† ბერი პაისი ათონელი
ნაწილი მეოთხე - ეკლესია ჩვენს ეპოქაში

თავი მესამე
დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ

„ვდღესასწაულობდეთ მართალნი დღესასწაულსა სულიერსა“ [1]

თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით, რომლითაც ქრისტეს დღესასწაულებზე დიდ სულიერ სიმაღლეზე ავყავართ და სულს აღმოგვივსებს, იგი ცხოვრებას გვიბრუნებს ჩვენ. საკმარისია მხოლოდ ის, რომ თვით ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულებში და მათი სულიერი გემო გავიგოთ, რათა ისინი სულიერ დღესასწაულებად იქცნენ. მაშინ ჩვენ სულიერად ვზეიმობთ და სულიერად ვთვრებით წმიდათა მიერ მორთმეული სამოთხის ღვინით.

- წმიდაო მამაო, როგორც შეუძლია ადამიანს დღესასწაულის სულიერად შეგრძნობა?

- იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმიდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ, უნდა გავაანალიზოთ ამ წმიდა დღეებში აღსრულებული მოვლენები, იქნება ეს ქრისტეშობა, ღვთისგანცხადება, აღდგომა თუ რომელიმე სხვა ნებისმიერი დღესასწაული და ვიკითხოთ იესოს ლოცვა და ღვთის სადიდებლები. ამგვარად ჩვენ ყოველ დღესასწაულს დიდი ღვთისმოსაობით ვიზეიმებთ. ერის ადამიანები ესწრაფიან, რომ ქრისტეშობის არსს ღორის მწვადებით ჩასწვდნენ, აღდგომისას - ბატკნის, ხოლო ყველიერისას - კანფეტების მეშვეობით. მაშინ, როცა ჭეშმარიტი ბერები ყოველდღიურად განიცდიან საღმრთო მოვლენებს და გამუდმებით ხარობენ, ყოველ კვირაში ისე ცხოვრობენ, როგორც - ვნების შვიდეულში. ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს ისინი სწორედ დიდ ოთხშაბათს, დიდ ხუთშაბათსა და დიდ პარასკევს განიცდიან, ანუ - ქრისტეს ვნებებს. ყოველ კვირას ისინი აღდგომის დღესასწაულს - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ხვდებიან. რა, განა აუცილებელია ვნების შვიდეულს ველოდეთ იმისათვის, რომ ქრისტეს ვნებები გავიხსენოთ?! თუ ერის ადამიანებისათვის აუცილებელია, რომ სააღდგომო ბატკანს ელოდნენ იმისათვის, რომ მიხვდნენ რას ნიშნავს: „ქრისტე აღსდგა?!“ რა თქვა ქრისტემ?! „იყვენით განმზადებულ!“ [2] და არა - „მოდი ახლა მომზადება დაიწყეთ“. იმ წუთიდანვე, როდესაც ქრისტემ ბრძანა: „-იყვენით განმზადებულ“, ყოველი ადამიანი და განსაკუთრებით - ბერი გამუდმებით მზად უნდა იყოს. ის გამუდმებით უნდა იკვლევდეს და განიცდიდეს საღმრთო მოვლენებს. ყოველი დღესასწაულის მოვლენათა გამოძიებისას ადამიანი ბუნებრივად განიცდის მას და ღვთისმოსაობით ლოცულობს. ამასთანავე ჩვენი გონება გამუდმებით ამ სადღესასწაულო მოვლენათა შორის უნდა იმყოფებოდეს და ღვთისმოსაობით მივდევდეთ ტროპარების შინაარსს. როცა ადამიანის გონება საღმრთო აზრებითაა დატვირთული, ადამიანი განიცდის წმიდა მოვლენებს და ამგვარად იცვლება იგი. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფნი ჩვენ რომელიმე წმიდანზე ვფიქრობთ, ვთქვათ იმაზე, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, ან იმაზე, ვისი ხსენებაც აღესრულება, ჩვენი გონება ცოტა უფრო შორს მიდის - ის მიდის ცაში. როდესაც წმიდანებზე ვფიქრობთ, წმიდანებიც ფიქრობენ ჩვენზე და გვეხმარებიან. ამგვარად უმეგობრდება ადამიანი წმიდანებს, ამგვარი მეგობრობა კი ყოველგვარ მეგობრობაზე საიმედოა. ამგვარად, იმ ადამიანს, ვინც მარტო  ცხოვრობს იმავდროულად შეუძლია, ცხოვრობდეს ანგელოზებთან, წმიდანებთან და მთელ სამყაროსთან. იყო მარტო და  გრძნობადად განიცდიდე ამ მეგობრულ კავშირს!.. წმიდათა ცოცხალ თანამყოფობას. ყველა წმიდანი ღვთის შვილია, ჩვენ კი საბრალო ღვთის შვილები ვართ და ისინი გვეხმარებიან.

იმისათვის, რომ შემწეობა მივიღოთ, ყოველთვის ღვთისმოსაობით უნდა ვდღესასწაულობდეთ წმიდათა ხსენებას, რომელთაც ქრისტესთვის მრავალი სისხლი, ოფლი ან ცრემლი დაღვარეს. როდესაც გვესმის სვინაქსარი: „დღესა ამას შინა იხსენება წმიდა...“ - ჩვენ ამ დროს ისე უნდა ვიდგეთ, როგორც ჯარისკაცები დგანან ბრძანებაზე - „სმენა“!.. როდესაც მათი გმირულად დაღუპულ მეგობართა სახელების ჩამოთვლას იწყებენ: „ესა და ეს ჯარისკაცი ამა და ამ თვეს გმირულად დაიღუპა ამა და ამ ბრძოლაში“.

იმისათვის, რომ გრძნობადად განვიცადოთ სადღესასწაულო მოვლენები, დღესასაწულებზე არ უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ ადამიანს სურს, რაღაც იგრძნოს და განიცადოს დიდ პარასკევს, ამ დღეს იგი ლოცვის გარდა სხვა არაფრით უნდა იყოს დაკავებული. ერში - საბრალო ერის ადამიანები ვნების შვიდეულში ერული საქმეებით არიან გართულნი, ხოლო დიდ პარასკევს ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ: „იბედნიერე!“ „იდღეგრძელე!“ ასე არ შეიძლება! მე დიდ პარასკევს ჩემს სენაკში ვიკეტები ხოლმე. ანგელოზებრივი სახის შემოსვის შემდეგ  ახლადაღკვეცილი ბერი - დიდსქემოსანი ერთი კვირის განმავლობაში დაყუდებაში უნდა იმყოფებოდეს. ეს დაყუდების დღეები მეტად ეხმარება მას შემდგომში, იმიტომ, რომ ღვთის მადლი ავსებს მის სულს და ბერი ხვდება, თუ რა აღსრულდა მასზედ. ასეთივე დიდი სარგებელი მოაქვს დაყუდებას დღესასწაულებზე. სადღესასწაულო დღეებში ჩვენ გვეძლევა ხელსაყრელი შემთხვევა, რომ ცოტა დავისვენოთ, წავიკითხოთ და ვილოცოთ. ამ დროს აუცილებლად გვეწვევა რაიმე კეთილი აზრი, ჩვენ ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს, გარკვეულ დროს იესოს ლოცვას მივუძღვნით და ყოველივე ამის საშუალებით დღესასწაულის საღმრთო მოვლენებს ჩავწვდებით.

 

„შჯობს მცირედი მართლისაჲ“...

საუბედუროდ დღეს ჩვენ თავისუფლებას ბოროტად ვიყენებთ. არა იმიტომ, რომ სიწმიდე მოვიხვეჭოთ, არამედ - ერული ამაოებისათვის. ძველ დროში მთელი კვირა სამუშაო იყო, ხოლო კვირადღე - გამოსასვლელი. დღეს შაბათიც გამოსასვლელი გახდა, მაგრამ ცხოვრობენ დღეს ადამიანები სულიერად თუ უფრო მეტად სცოდავენ? ადამიანები რომ დროს სულიერი ვარჯიშისათვის იყენებდნენ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ისინი უფრო გონებამოკრებილნი გახდებოდნენ, მაგრამ ჩვენ - საბრალო ადამიანებს, გვსურს, მოვიპაროთ სულიერის კუთვნილი, მივიტაცოთ ქრისტეს საკუთრება. თუ ერის ადამიანებს ზედმეტი სამუშაო დღის გამომუშავება სურთ, ისინი თანხმდებიან, ეს დღე კვირა იყოს. ისინი თავისუფალ კვირას ეძებენ „კვირაობისთვის“, დღესასწაულის დღეს კი - „შაბათობის“ მოსაწყობად და ამის შედეგად თავს რისხვას მოიწევენ ხოლმე. როგორღა დაეხმარებიან მათ წმიდანები? განა კვირის სადღესასწაულო დღე მუშაობისთვისაა? და თუ ერის ადამიანებს ჩვენთვის - ბერებისათვის რამენაირი დახმარება სურთ, ამისთვის კვირას ნუ აირჩევენ.

ჩვენ საშუალებას არ ვაძლევთ ღმერთს, რომ წარმართოს ჩვენი ცხოვრება. ხოლო იმას, რაც ღვთისადმი სარწმუნოებით არ აღესრულება, ღმერთთან კავშირი არა აქვს. ამიტომ, რასაც ვაკეთებთ, მასზე კურთხევა არ არსებობს, აქედან გამომდინარე კი - ის კარგ შედეგს არ მოიტანს. მერე კი ვამბობთ: „ეშმაკია დამნაშავე“. ეშმაკი კი არაა დამნაშავე, ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ ღმერთს იმის საშუალებას, რომ დაგვეხმაროს. იმ დღეებში მუშაობით, როცა საეკლესიო განაწესით მუშაობა არ შეიძლება, ეშმაკს ჩვენზე უფლებებს ვანიჭებთ და ის ერევა იმაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. „შჯობს მცირედი მართლისა, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა“ [3] - ამბობს ფსალმუნი. აი, ამაზეა კურთხევა, ხოლო სხვა, დანარჩენი სიბრიყვე და სისულელეა. საჭიროა სარწმუნოება, ღვთის სიყვარული და იმედი გვქონდეს, ყველაფერი ღმერთს უნდა მივანდოთ. თორემ სხვანაირად დღესასწაულებზე მუშაობას დაიწყებ, სხვა დღეებში კი დროს დაკარგავ.

აბა, ნახეთ, განა ღმერთი როდისმე ტოვებს მის ერთგულებს? კვირისა და სადღესასწაულო დღეებში მე არასოდეს მიმუშავია და ღმერთი არასოდეს მტოვებდა, ის აკურთხებდა ჩემს შრომას. მახსოვს, ერთხელ ჩვენთან - სოფელში მარცვლის ასაღებად კომბაინებით ჩამოვიდნენ. მამას უთხრეს, რომ ჩვენი მინდვრიდან დაიწყებდნენ და შემდეგ სხვაგან გააგრძელებდნენ. კვირა დღე იყო. „- რა ვქნათ? - მეკითხება მამა. - კომბაინები უკვე აქ არიან“. „მაგრამ ეს შემთხვევა რომ ხელიდან გავუშვათ, მერე მოსავალის აღებისას ცხენებით მუშაობაზე გავიტანჯებით“. - კვლავ მეუბნება მამა. „- არაუშავს, თუნდაც ქრისტეშობამდე ვმკათ“. - ვუპასუხე მე. წავედი ეკლესიაში, თითქოს კომბაინები არც არსებობდა. მათ კი სურდათ მკა დაეწყოთ. მაგრამ რა, ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, რომ რაღაც გაუტყდათ! მაშინ კომბაინერები ისევ მოვიდნენ მამასთან და ეუბნებიან: „ბოდიშს ვიხდით, კომბაინები დაზიანდა. ახლა იანინაში ჩავალთ რემონტზე და ორშაბათს, როგორც კი დავბრუნდებით, მკას პირდაპირ თქვენგან დავიწყებთ“. ამგვარად მათ მკა კვირიდან ორშაბათისათვის გადაიტანეს. ბევრი მსგავსი შემთხვევა ვნახე საკუთარი თვალით.

 

თუკი ჩვენ - ბერები, როგორც საჭიროა, ისე არ მოვეკიდებით
დღესასწაულებს, მაშინ რაღა უნდა ქნან ერის ადამიანებმა?

რაგვარი სული იყო მონასტრებში წინათ! მახსოვს, როდესაც ერის ადამიანები პატიოსანი ჯვრის ამაღლებას ახალი სტილით დღესასწაულობდნენ და წმ. მთაზე ყურძენი მოჰქონდათ, სწორედ იმ დროს, როდესაც მათი ბარკასები ათონის ნაპირებს მოუახლოვდებოდნენ ხოლმე, ხშირად ჩვენ მაშინ ძველი სტილით აღვასრულებდით ჯვართამაღლებას. თუ ეს ასე ხდებოდა, ბერები არ მიდიოდნენ ყურძნის გადმოსატვირთად, ან უკან აბრუნებდნენ ყურძენს, ან დატვირთულ ბარკასებს ნავსადგურში აჩერებდნენ. თუ რომელიმე სადღესასწაულო დღეს ზეთი ან ხე-ტყე მოჰქონდათ, იგივე ხდებოდა. არადა, მონასტრები ხომ ღარიბი იყო. მაგრამ წმიდა მთაზე ფიქრობდნენ: „- რას იტყვიან ერის ადამიანები, როცა ნახავენ, რომ ბერები დღესასწაულებზე მუშაობენ?“ ბერები ამჯობინებდნენ, რომ დატვირთული ბარკასი ღამით ქარიშხალს დაემტვრია, ხე ტყეც და ყურძენიც დაღუპულიყო, ვიდრე დღესასწაულებზე გადმოეტვირთათ ისინი, დღესასწაულსაც მოკლებოდნენ და ადამიანთა სულებიც ეცდუნებინათ.

დღეს კი... ერთი დღესასწაულის წინა დღეს რომელიღაცა სავანეში მოვხვდი. ბერები ტვირთავდნენ ყურძენს. შემდეგ ძმები მის დასაწურად შეკრიბეს. საღამოს ღამისთევა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის მეორე დღისთვის გადაიტანეს. არადა, ეს ხომ დიდი დღესასწაული იყო! „- საჭიროების შემთხვევაში კანონი შეიძლება შევავიწროვოთ“ - ამბობენ ისინი. მეორე სავანეში ხანძრისაგან დამწვარი შენობის აღსადგენად კვირა დღეებშიც კი მუშაობდნენ.

მერე რა - ხელახლა დაიწვება. ამას ხომ ერის ადამიანები ხედავენ და ამბობენ: „დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია ამ დღესასწაულებს!“

ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ დღესასწაულებზე არ ვიმუშაოთ. განსაკუთრებით ეს ჩვენ - ბერებს შეგვეხება, რადგან თუ დღესასწაულებზე ვმუშაობთ, ჩვენც ვცოდავთ და ერის ადამიანებსაც საცდურში ვაგდებთ. ამით კი ჩვენი ცოდვა ორმაგდება. ერის ადამიანები საბაბს ეძებენ, რომ საკუთარი ცოდვები გაამართლონ. თვითონ თავს უფლებას აძლევენ, დღესასწაული არ გაითვალისწინონ, მაგრამ აი, დაინახავენ, რომ ბერი ან მონაზონი რაღაც დიდი გასაჭირის გამო ამ დღეებში მუშაობს, თანაც ეშმაკიც ეუბნება მას: „- თუკი მონაზვნები მუშაობენ, რატომ არ შეიძლება, ჩვენც სამუშაოდ წავიდეთ?“ ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს, რომ ხალხს საცდურად არ ვექცეთ.

- წმიდაო მამაო, ვთქვათ, რომელიმე დღესასწაულზე, მაგალითად, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მონასტერში სამუშაოდ ვინმე ოსტატი მოვა?

- ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება და მონასტერში ოსტატი მუშაობდეს? არაფრით არ შეიძლება, არ უნდა იმუშაოს!

- წმიდაო მამაო, ეს შემთხვევა იმიტომ მოხდა, რომ და, რომელსაც ეს საკითხი ევალებოდა, ვერ მიხვდა, მისთვის მოსვლაზე უარი ეთქვა.

- მაშინ ამ დისთვის კანონი, სასჯელი უნდა დაგედოთ.

- წმიდაო მამაო, თუ დღესასწაულზე, ღამისთევის შემდეგ დაღლილობისაგან თვალები გვეხუჭება, შეიძლება, ამ დროს ხელსაქმე ვაკეთოთ და იესოს ლოცვა შევასრულოთ?

- განა მეტანიებს ვერ შევასრულებთ? ძილის განდევნაში ხელსაქმეზე მეტად მეტანიების შესრულება გვიშველის. [4]

- კვირაობით? თუ მონაზვნის წესი წაკითხული გვაქვს, მაინც არ შეიძლება, რომ მაგალითად, სკვნილები მოვქსოვოთ?

- რატომ უნდა ქსოვო, რატომ არ გინდა, რომ სულიერად გაძღე ამ დღეს? საუბედუროდ მონასტრებშიც კი რაღაც ერული სული გამეფდა. გავიგე, რომ ზოგიერთ მონასტერში დიდ დღესასწაულებზე და კვირაობით ნაშუადღევის შემდეგ ბერები მორჩილებაზე მიდიან. შეიძლება, იფიქრო, რომ შვილები შიმშილით უკვდებათ ან სახლს საჯარო ვაჭრობით უყიდიან! რაღაც დიდი გაჭირვება ადგათ! არქონდარიკი [5], მზარეული... - ეს სხვა საქმეა. არქონდარიკში, სამზარეულოში ვიღაცამ მორჩილება კვირასაც უნდა შეასრულოს და დღესასწაულზეც. ამ ნაწილს ხალხის გარეშე ვერ დატოვებ.

ზოგჯერ, როდესაც ჩემთან სენაკში თევზი მოაქვთ, მომტანს ვეუბნები: „- აიღე და წადი“. ჩემთან რომ ასე მოიტანონ ხოლმე თევზი, რაღა გამოვა? თქვენთან, მონასტერში დღესასწაულზე თევზი რომ მოგიტანოთ და თქვენ იმის მომზადებას გადაჰყვეთ, ამ დღესასწაულისგან რაღა სიხარულს მიიღებთ? გახსოვთ მამა მინა წმ. ანას სკიტიდან? ერთხელ, კვირა დილას, მეთევზემ მის სენაკში მოიტანა თევზი - ტაძრის დღესასწაულისთვის და უთხრა: „- აი, ახალი თევზი, წმიდაო მამაო“. „- მოიცა! - გაუკვირდა ბერს. - დღეს ხომ კვირაა, როდის დაიჭირე, რომ ახალია?“ „- დღეს დილას“ - მიუგო მეთევზემ. „- გადაყარე! - ურჩია მას მამა მინამ. - ეგ დაწყევლილი თევზია. თუ გინდა ამაში დარწმუნდე, ერთი ცალი კატას მიუგდე, ნახავ, რომ არ შეჭამს“. და მართლაც, როდესაც თევზი კატას გადაუგდო საჭმელად, მან ზიზღით ზურგი შეაქცია! აი, როგორი გულისხმიერება ჰქონდათ ჩვენს მამებს!

ამჟამად კი დიდ დღესასწაულებზე მონასტრებში ნახავ მუშებს, ოსტატებს... ერთხელ მიძინებაზე ერთი სავანის სიახლოვეს მუშათა ბრიგადა ტყეს ჭრიდა. თავიდან ცაზე ერთი ღრუბელიც კი არ იყო, მაგრამ უეცრად გამოჩნდა ღრუბლები, დაიწყო ავდარი და ხისმჭრელთა გვერდით ელვა გაიკლაკნა. მეხის ჩამოვარდნაზე ტყეს ცეცხლი გაუჩნდა და მუშები ისეთი შეშინებულები გაიქცნენ, რომ არავის არაფერი შეატყობინეს. ხანძარი ისე გაძლიერდა, რომ მეხანძრეებს ახლოს მისვლისა ეშინოდათ. და როგორ ფიქრობთ, რა მოხდა?! შემდეგ კვირას ტყეში ისევ ხერხვისა და ჭრის ხმა გაისმა. ამჯერად ტყეს უკვე ორი მუშათა ბრიგადა ჩეხდა. რადგან ჩვენ კვირაობითა და დღესასწაულებზე ტყეს ვჭრით, ღვთის რისხვაც არ აყოვნებს და ხანძარი ჩნდება. ცუდი ისაა, რომ ეს არ გვესმის. ჩვენ უკვე ღვთის მოთმინების საზღვრებს გადავაბიჯეთ.

თუ რაიმე გაჭირვებაა, მაშინ ბერები სკვნილზე ლოცვას აძლიერებენ და ღმერთი გონებას გაუნათლებს ვინმეს და ის მონასტერს ას დრაქმას შესწირავს. ბერის საქმე ლოცვაა, ვიღას მოვთხოვოთ ღმერთზე მინდობა, თუ ის ჩვენ თავად არ გვექნება? - ერის ადამიანებს?! თუ ბერი თავის ცხოვრებას ღმერთს მიანდობს, ღმერთი აუცილებლად მოუსმენს მას. თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ვიყავი, იღუმენს ერთი კელიის მორჩილი ჰყავდა. მისი მოვალეობა ძმათა შეკრებისათვის დარბაზის მომზადება იყო. როცა ის ავად იყო, ან რაიმე სხვას ავალებდნენ, მის მორჩილებას მე ვასრულებდი. ეს კაცი სიმკვირცხლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თუმცა საღმრთო ლიტურგიაზე ბოლომდე რჩებოდა, თავის საქმეს მაინც უმკლავდებოდა. მე უფრო მკვირცხლი ვიყავი და დარბაზის მოსამზადებლადაც ლიტურგიის დამთავრებამდე გავდიოდი, საქმე მაინც ყოველთვის საწინააღმდეგოდ შემომიბრუნდებოდა ხოლმე. ხან ყავადანს გადავაბრუნებდი და ყავას დავღვრიდი, ხან ფინჯანი მიტყდებოდა, ხან წყლიანი ჭიქა მივარდებოდა ხელიდან... ყველაფერი თავდაყირა!.. ის კაცი კი საღმრთო ლიტურგიის დასრულებამდე ტაძარში იდგა, პირჯვარს გამოისახავდა და სჯეროდა, რომ ღმერთი შეეწეოდა. თუ გალანძღავდნენ (იმის გამო, რომ მორჩილებაზე ადრე არ წავიდა), სიმდაბლით იღებდა ამას. ამ ბერს სიმდაბლე ჰქონდა და ამიტომ ორმაგ სარგებელს იღებდა.

როდესაც რაღაც მეორახერისხოვანს არ გამოეკიდებიან, რის გარეშეც გაძლება შეიძლება, ადამიანები ორმაგ სარგებლობას იღებენ და ორმაგად ადიდებენ მოხსენებულ წმიდანებს. ყურადღებით ვიყოთ, რომ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სულიერების ხარჯზე არ მოზდეს. იმისათვის, რომ კურთხეული იყოს ჩვენი შრომა და ღვთისმოსაობა შევინარჩუნოთ - სულიერი პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. უპირველესად ყურადღება მატერიალურ კი არა - სულიერ ცხოვრებას მივაპყროთ. თუ ბერისთვის საქმე და საზრუნავი პირველ ადგილზეა, ხოლო ლოცვა - მხოლოდ მეორეზე, მისთვის მუშაობაა უფრო მნიშვნელოვანი და არა - ლოცვა, ანუ მუშაობა მეტად უღირს, ვიდრე - სულიერი ცხოვრება. ამაში კი ამპარტავნება და ღვთისუყვარულობა მოჩანს. საქმე, რომელიც სრულდება, მაგრამ სულიერად ძარცვავს მის შემსრულებელს, კურთხეული არ არის. თუ ჩვენ ყურადღებას უპირველესად სულიერებას მივაპყრობთ, ღმერთი ყველაფერს მოაგვარებს. თუ ბერები დღესასწაულებს ისე არ მოვეკიდებით, როგორც საჭიროა, ერის ადამიანებმა რაღა ქნან? თუ ჩვენ არ შევასრულებთ სულიერ მოვალეობებს და შემწეობას წმიდანებს არ შევევედრებით, ვიღა შეევედრება მათ? ასე რომ, ჩვენ სიტყვით კი ვამბობთ, რომ ღმერთზე ვართ მინდობილნი, მაგრამ სინამდვილეში მისდამი ნდობა არა გვაქვს. თუ ბერულად შემოსილნი პატივს არ ვცემთ წმიდა კანონებს, ყველაფერს ფეხქვეშ ვთელავთ და ვარცხვენთ, რაღა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას?

 

ადამიანები დღესასწაულებსა და კვირა დღეებში მუშაობენ
და მათ უბედურება დაატყდებათ ხოლმე თავს

წესისამებრ დღესასწაულის წინადღეს მწუხრამდე, ან კვირა დღეებში ყოველგვარი მუშაობა წყდება. კარგია, თუ შესაძლებელია, რომ წინა დღეებში მუშაობა გავახანგრძლივოთ, რომ დღესასწაულის წინა და შემდგომ საღამოს არ ვიმუშაოთ. თუ ვინმე, აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ან დღესასწაულის დღეს, ან წინა საღამოს რაიმე უმნიშვნელო საქმეს გააკეთებს, ეს კიდევ შეიძლება, მაგრამ ასეთი მსუბუქი სამუშაოც კი დიდი გონიერებით უნდა შევასრულოთ. ძველ დროში, თვით ველზე მომუშავე გლეხებიც კი, როდესაც სამწუხრო ზარის რეკა მოესმოდათ, პირჯვარს იწერდნენ და მუშაობას წყვეტდნენ. ამასვე აკეთებდნენ ქალები, რომლებიც სამეზობლოში ხელსაქმისათვის იყვნენ შეკრებილნი. ისინი წამოდგებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და გვერდზე გადადებდნენ საქსოვს, თუ სხვა ხელსაქმეს. და ღმერთიც აკურთხებდა მათ. ისინი ჯანმრთელნი იყვნენ და სიცოცხლე უხაროდათ. დღეს კი ადამიანებმა დღესასწაულები დაივიწყეს, ღვთისა და ეკლესიისათვის უცხონი გახდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში გამომუშავებულ ფულს ექიმებსა და საავადმყოფოებში ხარჯავენ. ერთხელ ჩემთან სენაკში მოსულმა ერთმა მამამ მითხრა: „ჩემი შვილი ხშირად ავადმყოფობს, ექიმებმა ვერ გაიგეს, რა ემართება“. „- კვირაობით ნუღარ იმუშავებ და კარგად გახდება“. - ვუთხარი მე. მართლაც მომისმინა, კვირაობით მუშაობა შეწყვიტა და მისი შვილი გამოჯანმრთელდა.

ყოველთვის ვეუბნები ერისკაცებს, კვირას და დღესასწაულებზე მუშაობა შეწყვიტონ, რომ უბედურება არ დაატყდეთ თავს. საკუთარი სამუშაოს მოწესრიგება ყველას შეუძლია. ყველაფრის საფუძველი სულიერი გულისხმიერებაა. თუ ეს გულისხმიერება არსებობს, გამოსავლს ყველა სიტუაციიდან მონახავ. ხოლო თუ ამგვარი გამოსავალი მცირეოდენ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული, ლოცვა-კურთხევა, რომელსაც ეს ადამიანები მიიღებენ, გაორმაგდება. ზოგიერთს ეს არ ესმის და კვირაობით და დღესასწაულებზე საღმრთო ლიტურგიასაც კი არ ესწრებიან. საღმრთო ლიტურგია განსწმედს ადამიანს. თუ ქრისტიანი კვირაობით ეკლესიაში არ დადის, როგორღა განიწმიდება მაშინ იგი?

მაგრამ ნელ-ნელა საუბედუროდ ადამიანები იქით მიდიან, რომ არც დღესასწაულებიდან და აღარც გარდამოცემიდან აღარაფერი შემოგვრჩება. ხედავ, როგორ ხდება?! იმისათვის, რომ წმიდანები დაავიწყდეთ, ქრისტიანულ სახელებსაც კი ცვლიან. ვასილიდი ვიკად იქცა, ზოია - ზოზოდ, ერთი კი არა - მთელი ორი ცხოველი გამოდის? მოიგონეს „დედის დღესასწაული“ პირველი მაისი, პირველი აპრილი... მალე იტყვიან: დღეს „არტიშოკის დღეა“, ხვალ - „კვიპაროსის დღე“, ზეგ კი - ატომური ბომბის გამომგონებლის ხსენების დღე, ან იმისი - ვინც ფეხბურთი მოიგონა... მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთი არ გვტოვებს ჩვენ.

 


[1] - მეორე კანონის VI გალობა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე.

[2] - მთ. 22,44.

[3] - ფს. 36,36.

[4] - წმ. მთის ტრადიციით, დიდი მეტანიები მონასტრის სენაკის განგებაში მხოლოდ კვირის დღეებში და ბრწყინვალე შვიდეულში წყდება. დანარჩენი დღესასწაულების დროს - როგორც თორმეტთაგანის, ისე - სხვების, დიდი მეტანიები აღესრულება.

[5] - არქონდარიკი - სტუმრების მისაღები ადგილი ბერძნულ მონასტრებში.

[6] - აქ სიტყვების თამაშია, რომელიც ამ ახალი, მოდური სახელის ომონიმს გულისხმობს. დამახინჯებული ზოია - ზოზო და სიტყვა ξωο - ცხოველი.