† ბერი პაისი ათონელი

თავი მესამე
ამა სოფლის სულზე

ეშმაკი წარმართავს ქაოსს

- წმიდაო მამაო, რად ეძახიან ეშმაკს „ამა სოფლის მპყრობელს“? ის რა, მართლაც ბატონობს სამყაროზე?

- ესღა გვაკლდა სწორედ, რომ ეშმაკი ქვეყნიერებას მართავდეს! როდესაც ეშმაკს „მთავარი ამის სოფლისა“ [1] უწოდა, ქრისტეს ის კი არ ჰქონდა მხედველობაში, რომ ის „ქვეყნიერებას მართავს“, არამედ ის, რომ იგი ბატონობს ქაოსზე, სიცრუეზე. სხვაგვარად როგორ შეიძლება! განა ღმერთი ეშმაკის ქვეყნიერების მმართველობას დაუშვებს? თუმცა ისინი, ვისი გულებიც ქაოსს, ბიწიერებას არის მიცემული, ემორჩილებიან „სოფლისმპყრობელთა... ამის საწუთოსათა“ [2]. ანუ ეშმაკი მართავს ქაოსს და იმათ, ვინც ქაოსსა და ქვეყნიურს დამონებია. მართლაც, რას ნიშნავს სიტყვა „ქვეყანა“? მორთულობას, ამაო ზიზილ-პიპილებს - განა ასე არ არის?“ [3] ამგვარად, ეშმაკის ბატონობის ქვეშ არის ის, ვინც ქაოსს ემონება. ქაოსური ქვეყნიერების მიერ დატყვევებული გული სულს განვითარების საშუალებას არ აძლევს, გონებას კი - აბნელებს. და მაშინ ადამიანი მხოლოდ ჰგავსღა ადამიანს, არსობრივად კი იგი სულიერად დაუმთავრებელია.

გონება მეუბნება, რომ ჩვენი სულის უდიდესი მტერი, უმეტესი მტერი, ვიდრე თვით ეშმაკი, არის ამქვეყნიური სული. ის ტკბილად გვიზიდავს და საუკუნო სიმწარეში გვტოვებს. ჩვენ რომ თვით ეშმაკი დაგვენახა, საშინელება შეგვიპყრობდა, ღმერთს მივმართავდით და უეჭველად სამოთხისაკენ გავემართებოდით. ჩვენს ეპოქაში ქვეყნიერებაზე შემოვიდა ბევრი რამ ქვეყნიური, ბევრი რამ სულისგან ამის სოფლისა. ეს „სოფლიური“ დაარღვევს სამყაროს. როდესაც სოფელი შეიწყნარეს (შინაგანად ამსოფლისაგანი გახდნენ), ადამიანებმა საკუთარი თავიდან განაგდეს ქრისტე.

- წმიდაო მამაო, რად ვერ ვხვდებით, თუ რა დიდი ბოროტების მოტანა ძალუძს სულს ამა სოფლისას და გაგვიტაცებს ხოლმე იგი?

- იმიტომ, რომ ამსოფლიური სული ჩვენში თანდათანობით მკვიდრდება. როგორც ის ზღარბი, კურდღლის სახლში რომ მივიდა: თავდაპირველად მან კურდღელს მხოლოდ ის სთხოვა, რომ მის ქოხში თავს შეჰყოფდა, რათა წვიმაში არ დასველებულიყო, შემდეგ ერთი თათი შემოაპარა, მერე - მეორე, ბოლოს ერთიანად დაიპყრო ქოხი და კურდღელი ნემსების ჩხვლეტით იქიდან გამოაძევა. ასევე ამსოფლიური სიბრძნე მცირე დათმობებით გვატყუებს და თანდათანობით გვეუფლება ჩვენ. ბოროტება ჩუმ-ჩუმად მიდის წინ, აშკარა ნახტომებს რომ აკეთებდეს, ჩვენ არ მოვტყუვდებოდით. როდესაც ცელქი ბიჭები ბაყაყს მდუღრავენ, წყალს წვეთ-წვეთობით ასხამენ, რადგან თუ-უცაბედად დაასხამენ მდუღარეს, ის გადახტება და საშიშროებას განერიდება. ხოლო თუ ცოტაოდენ მდუღარეს იგრძნობს, თავდაპირველად შეკრთება, შემდეგ კი დამშვიდდება. თუ ისევ ცოტ-ცოტაობით დასხმას განაგრძობენ, თავდაპირველად კვლავ შეშფოთდება, მაგრამ ნელ-ნელაობით ისე მოიხარშება, ვერც გაიგებს. „რა გჭირს ბაყაყო, მდუღარეს გასხამენ, ისკუპე და გაიქეცი!“ არა, არ გარბის, იბერება, იბერება და ბოლოს იმდუღრება. ასევე იქცევა ეშმაკი. ის „მდუღარეს გვავლებს“ წვეთ-წვეთობით, ხოლო საბოლოო ჯამში, ჩვენ რომ ვერ გავიგებთ, ისე აღმოვჩნდებით „დამდუღრულები“ [4].

 

პატივი სულიერ მშვენიერებას უნდა მივაგოთ

სული, რომელიც ნივთიერი სამყაროს მშვენიერებითაა მოხიბლული, ამტკიცებს, რომ მასში ამსოფლიური სული ცოცხლობს. ამიტომ იგი შემოქმედით კი არა - ქმნილებითაა გატაცებული, არა - ღმერთით, არამედ - თიხით. ის, რომ ეს თიხა სუფთაა და ცოდვის ბიწი არ შეხებია, არაფერს ნიშნავს. გატაცება ამსოფლიური სილამაზით, რომელიც თუმცა ცოდვისმიერი არ არის, მაინც ამაოებად რჩება. გული დროებით სიხარულს გრძნობს - სიხარულს. რომელიც საღვთო ნუგეშს, შინაგან აღფრთოვანებას, სულიერ ზეიმსაა მოკლებული. როდესაც ადამიანს სულიერი მშვენიერება უყვარს, ივსება და იხვეწება მისი სულიც.

ადამიანი და განსაკუთრებით - ბერი საკუთარ შინაგან უბადრუკობას რომ ხედავდეს, გარეგნულ სილამაზეს აღარ გამოეკიდებოდა. სული ისეთი დაბინძურებული და დასვრილია, ჩვენ კი, მაგალითად, ტანსაცმელზე ვზრუნავთ. ტანსაცმელს ვრეცხთ, ვაუთოებთ და გარეგნულად სუფთები ვართ, მაგრამ როგორები ვართ შიგნიდან? ეს ჯობია არც ვიკითხოთ. ამიტომ ყურადღებას რომ აქცევდეს საკუთარ სულიერ უწმინდურობას, ადამიანი იმაზე აღარ დაკარგავდა დროს, რომ სკურპულოზურად, უკანასკნელ უმცირეს ლაქამდე ეწმინდა თავისი ტანსაცმელი. მთელი გარჯა სულის, შინაგანის გასუფთავებისკენ უნდა მივმართოთ და არა გარეგნული სილამაზისკენ. უპირატესობა ამაო სილამაზეს კი არ უნდა მივანიჭოთ, არამედ სულის მშვენიერებას. უფალმაც ხომ თქვა, რომ მთელი სოფელი არ ღირს მხოლოდ ერთი ადამიანის სულად [5].

 

ამსოფლიური სურვილები

ის, ვინც საკუთარ გულს არ ალაგმავს და ისეთი ნივთიერი სურვილებისკენ ექნება მისწრაფება, რომელთა გარეშეც შეიძლება არსებობა (ხორციელ ვნებებზე ხომ საუბარიც არ არის), ვინც გონებასა და გულს არ მოიკრებს, რომ ისინი სულთან ერთად ღმერთს მიუძღვნას, ორმაგი უბედურება ელის.

- წმიდაო მამაო, როცა რაიმეს ისურვებ, ეს ყოველთვის ცუდია?

- არა, გულის სურვილები თავისთავად ბოროტება არ არის. მაგრამ რაღაც, თუნდაც არაცოდვისმიერი, რომელიც გულის ნაწილს დაიპყრობს ქრისტესადმი ჩემს სიყვარულს ამცირებს. და ასეთი უცოდველი სურვილიც ბოროტებად იქცევა, რადგან მისი საშუალებით ბოროტი ქრისტესადმი სიყვარულს უშლის ხელს. როდესაც რაიმე სასარგებლო ნივთის მიღება მსურს, მაგალითად - წიგნის და ეს სასარგებლო ჩემი გულის თუნდაც მცირე ნაწილს იპყრობს, ასეთი სურვილიც არ არის კეთილი. რატომ უნღა დაატყვეოს წიგნმა ჩემი გულის ნაწილი? რა სჯობს - გვინდოდეს წიგნი თუ გვწყუროდეს ქრისტე? ადამიანის ნებისმიერი სურვილი, როგორი კარგიც არ უნდა ჩანდეს იგი, აუცილებლად უფრო დაბლა დგას, ვიდრე წყურვილი ქრისტესი ან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა. განა შეიძლება ღმერთი არ განვიცადო სრულად, თუკი მე მას მთელ ჩემს გულს მივცემ? ღმერთი ადამიანის გულს ეძებს: „შვილო, მე მომეცი შენი გული“ [6]. და თუ ადამიანი მისცემს მას თავის გულს, მაშინ ღმერთი მას იმას მიჰმადლებს, რაც მის გულს უყვარს - თუ ეს მისთვის საზიანო არ იქნება. გულს ტყუილუბრალოდ არ ფლანგავ მხოლოდ მაშინ, როცა მას ქრისტეს უძღვნი და ამ ქვეყნად მარტო ქრისტეში მოიპოვებს ადამიანი საღვთო სიყვარულის სამაგიეროს, ხოლო იმქვეყნად მარადიულ - საღმრთო სიხარულს.

უნდა გავურბოდეთ ამსოფლიურ საგნებს, რათა მათ ჩვენი გულები არ დაიპყრონ. მხოლოდ უბრალო ნივთებს უნდა ვიყენებდეთ, ისეთს, რაც ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ამასთან, იმაზე ვიზრუნოთ, რომ ჩვენს მიერ გამოყენებული საგნები საიმედო იყოს. როცა გვსურს, რაიმე ლამაზი ნივთით ვისარგებლოთ, ამ სილამაზეს მთელ ჩვენს გულს ვუძღვნით. ღმერთისთვის გულში ადგილი აღარ რჩება. მაგალითად, როდესაც რომელიმე სახლს ჩაუვლი და ხედავ მის მდიდრულ მორთულობას - მარმარილოს, მოწყობილობას - აღფრთოვანდები კედლებითა და სამშენებლო მასალით და ყოველივე ამაში შენს გულს ტოვებ. ანდა მაღაზიაში სათვალის ლამაზ ჩარჩოს ხედავ და მისი ყიდვა გინდება. თუ არ იყიდი, გულს იმ მაღაზიაში დატოვებ, ხოლო თუ იყიდი და ატარებ, შენი გული აღძრული იქნება ამ ჩარჩოს მიმართ და მიეჯაჭვები მას. განსაკუთრებით ამ ანკესზე ქალები წამოეგებიან ხოლმე. ძალიან ცოტაა ისეთი ქალი, რომელიც თავის გულს ამაოებაზე არ განაბნევს. მე მინდა ვთქვა, რომ ეშმაკი მათ მდიდარ გულებს ყოველივე ამსოფლიურის, ფერადის, ბრწყინვალის საშუალებით ძარცვავს. თუ ქალს თეფში მიუნდა, ის ცდილობს ყვავილებიანი თეფში მოძებნოს, შეიძლება იფიქრო, რომ უყვავილო თეფშზე თუ შეჭამს, მისი ულუფა დამჟავდება! ზოგიერთი სულიერი ქალბატონი კი სადმე ნახავს რაიმე სერიოზულ სურათს, მაგალითად ორთავიან (ბიზანტიურ) არწივს ან რაიმეს ამდაგვარს. შემდეგ კი კითხულობენ: „რატომაა, რომ ყოველივე სულიერის მიმართ უგრძნობები ვართ?“ კი მაგრამ, რა უნდა იგრძნო, როდესაც შენი გული კარადებითა და ლამბაქებითაა დანაგვიანებული? შენ გული არა გაქვს, გაქვს მხოლოდ ხორცის ნაჭერი - გულის კუნთი, რომელიც საათის მსგავსად ძგერს შენსავე მკერდში. ხოლო გულის ასეთი მექანიკური მოძრაობა მხოლოდ იმისთვისაა საკმარისი, რომ ფეხი გადადგა. რადგან გულის ერთი ნაწილი ერთისკენ მიდის, მეორე - მეორესკენ და ქრისტესთვის აღარაფერი რჩება.

- წმიდაო მამაო, ალბათ თვით უბრალო სურვილებიც კი ცოდვაა?

- ეს სურვილები, რაც არ უნდა უცოდველი იყოს ისინი, უარესია, ვიდრე ცოვდილი სურვილები. რადგან ცოდვილ ვნებას ოდესმე მაინც აღიქვამს ადამიანი, როგორც ცოდვას - თანდათანობით იგი სინდისის ქენჯნას იგრძნობს და შეეცდება, რომ გამოსწორდეს. ის შეინანებს და იტყვის: „ვცოდე, ღმერთო ჩემო“. მაშინ, როცა ეს „კეთილი“ სურვილები პირიქით, მას არ აწუხებს, ადამიანს ჰგონია, რომ მასში ყველაფერი რიგზეა. იგი ამბობს: „მე მიყვარს ყოველივე კარგი, ყოველივე ლამაზი, ღმერთმა ხომ ყველაფერი ლამაზად შექმნა“. დიახ, ასეა, მაგრამ ამ ადამიანის სიყვარული მიმართულია არა შემოქმედისკენ, არამედ ქმნილებისაკენ. ამიტომ კარგია, თუ ყოველგვარ სურვილს მოვიკვეთთ. როდესაც ადამიანი ქრისტესათვის რაიმე ძალისხმევას გამოიყენებს, სწირავს იმას, რაც მას უყვარს, რაც არ უნდა კარგი იყოს იგი - და აკეთებს იმას, რაც არ უყვარს, მაშინ ღმერთი მას უდიდეს სიმშვიდეს ანიჭებს.

მანამ, ვიდრე გული განიწმინდება, მას ამსოფლიური სურვილები აქვს და ისინი მას ახარებენ. მაგრამ განწმენდის შემდეგ გულს სწყინდება ამსოფლიური სურვილები, მათდამი სიძულვილს გრძნობს. და მაშინ გული სულიერით ხარობს. ამგვარად, ამსოფლიურ სურვილთა ჩახშობით განიწმინდება გული. თუ ამ სურვილთა მიმართ სიძულვილი არ იგრძნო, გულს გაიტაცებენ ისინი. მაგრამ ხედავ, როგორ გამოდის: ისიც კი არ გვსურს, ოდნავად შევავიწროვოთ ჩვენში ძველი კაცი, არამედ მის ვნებებს აღვასრულებთ. ყოველივე ამის შემდეგ, როგორღა შევძლებთ, მივბაძოთ ქრისტეს?

- წმიდაო მამაო, თუ მიჭირის რომელიმე სურვილის მოკვეთა, ამ ბრძოლაში უკან არ უნდა დავიხიო?

- დიახ. დაე, საკუთარი გული გაგინაწყენდეს, რომ შენ მის სურვილებს არ მიჰყვები და არ აკეთებ იმას, რაც მას უყვარს - მას არ უნდა უსმინო, რადგანაც მისი მოსმენით შენ კვლავ ამსოფლიურ სიხარულს განიცდი, შემდეგ კი - ამსოფლიურ შფოთს. თუ უსმენ საკუთარ გულს და იგი გაგინაწყენდება იმის გამო, რომ მას არ მიჰყვები, შენ კი მისი ეს განწყობა გახარებს, მაშინ მოდის საღმრთო მადლი. ხოლო საღმრთო მადლის მოხვეჭისათვის საჭიროა მოიკვეთო თვით კეთილი სურვილებიც კი, საჭიროა მოიკვეთო პირადი ნება. მაშინ ადამიანი მდაბლდება, ხოლო, როცა ის მდაბლდება, საღმრთო მადლი მოდის. ამსოფლიურისადმი გაციებით, გული სულიერად ხარობს. საჭიროა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ისწავლო, რომ ამქვეყნიურ ნუგეშს გაექცე, შინაგანი, სულიერი ღვაწლით იყო დაკავებული, რათა საღმრთო ნუგეში მოიხვეჭო.

 

ამსოფლიური სიხარული - ნივთიერი სიხარულია

- წმიდაო მამაო, ხშირად ერის ადამიანები ამბობენ, რომ ყოველგვარ სიკეთეს ფლობენ და მაინც რაღაცნაირ სიცარიელეს განიცდიან.

- ჭეშმარიტი, წმიდა სიხარული ქრისტეს სიახლოვეს მოიხვეჭება. როდესაც ლოცვით შეუერთდები მას, ნახავ, რომ შენი სული ივსება. ერის ადამიანები სიხარულს ტკბობაში ეძიებენ. ზოგიერთი სულიერი ადამიანი სიხარულს საღვთისმეტყველო დისპუტებში, საუბრებსა და სხვა ამგვარ რამეში ეძებს. მაგრამ, როდესაც ისინი ამ საღვთისმეტყველო მსჯელობებს ამთავრებენ, მათში სიცარიელე რჩება და ეკითხებიან საკუთარ თავს, რა გააკეთონ შემდეგში; როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის საქმე, რომლითაც იგი დაკავებულია - ცოდვილი თუ ნეიტრალური - შედეგი ერთია... ჯობდა, წასულიყავი და დაგეძინა, რომ დილით ფხიზელი გონებით დაგეწყო სამუშაო.

სულიერი სიხარული არ მიდის მასთან, ვინც ერული სურვილებით ავსებს თავის გულს. ასეთ ადამიანს შფოთი ეწყება. სულიერ ადამიანებში ერული სიხარული შეშფოთებას აღძრავს. ერული სიხარული მდგრადი და ჭეშმარიტი არ არის. ეს დროებითი, წარმავალი სიხარულია - სიხარული ნივთიერი და არასულიერი. ერული სიხარული ადამიანის სულს ვერ დამუხტავს, არამედ მხოლოდ დაანაგვიანებს მას. როდესაც სულიერ სიხარულს განვიცდით, ნივთიერ სიხარულს აღარ მოვინდომებთ. „განვსძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა“ [7] ერული სიხარული კი არ აღადგენს, არამედ წარიტაცებს სულიერი ადამიანის მთელ ძალებს. შეიყვანე სულიერი ადამიანი ერულ აპარტამენტებში - ის აქ ვერ დაისვენებს. და თვით ერის ადამიანსაც მხოლოდ ეჩვენება, რომ ისვენებს, სინამდვილეში კი ის იტანჯება. გარეგნულად იხარებს, მაგრამ ეს მას შინაგან კმაყოფილებას ვერ ანიჭებს და იტანჯება.

- წმიდაო მამაო, მეტად ჭირს სუნთქვა ამ ერულ წესრიგში.

- ადამიანებს სუნთქვა უჭირთ, მაგრამ თავადვე სურთ ეს სივიწროვე. როგორც ბაყაყი, ის ხომ თავად ხტუნაობს და პირში უვარდება გველს, გველი ტბის სიახლოვეს დარაჯობს მას და თვალმოუშორებლად შესცქერის. გველის ცქერაში საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, ბაყაყი მოჯადოებულივით ყიყინით მიხტის მისკენ და მის ხახაში ხვდება. გველი შხამავს მას, რათა წინააღმდეგობის უნარი დააკარგვინოს. აქ კი იწყებს ბაყაყი წრიპინს, მაგრამ რომც მიხვიდე, მიეხმარო და გველი გააგდო, ბაყაყი ყველა შემთხვევაში განწირულია, რადგან შხამითაა მოწამლული.

- წმიდაო მამაო, რატომ ახარებთ ადამიანებს ამსოფლიური საგნები?

- თანამედროვე ადამიანები მარადიულობაზე არ ფიქრობენ, თავმოყვარეობა ეხმარებათ მათ, დაივიწყონ, რომ ყველაფერს დაკარგავენ, მათ ვერ გაუცნობიერებიათ ცხოვრების უღრმესი აზრი, არ უგრძვნიათ სხვა - ზეციური სიხარული. ამ ადამიანების გულები სიხარულით არ მიემართება რაღაც უმაღლესს. მაგალითად, შენ აძლევ ადამიანს გოგრას, „რა შესანიშნავი გოგრაა!“ - შესძახებს იგი. შენ აძლევ მას ანანასს. - „უჰ, რა ქერცლი აქვს ამ ანანასს!“ - ამბობს იგი და ანანასს აგდებს, რადგან მას ის არასოდეს გაუსინჯავს. ან უთხარი თხუნელას: „რა მშვენიერია მზე!“ ის ისევ მიწაში მიძვრება. ისინი, ვისაც ნივთიერი სამყარო აკმაყოფილებთ, უგუნურ ჩიტებს ჰგვანან, რომლებიც კვერცხებში უხმაუროდ სხედან, ნაჭუჭის გატეხვასა და გარეთ გამოსვლას არ ცდილობენ, რათა გაიხარონ მზით - სამოთხისეული ცხოვრებისკენ ზეციური გაფრენით - არამედ გაუნძრევლად მჯდარნი კვერცხის ნაჭუჭშივე კვდებიან.

 

ერული სული სულიერ ცხოვრებაში

- წმიდაო მამაო, ზოგჯერ თქვენ ამბობთ, რომ ესა თუ ის ადამიანი ევროპული ლუპით იცქირება და არა აღმოსავლური სულის საშუალებით. რისი თქმა გსურთ ამით?

- იმის თქმა მინდა, რომ ის ევროპული თვალით, ევროპული ლოგიკით, ურწმუნოდ, ადამიანური თვალთახედვით იყურება.

- და რა არის ეს აღმოსავლური სული?

- „აღმოსავალი აღმოსავალთათ, და მსხდომარეთა ბნელსა შინა და აჩრდილთა ვიხილეთ ჭეშმარიტებაა, რამეთუ ქალწულისაგან წმიდისა გამოგვიჩნდი ჩვენ უფალო“ [8].

- ანუ?

- როდესაც ვამბობ, რომ ვინმემ მოიპოვა აღმოსავლური სული და დატოვა ევროპული სული, ვგულისხმობ იმას, რომ ლოგიკის, რაციონალიზმის დატოვებით ადამიანმა უბრალოება და ღვთისმოსაობა მოიპოვა. უბრალოება და ღვთისმოსაობა ხომ სწორედ მართლმადიდებლური სულია, რომელშიც მყოფობს ქრისტე. დღეს სულიერ ადამიანებს ხშირად არ ჰყოფნით უბრალოება - ის წმინდა უბრალოება, რომელიც სულიერ ძალებს აღადგენს. თუ მსოფლიო სულს არ დაუტევებ, თუ უბრალოდ არ მოიქცევი, ანუ იმაზე არ იფიქრებ, როგორ შემოგხედავენ ან რას იტყვიან შენზე სხვები, ღვთისა და წმინდანების ნათესავი ვერ გახდები. იმისათვის, რომ ამგვარი ნათესაობა მოიპოვო, აუცილებელია ცხოვრება სულიერ სივრცეში დაიწყო. რაც უფრო მეტი უბრალოებით მოქმედებს ადამიანი - განსაკუთრებით მონასტრული თანაცხოვრებისას, მით უფრო წყნარი და „გაუთოვებულია“ იგი. რადგან მისი ვნებების უსწორმასწორობანი წარიხოცება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ იგი ცდილობს, საკუთარი თავისაგან ყალბი ადამიანი შეთითხნოს. ამიტომ, იმისათვის, რომ ანგელოზებს მივემსგავსოთ, ვეცადოთ, რომ ქვეყნიური კარნავალის კოსტიუმი გავიძროთ.

იცით, რით განსხვავდებიან ერის ადამიანები სულიერი ადამიანებისაგან? ერის ადამიანები იმაზე ზრუნავენ, რომ ეზო ჰქონდეთ სუფთად, მათ არ აინტერესებთ ჭუჭყიანია თუ არა სახლი შიგნიდან ისინი ეზოს გვიან და ნაგავი სახლში შეაქვთ. „ხალხი ეზოს ხედავს, ხოლო სახლს შიგნიდან ვერ ნახავენ“. - ამბობენ ისინი ანუ - დაე, შინაგანად დავბინძურდე, მაგრამ - არა გარედან. მათ სურთ, რომ სხვებს მოსწონდნენ. სულიერი ადამიანები კი იმაზე ზრუნავენ, რომ სახლი შიგნით იყოს სუფთა, მათ არ აწუხებთ, თუ რას იტყვიან მათზე სხვები, იმიტომ, რომ ქრისტე იმყოფება სახლში, ანუ გულში და არა - ეზოში.

ერთის მხრივ ხდება, რომ სულიერი ადამიანებიც იქცევიან საჩვენებლად, ერულად და უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, ფარისევლურად. ასეთი ადამიანები იმაზე კი არ ფიქრობენ, თუ როგორ მოხვდნენ ღმერთთან, სამოთხეში, არამედ იმაზე, თუ ამ ქვეყნად როგორ წარმოჩინდნენ კარგად. ისინი აკლდებიან სულიერ სიხარულს მაშინ, როცა შეეძლოთ, სამოთხისეული მდგომარეობა უკვე აქვე განეცადათ. და ამგვარად ისინი მარტოსულნი რჩებიან. ისინი ცდილობენ, სულიერად იცხოვრონ ერული წესებით. თუმცა შინაგანად ისინი ცარიელნი არიან - ღმერთი არ არის მათში.

სამწუხაროდ, მსოფლიო სულმა ძლიერი ზეგევლენა მოახდინა თვით სულიერ ადამიანებზეც. და თუ სულიერი ადამიანები ერულად ფიქრობენ და მოქმედებენ, მაშ როგორღა იმოქმედებენ და იფიქრებენ ერის ადამიანები? როდესაც ვთხოვე რამდენიმე ადამიანს, რომ დახმარებოდნენ მოზარდ-ნარკომანებს, მათ მიპასუხეს: „თუ ნარკომანებისათვის თავშესაფარს მოვაწყობთ, ამ საქმისთვის შემოწირულობას არავინ გაიღებს, ამიტომ სჯობს მოხუცებულთა სახლი დავაარსოთ“. განა იმას ვამბობ, რომ მოხუცებულთა სახლი საჭირო არ არის. საჭიროა, და მერე როგორ... მაგრამ თუ ჩვენ ასეთი წინაპირობებიდან გამოვალთ, ჩვენი ქველმოქმედება კრახით დამთავრდება. ადამიანებს არ ესმით, რომ ერული წარმატებულობა სულიერი წარუმატებლობაა.

 

ერული სული მონაზვნობაში

- წმიდაო მამაო, ბევრი გვეუბნება, თქვენ აქ, როგორც სამოთხეში, ისე ცხოვრობთო.

- ილოცეთ, რომ სხვა სამოთხის გარეთ არ დარჩეთ. მე კმაყოფილი ვიქნები, თუ ერის ადამიანებზე თქვენი სულიერი წინსვლა შთაბეჭდილებას მოახდენდა, ხოლო თქვენ თვითონ, - სწორედ ამ სულიერი განვითარებულობის მიზეზით - ვერ შეამჩნევდით იმ შთაბეჭდილებას, რომელსაც სხვებზე ახდენთ, შთაბეჭდილების მოხდენას კი არ შეეცდებოდით, არამედ ის თავისთავად შინაგანად და ბუნებრივად წარმოიშობოდა. ეცადეთ, დრო ამაოდ არ დაკარგოთ, სხვაგვარად - დაკარგავთ ქრისტეს, შეეცადეთ, რომ თქვენი სინდისი, რაც შეიძლება მეტად გახდეს მონაზვნური. იცხოვრეთ სულიერად - როგორც მონაზვნებმა. ნუ დაივიწყებთ ქრისტეს, რათა მასაც ახსოვდეთ თქვენ. ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ თქვენ გაწყენინოთ, არამედ ის, რომ დაგეხმაროთ და განგამტკიცოთ. მსოფლიო სული, რომელიც მონაზვნობაში მემოიჭრა, განარისხებს თვით ქრისტეს. შუეცადეთ, ამოიცნოთ ეს უცხო სული და შორს განდევნოთ იგი.

სამწუხაროდ, ერული სული ერიდან შევიდა ბევრ მონასტერში, ამის მიზეზი ისაა, რომ ზოგიერთი სულიერი წინამძღვარი ჩვენს ეპოქაში მონაზვნობას ერულ კალაპოტში მიმართავს და წმ. მამათა მადლმოსილი სულიერებით მონაზონთა სულებს არ ასაზრდოებენ. ვხედავ, რომ დღეს მონასტრებში წმ. მამათა საწინააღმდეგო სულია გაბატონებული. კეთილსა და წმ. მამათასეულს მონაზვნები არ იწყნარებენ, ანუ ისინი სულიერად არ ცხოვრობენ. ისინი მორჩილების, საკუთარი ნების მოკვეთის სახელით მოქმედებენ, სულიერ სიმაღლეებს მიწიერთან ათანასწორებენ და ერული თვითნებობით იქცევიან. ამგვარი ცხოვრებით ისინი წარმატებებს ვერ აღწევენ, იმიტომ, რომ მათ ნაცვლად მონასტერში მაცდური, ერული სული „იღწვის“. ჩვენ უფლება არა გვაქვს, ღვთის მცნებები ისე განვმარტოთ, როგორც გვაწყობს. ჩვენ უფლება არა გვაქვს, მონაზვნობა ისე წარმოვიდგინოთ, როგორც გვსურს. საკუთარი უძლურების აღიარება და ღვთის წყალობის სიმდაბლით თხოვა - სულ სხვა საქმეა. უდიდესი ბოროტება, ჩემი აზრით, ის არის, რომ ზოგიერთები ამ ერულ სულს პროგრესად მიიჩნევენ. საჭიროა, საკუთარმა დაცემამ ამოგვაცნობინოს ეს სული და აღმოვფხვრათ იგი ჩვენგან რათა სულიერად განვიწმინდოთ. და მაშინ, მაშინათვე მოვა სულიწმიდა, რომელიც განანათლებს, გააცნობიერებს და განამტკიცებს სულებს.

არიან ისეთი მონაზვნებიც, რომლებიც ამბობენ: „ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი კულტურა“. რომელი კულტურა? ერული?! ბუნებრივი იქნებოდა, თუ ჩვენ - მონაზვნები ჩვენს სულიერ კულტურას, სულიერ განვითარებას გამოვავლენდით. რომელ სულიერ განვათარებას? აი, რომელს: არ შევეცდებოდით, ერის ადამიანებისათვის ერულ განვითარებაში გაგვესწრო, ეს ერული განვითარება ხომ მათთვისაც კი მტანჯველია, აღარაფერს ვამბობ მონაზვნებზე. ჩვენი სულიერი სწრაფვა ისეთი მაღალი უნდა იყოს, რომ ერის ადამიანებს გამოყოლის სურვილი აღვუძრათ. თუ ჩვენ, მონაზვნები, ისევე მოვიქცევით, როგორც რომელიმე მაღალსულიერი ერისკაცი, ერის ადამიანებისათვის ეს სარგებლობის მომტანი ვერ იქნება იმიტომ, რომ მაღალსულიერი ერისკაცის მაგალითი მათ უჩვენოდაც აქვთ. ჩვენი ცხოვრება უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე სულიერი ერისკაცისა. ბერმა მიზნად არ უნდა დაისახოს, რომ სხვებს ერის განვითარება აჩვენოს. ეს შეურაცხყოფს მონაზვნობას. ერულად მოაზროვნე მონაზონი იმის მაჩვენებელია, რომ იგი გზას ასცდა, - ის ამ გზაზე ქრისტესთვის შედგა, მისი სული კი ერისკენ ისწრაფის. ერული განვითარების გზით - რომელიც პროგრესად მიაჩნიათ - მონაზვნობა სულიერ გახრწნამდე მივა.

მონაზვნობაში ქრება ძალიან ბევრი რამ, ისევე, როგორც ერში ქრება პატიოსნება, ღირსება და მათ შესახებ ამბობენ, რომ თავისი დრო მოჭამეს. ამიტომ ისეთ ტკივილებს განვიცდი, რომ ხმამაღალი ყვირილი მინდა. მინდა, წავიდე სადმე შორს, რომ ყოველივე ეს აღარ ვნახო. ვისაც არაფერი მაღალი არ განუცდია არასდროს, ის არცთუ ძლიერად განიცდის თავისი სულიერი ცხოვრების გამო, რომელშიც ყველაფერს საკუთარი ტიპიკონის მიხედვით აწყობს. ერთის მხრივ, იცით, რა სატანჯველია ასეთი ტიპიკონით ცხოვრება იმ ადამიანისთვის, რომელმაც უკვე იგემა რაღაც უმაღლესი? ქრისტემ რომ ინებოს, ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა - მონაზვნურად - და მოვკვდე ვაჟკაცურად, მაშინ მე ამას ომში, წინა ხაზზე სიკვდილს დავარქმევდი. ეხლა ისეთი დროა, რომ სიკვდილი, აღმსარებლობა, მსხვერპლის გაღება ღირს მხოლოდ იმისთვის, რომ წმიდა მამები არ შეგვიგინონ.

ჩვენ სულ ვკითხულობთ და ვკითხულობთ ღირს მამათა შესახებ, მაგრამ მცირედსაც არ ვფიქრობთ იმაზე, თუ სად და როგორ ცხოვრობდნენ ისინი. უფალი ამბობს: „მელთა ხურელი უჩს და მფრინველთა ცისა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“ [9]. ეს სულისშემძვრელია. ღირსი მამები ცდილობდნენ, გამოქვაბულებში ეცხოვრათ და ქრისტეს მიმსგავსებოდნენ, ისინი ქრისტეს სიხარულს განიცდიდნენ, რადგან ყველაფერში მას ბაძავდნენ. მათ მხოლოდ ეს აინტერესებდათ. წმიდა მამებმა უდაბნო სულიერ ქალაქად აქციეს, ხოლო ჩვენ დღეს მას ერის ქალაქად ვაქცევთ. ქრისტეს ეკლესია უდაბნოსკენ ილტვის, რათა გადარჩეს“ [10], ხოლო ჩვენ უდაბნოს ერის ქალაქად გარდავქმნით. ხალხი კი ამით ცთუნდება, ყოველგვარი შეწმეობის გარეშე რჩება და მომავალში მათ საყრდენი არ ექნებათ. აი, ამ დიდ საშიშროებას ვხედავ მე ჩვენს მიერ გადატანილ მძიმე წლებში. დღეს, როცა ჩვენ განსაკუთრებული მონაზვნური ცხოვრება გვმართებს, იმისათვის, რომ ღვთაებრივი ძალა გვქონდეს, ამის მაგიერ, საუბედუროდ, ერული სულის ზეგავლენის ქვეშ ვექცევით. ის უარესობისკენ სცვლის ჩვენს არსებას და უძლურნი ვხდებით. ანუ ჩვენ თვითონვე განვდევნით საკუთარი თავიდან ჩვენს სულს და მკვდარ სხეულებად გადავიქცევით.

არიან ამჟამად მონაზვნები, რომლებიც გარეგნული მონაზვნობით ცხოვრობენ. ისინი არ ეწევიან, ხორციელ ცოდვებს არ აღასრულებენ, კითხულობენ „სათნოთმოყვარეობას“, მოჰყავთ ციტატები წმიდა მამებიდან.

ის ბავშვები, ვინც არ ქურდობდნენ, პირჯვარს იწერდნენ და ეკლესიაში დადიოდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც მოიზარდნენ, მეტნაკლებად ყურადღებიანნი იყვნენ ზნეობის მიმართ, ერში საკმარისად სულიერ ადამიანებად მიიჩნევიან და ყოველივე ეს საკმარისად ითვლება, ზუსტად ასეთივე ცხოვრებით ცხოვრობენ დღეს ზოგიერთ მონასტერში და ეს იქ ერისკაცებს იზიდავს. მაგრამ, როცა ერისკაცები ახლოს გაიცნობენ ასეთ მონაზვნებს, ხედავენ, რომ ისინი არაფრით განიჩრევიან ერის ადამიანებისაგან, რადგან ერული სული სრულადაა მათში შენარჩუნებული. ისინი რომ ეწეოდნენ, გაზეთებს კითხულობდნენ, პოლიტიკაზე საუბრობდნენ, მაშინ ერისკაცები, უკიდურეს შემთხვევაში, განერიდებოდნენ მაინც მათ, მონაზვნობა კი არაფრით იზარალებდა.

სულიერად მოუძლურებულ მონაზონს რა შეუძლია აგრძნობინოს?! თუ სპირტს გახსნილი ფლაკონით დავდგამთ, მაშინ ის ამოქრება, მთელ სიმაგრეს დაკარგავს, ვეღარც მიკრობების დახოცვას შეძლებს და ვეღარც აინთება. ხოლო თუ ასეთი ამომქრალი სპირტით სპირტქურას მოვაწყობთ, მაშინ ის დამატებით ფითილსაც გააფუჭებს. ასევეა მონაზონიც: უყურადღებობით ის საკუთარი თავიდან განდევნის საღმრთო მადლს და ამის შემდეგ მას მხოლოდ სქემა - მონაზვნის შესახედაობაღა რჩება. ის ამომქრალი სპირტის მსგავსია და ეშმაკის „დაწვა“ არ შეუძლია. „ნათელნი მონაზონთა ანგელოზნი არიან, ხოლო ნათელნი კაცთანი მონაზონნი“[11], მაგრამ მომაკვდავი მონაზონნი ნათელნი ვეღარ იქნებიან. იცით, რაოდენ დამანგრეველია ერული სიბრძნე. თუ მონაზვნობას მისი სულიერი ძალა განეშორება, მისგან აღარაფერი რჩება. რადგან „უკეთუ მარილი იგი განქარდეს“[12], მაშინ ის უკვე სასუქადაც აღარ გამოდგება ნარეცხი ნაგავი იქცევა ნეშომპალად, მაგრამ - მარილი არა. მარილით რომ მცენარე გაანოყიერო, იგი მას „დასწვავს“. იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მონაზვნობა უნდა მკვეთრად კაშკაშებდეს. მთელ ამ ხრწნადობასა და ლპობას მარილი სჭირდება. მონასტრებში რომ ერული სიბრძნე არ მეფობდეს, მათი მდგომარეობა რომ სულიერი იყოს, ეს იქნებოდა უდიდესი ძღვენი საზოგადოებისათვის. საზოგადოებას არ ჭირდება არც რამის თქმა, არც რამის კეთება მათგან, რადგან ისინი საკუთარი ცხოვრებით ილაპარაკებენ. დღეს ერს სწორედ რომ ეს სჭირდება.

შეხედეთ კათოლიკებს - სადამდე დავიდნენ ისინი! მახსოვს მრავალი წლის წინ კონიცაში სტომიონის მონასტერში რომ ვცხოვრობდი, ვიღაცამ გაზეთის ნახევი მომიტანა, სადაც ეწერა: „ასმა კათოლიკე მონაზონმა გამოხატა პროტესტი, თავდაპირველად იმიტომ, რომ ისინი არ დაუშვეს კინოთეატრში მხატვრული ფილმის ჩვენებაზე, ხოლო შემდეგ იმის გამო, რომ მათი კაბები კოჭამდეა და არა - მუხლამდე“. ეს რომ წავიკითხე, ისე შევშფოთდი, რომ ვთქვი კიდეც: „და ბოლოს და ბოლოს, რაღად გახდით მონაზვნები?“ ბოლოს ეწერა, რომ მათ შესამოსლები გაიძრეს და ერში დაბრუნდნენ. მაგრამ ამგვარი აზროვნებით ისინი მანამდეც ერში იყვნენ. მეორედ მოხდა, რომ ვნახე კათოლიკე მონაზონი, რომელიც ვითომდა მისიონერული შრომით იყო დაკავებული და იყო - არც ვიცი, ეს როგორ გამოვხატო - როგორც რომელიღაც მეტად ერული ქალიშვილი. აბსოლუტურად არანაირი განსხვავება! ასე რომ, ნუ დავუშვებთ, რომ ეს ევროპული სული ჩვენშიც ჩასახლდეს, რომ ჩვენც ამავე მდგომარეობამდე დავიდეთ.

- წმიდაო მამაო, ერული სიბრძნის უკუგდება მეტად ძნელ საქმედ მეჩვენება..

- ეს ძნელი არ არის, მაგრამ სიფხიზლეა საჭირო. გამუდმებით იფიქრე არსენი დიდის სიტყვებზე: „რისთვის განეშორე ქვეყანას...“[13] ჩვენ გვავიწყდება, რისთვის მივედით მონასტერში, ყველა მეტნაკლებად კარგად იწყებს, მაგრამ ყველა როდი ამთავრებს ასევე კარგად, რადგან ავიწყდებათ, რისთვის მიაშურეს მონასტერს.

- წმიდაო მამაო, თქვენ თქვით, რომ სული ამის სოფლისა იჭრება მონაზვნობაში და მის სულიერ კრიტერიუმებს შლის. შეძლებს ჭეშმარიტი მონაზვნური სული, წინ აღუდგეს ამას?

- ეს ავდარიც დაგვიდგა, მაგრამ ღმერთი არ დაგვტოვებს.

- წმიდაო მამაო, ასეთი აზრი გამიჩნდა: თუ არსებობს კიდევ სულიერი მიმართულების მონასტრული საძმოები?

- ეგღა გვაკლდა, რომ ასეთი საძმოები არ იყოს! მაშინ დედა ღვთისა მთელ ჩვენს „საძმაკაცოს“ ბადრაგით გაგზავნიდა არცთუ ისე შორ ადგილას!.. არსებობენ უხმაუროდ, დიდ სულიერ ღვაწლში მცხოვრები ბერები. ასეთი სული ყველა მონასტერში არსებობს, ყოველ ეპარქიაში. სწორედ ასეთი იშვიათი სულები იწვევენ ღვთის მოწყალებას და ამიტომაა, რომ იგი ყველაფერს ითმენს.

 

ერული სული - ეს ავადმყოფობაა

ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ის არის, რომ არ შევეგუოთ ამ ერულ სულს. ასეთი შეუგუებლობა - მოწმობს ქრისტეზე. შევეცადოთ, რამდენადაც შევძლებთ, საშუალება არ მივცეთ ამ მიმართულებას გაგვიტაცოს და ერულ კალაპოტში მოგვაქციოს. ჭკვიანი თევზი ანკესს არ ეგება. როდესაც სატყუარას ხედავს, მაშინვე ხვდება, რაც არის, იმ ადგილს შორდება და თავისუფალი რჩება. ხოლო უგნური თევზი სატყუარის დანახვისთანავე მისკენ ისწრაფის, გადაყლაპავს და ანკესზე წამოეგება. ასევეა სოფელიც - მას სატყუარა აქვს და მისი საშუალებით ნადირობს ადამიანებზე. ადამიანები მსოფლიო სულით იხიბლებიან და ბოლოს მის ბადეში ხვდებიან.

ერული სიბრძნე ეს ავადმყოფობაა. როგორც ავადმყოფობის აცილებას ცდილობს ადამიანი, ასევე უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი ფორმის ერული სიბრძნით არ დასნეულდეს. იმისათვის, რომ სულიერად განვითარდეს და ჯანმრთელიც იყოს, იძისათვის, რომ ანგელოზურად ხარობდეს, ადამიანს საერთო არაფერი არ უნდა პქონდეს ერული განვითარების სულთან.

 


[1] - იოან. 16,11.

[2] - ეფ. 6,12.

[3] - სიტყვა კოსმოსის მნიშვნელობა ძველბერძნულ ენაზე 1. სამკაული, 2. წესრიგი, 3. სამყარო, ქვეყნიერება, 4. ყოველივე ქვეყნიური და მიწიერი.

[4] -  ბერს ეს მაგალითი იმისთვის მოაქვს, რომ გვაჩვენოს, თუ რამდენად ადვილად ვიწყნარებთ ბოროტებას და ცოდვას, თუკი იგი ჩვენში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შემოდის, ცოდვა და ბოროტება ჩვენს ცხოვრებაში უცაბედად რომ შემოჭრილიყო, წინააღმდეგობას გავუწევდით, მაშინ როცა ბოროტებისათვის ცოტ-ცოტას დათმობით ჩვენ მას ვეჩვევით და ბოლოს ერთიანად ვემონებით.

[5] - შეად. მათ. 16,26.

[6] - იგავ. 23,26.

[7] - ფს. 16,15.

[8] - ქრისტეშობის გალობის განმანათლებელიდან

[9] - მთ. 8,20 და ლუკ. 9,58.

[10] - შეად. გამოცხ. 12,6.

[11] - ეს სიტყვები იოანე სინელს - კიბისაღმწერელს ეკუთვნის.

[12] - მათ. 5,13.

[13] - შეად. ღირსსახსოვარი მონათხრობი წმიდა და ნეტარ მამათა მოღვაწეობის შესახებ.