† ბერი პაისი ათონელი
ნაწილი მეორე - თანამედროვე კულტურის შესახებ

თავი მეხუთე
იმის შესახებ, რომ მრავალი საზრუნავი ღმერთს განაშორებს ადამიანებს

დღეს ადამიანები არ ცხოვრობენ უბრალოდ: ამიტომ ისინი ძლიერ განყენებულნი არიან, ისინი ბევრ რამეს მისდევენ და საზრუნავის სიმრავლეში იძირებიან. მე კი ჯერ ერთი-ორ საქმეს მოვითავებ და სხვაზე მერე ვფიქრობ. მე არასოდეს ვიღებ ერთად ბევრ საქმეს. ეხლა მხოლოდ ერთ რაღაცაზე ვფიქრობ მას რომ დავამთავრებ - მეორეზე მერე ვიფიქრებ. იმიტომ, რომ სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებ - მეორე თუ პირველის დაუმთავრებლად დავიწყე. ბევრ საქმეს გამოკიდებული ადამიანი თავს კარგავს, მარტო ფიქრიც კი ყველა ამ საქმეზე ერთად - შიზოფრენიას იწვევს.

ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ფსიქიკადარღვეული ყმაწვილი მოვიდა. ის მარწმუნებდა, რომ იტანჯება რაღაც მემკვიდრეობითი მგრძნობელობისაგან, რომელიც მშობლებისაგან გადმოეცა. „- რა მემკვიდრეობრივზე მელაპარაკები - ვუთხარი მე, - პირველ რიგში შენ დასვენება გჭირდება, სწავლა შემდეგ დაამთავრე, მერე არმიაში იმსახურე და ყველაფერი ამის შემდეგ სამუშაოზე მოეწყვე“. საბრალო დამემორჩილა და თავისი გზა იპოვა. ამგვარად პოულობენ ადამიანები საკუთარ თავს.

- წმიდაო მამაო, სამუშაო მალე მღლის, რა არის ამის მიზეზი?

- რაც შენ არ გყოფნის, ეს მოთმინებაა, შენი მოუთმენლობის მიზეზი კი ისაა, რომ ბევრს იღებ საკუთარ თავზე. შენ ყოველ მხარეს აწყდები და ძალებისაგან იცლები, ამას კი ნევროზისაკენ მიჰყავხარ, იმიტომ, რომ ღვთისმოსაობა გაქვს და საქმის გამო გული გტკივა.

როცა თანაცხოვრებულთა მონასტერში ვცხოვრობდი, სადურგლო სახელოსნოში ვასრულებდი მორჩილებას. მორჩილების უფროსი სხვა დურგალი - ხანში შესული ბერი იყო, მამა ისიდორე. იმ საბრალოს მოთმინების ნასახი არ ჰქონდა, იწყებდა რაღაც სარკმლის გაკეთებას, მერე ნერვიულობდა, მიაგდებდა ფანჯარას, დაიწყებდა კარის კეთებას, შემდეგ ისევ განერვიულდებოდა, მიაგდებდა კარს - აძვრებოდა სახურავის დასახურად და ყველაფერს შუა გზაზე ტოვებდა, ბოლომდე არ მიჰყავდა. ერთი დაფებს კარგავდა, მეორე ვერ რანდავდა ისე, როგორც საჭირო იყო. აი ასე, ადამიანი წვალობს, წვალობს და ვერაფერს აღწევს.

არიან ისეთი ადამიანები, რომელთა ძალებიც შეზღუდულია და ერთი-ორ საქმეზე მეტს ვერ გააკეთებენ. მაგრამ ამავე დროს ისინი ბევრ რამეს ეჭიდებიან, მრავალი საზრუნავით იტვირთებიან და საბოლოოდ, როგორც საჭიროა, ისე, ვერაფერს აკეთებენ, სხვებსაც თავის საქმეებსა და საზრუნავს ახვევენ თავზე. უნდა ვეცადოთ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, ერთი-ორ საქმეზე მეტს ხელი არ მოვკიდოთ, საჭირო სახით ბოლომდე მივიყვანოთ და ამის შემდეგ ნათელი და მკაფიო გონებით მოვკიდოთ ხელი სხვა საქმეს. რადგან თუ გონება გაბნეული გაქვს, როგორღა შეძლებ სულიერი ცხოვრების წარმართვას. როგორ შეძლებ, რომ გახსოვდეს ქრისტე?

 

არ შეიძლება გული მატერიალურს მიუძღვნა

- წმიდაო მამაო, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ: „სამუშაოს მიეცით თქვენი ხელ-ფეხი, მაგრამ, ნუ მიუძღვნით მას გულს“?

- იმას ვგულისხმობ, რომ არ შეიძლება, გული მატერიალურს მიუძღვნა. არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეწირებიან მატერიალურს. მთელი დღე იმაზე ზრუნავენ, რომ რაღაც სამუშაო კარგად შეასრულონ, ღმერთზე კი საერთოდ არ ფიქრობენ. ნუ მივეცემით ამას ჩვენც. იმუშავეთ ხელებით, იმუშავეთ ფეხებით, მაგრამ თქვენ გონებას ნუ მისცემთ ნებას, რომ ღვთისაგან მიიდრიკოს. ნუ მიეცემით მატერიალურს მთელი თქვენი არსებით. სხვაგვარად ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება. რამდენადაც ეს შესაძლებელია, სამუშაოს თქვენს გულს ნუ მიუძღვნით. მიეცით მას თქვენი ხელები, მიეცით მას თქვენი განსჯის უნარი. ნუ მიუძღვნით გულს არარაობას, უსარგებლოს. სხვაგვარად ის როგორღა შეხედავს ქრისტეს? როდესაც გული ქრისტესთანაა, მაშინ სამუშაოც ნაკურთხია. მაშინ ადამიანიც ინარჩუნებს შინაგანი სულიერი ძალების სიახლეს და ჭეშმარიტ სიხარულს განიცდის. სწორად გამოიყენეთ თქვენი გული და ტყუილ-უბრალოდ ნუ დაკარგავთ მას.

თუ გული მრავალგვარ წვრილმანზე გაიფლანგება, მაშინ მას ძალა აღარ ექნება, ტკივილი იგრძნოს იმის გამო, რაც ნამდვილად ღირს ტკივილად. მე ჩემს გულს მივცემ მათ, ვინც კიბოთია ავად, მას, ვინც იტანჯება, შევშფოთდები იმ ბავშვებისათვის, საფრთხე რომ ელით, მე პირჯვარს გამოვისახავ და ვთხოვ ღმერთს, რომ აკურთხოს ისინი. როცა ჩემთან მომსვლელები არიან, მე მთლიანად სხვა ადამიანის ტკივილზე მაქვს გადატანილი ყურადღება, მისდამი სიყვარულს ვგრძნობ. საკუთარ ტკივილს ვერ ვამჩნევ, ამგვარად დავიწყებას ეძლევა ყოველივე - მეორეხარისხოვანი, ანუ ადამიანი სხვა მხარეს ესწრაფის.

- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ არანაირ სამუშაოს არ მივუძღვნათ გული და გონება?

- თუ სამუშაო უბრალოა, ეს იმის პირობაა, რომ გონება მისით არ დაიტვირთოს. თუ სამუშაო რთული და მრავალნაწილია, გონების მიდევნება მასზე რამდენადმე გამართლებულია. თუმცა გულის მიძღვნა სამუშაოსათვის არ შეიძლება.

- და რისი საშუალებით იპყრობს სამუშაო გონებას?

- რისი საშუალებით?! ნარკოტიკის საშუალებით. მაცდური აძინებს გულს, ეგოიზმის საშუალებით ეუფლება მას. ხოლო თუ გული ღვთისადმია მიძღვნილი, მაშინ გონება ღმერთთან იმყოფება, ხოლო ტვინი სამუშაოთია დაკავებული.

- ზუსტად რას გულისხმობთ სიტყვაში „უზრუნველობა“?

- როცა შრომობ, ნუ დაივიწყებ ქრისტეს, სიხარულით იშრომე, მაგრამ გული და გონება შენი დაე, ღმერთში იმყოფებოდეს. მაშინ არ დაიღლები და შენს სულიერ მოვალეობებსაც [1] შეასრულებ.

- წმიდაო მამაო, არ ჯობია, სამუშაო ნელა შესრულდეს, რომ ადამიანი დამშვიდებულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს?

- ჯობია, რადგანაც, როცა ადამიანი მშვიდად შრომობს, ის მშვიდობას ინარჩუნებს და მთელ დღეს აკურთხევს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ, როცა რაღაც საქმეს ნაჩქარევად ვაკეთებთ, ნევროზული მდგომარეობა გვეუფლება. საკუთარ თავს არ უნდა დავუსახოთ მიზნად, რომ ბევრი მოვასწროთ. საკუთარი განცდებიც მიგახვედრებს ამას. ეს ეშმაკეული მდგომარეობაა.

ხელსაქმე, რომელსაც სიმშვიდითა და ლოცვით ასრულებ, თვითონაც ნაკურთხია და აკურთხევს ხალხსაც, რომლებიც მას გამოიყენებენ. აი, ამ დროს აქვს აზრი იმას, რომ ბერებმა ერისკაცებს კურთხევა მისცენ ამა თუ იმ ხელსაქმის შესასრულებლად. და პირიქით, ხელსაქმე, რომელიც სიჩქარითა და ნევროზულობით კეთდება, ამ ეშმაკეულ მდგომარეობას სხვებსაც გადასდებს. ნაჩქარევად, განცდებით მუშაობა - ეს ძალიან ერული ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა. აღელვებული სულები ხელსაქმით დაკავებულ ბერებსა და სხვა ადამიანებს კურთხევას კი არა - მღელვარებას გადასცემენ. როგორღა იმოქმედებს ადამიანის მდგომარეობა იმ ხელსაქმეზე, რომლითაც იგია დაკავებული. საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ადამიანი მისი შესრულების დროს. თუ ადამიანი ნერვიულობს, მრისხანებს და ბილწსიტყვაობს, მისი შრომის შედეგს კურთხევა არა აქვს, მაშინ როცა, თუ ის მუშაობის დროს რაიმე საეკლესიოს გალობს, ლოცულობს, მისი საქმე ნაკურთხია. ერთი საქმე ეშმაკეული ხდება, მეორე კი - საღმრთო.

როცა ღვთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასაც, რასაც აკეთებთ. როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთხებს თავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს. ვთქვათ, მე ვაწებებ კოლოფს და აღვავლენ იესოს ლოცვას, ვლოცულობ და ამავადროულად ვშრომობ ღვთის სახელისათვის. ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ საქმე სწრაფად დავასრულო, კოლოფების მთელი გროვა დავაყენო, მერე კი დავითრგუნო განცდილისაგან, ეს ეშმაკეული მდგომარეობაა. მონასტერში ამიტომ არ მოვსულვართ, არამედ იმიტომ, რომ თვით ჩვენ განვიწმიდოთ და ჩვენი საქმეც წმიდავყოთ. ზოგჯერ, იმის გამო, რომ ამას ვივიწყებთ, საკუთარ თავს რომელიმე საერო დაწესებულების გულმოდგინე თანამშრომელად ვგრძნობთ, რადგანაც, როცა რაღაც საქმის სწრაფად დასრულებას ცდილობ, გავიწყდება, რომ გვერდით ქრისტე იყოლიო და პირიქით, როცა ლოცვით ვსაქმიანობთ ქრისტეს მსახურად ვგრძნობთ თავს. ამიტომ შენს ხელსაქმეს იესოს ლოცვა დაურთე, რომ იკურთხო შენც და ის საქმეც, რასაც აკეთებ. იცი, როგორ აკურთხებს ადამიანს ღმერთი? იცი, რამდენ სიკეთესა და როგორ კურთხევას გვიგზავნის იგი?!

- წმიდაო მამაო, ვთქვათ ადამიანი ინტელექტუალურ სამუშაოს ასრულებს, მაგალითად, თარგმნის. როგორ უნდა ილოცოს, რომ მისი საქმე ნაკურთხი იყოს?

- თუ გული ღმერთთან გაქვს, შენი სამუშაო ნაკურთხი იქნება. ინტელექტუალურიც რომ იყოს იგი, რამდენადაც შენ საღვთო ატმოსფეროში ცხოვრობ - საქმის დროს შეიძლება, არც ლოცულობდე. თუ ადამიანს სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს მას ძალიან ეხმარება. ის არ ცდილობს, რომ განსჯით მოიპოვოს აზრი, არამედ განწმენდილი სწვდება მას საღმრთო კურთხევის საშუალებით.

- რა ვქნა, თუ ასეთი სულიერი მდგომარეობა არა მაქვს და მსგავსი საქმიანობის შესრულება კი მიწევს?

- მაშინ გააკეთე ეს საქმე და ამასთან ილოცე, ევედრე, რომ განგანათლოს შენ ღმერთმა. რამდენადაც შესაძლებელია, ეცადე, რომ შენს მიერ თარგმნილი წიგნების საღმრთო აზრი შენვე დაგეხმაროს და ღვთისმოსაობით იშრომე. ყოველ საათში ან ორ საათში ერთხელ შეისვენე და იესოს ლოცვა შეასრულე.

- წმიდაო მამაო, თარგმანზე მუშაობა ზოგადად მეტად მოტაცებს ადამიანს, გიწევს ლექსიკონებში ჩხრეკა, კომენტარების კითხვა...

- მე თქვენ ადრეც გეუბნებოდით: უმთავრესად რაც ეხმარება თარგმნის დროს ადამიანს, არის პირადი სულიერი გამოცდილება და განწმენდილი ზრახვები, რომლებიც მას მადლის ჭურჭელად აქცევენ, მაშინ არის საღმრთო აზრების გადმოცემა სწორი და საღმრთო განათლებიდან მომდინარეობს და არა - განსჯის, ლექსიკონისა და სამელნის საშუალებით გადმოცემული. მე მინდა, ვთქვა, რომ საჭიროა, მთავარში განიმტკიცო თავი - ანუ საღმრთოში და არა - მეორეხარისხოვანში - ე. ი. ადამიანურში.

 

მრავალი საზრუნავის გამო ადამიანი ღმერთს ივიწყებს

- წმიდაო მამაო, საზრუნავი ყოველთვის აშორებს ადამიანს ღვთისაგან?

- მომისმინე, აი, რას გეტყვი. როდესაც მამა თამაშით გართულ ბავშვთან მიდის და სიყვარულით ეფერება მას, ეს უკანასკნელი, ისეა თავისი სათამაშოებით გართული, რომ ვერც კი ამჩნევს მას. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამჩნევს მამის მოფერებას, თუ ცოტათი მაინც მოსწყდა თამაშს. ასევე ჩვენც, საზრუნავით გართულებს, ღვთის სიყვარულის განცდა არ შეგვიძლია. ჩვენ ვერ ვგრძნობთ იმას, რასაც ღმერთი გვაძლევს. ყურადღებით იყავი: ნუ გაფლანგავ შენ ძვირფას ძალებს ზედმეტ ფაცი-ფუცზე, რომელიც ოდესმე ფერფლად იქცევა. წარმავალზე და ზედმეტზე ფაცი-ფუცით ხორციელად დაიღლები და გონებასაც უმიზნოდ განაბნევ, მერე კი - ლოცვის დროს - ღმერთს დაღლილობასა და მთქნარებას მიუტან, იმ მსხვერპლის მსგავსად - კაენმა [2] რომ შესწირა. ამას კი ის მოჰყვება, რომ შენი შინაგანი მდგომარეობაც კაენის მსგავსი იქნება, სულიერი შფოთითა და ოხვრით აღსავსე, რომელთაც შენს გვერდით მსწრაფლ გაჩენილი ეშმაკი მოგგვრის.

უმიზნოდ ნუ გავფლანგავთ ჩვენი ძალების გულისგულს, თორემ ღმერთისთვის მხოლოდ ჩენჩო და ნაჭუჭი დაგვრჩება. რაღაცაზე ზედმეტ ზრუნვას გულიდან მთელი შინაგანი ძალა გამოაქვს და ქრისტეს აღარაფერი რჩება. თუ ხედავ, რომ შენი გონება და საქმე ამაო საზრუნავის გავლენის ქვეშაა და მის მიერაა მიტაცებული, უნდა მიხვდე, რომ შენ იქ არ შეეხეტე, სადაც საჭირო იყო და შეშფოთდე იმის გამო, რომ ღმერთს დაშორდი. მიხვდე, რომ შენთვის უფრო ახლობელი გახდა საქმე, ვიდრე - ღმერთი, ქმნილი და - არა შემოქმედი.

სამწუხაროდ, ხშირად ერული კმაყოფილება, რომელსაც შესრულებული სამუშაო იწვევს, თვით ბერსაც კი ატყუებს. რა თქმა უნდა, ადამიანი იმისთვისაა შექმნილი, რომ გააკეთოს რაიმე კარგი, რადგანაც კეთილია მისი შემოქმედი, მაგრამ ბერი იღწვის, ცდილობს, რომ ადამიანიდან ანგელოზად გარდაიქმნას. ამიტომ, იმისათვის, რომ სულიერად იღვაწოს, მან თავისი შრომა უნდა განსაზღვროს რაიმე მატერიალურით - ყველაზე აუცილებელით. მაშინ მისი სიხარულიც სულიერი ნაყოფის მომწიფებიდან გამომდინარე იქნება, ეს იქნება სულიერი სიხარული და ბერი მარტო თვითონ კი არ შესვამს მას, არამედ - სხვებსაც შეასმევს.

მრავალი საზრუნავი და წუხილი ადამიანს ღმერთს ავიწყებს. მამა ტიხონი [3] მისთვის დამახასიათებელი სტილით ამბობდა: „ფარაონმა ებრაელებს ბევრი სამუშაო და საჭმელი მისცა, რათა ღმერთი დაევიწყებინათ, [4] ჩვენს დროში ეშმაკმა სრულად წარიტაცა ადამიანი მატერიით, მიწიერი ფაცი-ფუცით, ის ადამიანებს ასწავლის, რომ ბევრი იმუშაონ, ბევრი ჭამონ, რათა მათ ღმერთი დაავიწყდეთ, და ამგვარად ვერ შეძლონ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აღარ მოისურვონ, ისარგებლონ იმ თავისუფლებით, რომელიც სულის განსაწმენდად მიეცათ. მაგრამ საბედნიეროდ - ეშმაკის ნების გვერდის ავლით - აქედან (სიჩქარიდან) რაღაც კარგიც შეიძლება გამოვიდეს - ადამიანები იმდენ დროს ვეღარ პოულობენ ცოდვის ჩასადენად, რამდენსაც თვითონ ისურვებდნენ.

 

მრავალი საზრუნავი და შრომა ბერს ერულად მოაქცევს

კარგია, თუ ადამიანი, რომელსაც სულიერი ცხოვრება სურს, მოშორებულია განსაზღვრული სახის საზრუნავს, შრომასა და წუხილს. ანუ ისეთს, რომელიც მას სულიერ მიზანს აცილებს. არ უნდა წამოვიწყოთ უამრავი დაუბოლოებელი საქმე, იმიტომ, რომ საქმე არასოდეს ილევა. და თუ ბერმა საკუთარ თავზე შინაგანი ღვაწლის აღსრულება არ ისწავლა, მაშინ მას გამუდმებით გარეგანი ღვაწლისაკენ ექნება მიდრეკილება. ადამიანები, რომლებიც წამოწყებული საქმეების დამთავრებას ცდილობენ, ისე ამთავრებენ ცხოვრებას, რომ სულიერად არასრულყოფილნი არიან. სიცოცხლის ბოლოს ისინი ნანობენ, მაგრამ ამას აღარანაირი სიკეთე აღარ მოაქვს, რადგანაც „იმქვეყნიური წერილი“ უკვე ხელთ უპყრიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ცოტაოდენი ამოსუნთქვა საქმეებისაგან - აუცილებელია.

როცა მრავალგვარი საქმიანობა შეწყდება, ბუნებრივად გამოჩნდება ახალი ხორციელი ძალები და სულიერი ღვაწლის წყურვილი - რომელიც კი არ თრგუნავს ადამიანურ ძალებს, არამედ აღადგენს მათ. მაშინ სულიც უხვად შეისუნთქავს სულიერ ჟანგბადს, სულიერი ღვაწლისაგან დაღლა ძალებს არ ართმევს ადამიანს, არამედ აღადგენს კიდეც მათ, იმიტომ, რომ ასეთი ღვაწლი აღამაღლებს ადამიანს და მიაახლებს ნაზად მოყვარულ მამასთან, ასე რომ, მისი სულიც ხარობს.

ხორციელი დაღლილობა, რომელიც სულიერ აზრს მოკლებულია, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, სულიერი აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, რომელიც შეიძლებოდა მისი გასამართლებელი ყოფილიყო, ასასტიკებს ადამიანს. ყველაზე მორჩილი ცხენიც კი, თუ მას ჭენებით მოკლავ, წიხლების სროლას დაიწყებს, ანუ ცუდ ჩვევებს შეიძენს, თუმცა ასეთი რამ ადრე არ ჰქონია და შეეძლო, რომ თანდათანობით უფრო და უფრო გონიერი გამხდარიყო.

იმისათვის, რომ სულიერს მიანიჭო უპირატესობა, ზოგიერთი საქმე საერთოდ უნდა დატოვო, ბევრი საზრუნავი და საქმე ერულს ხდის ბერს და მისი სულიერი გრძნობების ორგანოც ერული ხდება. ის ცხოვრობს უკვე, როგორც ამა სოფლის კაცი, მთელი სულიერი მოუსვენრობით და ერული შფოთით. მოკლედ რომ ვთქვათ, გამუდმებული ზრუნვის, შფოთისა და უბედურებებისაგან ის ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჯოჯოხეთს განიცდის, მაგრამ როდესაც ბერი მატერიალურზე კი არა, საკუთარ და სხვა ადამიანთა ხსნაზე ზრუნავს, ამით ღმერთს ირჩევს თავის წარმმართველად, ხოლო ადამიანებს - თავის მსახურებად.

გახსოვთ შემთხვევა ღირს გერონტისთან და მის მორჩილთან დაკავშირებით? [5] ღირსმა გერონტიმ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ცოტაოდენი წყალი სთხოვა, იმდენი, რაც მას და მის მორჩილს დასალევად ეყოფოდათ. დედა ღვთისამ, როგორც კეთილმა დედამ, მათი სენაკის ახლოს კლდეში ნაპრალი გააჩინა და იქიდან გადმოიღვარა წყალი - წმინდა წყარო, რათა მათ დასალევად ჰქონოდათ. გავიდა დრო და ღირსი მამის მორჩილმა ტერასები გააკეთა, მიწით ამოავსო, ბაღი და ბოსტანი გააშენა და ამდენ საზრუნავში თავის სულიერ მოვალეობებს ყურადღება ვეღარ მიაქცია. წყალი საკმარისი აღარ იყო და ამიტომ მან იარაღი აიღო და ნაპრალის გაფართოება დაიწყო, რათა წყაროს მეტი წყალი მოეცა. მაშინ დედა ღვთისამ წყალი წაიღო, სულ სხვა ადგილას, სენაკისაგან მოშორებით ამოადინა და უთხრა: „თუ გსურს ბოსტანი გააშენო და ამით იყო დაკავებული, წყალი შორიდან ზიდე“.

 

იქ, სადაც ბევრი ფაცი-ფუცია, ბევრი სულიერი „რადიოდაბრკოლებაა“

- წმიდაო მამაო, არ დაგენანათ იმ სენაკის დატოვება, რომლის აღდგენასაც ამდენი ძალა შეალიეთ?

- რაკი იქიდან წამოვედი, ესე იგი საამისოდ სერიოზული მიზეზი მქონდა.

- და ყველგან მხოლოდ ძალიან აუცილებელით ზღუდავთ თქვენს მოთხოვნილებებს?

- დიახ, მე ვიზღუდები ყველაზე უფრო აუცილებელით - ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რათა იმ მდგომარეობაში ვიყო, რაც აუცილებელია მაღალი, ზეციური ღვაწლის აღსასრულებლად. ჯერ ერთ რამეს აკეთებ, მერე კიდევ სხვა რაღაცის გაკეთება გინდება. თუ ამ კბილანებს შორის გაები, მაშინ მორჩა - დაღუპული ხარ. მიწიერში დაკარგვით ადამიანი ზეციურს კარგავს. და როგორც არა აქვს ბოლო ზეციურს, არა აქვს ბოლო - მიწიერსაც. ან დაიკარგები აქ, ან - „დაიკარგები“ იქ. და იცი, რას ნიშნავს დაკარგვა იქ - მაღალში! ჰოი, მე ვასრულებდი იესოს ლოცვას და დავინთქე მასში! შენ არასდროს დანთქმულხარ ლოცვაში?

მრავალგვარი სამუშაოთი დაკავება, განსაკუორებით დაღლილობითა და ხლაფორთით, განსაკუთრებით კი - სიჩქარით, ჩვენ ვერ დაგვეხმარება. ყოველივე ეს უკანა პლანზე გადასწევს სიფხიზლეს და ასასტიკებს სულს. ადამიანს მარტო ლოცვა კი არა - ფიქრიც აღარ შეუძლია. მას კეთილგონიერად მოქმედების უნარი აღარა აქვს და არასწორად იქცევა.

ამიტომ ყურადღებით იყავით. უმიზნოდ, სულიერი ცხოვრებისთვის უშედეგოდ ნუ დახარჯავთ დროს, თორემ იქამდე დახვალთ, რომ ძლიერად გაგისასტიკდებათ გული და თქვენს სულიერ მოვალეობებს უკვე ვეღარ შეასრულებთ [6]. თქვენ სურვილი გაგიჩნდებათ, რომ საქმით ან საუბრით იყოთ დაკავებული, ანდა იმისათვის, რომ „საქმეში“ იყოთ, თვითონვე შეიქმნით პრობლემებს. როდესაც იესოს ლოცვას და საკუთარ სულიერ მოვალეობებს მივატოვებთ, მტერი ჩვენს სულიერ სიმაღლეებს დაიკავებს და ხორცის და აზრების საშუალებით შეგვებრძოლება. ის სრულად მოაუძლურებს ჩვენს ძალებს - როგორც სულიერს, ისე - ხორციელს. ის გაგვაწყვეტინებს კავშირს ღმერთთან, რის შედეგადაც ჩვენი სულიერი ვნებების ტყვეობაში აღმოვჩნდებით.

მამა ტიხონი ბერებს ეუბნებოდა, რომ მოღვაწეობით უნდა ეცხოვრათ, რათა საზრუნავისაგან გათავისუფლებულიყვნენ და არც მუშებივით უნდა ემუშავათ და არც ერის ადამიანებივით უნდა ეჭამათ. ბერის საქმე ხომ მეტანიები, მარხვა და ლოცვაა - და არა მარტო საკუთარი თავისათვის, არამედ - მთელი სამყაროსათვის - ცოცხლებისა და მკვდრებისათვის. სამუშაო კი მცირე უნდა იყოს და იმისთვის შესრულდეს, რომ საკუთარი თავი აუცილებელით უზრუნველჰყო და ვიღაცას ტვირთად არ ექცე.

- წმიდაო მამაო, ხლაფორთი ყოველთვის აბრკოლებს სულიერ ცხოვრებას?

- თუ იმით ხარ დაკავებული, რაც მორჩილებისთვისაა [7] აუცილებელი, მაშინ ეს არ გავნებს, თუკი შენზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება ან დის დახმარება საზღვრებს არ სცდება, მაშინ შენ მოუთმენლად გწყურია ლოცვა, ხოლო შენს მიერ სხვებისთვის გაწეული დახმარება შედეგიანი იქნება. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარი ნებით გადის მორჩილების ფარგლებიდან და თვითონ იმატებს საქმეს და ხლაფორთს ქმნის, ისეთ რამეზე ზრუნავს, რაზე ზრუნვაც აუცილებელი არ არის, მისი გონება იბნევა და ღმერთს შორდება. ხოლო თუ ადამიანის გონება ღმერთში არ არის დაუნჯებული, როგორ განიცდის იგი საღმრთო სიხარულს?! გული ადვილად ცივდება. თუ მთელი დღის განმავლობაში ხალხს ვიღებდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულიერი საქმეა, ღამით, როცა ლოცვაზე ვდგები, ჩემი გული სხვაგვარ მდგომარეობაშია, განსხვავებით იმისგან, როცა მთელი დღის განმავლობაში ვლოცულობ. ხალხისგან მოსმენილი ამბების სიმრავლე თავს მავიწყებს, ამის მოცილება ადვილი არ არის, რამდენადაც შესაძლებელია, დღისით იესოს ლოცვა იმეორე და იგალობე რაიმე საეკლესიო საგალობელი.

ძალიან ეხმარება ხანმოკლე სასულიერო საკითხავი, განსაკუთრებულად - ლოცვის წინ. ის სულს ათბობს და განდევნის საზრუნავს, რომლითაც დღისით იყო დაკავებული ადამიანი. ხოლო, როდესაც სული გათავისუფლდება და სულიერად ღვთიურ ატმოსფეროში გადავა, გონება თავის საქმეს არ მოსწყდება. წაკითხული სახარების ნაწყვეტი თუ მამათა ცხოვრება (აქ მრავალი პატარა, მაგრამ ძლიერი თავია) გონებას სულიერ სფეროში გადაიყვანს და ის იქიდან აღარსად წავა. გონება ხომ ეს დაუბერებელი ბავშვია, რომელსაც ერთ ადგილას ჯდომა არ შეუძლია - დარბის ხან აქ და ხან - იქ, მაგრამ თუ მას ტკბილ კარამელს მისცემ, არსად არ წავა.

საზრუნავისა და წუხილისაგან გათავისუფლებას შინაგანი უშფოთველობა და სულიერი წარმატება მოაქვს. საზრუნავი ბერს ღვთისაგან აშორებს, იქ სადაც ბევრი ხლაფორთია - მეტი სულიერი რადიოჩავარდნაა, რომელიც სულიერი რადიოსადგურის მუშაობას უშლის ხელს. ბერს გამართლება არა აქვს, თუ იგი სულიერად არ ცხოვრობს. აი, საბრალო ერისკაცები ამდენი საზრუნავით არიან დამძიმებულნი, მაგრამ მაინც იტანჯებიან. ასეთი საზრუნავი ბერს არა აქვს. მას არც კვარტალურზე, არც ვალზე არ უწევს ფიქრი, არც იმაზე, სამუშაო იქნება, თუ - არა. მოძღვარი გვერდით ჰყავს, ტაძარი - პირდაპირ მონასტერში: ლოცვები, ზეთის კურთხევა, პარაკლისები, ლიტურგია... ის თავისუფალია საზრუნავისგან და მარტო იმაზე ზრუნავს, თუ როგორ გახდეს ანგელოზი - მის წინაშე სხვა მიზანი არ დგას. მაშინ, როცა ერისკაცს ამდენი საზრუნავი აქვს: ის ზრუნავს იმაზე, როგორ გაზარდოს ბავშვები, სხვა საქმეებზე - და ამავდროულად თავისი სულის ხსნისათვისაც იბრძვის. როგორც მამა ტრიფონი [8] ამბობს: „ბერს ღამისთევის შესრულება სურს? მას შეუძლია აღასრულოს. მარხვა სურს? ესეც შეუძლია. არც ცოლი და არც შვილები მას არ ჰყავს. ერის ადამიანს კი ყველაფერი ამის გაკეთება არ შეუძლია, მას ხომ შვილები ჰყავს. ერთს ფეხსაცმელი უნდა, მეორეს - ტანსაცმელი, მესამეს - კიდევ რაღაც...“

 

ჩვენ კეთილი საზრუნავი უნდა მოვიხვეჭოთ

პირველ ყოვლისა, ჩვენ ცათა სასუფეველი უნდა ვეძებოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი, დანარჩენი კი თავისით მოვა [9]. თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში იკარგება, ის მისთვის ბოძებულ დროს კარგავს და კარგავს ტყუილუბრალოდ. თუ არ იკარგება და სხვა ცხოვრებისთვის ემზადება, მის მიწიერ ცხოვრებას მაშინ აქვს აზრი, თუ სხვა ცხოვრებაზე ფიქრობს, ბევრი რამ იცვლება. ხოლო იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოეწყოს აქ, ადამიანს ტანჯავს, ძალებს აცლის და მარადიული წარწყმედისკენ მიაქანებს. შეხედეთ, ნუ დაიზიანებთ თავს მოუთმენელი მღელვარებით და მიწიერი საქმეებით ვნებიანი გატაცებით: „ეხლა ჩვენ ერთი რაღაც უნდა გავაკეთოთ, ამის შემდეგ კი - მეორე“... რადგან ამ მდგომარეობაში თქვენ არმაგედონი [10] წამოგეწევათ. მხოლოდ ერთი მოუთმენელი მღელვარება - სამეულებთან, რემონტებთან და სხვა საქმეებთან დაკავშირებული - უკვე ეშმაკის საქმეა. მოაბრუნეთ სახელური ქრისტესგან, რადგან სხვაგვარად თქვენ მხოლოდ თითქოსდა ქრისტესთან იცხოვრებთ, ხოლო შინაგანად კვლავ ერული სიბრძნით იქნებით სავსენი - და მე ვშიშობ, იგივე უბედურება არ შეგემთხვეეთ, რაც სულელ ქალწულებს შეემთხვათ.

ბრძენ ქალწულებს [11] მარტო კეთილი საქმეგბი კი არ ჰქონდათ, არამედ - კეთილი საზრუნავი. ისინი თვალს არ ხუჭავდნენ, მათთვის სულ ერთი არ იყო. სულელი ქალწულებისთვის კი სულ ერთი იყო. სიფხიზლეს არ ელტვოდნენ. ამიტომაც თქვა უფალმა: „იფხიზლეთ“ [12]. ისინი ქალწულები იყვნენ, მაგრამ სულელები, უგუნურები. თუ ქალწულს დაბადებიდან არა აქვს გონება, იგი კურთხეულია ღვთის მიერ, იმიერ ცხოვრებაში იგი უგამოცდოდ გადადის. მაგრამ თუ მას გონება აქვს და ამასთან უგუნურად ცხოვრობს, საშინელი სამსჯავროს დღეს თავს ვერაფრით გაიმართლებს.

ხოლო მართასა და მარიამის შემთხვევაში, რომლის შესახებაც სახარებაშია მოთხრობილი? ხედავთ, საზრუნავმა სადამდე მიიყვანა მართა, რომ იგი გარკვეულწილად უსირცხვილოდ მოიქცა? თავდაპირველად ალბათ მარიამიც ეხმარებოდა მას, მაგრამ როცა დაინახა, რომ მართა აპირებს თავის სამზადისს უტრიალოს ბოლომდე, მიატოვა იგი და წავიდა. „როგორ მოვცილდე ჩემს ქრისტეს სალათებისა და ნამცხვრების გამო!“ - გადაწყვიტა მან. შეიძლება გეფიქრა, რომ ქრისტე იქ მართას ნაირ-ნაირების საჭმელად მიდიოდა! სწორედ ამან შეიყოლა მართა და თქვა: „უფალო, არა იღწვი, რამეთუ დამან ჩემმან მარტო დამიტევა მე მსახურებად“ [13].

ყურადღებით ვიყოთ, რომ ის არ შეგვემთხვეს, რაც მართას დაემართა, მოდით იმისთვის ვილოცოთ, რომ ჩვენ კეთილი მარიამები გავხდეთ.

 


[1] - ბერის სულიერი მოვალეობა - სადღეღამისო ღვთისმსახურების ციკლი, სენაკის წესი, მეტანიები, წმ. წერილის კითხვა, წმ. მამათა წიგნები და ა.შ., რისი შესრულებაც თითოეული ბერის მოვალეობაა.

[2] - შესაქმ. 4,3-7.

[3] - ბერი პაისის ნაშრომი - „Отцы - святогорцы и святогорские истории“ 2001 წ.

[4] - შეად. გამოსვლ. 1,13-14.

[5] - ბერი პაისის ნაშრომი - „Отцы - святогорцы и святогорские истории“ 2001 წ.

[6] - ნახ. შენიშვნები ნაწ. II, თავი V, - 1.

[7] - მორჩილი ნიშნავს საკუთარი ნების მომკვეთ ადამიანს მონასტერში.

[8] - ბერი პაისის ნაშრომი - „Отцы - святогорцы и святогорские истории“ 2001 წ.

[9] - შეად. მათ. 6,33 და ლუკ. 12,13.

[10] - შეად. გამოცხ. 16,16.

[11] - შეად. მათ. 25,1-13.

[12] - მათ. 25,13.

[13] - ლუკ. 10,40.