† ბერი პაისი ათონელი
ნაწილი მესამე - საღმრთო სულზე და სულზე ამა სოფლისა

თავი მეორე
ჩვენი ეპოქის რაციონალიზმის შესახებ

სულიერი ცხოვრების საღი აზრი

- წმიდაო მამაო, სულიერ ცხოვრებაში რა ადგილს იკავებს საღი აზრი?

- რომელი საღი აზრი - ერული? ასეთ საღ აზრს სულიერ ცხოვრებაში არანაირი ადგილი არა აქვს [1]. სულიერ ცხოვრებაში ანგელოზები და წმინდანები ფანჯრიდან შემოფრინდებიან შენთან. შენ ხედავ მათ, საუბრობ მათთან, შემდეგ კი გტოვებენ. თუ შენ საღი აზრით ცდილობ, ეს მოვლენა გამოიძიო, არაფერი გამოგივა. სამწუხაროდ, ჩვენს ეპოქაში გაბატონებულმა სწავლა-განათლებამ, რომელიც მხოლოდ საღ აზრს ენდობა, შეარყია საფუძველი რწმენისა და ადამიანების გულები ეჭვითა და კითხვის ნიშნებით აავსო. ამიტომაა, რომ სასწაულები აღარ ხდება. ყველა სასწაული ხომ გამოცდილებით განიცდება და მისი ახსნა საღი აზრით შეუძლებელია, პირიქით. ღვთის რწმენა მიწაზე მიიზიდავს საღვთო მალას და ყოველგვარ ადამიანურ დასკვნებს განაქარვებს. სარწმუნოება სასწაულებს აღასრულებს, მკვდრებს აღადგენს და მეცნიერებს გაკვირვებისგან პირდაღებულს ტოვებს. თუ შორიდან უყურებ, სულიერი ცხოვრების ყოველი გამოვლინება საღ აზრს მოკლებულია. თუ ადამიანი ერული სიბრძნის ტვირთს არ მოიშორებს და სულიერ კაცად არ იქცევა, მაშინ ერთი შეხედვით უცნაური და ალოგიკური საღვთო საიდუმლოების შეცნობას იგი ვერ შესძლებს. ვისაც ჰგონია, რომ საღვთო საიდუმლოს შეცნობა გარეგნული მეცნიერული თეორიებით შესაძლებელია, იმ სულელს ჰგავს, ვისაც სამოთხის დანახვა ტელესკოპით უნდა.

საღ აზრს დიდი ზიანი მოაქვს, თუკი მისი საშუალებით ადამიანს სურს ის გამოიძიოს, რაც საღვთო სფეროს განეკუთვნება, ანუ სასწაული და საიდუმლოებები. კათოლიკები თავიანთი „საღი აზრით“ იქამდე მივიდნენ, რომ საღვთო ზიარება ქიმიური ანალიზებისთვის ლაბორატორიას გადასცეს, რათა ენახათ, იყო თუ არა იგი ნამდვილი ხორცი და სისხლი ქრისტესი. ეს მაშინ, როდესაც წმიდანებმა მხოლოდ სარწმუნოებით იხილეს ხორცი და სისხლი წმიდა სამსხვერპლოზე. მალე იქამდეც მივლენ, რომ წმიდანებს რენტგენზე გაგზავნიან, რათა მათ წმინდანობაში დარწმუნდნ! კათოლიკებმა წმიდა სული განიშორეს, იგი პირადი საღი აზრით შეცვალეს და თეთრ მაგიამდეც კი მივიდნენ. ერთ კეთილგანწყობილ კათოლიკეს (საბრალო მწარედ ტიროდა) ვუთხარი: თქვენსა და ჩვენს განსხვავებათა შორის უპირველეს ადგილს აი, რა იკავებს: თქვენ გონებაზე დგეხართ, ჩვენ - სარწმუნოებაზე. თქვენ რაციონალიზმი, ზოგადად - „ადამიანური ფაქტორი“ განავითარეთ; თქვენი „საღი აზრით“ თქვენვე შემოსაზღვრეთ საღმრთო ძალა, იმიტომ, რომ ღვთის მადლი ბოლო ადგილზე დააყენეთ. წმიდა წყალს ქიმიურ მინარევებს ამატებთ, რომ არ გაიხრწნას. ჩვენ კი გახრწნილს ვამატებთ აიაზმას და გახრწნილი წყალი წმინდავდება. ჩვენ განმწმენდი მადლისა გვწამს და წმინდა წყალი ორასი და ხუთასი წლის მანძილზე უხრწნელი რჩება, იგი არასოდეს იხრწნება“.

- ე.ი. წმიდაო მამაო, ღმერთს ლოგიკას, საღ აზრს ამჯობინებენ?

- ალბათ უკეთესია, თუ ვიტყვით არა ლოგიკას, არამედ ამპარტავნებას, რაღგანაც „საღი აზრი“ რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ, არსობრივად- ხომ სწორედ არაჯანსაღი, გახრწნილი „აზრია“. ამპარტავნება ეს შერყვნილი ლოგიკაა, ეს „საღი აზრი“, რომელშიც ეგოიზმი იფარება და რომელშიც ბოროტმა მტერმა - ეშმაკმა ბუდე აიშენა, როდესაც ჩვენს ქმედებებს ამგვარი „საღი აზრი“ წარმართავს, ამით ეშმაკს ნებას ვაძლებთ, რომ დაგვეუფლოს.

- წმიდაო მამაო, თუ ადამიანმა რაიმე განსაცდელი უნდა გადალახოს, საღ აზრს მასში მაინც არ უნდა ჰქონდეს ადგილი?

- ასეთ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ ის, რაც ადამიანისთვისაა შესაძლებელი, ხოლო, რასაც ადამიანი ვერ შესძლებს, ის ღმერთს მივანდოთ. არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით იმას ცდილობენ, ყველაფერი გონებით „გაჩხრიკონ“. ისევე, როგორც ისინი, ვინც გონიერ ლოცვას „თავით“ ცდილობს. იმისათვის, რომ ყურადღება მოიკრიფონ, ისინი თავს ძალას ატანენ და ამიტომ შემდეგ ყოველთვის თავის ტკივილი აწუხებთ. მე რომ ამგვარად მივდგომოდი იმ პრობლემებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდები, განა მათთან გამკლავებას შევძლებდი? მაგრამ მე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ადამიანურადაა შესაძლებელი, დანარჩენს კი ღმერთს მივანდობ ხოლმე. ვამბობ „ღმერთი გამოსავალს გვიჩვენებს და გამოაჩენს იმას, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს“. ზოგიერთი იწყებს ჩამოთვლას: „რა ვუყოთ ამ საქმეს, ან მეორეს, ან მესამეს რა მოვუხერხოთ?“ - და უმცირესი წვრილმანიც კი თავს ატკიებს. ის ცდილობს, მხოლოდ განსჯის საშუალებით მოაწესრიგონ რაღაც და ამიტომ თავბრუ ეხვევა. ყოველ ჩვენს მოქმედებამდე, საჭიროა, ღმერთს მივცეთ მოქმედების საშუალება, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი ღელავს, გონებას ძალას ატანს და სულიერად ცუდად გრძნობს თავს.

- წმიდაო მამაო, ადრე ამბობდით, რომ ძალ-ღონის ზედმეტ დაძაბულობამდე არასოდეს მიდიხართ. როგორ ახერხებთ ამას?

- დიახ, ეს არასოდეს მემართება, იმიტომ, რომ ახლოსაც არ მივალ იმასთან, რასთანაც შეჯახება მომიწევს - ამას გონების საშუალებით ვახერხებ. თუ თავი ამტკივდა, ეს ან გაციების გამოა, ან - დაბალი წნევის. და რამდენ პრობლემასთან მიწევს შეჯახება! ყოველდღიურად მოდიან ადამიანები ჩემთან კითხვებით, ტკივილებით, ამასთან მე გონებით ყოველთვის ვუბრუნდები ხოლმე მათ, ვინც ჩემთან პრობლემებით, სატკივარით მოვიდა, მათ, ვისაც რაღაც უჭირს. და აი, ნახეთ თუ ჩემთან მოსული ავადმყოფი გამოჯანმრთელდა, რატომღაც არც კი მაგებინებს ამას, რომ ცოტა მაინც გავიხარო. და მე იგი გამუდმებით მახსოვს და ვწუხვარ.

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოაწესრიგოს მონაზონმა თავისი ზრახვები, რომ ზედმეტი განსჯისაგან ძალები სრულიად არ დაკარგოს.

- ზრახვები უნდა მოაწესრიგოს ჯანსაღი სულიერი აზრებით და არაერული განსჯით. მონაზონი სულიერად უნდა აზროვნებდეს და სულიერი უნდა იყოს მისი შინაგანი წყობაც. თვით ერისკაცშიც კი - თუ ის სულიერი ადამიანია, - ერული საღი აზრი ადგილს ვერ იპოვის. განა ეს ერული საღი აზრი ურწმუნო ადამიანისათვის კი გამოსადეგია?

- წმიდაო მამაო, რას გულისხმობთ სიტყვებში - „სულიერად განეწყვეთ“?

- სულიერად განეწყვეთ ნიშნავს: გახარებდეთ არა ის, რითაც ერის ადამიანები ხარობენ, არამედ - საწინააღმდეგო რამ. მაგალითად, გიხაროდეს რომ კაპიკადაც არავინ გაფასებს. სულიერ სივრცეში წინსვლას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ჩვენი სწრაფვა ერულის საწინააღმდეგო იქნება. შენგან ფულს ითხოვენ? საფულეც მიეცი. მთავარეპისკოპოსის კათედრა სურთ? საკუთარი თავი დამნაშავის სკამზე დასვი.

- და ჩვენ, წმიდაო მამაო, საღი აზრის რა პროცენტი გვაქვს?

- რაღაც „ხრახნები“ უნდა მოვუშვათ. ღმერთს ვევედრები, თქვენ იმ გონებისდამაბნელებელ სიყვარულამდე მიხვიდეთ, რაც საღმრთო უგუნურებაა. თორემ სხვაგვარად ისინი, ვინც ლემბეტში [2] მიჰყავთ, უკეთეს დღეში არიან, ვიდრე რაციონალური, ანუ ამპარტავნული, საღი აზრის მქონე ქრისტიანები.

 

ერული განსჯა სტანჯავს ადამიანს

- წმიდაო მამაო, ვგრძნობ, რომ ქვასავით სასტიკი გული მაქვს. რა მოვუხერხო ამ გულქვაობას?

- შენ გულქვაობა კი არ გჭირს, არამედ „გულთავობა“. მთელი შენი გული თავშია კონცენტრირებული და ახლა მხოლოდ გონება მუშაობს. მაგრამ იმის შესაძლებლობაც არის, რომ გამოსწორდე - გული თავის ადგილს დაუბრუნდეს.

- როგორ?

- ყოველდღიურად თეოტოკარიონის [3] თითო კანონი იკითხე. ეს ყველაზე უკეთესი წამალია იმისათვის, რომ გული ამუშავდეს. შენ გული გაქვს, მაგრამ მას გონიერება ახშობს. შენ საკუთარ თავში ევროპული ტიპიკონი, ევროპული მენტალიტეტი გადმოიბეჭდე. ყველაფერში იმას ცდილობ, რომ ფორმალურად უზადო იყო. შენ რომ რომელიმე ევროპული დაწესებულების მუშაკი იეო, ყველასთვის სამაგალითო გახდებოდი. სამუშაოზე წუთი წუთზე მოდიხარ, დაკისრებულ საქმეს უნაკლოდ ასრულებ. შენ ყველასთვის ეტალონი იქნებოდი. ასეთ თანამიმდევრულობას სულიერ ცხოვრებაში რომ იჩენდე, წინ შვიდკილომეტრიანი ნაბიჯებით წახვიდოდი და სწრაფად მიაღწევდი სამოთხეს. მაგრამ ხედავ, ევროპულ სულს, თავისი გონივრულობით, ადამიანი ღმერთისკენ კი არ მიჰყავს, არამედ სადღაც - მთვარისკენ. ახლა ისე იქცევი, როგორც ერულ დაწესებულებაში. მაგრამ სულიერ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ უბრალოებაა აუცილებელი. უბრალოდ მოიქეცი და ღვთის ნდობა იქონიე.

- წმიდაო მამაო, როგორ მოვიპოვო ეს უბრალოება?

- გაბურღე ეგ შენი თავი და შიგ დიდი ხნის გარდასული დროების ტვინი ჩაიდე! საკუთარ თავში მამათა და წმ. მოღვაწეთა უბრალოება დაიუნჯე, რათა იმ მეცნიერებას დაეუფლო, რომელსაც სული სიმაღლეზე აჰყავს და მის მალებს აღადგენს. მაშინ აღარ იავადებს ადამიანი. განსჯა კაცს სტანჯავს. მაგალითად, მე ვამბობ: „ასე უნდა გავაკეთო“ - და ვაკეთებ - იმიტომ, რომ ასე გაკეთებაა საჭირო. ანუ მე ამას ვაკეთებ იმიტომ კი არა, რომ გული მეუბნება, არამედ - გონების კარნახით. და არა მარტო გონება, არამედ აღზრდაც მეუბნება: „ადგილი სხვას უნდა დაუთმო“. თუმცა გული ამას არ ამბობს. მაგრამ თუ ჩემი გული ამეტყველდება და ადგილს სიყვარულის კარნახით დავთმობ, მაშინ ეს სულ სხვა საქმე იქნება. მაშინ ვიგრძნობ სიხარულს.

ჩვენს ქმედებებში პირადი „მე“ არ უნდა მონაწილეობდეს. საკუთარი თავისთვის სიმშვიდეს არ უნდა ვეძებდეთ. ეს ქრისტეს მოსვლას უშლის ხელს. იმისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ სხვა ადამიანებს მოვუტანოთ სიმშვიდე. მაშინ ადამიანში ღმერთი მკვიდრდება და თვით ადამიანიც აღარ არის ადამიანი. იგი განიღმრთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ გონება მუშაობს და ყველაფერი ხორციელად, ადამიანურად ხდება.

ერული „საღი აზრი“ თრგუნავს განსჯის უნარს და ხორციელ ძალებს შრეტს: ის ახშობს, საზღვრებში აქცევს გულს, მაშინ, როდესაც სულიერად საღი აზრი გულს აფართოებს. თუ გონებას გონიერად მოვიხმართ, მაშინ მას შეუძლია, გულს შეეხოს და დაეხმაროს მას. როდესაც გონება გულში ჩადის და მისი თანამშრომელი ხდება, მაშინ თითოეული ჩვენი საქმე უკვე აღარ არის მხოლოდ - გონებრივი. საღი აზრი - ეს ღვთის საჩუქარია. მაგრამ ეს საღი აზრი უნდა განვწმინდოთ.

- მე კი, წმიდაო მამაო, გული საერთოდ არა მაქვს...

- გაქვს გული! მაგრამ, როგორც კი შენი გული რაიმეს თქმას დააპირებს, შენივე გონება იმწამსვე პირს დაუხშობს ხოლმე მას. შეეცადე, გულიანი საღი აზრი მოიხვეჭო, მოიხვეჭო სარწმუნოება, სიყვარული.

- და როგორ შევძლებ ამის მიღწევას?

- იმით, რომ გონება დაკარგო, აი, საიდან უნდა დაიწყო: ფეხშიშველი წადი თესალონიკში საპროტესტო სვლით! დაე, ადამიანებმა თქვან, რომ ჭკუაზე შეცდი! შენ, საყვარელო, ყველაფრის მათემატიკური სიზუსტით გათვლა რომ გინდა, რა - ასტრონომი ხარ?! თუ საკუთარ თავზე მუშაობა გსურს, რაციონალურ აზროვნებას თავი ანებე.

- წმიდაო მამაო, რომელი წიგნების კითხვას შეუძლია, ერული გონიერებისაგან გამათავისუფლოს?

- პირველ რიგში იკითხე წმ. მამები, „ღვთისმოყვარეთა ისტორია“, „ევერგეტინოსი“ [4], ე. ი. არა თეორიული, არამედ - პრაქტიკული წიგნები. რათა წმ. მამათა უბრალო სულის სიწმიდემ ერული გონიერება განდევნოს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე ამბა ისაკის კითხვა - რომ ეს ღვთის მიერ განბრძნობილი მწერალი ფილოსოფოსად არ მიიღო.

 

ერული საღი აზრი რყვნის სულიერ გრძნობებს

წმ. მამები ყველაფერს სულიერი, საღმრთო თვალით უცქერდნენ. წმიდა მამათა წიგნები საღვთო სულითაა დაწერილი და იმავე საღმრთო სულით განმარტავდნენ მამები წმ. წერილს. ახლა ამ საღმრთო სულს ხშირად ვეღარ შეხვდები და ამიტომ ადამიანებს წმ. მამათა შრომები არ ესმით. ისინი ყველაფერს ერული თვალით უმზერენ, ისინი შორს ვერ იხედებიან. მათ ისე ფართოდ აღქმა არ შეუძლიათ, როგორ აღქმასაც სიყვარული და სარწმუნოება იძლევა.

ღირსი არსენი დიდი [5] არ ცვლიდა წყალს, რომელშიც პალმის რტოები ეწყო და მას ცუდი სუნი უდიოდა, მაგრამ სად შეიძლება მივხვდეთ, რა საოცარი წყარო გამოდიოდა ამ აყროლებული წყლის ავზიდან! „ამის გაგება მე არ შემიძლია“, - იტყვის ვიღაც. ამის მთქმელს მოთმინება არ ჰყოფნის, რომ ამ წყალს უკეთესად შეხედოს, რომ ნახოს, ხომ არ არის მასში კიდევ რაიმე, არამედ განაგდებს მას, რადგან არ ესმის.

თუ გონება ჩაერია, ადამიანს უკვე აღარ ესმის არც სახარება და არც წმ. მამები. სულიერ გრძნობათა ორგანო ირყვნება და ადამიანი, რომელიც თავისი გონიერებით სახარებასაც და წმ. მამებსაც გადააფასებს, იქამდე მიდის, რომ ამბობს „რამდენი წელია ადამიანები თავს ასკეტიზმით, მარხვით და სხვა ნაკლოვანებებით იტანჯავენ“. - მაგრამ ამის თქმა გმობაა. ერთხელ ჩემთან სენაკში მანქანით მოვიდა ერთი კალიოტი - ბერი. ვუთხარი: „შვილო, რად გინდა მანქანა. ის ხომ შენი ცხოვრების წესს არ შეეფერება“. „რატომ, წმიდაო მამაო, - მეუბნება იგი. - განა სახარებაში არ წერია - „ასწილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდრო“ [6]. „ასწილად მიიღოს“ ნიშნავს, რომ მიიღოს ადამიანისათვის აუცილებელი, - მივუგე მე. - და ამის გარდა ბერისთვის შესაფერისია ის, რასაც პავლე მოციქული ამბობს: „ვითარცა გლახაკნი და მრავალთა განვამდიდრებთ“ [7]. ანუ ბერს არაფერი აქვს, მაგრამ მის სათნოებათა გამო ადამიანები მას ენდობიან და ამიტომ მას შეუძლია, ადამიანთა სიმდიდრე განაგოს. წმ. წერილი იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენ ბერებმა თვითონ შევაგროვოთ სიმდიდრე“.

ხედავთ, რა მცდარად შეიძლება განმარტოს ადამიანმა გონების საშუალებით? ყოველთვის იცოდეთ, რომ თუ ადამიანი არ განიწმინდა, თუ მასთან საღმრთო განათლება არ მივიდა, მისი განმარტება მხოლოდ ერთიანი ნალექი იქნება.

ვიღაცამ ერთხელ მკითხა: „რატომ არ აღასრულა დედა ღვთისამ სასწაული კუნძულ თინოსზე და იტალიელებმა ააფეთქეს კრეისერი „ელი“ მიმინების [8] დღეს“. მაგრამ ამ ბოროტების დაშვებით ხომ დედა ღვთისამ უმეტესი სასწაული აღასრულა? „ელის“ აფეთქებამ ბერძენთა აღშფოთება გამოიწვია. ისინი მიხვდნენ, რომ იტალიელებისთვის არ არსებობს რაიმე - წმინდა და ამიტომაც „ვაშას“ ძახილით განდევნეს ისინი მშობლიური მიწიდან. იტალიელებს რომ ეს ბოროტმოქმედება არ ჩაედინათ, მაშინ ბერძნები შეიძლება, ვერც მიმხვდარიყვნენ იტალიელთა უპატიოსნობას და ეთქვათ „ისინიც ხომ მორწმუნენი არიან - ჩვენი მეგობრები“. ახლა კი მოდიან ერული აზროვნების მქონე ადამიანები და კითხულობენ: „რატომ არ მოახდინა ღვთისმშობელმა სასწაული, ჰა?“ - აბა, რას უპასუხებ ამაზე?

მეორე კი კითხულობს: „რატომ ამბობს ბიბლია, რომ ბაბილონის ბრძმედის ცეცხლი, ალი, რომელშაც სამი ყრმა ჩაყარეს, შვიდმაგ სიმაღლეზე ადიოდა?! რა, სახაზავით გაზომეს?!“ მაგრამ თავდაპირველად ხომ შვიდზე ადიოდა, შემდეგ ბრძმედში სხვადასხვა საწვავ ნივთიერებებს ამატებდნენ, რომ ის შვიდგზის გაძლიერებულიყო. შვიდჯერ შვიდი ორმოცდაცხრაა, განა ასე არ არის? და ისინი, ვინც ამგვარ კითხვებს სვამენ, იმავე ბრძმედში რომ ჩაყარონ? ამ ადამიანების რაციონალიზმში უაზრობა ჩანს, ისინი რეალურად ვერ ხედავენ. ზოგიერთი დღევანდელი ღვთისმეტყველი ზემოაღნიშნულის მსგავსი „პრობლემებითაა“ დაკავებული. მაგალითად, დასვამენ ასეთ კითხვას: „რა დაემართათ ეშმაკებს, ღორებში რომ შევიდნენ და ზღვაში დაინთქნენ? [9] გადარჩნენ თუ დაიღრჩვნენ?“ მაგრამ მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ეს ეშმაკები ადამიანებისაგან გამოვიდნენ. რა შენი საქმეა, მერე რა დაემართათ მათ? ჯობს იმას უყურო, რომ თვით შენ არ გახდე ეშმაკეული და იმაზე ნუ იმტვრევ თავს, ის ეშმაკები სად იმყოფებიან ამჟამად.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი ცდილობს, სახარება ადამიანურ საღ აზრს დაუკავშიროს. ამ საღი აზრის საშუალებით იკვლევენ ისინი სახარებას და ბოლოს მასში გარკვევა შეუძლებელი ხდება.

- სახარების ადამიანურ, საღ აზრთან დაკავშირება შეუძლებელია. სახარებას საძირკვლად სიყვარული აქვს დადებული, ხოლო საღი აზრის საძირკველი - გამორჩენაა.

სახარებაში დაწერილია: „რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთი, მივლე მის თანა ორიცა“ [10]. განა აქ საღი აზრი ჩანს? ამაში უფრო გონების დაბნელებას დავინახავთ. ამიტომ ისინი, ვინც ცდილობენ სახარება საღ აზრს დაუკავშირონ, ჩიხში შედიან. მაგალითად, მრავალი საზოგადოება არსებობს, რომელიც ქველმოქმედებას ეწევა. თუ ისინი შეიტყობენ, რომ ვინმე გაკოტრდა, გაღარიბდა და ფული სჭირდება, ამბობენ: „ჩვენ დავეხმარებით, ოღონდ ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად უჭირს“. და აი, საზოგადოების ორი-სამი წევრი მიდის გაკოტრებულის სახლში, რომ დარწმუნდეს, ნამდვილად თუ სჭირდება დახმარება. მივლენ და ნახავენ, მაგალითად, ფუფუნებით მოწყობილ სასტუმროს. მაშინ ამბობენა: „აი, მშვენიერი სავარძლები, ავეჯი, ასე რომ მოწყობილა, ე.ი. არ უჭირს“. და ამ ადამიანებს არ ეხმარებიან, მათი არც კი ესმით, რომ იმ საცოდავს არაფერი აქვს. ვერ ხვდებიან, რომ თუ ვინმე გაღარიბდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინათვე ღარიბულად უნდა ჩაიცვას. ვინ იცის, შეიძლება, ეს ავეჯი მის სახლში უხსოვარი დროიდან დგას და ჯერაც ვერ გაუყიდია? ან იქნებ ვინმემ, როცა მისი ოჯახის გასაჭირი შეიტყო, სავარძლები და სკამები აჩუქა? ადამიანები განსჯიან და წარმოიდგენენ საკითხს გონების, საღი აზრის საშუალებით, ამიტომ იბნევიან ისინი და სახარება მათ ცხოვრებაში ადგილს ვერ იკავაებს. ადამიანები საგნებს ზედაპირულად უცქერენ და ამიტომ თავისებურად განმარტავენ მათ.

 

„ნუ სჯით თვალ-ღებით“ [11]

- წმიდაო მამაო, მე ვგრძნობ, რომ ჩემი განსჯის და მსჯელობის უნარი და ადამიანური სიმართლე სულიერ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს.

- რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებენ სულიერ განვითარებაზე, იმიტომ, რომ (მათ გამო) ღვთის მადლი გვტოვებს. ამის შემდეგ კი ადამიანი საღვთო შეწევნის გარეშე რჩება, ეცემა და სრულ წარუმატებლობას განიცდის. ადამიანური მსჯავრი და სიმართლე, როგორც წესი, ცრუა. ღვთის სამართალი ეს სიყვარული, მრავლისმოთმენა, შემწყნარებლობაა. შენ კი ყველაფერს ადამიანური მსჯელობის გზით იკვლევ. სწორედ ამ მიკრობიდან იწყება შენი სულიერი სნეულება. წამალი, რომელიც ამ სნეულებას კურნავს - კეთილი ზრახვებია. როცა ადამიანი კეთილად ზრახავს, ანუ კეთილი, „მემარჯვენე“ აზრები აქვს, მისი გულის ტევადობა იზრდება. შენ მრავალგვარი განსჯით სარგებლობ და ამიტომ ზრახვებთან დაკავშირებით ძალიან ყურადღებიანი უნდა იყო იმიტომ, რომ დასკვნები, რომელთაც შენი მსჯელობის მიხედვით აკეთებ, მხოლოდ ადამიანური მოსაზრებებია. ისინი სულიერი არ არის და არც კურთხეული და განწმენდილია.

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ასე ხშირად განვიკითხავ?

- შენი პირადი მიზეზი - იურიდიული განათლებაა. იმიტომაა, რომ ასე განიკითხავ. ცალკეული ცოდნა ან პროფესია ხშირად ადამიანში მშრალ მსჯელობას აყალიბებს. ის თხემით ტერფამდე მსჭვალავს მას. და თუმცა შენ გული გაქვს, მას განკითხვა უსწრებს წინ.

ზოგიერთ ადამიანს მსჯელობის დიდი უნარი აქვს და ისინი ეგოისტურად განსჯიან, საკუთარ თავს ზემოთ არავის სცნობენ. ისინი უნაკლულობას ეძებენ, მაგრამ - არა საკუთარი თავის, არამედ - სხვებისგან. ისინი თვით არიან სულით უძლურნი, სხვებს კი განსჯიან.

საკვირველი საქმეა! ასეთმა ადამიანებმა საკუთარი გარეგნული სახე შექმნეს, ანუ მათ შეაკოწიწეს რაღაც გარეგანი ადამიანი -  შინაგანად სრული თვალთმაქცობა. მათში უბრალოების კვალიც კი არ არის. ევროპელებსა და ბერძნებს შორის (ბერძნებში მართლმადიდებელ სულს ვგულისხმობ) სწორედ ეს განსხვავებაა. ევროპელთან ვერასოდეს მიხვდები, როგორ და რა საშუალებით უნდა მიუახლოვდე მას. გამუდმებული - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ და ყალბი ღიმილი! ბერძენს კი შეხედავ და მაშინათვე ყველაფერი აშკარაა. თუ გახარებულია - არ მალავს. თუ რაღაცის გამო გამწყრალია - ესეც ჩანს ხოლმე. ხოლო თუ ადამიანის განწყობილებას ხედავ, მასთან ურთიერთობა ადვილდება.

- წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ ზოგიერთები განსჯიან ადამიანებსა და მათ საქმეებს, ყველაფერს, რაც ქვეყნად ხდება, და თანაც ძალიან ნაჩქარევად?

- ამ შემთხვევაში ადამიანი მხოლოდ განსჯით მოქმედებს, ანუ ამ დროს მხოლოდ მისი ტვინი მოქმედებს და ასეთი მუშაობის ნაყოფი - განკითხვაა. კარგი იქნებოდა, ღმერთს სახრახნისი აეღო და ცოტა „მოეშვა“ მათი ტვინი, ვისაც ის მეტისმეტად ბევრი აქვს. რაც უფრო გათავისუფლდება კაცის თავი, მით მეტ მადლს იგრძნობს. როცა ვამბობ „თავი“, მე აქ ადამიანურ განსჯას, ეგოიზმს, თვითდაჯერებულობას ვგულისხმობ. თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა თუ შეიტყო, რომ მისი განკითხვა უმართებულოა, იტყვის: „განსჯის ის უნარი, რომელიც მე მაქვს, ერულია, მასში საღმრთო განათლება არ არის. ამიტომ ვუშვებ შეცდომებს და ამისდაკვალად ამ უნარით სარგებლობა საჭირო არ არის“. მაშინ ღმერთი განანათლებს მასაც, ის გონიერებას მოიხვეჭს და შეძლებს, გაარჩიოს, რა არის მართალი და რა - არა.

გონიერი ადამიანები მაცდურს მწყობრიდან გარეგნული განსჯის საშუალებით გამოჰყავს. რაკი ადამიანი ადამიანური საწყისია, ის ადამიანურად მსჯელობს და დანაშაულს სჩადის. იმისათვის, რომ მსჯელობა ღვთიური იყოს, ადამიანური საწყისი უნდა გაქრეს. ერული მსჯელობა - მცდარი მსჯელობაა. რამდენი რამ ხდება ყოველგვარი უსამართლობის გამო! რამდენგზის ცოდვაში ვარდება ადამიანი! ამიტომ, სული რომ უსაფრთხოდ დაიცვათ, მუდამ კეთილი ზრახვები ამუშავეთ.

ყოველი ადამიანი საიდუმლოა და საიდან უნდა იცოდე, თუ რა ადამიანია იგი! ერთხელ წმ. მთაზე ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთ სენაკში შევხვდით. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მაგიდასთან დავსხედით, ყველითა და სააღდგომო კვერცხით გავიხსნილეთ. ჩემს გვერდით იჯდა ბერი - ჯორების მწყემსი, რომელსაც მათი საშუალებით შეშა გადაჰქონდა. ვხედავ კვერცხი და ყველი გვერდზე გადადო. „გაიხსნილე“. - ვეუბნები. - „კარგი, კარგი, გავიხსნილებ“ - მპასუხობს და ვხედავ, რომ არ ჭამს. „ჭამე. - ვეუბნები კვლავ - დღეს ხომ აღდგომაა“. „მომიტევე, წმიდაო მამაო, იმ დღეს, როდესაც ვეზიარები, მე არ ვჭამ, დღის ორ საათზე გავიხსნილებ“. წინა დღეს მარხულობდა, ხოლო ზიარების შემდეგ მხოლოდ დღის ორ საათზე იღებდა საკვებს! ხედავთ, როგორ იქცეოდა იგი ღვთის სიყვარულის გამო? სხვები კი ალბათ თვლიდნენ, რომ მათ წინაშე უბრალო ჯორების მწყემსი იყო.

ადამიანი საიდუმლოა და თუ სხვების განსჯას გაიძულებენ, იფიქრე ასე: „საღმრთოა ჩემი მსჯავრი თუ ვნებებითაა ნაკარნახევი?“ ანუ ანგარებისაგან თავისუფალია იგი, თუ მით არის სავსე? ნუ ენდობით საკუთარ „მეს“, თვით - საკუთარი თავის განსჯისასაც კი. თუ ადამიანი განსჯის, მასში ბევრია ეგოიზმი. მე მაიძულებენ, მრავალი მიზეზით განვსაჯო ადამიანები და ვაკეთებ კიდეც ამას, თუმცა სურვილი არა მაქვს. მე უანგაროდ და პირუთვნელად ვსჯი და მიუხედავად ამისა, როდესაც სალოცავად ვდგები, იმ სიტკბოებას ვერ ვგრძნობ, რომელსაც იმ დღეს განვიცდი, როცა არავის განვსჯი. და ეს იმიტომ კი არა, რომ სინდისი რამეში მამხელს, არამედ იმიტომ, რომ მე განვსჯიდი ისე - როგორც ადამიანი. და რაღა ითქმის იმაზე, როდესაც მსჯავრი მცდარია, ან დამნაშავეს შემამსუბუქებელი მიზეზები გააჩნია? განსჯა სახუმარო საქმე არ არის. განსჯა ღვთის საქმეა. რა საშინელებაა! და ის ფაქტი, რომ მოსამართლის სკამზე მჯდარ ადამიანს კეთილი ზრახვები აქვს, ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღები არ არის. მნიშვნელობა აქვს იმ შედეგს, რომელთანაც მის მიერ გამოტანილი განაჩენი მიგვიყვანს.

ძალიან ბევრი ფიქრია საჭირო; რა თქმა უნდა, განსჯის გარკვეული უნარი ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ საუბედუროდ ჩვენი უმრავლესობა ამ უნარს საკუთარი თავის კი არა, მოყვასის მიმართ იყენებს (რომ როგორმე საშუალება არ მივცეთ სხვებს, ჩვენზე უკეთესები გამოჩნდნენ).

ამგვარად ჩვენ საკუთარი განსჯის უნარს განკითხვით ვრყვნით, განკითხვით და იმის პრეტენზიით, რომ სხვები უკეთესები გახდნენ. ჯობდა, რომ პრეტენზიები გვქონოდა მხოლოდ საკუთარი „მეს“ მიმართ, რომელიც ვერ ახერხებს სულიერ ღვაწლს შეუდგეს და მოიკვეთოს ვნებები, რათა გათავისუფლდეს და ცისკენ აფრინდეს სული ჩვენი.

 


[1] - საღ აზრში ბერი რაციონალიზმს გულისხმობს.

[2] - ფსიქიატრიული კლინიკა სალონიკში.

[3] - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი საღვთისმსახურო წიგნთა კრებული, რომელიც ნიკოდიმოს მთაწმინდელმა შეადგინა, პირველად 1796 წელს გამოიცა. შედგება სხვადასხვა ეპოქის 22 ჰიმნოგრაფის მიერ შექმნილი 62 კანონისგან.

[4] - „ღვთისმოყვარეთა ისტორია“ - სირიელ მოღვაწეთა ცხოვრების აღწერა - თეოდორიტე კრიტელის „ევერგეტინოსი“. - 4-ტომეული. წმ. მამათა სწავლება. პირველად XVIII ს-ში გამოიცა.

[5] - მამებმა მამა არსენის ჰკითხეს: „რატომ არ უცვლი ამ ტოტებს წყალს - ცუდი სუნი აქვს?!“ მან უპასუხა: „იმ კეთილსურნელებისათვის, რომლითაც იმქვეყნად დავტკბები, ეს სიმყრალე უნდა მოვითმინო“. ძველი პატერიკი.

[6] - მათ. 19,29.

[7] - 2 კორ. 6,10.

[8] - 15 აგვისტოს (მიძინების დღესასწაულზე) იტალიელებმა ისარგებლეს იმით, რომ მეზღვაურები დღესასწაულის აღსანიშნავად ნაპირზე იყვნენ გადასულნი და თავიანთი წყალქვეშა გემით ჩაძირეს ბერძნების კრეისერი „ელი“, რომელიც პორტში იდგა. ეს აქტი მოხდა ორი თვით ადრე, ვიდრე იტალია საბერძნეთს ომს გამოუცხადებდა. „ელის“ ჩაძირვის მერე აშკარა გახდა, რომ ომი გარდაუვალი იყო და ბერძნებმა გაჩქარებული სამზადისი დაიწყეს მამულის დასაცავად.

[9] - ნახ. მათ. 8,32.

[10] - მათ. 5,41.

[11] - იოან. 7,24.