† ბერი პაისი ათონელი
ნაწილი მეოთხე - ეკლესია ჩვენს ეპოქაში

თავი მეოთხე
მართლმადიდებლური გარდამოცემის შესახებ

„იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისადმე“ [1]

- წმიდაო მამაო, ხშირად გვესმის „ეკლესიის განახლების“ შესახებ, თითქოსდა ეკლესია მართლაც დაბერდა და მას განახლება ესაჭიროება.

- „დაბერდა?“ ასე ნამდვილად არ არის! თვით ისინიც კი, ვინც ღვთისმოსავი არ არის, მაგრამ ცოტაოდენი აზროვნების უნარი აქვს, ახალი, თანამედროვე ნაკეთობებით არ ინტერესდებიან და ძველს ეძებენ. მაგალითად, ახლადდაწერილ ხატებს ეს ადამიანები ხელს არ მოკიდებენ, მათ ძველი ხატების ღირსება ესმით. თუკი უბრალო წარმოსახვის მქონე ადამიანები ასე იქცევიან, მაშინ ღვთისმოსავებზე რაღა ითქმის?! ამ შედარებიდან აშკარაა, თუ რამდენად მცდარია „ეკლესიის განახლების“ და მსგავსი საგნების შესახებ საუბარი. თუ დღეს ადამიანი ცდილობს, რამენაირად გარდამოცემა დაიცვას - შეინახოს მარხვა, დღესასწაულებზე არ იმუშაოს, იყოს ღვთისმოსავი, მაშინ ზოგიერთი იტყვის: „ის რა, მთვარიდან ჩამოვიდა? ეს ყველაფერი ხომ წარსულის გადმონაშთებია! დღეს ისინი მოძველდა!“ თუ მათ გონზე მოყვანას შეეცდები, გიპასუხებენ: „შენ რომელ დროში ცხოვრობ? ყოველივე ამან თავისი დრო მოჭამა!“ თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ ეკლესიის გარდამოცემას, როგორც ზღაპარს - ისე უყურებენ. წმ. წერილი კი რას ამბობს: „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“. თუ ადამიანს გარდამოცემის შესრულება არ სურს, მაშინ მან ეს მაინც უნდა თქვას: „ვცოდე, ღმერთო!“ მაშინ ღმერთი შეიწყალებს ამ ადამიანს, მაგრამ დღეს, როდესაც ადამიანს რაღაც სისუსტე აქვს, იგი ცდილობს, თავისი ახლობელიც ამ სისუსტისაკენ მიიზიდოს, რადგან, როდესაც მოყვასი იმავე სისუსტეს მოკლებულია, ეს ამხელს ცოდვილს. აიღე ეშმაკეული და იგი სულიერ გარემოში მოათავსე, ნახავ, რომ იგი ისე აცქმუტდება, თითქოს ეკლებზე იჯდეს. ეს იმიტომ, რომ სულიერი გარემო აღაშფოთებს მას. ასევე არიან ისინი, ვინც ცოდვაში ცხოვრობენ - სხვათა სწორი ცხოვრება აღაშფოთებს და ამხელს მათ. ისინი ცდილობენ საკუთარი სინდისის ხმა ჩაახშონ და გადმონაშთების შესახებ ამ სისულელეებს სწორედ ამიტომ ლაპარაკობენ. თვით მარადიულ ღირებულებებსაც კი მოძველებულად თვლიან და ცდილობენ, ისინი ყოველგვარი უწესობით შეცვალონ. ქვეყანაზე უდიდესი გახრწნილებაა გამეფებული! სულიერი სილამაზე სიმახინჯედაა მიჩნეული, ანუ ერის ადამიანებისათვის ეს სულიერი სილამაზე ერულად ულამაზოდ ითვლება. აბა, წაიყვანე რომელიმე ბერი და თმა შეკვეცე, ნახავ, რა ულამაზო გახდება! თუმცა ამ ულამაზობას ერის ადამიანები სილამაზედ თვლიან.

შეხედე, დღეს ეკლესიას ებრძვიან, მის დანგრევას ცდილობენ! კარგი, დავუშვათ, რომ ამ ადამიანებს სარწმუნოება არა აქვთ. დავუშვათ, ისინი სხვებს უღმერთობას ასწავლიან, მაგრამ როგორ შეუძლიათ მათ, არ დაინახონ ის სიკეთე, რომელსაც ეკლესია ხალხს აძლევს. როგორ კადრულობენ, მის წინააღმდეგ რომ ილაშქრებენ? ამაში უდიდესი ბოროტებაა. მაგალითად, როგორ შეუძლიათ, არ აღიარონ, რომ ეკლესია ზრუნავს ბავშვებზე, ეხმარება მათ იმაში, კეთილი ადამიანები გახდნენ და არა - ავაზაკები. ისინი კი ბავშვებს ბოროტებისაკენ უბიძგებენ, ხელს უხსნიან მათ, ვინც ბავშვებს ხრწნის. მაგრამ რას ასწავლის ახალგაზრდებს ეკლესია? რომ იყვნენ გონიერნი, პატივი სცენ უფროსებს, წმინდად დაიცვან თავი და საზოგადოებაში ნამდვილი ადამიანებივით იქცეოდნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის დანგრევას ცდილობენ, ყველაფერი კვლავ თავის ადგილს დაიკავებს. რუსეთში, ჯერ კიდევ უღმერთობის ხანაში, ერთი მოხუცი ქალი მოვიდა ეკლესიაში, იგი მუხლებზე დაემხო და ლოცვა დაიწყო. ამ დროს ტაძარში იმყოფებოდა კიდევ ერთი ქალი. ახალგაზრდობის მიუხედავად იგი უკვე ცნობილი მეცნიერ-მუშაკი იყო. როდესაც დაინახა, როგორ ლოცულობდა დედაბერი, მან თქვა: „ეს დიდი ხნის გარდასული დროის ამბებია“ მაშინ დედაბერმა მიუგო: „აი, სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა მე ვლოცულობ და ვტირი, ტირილი შენ მოგიწევს. თქვენი დრო, შვილო, მიდის და მოდის, ახლა არის და ხვალ დავიწყებას მიეცემა, ხოლო ქრისტიანობა არასოდეს დაძველდება“.

 

პატივისცემა გარდამოცემისადმი

ბევრი წმ. მოწამე, სარწმუნოების დოგმატები რომ არ იცოდა, ამბობდა: „მწამს წმ. მამათა დადგენილებები“. როცა ამას ამბობდა, ადამიანი ამოწმებდა ქრისტეს და მოწამე ხდებოდა. ანუ - ქრისტიანს არ შეუძლია, ქრისტიანული სარწმუნოების დამამტკიცებელი საბუთები მოიტანოს, რომ ამით მდევნელები დაარწმუნოს, მაგრამ იგი წმ. მამებსაა მინდობილი. „როგორ შემიძლია, წმ. მამებს არ ვენდო? ისინი ხომ ჩემზე გაცილებით გამოცდილნი იყვნენ და მეტი სათნოებებით გამოირჩეოდნენ. როგორ შემიძლია, დავეთანხმო ამ უაზრობას და წმ. მამები დავგმო?“ - ფიქრობდნენ ისინი. ჩვენ გარდამოცემას უნდა ვერწმუნოთ. დღეს, საუბედუროდ, ჩვენშიც ევროპული „კორექტულობა“ შემოიჭრა და ადამიანები ცდილობენ, თავი კეთილად წარმოაჩინონ. ცდილობენ, საკუთარი „მაღალი კეთილშობილება“ გამოავლინონ და იმით ამთავრებენ, რომ ორრქიან ეშმაკს სცემენ თაყვანს. „იყოს მხოლოდ ერთი რელიგია“. - ამბობენ ისინი და ყველაფერს ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ჩემთან, სენაკშიც მოვიდა ასეთი შეხედულებებით რამდენიმე ადამიანი. „ჩვენ, ანუ ყველა, ვისაც ქრისტე გვწამს, ერთ რელიგიად უნდა გავერთიანდეთ“. - მითხრეს მათ. „- ეს იგივეა, რომ შემომთავაზო ერთად შევაგროვო გარკვეული რაოდენობის ოქრო და გარკვეული რაოდენობის სპილენძი, რომელიც ამ ოქროდან გამოიყო, რათა მათგან კვლავ ერთი ნაერთი შედგეს. - ვუპასუხე მე. - მაგრამ განა ღირს ოქრო ისევ უბრალო მეტალს შეუერთდეს? აბა, ჰკითხე ოქრომჭედელს: „შეიძლება ნარჩენისა და ოქროს შერევა?“ ამდენი ბრძოლა გადავიტანეთ, რომ დოგმატები მინარევებისაგან გაგვეწმინდა!“ წმ. მამებმა იცოდნენ თავიანთი საქმე. ისინი ერეტიკოსებთან ურთიერთობას კრძალავდნენ და - არც უმიზეზოდ... მაგრამ დღეს ამართლებენ ერთობლივ ლოცვას არა მხოლოდ კათოლიკებთან, არამედ - ბუდისტებთან, ცეცხლთაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან. ამბობენ, რომ მართლმადიდებლებიც უნდა მონაწილეობდნენ ეკუმენისტურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებში. „ეს - დამოწმებაა“. რა „დამოწმებაზეა“ ლაპარაკი! ეს ადამიანები ყოველთვის პრობლემას ლოგიკის საშუალებით წყვეტენ. ისინი ამართლებენ იმას, რასაც არ შეიძლება, გამართლება ჰქონდეს. ევროპული სული მიიჩნევს, რომ ბაზრის საერთო სავაჭროებში სულიერი საგნებითაც შეიძლება ვაჭრობა.

ზოგიერთ უგუნურ მართლმადიდებელს სურს, „განმარტოს მართლმადიდებლობა“, „მისიონერული მოღვაწეობა წამოიწყოს“. ისინი სხვა აღმსარებლობის პირებთან ერთობლივ კონფერენციებს მართავენ, რომ რაც შეიძლება დიდი ხმაური მოჰყვეს ამას და ჰგონიათ, რომ ამგვარად - ბოროტაღმსარებლებთან თუ გაერთიანდებიან - „განმარტავენ მართლმადიდებლობას!“ ამის შემდეგ საქმეში სუპერმოშურნეები ჩაერთვებიან. ამათ კიდევ სხვა უკიდურესობა სჭირთ: ისინი იმ ადგილობრივ ეკლესიათა გმობამდე მიდიან, რომლებიც ახალ კალენდარს მისდევენ, ან რაღაც ამგვარით აცდუნებენ მართლმადიდებლებს. არამართლმადიდებლები კი, თავის მხრივ, ჩამოდიან ერთობლივ კონფერენციებზე, თავი მასწავლებლებად მოაქვთ; ისმენენ მართლმადიდებელთა შეხედულებებს და მათგან საუკეთესო სულიერ ნედლეულს იღებენ. შემდეგ მას თავის ლაბორატორიაში გადაამუშავებენ, თავის ფერზე შეღებავენ, საკუთარ იარლიყს დააკრავენ და დედნად ასაღებენ. და ამ უცნაურ ერის ადამიანებში ამგვარი უცნაურობები დიდ აღტაცებას იწვევს, ყოველივე ეს კი ანგრევს მათ სულებს. მაგრამ ცხადია, რომ, როდესაც საჭირო იქნება, უფალი აღადგენს მარკოზ ეფესელსა და გრიგოლ პალამას, რომლებიც ერთად შეკრებენ საცდურის მიერ მოწყლულ ჩვენს ძმებს, რათა აღიარონ ჭეშმარიტი რწმენა, განმტკიცდეს გარდამოცემა და იხარებდეს ჩვენი დედა-ეკლესია. ჩვენ რომ მამათა სწავლების მიხედვით ვცხოვრობდეთ, ყოველ ჩვენგანს მყარი სულიერი ჯანმრთელობა ექნებოდა, მაშინ ყველა არამართლმადიდებელი ამ ჯანმრთელობის მიმართ შურით აღივსებოდა, საკუთარ ცდომილებას დატოვებდა და ყოველგვარი ქადაგების გარეშე ცხონდებოდა. დღეს მათ ჩვენი წმ. მამათა გარდამოცემა არაფერს ეუბნება, იმიტომ, რომ მათ სურთ, ჩვენში წმ. მამათა მემკვიდრეები დაინახონ, დაინახონ ჩვენი ჭეშმარიტი ნათესაობა წმიდანებთან. თითოეული მართლმადიდებლის მოვალეობაა კეთილი შეშფოთების დანერგვა არამართლმადიდებელთა შორის, რათა მათ გაიგონ, რომ ცდომილებაში იმყოფებიან, სიცრუით თავი არ დაიმშვიდონ, საკუთარ თავს ამქვეყნიურ ცხოვრებაში აღარ მოაკლონ მართლმადიდებლობის მდიდარი მადლი, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში - კიდევ უფრო მეტი - საუკუნო მადლი ღვთისა! ჩემთან, სენაკში მოდიან კეთილად განწყობილი ყმაწვილი კათოლიკები, რომლებიც მზად არიან მართლმადიდებლობა მიიღონ. „გვინდა, რომ რაღაც ისეთი გვითხრა, რაც სულიერად დაგვეხმარება“ - მთხოვენ ისინი. მე კი ვურჩევ: „- აი, რა უნდა გააკეთოთ, აიღეთ ეკლესიის ისტორია. თქვენ ნახავთ იმასაც, რომ ოდესღაც ჩვენ ერთად ვიყავით და იმასაც, თუ სადამდე მიხვედით თქვენ თანდათანობით. ეს ძალიან დაგეხმარებათ. ჯერჯერობით ასე მოიქეცით და შემდეგში უკვე საფუძვლიანად ვისაუბროთ“.

ადრე ადამიანები უფრთხილდებოდნენ პაპისეულ ნივთებს და რელიქვიად ინახავდნენ მათ, მე ერთ ძალიან კარგ ადამიანს ვიცნობდი - ადვოკატი იყო. მისი სახლი უბრალოებით გამოირჩეოდა. ეს უბრალოება აღადგენდა არა მხოლოდ მის ძალებს, არამედ - ყველა მისი სტუმრისას. მან მიამბო: „- რამდენიმე წლის წინ, მამაო, ნაცნობები ჩემს ძველ ავეჯს დასცინოდნენ, დღეს კი მოდიან და დიდ აღტაცებას გამოთქვამენ მისი ანტიკვარულობის გამო! მე კი, როცა ამ ძველ ავეჯს ვხმარობ, მიხარია. მიხარია, იმიტომ, რომ ჩემს დედას და მამას, პაპაჩემს მახსენებს. ეს მოგონებები სულს მითბობენ. ჩემი ნაცნობები კი თავიანთ ბინებში ათასგვარ ძველმან ნაგავს აგროვებენ, მათი სასტუმროები მეძველმანის სავაჭროს ჰგავს, რათა ამ ნივთებთან სიახლოვეში ერული შფოთი ცოტა მაინც დაივიწყონ“. მამის ან პაპის ნაანდერძევ პაწაწინა ოქროს მონეტას ძველად განძივით უფრთხილდებოდნენ. დღეს კი ვინმეს კიდეც რომ ჰქონდეს დედის ან პაპის ნაჩუქარი, მაგალითად, საბერძნეთის ოქროს ხანის - მეფე გიორგის დროინდელი ოქროს მონეტა, რომელიც ინგლისის ოქროს ხანის - დედოფალ ვიქტორიას დროინდელ მონეტაზე ასი დრაქმით იაფი ღირს, სიხარულით გაცვლიდა მას, ასეთი ადამიანი პატივს არ სცემს და არად აგდებს არც დედას და არც მამას. გამოჩნდება ეს ევროპული სული და ყველა ჩვენგანს ერთი ხრამისაკენ გაიტაცებს.

მახსოვს, პირველად რომ ჩამოვედი წმ. მთაზე, ერთი სავანის გამოცდილი ბერი გავიცანი. ის უკვე მოხუცი იყო და დიდი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. ის არ აგდებდა არა მარტო კუნკულს [2], რომელსაც მისი „პაპები“ - წინამორბედები ატარებდნენ, არამედ - არც იმ ხის თარგს, რომელზედაც ეს კუნკულები მზადდება. მასთან სხვადასხვა ლამაზად გაწყობილი ძველი წიგნები და ხელნაწერები ინახებოდა - გულმოდგინედ დაკეტილ წიგნის კარადაში. ამ წიგნებით იგი არ სარგებლობდა და სასოებით ინახავდა. „მე ამ წიგნების წაკითხვის ღირსი არა ვარ - ამბობდა იგი. - ეს უბრალო წიგნები მირჩევნია: „მამათა სწავლანი“ და „კიბე“. შემდეგ ამ საძმოში ერთი ახალგაზრდა ბერი მივიდა (საბოლოოდ იგი წმ. მთაზე არც დარჩენილა) და ბერის მხილება დაიწყო: „რატომ ინახავ აქ ყოველგვარ ნაგავს?“ შეაგროვა კუნკულის ხის თარგები და ცეცხლში ჩაყრას უპირებდა. „ეს ჩემს სულიერ პაპას ეკუთვნოდა, - ტირილით ეხვეწებოდა მას ბერი. - რას გიშლის, ჩვენ ხომ ამდენი ოთახი გვაქვს. სადმე კუთხეში მიუჩინე ადგილი“. ღვთისმოსაობის გამო ეს მოხუცი ბერი მარტო წიგნებს, რელიქვიებსა და კუნკულებს კი არ ინახავდა, არამედ - ძველ თარგებსაც! თუ მცირეს სცემ პატივს, დიდის მიმართაც პატივისცემას იგრძნობ. თუ მცირესაც არ სცემ პატივს, პატივისცემა არც დიდის მიმართ გაგიჩნდება. ასე იცავდნენ გარდამოცემას მამები.

 

დავიცვათ მონასტერში ის, რაც გამოცდილებითაა შემოწმებული

- წმიდაო მამაო, თუ რომელიმე და ახალ მორჩილებაზე მივა და ნახავს, რომ იქ მანამდე გარკვეული უწესრიგობა ყოფილა, შეუძლია, მას ამ წესში რაიმე შეცვალოს?

- არა, თავდაპირველად ნურაფერს შეცვლის, მარტოც რომ ასრულებდეს ამ მორჩილებას. ცვლილება, რომელზედაც შენ ლაპარაკობ, ძველ სავანეებში მოსულმა ახალმა მონასტრულმა საძმოებმა მოახდინეს. წინამორბედთა გამოცდილებას ისინი უპატივცემულოდ მოექცნენ, საქმესთან ასეთი მიდგომით, საკუთარი ღვთისმსახურებისა და მონასტრული ტიპიკონის შემოღებით და მონასტრის ძველი წეს-განგებიდან გადახვევით, ანუ იმ წესიდან, რომელიც ადრე არსებობდა და გამოცდილებით იყო შემოწმებული და მონაზვნურ ცხოვრებას მიესადაგებოდა - ბერები გარდამოცემას და გარდამოცემის მიმართ ყოველგვარ პატივისცემას კარგავენ. შემდეგ ისინი მიხვდებიან, თუ რა დიდი სარგებლობა მოჰქონდა იმას, რაც მათ შეცვალეს. მათ, ვინც მონასტერში წესებს აკანონებდა, იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ის, რაც მონასტრებში ძველთაგანაა შემონახული, გამოცდილებითაა შემოწმებული. შეხედე, ხომ ყოველგვარ ხელოვნებასა და საქმეში საჭიროა კანონის დაცვა? მე ხურო ვიყავი და ვიცი, რომ ჩვეულებრივი მაგიდის სიმაღლე სამოცდაათი სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოლო კიბის საფეხურის სიგანე - ოცდაშვიდი სანტიმეტრი. ყველაფერი ეს გამოცდილებითაა შემოწმებული. მოსწავლემ კი უბრალოდ უნდა მიიღოს ეს - ნდობით. მისთვის არაა საჭირო იმის ახსნა, რატომაა საჭირო ასე და არა - სხვაგვარად. ეს წესები გამოცდილების ნაყოფია. მოსწავლეს ოსტატის ნდობა მართებს და - პატივისცემა გამოცდილებისადმი. მას, ვინც ხელობის კანონებს არ სცნობს, კარგი ნახელავი არ გამოუვა. ის მაგიდას ან ძალიან დაბალს გააკეთებს, ან - მაღალს. რაღაცას აუცილებლად აურევს. მე, ჩემი ცხოვრების მანძილზე, მრავალი სენაკი შევიცვალე: ნამდვილი „კავსოკალივისტი“ გავხდი? ზოგჯერ, როდესაც ახალ ადგილას მივდიოდი, რაღაცას ვცვლიდი - ავჭედავდი „უსარგებლო“ კარს, ვაძრობდი „ზედმეტ“ ლურსმნებს... მაგრამ შემდეგ ვრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი, რაც დამხვდა, რაღაცა აზრით იყო გაკეთებული. ამიტომ ახლა, როდესაც ახალ ადგილას მივდივარ, ჩემი წინამორბედების მიერ გაკეთებულს - თავდაპირველად არაფერს ვცვლი, თუნდაც მათ გამო რაღაც უხერხულობას ვგრძნობდე. კედლიდან ერთ ლურსმანსაც არ გამოვაძრობ. გამოცდილება რომ არ მქონდეს, კედლიდან ჩაჭედებულ ლურსმნებს ამოვიღებდი და შემდეგ, როცა უშედეგოდ შევეცდებოდი მათ სხვა ადგილას დაჭედებას და ბათქაშს გავაფუჭებდი, ბოლოს მაინც იძულებული გავხდებოდი, ძველ ადგილას დამეტოვებინა ისინი. მან ხომ, ვინც აქ ჩემამდე ცხოვრობდა, ისინი იმიტომ ჩააჭედა იმ ადგილზე, რომ ამის პრაქტიკულ აუცილებლობაში საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა. თუ კედელზე ლურსმანია, ე.ი. ის მაისურის, შესამოსელის ან სხვა რაიმეს დასაკიდადაა. ერთ სენაკში, სადაც ერთხანს ვცხოვრობდი, ყველა კუთხეში სქელი მოღუნული ჯოხი იყო მიყუდებული. თავდაპირველად ამ ჯოხებს ვურიგებდი ყველას, ვინც კი მესტუმრებოდა. მაგრამ მერე მივხვდი, თუ რისთვის იყო ისინი საჭირო. კელიაში ბევრი გველი იყო და იგი, ვინც აქ ჩემამდე ცხოვრობდა, ყველგან ჯოხებს აწყობდა, რომ, როცა დასჭირდებოდა, აქეთ-იქით არ ერბინა. ყველაზე მთავარი ისაა, იმას მივყვეთ, რაც გამოცდილია. სხვა შემთხვევაში გარდამოცემა წაგვივა და გამცემლობა შეგვრჩება. დააკვირდი სიტყვებს „გარდამოცემა“ და „გამცემლობა“ [4]... - როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან ისინი! განა შეიძლება გამცემლური გარდამოცემა გარდამოცემაში ავურიოთ? დღეს ზოგიერთ მონასტერში იმას აკეთებენ, რაც თავში მოუვათ და ჰგონიათ, რომ გარდამოცემას მისდევენ; ამდენად, ეს მონასტრები გარდამოცემის დამცველებიდან მის გამცემლებად გადაიქცევიან ხოლმე. მაგრამ თუ სულიერი გულისხმიერება არ არის, სულიერ განსჯას რაღა მოიტანს? მონაზვნობა ხომ სულ სხვა გზას უნდა ადგეს! არც მარშით მიმავალი ჯარისკაცთა კოლონა, არც „საზოგადოებრივი აქტივობის რელსები“, არც ფაბრიკის ან კოლმეურნეობის ტიპის საწარმოო კონვეიერი ჩვენთვის, მონაზვნებისათვის, გამოსადეგი არ არის. მონაზვნობას მონაზვნური გამოცდილებით შემოწმებული გზა სჭირდება. ხდება, რომ წმიდა მამათასეულს“ ეძახიან სხვა - ცრუ გზას, „თეორიულ მონაზვნობისას“, რომელზე მავალთაც წაკითხული აქვთ წმ. მამები, ისე რომ მათთან და საერთოდ მონაზვნობასთან არანაირი შინაგანი კავშირი არ ჰქონიათ.

დღეს მრავალი ახალი მონასტერი ისე ცხოვრობს და მოქმედებს, თითქოს საქველმოქმედო ორგანიზაცია იყოს. რა თქმა უნდა, გარკვეული გამართლება მათ აქვთ - მათ საფუარი არ ეყოთ. მაგრამ ხომ შეეძლოთ, მონაზვნობის შესახებ ძველ სავანეებში გამოეკითხათ. როდესაც თურქების ბატონობის შემდეგ საბერძნეთის მონასტრებში კვლავ ბრუნდებოდა პირვანდელი ცხოვრება, საფუარი მაშინაც აღარსად იყო. ბავარიელი მედროვეები [5] ცდილობდნენ, არსებული სავანეები გაენადგურებინათ და დაესაკუთრებინათ. მონასტრების განადგურების სურვილმა ისინი იქამდე მიიყვანა, რომ გამოსცეს დადგენილება ბერების ქორწინების შესახებ! მაგრამ, მეორე მხრივ, არც მართლმადიდებელმა ბერძნებმა მოისურვეს ძველი მონაზვნობის გამოძიება, რომ ენახათ, როგორი იყო ის და გარდამოცემას დაბრუნებოდნენ. როდესაც ხედავდნენ, რომ მონასტრებს ძროხები და ბოჩოლები ჰყავდა, ბერძნები ამბობდნენ: „აი, როგორები არიან ეს მონაზვნები, მათ ძროხაც ჰყავთ და ბოჩოლებიც“. არადა მთელი ეს პირუტყვი მონასტრებს იმიტომ ჰყავდა, რომ თურქების ბატონობისას ხალხი მათ გადასცემდა პირუტყვსაც და ქონებასაც, რომ ისინი თურქებისაგან დაეცვა. ავადმყოფი, ხეიბარი ადამიანები მონასტერში მოდიოდნენ პურისთვის. მონასტერში კვებავდნენ ღატაკებსა და უპოვარებს, ყველა საბრალო აქეთ მოისწრაფოდა. იმ დროისთვის საქველმოქმედო დაწესებულებები არ არსებობდა. ამიტომ ბერები პირუტყვს მწყემსავდნენ, რომ ხალხს დახმარებოდნენ. მაგრამ შემდეგ, როდესაც მონასტრებში უკვე აღარ იყო აუცილებლობა იმისა, რომ ქველმოქმედებაზე ასე ეზრუნათ, იქ მაინც აგრძელებდნენ ძროხების, ცხვრისა და ხბოების მოშენებას. კვლავ მისდევდნენ მეცხოველეობას. როდესაც ეს ნახეს, იმ ეპოქის ბევრმა სულიერმა ადამიანმა თითით მიანიშნა მონასტრებზე: „დატკბით, ასეთია ჩვენი მონაზვნობა!“ მათ დასავლეთს მიაპყრეს მზერა და მაგალითების მოტანა დაიწყეს დასავლეთის ეკლესიის მონასტრებიდან, რომლებიც მისიონერულ მოღვაწეობას ანიჭებენ უპირატესობას. დაიწყეს მიბაძვა ყოველივე დასავლურისადმი. ისინი უკან კი არ დაბრუნდნენ, ჩვენს საკუთარ გარდამოცემასთან, რომ გაერკვიათ, რა მოხდა და გონსმოსულებს ეთქვათ: „კარგი, ეს გადმონაშთები თურქების ბატონობამ დატოვა, მაშინ მონასტრებში მონასტრული ცხოვრების საშუალება არ არსებობდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს ძველი დროის სნეულებაა, დღეს კი კვლავ გარდამოცემას უნდა დავუბრუნდეთ“. არა! ისინი ჩვენს გარდამოცემას არ დაუბრუნდნენ, არამედ იმ მდგომარეობას მიმართეს, რომელშიც დასავლეთის მონაზვნობაა ჩავარდნილი. მათ იქაური წესები აიღეს და აქაც სურთ, რომ გაავრცელონ. ისინი არ დაუბრუნდნენ გარდამოცემას და მათი შეცდომა სწორედ ამაში მდგომარეობდა. თურქებიც კი პატივისცემით ეპყრობოდნენ იმას, რაც ეკლესიას ეკუთვნოდა, იმიტომ, რომ ჩვენი წმიდანების მიერ აღსრულებული სასწაულები მათაც არაერთგზის იხილეს. და მონასტრებშიც თურქებიც კი გულითად მიღებას კი არა, არამედ - საღმრთო შეწევნას ეძებდნენ.

 

ადამიანები კვლავ სიძველეებს დაუბრუნდებიან

დრო გავა და ადამიანები დააფასებენ იმას, რომ დღეს ქრისტიანები ეკლესიის პატივისცემას, რწმენასა და დიდებულებას იცავენ. აი, ნახავთ, ხალხი კვლავ სიძველეებს დაუბრუნდება. ხატწერაშიც ხომ იგივე მოხდა. დრო იყო, ბიზანტიური ხატები ხალხს არ ესმოდა და ძველ ფრესკებს შლიდნენ კედლებიდან, რომ შეეთერთებინათ და აღორძინების სტილით ხელახლა მოეხატათ. დღეს, ამდენი წლის შემდეგ ბიზანტიური ხელოვნება ჯეროვნად დაფასდა. ბევრი მათგანი, ვინც ღვთისმოსავი არ არის, ბევრი, ვისაც ღმერთიც კი არ სწამს, ჩუმ-ჩუმად სიძველეებს უბრუნდება და ძველი დაზიანებული ფრესკებიდან დასავლურ სტილზე გადახატულ ბათქაშს აცილებს. სწორედ ასევე ჩუმ-ჩუმად დაიწყებენ ადამიანები ყველაფერი იმის ძებნას, რასაც დღეს თავიდან იშორებენ.

აბა, ნახეთ, როგორ უბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს საეკლესიო გალობაში! ჭეშმარიტი საეკლესიო გალობა - შინაგანი სულიერი მდგომარეობის გამოვლინებაა. ეს საღმრთო სიხარულია! ანუ, ქრისტე ახარებს გულს და ადამიანი გახარებული გულით საუბრობს ღმერთთან. თუ მგალობელი იგრძნრბს იმას, რასაც გალობს, მაშინ შინაგანად თვითონაც შეიცვლება და ისიც, ვინც მას ისმენს.

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ კათოლიკებს ევროპული ჰარმონია მოსწონთ?

- რატომ?! ამბობენ, რომ ასეთი მუსიკა ხალხისთვის გასაგებია. გახსოვს ის ფრანგი კათოლიკე მონაზვნები, რომლებიც „ქრისტე აღსდგას“ მღეროდნენ და თანაც ხატებით ხელში თანამედროვე ცეკვებს ცეკვავდნენ? აღდგომას ზეიმობდნენ! ხოლო ხატი თვით მონასტრის წინამძღვარს ეჭირა ხელში. ყველაფერი შეცვალეს, ერთი - მეორეთი და ხედავ, სადამდე დავიდნენ ბოლოს?!

 

სარწმუნოების გარეშე სამყარო ვერ იარსებებს

უღმერთო ხელისუფლება ყოველთვის თვლიდა, რომ სარწმუნოება ვნებდა საზოგადოებას. ახლა მათ ნელ-ნელა ესმით, რომ თუ ადამიანს არ სწამს ღმერთი, მას მუხრუჭები არა აქვს, ის მხეცად იქცევა, ისინი მიხვდნენ, რომ ადამიანი იდეალების გარეშე ვერ იარსებებს. ერთმა ჟურნალისტმა მოხუც პოლიტიკოს კომუნისტს ჰკითხა: „- რაზე უნდა გაამახვილოს თანამედროვე პოლიტიკოსმა ყურადღება, რომ მარცხი არ განიცადოს?“ „- ჩვენ დავმარცხდით იმიტომ, რომ ეკლესიას შევეწინააღმდეგეთ“. - მიუგო მოხუცმა კომუნისტმა. ანუ ურწმუნო კომუნისტებმა, რომელთაც არც მატერიალური დაინტერესება აქვთ და არც სულიერი სიმაღლე, შეიგნეს, რომ ისინი ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეძლებენ. დღეს სერბეთის [6] ზოგიერთ მხარეში ეკლესიების მშენებლობა დაიწყეს. იუგოსლაველმა მმართველებმა შენიშნეს, რომ იქ, სადაც ეკლესიაა, სტატისტიკურად ნაკლებად არიან სულით ავადმყოფები, ნაკლებად ხდება ბოროტმოქმედება და ა.შ. ამ ადამიანებს ღმერთი არ სწამთ, მაგრამ იმისათვის, რომ შიზოფრენიის სამკურნალოდ ხალხი აბებით არ გამოტენონ, მათთვის ეკლესიებს აშენებენ. თვით ჩაუშესკუ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უღმერთო იყო და ქრისტიანობას „ხალხის ოპიუმს“ ეძახდა, ამავდროულად ამბობდა, რომ ქრისტიანები კარგი ადამიანები არიან. იმიტომ, რომ მორწმუნეებს „მუხრუჭები“ ჰქონდათ და უწესრიგობაში არ მონაწილეობდნენ. ხოლო დანარჩენები - ურწმუნოები ყველაფერს მტვრად და ნაცრად აქცევდნენ. და რამდენი წმიდანი აღმოაბრწყინა რუსეთმა! დღეს კომუნიზმს ომი გამოუცხადეს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაფერის გამართლებას ცდილობენ. ისინი ამბობენ: „ლენინი და მარქსი ქრისტეს ეთანხმებოდნენ, მაგრამ მისი სულისა არ ესმოდათ და ამიტომ დანაშაულებებს ახდენდნენ“. ისინი ამას იმიტომ ამბობენ, რომ ქრისტიანებმა ხმა აიმაღლეს, განაცხადეს, რომ სურთ, ძველ გარდამოცემას, ძველ რწმენას დაუბრუნდნენ. და როდესაც ნახეს, რომ ძველებურად შებორკილს ხალხს ვეღარ ამყოფებდნენ, კომუნისტები მიმართავენ მას ახალი მოწოდებებით: „მოდით, დავუბრუნდეთ ძველ გარდამოცემას“. თითქოს ყველაფერი იმის მიზეზი, რაც კომუნისტებმა რევოლუციის შემდეგ მოიმოქმედეს, იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ ესმოდათ სული ქრისტესი.

მოვა დრო, როდესაც მარტო მორწმუნეები კი არა, ურწმუნოებიც მიხვდებიან, რომ თუ სარწმუნოება არ არის, სამყარო ვერ იარსებებს, მაშინ ისინი დააძალებენ ყველას, რომ ღმერთი ირწმუნონ, რათა გადაარჩინონ სამყარო. გავა წლები და ისეთი დრო დადგება, რომ თუ რომელიმე დღეს არ ილოცებ, ამის გამო ციხეში ჩაგსვამენ. ადამიანები ანგარიშს ჩააბარებენ მმართველებს იმაზე - ილოცეს თუ არა! ამგვარად ყველაფერი თავისით დალაგდება.

 

ჩვენს შემდეგ კეთილი ტრადიცია დავტოვოთ

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ზოგიერთ მხარეში, სოფლებში კეთილი ადამიანები იბადებიან?

- იმიტომ, რომ ის ადამიანებიც, ვინც ადრე იქ ცხოვრობდა, კეთილები იყვნენ, მათ კეთილი შთამომავლობა დატოვეს და დღესაც კეთილი ტრადიცია გრძელდება. შენ კი, მგონი, ფიქრობდი, რომ უბრალოდ იქ მიწაა ისეთი, რომ კეთილ ხალხს აღმოაცენებს! არა, საქმე მიწაში არ არის. თუ რომელიმე ადგილას არსებობს ტრადიცია - კეთილი ან ბოროტი, ის გრძელდება. ეპირში, ალბანეთის საზღვართან იყო ერთი სოფელი, რომლის მოსახლეობაც ეკლესიაში მწუხრზე და საღმრთო ლიტურგიაზე დადიოდა. თუკი სრულდებოდა, - სერობაზეც კი დადიოდნენ. ეს ადამიანები - კარგად რომ გამოვხატო სათქმელი - უკვე მიწაზევე სამოთხეში ცხოვრობდნენ და იმ ქვეყნად წასვლის შემდეგაც სამოთხეში გადადიოდნენ. ისინი საკუთარ თავსაც შეეწივნენ და მომავალ თაობასაც, იმიტომ, რომ კეთილი მემკვიდრეობა დატოვეს. როდესაც შთამომავლობა კარგ ტრადიციას იღებს, ეს ტრადიცია გრძელდება. არც თუ დიდი ხნის წინ იყო ერთი სოფელი, იქ ყველა ქურდობდა. ამ სოფლიდან მარტო ერთი მღვდელი გამოვიდა და ისიც ხატებს იპარავდა ეკლესიიდან! საქმე იმაში კი არ არის, რომ ამ სოფელში ცუდი ნიადაგი იყო, არამედ - იმაში, რომ იქაურ ხალხს ცუდი ჩვეულება ჰქონდა. ამგვარად, მათ ცუდი შთამომავლობა დატოვეს და ეს ცუდი ტრადიციაც გრძელდება. იმისათვის, რომ ამ ქურდების სოფელში კარგი ტრადიციები დამკვიდრებულიყო, დიდი შრომა იყო საჭირო. და შეხედე, თუ რომელიმე ადგილას ვინმე ბოროტი ადამიანი ცხოვრობს, დანარჩენი მოსახლეები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ის მკვიდრი მოსახლე არ არის და მის წარმოშობას ფესვამდე ჩაჰყვებიან ხოლმე. ხოლო წმინდა ადამიანზე კი ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ წარმოშობით მათი თანამემამულეა. ერთი ჩემი ნაცნობი საუბრისას ნერვულად ატრიალებდა საჩვენებელ თითს, შემდეგ მისი შვილებიც რაღაცას რომ ჰყვებოდნენ, ისინიც თითებს ატრიალებდნენ. შვილები ხომ მამებისაგან იღებენ ასეთ ჩვევებს, თანაც - მთელი სიზუსტით, ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ კეთილი ჩვევები შეითვისონ, სხვა შემთხვევაში ბოროტება მეტისმეტად გავრცელდება. მახსოვს ერთი ყმაწვილი მარტოცხოვრებულთა მონასტერში მორჩილად მივიდა, მაგრამ იქ არ მოეწონა. „მოიცა, შვილო, - ეუბნება ბერი, - არ წახვიდე. ყველაფერი შეიცვლება“. - „როგორ შეიცვლება, მამაო? - წამოიძახა მორჩილმა. - ამა და ამ ბერის მორჩილი ხომ მისი ზუსტი ასლია, კიდევ სხვა მამის მორჩილი თავის მასწავლებელს წვეთი წყალივით ჰგავს, ამ ყველაფერს რა შეცვლის?“ თუ მონასტერში ანდა მონასტრის საძმოში არსებობს რაიმე ძველი ბოროტება და მორჩილები ამის გამო კეთილად არ შეშფოთდებიან და უბრალოდ პირდაპირ გადაიღებენ იმის ასლს, რასაც ხედავენ, ეს ბოროტი მდგომარეობა ქრონიკული გახდება. თუ მორჩილი კეთილ აღშფოთებას გამოავლენს, მაშინ ბოროტი მდგომარეობა შეიძლება, კეთილმა შეცვალოს.

მე ერთს მივხვდი: ყველაფერი, რაც გვაქვს - იქნება ეს წმიდა მამათა გარდამოცემა, თუ სხვა ტრადიცია - ეს უბრალოდ ნამსხვრევებია ყველაფერ იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. ანუ ყოველივე ეს შეიძლება შევადაროთ იმ მცირე ნამცვრევს, რომელიც ვაზზე რთვლის შემდეგ რჩება, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ცოტაოდენი საფუარი შევინარჩუნოთ. ეს ჩვენი ქრისტიანული ვალია. ჩვენს შემდეგ ბოროტი ტრადიციის დატოვების ნება არა გვაქვს.

რამდენიმე წლის წინ [7] ღვთისმეტყველები, უნივერსიტეტის პროფესორები, სხვა გამოჩენილი მოღვაწეები ჟენევაში შეიკრიბნენ „კრებისწინა თათბირზე“. მათ გადაწყვიტეს, რომ ქრისტეშობისა და პეტრე-პავლობის მარხვები საერთოდ გაეუქმებინათ, დიდი მარხვა რამდენიმე კვირით შეემცირებინათ, რადგან ხალხი მაინც არ მარხულობს. ამ თათბირში ჩვენმა პროფესორებმაც მიიღეს მონაწილეობა. როდესაც იქიდან დაბრუნებულები ჩემთან მოვიდნენ და ყოველივე ამის მოყოლა დაიწყეს, ისე გავბრაზდი, რომ ვუყვირე კიდეც მათ: - „გესმით მაინც, რას აკეთებთ? თუ ვინმე ავადაა, მას შეუძლია, მარხვა არ დაიცვას, საერთო წესი მასზე არ ვრცელდება. თუ ვინმემ მარხვა გატეხა - არა ავადმყოფობის გამო, არამედ - სულიერი უძლურების, მან შენდობა უნდა ითხოვოს - „მომიტევე, უფალო, ვცოდე“. მან თავი უნდა დაიმდაბლოს. მაგრამ იგი, ვინც განურჩეველია, მაინც ყველაფერს ჭამს - რაც უნდა და არაფერი აღელვებს. ყველაფერი ისედაც თავისით ხდება. ნამდვილად ასეა, უმრავლესობა მარხვებს არ იცავს, ისე, რომ არანაირი გამართლება არა აქვთ. და ჩვენ, იმისათვის, რომ ამ უმრავლესობას ვაამოთ, მარხვები უნდა გავაუქმოთ?! მაგრამ საიდან ვიცით, როგორი იქნება შემდეგი თაობა. ის რომ უეცრად ამჟამინდელზე უკეთესი აღმოჩნდეს და ყველაფერი იმისადმი, რასაც ეკლესია ქადაგებს, უკომპრომისობა გამოავლინოს? რა უფლებით უნდა გავაუქმოთ დაწესებული? ეს ყველაფერი ხომ ასე უდავოა. კათოლიკებთან მარხვა წმ. ზიარების წინ ერთი საათი გრძელდება; რა, იმავე სულს შევუდგეთ? საკუთარი სისუსტეები და დაცემულობა ვაკურთხთოთ? უფლება არა გვაქვს, ჩვენი სისუსტეების გამო ქრისტიანობა საკუთარი არშინით გადავზომოთ. დაწესებულ კანონს ძალიან ცოტანიც რომ იცავდნენ, ეს კანონი მაინც უნდა შენარჩუნდეს. თუ ავადმყოფი ადამიანი უცხო გარემოში აღმოჩნდა, ისე მიიღოს სახსნილო, რომ სხვებმა არ შენიშნონ და არ დაბრკოლდნენ. იყიდოს თავისთვის არაჟანი და ოთახში - სხვებისგან მალულად მიიღოს. „- ეს თვალთმაქცობაა“. - მეუბნება ერთი პროფესორი. „- მაშ, რატომაა, რომ გულწრფელობის კარნახით მოედანზე არ გადიხარ და იქ ყველას თვალწინ არ სცოდავ?!“ - ვეკითხები პასუხად. აი, რანაირად აჩვენებს ყველაფერს ეშმაკი მათ! ჩვენ საკუთარ „მართლმადიდებლობას“ ვქმნით და ამ „მართლმადიდებლობის“ სულით განვმარტავთ წმ. მამებსა და სახარებას. ჩვენს ეპოქაში, როდესაც ასე მრავლად არიან განათლებული მართლმადიდებლები, მართლმადიდებლობა მკვეთრად უნდა ბრწყინავდეს! და მხოლოდ ერთმა წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელმა [8] რამდენი მოასწრო! რამდენი სიტყვა დაწერა, რამდენი წიგნი! წმ. მამათა ცხოვრებები შეკრიბა! ღირსმა მამამ ყველა ბიბლიოთეკა უკანასკნელ წერტილამდე იცოდა, თუმცა არც ქსეროქსი და არც კომპიუტერი მას არ ჰქონია.

ადამიანი უნდა ეცადოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ნამდვილი ქრისტიანი იყოს. მაშინ მას სულიერ საგრძნობელთა ორგანო გამოუმუშავდება, მაშინ ის ცოტად თუ ბევრად იგრძნობს ტკივილს მართლმადიდებლობისა და სამშობლოს გამო და მათ მიმართ თავის შვილურ მოვალეობას გააცნობიერებს. როდესაც ასეთი სულიერი მდგომარეობა აქვს ქრისტიანს და იგი რაიმე მოვლენის შესახებ შეიტყობს, ეს მას აწუხებს, განიცდის, ღელავს, ლოცულობს. ქრისტიანი, რომელსაც გამუდმებით შეხსენება სჭირდება, როგორ და რითი დაინტერესდეს, კვადრატულ ბორბალს ჰგავს, რომელსაც გამუდმებით ბიძგი სჭირდება, რომ წინ წავიდეს. ეს ბიძგი თვით ადამიანის შინაგანი მდგომარეობიდან უნდა მოდიოდეს. მაშინ ის ზომიერად - მრგვალი ბორბალივით წავა წინ. თუ ადამიანი ნამდვილი მართლმადიდებელი გახდა, თუ მას ეს შინაგანი ბიძგები აქვს, მაშინ ღმერთი მას უფრო მეტად და ფართოდ განაბრძნობს, ვიდრე მას, ვინც გაზეთებს კითხულობს. ასეთი ადამიანი ხვდება მარტო იმას კი არა - რას წერენ, არამედ იმასაც - რის დაწერას აპირებენ. გასაგებია? ადამიანთან საღმრთო განათლება მიდის და მას ამ განათლების მიხედვით ეძლევა ყველაფერი.

ჩვენ უფლება არა გვაქვს გავაბნიოთ ის დიდი მემკვიდრეობა, რომელიც ქრისტესგან მოგვეცა. ჩვენ პასუხს ღმერთს მივუგებთ. ჩვენ - მცირე ერი ვართ, რომელმაც მესია ირწმუნა და მთელი მსოფლიო უნდა განანათლოს. ქრისტეს მოსვლამდე ასი წლით ადრე ძველი აღთქმა ბერძნულად ითარგმნა... და რა გადაიტანეს პირველმა ქრისტიანებმა? ისინი გამუდმებით სიკვდილის საფრთხის ქვეშ ცხოვრობდნენ და როგორი გულგრილობაა დღეს გამეფებული! განა შეიძლება გულგრილობა დღეს, როდესაც შეგვიძლია, ხალხი ყოველგვარი ტანჯვისა და ტკივილის გარეშე გავანათლოთ? იცით კი, რა დაითმინეს ჩვენმა წინაპრებმა იმ ქვეყნისთვის, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ? იცით, რამდენმა ადამიანმა შესწირა თავი? იმათ რომ საკუთარი თავი მსხვერპლად არ მიეტანათ, ახლა ჩვენ არაფერი გვექნებოდა. ერთმანეთს ვადარებ: საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებით როგორ ინარჩუნებდნენ სარწმუნოებას მაშინ და დღეს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, როგორ ათანასწორებენ ყველაფერს ადამიანები! ის, ვინც ნაციონალურ თავისუფლებას არ კარგავს, არ ესმის, თუ რას ნიშნავს ეს. „ღმერთმა დაგვიფაროს, ბარბაროსები მოვიდნენ და შერცხვენა მოგვიტანონ!“ - ვეუბნები ასეთ ადამიანებს, პასუხად კი მესმის: „- ჰო, მაგრამ ჩვენ ამით რას წავაგებთ?“ აბა, ერთი უსმინე! რა უვარგისი ხალხი ხართ! ასეთები არიან ამჟამინდელი ადამიანები. მიეცი ფული, ავტომანქანა და - სარწმუნოება და სამშობლო ჩირადაც არ უღირთ.

მართლმადიდებლობით ჩვენ დავალებული ვართ თვით ქრისტესგან, წმ. მოწამეებისა და წმ. მამებისაგან. ხოლო თავისუფლებით - ჩვენი მამულის გმირებისაგან, რომელთაც სისხლი დაღვარეს. ეს წმ. მემკვიდრეობა უნდა დავაფასოთ. უნდა შევინახოთ და არა - განვაბნიოთ. სამწუხარო იქნება, თუ ასეთი ხალხი დაიღუპა. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ კრებს ღმერთი ხალხს პერსონალური უწყებებით, ისევე როგორც ომის დაწყებისას უგზავნიან ხოლმე უწყებებს ყველას. ღმერთი ამას იმისთვის აკეთებს, რომ რაღაც შენარჩუნდეს, იმისთვის, რომ მისი ქმნილება გადარჩეს. ღმერთი არ დაგვტოვებს, თუმცა ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც ადამიანურად შესაძლებელია. ხოლო რასაც ადამიანური ძალით ვერ ვაკეთებთ, უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა თავისი შეწევნა მოგვივლინოს.

 


[1] - ებრ. 13,8.

[2] - ღვთისმსახურთა და ბერების თავსაბურავი.

[3] - „სენაკის დამწველი“ - ბერძ. ასე ეწოდებოდა ღირს მაქსიმე ათონელს (XIV), რომელიც პატარ-პატარა სენაკებს იშენებდა, ერთიდან მეორეში გადადიოდა და გადასვლამდე ყველას სწვავდა (ხს. 13 იანვარს).

[4] - Παραδοςη - გარდამოცემა, Παραδοση - გამცემლობა, დანაშაული. - სიტყვათა თამაში.

[5] - 1833 წ. თურქებისაგან გათავისუფლებული საბერძნეთის მეფედ ბავარიის არასრულწლოვანი პრინცი ოტონი აირჩიეს. მისმა რეგენტმა ხელისუფლებაში გერმანელები მოიყვანა და მმართველობა საბერძნეთს კვლავ მძიმედ დააწვა. ყოველივე ეს - „ბავარიული ძალადობა“ დასრულდა 1843 წ. აბსოლუტური მონარქიის გაუქმებით და საბერძნეთის კონსტიტუციის შემოღებით.

[6] - წარმოთქმულია 1985 წ.

[7] - წარმოთქმულია 1992 წ.

[8] - წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი 1749 წელს დაიბადა. გამოირჩეოდა მეცნიერული კვლევისადმი დიდი მიდრეკილებებით და სარწმუნოების სიწმიდით. 1775-1809 წლებში, სიკვდილამდე ათონის მთაზე მოღვაწეობდა. შექმნა მნიშვნელოვანი შრომები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებასა და ასკეტიკაში. მან საფუძვლიანად გადაამუშავა „სათნოთმოყვარეობა“ და „ევერგეტინოსი“.