† ბერი პაისი ათონელი

ოჯახური ცხოვრება
ნაწილი მეორე - მშობლები და მათი მოვალეობები

თავი მესამე
მშობლების პასუხისმგებლობა შვილების აღზრდაში

მშობლებმა შვილები ღმერთს უნდა მიანდონ

ღმერთმა პირველქმნილ ადამიანებს - ადამსა და ევას მისცა უდიდესი კურთხევა - ყოფილიყვნვნ მისი თანაშემოქმედები. მშობლები, პაპები და პაპის პაპები თავის მხრივ ღვთის თანაშემოქმედებად შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ, რომ შვილები ხორციელ სხეულს მათგან იღებენ.

ღმერთი, თუკი შეიძლება ასე ითქვას, მოვალეა, ბავშვებზე იზრუნოს. როდესაც ბავშვი მოინათლება, ღმერთი მფარველ ანგელოზს მოუვლენს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდეს მას. ამგვარად, ბავშვს მფარველობენ ღმერთი, მფარველი ანგელოზი და მშობლები.

მფარველი ანგელოზი ყოველთვის ბავშვის სიახლოვეს იმყოფება და ეხმარება მას. რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ მასზე მშობლებს. ხოლო, თუ მშობლები გარდაიცვლებიან, ღმერთი მაღლიდანაც და ახლოდანაც, ხოლო, - მფარველი ანგელოზი ახლოდან აგრძელებენ მის გამუდმებულ დაცვასა და მფარველობას. მშობლები სულიერად უნდა დაეხმარონ შვილებს მანამ, ვიდრე ისინი პატარები არიან, რადგანაც პატარაობისას გაცილებით ნაკლები ნაკლოვანებები აქვთ და მათი აღმოფხვრა უფრო ადვილია. ისინი ახალ კარტოფილს ჰგვანან, კანი ადვილად რომ სძვრება, - მხოლოდ გარეცხვაც კი საკმარისია. მაგრამ, თუკი კარტოფილს დიდხანს გავაჩერებთ, მისთვის კანის მოცილება იმდენად ადვილი აღარ იქნება და ამისთვის დანა დაგვჭირდება. და თუ, ამავე დროს, ეს კარტოფილი გაფუჭებულია, მაშინ დანა გაცილებით ღრმად უნდა შევიდეს მასში. თუკი ბავშვობის წლებიდან ბავშვები მშობლების დახმარებით მოიპოვებენ ქრისტეს, ისინი მის სიახლოვეს სამუდამოდ დარჩებიან. მოზრდილობაში გარკვეულწილად გზასაც რომ ასცდნენ ისინი, - ასაკიდან გამომდინარე, ან ცუდ წრეში მოხვედრის გამო, - ბოლოს მაინც გონს მოეგებიან. ღვთის შიში - და ღვთისმოსაობა, რომლითაც სიყმაწვილის წლებში მათი გულები იყო სავსე, მათი არსებიდან სრულად გაქრობას ხომ ვეღარასოდეს შეძლებს.

მოზარდობის ხანაში - ყველაზე რთულ პერიოდში - შვილების გამო მშობლების მღელვარება იზრდება. ეს მღელვარება იქამდე გრძელდება, ვიდრე მშობლები შვილებს განათლებას არ მისცემენ და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე არ შეადგმევინებენ ფეხს. ვიდრე ბავშვები ამ ასაკს გასცდებიან, მშობლებს მათზე უმეტესი მზრუნველობა მართებთ. მაგრამ ის, რაც მშობლების ძალას აღემატება, ყოვლადძლიერი ღმერთის ხელს უნდა გადასცენ. თუ მშობლები თავიანთ შვილებს ღმერთს მიანდობენ, ღმერთი მოვალე ხდება, დაეხმაროს მათ იმაში, რისი გაკეთებაც ადამიანურად შეუძლებელია. მაგალითად, თუ ბავშვები მშობლებს არ უჯერებენ, მშობლებმა ისინი ღმერთს უნდა მიანდონ და არ დაიწყონ სხვადასხვა მეთოდების ძიება, მათ „მოსატეხად“. ამ შემთხვევაში დედამ უნდა უთხრას ღმერთს: „ღმერთო ჩემო, ჩემი შვილები არ მიჯერებენ, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, შენ თავად იზრუნე მათზე“. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა დედამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ღამისთევის ლოცვაზე აქ იყო მოსული. მე ამ ქალს დიდი ხნის წინ ვიცნობდი. ის ჩემთან მოსასალმებლად მოვიდა. როდესაც მის გვერდით მხოლოდ უფროსი ბავშვები დავინახე, ვკითხე: „პატარები სადღა არიან“? „სახლში, წმიდაო მამაო, დღესასწაულზე მე და ჩემს ქმარს გვსურდა, ღამისთევის ლოცვაზე წავსულიყავით და ამიტომ გადავწყვიტეთ: რაკი ღამისთევაზე წავალთ, და არა - გასართობად, ღმერთი თავად გამოგვიგზავნის ანგელოზს, რომ მან ჩვენი პატარები დაიცვას“. ასეთ მინდობას ღმერთზე დღეს იშვიათად შეხვდები. ჩვენს დროში ძალიან მოგვაკლდა, როგორც ბავშვების მშობლებისადმი ნდობა, ასევე - მშობლების ნდობა ღვთისადმი. ხშირად გაიგონებ, როგორ ამბობს ბევრი მშობელი: „რაღა მაინცდაიმაინც ჩვენი შვილი ასცდა გზას და მრუდე გზას დაადგა?! ჩვენ ხომ ეკლესიაში დავდივართ“?! ასეთი მშობლები ქრისტეს არ აძლევენ „სახრახნისს“, რომ მან მათ შვილებს ზოგიერთი ჭანჭიკი მოუჭიროს. მათ სურთ, რომ ყველანაირ პრობლემას თვითონ გაუმკლავდნენ. ასეთ მშობლებს ეგოისტური განგაშის გრძნობა ტანჯავთ მანამდე, ვიდრე თავს არ დაიავადმყოფებენ და ეს მაშინ, როდესაც არსებობს ღმერთი - მფარველი მათი შვილებისა და გარდა ამისა, მფარველი ანგელოზიც გამუდმებით ახლოსაა და იცავს მათ. ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნეები არიან, ისე იქცევიან, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს, თითქოს არ არსებობდეს მფარველი ანგელოზი. ისინი ხელს უშლიან საქმეში ღმერთის ჩარევას. არადა, პირიქით უნდა იყოს ისინი უნდა დამდაბლდნენ და ღმერთს შეწევნა სთხოვონ. და მაშინ სახიერი ღმერთი დაიფარავს და დაიცავს მათ შვილებს.

 

ბავშვების სულიერი ხელახლაშობა

- წმიდაო მამაო, ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მშობლებს აკისრიათ?

- ძირითადად მშობლებს. ხომ სწორედ აღზრდაზეა დამოკიდებული, გახდებიან თუ არა ისინი კარგი მღვდლები, კარგი მასწავლებლები და ასე შემდეგ. შემდეგ - ისინი თავად უნდა ეხმარებოდნენ ბავშვებს, როგორც საკუთარს, ისევე - სხვებისაც. უნდა ითქვს, რომ ბავშვის აღზრდაზე უმთავრესი პასუხიმგებლობა მამას კი არა, - დედას აკისრია.

თუკი იმ დროს, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ დედის წიაღში იმყოფება, მშობლები ლოცულობენ და სულიერად ცხოვრობენ, მაშინ პატარა კურთხეული იბადება. და თუკი ისინი სულიერად შეეწევიან მას, მაშინ ის კურთხეული ადამიანი დადგება და თავის მხრივ თავად დაეხმარება საზოგადოებას: სულ ერთია, სად იმსახურებს იგი, ხელისუფლების ორგანოებში იქნება თუ - რომელიმე სხვა ადგილს დაიკავებს. ჩვენ ყველანი უნდა ვეხმარებოდეთ ბავშვებს, რათა ისინი მართალი ადამიანები დადგნენ, რათა მომავალ თაობას მცირედი საფუარი მაინც შემორჩეს. დღეს ხომ ყველაფერი იქით მიდის, რომ საფურიც კი აღარ დარჩეს. და თუ ის სრულიად აღარ იქნება, ეს სადამდე მიგვიყვანს? მშობლები, რომლებიც შვილებს შობენ და მათ ხორციელ სხეულს აძლევენ, უნდა შეეცადონ, რომ შეძლებისდაგვარად მათ სულიერ განვითარებაზეც იმოქმედონ. ადამიანი ხელმეორედ - სულიერად თუ არ იშვა, მას ჯოჯოხეთის სატანჯველი ელის. შემდეგ კი მშობლებმა უკვე მასწავლებლებს უნდა მიანდონ ის, რისი გაკეთებაც თავიანთი შვილებისათვის თავად არ ძალუძთ. ამიტომ ლოცულობს ჩვენი ეკლესია „მშობლებისა და მასწავლებელებისათვის“. ამასთან, არსებობენ სულიერი მამები ამ ადამიანებს შესაძლოა, საკუთარი შვილები არ ჰყავდეთ, მაგრამ ბავშვების აღზრდის საქმეში მათი დახმარება გაცილებით შედეგიანია, რადგან ისინი მათი მეორედ შობისათვის ზრუნავენ.

მინდა ვთქვა, რომ რომ ყველამ თავისებურად, ყველამ თავისი პირადი მაგალითით უნდა გაუწიოს დახმარება ბავშვების სულიერ ხელახლა შობას. რათა მათ მშვიდობით განვლონ ცხოვრების გზა და სამოთხეში მივიდნენ. თუკი ბავშვები სულიერ ადამიანებად გაიზრდებიან, მაშინ მათთვის უკვე აღარ იქნება საჭირო (ბოროტის დამამუხრუჭებელი) კანონები და არც რაიმე ამის მსგავსი: „მართალსა სჯულ არა უც“ [1]. სჯული უსჯულოებისთვისაა მოცემული. სულიერი ხელისუფლება დგას გაცილებით მაღლა, ვიდრე - ადამიანური ხელისუფლება.

 

მშობლების მაგალითი

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუკი ბავშვი არ უგონებს მათ და ჭირვეულობს?

- თუ ბავშვი გაუგონარია და ცუდად იქცევა, ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა საკუთარ სახლში ის უწესო სცენებს ხედავს, ან - უწესო საუბრებს ისმენს. რაც უნდა იყოს, სულიერ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ ძირითადად იძულებით კი არ ვეხმარებით ბავშვებს, არამედ - პირადი მაგალითით. უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებულ დახმარებას შვილებს დედა მაგალითით, მეუღლისადმი მორჩილებით და მისდამი პატივისცემით უწევს. თუკი რაიმე საკითხთან დაკავშირებით დედას მამისაგან განსხვავებული აზრი აქვს, მან ეს აზრი ბავშვების თანდასწრებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოთქვას, რომ ამით მზაკვარმა არ ისარგებლოს. დედამ არასოდეს არ უნდა წაუხდინოს მამაზე შეხედულება ბავშვებს. მამა დამნაშავეც რომ იყოს, დედა მას უნდა ამართლებდეს. მაგალითად, თუკი მამა ცუდად მოიქცევა, დედამ ბავშვებს უნდა უთხრას: „მამა დაღლილია, ის მთელ ღამეს მუშაობდა, რომ ერთი ძალიან სასწრაფო საქმე დაემთავრებინა. ის ხომ თქვენთვის ცდილობს“.

ბევრჯერ მშობლები შვილების თვალწინ ჩხუბობენ და ამით მათ ცუდ მაგალითს აძლევენ. საბრალო ბავშვები სწუხან და დარდობენ. მერე კი მშობლები, იმისათვის, რომ ისინი ანუგეშონ, ყოველგვარ ახირებას უსრულებენ მათ. მამა, იმისათვის, რომ ბავშვს აამოს, მის „მოსყიდვას“ იწყებს: „აბა, ჩემო ოქრო, მითხარი, რა გიყიდო“? დედა თავის მხრივ იწყებს საკუთარი პირმშოს ყველა სურვილის შესრულებას. საბოლოო ჯამში კი ბავშვები უაღრესად განებივრებულები იზრდებიან. შემდეგ კი, თუ ამ მშობლებს აღარ შეუძლიათ, მისცენ შვილებს ყველაფერი, რასაც მოინდომებენ, შვილები მშობლებს ემუქრებიან და შესაძლოა, მათზე ხელიც კი აღმართონ.

მე ვხედავ, რამდენად ეხმარება ბავშვებს მშობლების კეთილი მაგალითი. დღეს ჩემთან სტუმრები იყვნენ: ორი გოგონა, ერთი სამი და მეორე ოთხი წლის, - მშობლებთან, ძალიან ღვთისმოსავ ადამიანებთან ერთად. რაოდენ დიდი სიხარული მომიტანეს ამ ნამცეცებმა! ისინი ნამდვილი ანგელოზები იყვნენ! გვერდიგვერდ ისხდნენ და კაბის კალთებს მუხლებზე იწევდნენ. რაოდენ დიდი მოკრძალება და პატივისცემა ჩანდა მათში! და ყოველივე ეს იმიტომ, რომ ისინი მშობლების საქციელს ხედავდნენ. რაკიღა ხედავდნენ, რომ მშობლებს ერთმანეთი უყვარდათ, ერთმანეთს პატივს სცემდნენ, კეთილგონივრულად იქცეოდნენ, ლოცულობდნენ, ბავშვების სულში ეს ყველაფერი აღიბეჭდებოდა. ამიტომაც ვამბობ, რომ თუკი მშობლები საკუთარ ღვთისმოსაობას შვილებსაც გადასცემენ, ეს იქნება საუკეთესო მემკვიდრეობა, რომლის დატოვებაც მათ შეუძლიათ.

თქვენ რომ მხოლოდ განახათ ერთი ქალიშვილი, რომელიც ავსტრალიაში გავიცანი! რაოდენი კეთილშობილება იყო მასში! ჩვენ კანბერაში მივედით. როდესაც ჩემი ნახვის მოსურნე ორი სოლიდური სტუმარი მივიღე, გამგზავრებას ვაპირებდი. ვხედავ, ავტომანქანა გაჩერდა და იქიდან გადმოვიდა ცოლ-ქმარი პატარა გოგონასთან ერთად. „წმიდაო მამაო, მაინც მოგისწარით“. მითხრეს მათ. „დიახ, ჩვენ უკვე გამგზავრებას ვაპირებდით“. მივუგე მე. მაშინ ქმარმა მითხრა: „წმიდაო მამაო, ჩემი მიღება აუცილებელი არ არის. თუ ვერ შეძლებთ, არაფერი დაშავდება. აი, ჩემი ცოლი კი მცირე დროს წაგართმევთ, თორემ ძალიან შეწუხდება, ის ხომ მეტისმეტად მგრძნობიარეა“. მე მის მეუღლესთან ერთად გვერდზე გავედი, რადგან მას ჩემთვის რაღაცის თქმა სურდა. გოგონას უნდოდა დედას დადევნებოდა. მაგრამ მე ვუთხარი: „აქ იჯექი დედაშენი მოვა, მალე მოვა“. „შენ გყავს დედა“? მკითხა მან. „არა“. ვუპასუხე მე. დავინახე, რომ მის თვალებში ცრემლმა გაიბრწყინა. „გინდა, ჩემს დედას მოგცემ“. შემომთავაზა მან. მაშინ მე თავად ვკითხე: „შენ თუ გყავს პაპა“? „არა“. მიპასუხა მან. „გინდა, რომ პაპა გყვადეს“? „მინდა, მინდა, შენ თვითონ გადმოხვალ ჩვენთან საცხოვრებლად, თუ გირჩევნია, რომ ჩვენ გადმოვიდეთ შენთან“? „როგორც გინდა“! როგორი კეთილშობილებაა! პატარა გოგონა თავის დედას მჩუქნის. აბა შეხედეთ: მან ხომ ეს თავისი მშობლებისაგან შეიძინა. მამამისი საოცარი კეთილშობილებით გამოირჩეოდა. მე გადავეხვიე ამ ადამიანს და მივულოცე, რომ მას ასეთი შესანიშნავი ქალიშვილი ჰყავდა. რამდენი ლოცვა-კურთხევა გავიმეტე მისთვის! ასეთი ადამიანები თვით ყველაზე მკაცრი ადამიანების გულებს მოალბობენ და ღმერთზე რაღა უნდა ითქვას.

 

მშობლების სახლში ბავშვები სინაზითა და სიყვარულით უნდა ძღებოდნენ

ბავშვს დიდი სიყვარული და სინაზე სჭირდება და ასევე - კარგი ხელმძღვანელობა. მას სურს, რომ გვერდით მიუჯდე, სურს, რომ თავისი პრობლემების შესახებ გიამბოს, სურს, რომ მიუალერსო, მოეფერო და აკოცო. როდესაც ბავშვი გაღიზიანებულია და მოუსვენრადაა, დედამ ხელში უნდა აიყვანოს ის, მოეფეროს, აკოცოს, რომ ის დამშვიდდეს და დაწყნარდეს. თუკი ბავშვობისას ადამიანი სინაზითა და ალერსით ძღებოდა, შემდეგ მას ძალა იმისთვისაც ექნება, რომ გადალახოს ცხოვრებაში გზად დახვედრილი პრობლემები.

თუმცა, დღეს ბავშვების უმრავლესობა მშობლებს მხოლოდ მცირე ხნით ხედავს, - მარტო საღამოობით და ამიტომ სიყვარულით ვერ ძღება. ძალიან ბევრი მშობელი მასწავლებელია ან ექიმი და ამიტომ სამსახურში საქმე ბავშვებთან აქვს. ისინი მთელ ალერსსა და სინაზეს სხვა ბავშვებისათვის გასცემენ და შინ დაბრუნებულებს საკუთარი შვილების მოსაფერებლად ძალა აღარ ჰყოფნით. ისინი სახლებში დაღლილები მიდიან. აკუმულატორი უკვე დამჯდარია. მამა სავარძელში ჯდება და ხელში გაზეთს იღებს, რომ უკანასკნელი ცნობები წაიკითხოს და ბავშვებისათვის საერთოდ ვერ იცლის. პატარა მის სიახლოვეს ტრიალებს, რომ მამა დაელაპარაკოს და მოეფეროს, ის კი ბავშვს იცილებს. დედა თავის მხრივ სამზარეულოსკენ იჩქარის, რომ ვახშამი მოამზადოს, უდროობის გამო ვერც ის იცლის ბავშვებისათვის. ყოველივე ამის გამო საბრალო ბავშვები სიყვარულს აკლდებიან. კიდევ ერთი მაგალითი: ზოგიერთი სამხედრო პირი, რომელიც სამსახურში მიჩვეულია, რომ ურჩ ჯარისკაცებს მკაცრად უნდა მოეპყრას და დასაჯოს, სახლშიც სამხედრო დისციპლინის მიხედვით მოინდომებს ხოლმე წესრიგის დამყარებას. ის შვილებისადმიც ძალიან მკაცრია, ხოლო სიყვარულის ნაცვლად ქიმუნჯებს სთავაზობს მათ. ზოგიერთი მშობელი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში, ანდა სასამართლო დაწესებულებაში მუშაობს, მთელ „სასამართლო პროცესებს“ აწყობს შინაც - თავის შვილებთან, როდესაც ისინი რაიმეს დააშავებენ. ყველა ეს მშობელი საკუთარი შვილების მიმართ სინაზესა და სიყვარულს არ ავლენს და სწორედ ამის შედეგადაა, რომ ბავშვებს შემდეგ ფსიქიკური აშლილობები ეწყებათ.

 

რამდენად იტანჯებიან ბავშვები მშობლების გამო

- წმიდაო მამაო, ერთი დედა გვეკითხება, როგორ მოიქცეს. მისი ქალიშვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს გმობს.

- ის უნდა გაერკვეს, თუ სად არის ბოროტების სათავე. ზოგჯერ ასეთ შემთხვევებში მშობლები არიან დამნაშავენი. თავიანთი ცუდი ქცევით თვით მშობლები ვნებენ ბავშვებს და მერე ისინიც სრულიად ურცხვად ლაპარაკობენ. შემდეგ ეს ბავშვები ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ ექცევიან და მათი გონს მოყვანის ყოველგვარ მცდელობაზე საძაგლად რეაგირებენ. სხვა შემთხვევაში მშობლები თვლიან, რომ შვილებს ძალდატანებით გამოასწორებენ. საქმეში ეგოიზმი ერთვება და მშობლები გაღიზიანებითა და მრისხანებით იწყებენ ბავშვებთან ლაპარაკს, მაშინ, როდესაც მათი მოვალეობაა ყოველთვის კეთილად ეპყრობრდნენ მათ.

დღეს ერთმა ქალმა პირდაპირ გაცოფებამდე მიმიყვანა! მას ერთი შვილი ჰყავს და ეს ქალი მას უმოწყალოდ სცემს. შიშისაგან საბრალო პატარა ერთიანად კანკალებს, ვეღარ ლაპარაკობს და ნერვული შეტევა ეწყება. „ის ეშმაკეულია!“ ამტკიცებს დედა და საკუთარ შვილს აშიმშილებს, ვითომდა იმისთვის, რომ მისგან ეშმაკი განიდევნოს. „საჭმელს არ ვაძლევ, რომ უწმინდური სულისაგან გათავისუფლდეს.“ განმიმარტა მე. ვეუბნები: „ერთი მომისმინე, შენ თავი თუ გადგას მხრებზე? ბავშვს საჭმელი მიეცი და შეეცადე, ის უწმინდური სულები განდევნო, თვით შენში რომ მოკალათებულან. შენ ხარ საკუთარი შვილის ასე დამახინჯების მიზეზი. ბავშვში ეშმაკი არ არის, იმიტომ კანკალებს, რომ შენი ეშინია“.

 

მემკვიდრეობის განკარგვა

თუ მშობლები მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან, ისინი შვილების მომავლის უზრუნველყოფასაც ყველანაირად უნდა ცდილობდნენ. რა თქმა უნდა, მთავარი ის არის, რომ მშობლებმა შვილები კარგ ადამიანებად აღზარდონ, შემდეგ განათლების მიღებაში ან რაიმე პროფესიის შეძენაში დაეხმარონ მათ, რათა შვილებმა თავის რჩენა შეძლონ. შემდეგ მშობლები მოვალენი არიან უზრუნველყონ ისინი საცხოვრებლით და ასე შემდეგ. როდესაც 1924 წელს მოსახლეობის გაცვლასთან [2] დაკავშირებით, ჩვენი ოჯახი საბერძნეთში, ფარასიდან - კაპადოკიაში გადმოსახლდა. მამაჩემი სოფლის თემის მამასახლისი იყო და ამიტომ თავს მოვალედ თვლიდა, სოფლის ყველა მცხოვრებს დახმარებოდა, თანაც ისე, რომ საკუთარი ოჯახი ბოლოსთვის მოეტოვებინა. შემდეგ, როდესაც ჩემი დები და ძმები გაიზარდნენ, დრტვინვა დაიწყეს, ისინი მამას ეუბნებოდნენ: „მამა შენ ყველაზე იზრუნე, მაგრამ ჩვენზე კი არ გიფიქრია.“ როდესაც ადამიანი მარტოა, მას შეუძლია, ყველაფერი, რაც გააჩნია, სხვებს შესწიროს, ამ მსხვერპლშეწირვისას საკუთარი თავისადმი სრული გულგრილობა გამოავლინოს და ეს ყველაფერი მხოლოდ მის კეთილშობილებაზე ილაპარაკებს. მაგრამ, თუკი ადამიანს ოჯახი აქვს, იგი მოვალეა, მასზე იფიქროს.

რა თქმა უნდა, მშობლებმა გონი მთლად არ უნდა დაკარგონ და შვილებს ყველაფერი ერთბაშად არ უნდა მისცენ. რამდენადაც ახალგაზრდები გამოუცდელები არიან და თანამედროვე გაუმაძღარი ცხოვრებიდან გამომდინარე, მათ შეიძლება, ყველაფერი არა დანიშნულებისამებრ გაფლანგონ. შემდეგ მშობლებს გული ეტკინებათ, როდესაც მიხვდებიან, რომ დახმარება უკვე მათ ძალებს აღემატება. გარდა ამისა, მშობლემა განსაკუთრეული ყურადღება მეტ-ნაკლებად სუსტი ბავშვების მიმართ უნდა გამოავლინონ და მათთვის უფრო მეტი მატერიალური და კიდევ უფრო მეტი მორალური და ზნეობრივი სიკეთე გაიღონ, რათა წარუმატებლობის განცდამ მღვრიე ნიაღვრის მსგავსად ქვემოთ და ქვემოთ არ გარიყოს ისინი. მაგრამ მშობლები ასევე მოვალენი არიან, რომ გონიერებითა და განსჯით იზრუნონ თავიანთ შვილებზე, რათა მათ ურთიერთობებში სიცივემ არ დაისადგუროს.

დღეს იშვიათად შეხვდები მეგობრულ ოჯახებს, რომლებიც სულიერად ცხოვრობენ, სადაც დები და ძმები მიწის ნაკვეთების და მემკვიდრეობის გამო ერთმანეთში არ ჩხუბობენ და სასამართლოებში არ დარბიან. მე ვიცნობდი ერთ შვიდსულიან ოჯახს. მშობლებს ოქროს სამკაულები ჰქონდათ. მათი გარდაცვალების შემდეგ დებმა და ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ოქრო ეკუთვნოდა იმ ძმას, რომელიც დედ-მამას სიბერეში უვლიდა. თუმცა ამ ძმამ გაითვალისწინა, რომ მათ ერთ-ერთ დას დიდი ოჯახი ჰქონდა და ეს ოქრო მას მეტად სჭირდებოდა. ამიტომ მან ოქრო სწორედ დას გადასცა. ამ ქალმა ოქრო მესამე ძმას მისცა, მესამემ - მეოთხეს და საბოლოოდ ის ისევ უფროს ძმას დაუბრუნდა! ანუ, ამ ხალხს სწორედ ისე დაემართა „ლავსაიკონში“ [3] რომ არის აღწერილი. ბოლოს და ბოლოს, რამდენადაც უფროს ძმას მართლაც არ უნდოდა, რომ ეს ოქრო თავისთვის დაეტოვებინა, მათ გადაწყვიტეს, რომ ის ტაძრისთვის შეეწირათ.

 


[1] - შეად. 1 ტიმ. 1,9

[2] - 1924 წელს საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოსახლეობის გაცვლა. თურქეთში მცხოვრები ბერძნები საბერძნეთში გადავიდნენ, ხოლო საბერძნეთში მცხოვრები თურქები - თურქეთში.

[3] - ნახ. პალადი ელეოპონელი ეპისკოპოსი - ლავსაიკონი, ანუ - თხრობა წმიდა და ნეტარ მამათა შესახებ. თავი სერაპიონის შესახებ.