† ბერი პაისი ათონელი
ნაწილი მეორე - თანამედროვე კულტურის შესახებ

თავი მეორე
იმის შესახებ, რომ მრავალგვარი კომფორტის ეპოქა მრავალგვარი პრობლემის ეპოქის თანასწორია

ალბათ ადამიანებს გულები რკინად ექცათ

ადამიანურმა კომფორტმა ყოველგვარი საზღვარი გადალახა და ამიტომ პრობლემად იქცა. მომრავლდა მანქანები - მომრავლდა საზრუნავი. მანქანები და რკინის ნივთები მართავენ ადამიანებს და მასაც მანქანად აქცევენ. ამიტომაა, რომ ადამიანებს გულები რკინად ექცათ. ყველა მოქმედ ტექნიკურ საშუალებათა შორის მხოლოდ ადამიანის სინდისი დარჩა დაუმუშავებელი. ადრე ადამიანები ცხოველების დახმარებით შრომობდნენ და მათდამი თანაგრძნობით იყვნენ განწყობილნი, თუ პირუტყვს იმაზე დიდი ტვირთი აჰკიდე, რომლის ტარებაც მას შეუძლია, მაშინ ის მუხლებში მოიდრიკება და შენ მისდამი სიბრალულს იგრძნობ. თუ ის მშიერია და საცოდავად გიცქერს, სიბრალულისგან გულს სისხლი მოგაწვება. ჩვენ მას ოჯახის წევრად მივიჩნევთ. დღეს კი ადამიანებს რკინის ნივთებთან აქვთ საქმე. გატყდა რომელიმე რკინის ნაჭერი? დაადუღებ. გაფუჭდა მანქანა? მიაქვთ ავტოსერვისში. ვერ გაკეთდება, ჯანდაბას, სული მაინც არ აგტკივდება: „რკინაა - ამბობენ. და არის კიდეც რკინა“. ადამიანის გული ადგილიდან არ იძვრის და ამის გამო მასში ყალიბდება საკუთარი თავის სიყვარული - ეგოიზმი.

დღეს ერთი ადამიანიც კი არ ფიქრობს მეორეზე. ძველად, როცა მაცივრები არ იყო, თუ საჭმელი მეორე დღისთვის დარჩებოდა, გაფუჭდებოდა: - „სულ ერთია, გაფუჭდება და ჯობია, რომელიმე ღატაკს წავუღო“. ხოლო ის, ვინც სულიერად უფრო წარმატებული იყო, ამბობდა: „ჯერ ღატაკმა ჭამოს და შემდეგ - მე“. დღეს მორჩენილ საჭმელს მაცივარში დგამენ და გაჭირვებულ მოყვასზე არ ფიქრობენ. მახსოვს, რომ იმ წლებში, როცა კარგი მოსავალი გვქონდა, ბოსტნეულსა და სხვადასხვაგვარ ნაყოფს მეზობლებს ვუწილადებდით. რად გვინდოდა ამდენი ზედმეტი, მაინც გაფუჭდებოდა. ეხლა ხალხს მაცივრები აქვთ და ამბობენ: „რატომ მივცე ზედმეტი სხვას? მაცივარში შევდებთ და მერე თვითონვე შევჭამთ“. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტონობით პროდუქტს მიწაში მარხავენ, მაშინ, როცა მილიონობით ადამიანი შიმშილობს.

 

მანქანების გამო ადამიანები ჭკუიდან იშლებიან

თანამედროვე ტექნიკური საშუალებები დაუსრულებლად ვითარდება. ისინი უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ადამიანის გონება იმიტომ რომ მათ განვითარებას ეშმაკი ეხმარება. ძველად, როცა ყველა ეს საშუალება, ტელეფონი, ფაქსი არ იყო, ადამიანებს მეტი სიწყნარე და სიმშვიდე ჰქონდათ.

- წმიდაო მამაო, მათ უხაროდათ ცხოვრება?

- ეხლა კი მანქანების გამო ადამიანები ჭკუაზე შეიშალნენ. მრავალნაირი კომფორტი მათ ტანჯავთ, მათ აღრჩობთ შფოთი. მახსოვს ბედუინები, რომლებსაც სინაზე [2] ყოფნისას ვიცნობდი, რა ბედნიერები იყვნენ ისინი! მათ მხოლოდ ერთი კარავი ჰქონდათ და უბრალოდ ცხოვრობდნენ. ალექსანდრიაში ან ქაიროში ცხოვრება მათ არ სურდათ, უდაბნოში, კარავში ცხოვრება მოსწონდათ. თუ ცოტაოდენი ჩაი მოეძევებოდათ, აღარ იცოდნენ, სიხარულისგან სად წასულიყვნენ და ღმერთს ადიდებდნენ, მაგრამ ეხლა ცივილიზაციამ მათამდე მიაღწია და ისინიც ივიწყებენ ღმერთს. ბედუინები - ისინიც ევროპული სულის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ! თავდაპირველად ებრაელებმა ბედუინებისათვის ქოხები ააშენეს, შემდეგ კი მთელი ისრაელის ძველი ავტომობილები მიჰყიდეს მათ [3]. ოჰ, ეს ებრაელები!.. ეხლა ყოველ ბედუინს აქვს ქოხი, დამტვრეული ავტომობილი ქოხის ეზოში, ხოლო სული - სრული შფოთითა და განცდებით სავსე. ავტომობილები იმტვრევა, ბედუინები მათ რემონტში იმსხვრევიან და რომ შევხედოთ, რა მოიპოვეს მათ ყოველივე ამით? თავი აიტკიეს და მეტი არაფერი.

ძველად ნივთები მყარი მაინც იყო და დიდხანს ძლებდა. ეხლა კი მთელი ტომარა ფული უნდა გადაიხადო და იყიდო ნივთი, რომელიც მალევე გატყდება. მრეწველობასაც ხელს აძლევს ეს ყველაფერი - საქონლის წარმოება იზრდება და მდიდრდებიან. ხალხს ყველაფერ ამაზე ფული არ ყოფნის, ცდილობენ, მეტი გამოიმუშაონ და სამუშაოს თავს აკლავენ. ყველა ეს მანქანები და მექანიზმები ევროპელების საქმეა, რომლებსაც მთელი დღეების განმავლობაში ხელში ქანჩები უჭირავთ. ჯერ დაამზადებენ, მაგალითად, რაიმე ხუფს, შემდეგ ხრახნს გაუკეთებენ მას, შემდეგ ღილაკით სრულყოფენ ამ ხუფს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ: ანუ გამუდმებით ჩნდება ახალი და ახალი მანქანები და საშუალებები. საბრალო ხალხს კი სულ უფრო სრულყოფილი უნდა. ჯერ ძველის ფულიც არ გადაუხდიათ და უკვე ახალს ყიდულობენ, ამიტომ, გამუდმებით ვალებსა და დაღლილობას იმკიან. ავიღოთ ღარიბი: მასაც უნდა ავტომობილი, მიდის და რაიმე ყველაზე იაფფასიანს ყიდულობს. მის შესაძენად ყიდის ხარებს, ცხენებს, ყიდის უკანასკნელს (საქმე იქამდე მიდის, რომ მალე ვირებს ვიტრინაში გამოდგამენ და მათ ნახვაში ფულს გადაახდევინებენ!) და აი, ღარიბი იყიდის რაიმე იაფ ავტომობილს, მანქანა ფუჭდება: „ასეთ მანქანას სათადარიგო ნაწილები არა აქვს“. - ეუბნებიან მას. საბრალო იძულებულია, სხვა მანქანა იყიდოს. ყიდულობს ოდნავ იმაზე უკეთესს, ადრე რომ ჰქონდა, ძველს კი გვერდით გადადებს. ახალიც ფუჭდება და გრძელდება ასე... ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც არ გაგვიტაცოს უფრო და უფრო სრულყოფილის შეძენის ამ მოდურმა მიმდინარეობამ.

 

ტელევიზიამ უდიდესი ზიანი მოუტანა ადამიანებს

- წმიდაო მამაო, ეხლა ისეთი სატელევიზიო საკომუნიკაციო საშუალებები არსებობს, რომ ქვეყნიერების მეორე მხარეს მიმდინარე მოვლენებს შეგვიძლია, თვალი მივადევნოთ.

- ადამიანები მთელ სამყაროს ხედავენ და მხოლოდ საკუთარი თავის დანახვა არ შეუძლიათ. ღმერთი კი არ ანადგურებს ადამიანებს, არა... დღეს ადამიანები საკუთარი გონებით ინადგურებენ თავს.

- წმიდაო მამაო, ტელევიზიას ბევრი უბედურება მოაქვს.

- „ბევრი უბედურება!“ რას მეუბნები?! ერთმა ადამიანმა მითხრა: „მამაო, ტელევიზორი კარგი რამ არის!“ მე ვუპასუხე: „კვერცხი ასევე კარგი რამ არის, მაგრამ თუ მას ქათმის სკორეში აურევ, აღარაფრად ივარგებს“. ტელევიზორსა და რადიოს სწორედ ეს დაემართათ. დღეს თუ რადიომიმღებს იმისთვის ჩართავ, რომ ახალი ამბები მოისმინო, წინასწარ უნდა იყო შეგუებული, რომ ახალ ამბებთან ერთად რაიმე სიმღერასაც მოისმენ. ახალი ამბები სიმღერის შემდეგ იწყება. ადრე სხვაგვარად იყო, მაშინ წინასწარ განისაზღვრებოდა, თუ რადიოთი რომელ საათზე გადმოსცემდნენ ახალ ამბებს. ადამიანი რადიომიმღებს დანიშნულ დროს რთავდა და ისმენდა უკანასკნელ ცნობებს. ეხლა კი იძულებული ხარ, სიმღერასაც უსმინო, რადგანაც თუ მისი მოსმენა არ გსურს და რადიოს გამორთავ, ახალ ამბებსაც გამოტოვებ. ტელევიზორმა ადამიანებს დიდი ზიანი მიაყენა, განსაკუთრებით გამანადგურებლად იგი პატარა ბავშვებზე მოქმედებს. ერთხელ ჩემთან სენაკში მოიყვანა მამამ შვიდი წლის ბავშვი. მე დავინახე, თუ როგორ ლაპარაკობდა ბავშვის პირით ტელევიზიის დემონი, ისევე როგორც შეპყრობილის პირით მეტყველებს ხოლმე ეშმაკი. ეს იგივეა, რომ ყრმა კბილებიანი დაიბადოს. დღეს ხშირად ვეღარ შეხვდები ნორმალურ ბავშვს, ბავშვები ურჩხულებად გადაიქცნენ. ბავშვების გონება აღარ მუშაობს, ისინი მხოლოდ იმეორებენ იმას, რაც მოისმინეს და ნახეს. სწორედ ამ საშუალებით სურთ ვიღაც-ვიღაცეებს, გამოაშტერონ სამყარო. ანუ მათი აზრით, ყველას უნდა სჯეროდეს ის, რაც ტელევიზიით ესმის და მის შესაბამისად იქცეოდეს.

- წმიდაო მამაო, დედები გვეკითხებიან, როგორ მოაშორონ ტელევიზორს შვილები?

- აუხსნან შვილებს, რომ ტელევიზორის ცქერაში შტერდებიან, აზროვნების უნარს კარგავენ, იმის შესახებ, რომ ტელევიზორი მხედველობას ვნებს, აღარ ვლაპარაკობ. ტელევიზია, რომლის შესახებაც ეხლა ვლაპარაკობთ, ადამიანის შემოქმედებაა. მაგრამ ხომ არსებობს სხვა - სულიერი ტელევიზია. როცა ძველი კაცის განძარცვით ქრისტიანს სულიერი თვალი აეხილება, მაშინ იგი ტექნიკური საშუალებების გარეშეც შორს იყურება. ამ „ტელევიზიის შესახებ“ არ უამბობენ დედები შვილებს? აი, მათმა შვილებმა სწორედ ეს „სულიერი ტელევიზია“ უნდა გააცნობიერონ. ხოლო „ყუთების“ წინ ჯდომით ბავშვები ტყუილ-უბრალოდ თაყვანდებიან.

პირველქმნილ ადამიანებს ჭვრეტის უნარი ჰქონდათ და ეს უნარი მათ პირველი ცოდვის შედეგად დაკარგეს, თუ ბავშვები შეინახავენ იმ მადლს, რომელიც წმიდა ნათლისღებისას მიიღეს, ისინი ჭვრეტის ნიჭს - სულიერ ტელევიზიას - მოიპოვებენ. ყურადღებით ყოფნა და შრომაა საჭირო. დღევანდელი მშობლები თვითონ ღუპავენ საკუთარ თავს ამაოებით, მერე კი მე უნდა ვიკითხო ასეთი წერილები: „როგორ მოვიქცე, მამაო, მე ხომ საკუთარ შვილს ვკარგავ?!“

 

მონაზვნები და თანამედროვე ტექნიკური მიღწევები

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა სარგებლობდეს მონაზონი თანამედროვე ტექნიკური მიღწევებით?

- ბერი გამუდმებით უნდა ცდილობდეს, რომ ის საშუალებები, რომლითაც თვითონ სარგებლობს, იმაზე უბრალო იყოს, რასაც ერში იყენებენ. აი, მე, მაგალითად, მიყვარს შეშა: ცეცხლს რომ ვანთებ სითბოსთვის, საჭმელს ვამზადებ და ხელსაქმისათვის აუცილებელ ცეცხლს ვაჩაღებ. მაგრამ თუ ეს ვაჭრობა ათონის ტყით დიდხანს გაგრძელდება ისეთივე ტემპით, როგორც დღეს მიმდინარეობს, შეშა გაქრება, მისი მოპოვება გაძნელდება და მეც რაიმე უფრო მარტივ საშუალებას გამოვიყენებ, ისეთს, რასაც ერის ადამიანები იყენებენ. გასათბობად - ნავთის ღუმელი ან სხვა რაიმე - იაფი და თავმდაბლური, ხელსაქმისთვის - პრიმუსი და ა.შ.

- როგორ უნდა განვსაზღვროთ, თუ რა საზომით გამოვიყენოთ რაიმე თანაცხოვრებულთა მონასტერში?

- თუ მონაზვნურად აზროვნებ, ამის განსაზღვრა შესაძლებელია. თუ მონაზვნურად არ აზროვნებ, ყველაფერი, რაც არ უნდა აიღო, „აუცილებლად“ მოგეჩვენება. მერე კი თვით ბერი გადაიქცევა ერის ადამიანად და უარესიც გახდება. ჩვენ - ბერები ერთან შედარებით სულ ცოტათი უბრალოდ მაინც უნდა ვცხოვრობდეთ,

ანდა ყველაზე უარეს შემთხვევაში ისე მაინც, მონასტერში წასვლამდე რომ ვცხოვრობდით. იმაზე უკეთესი ნივთები არ უნდა გვქონდეს, რაც სახლში გვქონდა. მონასტერი უფრო ღარიბული უნდა იყოს, ვიდრე ის სახლი, საიდანაც მე აქ მოვედი, ეს შინაგანად ეხმარება როგორც ბერს, ისე - ერს.

ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ადამიანები ხრწნად საგნებში სიმშვიდეს ვერ ჰპოვებენ. თუ ეს ერული პროგრესი ერისკაცებსაც კი სტანჯავთ, რაღა ითქმის ბერებზე! მე რომ რომელიმე მდიდრულ სასლში აღმოვჩენილიყავი და პატრონს ეკითხა ჩემთვის: „სად მოგიწყო ღამის გასათევი? ძვირფას სასტუმრო საძინებელში თუ ბაგაში, სადაც ღამით თხები დგანან? რა უფრო მოგწონს?“ პატიოსან სიტყვას ვიძლევი, რომ თხების ბაგაში ჩემი სული მეტ სიმშვიდეს იპოვიდა. ბერად რომ მივდიოდი, ერი იმისთვის კი არ დატოვე, რომ ჩემთვის უკეთესი სახლი ან სასახლე მეპოვა, ბერი იმისთვის გავხდი, რომ მეპოვა რაიმე უფრო მკაცრი, ვიდრე ის იყო, რაც მაშინ მქონდა, როცა ერში ვცხოვრობდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ქრისტესთვის არაფერს ვაკეთებ. მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც თანამედროვე ლოგიკით ცხოვრობენ, მითხრეს: „მისმინე, რას ავნებს შენს სულს სასახლეში ცხოვრება? იქ ბაგაში ხომ საზიზღარი სუნია, იქ სასახლეში კი სურნელიც საამოა და მეტანიების შესრულებასაც შეძლებ“. ჩვენ სულიერი გრძნობების ორგანო უნდა გვქონდეს. ისევე როგორც კომპასის ორივე ისარი მაგნიტიზირებულია და ამიტომ ერთი ისარი სამხრეთისაკენ ბრუნდება. ქრისტე მაგნიტიზირებულია, მაგრამ იმისთვის, რომ მისკენ მივბრუნდეთ, ცოტათი ჩვენი მაგნიტიზირებაცაა საჭირო.

და როგორი სირთულეები იყო წინათ თანაცხოვრებულთა მონასტერში! მახსოვს, სამზარეულოში უზარმაზარი კარდალა იდგა, რომელსაც სპეციალური ბერკეტით სძრავდნენ. საჭმლის დასამზადებლად ცეცხლს შეშით აჩაღებდნენ. ცეცხლი ხან აბურბურდებოდა, ხან მინავლდებოდა, საბმელი იწვოდა, თუ თევზი დაიწვებოდა, ტაფას მეტალის ჯაგრისით წმენდნენ. შემდეგ ნაცარს იღებდნენ ღუმელიდან, აავსებდნენ დიდ თუჯის ჭურჭელს - ქვემოდან გახსნილს და ნაცარზე წყალს დაასხამდნენ და ნაცარტუტაში ვრეცხავდით ჭურჭელს. ნაცარტუტი ხელებს გვიჭამდა, ხოლო არქონდარიკში წყალს ვეზიდებოდით თოკისა და ჯალამბარის საშუალებით. ზოგიერთ რამეს, რაც დღეს მონასტერში ხდება, გამართლება არა აქვს. მე მინახავს, როგორ მკიან ერთ მონასტერში პურს ელექტროკომბაინით! რად ვარგა ეს? თუ ყანისმჭრელი ავადაა, დასუსტებულია და დანით ჭრა არ შეუძლია, მაშინ კიდევ კარგი - ელექტროკომბაინის გამართლება შეიძლება, მაგრამ იქ შეგიძლიათ ნახოთ, თუ ჯანმრთელი ვაჟი როგორ მართავს ელექტროკომბაინს, ის თვითონ უნდა მუშაობდეს კომპრესორის მაგიერ, მაგრამ პურის მოსაჭრელად ტექნიკას იყენებს და ამას დიდ მიღწევად თვლის.

შეეცადეთ, წინ წაიწიოთ სულიერ დამოკიდებულებებში. ნუ გახარებთ მთელი ეს მანქანები, კომფორტი და ამის მსგავსნი. თუ მონაზვნობას ტოვებს ასკეზის სული, მაშინ მონაზონთა ცხოვრება აზრს კარგავს. ჩვენ წარმატებები არ გვექნება, თუ კომფორტს მონაზვნურ ცხოვრებაზე მაღლა დავაყენებთ. ბერი გაურბის კომფორტს, იმიტომ, რომ სულიერ მდგომარეობაში ის ვერ დაეხმარება. თვით ერულ ცხოვრებაშიც კი ამძიმებს ადამიანს მეტისმეტი კომფორტი. ნუ ვეძებთ მას. ღირსი არსენი კაპადოკიელის დროს არ იყო არც ნავთის ქურა „ლუქსი“ [4], არც სხვა გამანათებელი მოწყობილობები. სასახლეებში ძალიან სუფთა ზეთის ლამპრებს იყენებდნენ. რა, არსენი დიდს არ შეეძლო, ისინი თან წაეღო უდაბნოში? შეეძლო, მაგრამ არ წაიღო. უდაბნოში იგი ფითილს ან ბამბას იყენებდა, ჩვეულებრივ მცენარეულ ზეთთან ერთად და გასანათებლად ეს ყოფნიდა [5].

როდესაც მორჩილებისას სხვადასხვა საშუალებებს, ტექნიკურ მოწყობილობას და ამის მსგავსს ვიყენებთ, ჩვენ ხშირად თავს იმით ვიმართლებთ, რომ ყველაფერი ეს საქმის სწრაფად გასაკეთებლადაა საჭირო, ხოლო გამოთავისუფლებულ დროს სულიერი ღვაწლისათვის გამოვიყენებთ. მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვატარებთ მრავალსაზრუნავიან, სულიერი შფოთით სავსე ცხოვრებას არა როგორც ბერები, არამედ - როგორც ამა სოფლის ადამიანები. როდესაც ერთ-ერთ მონასტერში ახალგაზრდა ბერების ახალი საძმო მოვიდა, პირველი, რაც მათ გააკეთეს, იყო ის, რომ იყიდეს ქვაბ-მადუღარები, რომ მონაზვნური კანონების შესასრულებლად დრო გამოეთავისუფლებინათ. მერე ეს ბერები საათობით ისხდნენ უსაქმურად და სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ. ასე რომ, სხვადასხვაგვარი მოწყობილობის გამოყენება იმ მიზნით, რომ დრო მოიგო და ის რაიმე სულიერს მიუძღვნა, არ გამოდის. დღეს მოწყობილობების საშუალებით ბერები დროს იგებენ, მაგრამ ლოცვისთვის დრო მაინც არ ჰყოფნით.

- წმიდაო მამაო, მსმენია, რომ თვით ღირს ათანასი ათონელს [6] მოწინავე შეხედულებების მქონე ადამიანად მიიჩნევდნენ.

- ჰო, ძალიან მოწინავედ! სწორედ ისეთ მოწინავედ, დღევანდელი მოწინავეები რომ არიან! ბევრს მაინც წაგიკითხავთ ათანასი დიდის ცხოვრება? მის სავანეში ბერების რიცხვი რვაასამდე, ათასამდე ავიდა და რამდენი სხვადასხვანაირი ადამიანი მიმართავდა მას დახმარებისათვის, რამდენი ღატაკი, რამდენი მშიერი მიდიოდა მონასტერში პურის ნაჭრისათვის და თავშესაფარის საძებნელად! და აი, ღირსმა მამამ, იმ სურვილით, რომ ყველას დახმარებოდა, მონასტრის წისქვილისათვის ორი ხარი იყიდა. იყიდონ ხარები დღევანდელმა „მოწინავეებმაც“. იგი იძულებული იყო მონასტრებში მოეწყო საცხობი - მისი ეპოქისათვის თანამედროვე სახის. ბიზანტიის იმპერატორები მონასტრებს ქონებასა და მიწებს ჩუქნიდნენ იმიტომ, რომ მაშინ მონასტრებს საქველმოქმედო დანიშნულებაც ჰქონდათ. მონასტრები იმისთვის არსებობდა, რომ ადამიანებს სულიერად და მატერიალურად დახმარებოდნენ. ამიტომ ასაჩუქრებდნენ მათ იმპერატორები.

ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ყველაფერი გაქრება, ჩვენ კი ღვთის წინაშე ვალმოუხდელნი წარვდგებით. სწორი ის იქნებოდა, თუ ჩვენ, ბერები, იმ ნივთებს კი არ გამოვიყენებთ, რომელსაც დღევანდელი ადამიანები ყრიან, არამედ იმას, ძველი დროის ადამიანები რომ ყრიდნენ, როგორც უვარგისს. ორი რამ გახსოვდეთ: პირველი - რომ ჩვენ მოვკვდებით და მეორე: რომ აუცილებლად ჩვენი სიკვდილით არ მოვკვდებით. ჩვენ ძალადობით სიკვდილისათვის უნდა ვიყოთ მზად. აი, თუ ეს ორი რამ გამუდმებით გემახსოვრებათ, მაშინ ყველა დანარჩენი საქმეც კარგად წავა - როგორც სულიერთან მიმართებაში, ისე ნებისმიერ რამეში. ყველაფერი თავისი რიგით წარიმართება.

 

გაჭირვება ძალიან ეხმარება ადამიანებს

- წმიდაო მამაო, ასე რატომ იტანჯებიან დღეს ადამიანები?

- იმიტომ, რომ შრომას გაურბიან, კომფორტი - აი, რას მოაქვს მათთვის ავადმყოფობა და ტანჯვა. ჩვენს დროში კომფორტმა გამოატვინა ადამიანები. უნდილობამ, ნებივრობამ სხვადასხვაგვარი სნეულებები მოიტანა. როგორ იტანჯებოდნენ უწინ ადამიანები პურის ლეწვაზე! რა მძიმე შრომა იყო ეს და პურიც რა ტკბილი ჰქონდათ მაშინ! განა სადმე გადაგდებულ პურის ნატეხს ნახავდით?! როცა დაინახავდნენ ძირს დაგდებულ პურის ნატესს, ხალხი იღებდა და კოცნიდა მას. ისინი, ვინც ოკუპაციის წლები გამოიარა, გადაყრილ პურის ნამცეცებსაც კი მოწიწებით იღებენ და გვერდზე გადადებენ. ხოლო სხვები ისე ყრიან პურს!.. მათ არ ესმით, რა ფასად მოიპოვება იგი. პურს არავინ აფასებს, სანარცხე ორმოში მთელ-მთელ ნაჭრებს ყრიან. ღმერთი თავის კურთხევას ანიჭებს ადამიანებს, მათი უმრავლესობა კი იმასაც არ იტყვის: „დიდება შენდა, ღმერთო“. დღეს ადამიანებისათვის ყველაფერია მისაწვდომი - უშრომლად, ადვილად.

გაჭირვება ძალიან ესმარება ადამიანებს, როცა რაღაცის ნაკლებობას განიცდიან, რაღაც მოაკლდებათ, ხალხი უკვე შეიცნობს ხოლმე იმის ფასს, რაც დაკარგა. ხოლო ისინი, ვინც შეგნებულად, სიმდაბლით მოიკლებს რაიმეს - ქრისტეს სიყვარულისათვის, სულიერ სიხარულს განიცდის. თუ ვინმე ასეთ რამეს იტყვის: „ესა და ეს კაცი ავად არის და ამიტომ მე დღეს წყალს არ დავლევ, იმიტომ. რომ ღმერთმა იცის, სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია!“ თუ ადამიანი აღასრულებს ამას, ღმერთი დაარწყულებს მას უკვე არა წყლით, არამედ ტკბილი, გამაგრილებელი სასმელით - საღმრთო ნუგეშინისცემით.

გატანჯული ადამიანები ღრმა მადლიერებით აღივსებიან ხოლმე, თუ მათ თუნდაც ყველაზე უბრალო დახმარებას აღმოუჩენენ. მაგრამ მდიდარი მშობლების განებივრებული პირმშო კმაყოფილებას არასოდეს განიცდის - თუნდაც დედამ და მამამ მისი ყველა ახირება შეასრულონ. ასეთ ბავშვს შეიძლება, ყველაფერი ჰქონდეს და მაინც გაწამებული იყოს, აქეთ-იქით აწყდებოდეს, ჭირვეულობდეს. მაშინ, როცა ბევრი საბრალო ბავშვი, ძალიან დიდ მადლიერებას იგრძნობს, სულ უმნიშვნელო დახმარებას თუ გაუწევ. თუ რომელიმე კეთილი ადამიანი ათენში მგზავრობის ფულს გადაუხდის, როგორ მადლობას სწირავენ მას, ქრისტეს! ხოლო ბევრი მდიდარი ბავშვი ხშირად ამბობს: „ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რატომ გვაქვს ყველაფერი?“ არაფერი აკლიათ და იმის მაგიერ, რომ მადლიერება იგრძნონ ღვთისადმი და ღარიბებს დაეხმარონ, ისინი წუწუნებენ კიდეც. ეს უდიდესი უმადურობაა. არაფერი მატერიალური არ აკლიათ და ამიტომ სიცარიელეს გრძნობენ. მშობლები ყველაფერს მზამზარეულად აძლევენ შვილებს და ამიტომ ისინი მათ წინააღმდეგ აღსდგებიან ხოლმე, სახლიდან ერთი ზურგჩანთით გარბიან და ქვეყანაზე დაყიალობენ. ამის გარდა მშობლები ფულსაც კი აძლევენ მათ, რომ სახლში დარეკონ და თავისი ამბავი შეატყობინონ, მათ კი ფეხზე ჰკიდიათ მშობლების თხოვნა. შემდეგ მშობლები მათ ძებნას იწყებენ. ერთ ყმაწვილს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ არაფერი ახარებდა. და აი, იმისთვის, რომ წვალება გამოევლო, სახლიდან წავიდა, სადგურებში ათენებდა, არადა კარგი ოჯახიდან იყო. მას რომ სამუშაო ჰქონოდა და პურის ფული ოფლით მოეპოვებინა, მის შრომას აზრი ექნებოდა, ხოლო თვითონ უფრო მეტ სიმშვიდეს იგრძნობდა და ღმერთს ადიდებდა.

დღეს ადამიანების უმრავლესობა გაჭირვებას არ განიცდის, სწორედ ამიტომ არა აქვთ ღვთისმოსაობა. თუ კაცი თვითონ არ შრომობს, ვერც სხვის შრომას დააფასებს. მაგალითად, შვედები ყველაფერს, რაც არსებობისთვისაა საჭირო, სახელმწიფოსაგან იღებენ, ამიტომ აღარ ირჯებიან და უსაქმურობისაგან გზებზე დაყიალობენ. მთელი მათი შრომა ჰაერზე ყოფნაა, ისინი შინაგან სიმშვიდეს ვერ პოულობენ, იმიტომ, რომ სულიერ რელსებს ასცდნენ. ისინი უმიზნოდ მიჰყვებიან ცხოვრებას ისე, როგორც ღერძიდან მომძვრალი ბორბალი მიგორავს უმიზნოდ, სანამ უფსკრულში არ ჩავარდება.

 

კარგი პირობები ადამიანების უმაქნისობას უწყობს ხელს

დღეს ადამიანები სილამაზეს ესწრაფიან და სილამაზით იხიბლებიან. ევროპელებისთვის [7] ეს ხელსაყრელია. ისინი ტრიალებენ და ტრიალებენ თავიანთი ქანჩებით, ამზადებენ ახალ-ახალ რაღაცებს - უფრო ლამაზსა და თითქოსდა - პრაქტიკულს - რომ ადამიანებს ხელის გაწვდენაც კი აღარ დასჭირდეთ. უწინ, ძველებური ინსტრუმენტებით მუშაობისას, ადამიანები თვითონაც კაჟდებოდნენ, დღევანდელი მექანიზმებითა და სხვადასხვაგვარი ხელსაწყოებით მუშაობის შემდეგ კი საჭიროა ფიზიოთერაპიასა და მასაჟს მიმართო. მარტო იფიქრეთ! დღეს ექიმები მასაჟებით არიან დაკავებულნი. ხედავთ, დღეს დურგალს რამხელა მუცელი აქვს ჩამოშვებული!? ადრე სად ნახავდი ღიპიან დურგალს! დურგალს მუცელი როგორ უნდა გაზრდოდა, როცა მთელი დღის განმავლობაში ხის ჭრაში იყო?! როდესაც კარგი პირობები უსაზღვროდ მრავლდება, ადამიანი სრულიად უვარგისი ხდება. ის უსაქმურად გადაიქცევა მას შეუძლია, რაღაც ხელით გადააბრუნოს, მაგრამ ამბობს: „არა, ჯობია ღილაკს დავაჭირო თითი და ის თავისით გადაბრუნდება“. თუ ადამიანი სიიოლეს ეჩვევა, მას სურს, რომ ყველაფერი იოლი იყოს. დღევანდელ ადამიანებს სურთ, ცოტა იშრომონ, ფული კი ბევრი მიიღონ. ხოლო თუ ისიც მოხერხდა, რომ საერთოდ არ იშრომეს, ეს უკეთესია! სულიერ ცხოვრებაშიც შემოიჭრა ეს სული - ჩვენც გვსურს უშრომელად განვიწმინდოთ.

ადამიანების უმრავლესობა იმის გამო ავადმყოფობს, ადვილად რომ ცხოვრობს. ომი რომ დაიწყოს, როგორ გადაიტანენ მას განებივრებული ადამიანები? ადრე გამობრძმედილები მაინც იყვნენ და სირთულეების ატანა შეეძლოთ - ბავშვებიც კი. ეხლა კი გამუდმებით ვიტამინები - ბ, ც, დ და ლიმუზინი, „მერსედესი“, ამის გარეშე ადამიანებს ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ავიღოთ რომელიმე სუსტი ბავშვი. ის რომ შრომობდეს, კუნთები ხომ გაუმაგრდებოდა. ბევრი მშობელი მოდის და მთხოვს, მათი შვილებისათვის ვილოცო, ამბობენ, რომ ისინი პარალიზებულნი არიან. სინამდვილეში მათ დამბლა კი არა აქვთ, არამედ - ფეხების სისუსტე, მშობლები კვებავენ და კვებავენ ასეთ ბავშვს, ის კი ზის და ზის. მაგრამ, რაც მეტს ზის, მით მეტად ატროფირდება მისი ფეხები. შემდეგ მშობლები ბავშვს ინვალიდის სავარძელში გადასვამენ, მე კი მთხოვენ: „ილოცეთ, ჩემი ბავშვი დამბლადაცემულია“. სინამდვილეში კი ვინ არის დამბლადაცემული? მშობლები თუ შვილები? ასეთ მშობლებს ვურჩევდი, რომ შვილები მსუბუქად კვებონ, რომ არ გადაიტვირთონ და ცოტ-ცოტა ფეხზეც ატარონ. ასეთი ბავშვები თანდათანობით იკელებენ წონაში, მათი მოძრაობა უფრო ბუნებრივი ხდება, მერე კი დაინახავ, რომ ფეხბურსაც თამაშობენ. ხოლო ნამდვილად დამბლადაცემულ ბავშვებს, რომელსაც ადამიანი ვერ დაეხმარება, ღმერთი უშველის. კონიცაში ერთი მოუსვენარი ბიჭი ნაღმზე აფეთქდა, ფეხი ისე უტრიალდებოდა, რომ მის გასწორებას ვერ ახერხებდა, თუმცა ამ მარცხმა იგი სულაც არ დააწყნარა, მოუსვენრობისაგან ის ყოველთვის მოძრაობდა ამ დაზიანებული ფეხით, ბოლოს მყესები აუმუშავდა და ფეხი მთლიანად გაუჯანსაღდა, შემდეგ იგი ზერვასის [8] რაზმშიც კი პარტიზანობდა.

მეც, როდესაც ფეხი იშიასმა [9] მომიღუნა, ნელ-ნელა დავდიოდი, სკვნილზე ვლოცულობდი და ფეხი გამიმაგრდა. ხშირად მოძრაობას სიკეთე მოაქვს. თუ ავად გავხდი და ორ-სამ დღეში ვერ გამოვკეთდი ისე, რომ განძრევა მაინც მოვახერხო, ღმერთს ვთხოვ: „ღმერთო, მომეხმარე, რომ ცოტა წამოვიწიო და გადაადგილება შევძლო, მერე კი მე თვითონ როგორღაც ავდგები და ადგილიდან დავიძვრები. წავალ და შეშას დავამზადებ“. თუ წოლას გავნაგრძობ, უარესად ვხდები. ამიტომ ძალას ვიკრებ და გაციებულიც რომ ვიყო, თავს ვაიძულებ ავდგე და შეშის დასამზადებლად წავიდე. თბილად ვითბუნები, ოფლი მომდის და გაციება გამივლის ხოლმე. შეიძლება იფიქროთ, რომ მე არ ვიცი საწოლში წოლა რომ მეტად მშვიდობიანი რამ არის, მაგრამ თავს ვაიძულებ ავდგე და სადმე წავიდე. ხალხს რომ ვიღებ და ვზივარ, წინასწარ ვიცი, რომ მთელი სხეული უნდა დამიბუჟდეს. რა თქმა უნდა, შემიძლია, რომ ზურგი რაიმე ხალიჩას მივაყრდნო, მაგრამ მაშინ სხვებსაც იგივე უნდა შევთავაზო, ამდენ ხალიჩას კი საიდან მოვიტან?! ამიტომ ღამღამობით მთელი საათის განმავლობაში მიმოვდივარ და ვლოცულობ. შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე ვჭიმავ ფეხებს, რომ სისხლი ამოძრავდეს - აქაც პრობლემები მაქვს. თუ საკუთარ თავს არ მივხედე, სხვების მოსავლელი გავხდები, როცა ეხლა პირიქითაა - მე ვემსახურები ხალხს. გასაგებია თქვენთვის? ამიტომ ადამიანს არ უნდა ახარებდეს ლოგინში წოლა. ეს მას სარგებლობას არ მოუტანს.

- წმიდაო მამაო, დასვენება და კარგი პირობები ნებისმიერ შემთხვევაში მავნებელია ადამიანისათვის?

- ზოგჯერ საჭიროა. ვთქვათ, რაიმე გტკივა, მერხზე კი ნუ დაჯდები, არამედ რაიმე უფრო რბილზე. მაგრამ რბილი ეს „ხავერდს“ კი არ ნიშნავს, რაიმე უბრალო ჩვარი დადე, თუ ვაჟკაცობა გეყოფა, ნურც ნურაფერს დაიდებ.

- წმიდაო მამაო, არიან ადამიანები, რომლებსაც „ბებერ ძვლებს“ ეძახიან.

- კი, არიან ასეთი ადამიანები. ათონზე ჩემი სენაკის სიახლოვეს ერთი კვიპრელი ბერი ცხოვრობს - ამბა იოსები, წარმოშობით კარპასიდან [10], 106 წლისაა [11], საკუთარ თავს კი თვითონვე უვლის. განა დღეს ერში ამგვარ რამეს შეხვდები? ზოგიერთ დღევანდელ პენსიონერს სიარულიც არ შეუძლია. ფეხები დაუძლურებული აქვთ. ისინი თვითონაც ქონით არიან სავსეები და სრულიად უვარგისები. ისინი რომ რამე საქმით იყვნენ დაკავებულნი, უდიდეს სარგებელს მიიღებდნენ. მოხდა, რომ ამბა იოსები ვატოპედის მონასტერში წაიყვანეს, ყველაფერი დაურეცხეს, ზრუნვით აავსეს, ის კი ამბობს: „როგორც კი მოვედი, ავად გავხდი და ეს ყველაფერი ამის გამო“. რაღას იზამდნენ - წამოიყვანეს უკან. ერთხელ მოხდა ისე, რომ ვინახულე იგი. ვეუბნები: „ამბა, გავიგე, რომ მონასტერში გადასახლებულხარ“. „კი, - მიპასუხა მან, - იყო ასე, მანქანით მოვიდნენ, წამიყვანეს ვატოპედში, დამბანეს, გამასუფთავეს, მივლიდნენ, მე კი ავად გავხდი და ვუთხარი: „უკან წამიყვანეთ“. დაბრუნებაც ვერ მოვასწარი, რომ გამოვჯანმრთელდი! თვითონ ვერ ხედავს, მაგრამ სკვნილს წნავს! ერთხელ ცოტაოდენი ვერმიშელი მივუტანე, ის განაწყენდა კიდეც: „განა ჭლექით დაავადებული ვგონივარ მამა პაისის, რომ ვერმიშელს მიგზავნის?“ წარმოიდგინეთ - ჭამს ლობიოს, პარკოსნებს - ისეთი ჯანმრთელია, როგორც ახალგაზრდა კაცი. ორ ჯოხზე დაყრდნობილი დადის, ამავე დროს ახერხებს, რომ ფხალი შეაგროვოს, რომელსაც ხარშავს და ჭამს: ბოსტანში ხახვს რგავს! ტანსაცმლის გასარეცხად და თავის დასაბანად წყალი თვითონ მოაქვს. ამის გარდა თვითონვე ასრულებს ღვთისმსახურებას, თვითონ კითხულობს ფსალმუნს, ასრულებს მონაზვნის კანონს, ლოცულობს იესოს ლოცვას, ორი ხურო დაიქირავა ჭერის დასახურად და კიბეზე თვითონვე ავიდა, რომ ენახა, როგორ მუშაობღნენ. - „ძირს ჩადი“. - ეუბნებიან ხელოსნები. „- არა, უნდა ამოვიდე და შევხედო, როგორ ხურავთ“. - პასუხობს ის. რა თქმა უნდა, ძალიან იტანჯება. მაგრამ იცი, როგორ სიხარულს განიცდის? მისი გული ისე უსტვენს, როგორც ჩიტი. სხვა ბერები ჩუმად იღებენ მის ტანსაცმელს და ურეცხავენ. ერთხელ ვკითხე: „რას უშვრები შენს ტანსაცმელს?“ - „ხშირად ჩემგან მალულად მიაქვთ ისინი გასარეცხად, - მიპასუხა მან - მაგრამ მე თვითონაც ვრეცხავ. ჩავდებ ვარცლში, წყალს დავასხამ და შემდეგ ზემოდან „კლინს“ [12] დავაყრი, რამდენიმე დღეში ისეთია, რომ - მშვენიერი“! ხედავ როგორი მინდობაა ღმერთზე! სხვებს ყველაფერი აქვთ, რასაც ისურვებს მათი სული, მაგრამ ამასთან - შიში და მისი მსგავსი. ის კი მზრუნველობამ ავად გახადა, მაგრამ, როგორც კი თავი დაანებეს - გამოჯანმრთელდა.

ადვილი ცხოვრება ადამიანს სიკეთეს არ მოუტანს. კომფორტი ბერისათვის არ არის. უდაბნოში მას უბედურება მოაქვს. შენ შეიძლება, ძველ ცხოვრებაში განებივრებული იყავი, მაგრამ თუ ჯანმრთელი ხარ, თავი უნდა გამოაწრთო, სხვანიარად ბერი არა ხარ.

 


[1] - ამ თავის შინაარსის გაცნობა შესაძლებლობას მოგცემთ სრულად განიცადოთ მოღვაწეობრივი სულის ის მაღალი ხარისხი, რომელსაც თვით მამა პაისი ფლობდა. ასევე მისი შეშფოთება იმის გამო, რომ ასკეტური სული მთელი მონაზვნობისა შეიძლება, გარკვეულ ცვლილებებს დაემორჩილოს. ბერი კულტურის მოწინააღმდეგედ არ გვევლინება, მაგრამ სურს, ხაზი გაუსვას იმას, რომ კულტურამ კი არ უნდა მართოს ადამიანი, არამედ ადამიანმა - კულტურა. ბერს მიაჩნია, რომ მონაზვნობის თავისებურება ისაა, რომ მთლიანად არ დაემორჩილოს ტექნიკურ რევოლუციას და მის მოთხოვნებს, რათა შეძლოს, საკუთარი ძალები სულიერი ბრძოლისათვის შემოინახოს და მისკენ მიმართოს.

[2] - 1962-1964 წწ.

[3] - დღეს ადმინისტრაციულად ეგვიპტეს ეკუთვნის, მაშინ კი ისრაელი აკონტროლებდა.

[4] -  ნავთის ლამპა - ძალიან მკვეთრი შუქით.

[5] - ღირსი არსენი დიდი რომში დაიბადა 354 წ. ის იყო „მამა მეფეთა“, იმპერატორმა თეოდოსიმ ორი შვილი გააზრდევინა. 394 წ. განმარტოვდა ეგვიპტის უდაბნოში, დიდი ასკეტიზმით გამოირჩეოდა.

[6] - (+1000). დიდი ლავრის დამაარსებელი ათონზე. წმიდა მთის თანაცხოვრებულთა მონასტრის ფუძემდებელი. სასწაულებს აღასრულებდა.

[7] - როცა ევროპაზე და დასავლეთზე ლაპარაკობს, ბერი ამერიკასაც გულისხმობს. სურს, ამხილოს იქ გაბატონებული უღმერთობა და რაციონალიზმი.

[8] - ნაპოლეონ ზერვასი (1891-1957) ანტიფაშისტური მოძრაობის ლიდერი, რომელიც ეპირში და საბერძნეთის ზოგიერთ სხვა ოლქში მოქმედებდა.

[9] - საჯდომი ნერვის ანთება.

[10] - ქალაქი კვიპროსში.

[11] - 1990 წლის ნოემბერში.

[12] - ამბა იოსები გულისხმობს სარეცხ ფხვნილს.