურთხეთ, რომ მასთან მივიდე“, - შემევედრა იგი. „ჩემს კურთხევას კი გაძლევ, მაგრამ კურთხევა დედისგანაც უნდა მიიღო“, - ვუთხარი მას. „ძალიან მეეჭვება, რომ მან კურთხევა მომცეს!“ - შემომჩივლა მან. „მაშ წადი და ასე უთხარი: „ერთმა ბერმა მითხრა, რომ ოდესმე შენც მიაბარებ სულს უფალს“. ეს კაცი მივიდა დედასთან და მან ასე დალოცა იგი: „შვილო ჩემო, აბრაამის კურთხევა მოვიდეს შენზე!“ გავიდა დრო და ეს ადამიანი ისევ ჩამოვიდა ათონზე. მომიტანა საჩუქრები. ალუბლის კომპოტი და ლახათ-ლუხუმი. ის სიხარულით იყო სავსე. შვილები ჯანმრთელად ჰყავდა და სამსახურშიც ყველაფერი კარგად მიდიოდა. მის თვალებში ცრემლი ბრწყინავდა და გამუდმებით ერთსა და იმავეს ამბობდა: „დიდება ღმერთს!“ ამ ადამიანის ცხოვრება შეიცვალა და მხოლოდ სულიერ საგნებზე ლაპარაკობდა. და იქ რაღა ითქმის, როდესაც ადამიანი თავიდანვე მშობლებისადმი პატივისცცმითაა სავსე. ასეთ ადამიანს ღვთის კურთხევა როგორ არ ექნება?!

 


[1] - შეად. ებრ. 12, 6-11.

[2] - მამა პაისის შვიდი და-ძმა ჰყავდა.

[3] - სულიერი საბჭო - იდიორიტმული (არათანაცხოვრებულთა) მონასტრის მმართველი საბჭო, არჩეული ორგანო.

[4] - ერთ-ერთი - წმიდა ათონის მთის ოცი მონასტრიდან, ბერის მიერ მოხსენებულ დროში ეს მონასტერი ჯერ კიდევ იდიორიტმული (არათანაცხოვრებულთა) მონასტერი იყო.

[5] - დიდი ჭაღი ან მრავალსანთლიანი კანდელი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც ტაძრის ცენტრში ჭერიდან ეშვება.

[6] - საბერო მორჩილებაში მამა პაისის ამბერკის უწოდებდნენ.

[7] - იხ. შესაქმ. 27.