† ბერი პაისი ათონელი

თავი მეოთხე
უსამართლობის უდიდესი ცოდვის შესახებ

უსამართლობა ღვთის რისხვას იკრებს

თუ ადამიანს ღვთის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა. ეს ნამდვილი სიმდიდრეა! ის, რაც კურთხეულია, დგას და არ ინგრევა, ხოლო ის, რაც კურთხევის გარეშეა, ვერ გადარჩება. უსამართლობა უდიდესი ცოდვაა. ყველა ცოდვას, უსამართლობის გარდა, აქვს შემამსუბუქებელი პირობები - ის კი ღვთის რისხვას იკრებს. რა საშინელებაა! ის, ვინც სხვებს უსამართლოდ ეპყრობა, საკუთარ თავზე იტეხს ცეცხლს. ადამიანები უსამართლოდ იქცევიან. მათ ახლობლები უკვდებათ და ამის მიზეზის მიხვედრა არ სურთ. როგორ შეიძლება, წარმატებას მიაღწიონ იმ ადამიანებმა, ვისაც ამდენი უსამართლობა აქვთ ჩადენილი? როდესაც ამ საქმეს ჩადიან, ისინი ეშმაკს აძლევენ უფლებას, რომ მათზე გაბატონდეს, ამიტომ იწყება მათი უბედურებები, ავადმყოფობა, სხვა ბოროტებები... და რადგანაც ყველაფერი ამის სულიერი მიზეზი ვერ გაუგიათ, შენ გთხოვენ, რომ მათი ჯანმრთელობისათვის ილოცო.

ყოველგვარი მარცხის უმეტესობა უსამართლობიდან მოდის. მაგალითად, თუ ადამიანები უსამართლობით მოიხვეჭენ ქონებას, რამდენიმე წელს ყველსა და კარაქში ბანაობენ, შემდეგ კი უსამართლობით შეძენილს მთლიანად ექიმებში ხარჯავენ. ფსალმუნში ხომ ასე წერია: „შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა სიმდიდრესა ცოდვილთასა“ [1]. ის, რაც ტყუილით გროვდება, მიდის და ქარს მიჰყვება. „ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო“ - ამბობს ანდაზა. ავადმყოფობა, გაკოტრება, სხვა უბედურებები, რომელიც ღვთისაგან განსაცდელის სახით ეშვება, იშვიათად ხდება და ძალიან მცირედთან. ასეთ ადამიანებს ღმერთი შესაფერის სასყიდელს მიაგებს. და ჩვეულებრივ, ისინი კიდევ უფრო მდიდრდებიან მსგავსად იობისა [2]. ხოლო მრავალი მათგანის ნეშტი სიკვდილის შემდეგ არ იხრწნება სწორედ იმ მიზეზით, რომ მათ სიცოცხლეში რაღაც უსამართლობა ჩაიდინეს [3].

 

უსამართლო ადამიანი იტანჯება

უსამართლო ადამიანი და, საერთოდ, ნებისმიერი კაცი, რომელმაც სხვის წინაშე უსამართლობა ჩაიდინა და შენდობა არ უთხოვია, სინდისის ქენჯნით იტანჯება. ასევე იმ კაცის დრტვინვით, ვისაც უსამართლოდ მოექცა. რადგან თუკი ის, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ, არ შეუნდობს თავის მოწინააღმდეგეს და იდრტვინებს მასზედ, მაშინ ეს უკანასკნელი ძლიერად დაიტანჯება, გაწამდება. მას აღარ დაეძინება, თავს ისე იგრძნობს, თითქოს აღელვებულ ტალღებში იმყოფებოდეს. გონებისთვის მიუწვდომელია, თუ როგორ განიცდის მის მიერ შეურაცხყოფილი კაცის მრისხანებას. თუ ერთ ადამიანს მეორე უყვარს და დადებითად ფიქრობს მასზე, ეს უკანასკნელი გრძნობს ამ სიყვარულს. შეურაცხმყოფელის მიმართაც რაღაც ამდაგვარი ხდება. ოი, მაშინ კი გულნატკენი კაცის მრისხანება სულს უბრუნებს მას. სულ სხვა ადგილასაც რომ იმყოფებოდეს, თუნდაც ავსტრალიაში ან იოჰანესბურგში - თუკი მისი მიზეზით ვინმეს სული აღშფოთებულია, იგი სიმშვიდეს ვერსად იპოვის.

- თუ ის უგრძნობია?

- გგონია, რომ უგრძნობი ადამიანები ტანჯვას არ გრძნობენ? გრძნობენ, მაგრამ გართობას ეძლევიან, რომ დაივიწყონ. შეიძლება ასეთი რამეც მოხდეს: უსამართლოდ შეურაცხყოფილი მოწინააღმდეგეს შეუნდობს, მაგრამ მის გულში ცოტაოდენი აღშფოთება მაინც დარჩენილა. მაშინ ის რაღაც დონეზე იტანჯება, მაგრამ ტანჯვა იმისი, ვინც იგი შეურაცხყო, გაცილებით დიდია. თუმცა, თუ დამნაშავე შენდობას ითხოვს და უსამართლოდ შეურაცხყოფილი მას არ შეუნდობს, მაშინ უკვე თვით იგი დაიტანჯება. არ არსებობს უფრო შემწველი ცეცხლი, ვიდრე შინაგანი წვა სულისა, რომელიც სანდისის ქენჯნიდან მომდინარეობს. ასეთი ადამიანის სინდისი ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში იტანჯება, მას გამუდმებით ჭამს შინაგანი ჭია. მაგრამ უეჭველია, რომ იმიერ ცხოვრებაში „მატლი იგი დაუძინებელი“ კიდევ უფრო ძლიერად დაღრღნის მის სინდისს, თუკი ადამიანი ამქვეყნად არ შეინანებს და არ დაუბრუნებს მოყვასს იმას, რაც უსამართლოდ წაართვა მას - თუნდაც თავისი კეთილი ნებით - თუკი სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელია.

მახსენდება ერთი ადვოკატი, რომელმაც ადამიანებს ბევრი უსამართლობა გაუკეთა. როგორ იტანჯებოდა ის სიცოცხლის ბოლოს! იმ არემარეში, სადაც მისი საადვოკატო კანტორა იყო დაარსებული, ბევრი მესაქონლე ცხოვრობდა. ამიტომ იყო ხშირი შემთხვევები საქონლის შემოსევისა ნათესებსა და მინდვრებში. ამ საქმეში დამნაშავე მწყემსები დახმარებისათვის ადვოკატს მიმართავდნენ და ისიც ეშმაკობით საქმეს ისე შეაბრუნებდა, რომ აგრონომსა და მოსამართლეს მათ უდანაშაულობაში არწმუნებდა. ხოლო საბრალო მიწათმოქმედები არა მარტო სამართალს ვერ პოულობდნენ, საკუთარ თავს მრავალ უსიამოვნებას დაატეხდნენ ხოლმე. ამ ადვოკატს ყველა იცნობდა, როგორც უსინდისოს და ამიტომ არცერთი პატიოსანი ადამიანი არ ეკარებოდა. და აი, მომისმინეთ, თუ რა ურჩია ერთ მგრძნობიარე სულის მწყემსს მისმა მოძღვარმა, რომელიც იმავე მხარეში ცხოვრობდა: „ამ მწყემსს ცხვრის პატარა არვე და ძაღლი ჰყავდა. ერთხელ ძაღლმა იმშობიარა და მწყემსმა ყველა ლეკვი გააჩუქა. იმ დღეებშივე ერთი ცხვარი დაიკარგა და ძუძუთა ბატკანი დარჩა. ბატკანი ძაღლს დასდევდა და მის რძეს მიეჩვია. ძაღლიც თავს შემსუბუქებულად გრძნობდა. ორივე ცხოველი ისე მიეჩვია ერთმანეთს, რომ გამუდმებით ერთად იყვნენ. როგორ არ ეცადა საწყალი მწყემსი, რომ ერთმანეთისთვის დაეშორებინა, მაინც სულ ერთად დადიოდნენ. მწყემსმა, რომელიც მგრძნობიარე სულის მქონე ადამიანი იყო, არ იცოდა, შეიძლებოდა თუ არა იმ ბატკნის ხორცის ჭამა, რომელსაც ძაღლის რძე ჰქონდა ნაწოვი და გადაწყვიტა, ამის შესახებ თავისი მოძღვრისათვის ეკითხა. მოძღვარმა იცოდა, რომ მწყემსი ღარიბი იყო და უთხრა: არა, შვილო, ძაღლის რძით გამოკვებილი ბატკნის ხორცის ჭამა არ შეიძლება. აი, როგორ უნდა მოიქცე: ეს ბატკანი ჩვენს ადვოკატს წაუყვანე საჩუქრად, რადგან მისთვის სხვა მწყემსებსაც მიაქვთ ყველი და ბატკნებსაც ჩუქნიან. დაე, მან შეჭამოს ეს ხორცი, რადგან მხოლოდ მას აქვს ამის კურთხევა. მთელმა ხალხმა იცის, თუ რა უსამართლოა იგი.

მოხუცებული და საწოლს მიჯაჭვული უსამართლო ადვოკატი კოშმარებისაგან იტანჯებოდა და ვერ იძინებდა, ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. ამას ისიც დაერთო, რომ დამბლა დაეცა და ლაპარაკი აღარ შეეძლო. მღვდელი ცდილობდა, დაერწმუნებინა იგი, რომ თავისი ცოდვები ქაღალდზე მაინც ჩამოეწერა. მაგრამ უბედურმა ბოლოს საკუთარ თავზე კონტროლიც დაკარგა. მოძღვარი იძულებული გახდა, წაეკითხა მისთვის „ლოცვა შვიდთა ყრმათა - უძლურთა ზედა“ [4], რათა ცოტა ხნით მაინც ჩაეძინა, ასევე კვეთებულის ლოცვები, რომ მისი მდგომარეობა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა. ასე გარდაიცვალა ის ადვოკატი და ახლა ისღა დაგვრჩენია, ვევედროთ უფალს, რომ ჭეშმარიტი სიმშვიდე მიმადლოს მის სულს.

- წმიდაო მამაო, ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას ჯადო გაუკეთეს. შეიძლება თუ არა, რომ ჯადომ ავნოს კაცს?

- თუ ადამიანს სინანული აქვს და აღსარებას ამბობს, მაშინ შეუძლებელია. იმისათვის, რომ ჯადომ იმოქმედოს კაცზე, მან თავად უნდა მისცეს ეშმაკს ამის მიზეზი. მაგალითად, როდესაც ადამიანი ვინმესთან დამოკიდებულებაში უსამართლოდ იქცევა, ტყუილით შეაცდენს ქალიშვილს, ან რაიმე ამის მსგავსს ჩაიდენს. ასეთ შემთხვევაში მან უნდა შეინანოს თავისი დანაშაული, შენდობა სთხოვოს მას, ვისაც აწყენინა. აღსარება თქვას, გამოსწორდეს და ამგვარად წაშალოს თავისი ნამოქმედარი. სხვა შემთხვევაში - ყველა მღვდელი ერთად რომ შეგროვდეს მის გამოსალოცად - ჯადო არ დაირღვევა. მისთვის არც არანაირი ჯადო რომ არ გაეკეთებინათ, მისგან შეურაცხყოფილი სულის უმნიშვნელო მრისხანებაც კი იკმარებდა, რომ იგი სასტიკად დატანჯულიყო.

უსამართლობა ორი სახის არსებობს: მატერიალური და ზნეობრივი. მატერიალურია, როდესაც ადამიანი უსამართლოდ ექცევა ვინმეს მატერიალურ, ნივთიერ საგნებთან მიმართებაში, ზნეობრივი უსამართლობაა, როცა, ვთქვათ, ვინმე თავბრუს დაახვევს ქალიშვილს და შეაცდენს მას. თუ მოტყუებული ქალიშვილი ობოლია, მისი შემაცდენელი ხუთგზის დიდ ცოდვას იდებს თავს. იცით, რა ჩქარა პოულობს ომში ტყვია ასეთ უზნეო ადამიანებს? ომში ღვთის სამართლიანობა და ღვთის ზრუნვა ადამიანებზე განსაკუთრებული ძალით ჩანს. ომი ვერ იტანს უპატიოსნებას - სინდისგარეცხილ ადამიანს ტყვია მყისვე მიაგნებს. ერთხელ ჩვენს ორ ასეულს უნდა შეეცვალა მოწინავე ბატალიონი, რომელიც დასასვენებლად მიდიოდა. შეცვლის დროს კომუნისტები შეტევაზე გადმოვიდნენ და ომი გაჩაღდა. ერთმა ჯარისკაცმა მიმავალი ბატალიონიდან წინა დღეს საზიზღარი უპატიოსნო საქციელი ჩაიდინა, ძალა იხმარა საბრალო ორსულ ქალზე. და რა: იმ ომში ერთადერთი ის მოკლეს. განა ეს საშინელება არ არის? შემდეგ ყველა ამბობდა: „ასე უნდოდა იმ პირუტყვს - დამსახურებულად მიიღო!“

ასევე ემართებათ იმათაც, ვინც ეშმაკობს, ცდილობს, გაიქცეს და დაიმალოს - საბოლოოდ მოკლულები ისინი აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ის, ვისაც ძლიერი რწმენა აქვს, ბუნებრივია, რომ პატიოსნად და ქრისტიანულად ცხოვრობს. და აი, რა შეიმჩნევა: ასეთი ადამიანები საკუთარი სხეულის პატიოსნებას უფრთხილდებიან და ეს მტრის ტყვიისა და ყუმბარის ნამსხვრევისაგან უკეთ იცავს მათ, ვიდრე დაიცავდა უფლის პატიოსანი ჯვრის ნაწილი, მკერდზე რომ ეტარებინათ.

 

უსამართლობა შთამომავლობასაც ტანჯვას მოუტანს

- წმიდაო მამაო, მონაზვნად რომ აღვიკვეცე, ახლობლები უსამართლოდ მომექცნენ, უფლება თუ მაქვს ეხლა მოვითხოვო ის, რაც კანონით მეკუთვნოდა?

- არა, ეს არასწორი იქნება.

- ჰო, მაგრამ მეშინია, რომ იმ უსამართლობის გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს, რაიმე უბედურებას არ გადაეყარონ.

- შენ მხოლოდ ნახე, რა დიდია შენში პატივმოყვარეობა. შენს ადგილას მე მათ ვეტყოდი: „მე ჩემთვის არაფერი მინდა, მაგრამ ვისურვებდი, რომ ღარიბებისათვის გაგენაწილებინათ ის ქონება, რომელიც მემკვიდრეობით მე მეკუთვნოდა. პირველ რიგში კი ჩვენს ღარიბ ნათესავებს დაეხმარეთ. ამას იმისთვის გეუბნებით, რომ თქვენს შვილებს ღვთის რისხვა არ დაატყდეთ თავს. ზოგჯერ ხომ ასეც ხდება: მამა უცხო ადამიანებს აძლევს მოწყალებას თავისი სულის მოსახსენებლად - მაგალითად, ფულს გაიღებს რაიმე ღთისთვის სათნო დაწესებულებებისათვის, მაგრამ ამ დროს თავის საკუთარ შვილებს არაფერს უტოვებს.

შეიძლება მოხდეს, რომ რომელიმე ოჯახში პაპამ ან ბებიამ რაიმე უსამართლობა ჩაიდინა, მაგრამ თვით მათ ცხოვრებაში ეს არანაირად არ ასახულა, სამაგიეროდ, სასჯელი მათ შვილებს ან შვილიშვილებს მოეწევათ, ისინი ავადდებიან და იძულებულნი არიან, ექიმებში გაფლანგონ ის, რაც უსამართლობით იყო შეძენილი, რომ ამგვარად გადაიხადონ წინაპართა ცოდვებისათვის. მახსოვს ერთი ოჯახი, რომელსაც მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. პირველად ოჯახის უფროსი ჩააგდო ავადმყოფობამ: რამდენიმე წლის განმავლობაში იტანჯებოდა იგი - საწოლს მიჯაჭვული, შემდეგ კი გარდაიცვალა. ამას მისი ცოლის და შვილების სიკვდილი მოჰყვა. ცოტა ხნის წინ უმცროსი - მეხუთე ბავშვი გარდაიცვალა. ეს ოჯახი ადრე მეტად მდიდარი იყო და ბოლოს სიღატაკემდე მივიდა, რადგანაც იმისათვის, რომ ექიმებისათვის გადაეხადათ და სხვადასხვაგვარი ხარჯები გაესტუმრებინათ, მთელი ქონება ჩალის ფასში გაყიდეს. „რატომ დაატყდათ ამდენი სნეულება და უბედურება?“ - მიკვირდა მე. ამ ოჯახის ზოგიერთ წევრს ვიცნობდი. აშკარა იყო, რომ მათ უბედურებას არაფერი ჰქონდა საერთო იმ ღვთივკურთხეულ განსაცდელებთან, რომელსაც ღმერთი თავის რჩეულებს უგზავნის. „სავარაუდოა, რომ მათ შემთხვევაში ღმერთის სულიერი კანონები ამოქმედდა“. - ვფიქრობდი მე. იმისათვის, რომ ეჭვები გამეფანტა, რამდენიმე სანდო მოხუცებული გამოვკითხე - მათი მეზობლები, რომლებმაც ასეთი რამ მიამბეს: ამ ოჯახის თავმა მამისგან რაღაც მემკვიდრეობა მიიღო და შემდეგ მრავალი უსამართლო საქმიანობით გაამრავლა იგი. პირველად ერთი ქვრივი სესხად სთხოვდა მას ფულს, რათა ქალიშვილი გაეთხოვებინა, ჰპირდებოდა, რომ თანხას პურის შემოსვლისა და გალეწვის შემდეგ დააბრუნებდა. მან მისცა ფული იმ პირობით, რომ ქალი თავის საკარმიდამო ნაკვეთს მის სახელზე გადაწერდა. ქალს იმდენად უჭირდა, რომ იძულებული იყო, ყველაფერი მიეცა, რაც მისგან მოითხოვეს. მეორემ ვალი აიღო იმისათვის, რომ ბანკისა ემართა. ნასესხები ფული მან პურის დაბინავების შემდეგ დააბრუნა, მაგრამ უსამართლო ოჯახის თავმა მას მთელი მინდორი მაინც მოსთხოვა. საბრალოს ბანკის დევნა აშინებდა და დათმობაზე წავიდა. მესამემ ცოტაოდენი ფული ისესხა, რომ ექიმი გაესტუმრებინა და მოვალემ მას ძროხა წაართვა. ამ საშუალებით მან დიდი ქონება დააგროვა. თუმცა ტანჯული ადამიანების დრტვინვა მხოლოდ მას და მის ცოლს კი არ დაატყდა თავს, არამედ მათ შვილებსაც. ამგვარად ამოქმედდა საღვთო კანონები და თვით ამ მდიდრის ოჯახის წევრებს მოუწიათ იმათ მდგომარეობაში ყოფნა, ვისაც მათი წინაპარი ჩაგრავდა. ამგვარად ექიმების გასასტუმრებლად და სხვა ხარჯებისათვის, რომელიც ავადმყოფობასთან იყო დაკავშირებული, უბედური შემთხვევებისა და უსიამოვნებების გამო მათ ჩალის ფასად გაყიდეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ. დიდი სიმდიდრიდან ისინი ღატაკებად გადაიქცნენ და ერთიმეორის მიყოლებით წავიდნენ ამ ცხოვრებიდან. რა თქმა უნდა, უფალი მათ თავისი დიდი სიყვარულისა და სამართლიანობის შესაბამისად განსჯის, ხოლო ის, ვინც გაჭირვების გამო იძულებული გახდა უკანასკნელი ნივთი გაეყიდა, რათა ექიმისთვის ან სხვა რაიმესთვის გადაეხადა და ამის გამო გაღატაკდა, მიიღებს სასყიდელს იმ უსამართლობის წილ, რომელიც მან დაითმინა. უსამართლო ადამიანები ხომ, რომლებსაც ასეთი უბედურებები მოაქვთ, თავიანთ ვალს უხდიან მათ ღვთის წინაშე.

 

ვინც უსამართლოდ გვექცევა, მას ჩვენთვის სიკეთე მოაქვს

- წმიდაო მამაო, როგორ უნდა მოვეპყრათ ადამიანს, რომელიც უსამართლოდ გვექცევა?

- როგორ უნდა მოვეპყრათ?! როგორც უდიდეს სათნომყოფელს ჩვენსას... რომელიც ღმერთის შემნახველ სალაროში ჩვენს ანგარიშზე ქონებას დებს. ეს ადამიანი სამუდამოდ გვამდიდრებს ჩვენ, განა ეს ცოტაა? განა არ გვიყვარს იგი, ვინც სიკეთეს გვიკეთებს, განა მისდამი პატივისცემას არ გამოვხატავთ? ასევე უნდა გვიყვარდეს და ვუმადლოდეთ მას, ვინც უსამართლოდ მოგვექცევა, რადგან ის ჩვენ იმქვეყნიურ, მარადიულ კეთილდღეობას გვანიჭებს. როგორც უსამართლო ადამიანები ვერასოდეს გამართლდებიან, ასევე ისინი, ვინც უსამართლობას სიხარულით მიიღებენ, საუკუნო გამართლებას მიიღებენ.

ერთი ღვთისმოსავი ადამიანი, ოჯახის თავი, სამსახურში ბევრ უსამართლობას იტანდა. მაგრამ მასში იმდენი სიკეთე იყო, რომ მთელ ამ ბოროტებას უდრტვინველად იღებდა. ერთხელ ის ათონზე ჩამოვიდა, ჩემთან სენაკში მოვიდა, თავისი განსაცდელების შესახებ მიამბო და მკითხა: - „რის გაკეთებას მირჩევ?“ „განაგრძე, როგორც დაიწყე ისე, ღვთის სიმართლის და ღვთაებივი სასყიდლის იმედი იქონიე და მოითმინე. ღვთის წინაშე არაფერი იკარგება. ამგვარი საქციელით შენ ღმერთის შემნახველ სალაროში აგროვებ ქონებას. ეჭვი არ არის, რომ მომავალ ცხოვრებაში სასყიდელს მიიღებ იმ განსაცდელებისათვის, რომელიც აქ დაგატყდა თავს. მაგრამ გარდა ამისა, ისიც იცოდე, რომ უსამართლოდ შევიწროებულ ადამიანს ღმერთი აქვე აძლევს სასყიდელს - თუ პირადად მას არა, - მის შვილებს მაინც, ღმერთი ზრუნავს თავის ქმნილებაზე და იცის, თუ რითი მიუზღას“.

თუ ადამიანი ითმენს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ღმერთი ყველაფერს აწესრიგებს, მთავარია მოთმინება, მოთმინება, რომელიც განკითხვას არ შეიცავს. თუკი ღმერთი ყველაფერს ხედავს და ამჩნევს, მაშინ ადამიანს ბოლომდე უნდა სჯეროდეს მისი. შეხედე იოსებს [5], ის ხომ დუმდა, როდესაც ყიდდნენ ძმები. მას შეეძლო ეთქვა: „მე მათი ძმა ვარ“, მაგრამ არ თქვა, სამაგიეროდ ღმერთმა თქვა თავისი სიტყვა და გაამეფა იგი. თუ ადამიანს მოთმინება არა აქვს, მისი ცხოვრება სატანჯველად იქცევა - მას სურს ყველაფერი მისი ნების მიხედვით მოხდეს, რომ თვითონ იყოს კარგად. და ბუნებრივია, რომ იგი სიმშვიდეს ვერ პოულობს და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მას სურდა.

თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში ადამიანების ან ეშმაკებისაგან უსამართლობას იტანს, ღმერთს ეს არ აწუხებს, რადგან ასეთი ადამიანის სული სარგებელს იღებს. თუმცა ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ვიღაც უსამართლოდ გვეპყრობა, როცა სინამდვილეში თვით ვართ სხვათა მიმართ უსამართლონი. ამ შემთხვევაში ყურადღებით უნდა ვიყოთ და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ თვითონვე ვართ დამნაშავენი.

 

„მისცემდით უკუე ყოველთა თანანადებსა“ [6]

- წმიდაო მამაო, როდესაც მონასტრისთვის რაიმეს ვყიდულობთ, ზოგიერთი ვაჭარი ანგარიშის გამოწერაზე უარს გვეუბნება [7], ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?

- ანგარიში ყოველთვის უნდა გამოგიწერონ, მაგრამ ამის გარდა, თქვენ თვითონვე უნდა შეძლოთ თქვენი მოთხოვნილების განსაზღვრა. თქვენი მოთხოვნილებები აუცილებელით განსაზღვრეთ, ზედმეტ მშენებლობასა და რემონტს ნუ წამოიწყებთ. მე თქვენს ადგილას სწორედ ასე მოვიქცეოდი. რაც საჭიროა - იმას ღმერთი გამოგიგზავნით. იმის თხოვნით, რომ ანგარიში არ გამოგიწერონ, რადგან ბერები და მონაზვნები ვართ, სხვებსაც ცოდვაში ვაგდებთ. ისინი კი ამბობენ: „აი, უკვე მონასტრებიც კი ასე იქცევიან“. იცით, როგორ ვაცდუნებთ სხვებს ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ღვთის მცნებების აღსრულებას ვესწრაფით, თუკი ამგვარად ვიქცევით? „მისცემდით უკვე ყოველთა თანანადებსა“ - ამბობს წმიდა წერილი. მე წერილს ფოსტას ვუგზავნი თუ ცალკეულ პირს, ორივე შემთხვევაში კონვერტზე ვაკრავ მარკას, ერის ადამიანები მსგავს საქმეებში თავის გასამართლებელს პოულობენ ხოლმე, მაგრამ თუ მონასტრებიც ასევე იქცევიან, ეს უკვე მათ არაგულწრფელობაზე მეტყველებს, იმაზე, რომ სახარებამ მათთვის უკანა პლანზე გადაინაცვლა. როდესაც არ შეგვიძლია მივიღოთ ნივთიერი, მატერიალური (როგორც სახარება გვასწავლის - „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კვართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“[8]) ამით ცუდ მაგალითს ვაძლევთ და ამის შემდეგ ერის ადამიანები ადვილად გაამართლებენ თავის დაცემას, შეეცდებიან გასამართლებელი იპოვონ და ამით დაიმშვიდონ სინდისი. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან საშინელი სამსჯავროს დღეს თავს ვერაფრით გავიმართლებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ რიგში მივიღოთ სულიერი და არა მხოლოდ მატერიალური სარგებელი. და თუ თქვენ რაღაც მიზეზით ანგარიშს არ გიწევენ, თქვენ ჩათვალეთ, რომ სულიერად ბევრი დაკარგეთ.

- წმიდაო მამაო, ისეც ხდება, რომ ადამიანი მცირე თანხას სწირავს მონასტერსა და ითხოვს საბუთს, რომ მეტი შესწირა. ასეთ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?

- უთხარით მას - „დიდი თანხის საბუთს არ მოგცემთ, თუ ეს არ გაწყობთ, უკან დაგიბრუნებთ ფულს, შესაძლებელია, თქვენი სურვილი სადმე სხვაგან შეასრულონ“. ყურადღებით იყავით, რომ ამ სახის ავადმყოფობა არ შეგეყაროთ.

- ერთმა ოსტატმა, წმიდაო მამაო, გვთხოვა, მონასტრიდან გაგვეთავისუფლებინა, რომ შესძლებოდა, უმუშევართა სალაროში მოწყობილიყო, შემდეგ კი ისევ მოვიდა სამუშაოდ.

- არა, ჩემო ძმაო, ეს საქმე არ არის! თუ ადამიანს სინდისის ნატამალი აქვს, ასეთ რამეზე არ წავა. არ შეიძლება მონასტერში ასეთი რამის კეთება. სჯობს, მას ორმაგი გადაუხადოთ, თუმცა მონასტერში ზედმეტი ფული არავის აქვს, ოღონდ ასეთ თაღლითრრზე არ წავიდეს იგი. ეს ხომ მძიმე ცოდვაა! კურთხევა კურთხევას მოიტანს, ხოლო ტყუილი - ნგრევას. ასეთ დამოკიდებულებებში მეტად ყურადღებით იყავით. და ნუ ევაჭრებით მათ, ვინც სავანეში შრომობს. ამის გამო ხომ მონასტრებში შემდეგ ხანძარი და ნგრევა ხდება ხოლმე.

სახელმწიფო მოღვაწე დებს ფიცს, რომ თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს [9]. ჩვენ - მონაზვნები ასეთ ფიცს კი არ ვდებთ, არამედ ორმაგად დიდს. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ წონასწორობა, მონაზვნობაში შეინარჩუნოთ რაღაც სხვა (არა ერული) წესრიგი. მე ვხედავ, როგორ იზრდება წყლული, ის გასკდება და გაიწმინდება. მათ, ვინც არასწორ სულიერ მდგომარეობაშია - ღმერთი თავის მადლს არ მიანიჭებს - ამით ხომ იგი ეშმაკს დაეხმარებოდა. შეეცადეთ გულწრფელობა და პატიოსნება გქონდეთ, რაც ეხლა ხდება, იმ მთვრალის მდგომარეობას ჰგავს, რომელიც ძლივს დგას ფეხზე, განა შეიძლება, ეს დიდხანს გაგრძელდეს? მოვა ღვთის რისხვა. ჩვენ გამოცდის წინაშე აღმოვჩნდებით. პირველ ტურში სპილენძი ოქროსაგან განირჩევა, მეორეში - აშკარა გახდება, თუ რამდენი კარატი ოქროა თითოეულ ჩვენგანში.

ქვეყანა ტყუილების გუდად იქცა, ადამიანები ცრუები ხდებიან, მათ საკუთარი თავისთვის კიდევ ერთი სინდისი მოიწყვეს. მაგრამ მე არ შემიძლია, მატყუარა გავხდე, არ შემიძლია, შევცვალო საკუთარი „მე“ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს საზოგადოება. სჯობს დავიტანჯო. საჭიროა ყურადღება, რომ ამ ერულ კალაპოტში არ მოვხვდე. მაგრამ არც არსებული ეკონომიური სისტემა უბიძგებს ადამიანებს პატიოსნებისკენ, ისინი იძულებულები არიან, შეამცირონ თავიანთი გასავალი საგადასახადო ანგარიშების წინაშე, წავიდნენ სხვა, ამდაგვარ მაქინაციებზე. ერთი ასეთი საგადასახადო ინსპექტორი, მორწმუნე ადამიანი, ჩემი ნაცნობი გავლანძღე კიდეც. „ამას რას შვრებით, - ვუთხარი მე, - შეეცადეთ, რომ საფუარის ნაწილი მაინც შეინახოთ, იცით რამდენი ადამიანი გიჩივით? ადამიანი მოდის საგადასახადო ინსპექციაში და წერს, რომ მას გასავალი 1 მილიონი აქვს, ინსპექტორი კი ერთის მაგიერ სამს წერს. ზოგიერთი თავის გასავლის მხოლოდ მესამედს აცხადებს, საგადასახადო ინსპექტორები კი თაღლითად თვლიან სხვებსაც და ყველას ერთი საზომით ზომავენ. მაგრამ თუ თქვენთან მოვა სინდისის მქონე ადამიანი, მაშინ სამგზის დიდი გადასახადით დაბეგრავთ მას და აიძულებთ, რომ ქურდად იქცეს. ანუ იმის გარდა, რომ საერთო მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლაზე თუნდაც მცირე გავლენა იქონიოთ, თქვენ პირდაპირ საწინააღმდეგოს აკეთებთ“. მან მიპასუხა, რომ ძნელია გარჩევა, როდის სიმართლეს ეუბნებიან მათ და როდის - ტყუილს. „თქვენ გარჩევას შეძლებთ; თუ სულიერად იცხოვრებთ, მაშინ შეძლებთ, სიმართლე ტყუილისაგან გაარჩიოთ, ღმერთი გაუწყებთ და თქვენთვის გასაგები გახდება“ - ვუთხარი მე.

 

როგორ იქცა ქვეყანა ტყუილების გუდად

ადამიანების ბოროტებამ ყოველგვარ საზღვრებს გადააჭარბა. ადამიანები ცდილობენ ერთმანეთს მოატყუონ და ტყუილი მიღწევად ითვლება. მართლაც ტყუილების გუდად იქცა სამყარო! ყველაფერს უსინდისოდ, ზერელედ აკეთებენ, ფულს კი გაცილებით მეტს იღებენ, ვიდრე უწინ. და საერთოდ, რასაც აიღებ, ყველაფერი ტყუილად და ხალტურად იქცა. ერთხელ ვიღაცამ პამიდვრის ნერგები მომიტანა, თიოოეული მცენარე პატარა ცელოფანის პარკში იყო ჩარგული, სავსე იყო მიწით და შავმიწისა და მსხვილი ქვიშის ნარევით, რომ ცელოფნიდან სისველე არ გამოსულიყო. ანუ ნერგების მორწყვა გაუჭირდათ! მიწა განაყოფიერებული არ იყო და მხოლოდ ზემოდან ალაგ-ალაგ მოეყარათ ნაკელი! რას ვიზამდი. როცა მცენარეები ამოვიღე ცელოფანდან, აღმოჩნდა, რომ ფესვები ყველას დალპობოდა. საჭირო შეიქმნა გარკვეული დროით მთლიანად მიწით დამეფარა ნერგები, რომ მათ ახალი ფესვები გამოეტანათ.

ჰოი, რა სულელურად იქცევიან ადამიანები! ერთხელ მთელი ყუთი ტკბილეული მომიტანეს, მე არ ვხსნიდი და მომლოცველთა დიდ ჯგუფს ველოდი. „სხვაგვარად ტკბილეული დარჩება და ჭიანჭველები დაესევიან“. - ვფიქრობდი მე. ერთხელ, როდესაც ბევრი ხალხი მოგროვდა, ჩავთვალე, რომ ტკბილეული ყველასთვის საკმარისი იქნებოდა და დარჩებოდა კიდეც. როცა გავხსენი, აღმოჩნდა, რომ თითქმის მთლიანად პლასტმასით იყო ამოვსებული და მხოლოდ შუაგულში იყო დატოვებული თავისუფალი ადგილი ტკბილეულისათვის - ე. ი. თითქმის მთელი კოლოფი ცარიელი იყო. მეორეჯერ ლამაზი ყუთი მომიტანეს ლახათ-ლუხუმით და სადღესასწაულო ბაფთით. „ამას ათონიადის ბავშვებისთვის შევინახავ“ [10] - ვიფიქრე მე, მაგრამ როცა გავხსენი აღმოჩნდა, რომ ლახათლუხუმი უკვე დაძველებულიყო და გამხმარიყო. ასეთ ხმელ ტკბილეულს ადამიანებს არ ვაძლევ ხოლმე - უფრო რბილს ვარჩევ.

- წმიდაო მამაო, ვინც ამას აკეთებს, მას არ ესმის, რომ ეს სიცრუეა?

- ისინი ამას მიღწევად მიიჩნევენ, იმიტომ, რომ ჩვენს დროში ცოდვა მოდაში შემოვიდა და ტყუილი გონებამახვილობად ითვლება. სამწუხაროდ, ერული სული გონებას ცბიერებაში ამახვილებს და თუ ვინმე თავის ახლობელს უსამართლოდ მოექცევა, მიღწევად ითვლება. მის შესახებ ყველგან ამბობენ: „აი, ყოჩაღი... ნამდვილი ეშმაკია!“ ამ დროს თვით ეს ადამიანი შინაგანად სინდისის მხილებისაგან იტანჯება და მცირე ჯოჯოხეთურ სატანჯველს განიცდის.

 

თუ ადამიანი სამართლიანია, ღმერთი მის მხარესაა

დღეს ამქვეყნად უკვე ყველასათვის აღარ არის ადგილი. თუ ადამიანს პატიოსანი და სულიერი ცხოვრება სურს, მისთვის ქვეყანაზე ადგილი არ მოიძებნება.

- წმიდაო მამაო, რატომ არ არის ადგილი მისთვის?

- თუკი მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი სისასტიკისა და უგულობის გარემოცვაში აღმოჩნდება და მისი ცხოვრება უსიხარულოდ გაივლის, როგორ გაძლებს იგი? ის ან უნდა გახდეს ბილწსიტყვა და ყველაფერში სხვებს მიბაძოს, ან უნდა წავიდეს. მაგრამ წასლვაც არ შეუძლია, რადგან რამენაირად უნდა იცხოვროს. მაგალითად, ბატონი, თივით მოვაჭრე ეუბნება თავის მუშას: „მე გენდობი იმიტომ, რომ არ ქურდობ, მაგრამ დამიჯერე, კარგ თივას ცოტა დამპალიც უნდა შეურიო. სამყურას დადებისას შიგნით კარგთან ერთად გაფუჭებულიც უნდა ჩაურიო“. კარგი მუშა რომ შეინარჩუნოს, მეპატრონე მას დააწინაურებს, მაგრამ ეს უკანასკნელი იძულებულია, ისე მოიქცეს, როგორც მეპატრონე ეტყვის, თორემ მას გარეთ გააგდებენ. ამიტომ საბრალოს ძილი ეკარგება, სვამს წამლებს, იცით, როგორ იტანჯებიან საბრალო ადამიანები? იცით, სამუშაოზე როგორ ძალადობასა და სიძნელეებს იტანენ მრავალნი უფროსებისაგან? მათი ცხოვრება უსიხარულო ხდება. და რა ქნან მათ? მიატოვონ სამუშაო? ოჯახი აქვთ. დარჩნენ? - იტანჯებიან. ისეთი ჩიხია, რომ ვერსად წახვალ. პირდაპირ, როგორც მარცვალი დოლაბებს შორის - თუგინდ მთელი ხმით იყვირე... უნდა მოითმინონ. იბრძოლონ.

ხდება ასეც: ერთ კაცს თავს დაატეხენ მთელ სამუშაოს, მისი თანამშრომელი კი მხოლოდ ხელფასის ასაღებად მოდის. ვიცნობ ერთს - ასეთს. ის ერთ-ერთ ორგანიზაციას განაგებდა. არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს და მის ადგილას მეორე დანიშნეს - იმ პარტიის წევრი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა. ამ ახალ მმართველს საშუალო განათლებაც არ ჰქონდა. მმართველი კი გახადეს, მაგრამ მუშაობისა არაფერი იცოდა და ამიტომ მისი წინამორბედი სხვა ადგილას არ გადაუყვანიათ. მაშ, რა გამოსავალი მოიფიქრეს? აი, როგორი: მმართველის კაბინეტში კიდევ ერთი საწერი მაგიდა დადგეს. მთელ სამუშაოს ძველი მმართველი ასრულებდა, ახალი კი - გულხელდაკრეფილი იჯდა: ეწეოდა, ყავას სვამდა და ყბედობდა. არც სირცხვილი, არც სინდისი. გონებითაც დიდად არ ბრწყინავდა. ყოველგვარ აბდაუბდას მიედ-მოედებოდა, ხოლო მთელი პასუხისმგებლობა ძველ მმართველს ეკისრებოდა. იქამდე მივიდა, რომ საწყალი იძულებული გახდა, წასულიყო. „მომისმინე - უთხრა მან ახალს, - მოდი, მე წავალ, კაბინეტი ვიწროა და ორი მაგიდა ძლივს თავსდება. შენ მარტო იქნები“. ადგა და წავიდა, იმიტომ, რომ მისი ცხოვრება სრულიად უსიხარულო გახდა. როცა ერთი და ორი დღე კი არა, არამედ - ყოველდღიურად ასეთი ტიპი გადგას თავზე, ეს ხომ ნამდვილი წამებაა!

სამართლიან ადამიანს დანარჩენები, როგორც წესი, ყველაზე უკანასკნელ ადგილზე ჩამოაგდებენ ხოლმე, ანდა, საერთოდ უადგილოდ ტოვებენ. ასეთ ადამიანებს უსამართლოდ ექცევიან, ფეხს აწმენდენ, როგორც გვამს - ისე გადააბიჯებენ. მაგრამ, რაც უფრო ძლიერად თრგუნავენ სამართლიან კაცს სხვები, რაც უფრო ძირს სცემენ, მით უფრო ძლიერად და მაღლა აჰყავს იგი ღმერთს - როგორც წყალი ამოაგდებს ხოლმე მოცურავეს ზევით. თუმცა უდიდესი მოთმინებაა საჭირო. მოთმინება ბევრ რამეს თავის ადგილს მიუჩენს. ვისაც კეთილმსახურებით ცხოვრება უნდა და სურს, თავისი სამუშაო პატიოსნად შეასრულოს - იქნება ეს ვაჭრობა, თუ ნებისმიერი სხვა რამ, უნდა იცოდეს, რომ პატიოსანი შრომის დაწყებისთანავე, იქამდე დავა, რომ მას არენდის გადახდის შესაძლებლობა არ ექნება. თუ მას, ვთქვათ, მაღაზია აქვს. თუმცა ეს მას ღვთის კურთხევას მოუტანს. ამავე დროს, არ უნდა შევეცადოთ, რომ პატიოსნებითა და დაბალი ფასებით მყიდველი და დამკვეთები მივიზიდოთ. პატიოსნების მიზანი ეს კი არ უნდა იყოს! - წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არაფერს მოგვცემს. ღმერთი არ მიატოვებს კაცს, თუ ის იტყვის: ვიცხოვრებ ისე, როგორც ღმერთს სურს. უსამართლოდ არავის მოვეპყრობი, ნებისმიერ საქონელს თავის ფასს დავადებ: მაგალითად, „ამის ფასი 50 დრაქმაა, იმისი - 200“. ის ასეც მოიქცევა, მაგრამ ამავე დროს მეორე ვაჭარი იმ ნივთს, რომელიც 50 დრაქმა ღირს 500-ად გაყიდის და გამდიდრდება. თუმცა ბოლოს და ბოლოს, მატყუარას მიუხვდებიან და ის იქამდე მივა, რომ სავაჭროს დახურვა მოუწევს, იმიტომ, რომ არენდასაც კი ვერ გადაიხდის. ხოლო პატიოსანი ვაჭარი ნელნელა მუდმივ მყიდველს შეიძენს და ისე მომრავლდება მუშტარი, რომ ის იძულებული გახდება, ახალი და ახალი გამყიდველები მიიღოს. მაგრამ თავდაპირველად განსაცდელის გავლა მაინც აუცილებელია. კეთილი ადამიანები ბოროტი ადამიანების ხელში გავლით გამოიცდებიან, როგორც შალი - საჩეჩ დანადგარში.

თუ ადამიანი ეშმაკს უსმენს, ეშმაკობითა და ცბიერებით ცხოვრობს, მაშინ ღმერთი მის შრომას არ აკურთხებს. ის, რასაც ადამიანები ეშმაკობით აკეთებენ, მათ წარმატებას ვერ მოუტანს. შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ცბიერი ადამიანების საქმე კარგად მიდის, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც ჩაიშლება. ნებისმიერ საქმეში მთავარია, შეუდგე მას იმ მისწრაფებით, რომ ღვთის კურთხევა იყოს შენთან. თუ ადამიანი სიმართლით ცხოვრობს, ღმერთი მის მხარესაა, მაგრამ თუ მას ამის გარდა აქვს მცირედი კადნიერება ღვთისადმი - მაშინ სასწაული აღესრულება. როდესაც სახარებისეულად ცხოვრობს, ადამიანი ცხოვრობს ქრისტეში და საღმრთო შეწევნის მიღება შეუძლია. ან სხვაგვარად როგორ იქნება? მას ხომ ამის უფლება აქვს! ყველაფერი სწორედ ამ საფუძველზე დგას. თუ ეს ასეა, არაფრის არ უნდა ეშინოდეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ქრისტეს, ღვთისმშობელს და წმინდანებს სათნო ეყოთ თითოეული ჩვენი ქმედება. მაშინ კურთხევა ქრისტესი, ღვთისმშობლისა და წმიდანებისა იქნება ჩვენთან, მაშინ ჩვენში დაემკვიდრება სულიწმიდა. თუ ვინმე უპატიოსნოა და მკერდზე პატიოსანი ჯვრის ნაწილს ატარებს, სულ ერთია, ისე იქნება, თითქოს არც არაფერს ატარებდეს. თუ პატიოსან ადამიანს არა აქვს პატიოსანი ჯვრის ნაწილი, ღვთაებრივ შეწევნას ის მაინც მიიღებს. და წარმოიდგინეთ: თუ მას ამ პატიოსნებასთან ერთად პატიოსანი ჯვრის ნაწილიც აქვს!..

 

მართალი ადამიანი სასყიდელს ამ ცხოვრებაშივე მიიღებს

მინახავს სულები, რომლებიც თუმცა უსამართლოდ შეურაცხყოფილნი იყვნენ, კეთილი ზრახვებით იტანდნენ უსამართლობას და მადლი ეფინებოდა მათ ამქვეყნიურ ცხოვრებას. მრავალი წლის წინ ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მინახულა - კეთილმა და უბრალო ადამიანმა. მან მთხოვა, მელოცა მისი შვილებისათვის, რათა უფალს გაენათლებინა ისინი და როდესაც ზრდასრულები გახდებოდნენ, არ ამხედრებულიყვნენ ნათესავების წინააღმდეგ, რომლებიც მეტად უსამართლოდ მოექცნენ მათ. შემდეგ საქმის ვითარება გამაცნო და მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. იგი მამამისის ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი ყოფილა და მას შემდეგ, რაც მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, მან შეცვალა იგი თავისი ძმებისა და დებისათვის. როგორც მოყვარული მამა, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა, დააგროვა ქონება, მიწის ნაკვეთები, უზრუნველყო ოჯახი. ორი და გაათხოვა. უმცროსი ძმებიც ასევე დაქორწინდნენ, მათ ზეთისხილის ბაღები და სხვა ამდაგვარი თვითონ დაიტოვეს, ხოლო მას უვარგისი, უნაყოფო ქვიშნარები მისცეს. ბოლოს თვითონაც დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. ის უკვე ახალგაზრდა აღარ იყო და ფიქრობდა, რომ მისი შვილები, როდესაც გაიზრდებოდნენ, მიხვდებოდნენ, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ და აღშფოთდებოდნენ. „მე არ მარისხებს ეს უსამართლობა, მითხრა მან, - იმიტომ, რომ ფსალმუნს ვკითხულობ ერთ კანონს საღამოს და ორს - გათენებამდე. თითქმის ზეპირად მისწავლე მთელი ფსალმუნი, არც ერთ მათგანში არ არის ნათქვამი, რომ უსამართლო ადამიანები წარმატებას მიაღწევენ, არამედ აშკარაა, რომ მართალ ადამიანებს ღმერთი შეეწევა. მე, მამაო, არ მაწუხებს მიწის დაკარგული ნაკვეთები, ვწუხვარ ჩემს ძმებზე, რომლებიც სულს იღუპავენ“. ეს კურთხეული ადამიანი წავიდა და მეორედ მან ზუსტად [10] წლის შემდეგ მინახულა. მეტად მხიარულად იყო და მკითხა: „გახსოვარ, მამაო, გახსოვარ?“ „დიახ“ - მივუგე მე და გამოვკითხე მისი საქმეების შესახებ. „მე გავმდიდრდი!“ - მითხრა მან. „როგორ გამდიდრდი, ძმაო?“ აი, როგორ: ის უნაყოფო ადგილები, მე რომ მერგო, ძალიან ძვირად შეფასდა, რადგანაც ზღვის პირას იყო განლაგებული. ეხლა ძალიან ბევრი ფული მაქვს და საკითხავად მოვედი, რა ვუყო მას“. „შენი შვილებისათვის სახლი ააშენე და მათი სწავლა-განათლებისთვის გადადე ფულის ნაწილი, ვიდრე ისინი ფეხზე დადგებოდნენ“ - ვუპასუხე მე. „შვილებისთვის უკვე გადავდე, მაგრამ მაინც ბევრი დამრჩა“ „მაშ ღარიბებს დაეხმარე, ჯერ ნათესავებს, მერე - სხვებს“. „მივეხმარე, მამაო, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს კიდევ“. მაშინ მე მას დავპირდი, რომ ვილოცებდი, რათა ქრისტეს გამოეცხადებინა მისთვის, სიკეთე იქ დაეთესა, სადაც ამის აუცილებლობა იყო. შემდეგ კვლავ ვკითხე: „შენი ძმები როგორ ცხოვრობენ და სად არიან?“ იგი ატირდა და ცრემლით მომიგო: „არ ვიცი, მამაო, კვალიც კი დაიკარგა. მიწის ნაკვეთები სოფლად, ზეთისხილის ბაღები და სახნავ-სათესი გაყიდეს და ახლა სად არიან - არ ვიცი. ჯერ გერმანიაში წავიდნენ, მერე - ავსტრალიაში, ეხლა კი მათ შესახებ აღარაფერი ისმის“. არ ვიცოდი, ძმების ხსენება ასე თუ გაანერვიულებდა, თორემ არაფერს ვკითხავდი. შემდეგ იგი დავამშვიდე და ერში დაბრუნდა. მე ვუთხარი: „მოდი, ერთად ვილოცოთ, რომ მათ შესახებაც სასიხარულო ამბავი შეიტყო“. და გონებაში ამოტივტივდა ფსალმუნის სიტყვები: „ვიხილე მე უღმრთოი უფროის ამაღლებული და აღმატებული, ვიდრე ნაძუთამდე ლიბანისათა და თანა-წარვხედ და აჰა, არა იყო: და ვეძიებდ მას და არა იპოვა ადგილი მისი“ [11]. მის საბრალო ძმებს სწორედ ეს დაემართათ.

ამგვარად, არაფერია უსამართლობაზე უარესი. შეეცადეთ, ღვთის კურთხევა გქონდეთ ყველაფერზე, რასაც არ უნდა აკეთებდეთ.

 


[1] - ფს. 36,16.

[2] - შეად. წიგნი იობისა.

[3] - წმ. ათონის მთაზე და ზოგადად საბერძნეთში გარდაცვლილის ნაწილებს 3-4 წლის შემდეგ მიწიდან იღებენ, განბანენ და საგანგებო ძვალშესალაგებში აწყობენ. თუ მიცვალებულის სხეული გახრწნილი არ არის, მას კვლავ სამარეში დაფლავენ და მისი სულის განსასვენებელ ლოცვებს აძლიერებენ.

[4] -  დიდი კურთხევანი - ლოცვა უძულრთათვის და უძინართათვის.

[5] - შეად. დაბ. 37,20.

[6] - რომ. 13,7.

[7] - როცა ანგარიშს არ წერენ, ვაჭრები ნამდვილ სავაჭრო კომბინაციებს უმალავენ საგადასახადო ორგანოებს და მყიდველიც არ იხდის გადასახადს, რომელიც საბერძნეთში ძალიან მაღალია (25% ღირებულების).

[8] - შეად. მთ. 5,40.

[9] - საბერძნეთში სახელმწიფო მოღვაწე დებს ფიცს, რომ თავის მოვალეობას პირნათლად აღასრულებს.

[10] - ათონიადა (ათონის საეკლესიო აკადემია) დაარსდა 1753 წ. დახურული სასწავლო დაწესებულება ბიჭებისთვის ათონის მთაზე, საგნებთან ერთად ბავშვები აქ საღვთისმეტყველო დისციპლინებს გადიან (წმ. წერილს, წმიდათა ცხოვრებას, ლიტურგიკას, ძველბერძნულ ენას, გალობას, ხატწერას).

[11] - ფს. 36,35-36.