† ბერი პაისი ათონელი
ნაწილი მეოთხე - ეკლესია ჩვენს ეპოქაში

თავი მეორე
სამღვდელოებისა და ეკლესიის შესახებ

- წმიდაო მამაო, მღვდელი რატომ არ გახდით?

- ჩვენი მიზანი ცხონებაა, მღვდლობა ცხონების საშუალება არ არის (იმ ადამიანისათვის, ვინც ამ გზას ადგება).

- არასოდეს შემოუთავაზებიათ, ღვთისმსახური გამხდარიყავით?

- ძალიან ბევრჯერ მაიძულებდნენ. როდესაც თანაცხოვრებულთა მონასტერში ვცხოვრობდი, მაიძულებდნენ მღვდლობასაც და დიდ სქემაში აღკვეცასაც. მაგრამ ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ შინაგანი მონაზვნობა მოიპოვო. ჩემი საზრუნავი სწორედ ეს იყო, არაფერი სხვა არ მაინტერესებდა. ჯერ კიდევ ერისკაცობისას - ახალგაზრდობაში ჩემს თავზე რაღაც სასწაულებრივი მოვლენები აღესრულა და ამიტომ, როდესაც მონასტერში მივედი, ვამბობდი: „ისიც მეყოფა, თუ მონაზვნურად ვიცხოვრებ“. ძირითადი ძალისხმევა აქეთ მივმართე და არასოდეს მაინტერესებდა, როდის გავხდებოდი ღვთისმსახური და მოვიპოვებდი თუ არა დიდ სქემას. ცოტა ხნის წინ პანაჰუდის კელიაში, სადაც ვცხოვრობ, მოვიდა ერთი კაცი, რომელიც მაიძულებდა, სამღვდელო ხარისხი მიმეღო. ამ საკითხთან დაკავშირებით ის მსოფლიო პატრიარქთანაც კი ჩავიდა და როდესაც წმ. მთაზე ეგზარხია ჩამოვიდა კონსტანტინეპოლიდან, მასაც მიმართა თხოვნით, მაგრამ მღვდელმთავრებმა მიუგეს: „ამის შესახებ თვით მამა პაისის მოელაპარაკე, ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ მისი ხელდასხმის გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის კი ამას გაურბის“. და, აი, იგი ჩემთან მოვიდა. ეს რომ მოვისმინე, ვუყვირე კიდეც. ის კი მეუბნება: „- მღვდელი მაინც გახდი, რომ იმ ადამიანებს, ვინც შენთან მოდიან, შენდობის ლოცვა წაუკითხო, ისინი ხომ მარტო საკუთარი გაჭირვების შესახებ არ გიყვებიან, არამედ ცოდვებსაც აღიარებენ. განა შენ თვითონ არ ჩიოდი იმ ცდომილების გამო, რომ ადამიანები სხვადასხვა ცოდვებს სხვადასხვა მღვდლებს უყვებიანო?! განა არ ხდება, რომ შენ მათ უბრძანებ, ცოდვები სულიერ მოძღვარს ან მღვდელმთავარს უთხრან და ისინი ამას ნაწილობრივ აკეთებენ? ამიტომ თვითონ გახდი მოძღვარი: მოისმინე მათი ცოდვები და შენდობის ლოცვა წაუკითხე, რათა ცოდვათა შენდობა მიიღონ და ამით მათი სულიერი პრობლემებიც გადაიჭრას“. იგი ყველაფერ ამას კეთილი განზრახვით ამბობდა, მაგრამ რასაც მთავაზობდა, საჩემო საქმე არ იყო.

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, წმიდაო მამაო, როდესაც გრძნობს, რომ მღვდლობისთვის ძალა არ შესწევს, მაგრამ აძალებენ ამას?

- გამოთქვას თავისი აზრი. არავის არ შეუძლია, აიძულოს ვინმეს ან მღდვლობა, ან - დიდი სქემა. მაგრამ თუ ადამიანი მორჩილების გამო სიმდაბლით მიიღებს იმას, რასაც სთავაზობენ და ამას ცოტაოდენ მონდომებასა და ცოტაოდენ სიყვარულს დაუმატებს, ღმერთი შეეწევა მას. ამის გარდა, თვით ადამიანები ფლობენ უცდომელ კრიტერიუმებს: ისინი ხედავენ, თუ ვინ არის ისეთი, ვინც ღვთის სიყვარულითა და ეკლესიის მსახურებისათვის გახდა მღვდელი. ხომ არიან ისეთები, ვინც დიდებისმოყვარების გამო თანხმდება ხელდასხმას. თუ ასეთი ღვთისმსახურები რაღაც სიძნელეების წინაშე აღმოჩნდებიან, ისინი დაიტანჯებიან იმიტომ, რომ ქრისტე არ დაეხმარება მათ - თუ ისინი თავს არ დაიმდაბლებენ და არ მოინანიებენ. თუმცა, თუ ადამიანს მღვდლობა სურს და რაღაც ერულ მიზნებს არ ისახავს, ქრისტე შეეწევა მას ყოველგვარი საფრთხის ჟამს, მაგრამ, საერთოდ (სულიერი კანონით) შენ უნდა გაძალებდნენ მღვდლობას, ეს სხვებს უნდა უნდოდეთ, ეს უნდა უნდოდეს ეკლესიას. მაშინ დაგიფარავს შენ ქრისტე და თუ რთულ ვითარებაში აღმოჩნდები, შენს დასაცავად სხვა ადგება და ქრისტეც შეგეწევა შენ.

რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათობაა და ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც რაღაც არასულიერი ანგარიშის მიხედვით ხდება მღვდელი: მე ასეთებზე არც კი ვლაპარაკობ. უმრავლესობა მღვდლობას კეთილი განზრახვით იწყებს. მერე კი ეშმაკი ამოქმედდება ხოლმე და ხედავ, როგორ წარმოჩინდება მოძღვარში დიდებისმოყვარება, ვნებიანი სურვილი, რომ კიდევ უფრო მაღალი ხარისხი მიიღოს და ყველაფერი ავიწყდება. ზოგიერთი იქამდეც მიდის, რომ ჩარევს ხალხს, ნაცნობებს, შუამდგომლებს, რომ ტაძრის წინამძღვრად დაინიშნოს, ეპისკოპოსად გამოირჩიონ, რაიმე საეკლესიო თანამდებობა მიიღოს. იწყებენ ქრისტესთვის და ამთავრებენ ოქროს ჯვრისათვის... ოქროს ჯვრები, ოქროს მიტრები, ბრილიანტის პანაღეა... ყველაფერი, რაც გნებავთ, იმის გარდა, რაც ნამდვილად აუცილებელია. როგორ გვატყუებს ეშმაკი, თუ ყურადღება მოვადუნეთ!

- წმიდაო მამაო, რას ითხოვს ღვთისმსახურისგან ღმერთი და რას ითხოვენ მისგან ადამიანები?

- რასაც ღმერთი ითხოვს, ის მეტისმეტად დიდია და შენ მას ნუ შეეხები. ხოლო იმასთან დაკავშირებით, რასაც ადამიანები ითხოვენ, გეტყვი... ძველ დროში მღვდლები მოღვაწეობდნენ, კეთილმსახურნი იყვნენ, წმიდანნი და ადამიანები მათ მიმართ ღვთისმოსაობით იყვნენ განწყობილნი. დღეს კი ადამიანებს მღვდლისგან ორი რამ უნდათ: ვეცხლისმოყვარე არ იყოს და სიყვარული ჰქონდეს. თუ ხალხი ნახავს, რომ მას ეს ორი თვისება აქვს, წმიდად მიიჩნევს მას. და ეკლესიაში დიდი მონდომებით ივლის. და რადგან ეკლესიაში ივლიან, ცხონდებიან. მერე ღმერთიც, თავისი შემწყნარებლობის გამო, ამ მღდვლესაც აცხონებს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მღვდელს დიდი სიწმინდე უნდა ჰქონდეს.

ეშმაკი ცდილობს, რომ ბერი დააუძლუროს უკმაყოფილებითა და დრტვინვით, რათა მწყობრიდან გამოიყვანოს და მის ლოცვას სულიერი ძალა მოაკლდეს. იმისათვის, რომ ბერს სულიწმიდის მადლი ჰქონდეს, ჭეშმარიტი ბერი უნდა იყოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ფლობს იგი ღვთისგან ბოძებულ ძალას და თავისი ლოცვით ეხმარება ადამიანებს - ძალიან შედეგიანად. მაგრამ მღვდელი, მაღალ სულიერ მდგომარეობას კიდეც რომ არ ფლობდეს, მაინც ეხმარება ადამიანებს - მღდვლობის იმ ძალით, რომელიც ღვთისგან მიეცა. ის ეხმარება საიდუმლოთა აღსრულებით, პარაკლისების და სხვა საღვთისმსახურო წესების შესრულებით. მღვდელმა კაციც რომ მოკლას, მის მიერ აღსრულებული საიდუმლო ჭეშმარიტი იქნება, ვიდრე მას მღდვლობიდან არ განაყენებენ, მაგრამ თუ მღვდელს მაღალი სულიერი მდგომარეობა აქვს, იგი ჭეშმარიტი მღვდელია და უკეთესად ეხმარება ადამიანებს.

მღვდლებს რომ ვპასუხობ, როცა ისინი მეკითხებიან, თუ როგორ დაეხმარონ მრევლს და საერთოდ, როდესაც ვესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც მოძღვრის პასუხისმგებლობა აკისრიათ, შემდეგს ვუსვამ ხაზს: უნდა ეცადოთ, რომ მუშაობდეთ საკუთარ თავზე. საჭიროა, აღასრულებდეთ ლოცვის კანონებს, მაგრამ მარტო ამით ნუ შემოიფარგლებით, სულიერად იღვაწეთ, ნორმის გადაჭარბებით, რომ ყოველთვის გქონდეთ სულიერი კაპიტალი. საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა, ეს ჩუმი ღწვაა მოყვასისათვის, იმიტომ, რომ კეთილი მაგალითი თვითონ მეტყველებს საკუთარ თავზე. და როდესაც ადამიანები ბაძავენ კეთილს, რომელსაც ისინი ხედავენ, გამოსწორდებიან კიდეც. თუ სულიერ სიმდიდრეს არ მოიხვეჭთ, რომელიც იმისთვისაა აუცილებელი, რომ „სულიერი პროცენტით“ იცხოვროთ, როდესაც მოგიხდებათ, რომ სხვებისთვის (სულიერად) „ტყუილად“ იმუშაოთ, ყველაზე საცოდავები და შესაბრალისები იქნებით. ამიტომ დროის ამაოდ ფლანგვად ნუ მიიჩნევთ საკუთარ თავზე მუშაობას - როგორიც არ უნდა იყოს ეს სამუშაო: მოკლე, ხანგრძლივი თუ გამუდმებული - მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს საიდუმლო ღვაწლი ხომ ფლობს თვისებას: ადამიანების სულებში ღვთის სიტყვის საიდუმლო ქადაგება აღასრულოს. მადლშემოსილი ღვთის კაცი კი საღმრთო მადლს სხვებსაც გადასცემს და ხორციელ ადამიანებს ცვლის. ვნებათა მონობისაგან ათავისუფლებს, ამით ღმერთთან აახლოებს მათ და ისინი ცხონდებიან.

 

მღვდელს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი

მღვდელს არასოდეს შეუძლია, თავისი სახლის კარი დაუხუროს ადამიანებს. მას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ვიღაც სასოწარკვეთილებამდე მივიდა, ვიღაც ავადაა და დახმარება სჭირდება, ვიღაც სულს ლევს... ზოგი მღვდელმა სახლში უნდა მიიღოს, ზოგი თვითონ ინახულოს. მას უარის თქმა არ შეუძლია. ადამიანების სულები საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და მღვდელი უნდა დაეხმაროს მათ. თუ არ დაეხმარება და ღმერთი მოუმზადებლად გაიყვანს მათ ამ ქვეყნიდან, ვინ იქნება პასუხისმგებელი? ღვთისმსახური - არა?! მე ბერი ვარ და შემიძლია, კარი დავკეტო და წავიდე. შემიძლია, ადამიანთა მზერას დავემალო და შეუმჩნევლად დავეხმარო სოფელს ლოცვით. იმიტომ, რომ ადამიანურ პრობლემათა ხლართებში გარევა ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა ქვეყნისათვის ლოცვა. მე მღვდელი და მოძღვარი სწორედ იმიტომ არ გავხდი, რომ ხალხს სხვაგვარად დავხმარებოდი - ბერულად.

მე რომ ერში ღვთისმსახური ვყოფილიყავი, სახლის კარს ვერასოდეს დავკეტავდი. მე ვალდებული ვიქნებოდი, რომ ადამიანებისათვის - ყველასთვის განურჩევლად, მიმეცა ის, რაც მათ სჭირდებათ. პირველ რიგში ჩემი მრევლისთვის ვიზრუნებდი, ხოლო რაც მომეჭარბებოდა (ძალა, დრო, შესაძლებლობა) სხვებს მივუძღვნიდი. მათ, ვინც დახმარების თხოვნით მომმართავდა. მე ვიზრუნებდი არა მარტო მორწმუნეთათვის, არამედ - ურწმუნოთათვის, უღმერთოებისთვისაც და თვით - ეკლესიის მტრებისათვის. მე რომ ღვთისმსახური ვყოფილიყავი და რომელიმე ადამიანი შემომჩივლებდა სხვასთან დაკავშირებით, იმ მეორესაც დავუძახებდი და გამოვარკვევდი მათ ურთიერთობებს. მე დავურეკავდი ადამიანებს, რათა გამერკვია, თუ როგორ არის ის, ვინც განსაცდელი გადაიტანა, ან ის, რომელსაც რაღაც სიძნელე ჰქონდა. განა ამ მდგომარეობაში შევძლებდი წყნარი, უშფოთველი ცხოვრებით მეცხოვრა?

ღვთიმსახური სხვებზე წინ უნდა მიდიოდეს, რომ მორწმუნეები მას მისდევდნენ. როგორც ფარაშია: ჯერ მიდის წინამძღოლი, შემდეგ კი - სხვა ცხვრები. წინამძღოლი რქებს მარჯვნივ შეაბრუნებს და ცხვრებიც მარჯვნივ შებრუნდებიან. ყველა ცხვარი წინამძღოლს მისდევს, ამიტომაა, რომ ფარა არ იფანტება. ერთი ცხვარი მეორეს მიჰყვება, წინამძღოლი მიმართულებას უჩვენებს, ხოლო ცხვრები მას მისდევენ.

- წმიდაო მამაო, თუ მოძღვარს ერთი - მორჩილი და კეთილი სულიერი შვილი მეტად უყვარს, ვიდრე მეორე - მეტისმეტად პრეტენზიული, ეს გაუმართლებელია?

- აბა, უცქირე: ვთქვათ, შენ მწყემსი ხარ. ფარაში ბევრი კრავი გყავს, ერთნი მშვიდად ძოვენ ბალახს და სიხარულით კიკინებენ, სხვები კი - დალეულები და ავადმყოფები - ნაპირებთან იმალებიან. ვისზე იზრუნებ მეტად? განა ავადმყოფებზე არა? რომელიმე კრავს რომ ტურა დაესხას თავს და მისი გატაცება მოინდომოს, განა მის საშველად არ გაეშურები? ვის უნდა მტაცებელისგან დაცვა უმეტესად?! მას, ვინც ბალახს ძოვს და მხიარულად კიკინებს, თუ მას, ვინც სულისშემძვრელად ბღავის? მწყემსს განსაკუთრებულად ავადმყოფი კრავი ებრალება და განსაკუთრებულად ზრუნავს მასზე, ვიდრე ისიც საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება. ის, ვინც სასწაულებს აღასრულებს და ისიც, ვინც მტრისგან (ეშმაკისგან) არის მოწყლული, ჩვენს გულებში ერთნაირ ადგილს უნდა იკავებდნენ. ჩვენ უფლება არა გვაქვს შინაგანად შევიძულოთ მეორენი. იმათ მიმართ, ვინც ადრე ცოდვაში იყო ჩაფლული, დღეს კი იღწვის, ცდილობს, ცოდვები მოიკვეთოს, მე უმეტეს სიყვარულს განვიცდი, მეტად მებრალებიან, ვიდრე ისინი, ვისაც ვნებები არ სტანჯავენ, პირველნი მე მუდმივად მახსოვს. თუ ადამიანში შინაგანი სიყვარული არსებობს, იგი მოყვასსაც გადაეცემა, იმიტომ, რომ სიყვარული გარეგნულადაც ატკბობს. ადამიანს სიყვარული საღმრთო მადლის მეშვეობით ულამაზესად აქცევს და მისი დამალვა შეუძლებელია.

მოძღვრები - მღვდლები იქნებიან ისინი თუ მღვდელმთავრები, კარგი იქნება, თუ მოსეს გაიხსენებენ. თუ როგორ იტანჯებოდა იგი ორმილიონიანი ჯიუტი ხალხის გამო, თუ როგორ ევედრებოდა ღმერთს თავისი ერისთვის, თუ რამდენი უბედურება გადაიტანა მან ამ ერთან ერთად უდაბნოში მოგზაურობის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სანამ ის აღთქმულ ქვეყანამდე არ მიიყვანა. ყოველივე ეს თუ გამუდმებით ემახსოვრებათ, ქრისტიანი მოძღვრები დაულეველ ძალას მოიხვეჭენ და აღარასოდეს იდრტვინებენ საკუთარი ტანჯვის გამო - რომელიც არაფერს წარმოადგენს იმ ტანჯვასთან შედარებით, რომელიც მოსემ გადაიტანა.

 

სასულიერო იერარქია ერული გახდა

- წმიდაო მამაო, აუცილებელია, რომ ეკლესიის მსახური ზაფხულში, სიცხეშიც კი მანტიით იყოს მოსილი? მე ზაფხულობით მანტია რომ მაცვია, ერთიანად ოფლში ვიღვრები ხოლმე.

- აბა, როგორ? აი, რა მონაზვნობაა დღევანდელი მონაზვნობა!.. რას იტყვი!.. ღირსი ათანასე ათონელი მოღვაწეობისას სქელ ტანსაცმელსა და მძიმეზე მძიმე ჯვარს ატარებდა, ჩვენ კი... სადამდე დავეცით ჩვენ! ავსტრალიაში ყოფნისას ერთ ტაძარში მნათე ვნახე - შორტებში. „- ასე პლაჟზე დადიან და ზღვაში ბანაობენ“. - ვუთხარი მე. მან კი მიპასუხა: „- ასე უფრო მოსახერხებელია ჩემთვის“. აქედან იწყებენ, ნელ-ნელა ღრმად შედიან და ბოლოს იქამდეც მიდიან, რომ ამბობენ: „- მოდი, შესამოსლები გადავყაროთ, რომ მზეზე არ დაგვცხეს“. მანტია გიშლის? გადააგდე. გიშლის კუნკული, ბარტყული ოფლად იღვრები? ისინიც გადაყარე, რა მოხდა! დიახ, დიახ, ჩვენ აქეთკენ მივექანებით. ჩემო ძმაო, თუ ცხელა, ყველა ბერმა საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. შესამოსელის ქვეშ ნაკლები ტანსაცმელი ჩაიცვან.

- წმიდაო მამაო, შეიძლება ბერისათვის, რომ შესამოსელი გაიხადოს და მხოლოდ მანტიით იყოს შემოსილი?

- მღვდლებმა კი კაბები გაიხადონ და შარვლებით იყვნენ, არა? რა გიპასუხო ამაზე? მანტია ეს მონაზვნის შესამოსელია. მასში იმოსება ბერი, რომელმაც მცირე ან დიდი სქემა მიიღო. აღკვეცის დროს მანტიით ბერს მისი მიმრქმელი მოსავს. როდესაც ახლადაღკვეცილს შესამოსელს შემოსავს, მიმრქმელი თვით იხდის მანტიას და მოსავს მას. ალექსანდრიაში რომ ვიყავი, განმაცვიფრა იმან, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ქალი თავიდან ფეხებამდე შავად იყო ჩაცმული. ასეთია მათი ტრადიცია. და ეს იქაური სიცხის პირობებში! ჩვენ კი ისიც კი არ გვინდა, რომ გავუძლოთ შესამოსელებს, რომლითაც ჩვენმა მამებმა შეგვმოსეს.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი გაურკვევლობაშია, განა შესამოსელი ღვთისმსახურად აქცევს კაცს?

- აბა, შეხედე ორ ზეთისხილის ხეს. ერთს ფოთლები აქვს, მეორეს - არა. ამ ორიდან რომელი მეტად მოგეწონება? ფოთლებიანი თუ - უფოთლებო? როდესაც პატიოსანი ჯვრის სენაკში ვცხოვრობდი, ერთხელ ჩემს ეზოში ქერქი შემოვაცალე ზეთისხილის ხეს და მივაწერე: „ხეებმა ტანსაცმელი შემოიძარცვეს. ვნახოთ, როგორ ნაყოფს მოიწევენ“. ხოლო იქვე: „- მღვდელი უსამოსელოდ - ჩაითვლება უზნეოდ“. იმ დროისათვის ცხარედ განისჯებოდა საკითხი, რომ ღვთისმსახურებს განმოსილებს ევლოთ და ამაზე კურთხევის მისაღებად ჩემთანაც ბევრი მოდიოდა!

- წმიდაო მამაო, ერთმა კაცმა ჩვენთან მოიყვანა განმოსილი მღვდელი, უნდა აგვეღო თუ არა კურთხევა მისგან?

- რა კურთხევა! ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ვინც ეს მღვდელი მოიყვანა, უნდა გეთქვათ: „უკაცრავად, ჩვენ წესად გვაქვს, რომ სასულიერო პირებს შესამოსელი მივცეთ, განა შეიძლება, რომ დედათა მონასტერში მღვდელი შარვლით მოდის? ეს უწესობაა“. თუ არც იმას რცხვენია, ვინც ის მოიყვანა და არც თვითონ მღვდელს, მაშინ რაა სასირცხვილო იმაში, რომ მას ანაფორა მისცეთ? ერთხელ აეროპორტში შევხვდი ახალგაზრდა არქიმანდრიტს - ერულ ტანსაცმელში, რომელიც საზღვარგარეთ მიფრინავდა. „- მე მამა ესა და ესა ვარ“. - გამეცნო იგი. „- ანაფორა სადღა გაქვს?“ - ვეკითხები და, რა თქმა უნდა, კურთხევაც არ ამიღია მისგან.

- ზოგიერთი კი, წმიდაო მამაო, ირწმუნება, რომ თუ უფრო თანამედროვე გახდება სასულიერო წოდება, ის მეტ სარგებლობას მოიტანს.

- როდესაც პატრიარქმა დიმიტრიმ ამერიკაში ყოფნისას პატიოსანი ჯვრის საღვთისმეტყველო სკოლა მოინახულა, მასთან ამერიკელი ღვთისმოსავი სტუდენტები მივიდნენ და უთხრეს: „თქვენო უწმიდესობავ, ჩვენს დროში სასულიერო წოდება უფრო თანამედროვე უნდა გახდეს“. პატრიარქმა კი უპასუხა: „- წმ. კოსმა ეთოლიელი ამბობს, რომ, როდესაც სასულიერო პირები საეროდ გადაიქცევიან, ერისკაცები გადაიქცევიან ეშმაკებად“. ხომ კარგად უპასუხა?! მას დიდებული ოთახი მოუმზადეს, ძვირფასი საწოლი, მდიდრული მორთულობა. ეს ყველაფერი რომ დაინახა, თქვა: „სად მომათავსეთ? ჯობია, რაიმე უბრალო საწოლი დამიდგათ, როცა სასულიერო პირი ერული გახდება, იგი ეშმაკობის კანდიდატად გადაიქცევა“.

- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ ჩვენ უფრო უბრალო და მარტივი სამღვდელო კაბები ვკეროთ? ასე მოქარგული სამოსელი მოუხერხებელია!

- კარგს იზამთ, თუ შემკვეთებს ეტყვით: „- ჩვენ ასეთ უბრალო შესამოსლებს ვკერავთ, შეგვიძლია ისიც, რომ მრავალნაქარგიანი სამოსელი შევკეროთ, მაგრამ არ ვკერავთ, რადგანაც გვეშინია, ამით ადამიანები არ ვაცდუნოთ“. თანაც ამას ურწმუნოებიც იყენებენ. ჩვენამდე მოდის ხმები, რომ ხალხში ლაპარაკობენ: „- ჩვენ პურის ფული არა გვაქვს და მღვდლებს ნაირ-ნაირი შესამოსლები აცვიათ“. თუ უბრალონაქარგიან შესამოსლებს შეკერავთ, თქვენგან მას სერიოზული მამები იყიდიან. ხოლო ის მღვდლები, ვინც ერულად აზროვნებენ, თქვენგან რომ მრავალნაქარგიანი სამოსელი იყიდონ, თვითონაც მასხარებს დაემსგავსებიან და თქვენს კომპრომიტირებასაც შეძლებენ. ხოლო, აი, წმ. ტრაპეზის შესამოსელი და წმ. ჭურჭელის დაფარნები შეგიძლიათ, მდიდრული ნაქარგებით შეამკოთ. ეცადეთ, ჯვრებს და წმიდათა გამოსახულებებს სტიქარის, ფილონის და კაბების ქვედა ნაწილში ნუ ამოქარგავთ. ასეთ ადგილებში უბრალო, არასიწმიდეების ამსახველი ორნამენტები გამოიყენეთ. თორემ ღვთისმსახური შეიძლება, პირდაპირ ჯვარზე ან წმიდანის გამოსახულებაზე დაჯდეს და ეს კარგი არ იქნება.

 

„ვინ ამხელს ჩვენს ცოდვებს?“

- წმიდაო მამაო, თუ ღვთისმსახური რაიმე მომაკვდინებელ ცოდვაში ჩავარდება, დაკარგავს იგი იმ საღმრთო მადლს, რომელსაც ფლობდა?

- არა, მისი დაკარგვა როგორ უნდა მოხდეს! კი არ იკარგება იგი, არამედ - განეშორება. ღვთისმსახურებისგან დაყენებული მოძღვარი მღვდლობას არ მოაკლდება, მაგრამ მის მიერ შესრულებული საიდუმლოებები ნამდვილი არ იქნება. ასეთ მღვდელს ძალა უკვე აღარ აქვს. ყველაზე მთავარი - ეს მადლია. თუ ღვთისმსახურებისაგან დაყენებულ მღვდელს ეს აკრძალვა მოუხსნეს, მაშინ მის მიერ შესრულებული საიდუმლოებები კვლავ ძალაში იქნება.

იმ ღვთისმსახურებთან მიმართებაში, ვის მიმართაც ღვთისმსახურების შესრულებასთან დაკავშირებით კანონიერი წინააღმდეგობები არსებობს, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რომ განუსჯელი სიმკაცრით ადამიანები არ ვაცდუნოთ; რომ ამ ღვთისმსახურის ოჯახის წევრებმა სხვადასხვა აზრებით თავი არ დაიტანჯონ. მან ლიტურგიის მსახურება გონივრულად უნდა დატოვოს, რომ სიკეთის მაგიერ ამან მას ბოროტება არ მოუტანოს. კანონიკური დაბრკოლებების შესახებ ხომ თვით მღვდელმაც იცის და ღმერთმაც. და თუ იგი ღვთისმსახურებას უცაბედად მიატოვებს, ერთ ამოსუნთქვაზე, მაშინ მორწმუნეებიც და მისი ოჯახიც ეჭვებით დაიტანჯებიან და ბოროტება კიდევ უფრო გამრავლდება.

მე ვხედავ ხოლმე, რომ ზოგჯერ იმ ღვთისმსახურებზე, რომლებიც თავისთავად ღვთისმოსავნი არიან, მაგრამ რაღაც კანონიკური დაბკროლების გამო ღვთისმსახურების შესრულება არ შეუძლიათ, ღმერთი უშვებს რამენაირ ავადმყოფობას. მაგ., ცხვირიდან სისხლისდენას, კუჭის ავადმყოფობას ან რაიმე ამის მსგავსს. ისინი მოხარულნი არიან, რომ ღმერთი ასე მოაწყობს ხოლმე ყველაფერს, რომ მათ შეუძლიათ, ლიტურგიის აღსრულება შეწყვიტონ. ზოგჯერ ჩემთან, სენაკში მოდის ღვთისმსახური, რომელსაც რაღაც კანონიკური დაბრკოლება აქვს ღვთისმსახურებასთან მიმართებაში და მე ვხედავ, რომ მან - საბრალომ მსახურება უნდა შეწყვიტოს. მაგრამ ამავდროულად მისი ეპისკოპოსი ამ საკითხზე სხვა აზრისაა. როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში იგი? გვრჩება მხოლოდ ლოცვა: რომ ღმერთი ჩაერიოს. მახსოვს კონკრეტული შემთხვევა. ერთ სასულიერო პირს ვურჩიე, ღვთისმსახურება დაეტოვებინა და იგი მოვამზადე კიდეც ამ ნაბიჯისათვის. მაგრამ, როდესაც მან ამის შესახებ თავის მოძღვარსა და ეპისკოპოსს უთხრა, ისინი არ დაეთანხმნენ. ამგვარად, იგი ღვთისმსახურებას განაგრძობდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონიკური დაბრკოლება არსებობდა. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც იგი ტროტუარზე მიდიოდა, ამოვარდა ავტომანქანა და იგი სასიკვდილოდ დაშავდა. „საშინელ არს შევრდომა ხელთა ღმრთისა ცხოველისათა“. [1]

ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთი ცოდვაც კი არ არსებობს. ერთადერთი ეკლესიის გამხრწნელი ცოდვა თვით ჩვენგან გამომდინარეობს. დაწყებული იქიდან, ვინც იერარქიის სათავეში დგას - უბრალო მორწმუნით დამთავრებული, ეკლესიას ისე არავინ წარმოვიდგენთ, როგორიც არის. რჩეული შეიძლება არც ისე ბევრი იყოს, მაგრამ ეს მღელვარებისათვის საბაბს არ იძლევა. ეკლესია ქრისტეს ეკლესიაა და სწორედ იგი მართავს მას. ეკლესია ეს ტაძარი არ არის, რომელსაც ღვთისმოსავი ადამიანები ქვის, ქვიშისა და კირქვისგან აგებენ, ხოლო ბარბაროსები ცეცხლით ანადგურებენ. ეკლესია ეს თვით ქრისტეა „და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი“. [2]

დღეს ქრისტე ითმენს იმას, რაც ხდება. ის ითმენს და ადამიანებისათვის საღმრთო მადლი მოქმედებს. ჩვენ ქარიშხალს გავივლით და ყველაფერი გამოაშკარავდება. რაც ახლა ხდება, დიდხანს არ გაგრძელდება. გახსოვს, როგორ წერია წმ. წერილში: „გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს“ [3]. ქრისტემ ეს იმისთვის თქვა, რომ სამსჯავროზე ჩვენ რაიმე გასამართლებელი არ გვქონდეს. როცა ჭურჭელში ზეთი გამოილევა და ცოტაოდენი მხოლოდ ფილტრშია დარჩენილი, ვიცით, რომ ლამპარი მალე ჩაქრება, თუმცა მისი ალი „თამაშობს“ - ხან აბრიალდება- და ხან მიილევა. ასეთი ლამპარი სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ადამიანის მსგავსია, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი ნიშანი კრთის. მაგრამ ქრისტეს მისი ჩაქრობა არ სურს, რომ მერე ჩამქრალმა კანდელმა არ თქვას: „მე კიდევ ვენთებოდი, მაგრამ შენ შემიბერე და ჩააქრე ჩემში ცეცხლი“. მაგრამ რაღა შებერვა გინდოდა, შენ ხომ ჭურჭელში ზეთი გამოლეული გქონდა? დამტვრეულ ლერწამზეც არ სურს შეხება ქრისტეს, იმიტომ, რომ შემდეგ, საბოლოოდ მომტვრეული ლერწამი იჩივლებს: „შენ შემეხე და იმიტომ მოვტყდი“. მაგრამ შენ ხომ ისედაც მომტვრეული იყავი, ძლივს ეკიდე და სადაცაა ჩამოწყდებოდი! მაშ, ბრალს რაღად სდებ ქრისტეს, რომ შეგეხო და მოგტეხა?

თუ სახარების მიხედვით არ ვცხოვრობთ, ჩვენ, ბერები და ღვთისმსახურებიც უღმერთობას ვავრცელებთ. ხალხს ჩვენი სათნოებები სჭირდება და არა - უწმიდურებანი. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითს, რომელსაც ერის ადამიანებს ბერები უჩვენებენ. ერის ადამიანები საკუთარი ცოდვების გასამართლებელ საბაბს ეძებენ, ამიტომ ყურადღებაა საჭირო. აბა, ნახე, თუ შევძლებთ, ქრისტეს კვალად გავიმეოროთ სიტყვები: „ვინ თქვენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ [4] - ამბობს იგი. მაგრამ თქმა იმისი: „ვინ თქვენგანმა მამხილოს მე ცდუნებაში?“ ჩვენ არ შეგვიძლია. ქრისტემ ეს სიტყვები ცოდვის შესახებ თქვა იმიტომ, რომ იგი იყო სრული ღმერთი - და სრული კაცი. ჩვენ კი ადამიანები ვართ. ჩვენთვის სრულყოფილება თვისობრივი არ არის, ჩვენ დაცემა შეგვემთხვევა ხოლმე - ამას რას მოუხერხებ?! მაგრამ სხვათა დაბრკოლების მიზეზნი არ უნდა გავხდეთ!

ერთი გენერალი მიამბობდა, მას რომ სარწმუნოება დედისაგან მემკვიდრეობად არ გადმოსცემოდა, იგი რწმენას დაკარგავდა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, კვიპროსზე ყოფნისას რომ შეეჯახა [5]. იყო ბრძანება, რომ მშვიდობიან თურქულ მოსახლეობასთან ჰუმანური დამოკიდებულება შეენარჩუნებინათ. მაგრამ ამ გენერალმა გაიგონა, ერთი სასულიერო პირი როგორ ყვიროდა ტელეფონის ყურმილში: „ამოხოცეთ თურქები!“ - ასე არაფრის გამო. მცირე აზიიდან საბერძნეთში ჩამოსახლებული ფარასელებიც გაერთიანდნენ სექტებში, რომელიც წლების მანძილზე ვრცელდებოდა ჩვენში, ეს იმიტომ,- რომ მათ აქ არაღვთისმოსავი მღვდელმთავრები და მღვდლები დაინახეს. როდესაც ეკლესიაში ნახეს სულ სხვა ყაიდის ადამიანები - სულიერ ცხოვრებას რომ არ მისდევდნენ, - ლტოლვილები შეცდნენ, იქ - სამშობლოში ხომ ისინი სხვაგვარ სასულიერო პირებს იცნობდნენ და მაშინათვე, წამიერად გამოჩნდნენ ერეტიკოსები - „ევანგელისტები“, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითქოს თავად სახარებისეულად ცხოვრობდნენ და საწყლები ერეტიკოსებად იქცნენ.

მაგრამ, თუ რომელიმე მეუფე, მღვდელი ან ბერი დამნაშავეა, ქრისტე ხომ არ არის დამნაშავე! მაგრამ ადამიანები ასე ღრმად არ იყურებიან. „- განა ეს ქრისტეს არ წარმოადგენს?“ - ამბობენ ისინი. მაგრამ საკითხავი ისაა, ეს წარმომადგენელი განასახიერებს იმას, ვისაც წარმოადგენს?! ადამიანები არ ფიქრობენ იმას, რა ელის ქრისტეს ასეთ წარმომადგენელს იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ამიტომ ზოგიერთი, როცა სასულიერო პირთა ცხოვრებაში შეუფერებელ გამოვლინებებს ამჩნევს, რწმენას კარგავს.

საწყლებს არ ესმით, რომ თუ რომელიმე ჟანდარმი დამნაშავეა, მისი ერი დამნაშავე არ არის, ასევე, თუ რომელიმე ღვთისმსახური აშავებს, ამაში ეკლესიის ბრალი არ არის. მაგრამ მათ, ვინც ამგვარად ცდუნდება, მაგრამ კეთილადაა განწყობილი, შეუძლიათ ამის გაგება, თუკი აუხსნი. ასეთ ადამიანებს დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებები აქვთ, რადგან მათი ბოროტებისკენ გადახრა შეძლეს, რაღაცის გაგების უნარი კი მათ არა აქვთ.

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ აშკარად არავინ გამოხატავს თავის პოზიციას ეკლესიაში არსებული ამდენი საცდურის გამო?

- ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიაში ხდება, არ შეიძლება საუბარი და აშკარა პოზიციის გამოხატვა. უბრალოდ უნდა გადავიტანოთ ყველაფერი, მოვითმინოთ - მაგრამ ეს ერთია, მეორე საქმეა ყოველივე ამის ისე გამართლება - როგორც ამართლებენ!.. იმ შემთხვევაში, როცა რაღაცის თქმა ხდება საჭირო, პატივისცემითა და ვაჟკაცობით უნდა გააკეთო ეს ისე, რომ სიფიცხისაგან დორბლებს არ ყრიდე და პრობლემა საყოველთაო განხილვის საგნად არ გახადო. რაც საჭიროა, პირისპირ უნდა უთხრათ იმ პირს, ვისაც საქმე ეხება. უთხრათ სიყვარულით, ტკივილით, რომ ის მეტად ყურადღებიანი იყოს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. წრფელი და პირდაპირი ის კი არ არის, ვინც „სიმართლეს პირდაპირ მიახლის“, ის, ვინც ქვეყნის გასაგონად გაჰყვირის, არამედ იგი, ვისაც სიყვარული აქვს, სიმართლით ცხოვრობს, გონივრულად ამბობს იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა - იმ ჟამისათვის შესაფერისი და აუცილებელი.

ის, ვინც განუსჯელად ამხელს სხვებს, სულიერად დაბნელებულია და ადამიანები ჩირადაც არ უღირს. ეს უგუნური ადამიანები შეუბრალებლად „რანდავენ“ სხვებს, მათ - ვინც იტანჯება და წვალობს. მაგრამ ამავდროულად დაბნელებული „კუბიზმის ოსტატები“ ხარობენ, როდესაც მათი ნაჯახის ქვეშ გამოდიან ერთნაირი, სწორკუთხად გარანდული ადამიანები. მხოლოდ ეშმაკით შეპყრობილი ადამიანის გამართლება თუ შეიძლება, როდესაც იგი ადამიანებს არცხვენს, მათ წარსულს აშიშვლებს, რათა შეარყიოს სუსტი სულები. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი იმათ ეხება, ვისზედაც ეშმაკს სრული ძალაუფლება აქვს მოპოვებული. გასაგებია, რომ უწმიდურ სულს სააშკარაოზე გამოაქვს არა ადამიანების კეთილი საქმეები, არამედ - მათი უძლურებანი. და პირიქით: ვნებათაგან განწმენდილებს ბოროტება არა აქვთ და ამიტომ ბოროტებას სიკეთედ აქცევენ. როდესაც ისეთ უწმინდურობას ნახავენ, რომლის აღგვა შეუძლებელია, ასეთი ადამიანები რამენაირად დაფარავენ მას, რომ სხვებმაც არ ნახონ და ზიზღი არ იგრძნონ. მაგრამ ისინი კი, ვინც სხვათა ცოდვების ნაგავსა და ჭუჭყს წარმოაჩენს, იმ ქათმებს გვანან, რომლებიც, კარგად ვიცით, სადაც იქექებიან...

დღეს [6] ეშმაკი ბევრ რამეს თითხნის, ამუქებს და ხრწნის, ის საშინელ სიცრუეს ხლართავს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თვითვე დაიმტვრევს კბილებს. გავა წლები და მართლები გაბრწყინდებიან, ისინი შესამჩნევნი გახდებიან, თუნდაც მათი სათნოებები არც ისე დიდი იყოს, რადგან უკიდურესი წყვდიადი გამეფდება და ადამიანები მათკენ მიბრუნდებიან. ისინი კი, ვინც დღეს სხვებს აცდუნებენ, თუკი იმ დრომდე მიაღწევენ, შერცხვებიან.

 

სწორი დამოკიდებულება ეკლესიის პრობლემებისადმი

- წმიდაო მამაო, როდესაც ეკლესიაში რთული პრობლემები წარმოიშობა, როგორი დამოკიდებულება სჯობს, რომ გვქონდეს მათთან.

- უკიდურესობებს უნდა გავექცეთ. უკიდურესობის საშუალებით პრობლემები არ გადაიჭრება. ძველ დროში ბაყალი აქანდაზით იღებდა ცოტ-ცოტაობით შაქარს, ღერღილს და ამის მსგავს რაღაცეებს და სასწორზე ნაწილ-ნაწილ ყრიდა. ამგვარად აღწევდა იგი სიზუსტეს და სასწორი წონასწორობას ინარჩუნებდა. ანუ ის არ დაყრიდა სასწორზე უცებ და ბევრს. უკიდურესობებისაგან ყოველთვის იტანჯება დედა-ეკლესია. ისინიც, ვინც უკიდურესობის გზას ადგანან, ასევე იტანჯებიან, იმიტომ, რომ ნებისმიერი უკიდურესობა თავისი მახვილი კუთხეებით მტკივნეულად იჩხვლიტება. ეს იმას ჰგავს, რომ ერთი ბოლო ეშმაკეულ, სულიერად უტიფარ ადამიანს ეპყრას ხელში, ადამიანს, ვინც არავის არაფრად აგდებს, ხოლო მეორე მხარე ეჭიროს უკიდურესად ჭკუასუსტს, რომლის უგუნური მოშურნეობა ვიწროშუბლიანობასთან არის შერწყმული. ანუ სულიერად უტიფარი ადამიანი ვერასოდეს შეუთანხმდება უგუნური მოშურნეობით აღძრულ მოშურნეს. ეს ადამიანების გადაემტერებიან და გვემენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ საღვთო მადლს ორივე მოკლებული იქნება. და მაშინ - ღმერთო, მიშველე! - ორივე უკიდურესობა გამუდმებით ჩხვლეტს და გვემს ერთმანეთს დაუსრულებლად და ამას ბოლოს ვერ უპოვი. ხოლო ისინი, ვინც ამ ორი უკიდურესობის მოდრეკას, ერთმანეთთან შერიგებას და ერთ აზრზე დაყენებას შეძლებს, ქრისტეს მიერ ორი უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.

ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეკლესიას პრობლემები არ შევუქმნათ, არ გავბეროთ უმნიშვნელო ადამიანური სისუსტეები, რომ მათგან დიდი ბოროტება არ შევქმნათ და ეშმაკს სიხარულის მიზეზი არ მივცეთ. თუ ის, ვინც უმნიშვნელო უწესრიგობას ხედავს, მეტისმეტად აღელდება და მრისხანებით იწყებს მის გამოსწორებას, იმ უგუნურ მნათეს ჰგავს, რომელიც, იმის დანახვაზე, რომ სანთელი წვეთავს, მთელი ძალით გარბის მის გასასწორებლად, გადაუვლის მლოცველებს, წამოედება შანდლებს და ღვთისმსახურებისას უწესრიგობას ქმნის.

საუბედუროდ, ჩვენს დროში დედა ეკლესიას ბევრი რამ აწუხებს; ერთნი - განათლებულნი დოგმატებს გონებით ეკვეთნენ და არა - წმიდა მამათა სულიერებით. მეორენი, გაუნათლებლები დოგმატებს ჩააფრინდნენ კბილებით და აღრჭიალებენ მათ, როცა საეკლესიო საკითხები ირჩევა, ამიტომ ეკლესიას გაცილებით მეტად ვნებენ ისინი, ვიდრე - მართლმადიდებლობის მტრები. კარგია, როცა მდინარის დინება ძალიან ჩქარი არ არის, რადგან ჩქარი დინება იტაცებს ხეებს, ქვებს, ადამიანებს, მაგრამ არც განსაკუთრებით მდორეა კარგი, რადგან ის დამყაყებულ კოღოებიან ჭაობად იქცევა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საყოველთაო სიკეთით კი არა, არამედ - ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულნი. ადამიანი ვიღაც სხვას მეტად აკვირდება, ვიდრე - საკუთარ თავს. ის ელოდება, რას იტყვის და დაწერს მისი ოპონენტი, რომ ამის შემდეგ უმოწყალო დარტყმა მიაყენოს მას. მაშინ როცა, თვითონ რომ გამოეთქვა იგივე აზრი, მაშინ იგი თავის მსჯელობას წმ. წერილიდან და წმ. მამათა ნაშრომებიდან არაერთი დამოწმებით განამტკიცებდა. ასეთი ადამიანის მიერ აღსრულებული ბოროტება დიდია იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, იგი უსამართლოდ ექცევა მოყვასს, მეორეს მხრივ კი, ამცირებს მორწმუნეთა თვალში. უფრო მეტიც: ასეთი ადამიანი ხშირად აცდუნებს სუსტი ადამიანების სულებს და მათში ურწმუნოებას თესავს. ზოგიერთი, იმისათვის, რომ თავისი ბოროტება გაამართლოს, სხვებს ამხელს და არა - საკუთარ თავს, სპეკულანტობს სახარების სიტყვებით - „უთხარ კრებულსა“ [7] და შიდა საეკლესიო პრობლემების მთელი ქვეყნის განსახილველად სამარცხვინოდ გამოფენს. ყველა კუთხეში გაჰყვირის იმას, რაზედაც ლაპარაკი არ შეიძლება. დაე, ამ ადამიანებმა საკუთარი მცირე ეკლესიიდან - ოჯახიდან ან მონაზვნური საძმოდან დაიწყონ და თუ კიდევ მოესურვებათ ეს - უკვე შემდეგ განაქიქონ დედა ეკლესია. მე მგონია, რომ კეთილი შვილები არასოდეს არ დაუწყებენ დედას რაიმეში დადანაშაულებას.

ეკლესიას სხვადასხვანაირი ადამიანები სჭირდება - ყველა: ისიც, ვინც რბილი ხასიათით გამოირჩევა და ისიც, ვინც ბუნებით მკაცრია, თავისებურად ემსახურება მას. ადამიანის ხორცს სხვადასხვაგვარი საკვები სჭირდება - ტკბილიც და მჟავეც, თვით ბაბუაწვერას მწარე ფოთოლიც კი საჭიროა. თითოეულ საკვებში ხომ მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებები და ვიტამინებია. ამიტომაც ეკლესიას სხეულს სხვადასხვაგვარი ადამიანები ესაჭიროება. ერთი ადამიანი მეორეს ავსებს. თითოეული ჩვენგანი მოვალეა, არა მარტო მოითმინოს მოყვასის სულიერი თავისებურებანი, არამედ - ნაკლოვანებებიც, რომელიც მასში, როგორც ადამიანში, აუცილებლად იქნება. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი განუსჯელად პრეტენზიულია სხვათა მიმართ. ისინი მოითხოვენ, რომ ყველა მათი მსგავსი სულიერი წყობისა იყოს. და როდესაც სხვა ადამიანი მათგან განსხვავებული აღმოჩნდება, მაგალითად - მეტად შემწყნარებლური ან მეტად მკაცრი ბუნება აქვს, მაშინათვე დაასკვნიან, რომ ის არასულიერი ადამიანია.

 

მაღალი რანგებისა და ადამიანური დიდების შესახებ

მე მანცვიფრებს, რომ ზოგიერთი ასე მიელტვის კაცობრივ და არა - საღმრთო დიდებას, რომელიც შველის, თუ კაცობრივ დიდებას განვერიდებით. ყველაზე მაღალი ხარისხიც რომ მოვიხვეჭოთ, რაც კი ამქვეყნად არსებობს, მთელი ქვეყანა რომ მზად იყოს ჩვენს განსადიდებლად, რა სარგებლობას მოგვიტანს ეს? ქვეყნიური ქება-დიდება! განა ის სამოთხეს მოგვიტანს? თუ ჯოჯოხეთისაკენ გვიბიძგებს? ქრისტემ როგორ თქვა?! - „დიდება კაცთაგან არა მოვიღო“ [8]. რა სარგებლობას მომიტანდა, რომ უბრალოდ ბერი კი არ ვიყო, არამედ - მღვდელ-მონაზონი, მეუფე? პატრიარქი? უფრო მაღალი რანგები ცხონებაში დამეხმარებოდა? თუ ისინი ამ უძლურ პაისის მძიმე ტვირთად დააწვებოდა და ჯოჯოხეთამდე მიიყვანდა?! სხვა ცხოვრება რომ არ არსებობდეს, მაღალი ხარისხებისაკენ უგუნურ სწრაფვას რაღაც გამართლება მაინც ექნებოდა, თუმცა მას, ვინც სულის ცხონებას მიელტვის, „შეურაცხიეს იგი ნაგევად“და მაღალ ხარისხებს არ ესწრაფის.

მოსე ღვთის მიერ იყო მოვლენილი ებრაელების გადასარჩენად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აღთქმულ მიწაზე შესვლა მას არ ეღირსა, იმიტომ, რომ თავისი ხალხის გამო იდრტვინა ღმერთზე. მოსე გამუდმებით მათი დრტვინვის გარემოცვაში ცხოვრობდა და ბოლოს და ბოლოს, ისიც ადრტვინდა. „ეს ხალხი წყალს მთხოვს, საიდან მივცე მათ წყალი“ [10] - თქვა მან. დიახ - საიდან?! ცოტა ხნის წინ შენ ხომ ქვას დაარტყი კვერთხი, იქიდან წყალი გადმოვიდა და შენი ხალხი დაარწყულე? განა ეს ასეთი ძნელი იყო? მაგრამ მოსეს, რომელსაც თავი უამრავი ადმინისტრაციული საკითხით ჰქონდა სავსე, დაავიწყდა, რამდენი წყალი აღმოაცენა ცოტა ხნის წინათ. იგი ვერ მიხვდა თავის შეცდომას და ღვთისგან მიტევება არ უთხოვია. მიტევება რომ ეთხოვა, ღმერთი მიუტევებდა; ის, რომ იგი აღთქმულ ქვეყანაში ვერ შევიდა, მცირე სასჯელი იყო ღვთისაგან, დრტვინვის გამო დადებული ეპიტიმია. რა თქმა უნდა, ღმერთმა სამოთხეში შეიყვანა მოსე. მან პატივი მიაგო მას იმით, რომ ფერისცვალებისას ელიასთან ერთად თაბორს გაგზავნა. წმ. წერილის ყველა ეს მოვლენა გვეხმარება, გავიგოთ, თუ ღვთისკენ მიმავალ გზაზე რა დიდ დაბრკოლებად იქცევა ქრისტიანისთვის ის ხარისხი, რომელსაც იგი ფლობს და რა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული იგი. ხოლო ზოგიერთები შინაგანად უნდა გრძნობდნენ მხოლოდ სიხარულს და გარეგნულადაც გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ღმერთმა ასე მოაწყო და მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ დააკისრა. მაგრამ ამის მაგიერ, ასეთი ადამიანები პირიქით - პასუხისმგებლობას და მაღალ ხარისხებს მიელტვიან, ხოლო, როდესაც ხარისხებს ვერ იღებენ, ტანჯვისაგან მდგომარეობიდან გამოდიან და ანადგურებენ საკუთარ სულს და მასთან ერთად სხეულსაც, რადგან, პავლე მოციქულის სწავლებით, სხეული სულის ტაძარია [11]. მაშინ, როდესაც ქრისტე მათთვის ზეციურ დიდებას ამზადებს, მათ სურთ, სამოთხეში კაცობრივი დიდების საშუალებით მოხვდნენ.

ზოგიერთმა შეიძლება მკითხოს: „- მაშ, რატომაა, რომ ზოგი ჯერ კაცთაგან განდიდდა, შემდეგ კი - ღვთისგან?“ მაგრამ საქმის არსი ის არის, რომ თუ ადამიანს კაცობრივი დიდება სურს, ქრისტე არ განადიდებს მას. ადამიანი თავისით არასოდეს უნდა ესწრაფოდეს პასუხისმგებლობას და თუ მას ამისგან გაათავისუფლებენ, უნდა უხაროდეს კიდეც. სულიერი კანონებით ხომ პასუხისმგებლობა, რომელსაც იგი ტვირთულობს, უნდა ამძიმებდეს მას. თუ ადამიანი არ ხარობს იმით, რომ იგი გაათავისუფლეს პასუხისმგებლობისაგან, ესეიგი მასში ამპარტავნებაა დამალული. ნურასოდეს ისწრაფებთ მაღალი ხარისხების, წოდებებისა და თანამდებობებისაკენ, ასეთი სწრაფვა შორს წასული ავადმყოფობის შედეგია. ეს მიუთითებს, რომ ამ ჩვენი ავადმყოფობის გამო მივდივართ გზით, რომელიც დიდად განსხვავდება იმ გზისაგან, რომლითაც წმიდა მამები მიდიოდნენ და რომლითაც ისინი სამოთხეში მივიდნენ.

ჩვენ წმიდათა მთელი სიმრავლე გვყავს, რომლებიც გაურბოდნენ სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს: იღუმენობას, მღვდლობას, ეპისკოპოსობას. ერთნი ხელს იჭრიდნენ, მეორენი - ცხვირს, მესამენი - ყურებს, მეოთხენი - ენას, რომ ფიზიკური ნაკლი ჰქონოდათ და ხელდასხმას განრიდებადნენ. იყვნენ წმიდანები, რომელთა ქოხებსაც სახურავებს ხდიდნენ და მაღლიდან ისე ასხამდნენ ხელს. იყვნენ წმ. ამფილოქეს მსგავსი წმიდანები, რომელთაც ხელს შორიდან ასხამდნენ. ესენი გაბრწყინებული ადამიანები იყვნენ და სიწმიდეს ფლობდნენ. მაგრამ, რადგანაც აცნობიერებდნენ, თუ რა დიდ ღირსებას უნდა ფლობდეს სული და - რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას, ისინი გაურბოდნენ ამ პასუხისმგებლობას. გზა, რომელიც ამ ადამიანებმა იპოვეს, სულიერად დაეხმარა მათ.

წმ. მთაზეც ზოგიერთი მღვდლობას სულიერი ცხოვრების დამაბრკოლებლად მიიჩნევს. სხვა მოვალეობებთან ერთად მღვდელმონაზვნებმა სხვა მონასტრებშიც უნდა იარონ ეპისკოპოსთან შესახვედრად. მათ აგზავნიან სატაძრო დღესასწაულებზეც. რა თქმა უნდა, ეს სულიერი დღესასწაულებია, მაგრამ შინაგანი სიმშვიდე მათ ნაკლებად მოაქვთ. როცა თანაცხოვრებულთა მონასტერში ვიყავი ერთ ბერ-დიაკონს ვიცნობდი, რომელიც ბერ-დიაკონის ხარისხში დაბერდა და მიიცვალა. მის ახალგაზრდობაში მონასტერში დიაკონი არ იყო და ამიტომ დაასხეს ხელი. შემდეგ აქ ახალგაზრდობა მოვიდა, ისინი დიაკვნები და მღვდლები ხდებოდნენ, ის კი ყოველთვის ვიღაცას უთმობდა და დიაკვნის ხარისხში რჩებოდა. როდესაც მღვდელ-მონაზვნობა დაუპირეს, თქვა: „- ახლა მონასტერში ამის აუცილებლობა არ არის, მადლობა ღმერთს, ჩემზე ახალგაზრდა ძმებიც არიან“. შემდეგ მას მონასტრის კანცელარიაში მისცეს მორჩილება. როდესაც მონასტერში განათლებული მორჩილები მოვიდნენ, მან ითხოვა და სხვა მორჩილებაზე გადავიდა. ხოლო, როდესაც მონასტერს მძიმე დრო დაუდგა, ღვთისმოსავმა დიაკონმა თხოვნით მიმართა ერთ სათნოებებით შემკულ მღვდელმონაზონს, რომ იღუმენი გამხდარიყო. „- შენ რად გაურბიხარ პასუხისმგებლობას? - ჰკითხა მღვდელმონაზონმა. - გინდა, რომ მე გადმომადო ტვირთი? მოდი, შენ სულიერი საბჭოს წევრი გახდი და მე იღუმენი ვიქნები“. ამგვარად ერთი იღუმენი გახდა, მეორე - სულიერი საბჭოს წევრი. მაგრამ, როდესაც ყველაფერი მოგვარდა და მონასტერში ნორმალური ცხოვრება გაგრძელდა, ჩვენი დიაკონი სულიერი საბჭოდან წამოვიდა. ეს დიაკონი ძალიან დამეხმარა. მას ღვთის დიდი მადლი ჰქონდა. როდესაც წმ. მთის წმ. კინოტში რაიმე რთულ საკითხებს განიხილავდნენ, მას იწვევდნენ, რომ იქ თავისი ბრძნული და კურთხეული აზრი გამოეთქვა.

- წმიდაო მამაო, მაშ რაშია იმის მიზეზი, რომ სულიერი ადამიანები, რომელთაც ფულის სიყვარული არა აქვთ, დიდებას ელტვიან? გამოდის, რომ სამართლიანად ამბობდნენ ძველი ბერძნები: „სიმდიდრე ბევრმა მოიძულა, დიდება - არავინ?“ [12].

- მიზეზი იმაშია, რომ თავი ბურთივით ცარიელი აქვთ. სწორედ ესაა ცარიელი, ამაო დიდება. სიტყვები - „სიმდიდრე ბევრმა მოიძულა“... საგნებზე ერულ შეხედულებებს ასახავს. სულიერ ცხოვრებაში ამას ადგილი არა აქვს. ეს ძველი ბერძნების სიტყვებია, რომელთაც ჭეშმარიტი ღმერთი არ იცოდნენ. სულიერ ცხოვრებაში დიდება უნდა გაქრეს. განა ვინმემ, კაცთაგან, იმაზე დიდი უპატიობა გადაიტანა რაიმეში, ვიდრე ქრისტემ? მამები უპატიობას ეძებდნენ და ღმერთი პატივს მიაგებდა მათ. ხოლო ისინი, ვინც თვით ეძებენ დიდებას, ჯერ ერის ზღურბლზე იმყოფებიან - ანუ სტადიონზე. მისდევენ ფეხბურთს: „დიდება სპარტაკს!“ მაგრამ იმ დიდებაში, რომელზედაც სახარებაშია ლაპარაკი, სიყვარული და სიმდაბლეა. ქრისტე ამბობს: „- ადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ... ესე არს ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდიან შენ მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი“ [13]. ანუ ქრისტე ღმერთს ევედრებოდა, რომ ხალხს მხსნელი შეეცნო და ამგვარად ცხონებულიყო. ხოლო დღეს უმრავლესობა იმას მიელტვის, დიდება მოიპოვოს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. დიდება - მარცხნიდან, დიდება - მარჯვნიდან, მერე კი ორივე ფეხით კოჭლობენ. ეს ისაა, რაზედაც ქრისტემ თქვა: „დიდებასა ურთიერთას მიიღებთ“ [14], „აცთუნებენ და სცთებიან“ [15]. ამ დიდებისგან გულს მაზიდებს, ამ ატმოსფეროში გაძლებას ერთი დღე-ღამეც კი ვერ შევძლებ.

პასუხისმგებლობა სხვებზე - ეს ძალიან დამაბრკოლებელია სულიერ ცხოვრებაში. იგი, ვისაც სულიერი ღვაწლი სურს, პასუხისმგებლობას გაურბის. ჩვეულებრივ, ისინი, ვინც მაღალ ხარისხებს და უფროსობას ეძებენ, ცუდად ამთავრებენ. აქ საქმეში ერევა პიროვნული საწყისი, ეგოიზმი, შემდეგ წინამძღვრები იწყებენ კინკლაობას, ჩხუბს ერთმანეთში. ასეთ წინამძღვრებს ხომ - ერთსაც და მეორესაც - ეგოიზმი ამოძრავებთ. თუმცა იგი, ვინც ღვთისმოყვარებით იღწვის, საკუთარ თავს შეღავათს არ აძლევს და ყველა თავი ქმედებაში პირად „მე“-ს უარყოფს, სხვებს ძალიან შედეგიანად ეხმარება. იმიტომ, რომ ნუგეშისმაძიებელი სულის ნუგეშისცემა მხოლოდ ასეა შესაძლებელი და ის სულებიც, რომლებიც სხვა ადამიანებს ეხმარებიან, მხოლოდ მაშინ არიან მშვიდად, როგორც ამქვეყნიურ, ისე - იმქვეყნიურ ცხოვრებაში.

ძველად წმ. მამები უდაბნოში მიდიოდნენ და მოღვაწეობით განიწმიდავდნენ თავს ვნებათაგან, ისინი გეგმებისა და პროექტების შედგენის გარეშე საკუთარ თავს ღვთის ხელს გადასცემდნენ და მაღალ ხარისხებსა და თანამდებობებს გაურბოდნენ, - კიდეც რომ სიწმიდის საზომისათვის მიეღწიათ. გამონაკლისი ის შემთხვევები იყო, როცა ეს დედა-ეკლესიას სჭირდებოდა. მაშინ ისინი ღვთის ნების მორჩილებით მოქმედებდნენ და სახელი ღვთისა განადიდებდა მათ წმიდა ცხოვრებით. ანუ - თავდაპირველად უდაბნოში ცხოვრებით, ჯანმრთელი სულიერი საზრდოთი გამოკვებილნი და მამობრივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფნი, წმ. მამები მტკიცე სულიერ სიჯანსაღეს შეიძენდნენ და მხოლოდ ამის შენდეგ ხდებოდნენ თვითონ სულიერი დონორები.

 

როგორ იმართება ეკლესია

მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმიდა სინოდი, მონასტერში - მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯელონ. მონასტრის წინამძღვარმა თუ იღუმენიამ და მონასტრის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიის წინამძღოლი არის უპირველესი - თანასწორთა შორის. პატრიარქი პაპი არ არის, მას მღვდლობის იგივე ხარისხი აქვს, რაც დანარჩენ იერარქებს. აი, პაპი კი სხვა რამეა! ის განსაკუთრებული ფიგურაა! ის სიმაღლეზეა დაბრძანებული, დანარჩენები კი ფეხებს უკოცნიან. მაგრამ პატრიარქი პაპი როდია, იგი სხვა იერარქებთან ერთად ზის და მათ საქმიანობას უწყობს ხელს. ასევე მონასტრის წინამძღვარი თუ იღუმენია სულიერი საბჭოს სხვა წევრებთან მიმართებაში არის პირველი - თანასწორთა შორის. ერთ იერარქსა თუ ბერთა საბჭოს წევრს ღმერთი რაღაც ერთთან მიმართებაში გამოარჩევს, მეორეს - რაღაც მეორესთან მიმართებაში. ოთხი მახარებელიც ხომ სწორედ ერთმანეთს ავსებენ. ასევე ხდება გარკვეული საკითხის განხილვა წმ. სინოდზე ან მონასტრის სულიერ საბჭოზე. თითოეული საკუთარ აზრს გამოთქვამს და თუ ვინმეს აზრი დანარჩენებისას არ ემთხვევა, ეს ოქმებში ფიქსირდება. იმიტომ, რომ როდესაც საუბარი ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც სახარებისეულ მცნებებს ეწინააღმდეგება და ცალკეული პირის საწინააღმდეგო აზრი ამ ოქმში არ ჩაიწერება, შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი სიცრუეს ეთანხმებოდა. თუ სინოდის ან სულიერი საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება არასწორ აზრს, მაგრამ ხელს მოაწერს გადაწყვეტილებას და თავის პოზიციას ოქმში არ ჩაწერს, ის არასწორად იქცევა და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში იგი დამნაშავეა. მაგრამ როდესაც იგი საკუთარ აზრს გამოთქვამს, უმრავლესობა რომც არ ეთანხმებოდეს, ღვთის წინაშე გამართლდება. თუ ადგილობრივი ეკლესიის სინოდი ან მონასტრის სულიერი საბჭო სწორად არ მუშაობს, გამოდის, რომ თითქოსდა მართლმადიდებლობის ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმით პაპისტურ სულს წარმოვაჩენთ. მართლმადიდებლური სული ასეთია: თითოეულმა უნდა გამოთქვას და დააფიქსიროს თავისი აზრი და არ უნდა დუმდეს შიშის ან პატივის გამო, იმისთვის, რომ ეკლესიის წინამძღოლთან ან მონასტრის წინამძღვართან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.

მაგრამ თავს ვნებენ ის ღვთისმსახურებიც, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკში რაიმე საეკლესიო თანამდებობას იკავებენ. ისინი ტყუილუბრალოდ იხარჯებიან, მაშინაც კი, ამ თანამდებობისათვის შესაფერისი თვისებები რომ ჰქონდეთ. მათ მეტად ამძიმებთ და დიდ დროს ართმევთ ადმინისტრაციული და საკანცელარიო საქმეები და სულიერ სარგებელს ვერ ნახულობენ, თუნდაც ამისათვის საკმარისი მონაცემები ჰქონდათ. შესაძლებლობები ასე უაზროდ რომ არ გაეფლანგათ და საკუთარ თავზე ემუშავათ, ზოგიერთი მათგანი ეკლესიისათვის უდიდესი კაპიტალი იქნებოდა. ის, ვინც საკუთარი თავით არ არის დაკავებული (ამ სიტყვის კარგი გაგებით), ანუ საკუთარ თავზე არ მუშაობს, იმ ვაჭარს ემსგავსება, რომელიც ვაჭრობს და, ამავე დროს, არ იცის, რამდენი ფული აქვს. ბოლოს და ბოლოს ასეთი ვაჭარი ციხეში მოხვდება.

ძალიან მეწყინა, როცა შევიტყვე, რომ ახალგაზრდა მღვდლები ხელმძღვანელის სავარძლებში სხედან. მათ რომ ასე ადრეულად არ აეღოთ საკუთარ თავზე ხელმძღვანელის მოვალეობა, მოგვიანებით ბევრს დაეხმარებოდნენ. ამასთან, ხშირად ეკლესიის წინამძღვრები ხდებიან არა გამოცდილი მამები, რომელთაც სამწყსოსთან სულიერი მუშაობა შეუძლიათ, არამედ ახალგაზრდა მღვდლები. ამგვარად ბოროტება ორმაგდება. პირველი ის, რომ ახალგაზრდები და გამოუცდელები, რომელთაც ჯერ საკუთარ თავზე არ უმუშავიათ, სხვებზე იღებენ პასუხისმგებლობას. ჯერ სულიერი სიმდიდრე არ მოუხვეჭიათ და იკავებენ იმ ადგილს, საიდანაც აუცილებელია, რომ სულიერი სიმდიდრე სხვებს გაუნაწილო. მეორე ბოროტება კი იმაში მდგომარეობს, შედარებით უფროსი ასაკის სასულიერო პირებს, რომლებსაც ეკლესიაში თანამდებობები არ უკავიათ, შესაძლებლობა არა აქვთ, საკუთარი ძვირადღირებული გამოცდილება და საღმრთო განათლებულობა სხვებსაც უწილადონ.

 

საღმრთო ლიტურგია

- წმიდაო მამაო, როცა საღმრთო ლიტურგია აღესრულება, აუცილებელია, რომ მაზიარებლები ყოველთვის იყვნენ?

- დიახ, იმიტომ, რომ ლიტურგიის უმთავრესი მიზანი ისაა, რომ ქრისტიანები, თუნდაც ზოგიერთი მათგანი, ვინც ამისთვის მზადაა, ეზიარნენ. საღმრთო ლიტურგიის ყველა ლოცვაში ლაპარაკია მორწმუნეებზე, რომლებიც საზიარებლად ემზადებიან. ამიტომ ლიტურგიაზე ერთი მაზიარებელი მაინც უნდა იდგეს. რა თქმა უნდა, ხდება, რომ მლოცველთა შორის ზიარებისათვის არც ერთი არ არის მზად. ეს სხვა საქმეა, მაგრამ კარგია, თუ ვინმე ეზიარება - პატარა ბავშვი, ან ჩვილი. როდესაც მაზიარებელი არ არის, მაშინ ლიტურგიის მსახურება მხოლოდ მღვდლების ზიარებისა და მოხსენებულთათვის აღესრულება. მაგრამ ეს წესი კი არ უნდა იყოს, არამედ - გამონაკლისი.

საღმრთო ლიტურგიაზე - ყოველ ჯერზე ხელახლა განიცდება ახალი აღთქმის მოვლენები. წმიდა სამსხვერპლო - ბეთლემია, წმიდა ტრაპეზი - უფლის ყოვლადწმიდა კუბო, ჯვარცმა ტრაპეზთან - წმ. გოლგოთა. საღმრთო ლიტურგააზე ქრისტეს მყოფობა ყოველ ქმნილებას აკურთხებს. საღმრთო ლიტურგიების აღსრულებაზეა დამოკიდებული ქვეყნიერება! რა დიდებულია ის, რაც ღმერთმა გვიბოძა, ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია. არსებობენ ღვთისმსახურნი, რომელნიც ამ საშინელ საიდუმლოს ყოველ საღმრთო ლიტურგიაზე განიცდიან. ერთი სასულიერო პირი მიამბობდა, როგორ შესჩივლა მას ერთმა კეთილმა ღვთისმსახურმა: „- ძალიან მიძნელდება წმ. ძღვენის მსახურება, ამ საძაგელ ცრემლებს ვერ ვიკავებ, პირდაპირ ბარძიმში მიცვივიან და ამას მეტად განვიცდი“. და როგორი ცრემლი ჰქონდა მას! ჩემმა ნაცნობმა კი უთხრა: „ევედრე ქრისტეს, რომ მან მეც მომცეს ცოტაოდენი ეგ „საძაგელი“ცრემლები“.

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ, როდესაც მღვდელი შემთხვევის ლოცვას ასრულებს, თქვენ გამოდიხარ სტასიდიიდან?

- იმიტომ, რომ როდესაც ღვთისმსახური ლოცულობს, ღმერთი საღმრთო მადლს გარდამოავლენს, რათა იგი გათავისუფლდეს უძლურებისაგან და საღმრთო საიდუმლოს შესრულება შეძლოს ამ დროს მორწმუნეებიც ღვთისმოსაობით უნდა ლოცულობდნენ, რათა საღმრთო მადლი მიიღონ.

საღმრთო ლიტურგია პროსკომიდიით იწყება. რა ბრძნულად მოაწყობს ხოლმე ღმერთი, რომ ჩვენც შევიცნოთ, თუ რა არის საღმრთო საიდუმლოებანი და განვიცადოთ ისინი! როდესაც მნათეს მორჩილებას ვასრულებდი, ერთი სასწაულებრივი მოვლენა შემემთხვა. ერთხელ, როდესაც მწირველმა მღვდელმა წარმოსთქვა სიტყვები: „ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგვარა“... მე გავიგონე, რომ წმ. ფეშხუმზე ტარიგი შეინძრა. ხოლო როდესაც მან ბრძანა: „შეიწირვის ტარიგი და ძე ღმრთისა“ [16], მე გავიგონე, რომ წმ. სამსხვერპლოდან კრავის ბღავილი გაისმა. რა საშინელია! ამიტომ ვეუბნები მღვდლებს, რომ არ შეიძლება, ტარიგის განგმირვა და ნაწილების ამოღება კვეთამდე და შემდეგ მხოლოდ დალაგება წმ. ფეშხუმზე სიტყვებით: „შეიწირვის ტარიგი ღმრთისა“, „ვითარცა ტარიგი კვლად მიიგვარა“. მღვდელმა ეს სიტყვები არაფრით არ უნდა წარმოსთქვას ადრე, არამედ - თავის დროზე, ამ დროს უნდა აიღოს მან წმ. ლახვარი და უგმიროს სეფისკვერს. ანუ, როდესაც იტყვის სიტყვებს: „შეიწირვის ტარიგი ღმრთისა“, ამ დროს უნდა აღესრულოს სამსხვერპლოზე ტარიგის დაკვლა.

როდესაც პროსკომიდიაზე მღვდელი ზარს დარეკს [17] და ჩვენ - გულში ვიხსენებთ სახელებს, თქვენი გული ყოველი მოხსენებული სულის მიმართ თანაგრძნობით უნდა აივსოს, იქნება ეს ცოცხალი თუ გარდაცვლილი ადამიანი. გონებაში წარმოიდგინეთ ამ დროს ყოველგვარი ადამიანური - გასაჭირი და კონკრეტულად ისიც, ვისთვისაც ლოცულობთ და ევედრეთ: „მოიხსენე, უფალო, მარიამი... ნიკოლოზი..., შენ იცი ღმერთო, როგორი გასაჭირი ადგათ მათ...“ ის სახელები, რომლებსაც მოსახსენებლად გაძლევენ, რამდენიმე საღმრთო ლიტურგიაზე მოიხსენეთ, ზოგი - სამზე, ზოგით - ხუთზე. დანარჩენები მეორე ჯერზე მოიხსენეთ. თორემ რა გამოვა - ზოგს მუდმივად იხსენიებ, ხოლო სხვებს, ვისაც ლოცვითი შეწევნა სჭირდებათ, საერთოდ არ იხსენიებ. ასეთი რამ მე არ მესმის! კათოლიკების, იეღოველებისა და სხვა ერეტიკოსების საღმრთო ლიტურგიაზე მოხსენიება არ შეიძლება. არ შეიძლება, მათ სახელზე ნაწილის გამოღება, არც პანაშვიდის გადახდა. მაგრამ მათი ჯანმრთელობისა და განწმენდისათვის შეგვიძლია, ვილოცოთ და სავედრებელი კანონიც კი შევასრულოთ.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი ღვთისმსახური ამბობს, რომ არ სურს, ლიტურგია ხშირად შეასრულოს, რათა არ მიეჩვიოს მას.

- ღვთისმსახურმა ასეთი რამ არ უნდა თქვას. ეს მართალი არ არის. ეს იგივეა, რომ თქვას: „იშვიათად ვინახულებ ნათესავებს, რომ უკეთესად მიმიღონ, როდესაც ვესტუმრები“. თუმცა საღმრთო ლიტურგიისათვის მომზადებაა საჭირო. საღმრთო ზიარება განწმენდს და განკურნავს მას, ვინც ღვაწლს აღასრულებს? რას შეცვლის ქრისტე, თუ ადამიანი თვითონ არ შეიცვალა? ოდესღაც ათონზე, ღირსი ათანასეს გამოქვაბულში ერთი ბერი ცხოვრობდა - ორ მორჩილთან ერთად. მათგან ერთი მღვდელ-მონაზონი იყო, მეორე - ბერ-დიაკონი. ერთხელ ეს მორჩილები ერთ პატარა ეკლესიაში ლიტურგიის შესასრულებლად წავიდნენ. მღვდელს ძალიან შურდა დიაკონის, რადგანაც იგი უფრო გონიერი და ყოველმხრივ ნიჭიერი იყო, თავის მხრივ დიაკონიც ეგოიზმის გამო შურს გრძნობდა მღვდლის მიმართ. ამგვარად მღვდელი გარეგნულად მოემზადა ლიტურგიისათვის: წაიკითხა ზიარებისწინა კანონი და ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც საჭირო იყო. მაგრამ საუბედუროდ, მან უმთავრესი რამ არ გააკეთა, ლიტურგიისათვის შინაგანად არ მომზადებულა. ანუ მას სიმდაბლით უნდა ეთქვა აღსარება, რომ გულიდან მტრობა და შური განედევნა. სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა და თავის დაბანა ხომ ამ ვნებებს ვერ განდევნის! და აი, მარტოოდენ გარეგნულად მომზადებული მღვდელმონაზონი შევიდა საკურთხეველში, სადაც საშინელი მსხვერპლშეწირვა აღესრულება და პროსკომიდიის დაწყება დააპირა, მაგრამ დაიწყო თუ არა, ასეთი რამ მოხდა: გაისმა საშინელი მეხის ხმა და მან დაინახა, თუ როგორ მოსწყდა წმ. ფეშხუმი სამკვეთლოს და გაუჩინარდა [18]. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ მათ ლიტურგიის აღსრულება ვერ შესძლეს. გონება მეუბნება, რომ სახიერ ღმერთს მათთვის ამ საშუალებით რომ არ შეეშალა ხელი და მღვდელი შეუფერებელი სულიერი განწყობილებით შესდგომოდა საღმრთო ლიტურგიის აღსრულებას, მას დიდი უბედურება შეემთხვეოდა.

- წმიდაო მამაო, თუ წმ. ლიტურგიაზე რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა, შეიძლება მისი შეწყვეტა?

- დაწყებულ ლიტურგიას, რაც არ უნდა მოხდეს, მღვდელი შუაზე ვერ გაწყვეტს. ომიც რომ დაიწყოს, მან უნდა დაასრულოს ლიტურგია. მაშინაც კი უნდა განაგრძოს, ტაძარში რომ უეცრად მტერი შემოიჭრას. ყველაზე მეტი, რაც შეუძლია მას გააკეთოს, ეს ისაა, რომ სწრაფად დაასრულოს. მაგრამ ღვთის ნდობა უნდა ჰქონდეს და არაფერს შეუშინდეს.

მაღალი ღმერთის მსახური დიდი ყურადღებით, სიწმიდითა და უკომპრომისობით [19] უნდა გამოირჩეოდეს. მღვდლები ანგელოზებზე მაღლა დგანან. საღმრთო ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისას ანგელოზები სახეს იფარავენ მაშინ, როცა მღვდელი საიდუმლოს ასრულებს.

 


[1] - ებრ. 10,31.

[2] - მთ. 22,44.

[3] - შეად. ეს. 42,3; და მთ. 12,20.

[4] - იოან. 8,46.

[5] - 1974 წლის 20 ივლისს თურქები შეიჭრნენ კვიპროსზე და მისი ჩრდ. ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს.

[6] - წარმოთქმულია 1974 წ.

[7] - მთ. 18,17.

[8] - იოან. 5,41.

[9] - ფილ. 3,8.

[10] - ნახ. რიცხვ. 20,10.

[11] - ნახ. 1 კორ. 3,16.

[12] - კლეოვულეს გამონათქვამი - ეს იყო როდოსის ქ. ლინდოსის ტირანი - ერთ-ერთი - შვიდ ძველ ბრძენთაგან (VI ს. ქრ-მდე).

[13] - იოან. 17,1 და შემდეგ.

[14] - იოან. 5,44.

[15] - 2 ტიმ. 3,13.

[16] - ასეა ბერძნული ტიპიკონის მიხედვით.

[17] - ათონის მთის ტრადიციით III ჟამნის დასრულების შემდეგ ღვთისმსახური სამგზის რეკს ზარს, რომელიც სამკვეთლოზე დევს. მსახურება ჩერდება. ბერები გამოდიან სტასიდიიდან და იხსენიებენ ცოცხლებსა და გარდაცვლილებს. ამ დროს მღვდელი გამოიღებს ნაწილებს და ამბობს: „მოიხსენე უფალო“. რამდენიმე წუთის შემდეგ მსახურება გრძელდება.

[18] - ბერი პაისი - „Отцы - святогорцы и святогорские истории“.

[19] - „უკომპრომისოდ“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა άκριβεια - სიტყვა-სიტყვით: სიზუსტე, სიმკაცრე. მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში აკრივეა ეწოდება წმ. კანონებისა და საერთო საეკლესიო გარდამოცემის მიმართ მკაცრი დამოკიდებულების წმ. მამათა პრინციპს, რომლის დროსაც აუცილებელია მათი ზუსტი, სიტყვა-სიტყვით აღსრულება.