† ბერი პაისი ათონელი

ოჯახური ცხოვრება
ყმაწვილები ცხოვრებისეულ გარყვნილებაში

როგორც ოჯახური, ასევე მონაზვნური ცხოვრება კურთხეულია ღვთისაგან

- წმიდაო მამაო, რა ვუპასუხოთ იმ ბიჭებსა და გოგონებს, რომლებიც კითხულობენ, არის თუ არა მონაზვნობა ოჯახურ ცხოვრებაზე აღმატებული?

- პირველ რიგში მათ უნდა გააგებინოთ ადამიანის დანიშნულება და მისი ცხოვრების აზრი. მერე კი უნდა აუხსნათ ახალგაზრდებს, რომ ორივე გზა - ჩვენი ეკლესიის მიერ დასახული - კურთხეულია, რამდენადაც მათგან ორივეს შეუძლია, სამოთხეში მიიყვანოს ადამიანი. ორივე გზა სამოთხისაკენ მიგვიძღვება. დავუშვათ, ორი ადამიანი წმიდა ადგილების მოსალოცად მიემგზავრება: ერთი შარაგზით მიდის, მეორე კი - ბილიკით. თუმცა ორივეს მოგზაურობას ერთი და იგივე მიზანი აქვს. ღმერთს ახარებს პირველი და სიყვარულით უცქერს მეორეს. საქმე მაშინ გაფუჭდება, თუ პირველი - ის, რომელიც ბილიკით მიდის - გულში განიკითხავს შარაგზაზე მავალს, ანდა - პირიქით.

კარგია, თუ იმ ახალგაზრდებს, მონაზვნობაზე რომ ფიქრობენ, ეცოდინებათ, რომ მონაზვნის დანიშნულება უკიდურესად დიდია. მონაზვნის დანიშნულება ის არის, რომ ანგელოზად იქცეს. „მომავალ ცხოვრებაში - ზეცაში ჩვენ ანგელოზებივით ვიცხოვრებთ“. - უთხრა ქრისტემ სადუკეველებს [1]. ამიტომაა, რომ ზოგიერთი ღვთისმოსავი გოგონა და ყმაწვილი მონაზვნობას ირჩევს და ჯერ კიდევ ამქვეყნად ანგელოზებრივ ცხოვრებას შეუდგება ხოლმე.

თუმცა არც ის უნდა ვიფიქროთ, თითქოს ყველა მონასტრის მკვიდრი მხოლოდ იმის გამო ცხონდება, მონაზონი რომ გახდა. თითოეული ადამიანი პასუხს აგებს ღვთის წინაშე იმისათვის, თუ რამდენად წმიდად გაივლის მის მიერ არჩეულ გზას. ნებისმიერი სახის ცხოვრებაში აუცილებელია ღვთისმოსაობა. ღმერთი წინდაწინვე არ ქმნის ადამიანებს წარმატებულობის ან - წარუმატებლობისათვის. ის, ვისაც ღვთისმოსაობა არა აქვს, რა გზაც უნდა აირჩიოს, თავისთავად ვერასოდეს წარემატება. მაშინ, როდესაც ღვთისმოსავი ადამიანი ნებისმიერ გზაზე წარმატებულია, რადგანაც მადლი ღვთისა არ ტოვებს მას. ზოგიერთი ადამიანი ღვთისმოსაობით ქმნის ოჯახს და ამიტომ ღვთის კურთხევას იღებს. თუკი ოჯახის თავს უყვარს ღმერთი, თუკი ის ღვთისკენ ისწრაფის, მას შესაძლებლობა აქვს, რომ სულიერად ძლიერ წარემატებოდეს. გარდა ამისა, ასეთი ადამიანი თავის შვილებსაც სათნოებებს უნერგავს, კეთილ ოჯახს ქმნის და ღვთისაგან ორმაგ საზღაურს იღებს.

ამიტომ თითოეულ ყმაწვილს ეს მიზანი უნდა ჰქონდეს დასახული: ღვთისმოსაობით, სულიერი უშფოთველობით იღვაწოს, რათა წმიდა ჰყოს მის მიერ არჩეული ცხოვრების გზა. მას დაქორწინება სურს? დაე, დაქორწინდეს, მაგრამ იმ სურვილით, რომ ოჯახის კეთილი უფროსი გახდეს და წმინდად იცხოვროს. მას მონაზვნობის მიღება სურს? დაე, მონასტერში წავიდეს, მაგრამ ყველანაირად ეცადოს, რომ კარგი ბერი გახდეს. დაე, აწონოს თავისი ძალები იმასთან მიმართებაში, თუ ცხოვრების რომელი გზის არჩევას აპირებს და აქედან გამოტანილი დასკვნების შესაბამისად დაადგეს არჩეულ გზას. მაგალითად, თუკი ქალიშვილი ხედავს, რომ მას მონაზვნობისათვის ძალა არ ეყოფა, მან მორჩილებით უნდა თხოვოს ღმერთს: „ღმერთო ჩემო, მე სუსტი ვარ და მონაზვნურ ცხოვრებას ვერ შევძლებ, გამომიგზავნე ადამიანი, რათა ის დამეხმაროს (მასზე დავქორწინდე), შევქმნა კეთილი ოჯახი და სულიერად ვიცხოვრო“. ამ შემთხვევაში ღმერთი არ მიატოვებს მას. თუკი გათხოვებისა და ოჯახის შექმნის შემდეგ ის სახარებისეულად იცხოვრებს, ღმერთი მისგან სხვას არაფერს მოითხოვს.

რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდები, რომელთაგან ღმერთი ბევრს არ ითხოვს. მაგრამ ღვთისმოსაობიდან გამომდინარე, ისინი საკუთარ თავზე უმეტეს ღვაწლს ტვირთულობენ და მონაზვნური გზის არჩევით მას უმეტეს მსხვერპლს სწირავენ (ანუ - იმაზე მეტს, რასაც ღმერთი მოითხოვდა მათგან). ასეთი ადამიანები ორმაგი გვირგვინებით შეიმკობიან. ანუ, თუკი ის, ვისაც ოჯახური ცხოვრებისაკენ ჰქონდა მიდრეკილება, უდიდესი ღვთისმოსაობიდან გამომდინარე თავგანწირულად მოიქცევა, ყველაფერს ღმერთს შეწირავს და მონაზვნურ გზას შეუდგება, ამით ღვთის უდიდეს წყალობას დაიმსახურებს. თუმცა, ადამიანი ყურადღებით უნდა დააკვირდეს, რომ მისი ქმედების გამომწვევი მიზეზები უკიდურესად განწმენდილი იყოს: ამგვარად ამპარტავნებიდან გამომდინარე კი არ უნდა იქცეოდეს! თუკი ადამიანი ამ პირობას დაიცავს, ღმერთი ყოველგვარ სირთულეს განაქარვებს.

 

ახალგაზრდების მღელვარება - არჩეული ცხოვრების გზაზე შედგომისას

- წმიდაო მამაო, თუ ყმაწვილი ან ქალიშვილი ძალიან სწუხს მონასტერში წასვლასთან ან ქორწინებასთან დაკავშირებით, ამის მიზეზი მისი ნერვებია?

- არა ყოველთვის. ხშირად ახალგაზრდები განიცდიან, როდესაც ფიქრობენ, თუ როგორ ჯობს არჩეულ გზაზე შედგომა და მასზე სიარული ისე, რომ ყოველთვის ღმერთთან ერთობაში იმყოფებოდნენ. ეს სულიერი ჯანმრთელობის ნიშანია. თუკი ახალგაზრდას არჩეულ გზაზე შედგომა არ აღელვებს და მასზე არ ფიქრობს, ეს პირველ რიგში იმაზე მეტყველებს, რომ გულგრილი ადამიანია. რის გამოც ის წარმატებას ვერ მიაღწევს. თუმც უნდა გავფრთხილდეთ, რომ ქორწინებასთან თუ მონაზვნობასთან დაკავშირებული მღელვარება გადაჭარბებული არ იყოს, რადგანაც ეშმაკი ესწრაფის, რომ გამოიყენოს ეს მღელვარება, სულიერ შფოთად გარდაქმნას და ყმაწვილისა თუ ქალიშვილის გონება გამუდმებულ ფორიაქში ამყოფოს.

სიმშვიდის შესანარჩუნებლად ახალგაზრდებმა საკუთარი თავი ღმერთს უნდა მიანდონ. სახიერი ღმერთი ხომ, როგორც ნაზად მოყვარული მამა მოქმედებს იქ, სადაც ადამიანურად აღარაფრის გაკეთება აღარ არის შესაძლებელი. ახალგაზრდებმა არ უნდა იჩქარონ და ცხოვრების გზის არჩევისას მოუმზადებელი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ. ვიცნობ ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან ღელავენ და ყოველგვარი პრობლემის გადაჭრას დაუყოვნებლივ ცდილობენ. შედეგად კი ისინი სრულიად იბნევიან და სწავლას მიატოვებენ ხოლმე. მაგალითად, მათ უნივერსიტეტი აქვთ დასამთავრებყლი, მაგრამ ან ოჯახის შექმნას ჩქარობენ, ან - მონასტერში წასვლას. შედეგად ისინი სწავლას მიატოვებენ და უფრო მეტად იბნევიან. ყველაფრის ერთად გაკეთება შეუძლებელია და ასე არც პრობლემები მოგვარდება. იმისათვის, რომ საკუთარ თავს დაეხმარონ, ისინი საკუთარ სურვილებში კარგად უნდა გაერკვნენ და ყველაფერი თანმიმდევრულად გააკეთონ: ჯერ დიპლომი მიიღონ, მერე სამსახური იშოვონ (გარდა ამისა, ყმაწვილებმა ჯარშიც უნდა იმსახურონ). და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ყმაწვილი ზრდას დაასრულებს, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ღვთის შეწევნით ან დაქორწინდეს და კეთილი ოჯახი შექმნას, ან - თუკი მონაზვნური ცხოვრება არჩია, მონასტერში წავიდეს.

ამიტომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერაც სწავლობენ, ვურჩევ ხოლმე, გააგრძელონ სწავლა, ვიდრე მათში მომწიფებულა გარკვეული გადაწყვეტილება, თუ ცხოვრების რომელ გზაზე სურთ შედგომა. ვურჩევ ხოლმე, ის გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც მათში მომწიფდება და რომლისკენაც გული მიუწევთ. თუკი ისინი კეთილად არიან განწყობილნი, მაშინ ღვთის შეწევნით ნელ-ნელა გაერკვევიან, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, ქორწინებაში, თუ ქორწინების გარეშე - მონასტერში.

 

უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს, რომ საკუთარ მოწოდებას გაყვნენ

თითოეულ ადამიანს თავისი მოწოდება აქვს. სახიერმა ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა. ღმერთი კეთილია: ის პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას და ნებას აძლევს თითოეულს, რომ მის მიერ არჩეული გზით იაროს. ღმერთი ყაზარმული დისციპლინით ყველას ერთ მწკრივზე კი არ აწყობს! ამიტომ დაე, ახალგაზრდებმა ღვთის თავისუფლების სულიერ სივრცეში თავისუფლად იგრძნონ თავი. რადგანაც, თუკი ისინი საკუთარ თავს შეადარებენ მავანის და მავანის მიერ არჩეულ ცხოვრებას, ეს მათ არაფერში გამოადგებათ. ცხოვრების გზის არჩევისას ადამიანი არანაირ ზეგავლგნას არ უნდა ემორჩილებოდეს.

მშობლები, მოძღვარი, მასწავლებლები, ადამიანზე ყოველგვარი ზეწოლის, ძალდატანების გარეშე უნდა დაეხმარონ მას, აირჩიოს ის ცხოვრება, რომლის ზიდვასაც შეძლებს და საკუთარ მოწოდებას მისდიოს. ცხოვრების გზის არჩევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას თვითონ ახალგაზრდა უნდა იღებდეს. ჩვენ - დანარჩენებს შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ გამოვხატოთ ჩვენი აზრი. მხოლოდ იმის უფლება გვაქვს, რომ ახალგაზრდებს სწორი გზის არჩევაში დავეხმაროთ.

ზოგჯერ იმ ახალგაზრდებთან საუბრისას, ცხოვრების გზის არჩევა რომ უჭირთ, ვხედავ, რომელ მხარეზეა გადახრილი სასწორი, მაგრამ არაფერს ვეუბნები, რათა მათ პირად არჩევანზე ზემოქმედება არ მოვახდინო. მხოლოდ ერთი რამის გაკეთებას ვცდილობ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დავეხმარო მათ, სწორი გზა და სულიერი მშვიდობა ჰპოვონ. ვცდილობ, მოვკვეთო ყოველგვარი მავნე განცდა, რაც შესაძლოა, გაჩნდეს მათ სულებში და კეთილი და წმიდა შევინარჩუნო. რათა უკვე ამქვეყნიურ ცხოვრებაში ისინი სიხარულით და ღმერთთან ერთობით ცხოვრობდნენ. ხოლო მარადიულში - უმეტესად ხარობდნენ. გულწრფელად გეუბნებით: როგორი გზაც არ უნდა აირჩიოს რომელიმე ჩემმა ნაცნობმა ახალგაზრდამ, ნებისმიერ შემთხვევაში გამეხარდება. მე ერთნაირად ვიზრუნებ მისი სულის ცხონებისათვის, - ოღონდაც კი ქრისტესთან იყოს, ეკლესიურად ცხოვრობდეს. მის ძმად ვიგრძნობ თავს, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ჩვენი ეკლესიის შვილია.

რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებულად მახარებენ ის ახალგაზრდები, ვინც მონაზვნური ცხოვრების გზას შეუდგებიან. რადგანაც ჭეშმარიტად ბრძენია კაცი, ამ ანგელოზებრივ გზას რომ ირჩევს, ის ხომ ამით ასცდება ეშმაკის ათასგვარ მახეს, ერის ცხოვრებაში რომაა დაგებული. მაგრამ ყველას ერთნაირად შეფასებაც არ შეიძლება. თვით ქრისტესაც არ სურდა, რომ ადამიანისათვის მძიმე ტვირთის ზიდვა ეიძულებინა და ამიტომ მონაზვნობის მცნება ყველასათვის არ მიუცია, მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნობა სრულქმნილებისაკენ მიმავალი გზაა. ამიტომ იყო, რომ როდესაც სახარებისეულმა ჭაბუკმა საკუთარი ცხონების საშუალებები გამოიკითხა ქრისტესგან, [2] ქრისტემ მას მიუგო: „დაიმარხენ მცნებანი“ [3]. როდესაც ჭაბუკმა ქრისტეს უთხრა, რომ მცნებებს იცავდა და ჰკითხა: „რაჲღა მაკლს მე“? [4] ქრისტემ უპასუხა: „ერთიღა გაკლს შენ“ [5]. „წარვედ და რაოდენი გაქუს, განყიდე... მოვედ და შემომიდეგ მე“ [6]. ანუ ქრისტე ადამიანს სრულქმნილების შესახებ ელაპარაკებოდა მაშინ, როდესაც მის ღვთისმოსაობას ხედავდა და სრულქმნილებისაკენ ქამანდით არავის ეზიდებოდა. მონაზვნობასაც არ ქადაგებდა ქრისტე, რათა ამით არ აღეგზნო ადამიანთა გულები. შეიძლება, მათ უგუნურებით ეჩქარათ ბერობა და ამას მათთვის ბოროტება მოეტანა. ქრისტემ მხოლოდ ნაპერწკალი დაანთო (სრულქმნილი ცხოვრებისა), ხოლო როდესაც საამისო დრო დადგა, გაჩნდა მონაზვნური ცხოვრება.

ასევე, არც ჩვენ გვაქვს უფლება, ძალა დავატანოთ სხვა ადამიანებს. მხოლოდ საკუთარ თავზე ძალდატანების ნება გვაქვს. მაგრამ ესეც უკიდურესი განსჯით უნდა ვაკეთოთ. დღემდე ერთი ყმაწვილისთვისაც კი არ მითქვამს გადაწყვეტილად: „დაქორწინდი“! ან „მონასტერში წადი“! თუკი ვინმე მკითხავს, თუ რომელ გზაზე შედგომას ვურჩევ, ვპასუხობ: „ისე მოიქეცი, როგორც შენ თავად გსურს, მთავარია, რომ ქრისტესთან იყო“. და თუკი ყმაწვილი მიპასუხებს, რომ ერში მას გული არ უდგება, მაშინ მას მონაზვნობზე ველაპარაკები, რომ სწორი გზის არჩევაში დავეხმარო.

 

ცხოვრების გზის არჩევა

წლები სწრაფად გადის. ჯობს, თუ ახალგაზრდა გზაჯვარედინზე - გადაწყვეტილების მიღებისას, დიდხანს არ დაყოვნდება. დაე, საკუთარი ღვთისმოსაობისა და მოწოდების მიხედვით აირჩიოს თავისი ჯვარი, აირჩიოს ერთი - ამ ორი გზიდან და მასზე ქრისტეზე სრული მინდობით შედგეს. დაე, იგი გაყვეს ჯვარცმისათვის მიმავალ ქრისტეს, რათა მისი დიდებული აღდგომით გაიხაროს. როგორც ოჯახურ, ასევე მონაზვნურ ცხოვრებას თავისი სიმწარე ახლავს. მაგრამ, თუკი ადამიანი ღმერთთან ერთობაში ცხოვრობს, ამ სიმწარეს ტკბილი იესო დაატკბობს. ოცდაათი წლის შემდეგ ცხოვრებისეული გზის არჩევა ადვილი აღარ არის. და რაც უფრო მეტ წელს მოიტოვებს უკან ასეთი ადამიანი, მით მეტ სირთულეებს აწყდება. ყმაწვილისათვის გაცილებით მარტივია, შეეთვისოს არჩეულ გზას, იქნება ეს ქორწინება თუ - მონაზვნობა. მოზრდილი ადამიანი ხომ ყველაფერს საღი აზრიდან გამომდინარე ზომავს და წონის. მას უკვე ბეტონის მყარი კონსტრუქციის მსგავსად აქვს ხასიათი ჩამოყალიბებული, - ასეთის შეცვლა შეუძლებელია ადვილად. შეხედე: ადამიანები, რომელთაც ადრეულ სიყმაწვილეში აირჩიეს ოჯახური თუ მონაზვნური ცხოვრების გზა, ბავშვურ უბრალოებას ინარჩუნებენ. ვიცნობდი ერთ წყვილს, ისინი ახალგაზრდობაში დაქორწინდნენ. ცოლი ლაპარაკისა და ქცევის მანერებით - ყველაფერში ქმარს ჰგავდა. რამდენადაც სიყმაწვილეში შეუღლდნენ, ერთ-ერთმა მეუღლემ მეორის ყველა ჩვევა ბოლომდე გაითავისა: ლაპარაკი, ქცევის სტილი. მათთვის ურთიერთშეთვისებაც გაცილებით ადვილი იყო (ვიდრე მათთვის, ვინც მოგვიანებით დაქორწინდნენ).

„ან ახალგაზრდობაში დაქორწინდი, ან ახალგაზრდობაში აღიკვეცე“. ამბობს ანდაზა. გოგონასათვის განსაკუთრებით აუცილებელია მიიღოს გადაწყვეტილება და აირჩიოს ცხოვრების გზა, ვიდრე ოცდახუთი წელი შეუსრულდებოდეს. ოცდახუთის მერე არც ისე ადვილია გათხოვება, ან - მონასტერში წასვლა, რამდენადაც ამის შემდეგ ის უკვე იმაზე ფიქრს იწყებს, რომ სხვისი ნების მორჩილება მოუწევს. რაც ასაკი ემატება ქალიშვილს, მით მეტი კაპრიზი და პრეტენზია უჩნდება. ასეთი კი ვის უნდა? ხოლო, როდესაც წლები გადის, მას უკვე იმისთვის კი აღარ უნდა გათხოვება, რომ ოჯახი შექმნას, არამედ, ძირითადად იმისათვის, რომ ვიღაცა იცავდეს და ზრუნავდეს მასზე.

შესამჩნევია, რომ, თუკი ყმაწვილი ან ქალიშვილი გამუდმებით სამომავლოდ გადადებს ხოლმე ქორწინებას, წლები გადის, ის კი ისევ და ისევ საცოლეს და საქმროს ძებნაშია მაგრამ ვერ პოულობს. ახალგაზრდობაში ისინი თავად ირჩევდნენ, ახლა კი უკვე მათ ირჩევენ. ამიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ ქორწინებისას ცოტაოდენი გამოლენჩება აუცილებელია. ზოგიერთ არაარსებით წვრილმანზე თვალი უნდა დახუჭო, რადგანაც ისეთი, ვინც ზუსტად შეესაბამება ადამიანის სურვილს, არ არსებობს. ვთქვათ, მოულოდნელად გაწვიმდა და მთის მდინარის კალაპოტი წყალმა აავსო. წყლის ნაპირას ორი ადამიანი იდგა და ორივეს საწინააღმდეგო მხარეს სურდა გადასვლა. ერთი მათგანი ძალიან ჭკვიანი იყო, მეორე - ჩერჩეტი. „წვიმა გადაიღებს, წყალი დაიკლებს და ამის შემდეგ შევძლებ გადასვლას“, იფიქრა ჭკვიანმა. ჩერჩეტმა კი არც აცია, არც აცხელა, წყალში შეტოპა და მეორე ნაპირას გადავიდა. მართალია, ტანსაცმელი კი დაუსველდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მისვლა შეძლო. წვიმა კი გადაღების ნაცვლად უფრო და უფრო ძლიერად ასხამდა. ნიაღვარი მღვრიე და წყალუხვი ხდებოდა. და ბოლოს და ბოლოს, გონიერი კაცი იმავე ნაპირას დარჩა, რადგანაც მდინარის გადალახვა უკვე ძალიან სახიფათო იყო.

ზოგიერთი ადამიანი უაღრესად ამპარტავანი და ეგოისტია, სწორედ ამიტომ არ ეხმარება მას ღმერთი. ზოგიერთი ახალგაზრდა ყოველწლიურად მოემგზავრება ათონზე, ჩემთან სენაკში მოდიან და მეკითხებიან: „რას ითხოვს ღმერთი ჩემგან, მამაო“? შეიძლება გეგონოს, რომ ღმერთს რამეში ჭირდება ისინი! ბერები ისინი ვერ გახდნენ, არც ოჯახი შექმნეს. თითქოს ოქროსები იყვნენ და იმისა ეშინოდეთ, რომ მათ უბრალო რკინასავით ჩაატანენ რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში! არიან ისეთებიც, რომლებიც მე მეკითხებიან: „წმიდაო მამაო, რა გავაკეთო, დავქორწინდე თუ ბერად აღვიკვეცო, მითხარით, რა არის ჩემი მოწოდება“? „შენ თავად რა გსურს“? ვეკითხები მე. „ქორწინებაც მინდა და ბერობაც“! ანუ - მათ ერთიც უნდათ და მეორეც! მაგრამ, თუ ჩემს აზრს გამოვთქვამ და ვეტყვი, რომ მათი მოწოდება ოჯახური ცხოვრებაა და უნდა დაქორწინდნენ, ამის შემდეგ ისინი დაქორწინდებიან, მაგრამ შესაძლოა, შემდეგ ქორწინება აღარ მოეწონოთ, ჩამოვლენ ათონზე და უკმაყოფილებას გამოთქვამენ: „შენ მითხარი, რომ ეს გზა ამერჩია, ახლა კი ვიტანჯები“!

- წმიდაო მამაო, შეიძლება, ასეთი რამ მართლა მოხდეს?

- დავუშვათ, ახალგაზრდა კაცის მოწოდება ოჯახური ცხოვრებაა. თუმცა მონაზვნობაზეც ფიქრობს. თუკი დაქორწინებისას არ გაფრთხილდება და კარგ ოჯახს ვერ შექმნის, თუ მას ოჯახში პრობლემები გაუჩნდება, რომელთა გადაჭრასაც არასულიერი გზით მოინდომებს, ბოროტი მას ზრახვების საშუალებით შეებრძოლება: „შენი მოწოდება მონაზვნობა იყო, მაგრამ, რაკი დაქორწინდი, უარესიც მოგიხდება“. - ჩააგონებს მტერი. ანუ, ეშმაკი ამ ადამიანს არც დღისით და არც ღამით არ მოასვენებს.

ზოგიერთს კი რა უნდა, თვითონაც არ იცის. რამდენიმე წლის წინ აქ ერთი გოგონა მოვიდა და ლაპარაკი დამიწყო: „წმიდაო მამაო, ვერ გადამიწყვეტია, რომელი გზა ავირჩიო. გათხოვება მინდა, მაგრამ მონაზვნობაზეც ვფიქრობ, როგორ მოვიქცე“? მე მივუგე: „კარგად დააკვირდი, რომელი გზა არის უფრო მეტად მისაღები შენთვის და თავად გადაწყვიტე“. „არ ვიცი, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ქორწინება უფრო შემფერის, ძალიან გთხოვ, წმიდაო მამაო, შენ თავად მირჩიე, როგორ მოვიქცე“. „რადგანაც გრძნობ, რომ ქორწინებისაკენ უფრო მიგიწევს გული, მაშინ დაქორწინდი და ღმერთი შეგეწევა“. ვურჩიე ბოლოს მე. „შენი კურთხევით, წმიდაო მამაო, ასეც მოვიქცევი“. მითხრა მან ბოლოს, და, აი დღეს, ის ისევ მოდის ჩემთან და მეუბნება: „წმიდაო მამაო, გავთხოვდი. მეზღვაურს გავყევი ცოლად. მადლობა ღმერთს, კარგი ადამიანია, მაგრამ საშინლად ვიტანჯები. განა წამება არ არის: ექვსი თვის განმავლობაში ერთად ვცხოვრობთ, ექვსი თვე კი - ცალ-ცალკე. ზღვაში რომ გავა, ნახევარ წელიწადს ვეღარ ვნახულობ“. „ჩემო კარგო, განა შენ არ იყავი, მონაზვნობაც რომ გინდოდა და - ოჯახური ცხოვრებაც?! ჰოდა, ძალიანაც კარგი: ახლა - ერთიც გაქვს და მეორეც. რად არ ადიდებ ღმერთს, რომ შენი ცხოვრება სწორედ ასე მოაწყო“?

- წმიდაო მამაო, მაგრამ ჩვენ ხომ დღეს საკმაოდ რთულ დროში ვცხოვრობთ. ამიტომაა, რომ ზოგიერთ გოგონასა და ყმაწვილს ოჯახის შესაქმნელად გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

- არა, საკითხის ასე დაყენება არასწორია. თუკი მათ ქრისტესადმი ნდობა აქვთ, არაფრის არ უნდა ეშინოდეთ. მაშ დევნის წლები?! განა ის წლები კი ადვილი იყო?! მაგრამ განა იმ დროში ქრისტიანებმა ოჯახის შექმნასა და ქორწინებაზე უარი თქვეს? პირიქით მოხდა. რამდენი წმიდანი ჰყავს ჩვენს ეკლესიას, ვინც იმ დროში თავის ოჯახის წევრებთან - შვილებთან და მეუღლეებთან ერთად მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგა!

 

ახალგაზრდების სწავლა-განათლება და არჩეული გზის დასაწყისი

- წმიდაო მამაო, ბევრი ყმაწვილი და გოგონა, რადგანაც ცხოვრების გზის არჩევა უჭირს, სწავლა-განათლებას შესაბამისი ყურადღებით ვერ ეკიდება. ეს საკითხი მათი გამუდმებული მღელვარების მიზეზი ხდება და სწავლისათვის გონების მოკრებას ვეღარ ახერხებენ.

- როდესაც ახალგაზრდა კაცს მსგავსი პრობლემები აქვს, მას ასე ვეუბნები: „სადმე თუ გინახავს თანამედროვე დიდი მაცივრები? მაშ ასე: ამ მაცივარში შეინახე შენი პრობლემები და იქ იდოს მანამდე, ვიდრე სწავლას დაამთავრებდე. იმას არ ვამბობ, რომ საერთოდ არ ფიქრობდე საკითხზე, რომელიც გაღელვებს. არა! უბრალოდ ეს ყველაფერი განათლების მიღების დამთავრებამდე შეინახე მაცივარში. თუკი დღეს საკუთარი სწავლა-განათლებისა და ცოდნის შეძენის მიმართ სიფრთხილეს არ გამოიჩენ, შენი მეგობრები, რომლებიც ცხოვრებაში საკუთარ ადგილს იპოვიან და დამშვიდდებიან, სკვნილზე ილოცებენ, რომ შენც მიაგნო შენს ადგილს ამ ცხოვრებაში“. ახალგაზრდები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ ასეთი მღელვარება ეშმაკის მახეა, რომელიც აშფოთებს ადამიანს და ყურადღებას განუბნევს.

- წმიდაო მამაო, მე კი ერთ გოგონას ვურჩიე: თუ გათხოვებას აპირებ, სწავლა აღარაფერში გჭირდება მეთქი.

- მაგრამ, ვიდრე გათხოვდებოდეს, რას უბრძანებ, რა აკეთოს? კარამელებით ივაჭროს? ჯობს, რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს, ანდა - სპეციალობა შეიძინოს. რადგანაც, თუ მის ცხოვრებაში რაიმე გაუთვალისწინებლი მოხდა, მოხვეჭილი ცოდნა და პროფესია გამოადგება. ერთმა გოგონამ მითხრა ერთხელ: „მონაზვნობაზე ვფიქრობ, მაგრამ გამუდმებით აზრი მეცვლება“. „რომელ კლასში ხარ“? ვკითხე მას. „ლიცეუმის მეორე კლასში, მაგრამ სწავლის გაგრძელება არ მინდა“. მომიგო [7]. „ამბობ, რომ სწავლის გაგრძელებას არ აპირებ?! მაშინ ვეტყვი მამაშენს, რომ გიყიდოს ერთი თხა, მეცხვარის ძაღლი, სტვირი და ცხვრის ფარა. ძაღლი ცხვარს დაიცავს, შენ კი დაუკარი სტვირზე და მწყემსე ფარა. აბა, როგორ მოგწონს? აი რა, მოდი, უმაღლესი განათლება მიიღე, ან რაიმე სპეციალობა შეიძინე“. „მაშინ, წმიდაო მამაო, - მომიგო მან - მოდი, ვიდრე გადავწყვეტდე, გავთხოვდე თუ მონასტერში წავიდე, მონასტერში ისე ვიცხოვრებ, როგორც - მორჩილების კანდიდატი, რათა ამით მორჩილების სიბრძნეს დავეუფლო“. მე კი ვუთხარი: „ამ ხელოვნებას შენ სახლშიც ისწავლი, თუკი სიხარულით მიიღებ ყველაფერს, რასაც შენიანები გეტყვიან. მაშ ასე მოვიქცეთ: ჯერ დაამთავრე სკოლა, მერე უნივერსიტეტში ჩააბარე გამოცდები და როდესაც დაამთავრებ, მაშინ ვნახოთ, რა უნდა აკეთო მომავალში“. „განა ხუთი წელი ძალიან ბევრი არ არის, წმიდაო მამაო“? თქვა მან. „ბევრია, მაგრამ რაკი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც ვერ მიგიღია, სხვაგვარად როგორღა მოვიქცეთ“? ვუპასუხე მას. „ეს მე თვითონ ვარ დამნაშავე ჩემი მერყეობიდან გამომდინარე“? მკითხა გოგონამ. მე კი მივუგე: „არა, მაგრამ შენი სულიერი სასწორი ჯერ არც ერთ მხარეს არ გადახრილა“.

მსგავს შემთხვევაში ახალგაზრდებს უნდა ვუთხრათ, რომ უკიდურესი ყურადღება გამოავლინონ და დროს ამაოდ ნუ დაკარგავენ. სწავლის დროს ისინი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სულიერად უნდა ცხოვრობდნენ. ცდილობდნენ, დროულად მიიღონ დიპლომი (რაც აუცილებელია) და ამის შემდეგ კი ღმერთი თავად მოაწყობს ყველაფერს. სწავლის დროს მათ უნდა შეარჩიონ კარგი მოძღვარი, რომელიც შეძლებს, განარიდოს ისინი ზედაპირულ მიდრეკილებებს, როგორც მონაზვნური, ასევე - ოჯახური ცხოვრებისაკენ. რათა ამან სასოწარკვეთილებამდე არ მიიყვანოს. დაე, მათ გადაწყვეტილების მიღებისაგან თავი შეიკავონ იქამდე, ვიდრე სწავლა-განათლებას დაასრულებდნენ.

ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ, როდესაც უკვე ზრდასრულ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან, მათ ამა თუ იმ ცხოვრების გზისთვის უკვე საკმარისი მონაცემები ექნებათ. აი, ამ დროს კი უკვე შეუძლიათ, მიიღონ გადაწყვეტილება, აირჩიონ ცხოვრების გზა და ღვთის ნებით აკეთონ ის, რასაც საჭიროდ ჩათვლიან. დღეს ქვეყნიერება ისეთ მდგომარეობამდეა მისული, რომ რაც უფრო მოზრდილ ასაკში მიიღებენ ადამიანები გარკვეულ გადაწყვეტილებას ცხოვრებისეული გზის არჩევასთან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება. იცით, რამდენნაირი უსიამოვნო ისტორია ხდება?! ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და მოუმწიფებელ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს. განსაკუთრებით იმ შემხვევაში, თუკი ის ემოციურია და ყველაფერი ადვილად იტაცებს.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთ ყმაწვილს გაკვეთილების სწავლა არ უნდა, იმიტომ, რომ სულიერ საკითხავებსა და ლოცვას ანიჭებს უპირატესობას.

- არა. გაკვეთილების გაცდენა არ შეიძლება. იმისათვის, რომ სულიერი ტონუსი შენარჩუნდეს, მათ შეუძლიათ, გაკვეთილების მომზადებისას იკითხონ მცირე ნაწყვეტები წმიდა მამათა წიგნებიდან, მცირეოდენი ილოცონ და რამდენიმე დიდი მეტანია შეასრულონ. ხოლო, როდესაც ბევრი კითხვა და სწავლა მოუწევთ, შეუძლიათ, საკუთარ თავს დასვენებები მოუწყონ და ამ დროს იესოს ლოცვა შეასრულონ, ანდა, რაიმე საეკლესიო საგალობელი იგალობონ. რადგანაც, თუკი ისინი მოინდომებენ, რომ სწავლის დროს ის დიდი სულიერი ღვაწლი აღასრულონ, რომლის აღსრულებაც მათთვის მომავალშიც შესაძლებელია, ამ დროს მათი გონება გაკვეთილებსა და სწავლაზე ზრუნვისაგან სრულად მაინც ვერ გათავისუფლდება. ამიტომ, ვერც სულიერ ღვაწლს აღასრულებენ ჯეროვნად და ვერც სწავლაში წარემატებიან. ბოლოს და ბოლოს ისინი ვერაფერს მიაღწევენ. ხოლო ბევრი სწავლისა და კითხვის შედეგად დიპლომს ჩქარა მიიღებენ და მერე შეუძლიათ ის აკეთონ, რასაც ისურვებენ. საავადმყოფოში რომ ვიწექი, რამოდენიმე დღით სკვნილიც მივატოვე, მეტანიებიც და მარხვაც: იმას ვჭამდი, რასაც მაძლევდნენ. ასე ვამბობდი: „ახლა ცოტა ექიმებს უნდა დავეხმარო, რათა ისინი დამეხმარონ გამოჯანმრთელებაში. მერე კი ისე მოვიქცევი, როგორც მინდა“ [8].

ზოგიერთი ყმაწვილი მოდის და მშობლებს უჩივის, რომ ისინი პირდაპირ სულს უწუხებენ - გაკვეთილების მომზადების მოთხოვნით. თუ მეც სულს შევუწუხებ ამ ყმაწვილებს, ამით ვერაფერს ვარგებ. იმის მისახვედრებლად, რომ სწავლის მიტოვება არ ღირს, მომაქვს მათი თანატოლების მაგალითები, რომლებმაც სწავლას ჯეროვანი ყურადღება მიაქციეს და საქმე შესანიშნავად წაუვიდათ. ასევე იმ ახალგაზრდების შესახებ ვუამბობ, ვინც სწავლა-განათლებას გულმოდგინებით ეკიდებოდა და შემდეგ დიდ წარმატებას მიაღწია. მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა: ერთ ქალაქში მეზობლად ორი ბიჭი იზრდებოდა. ერთი ძალიან მიხვედრილი იყო და გაკვეთილების მომზადებას სწრაფად ახერხებდა. დაბალ და საშუალო კლასებში ძალიან მაღალ შეფასებებს იღებდა. მეორე იმდენად გონიერი არ იყო და პირველს რომ არ ჩამორჩენოდა, მეტი გულმოდგინება ჭირდებოდა. როდესაც უფროს კლასებში გადავიდნენ, პირველმა ყმაწვილმა მხოლოდ ერთი წელიღა ისწავლა, ის ცუდ წრეში მოხვდა, სწავლა მიატოვა და ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა, ერთ დაწესებულებაში დამლაგებლად დაეწყო მუშაობა. ის უკვე ცოლიანი იყო, ორი შვილი ჰყავდა და წლიდან წლამდე თავი ძლივს გაქონდა. მისმა მეზობელმა კი იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ უკვე ევროპაში განაგრძო სწავლა და მეწარმის დიპლომი მიიღო. ერთხელ იმ დაწესებულებაში, სადაც ყოფილი ფრიადოსანი დამლაგებლად მუშაობდა, ახალ მმართველს ელოდნენ. მასზე ყველა ლაპარაკობდა, საოცრად განათლებულიაო. როდესაც ახალი მმართველი შემოვიდა, დამლაგებელმა მაშინათვე იცნო თავისი ყოფილი თანაკლასელი. ყოფილი ფრიადოსანი იმდენად ძლიერმა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, რომ რამოდენიმეჯერ თვითმკვლელობა სცადა. ვიღაცამ მას წმიდა მთაზე ჩამოსვლა და ჩემთან შეხვედრა ურჩია. როდესაც თავისი ცხოვრების ამბებს მიყვებოდა, მას აღმოხდა: „ერთი ნახეთ, ეს შტერი არ გახდა ჩემი მმართველი“?! აი, მაშინ კი კარგად შევახურე: „აი, შე ასეთო და ისეთო, შენ ხომ მასზე გაცილებით მეტის მიღწევა შეგეძლო! შენც კარგად იქნებოდი და არც ბავშვებს გაუჭირვებდი, კეთილ საქმეებსაც აღასრულებდი. ის არ გყოფნის, რომ შენს გამო მთელი შენი ოჯახი იტანჯება, ახლა საკუთარ თავზე ხელის აღმართვა მოგივიდა აზრად, რომ თავიც დაიღუპო და ბავშვებიც ობლად დატოვო?! სულაც არ მებრალები, იმიტომ, რომ საკუთარი სისულელის გამო ისჯები, მაგრამ შენი შვილები მეცოდებიან, გასაგებია?! მოდი, მოთმინება მოიკრიბე და მგონია, რომ ახალი მმართველი შენს მიმართ დადებითად განეწყობა. შეიძლება, მან სხვა - ახლანდელზე უკეთესი სამსახური გამოგიძებნოს. მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ ეს საწარმო აღარ მოგეწონება, სხვა სამსახური მოძებნე, იმას კი ნუ იზამ, რომ საკუთარი შვილები ღია ცის ქვეშ დაგრჩნენ“. ყოველივე ამის შემდეგ ის გონს მოეგო.

აი, გამოდის, რომ სწავლის დროს თუ ყმაწვილები ჯეროვნად იშრომებენ, შეიძლება, ეს ცოტა მომქანცველი კი იყოს, მაგრამ სამაგიეროდ ვალი აღარავისი დარჩებათ, ამიტომ ისინი დიპლომებს მალევე მიიღებენ და სადარდელი აღარაფერი ექნებათ. ვხედავ, რომ ის ყმაწვილები, რომელთაც სწავლის დროს სხვადასხვა საგნებში დავალიანებები დარჩათ, უნივერსიტეტების დამთავრებისა და სხვადასხვა სამსახურებში დანიშვნის შემდეგაც დადიან სასწავლებლებში, რათა ის ვალები დაფარონ. ერთი ერთგან, მეორე - მეორეგან და უამრავი პრობლემა აქვთ.

- წმიდაო მამაო, თუკი ახალგაზრდა სწავლის დროს სასწავლებელში გაიცნობს გოგონას და შესაძლებელი გახდება, რომ ეს ნაცნობობა ქორწინებით დამთავრდეს, აქვს კი აზრი სწავლის დამთავრებამდე დაქორწინებას?

- ვფიქრობ რომ, რაც არ უნდა კარგი და კეთილი ნაცნობობა იყოს, ის ხელს შეუშლის სწავლას. თუ სტუდენტი დაქორწინდება, ასეთი ქორწინება გატანჯავს მის შვილებსაც და მეუღლესაც. თუნდაც მისი რჩეული ამქვეყნად საუკეთესო ცხოვრების თანამგზავრი აღმოჩნდეს. ასეთ ახალგაზრდას ურჩევნია ხორციელი და სულიერი ძალები განათლების მისაღებად მოიკრიბოს და დაამთავროს უნივერსიტეტი. მერე კი პირადი ცხოვრებაც მოიწყოს. თუკი ის ძალებს განაბნევს, ეს მხოლოდ იმას მოუტანს, რომ გამუდმებით სულიერ და ხორციელ მოტეხილობას იგრძნობს.

 

ცხოვრების არჩეულ გზაზე სწორად შედგომის მთავარი მონაცემი სწორი სულიერი ცხოვრებაა

- წმიდაო მამაო, გახსოვთ ის გოგონა, რომელმაც გითხრათ, რომ მონაზვნობაზე ფიქრობს? მან მიამბო, რომ თანაკურსელი ვაჟი ცდილობს, ათქმევინოს, რად არ მიდის ის კინოში, ან ვაჟებთან რატომ არ ერთობა. რა უნდა უპასუხოს მას?

- უნდა უპასუხოს: „ასეთ რამეებს მე ღვიძლი ძმაც კი არ მეკითხება და შენ რატომ მაძლევ შეკითხვებს“?

- რამოდენიმე დღის წინ ის ისევ დახვდა მას უნივერსიტეტთან და მხარზე სტაცა ხელი, გოგონამ კი მას მხოლოდ სალამი უთხრა და შენობაში შევიდა.

- არა, ის ცუდად მოქცეულა! ასეთ შემთხვევაში წინააღმდეგობა უნდა გაეწია. იგი ისე მოიქცა, რომ შესაძლოა, ვაჟმა იფიქროს, რომ მისი საქციელი ძალიან მოეწონა და გაიმეოროს. ის ახლა რამდენადმე რთულ ასაკშია და თუ ყმაწვილებთან მეგობრობას გააბამს, ალბათ ეს მას კარგს არაფერს მოუტანს. არც კი უნდა ესაუბროს მათ, თუნდაც ვითომდა, მათივე დახმარების მიზნით. თუკი იგი წესიერ, კარგ ყმაწვილს შეხვდება და ოჯახის შექმნას გადაწყვეტს, მშობლები საქმის კურსში უნდა ამყოფოს. ისინი გაარკვევენ, აქვს თუ არა ახალგაზრდა კაცს კარგი ოჯახის შესაქმნელად საჭირო მონაცემები. მაგრამ, ამჟამად, როდესაც ცხოვრების გზა ჯერაც ვერ აურჩევია, ყმაწვილებთან საუბარი არას არგებს. ეს მხოლოდ თავბრუს დაახვევს და სიმშვიდეს დააკარგინებს. საბრალო ყმაწვილები და ქალიშვილები ამ საკითხისადმი გაუფრთხილებელი მიდგომით უაღრესად გაუწონასწორებელ მდგომარეობაში ვარდებიან. გამუდმებით აღელვებულები არიან და მოსვენებას ვერ პოულობენ. შფოთი და მღელვარება აწერიათ სახეზე და მათ თვალებშიც იგივე იხატება.

მდედრობითი სქესის ლტოლვა მამრობითისაკენ და - პირიქით ადამიანური ბუნებისათვისაა დამახასიათებელი. მაგრამ ამ გოგონას უთხარი, რომ ამჟამად ამის დრო არ არის. დაე, მან თავის სწავლას მიხედოს. ყმაწვილები და გოგონები, რომლებიც ადრეული ასაკიდან საკუთარ თავში საწინააღმდეგო სქესისადმი მიზიდულობის ჩამოყალიბებას ხელს არ უშლიან, მანამდე აჭერენ ხელს „ღილაკს“, ვიდრე ამისათვის შესაფერისი დრო დადგებოდეს. ხოლო, როდესაც „ღილაკზე“ ხელის დაჭერის დრო ნამდვილად მოდის, შესაბამის სიხარულს ვეღარ გრძნობენ, იმიტომ, რომ ყველაფერი ეს უკვე განცდილია, თანაც - სრულიად შეუსაბამო დროს. ხოლო ის ყმაწვილები, რომლებიც ამ ურთიერთობებში სიფრთხილეს იჩენენ და კეთილსასურველი დროის დადგომამდე იცდიან, მეტ სიხარულს განიცდიან, მანამდე კი სულიერ სიმშვიდეს არ კარგავენ. შეხედეთ იმ დედებს, რომლებიც ქორწინებამდე უმანკოდ ცხოვრობდნენ. ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საზრუნავი ახვევიათ თავზე.

ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ქორწინებამდე ახალგაზრდა უნდა ეცადოს, რაც შეიძლება სულიერად ცხოვრობდეს და უმანკოება შეინარჩუნოს, ეს კი მას ორგვარ ჯანმრთელობას მოუტანს. სულიერი ცხოვრება საუკეთესო მონაცემია როგორც ოჯახური, ასევე - მონაზვნური გზის წარმართვისათვის. დღევანდელი ქვეყნიერება გაბნეულ მარცვლის ყანას ჰგავს. თავთავმა შემოსვლა დაიწყო, მაგრამ მას ღორები შემოესივნენ და ყველაფერი გადათხარეს და ააოხრეს. ყოველივე ამის შემდეგ კი ეს ყანა ასე გამოიყურება: გათელილი ბალახი, მიწა, ჭუჭყში ამოსვრილი თავთავები და მხოლოდ სადღაც კიდეებთან შეხვდებით გადარჩენილ თავთავს - საღი მარცვლებით. რაც უფრო მეტად იღწვის ადამიანი სულიერად ახალგაზრდობის წლებში, მით უფრო უადვილდება მას, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს შემდგომში. რაც უფრო კარგად შეიარაღდება ის ომის წინ და რაც უფრო უკეთ მოემზადება ბრძოლისთვის, მით უფრო გაუადვილდება ბრძოლის ჟამს, როდესაც ირგვლივ ტყვიები აზუზუნდებიან და ქვემეხებიდან გასროლილი ჭურვები აფეთქდება. ვიდრე გოგონა გადაწყვეტდეს, კეთილი და მოყვარული დედა უნდა გახდეს, თუ - მონაზონი, მან უმანკოდ უნდა იცხოვროს. ამიტომ ამჯერად მთელი თავისი ენერგია და მცდელობა სწავლას უნდა მოახმაროს. თუკი ის თავის თვალსა და ყურს უფრთხლიდება, თუკი ის ბილწ ზრახვებს განდევნის, მომავალში გაცილებით ცოტა რამ ექნება მოსაშორებელი, ვიდრე მაშინ - უყურადღებოდ რომ ყოფილიყო. ანდა ყმაწვილი! როდესაც ის მაგალითად, ლამაზ გოგონას შეხვდება, კეთილი ზრახვები უნდა აამუშაოს. მას ისე უნდა უცქერდეს, როგორც რომელიმე წმიდანის ცოცხალ ხატს. ხოლო თუ გარყვნილ ქალიშვილს შეხვდება, მას ისე უნდა უყურებდეს, როგორც - საკუთარ დას. ჩვენ ყველანი ხომ ადამის შვილები ვართ. ყმაწვილმა უნდა შეიბრალოს იგი, სწორედ ისევე, როგორც მაშინ ეტკინებოდა გული, მისი ღვიძლი და რომ დაცემულოიყო ამ მდგომარეობამდე.

- წმიდაო მამაო, მაგრამ დღეს უნივერსიტეტებში და სხვა სასწავლებლებში ხომ ახალგაზრდების წინაშე საცთურების მთელი სიმრავლეა წარმოშობილი?!

- უნდა დაუმეგობრდეთ სულიერად მცხოვრებ ახალგაზრდებს. იმისათვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და ისინი სულიერ ატმოსფეროში იმყოფებოდნენ, ფერების ჩამუქება საჭირო არ არის! ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, უნივერსიტეტებში რომ სწავლობენ და უმანკოდ ცხოვრობენ. ისინი ამას საკუთარი მცირეოდენი ძალისხმევითა და ღვთის უდიდესი შეწევნით აღწევენ.

 


[1] - მათ. 22, 30.

[2] - მათ. 19, 16; მარკ. 10, 17; ლუკ. 18, 18.

[3] - მათ. 19,17; მარკ. 10, 19; ლუკ. 18, 20.

[4] - მათ. 19, 20.

[5] - მარკ. 10, 21.

[6] - მათ. 19, 21; ლუკ. 18, 22.

[7] - ჩვენი საშუალო სკოლის XI კლასს შეესაბამება.

[8] - 1966 წელს ბერი იწვა საავადმყოფოში, სადაც მას ფილტვების ოპერაცია გაუკეთდა, რადგანაც ბრონქოექტაზით იტანჯებოდა.