† ბერი პაისი ათონელი
ნაწილი მეორე - თანამედროვე კულტურის შესახებ

თავი პირველი
ღვთის სიბრძნისა და გარემოს შესახებ

„ყოველივე სიბრძნით ჰქმენ...“ [1]

- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ მერცხლების ბუდეები მოვშალოთ? ყველაფერს აბინძურებენ და ჭუჭყს აგროვებენ.

- შენ თუ შეგიძლია, გააკეთო მერცხლის თუნდაც ერთი ბუდე? ოჰ, რა მშვენიერება შექმნა უფალმა თავისი მხოლოდ ერთი სიტყვით! რა ჰარმონია, რა მრავალფეროვნება! საითაც არ უნდა გაიხედო, ღვთის სიბრძნესა და დიდებულებას დაინახავ. - შეხედე ზეციურ მნათობებს, ვარსკვლავებს... - რა უბრალოებით გააბნია ისინი ღვთის ხელმა! ხელსაწყოები, რომლითაც ოსტატები სარგებლობენ, მას არ დასჭირვებია. როგორ ისვენებს ადამიანი, როცა ვარსკვლავიან ცას უცქირს! მაშინ, როცა ლამპიონების მწყობრი რიგის ცქერაში ძალიან იღლება. რა ჰარმონიით მოაწყო ყველაფერი ღმერთმა! შეხედე ადამიანის მიერ გაშენებულ ტყეს. ხეები საჯარისო რიგებივით დგანან - როგორც ჯარისკაცები ასეულში. და ამავე დროს, როგორ აღადგენს ადამიანის ძალებს არა ხელოვნური, არამედ - ნამდვილი ტყე! ერთი ხე უფრო დიდია, მეორე - პატარა, თითოეული ერთმანეთისგან განსხვავებულია - თვით ყვავილებიც კი. ერთი პაწაწინა ბუნებრივი ყვავილი უფრო მშვენიერია, ვიდრე ქაღალდის ყვავილების მთელი თაიგული. ისინი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც სული - პოლიეთილენისგან [2].

საოცარია ყველაფერი, რაც ღმერთს შეუქმნია. ავიღოთ ადამიანის ორგანიზმი. ეს ხომ მთელი საწარმოა. ღმერთმა სიბრძნით დააწესა თითოეული ორგანოს მდებარეობა - გულის, ღვიძლის, ფილტვების... და მცენარეები?! რა სიბრძნით განალაგა ისინი. ოკუპაციის დროს [3] ხუთი სტრემა [4] ნესვი დავთესეთ და ვრწყავდით მათ. რატომღაც ვიფიქრე, უკეთესი იქნება-მეთქი და გავასუფთავე ნესვები, მოვჭერი დიდი ფოთლები, რომლებიც ფესვების ირგვლივ იყო განლაგებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფოთლები ერთგვარი „ფილტრები“ იყო, ანუ თირკმელები და მთელი სიმწარე მათში იყრიდა თავს, ოჰ, რა ნესვები გვქონდა მაშინ! ენები დავიწვით!..

- წმიდაო მამაო, თქვენ ყველაფერს ამჩნევთ!..

- დიახ, მე ყველაფერში ღმერთს ვხედავ!.. მცენარეებში, ცხოველებში, ყველაფერში... და როგორ არ გაგიკვირდეს! პატარა ჩიტუნია სამოგზაუროდ მიდის, აფრიკამდე აღწევს, შემდეგ - უკომპასოდ ბრუნდება უკან და თავის ბუდეს აგნებს! ხოლო ადამიანები, რუკები და გზამკვლევები რომ აქვთ - გზას კარგავენ. თანაც ჩიტები ცაში მოგზაურობენ და არა მიწაზე, ანუ კვალს ვერ ტოვებენ. ისინი მაღლა, ზღვების თავზე დაფრენენ, იქ კვალს როგორ დატოვებ?! არიან პატარა ჩიტები, რომლებიც წეროების ზურგით მგზავრობენ - როგორც ჩვენ - თვითმფრინავებით! ნამდვილი ავიამოგზაურები არიან. ზღვის თავზე ფრენისას ჩიტები რომელიმე კუნძულზე ისვენებენ. ერთხელ პატიოსანი ჯვრის სენაკში რომ ვცხოვრობდი, დავინახე, რომ აღმოსავლეთიდან ბეღურის მსგავსი ჩიტები მოფრინავდნენ, მაგრამ უფრო დიდები და ლამაზები იყვნენ. ეს იყო მთელი გუნდი. და აი, ოთხ-ხუთ ჩიტს, აშკარა იყო, ძალა მთლად გამოლეოდა და ფრენა აღარ შეეძლო. მაშინ გუნდს კიდევ დაახლოებით თხუთმეტი ჩიტი მოსწყდა და როცა სხვებმა ფრენა განაგრძეს, ისინი დაღლილ ჩიტებთან ერთად ჩამოსხდნენ ხეზე, ცოტა ხანს ისვენებდნენ, მერე ყველა ერთად აიჭრა ცაში და გაფრინდნენ. პირველ რიგში ისინი ძალიან მაღლა ავიდნენ, რომ ორიენტაცია აღედგინათ და დანარჩენებს დაწეოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდმა დაღლილი ჩიტები მარტოდ არ მიატოვა, არამედ თხუთმეტი ამხანაგი მიუჩინა, რომ მათზე ეზრუნათ. რა ლამაზად შექმნა ყოველივე ღმერთმა! აბა, შეხედეთ კნუტებს. რა ჭრელები არიან ისინი. რა ლამაზი ქურქები აქვთ. ჩვენ ადამიანებს, ალბათ, უნდა გვშურდეს ცხოველების სამოსი, ასეთი ქურქი დედოფალსაც კი არ უტარებია! საითაც არ უნდა შებრუნდე, ყველგან ღვთის სიბრძნეს დაინახავ. და რა მშვენიერება იყო წინათ, როცა ბუნებრივი იყო ყველაფერი! აი, მამალი, ის ხომ ამინდის მიუხედავად ყივის. დგას ცალ ფეხზე და როგორც კი დაუბუჟდება, შესძახებს: „ყიყლიყო!..“ „გაიარა ამდენმა და ამდენმა საათმა“ - ამბობს. მერე მეორე ფეხზე დგება და როცა ისიც დაბუჟდება: კვლავ იტვის: „ყიყლიყო!..“ ის ყივის შუაღამისას, დილის სამ და ექვს საათზე. შეუცვლელად - ყოველ სამ საათში ერთხელ. მამალს ხომ არც მაღვიძარა აქვს, არც ბატარეა და არც მისი მომართვაა საჭირო.

ყველაფერი, რასაც ხედავთ და გესმით, ღმერთთან კავშირისათვის გამოიყენეთ. ყველაფერს ზეცისკენ უნდა აყავდეთ. ამგვარად ადამიანი ქმნილებიდან გამუდმებით შემოქმედისკენ უნდა ისწრაფოდეს. როდესაც ამერიკელები მთვარეზე ჩაფრინდნენ, იქ ის მაინც გააკეთეს, რომ იქ დატოვეს ფირფიტა წარწერით: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“ [5]. რუსებიც გაფრინდნენ კოსმოსში, მაგრამ გაგარინმა თქვა, რომ მას ღმერთი არ უნახავს. მართალიცაა, როგორ ნახავდი მას იქ? შენ ხომ ღვთისკენ ზეაპყრობილი ხელებით არ გაფრენილხარ, არამედ - მაღლა აწეული ფეხებით... და შემდეგ ყოველივე ამას იქამდე მიჰყავს, რომ ამბობენ „სამყარო ბუნებამ შექმნა...“ მთელი სამყარო - როგორ? სადღაც რომ ძველი მანქანა მოიშლება, მექანიკოსების და სპეციალისტების მთელი გუნდი გროვდება, რომ შეაკეთონ. ფიქრობენ, ცდილობენ. ეს - რაღაცა ძველი მანქანის გამო, მაშინ, როცა ღმერთი ყოველგვარა ელექტრობის გარეშე აბრუნებს დედამიწის სფეროს და არც ბატარეა თავდება და არც ძრავა ჩერდება. რა სისწრაფით აბრუნებს მას და ადამიანი ამას ვერც კი გრძნობს! საშინელი საქმეა! დედამიწა რომ ნაკლები სისწრაფით ბრუნავდეს, ადამიანი ყირამალა გადავიდოდა. მიწა ასეთი სისწრაფით ტრიალებს და მიუხედავად ამისა წყალი ზღვებიდან არ იღვრება, ასევე ვარსკვლავები... - ასეთი უზარმაზარნი... თავბრუდამხვევი სისწრაფით ბრუნავენ, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთს არ ეხებიან. შორიდან არ უშვებენ სხვა ვარსკვლავებს თავისთან. ხოლო ადამიანი, რომელმაც რაღაც თვითმფრინავი შექმნა თავისთვის, ამაყობს და თავს იწონებს. მაგრამ საკმარისია, ცოტათი შეეცვალოს გონებაში რაიმე და ისეთი სისულელეების კეთებას იწყებს, რომ თვითონაც ვერ ამჩნევს.

 

რისი მიღწევა შეძლეს დღეისათვის ადამიანებმა

კულტურა - ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა, თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული. სხვაგვარად კულტურა კატასტროფით დასრულდება. „ბოროტება განათლებული ადამიანებისაგან მოდის“, [6] - თქვა წმ. კოსმა ეთოლიკიელმა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება შორს წავიდა და ამდენ დიდ წარმატებას მიაღწია, ადამიანები, რომლებიც სამყაროს დახმარებას ესწრაფიან, ამას ისე აკეთებენ, რომ ანგრევენ მას, ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებიან. ღმერთმა ადამიანს ნება მისცა, ყველაფერი თავისი გონებით გაეკეთებინა, მაგრამ, როცა ღმერთს არ უსმენს, ადამიანი ღუპავს საკუთარ თავს. ადამიანი თავს ინადგურებს იმით, რასაც თვითონვე ქმნის.

XX საუკუნის ადამიანები... რას არ მიაღწიეს მათ კულტურით და ცივილიზაციით. მათ სამყარო ჭკუიდან გადაიყვანეს, მათ დაანაგვიანეს ატმოსფერო, მათ ყველაფერი გააფუჭეს ამქვეყნად. ბორბალი თუ ღერძიდან მოშორდა, გზას უმიზნოდ გააგრძელებს. ასევე ღვთის ჰარმონიის ღერძს მოწყვეტილი ადამიანები საშინლად იტანჯებიან. ადრე ადამიანებს ომი სტანჯავდათ, დღეს მათ ცივილიზაცია სტანჯავთ. მაშინ ომის გამო ხალხი ქალაქიდან სოფლებში სახლდებოდა და პატარ-პატარა ბოსტნები ჰქონდათ. დღეს კი ადამიანებს ცივილიზაციის შემოტევის გამო აღარ სურთ ქალაქებში ცხოვრება. მაშინ ომს მათთვის სიკვდილი მოჰქონდა, დღეს კი ცივილიზაციას - ავადმყოფობა მოაქვს.

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ კიბო ასე გავრცელებულია?

- ჩერნობილმა და ამის მსგავმა რაღაცეებმა, ფიქრობ, რომ უკვალოდ ჩაიარა? იქიდან მოდის ყველაფერი. აი, შენი ადამიანები! - ეს ყველაფერი მათი ნაყოფია. ხალხი საშინლად დამახინჯებულია... რომელ ეპოქაში იყო ამდენი ავადმყოფი? უწინ ადამიანები ასეთები არ იყვნენ. ეხლა კი, რომელი წერილიც არ უნდა გავხსნა იქიდან, მე რომ მიგზავნიან, ან კიბოზე ლაპარაკობენ, ან სულიერ ავადმყოფობაზე, ან ინსულტზე, ან ოჯახის დანგრევაზე. ადრე კიბო იშვიათობა იყო. ცხოვრება ხომ ბუნებრივი იყო. იმაზე, თუ რა დაუშვა ღმერთმა, ეხლა საუბარი არ არის. ადამიანი ბუნებრივ საკვებს იღებდა და მაინც ჯანმრთელობა ჰქონდა მოშლილი. ყველაფერი სუფთა იყო: ხილი, ხახვი, პომიდორი. ეხლა კი ბუნებრივი საკვებიც კი ვნებს კაცს. ვინც მარტო ხილით და ბოსტნეულით იკვებება, კიდევ უფრო ავადდება, იმიტომ, რომ ყველაფერი უსუფთაოა, ადრეც რომ ასე ყოფილიყო, მე ახალგაზრდა მოვკვდებოდი, იმიტომ, რომ მონაზვნობაში მხოლოდ იმით ვიკვებებოდი, რასაც ბოსტანი მაძლევდა: ხახვის პრასით, ღორის ქადით [7], ჩვეულებრივი ხახვით, კომბოსტოთი და ამის მსგავსი რაღაცებით და თავს მშვენივრად ვგრძნობდი, ეხლა კი სასუქს აყრიან, ასხურებენ... წარმოიდგინე, რით იკვებებიან თანამედროვე ადამიანები! სულიერი შფოთი, საკვები სუროგატები - ყოველივე ამას ადამიანისათვის ავადმყოფობა მოაქვს. მეცნიერებას ყოველგვარი განსჯის გარეშე იღებენ და ადამიანები ამგვარად ინადგურებენ თავს.

- წმიდაო მამაო, რატომ იტანდნენ ადამიანები შრომას უფრო მეტად და რატომ იყვნენ ფიზიკურად უფრო გამძლენი, ვიდრე ჩვენ. საკვებს აქვს მნიშვნელობა?

- დიახ, მაშინ ხომ საკვები პროდუქტები სუფთა იყო. ჩემი აზრით, ამას განმარტებაც არ სჭირდება. ყველაფერი, რითაც იკვებებოდნენ, მოწეული იყო. ეხლა კი იმისთვის, რომ ხილი და ბოსტნეული არ დალპეს, მათ შემოსვლამდე კრეფენ და მაცივრებში აწყობენ. ხიდან უმწიფარ ნაყოფს კრეფენ და ყუთებში ინახავენ: რომ იქ დამწიფდეს. ადრე ნაყოფი რომ შემოვიდოდა, ხიდან ან თვითონ ვარდებოდა, ან ხელის უბრალო მიკარებაზე წყდებოდა. ბავშვები პურს ნაღების კარაქთან ან რძესთან ერთად ჭამდნენ და ეს მათ ჯანმრთელობას ანიჭებდა. მაგრამ ადამიანები, იმის გარდა, რომ კარგი საკვებით იკვებებოდნენ, ტვინსაც ანძრევდნენ და როცა ავად გახდებოდნენ, იცოდნენ, საჭმელის გამო იყო ეს, თუ სხვა რამ მიზეზით. ეხლა კი საჭმელი ნატურალური არ არის და არც ტვინის განძრევა შეუძლიათ.

რამდენ ხალტურას აკეთებს ეხლა ადამიანი! შალი ნელ-ნელა წარმოებიდან ამოიღეს. შალის მაისურის პოვნა, ოფლი რომ მოიდინო, მთელი პრობლემაა. მაისურს რომ ვიცვამ, მაშინვე ვგრძნობ, მასში სინთეტიკა თუ ურევია. თუ არის - სუნთქვა არ შემიძლია, ვიღრჩობი. და წარმოუდგენლად ვიტანჯები. ხომ ითვლება, რომ ასეთი მაისურები უფრო მტკიცეა, ვიდრე ნატურალური. ეს პროგრესად მიაჩნიათ! მაგრამ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ისინი? არა!.. ასეთი ნივთების დამზადებით ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას ვნებენ. ეტიკეტსაც მიაკრავენ: „დამზადებულია სუფთა შალისაგან“. დიახ, როგორ არა, რეკლამის მიზნით რას არ იტყვიან! ცხვრები დღეს მხოლოდ ხორცისთვის გვინდა, რადგან შალს ნავთისაგან ვაკეთებთ. ხოლო აბრეშუმის ჭიები ამბობენ: „მაშ, რადგან ჩვენზე უკეთესი ძაფი გინდათ, თქვენ თვითონ გააკეთეთ“.

 

ადამიანებმა მოთმინება დაკარგეს

- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ მოთმინება არ გვყოფნის?

- ის, რაც დღეს ხდება, ხალხს სიკეთეს არ მოუტანს. ადრე ცხოვრებაც მშვიდობიანი იყო და დამშვიდებული. ადამიანებიც უფრო ამტანები იყვნენ, მოთმინება შეეძლოთ. დღეს ქვეყნად შემოსულმა ამ სიჩქარემ ადამიანები მოუთმენელნი გახადა. ადრე ადამიანმა იცოდა, რომ პომიდორი ივნისის ბოლოს შემოვიდოდა. აზრადაც არ მოსდიოდა, რომ პომიდორი დროზე ადრე ეჭამა. ადამიანები აგვისტოს ელოდნენ, რომ საზამრთო ეჭამათ, იცოდნენ, როდის დადგებოდა ლეღვის დრო, როდის - ნესვის. ეხლა კი, რა ხდება? ვაჭრები ეგვიპტეში მიდიან და იქ დროზე ადრე ყიდულობენ პომიდორს, თუმცა ჯერ პომიდორი შემოსული არ არის. საბერძნეთში არის ფორთოხლები - იმავე ვიტამინებით. ჩემო ძმაო, ცოტა მოითმინე და მანამდე სხვა რაღაც ჭამე! არა! რაც არ უნდა დაუჯდეთ, ეგვიპტეში წავლენ და პომიდორს ჩამოიტანენ. კრეტაზე უყურეს, უყურეს ამ საქმეს და ააშენეს სათბურები, რომ პომიდორი მათთანაც ადრე შემოსულიყო. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ სათბურები მთელ საბერძნეთს მოედო, რათა პომიდორი ზამთარშიც ჭამონ. კვდებიან და ყველანაირი ბოსტნეულისთვის აშენებენ სათბურებს, რომ წლის ნებისმიერ დროს მაგიდაზე იყოს ყველაფერი, რასაც ინატრებენ და შესაფერის დროს არ დაელოდონ.

ესეც იკმარებდა, მაგრამ საქმე უფრო შორს წავიდა. გუშინ პომიდორი მწვანე იყო, დილით კი მაღაზიაში უკვე წითელი, ხორციანი შეაქვთ. ერთ მინისტრს „ორი ტკბილი სიტყვა“ ვუთხარი კიდეც ამასთან დაკავშირებით: „სათბურებს კიდევ რა უჭირს, მაგრამ ხილს, პომიდორს, ბოსტნეულს ჰორმონებით ამწიფებენ! ნაყოფი ერთ ღამეში შემოდის, მაგრამ იმ საცოდავებს, ვისაც ჰორმონალური პრეპარატების მიმართ მაღალი მგრძნობელობა აქვთ, ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ?! დაე, დაავადმყოფდნენ?!“ ცხოველებიც აღარაფრად ვარგანან. გინდა ქათამი აიღე, გინდა - წიწილა. ორმოცდღიან წიწილს ჰორმონებით ტენიან და ექვსთვიანის წონას აძლევენ. ადამიანი მის ხორცს ჭამს. რა სიკეთეს მოიტანს ეს?! ძროხებმა რომ მეტი რძე მოიწველონ, მათაც ჰორმონებს აძლევენ. ძროხები იწველებიან, მაგრამ მწარმოებლები შემდეგ ამ რძეს ვეღარ ყიდიან. იწყება გაფიცვები, რძის ფასი ეცემა, მას ქუჩაში ღვრიან, ადამიანები კი ჰორმონებით გატენილ რძეს სვამენ. ყველაფერი კი ისე რომ დაეტოვებინათ, როგორც ღმერთმა განაგო, ყოველივე თავისი წესით მოეწყობოდა და ხალხიც სუფთა რძეს დალევდა! ამასთან ერთად ამ ინექციების გამო ყველაფერი გაუგემურდა. უგემური პროდუქტები, უგემური ადამიანები - ყველაფერმა დაკარგა გემო. თვით ცხოვრებას აღარა აქვს გემო ადამიანებისათვის. ჰკითხე ახალგაზრდას: „რა მოგწონს?“ - „არაფერი“. აი, სადამდე დავიდა ადამიანი. თავისი ხელით სურს, რომ „ღვთის მიერ დაშვებული შეცდომები“ გამოასწოროს. იმისთვის, რომ ქათმებმა კვერცხი დადონ, ღამე დღედ აქციეს, შენ გინახავს ასეთი ქათმების დადებული კვერცხი? ღმერთს რომ მთვარე ისეთივე ბრწყინვალე შეექმნა, როგორიც მზეა, ადამიანები ხომ ჭკუიდან გადავიდოდნენ. ღმერთმა ღამე შექმნა, რომ დაესვენათ ადამიანებს, მაგრამ სადამდე არიან მისულნი ისინი ამჟამად?!

ადამიანებმა სიმშვიდე დაკარგეს. ამ სათბურებმა, ბოსტნეულის ინექციებმა და ამისთანებმა ხალხი მოუთმენლობამდე მიიყვანა. ძველად ადამიანებმა იცოდნენ, რომ ერთი ადგილიდან მეორემდე ფეხით რამდენიმე საათში მივიდოდნენ. თუ ვინმეს უფრო მაგარი ფეხი ჰქონდა, ცოტა უფრო ნაკლები დრო სჭირდებოდა. შემდეგ მოიგონეს ურემი, შემდეგ - ავტომობილი, შემდეგ - თვითმფრინავი და ა.შ. ცდილობენ, ახალი და ახალი იპოვონ, გადაადგილების უფრო სწრაფი საშუალებები. ისეთი თვითმფრინავი მოიგონეს, რომ მისი საშუალებით საფრანგეთიდან ამერიკაში სამ საათში ჩახვალ [8]. მაგრამ თუ კაცი ასეთი სისწრაფით გადაიფრენს ერთი კლიმატური სარტყლიდან მეორეში, კლიმატის ასეთი უეცარი შეცვლა მას აუცილებლად ავნებს. სულ სიჩქარე, სიჩქარე... ნელ-ნელა იქამდე მივა, რომ ადამიანი მფრინავ ჭურვში შევა, შემდეგ გასროლა, ფრენა, დარტყმა, აფეთქება და პუბლიკის თვალწინ გადარეული მოგზაური წარსდგება. აბა, როგორ გგონიათ? აქამდეც მივა. ესაა ნამდვილი სიგიჟე.

 

მთელი ატმოსფერო ვითომდა არაფერიაო,
ისე დააბინძურეს, ძვლებმა კი ხელი შეუშალათ

- წმიდაო მამაო, მოვისმინე, რომ მიცვალებულების დაწვას აპირებენ, როგორც ამბობენ, „ჰიგიენური მოსაზრებით და მიწის მასივების ეკონომიის გამო“.

- ჰიგიენური მოსაზრებით? აბა, ერთი უსმინეთ! და არ რცხვენიათ ამის თქმა?! მთელი ატმოსფერო რომ დააბინძურეს - ეს არაფერია და ძვლები უშლით ხელს?! ნაწილებს ხომ, სხვას თავი რომ დავანებოთ, ბანენ კიდეც, ხოლო რაც შეეხება - „მიწის ეკონომიას“, განა საბერძნეთში - მთელი თავისი ტყეებით - სასაფლაოსთვის ადგილი არ მოიძებნება? უნივერსიტეტის ერთ პროფესორს ვუთხარი „ორი ტკბილი სიტყვა“ ყოველივე ამასთან დაკავშირებით. ასე როგორ შეიძლება! ნაგვისთვის პოულობენ ადგილს და წმინდა ნაწილებისთვის - არა. მიწა, რა, დეფიციტია? რამდენი წმიდა ნაწილი შეიძლება იყოს სასაფლაოებზე?! ამის შესახებ არავინ არ ფიქრობს.

ევროპაში იმიტომ კი არ წვავენ მიცვალებულებს, რომ დასამარხი ადგილი არ არის, არამედ იმიტომ, რომ კრემაცია პროგრესულ საქმედ ითვლება. იმის მაგიერ, რომ რომელიმე ტყე გაკაფონ და მიცვალებულებისთვის ადგილი გამოათავისუფლონ, თვით მათგან ათავისუფლებენ მიწას, როცა წვავენ და ფერფლად აქცევენ მათ, შემდეგ ფერფლს პატარა ყუთში მოათავსებენ და ამას პროგრესად მიიჩნევენ. მიცვალებულებს იმისთვის წვავენ, რომ ნიჰილისტებს ყველაფრის გახრწნა სურთ - ადამანის ჩათვლით. მათ სურთ ისე გააკეთონ, რომ არ დარჩეს არაფერი, რაც ადამიანს მშობლებს და მისი წინაპრების ცხოვრებას გაახსენებს. მათ სურთ, ადამიანები წარსულს მოსწყვიტონ, სურთ, დაავიწყონ იმქვეყნიური ცხოვრება და ამ ცხოვრებაზე მიაჯაჭვონ ისინი.

- იმასაც ამბობენ, წმიდაო მამაო,რომ ათენის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მართლაც დადგა ეს პრობლემა - მიცვალებულების დასამარხი ადგილი არ არის!

- ამდენი ადგილი ცარიელდება, ნუთუ არსად მოინახება ცოტაოდენი მიწა? ათენის გარშემო მთელი უდაბნოებია, ქალაქს რომ ეკუთვნის. მე ვიცნობ ქალაქის ხელმძღვანელობიდან ხალხს, ქალაქგარეთ დიდი მიწები რომ აქვთ. რა, არ შეიძლება, იქ სასაფლაო დაარსდეს?! თანაც, ათენის მოსახლეობის უმრავლესობა ხომ წარმოშობით პროვინციებიდანაა. რატომ არ მიასვენებენ მიცვალებულებს თავის სოფლებსა და ქალაქებში დასაკრძალად? წაიყვანონ და თავის სამშობლოში დაფლან ყველა. იქ, პროვინციაში დაკრძალვას დიდი ხარჯები არ სჭირდება, მხოლოდ ნეშტის გადასატანად დასჭირდებათ გადახდა. გამოაცხადონ, რომ ვინც ბოლო წლებში ჩამოსახლდა ათენში, სიკვდილის შემდეგ დაიმარხოს იქ, საიდანაც წარმოშობით იყო. ასე ხომ უკეთესი იქნებოდა. ხოლო იმ ოჯახებისთვის, ვინც სამ თაობაზე არანაკლებს ქალაქში ცხოვრობს, ადგილი ათენშივე უნდა გამოძებნონ. როცა დაკრძალვიდან სამი წლის შემდეგ ნაწილებს ამოიღებენ მიწიდან, მაშინ კი უფრო ღრმა საერთო სამარხებში შეინახონ ისინი [9]. განა ეს ძნელია? ნახე, რა ღრმად იჭრებიან ადამიანები მიწაში, ნახშირი რომ მოიპოვონ. მაშ ნეშტებისთვისაც გააკეთონ რაიმე დიდი საცავი და იქ ერთად დაფლან.

პატივისცემა სრულიად გამქრალია. შენ მხოლოდ ნახე, რა ხდება! საკუთარ მშობლებს შვილები მოხუცთა სახლებში აბარებენ. ძველად კი დაბერებულ ხარზეც კი ზრუნავდნენ, არ კლავდნენ, ეს ხომ ჩვენი მარჩენალი იყოო. მიცვალებულებს კი როგორ პატივს სცემდნენ!.. მახსოვს ომი: რა რისკზე მივდიოდით, რომ მოკლულები დაგვემარხა! მღვდელი, ცხადია, მოვალე იყო, წასულიყო, მაგრამ ჯარისკაცებიც მასთან ერთად მიდიოდნენ და მოკლული მეგობრების გვამები მიჰქონდათ - ნამქერში, თოვლში, ტყვიის ქვეშ. სამოქალაქო ომის დროს, 1945 წელს, არმიაში გაწვევამდე ჩვენი ეკლესიის დარაჯს მოკლულების შეგროვებასა და დაკრძალვაში ვეხმარებოდი. ჯერ მღვდელი მიდიოდა საცეცხლურით, როგორც კი ტყვიის ჯერი წამოვიდოდა, მიწაზე გავერთხმოდით, მერე, მიდი და წამოდექი! ისევ სროლა, ისევ - მიწაზე. შემდეგ, როცა უკვე ჯარისკაცი ვიყავი და ჩვენ ფეხშიშველნი ვისხედით თოვლში, გვითხრეს, რომ ვისაც სურს, შეუძლია, მოკლულებს გახადოს ფეხსაცმელი. ადგილიდანაც კი არავინ დაძრულა. ეჰ, წავიდა ის კარგი დრო!..

ბოროტება ის არის, რომ ვისაც ხელისუფლება აქვს, დუმან და რაც ხდება, იმას ეთანხმებიან. იმ წუთებიდან, როცა მიცვალებულებთან დაკავშირებული ეს პრობლემა წამოიჭრა, ეკლესია უნდა დაინტერესებულიყო და გარკვეული პოზიცია გამოეხატა, რომ პრობლემა გადაჭრილიყო, რადგანაც დუმილით ეკლესია ერის ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ ისინი სულიერ საკითხებში ჩაერიონ და ყველაფერი ილაპარაკონ, რაც თავში წამოუვლით. ეს ხომ უბედურებაა. როგორ ექნება თანამედროვე სამყაროს ღვთის კურთხევა? სადამდე დავედით! გამუდმებით იმას ცდილობენ, ადამიანს ღირსება წაართვან. ოჰ, დღეს ხომ მიცვალებულებისთვის საკმარისზე მეტი ადგილის გამონახვაა შესაძლებელი.

 

გარემოს დაბინძურება და დანგრევა

მზე აჭერს, როგორც სინას მთაზე - ზამთარშიც კი! იმიტომ, რომ ატმოსფეროში გაიხსნა ოზონის ხვრელები. თუ სამხრეთის ქარი არ უბერავს, მზეზე ვერ დადგები.

- წმიდაო მამაო, რით დამთავრდება ოზონთან დაკავშირებული ეს პრობლემა?

- ცოტა დავიცადოთ, ვიდრე მეცნიერები 5 კილოგრამ საგოზავს აიღებენ და ხვრელს ამოავსებენ! დიახ, დიახ, აბა, წავიდნენ და ოზონის ხვრელი გადააკეთონ! მაშინ ნახავენ, რომ ღმერთმა ყოველივე ბრძნულად, მეტად ჰარმონიულად შექმნა და იტყვიან: „ბოდიშს ვიხდით, რომ გავხრწენით ყველაფერი“.

ხოლო ატმოსფეროს ამ ხვრელის გამო ილოცეთ, რომ ის დაიხუროს. ხედავთ ერთი „ლანკანი“ [10] იქაც გაიხსნა. ხეები, მცენარეები ხმება, თუმცა ღმერთს წესრიგის აღდგენა კვლავაც შეუძლია.

აბა, შეხედეთ, როგორ გაეშმაკდა ზოგიერთი შარლატანი, რომ ახერხებს ფული დასტყუოს მდიდრებს, რომლებმაც არ იციან, ეს ფული სად წაიღონ. „ატმოსფეროში ოზონის ხვრელი გაიხსნა, სამყარო იღუპება, როგორ ვუშველოთ ქვეყნიერებას? აი, როგორ: მეცნიერება ამუშავებს მიწის სიღრმეში ნაგებობების მოწყობის პროექტს და ადამიანს იქ გადაასახლებს, რათა მზისგან დაიცვას იგი“. როცა ბოლოს აშკარა გახდა, რომ მიწის ქვეშ გადასახლება შეუძლებელი იყო, სხვანაირად აყაყანდნენ: „მთვარეზე გაიშლება მშენებლობა, აიგება რესტორნები, სასტუმროები, სახლები და ადამიანები იქ გადასახლდებიან, ვისაც გადასახლება სურთ, გარანტიით შეუძლიათ გადასახადის შემოტანა“. და ყოველივე ამაში წვეთი სიმართლეც არ ურევია. რა „საცხოვრებელ ნაგებობებზეა“ ლაპარაკი, როცა ადამიანი იქ საერთოდ ვერ გაძლებს. კი, ჩაჯდა ორი ადამიანი კონსერვის ქილაში, გაფრინდნენ და უკან დაბრუნდნენ. ზოგიერთებს კი ეს არაკები სჯერა და ფულსაც იხდიან.

- წმიდაო მამაო, ბევრია შეშფოთებული საწარმოო და გამონაბოლქვი აირების გამო.

- ზოგიერთი ქარხნის დირექტორი უნდა ვაიძულოთ, რომ მილებზე გამწმენდი ფილტრები მოაწყონ, რათა საწარმოო აირებისაგან სულშეგუბებულმა ხალხმა ცოტა ამოისუნთქოს. იმის მაგიერ, რომ პარლამენტის დეპუტატებს ფული ასესხონ და საქმე მოიწყონ, ქარხნის დირექტორებმა ცოტა მეტი ფული დახარჯონ და გამწმენდი სისტემები შეიძინონ. ძველად ეს მიკრობები, ეს წიდა არ იყო. ეხლა კი ყველაფერი დააბინძურეს და თანაც ამას პროგრესად თვლიან. ხოლო, საით მიდის ეს პროგრესი? ის დაანგრევს ადამიანს, ქუჩაში გამოხიდარ და ჰაერში წიდის სუნი დგას. სახლში ზიხარ და საკმარისია, ფანჯარა გამოაღო, რომ ქუჩის ბოლი შინ შემოვარდება. ხელებს რომ იბან, ეს ბოლი არ გშორდება, ანუ ის უვნებელი არ არის. ღუმელის კვამლი ზეთოვანებას არ შეიცავს, ამიტომ მისგან ცოტა წამოგახველებს და ფილტვებიდან გავა. ეს ტექნიკური გამონაბოლქვი კი ფილტვებში ილექება და არ გადის.

მრავალსართულიან სახლებში ხალხი თევზებივითაა ჩაწყობილი ერთმანეთზე. ვიღაც იატაკის საფენებს ფერთხავს აივანზე, მთელი მტვერი კი მის მეზობელთან, ქვედა სართულზე ჩადის. როგორ იტანჯებიან ის საცოდავები, ვინც ქვედა სართულებზე ცხოვრობენ, ზედა სართულების მთელი მტვერი და ნაგავი თავზე ეყრებათ. ადამიანი საკუთარ აივანზე თეთრეულს ფენს ან ფანჯარას გააღებს, ზემოთ კი ფეხსაგებს ფერთხავენ და მასზე არავინ ფიქრობს. ძველ დროში ასეთ ცათამბჯენებში ენდი-კულეს [11] ციხეს მოაწყობდნენ. უბრალოდ, რაღაც საშინელებაა! იმ დროში ხომ სახლებს ეზოები ჰქონდა. იქ ცხოველები იდგნენ, გვერდით ხეხილიანი ბაღი იყო, სადაც ჩიტების მთელი გუნდი იყრიდა თავს.

- წმიდაო მამაო, დღეს ადამიანები მერცხლებსაც კი ვერ ხედავენ.

- მერცხლები რა, ჭკუიდან კი არ შეშლილან, რომ ცათამბჯენებში იფრინონ? რა, გადარეულან? ნელ-ნელა იქამდე მივალთ, რომ ადამიანებს აღარც ეცოდინებათ, რა არის მერცხალი. ამერიკაში, ერთ უნივერსიტეტში არის განყოფილება, სადაც ძველ და ახალ აღთქმას ისტორიული თვალსაზრისით სწავლობენ. იმისათვის, რომ სტუდენტებს გააგებინონ, რა არის მარცვალი, მათ აქვთ მინდორი, სადაც მარცვალია დათესილი, ხოლო იმისათვის, რომ მიახვედრონ, რას ნიშნავს „მწყემსი“ და „ცხვრები“, ცხვრის პატარა ფარა ჰყავთ მწყემსთან ერთად, რომელსაც კომბალი უჭირავს. და ეს უნივერსიტეტში ხდება!

ადამიანებმა მთელი ატმოსფერო დააბინძურეს. გარეთ ზამთარია და ეზოშია ნარეცხის სუნი! წარმოიდგინეთ, რა იქნება ზაფხულში! და რად არ აგზავნიან ვეტმფრენს, რომ ამ სანარცხეს რაიმე სადეზინფექციო ხსნარი შეასხურონ. საბედნიეროდ, უფალმა ჩვენთვის შექმნა ყვავილთა კეთილსურნელება. მთელი ეს ყვავილების სიმრავლე დიდების და პატარების, მთელი ეს ყვავილთა მრავალფეროვნება ანეიტრალებს სანარცხის სიმყრალეს. რა მოხდებოდა, რომ ატმოსფეროში ყვავილების ეს ნაირ-ნაირი სურნელი არ ვრცელდებოდეს? თუ სადმე მძორი გდია, მისი სიმყრალე ყველგან ისმის! როგორ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე! და რა მწარე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, ის რომ არ ზრუნავდეს ჩვენზე! წარმოიდგინე ყვავილები, მცენარეები რომ არ ყოფილიყო... მათი არომატით ხომ ჩვენი სიმყრალე იფარება და იფანტება.

ერთხელ ერთი ერისკაცი მოვიდა ჩემთან სენაკში და მკითხა: „მისმინე, რას აკეთებ აქ, რით ხარ დაკაგებული მთელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში?“ სწორედ მაშინ ირგვლივ წვრილი ყვავილები ჰყვაოდნენ და სენაკთან ზედმომდგარი ფერდობიც ველის ყვავილებით იყო სავსე. ყველაფერს საოცარი სურნელი ადგა. „მე გამუდმებით მუხლჩაუხრელად ვარ, მთელი დღეების განმავლობაში ყვავილთა რიგებს შორის დავდივარ და ამ მცენარეებსა და ყვავილებს ვუვლი, რომლესაც აქ ხედავ. ღამით კი, ნახე რამდენი კანდელი ანთია ცაში? შეეცადე ყველას ანთება მოასწრო!“ ის რაღაც უცნაურად მიცქერდა, მე კი ახსნა-განმარტებას ვაგრძელებდი „რა შენ, განა არ შეგიმჩნევია, როგორ ანათებენ კანდელები ღამით? მათ მე ვანთებ ხოლმე! და აბა, სცადე და მოასწარი! როგორ ფიქრობ, ადვილია ამდენ კანდელს ტივტივა გაუსწორო, ფითილი და ზეთი დაუმატო...“ საწყალი ამ საუბრის შემდეგ მთლად დაიბნა.

შეწამლვაც ხომ იგივე შხამია. შეწამლისაგან მარტო მავნებლები კი არ კვდებიან, არამედ საბრალო ჩიტებიც. იმისათვის, რომ ხეები განიკურნენ, მათ შხამ-ქიმიკატებით წამლიან, შემდეგ კი ადამიანები ავადდებიან. ყველაფერი შხამითაა მოწამლული. განა უფრო გონივრული არ იქნებოდა, ნაკლები ქიმიკატები გამოეყენებინათ? შხამქიმიკატების მთელი ღრუბელი! განა ის ადამიანისათვის მავნე არ არის? განსაკუთრებით - პატარა ბავშვებისათვის. მათთვის მთელი ეს ქიმიკატები პირდაპირ სიკვდილია. ამიტომაა, რომ ბავშვები უკვე ავადმყოფები იბადებიან. ერთ აგრონომს ვუთხარი: „ეს რა ხდება, თქვენ მწერები დახოცეთ, ეხლა კი ადამიანები იხოცებიან!“

მწერების დასახოცად ყვავილებს წამლავენ. ამის გამო კი ადამიანები ავადდებიან. შემდეგ კიდევ რაიმე სხვა უფრო ძლიერ შხამ-ქიმიკატს მოიგონებენ და რას მოვიგებთ ამით?

უკვე დამტკიცებულია, რომ იმ მწერების ნაწილი, რომელიც ქიმიკატებით გავწყვიტეთ, სხვა მწერებს ანადგურებდა. ეხლა იძულებული ვართ, ხელოვნურად მოვაშენოთ განადგურებული მწერები. რა ბრძნულად არის მოწყობილი ღვთის მიერ ყოველივე! იქ სადაც ჭრიჭინებია, კოღო არ ჩერდება. ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი კაცი მოვიდა და პატარა მანქანა მაჩვენა, რომელიც ხმით ფანტავდა კოღოებს. ეს ხმა ჭრიჭინას სიმღერას წააგავდა, მაგრამ უფრო უხეში იყო. ჭრიჭინებს, რომლებიც თავისი ხმით გვატკბობენ, ადამიანები ხოცავენ, შემდეგ კი ცდილობენ ხელოვნურად გააკეთონ ის, რაც თვით ღმერთის მიერ იყო შექმნილი. დახოცეს ყველაფერი: ჭრიჭინაც და გვრიტებიც... ყორანსაც კი იშვიათად დაინახავ. მალე ალბათ ყორნებს დავიჭერთ და გალიაში ჩავსვამთ.

და თქვენ, ხეებს რომ წამლავთ, რაიმე ღმერთსაც დაუტოვეთ, რომ ის დაგვეხმაროს ჩვენ. თუ ქიმიკატი რომელიმე ფოთოლს არ მოხვდება, ამაში დიდ საშინელებას ნუ დაინახავთ. ვერანაირი თანამედროვე ქიმიკატი ერთად აღებული ვერ იმოქმედებს ადამიანზე ისე, როგორც - რწმენა. ერთხელ სტუმრად ვიყავი და მოვისმინე, როგორ ლაპარაკობდნენ ადამიანები: „ნუთუ რაიმე ქიმიკატი გამოჩნდება, რომელიც ამა და ამ მავნებელისაგან დაგვიცავს? და სად? საზღვარგარეთ“. და მაშინვე, მოდი, დავრეკოთ, ჩავიწეროთ... გამუდმებით ერის ადამიანებიც და მონაზვნებიც ბოლო ადგილს აკუთვნებენ ღმერთს. ადამიანები უპირველეს მნიშვნელობას არ ანიჭებენ სულიერ ევოლუციას - რათა ყოველივე იყოს განათლებული. ბოროტება ისაა, რომ თვით ჩვენ - მონაზვნები სულიერი ევოლუციის გზაზე წინ ვერ ვუსწრებთ ერის ადამიანს.

- წმიდაო მამაო, ზეთისხილის ხეებს ნამდვილად აფუჭებს დაკოსი - ზეთისხილის მავნებელი?

- სკვნილზე ილოცეთ, რომ დაკოსი წავიდეს. მავნებელს მარტო შეწამვლით კი არ უნდა ებრძოლოთ, არამედ ქრისტეს სთხოვეთ შემწეობა. ამის გარდა ჩვენ გვინდა, ყველაფერი ისევე კარგად გავაკეთოთ, როგორც აკეთებენ ერში. იმის შესახებ, რომ მონაზვნებს სხვა „ქვეყანა“ უნდა ჰქონდეთ, ჩვენ ვივიწყებთ. ნუ შევეცდებით, ერის ადამიანებივით გავაკეთოთ ყველაფერი, ან მათზე უკეთ. ქრისტე რა - დაგვავიწყდა? მე იმას არ მოგიწოდებთ, რომ საერთოდ არ შეწამლოთ ხეები, მაგრამ ზოგიერთები ამ ქიმიკატებზე პირდაპირ ექსპერიმენტებს ატარებენ. და როდესაც შეწამვლის საჭიროება მართლაც იქნება, რესპირატორები გამოიყენეთ.

ჯობია ხოჭოებისაგან მცირედ წახდენილი ნაყოფი ჭამოთ, ვიდრე შესახედად ლამაზი, მაგრამ - შეწამლული. შეწამვლა ნუ გაგიტაცებთ, პირიქით - შეზღუდეთ. ღვთისმოსაობით ილოცეთ, პირველი ფსალმუნი იკითხეთ [12] და ხეებს ნაკურთხი წყალი ასხურეთ. თუ თქვენ სწორად იცხოვრებთ, წვიმაც წამოვა და მუხლუხოებიც [13] დაიხოცებიან. ღმერთი იზრუნებს თქვენზე - მისდამი სასოება და ნდობა უნდა იქონიოთ.

 


[1] - ფს. 103,24.

[2] - აქ სიტყვების თამაშია. სული და პოლიეთილენი დაახლოებით ერთნაირად ითქმის ბერძნულად.

[3] - 1941-44 წლებში საბერძნეთი გერმანიის, იტალიის და ბულგარეთის მიერ იყო ოკუპირებული.

[4] -  სტრემმა - საზომი 1000 მ2.

[5] - ფს. 18,2.

[6] - წმ. კოსმას წინასწარმეტყველება ურწმუნო ადამიანებს ეხება.

[7] - ღორის ქადა - სალათის ერთ-ერთი სახეობა.

[8] - ბერი გულისხმობს ულტრაბგერით სამგზავრო თვითმფრინავს „კონკორდს“.

[9] - ნახ. შენიშვნა, ნაწილი I, თავი II, - 3.

[10] - ციხეები, რომლებიც ქ. სალონიკის კედლებთან იყო განლაგებული.

[11] - ღირსი არსენი კაპადოკიელი მცენარეების დარგვისას I ფსალმუნს კითხულობდა, რომ კეთილი ნაყოფი მიეღო.

[12] - სიტყვები წარმოთქმულია 1990 წლის ნოემბერში, ძლიერი გვალვის დროს, იმავე წლის ივნისში საბერძნეთში ბევრი მუხლუხო იყო.

[13] - ეს მოხდა 1990 წ. ნოემბერში.