სულიერი ცხოვრებისათვის მრავალი წელი საჭირო არ არის. თუ შეინანებს, ადამიანს ძალუძს, ერთ წამში ჯოჯოხეთის სატანჯველიდან სამოთხეში გადაინაცვლოს. ადამიანი ადვილად–ცვალებადია, ის შესაძლოა, იქცეს ანგელოზად, ან–იქცეს ეშმაკად. ჰოი, რაოდენ დიდ ძალას ფლობს სინანული! ის საღმრთო მადლით იკვებება. თუკი ადამიანი გონებაში თუნდაც ერთ თავმდაბლურ აზრს შეიწყნარებს, მაშინ ის ცხონდება. მაგრამ, თუ იგი ამპარტავნულ აზრს მიიღებს, არ შეინანებს და ამგვარ მდგომარეობაში წამოეწევა სიკვდილი, მაშინ დამთავრდა–ის დაღუპულია! რა თქმა უნდა თავმდაბლურ აზრს სულიერი სულთქმა, შინაგანი შემუსვრილება უნდა ახლდეს. რადგანაც აზრი არის აზრი, ხოლო ადამიანს გულიც აქვს. „ყოვლითა სულითა, ზრახვითა და გულითა"–ამბობს მგალობელი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამბა ანტონი აქ რაღაც უფრო მტკიცე მდგომარეობას გულისხმობს. იმისათვის, რომ კეთილ მდგომარეობას მიაღწიოს ადამიანმა, გარკვეული დროა საჭირო. მე ვწუხვარ, ვნანობ და მეყსეულად ვიღებ შენდობას. თუკი მოღვაწეობრივი სული მაქვს, მაშინ შემიძლია ნელნელა განვიმტკიცო ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდეს, აქეთ–იქით ხეთქებას ვერ ავცდები..."
"როდესაც ადამიანი ბერდება, მას სინანულის განსაკუთრებული საშუალება ეძლევა, რადგანაც მისი ილუზიები იფანტება. ვიდრე ადამიანი ახალგაზრდა იყო, ხორციელი ძალები ჰქონდა, სირთულეებს არ აწყდებოდა და საკუთარ სისუსტეს ვერ ხედავდა, ფიქრობდა, რომ კარგ მდგომარეობაში იყო. მაგრამ სიბერეში გზად დახვედრილი ტკივილი, რომელიც გამუდმებით თან სდევს, მიხვდეს, რომ რაღაც წესრიგში ვერ აქვს, რომ სულიერად კოჭლობს; ხოლო, როდესაც ამას მიხვდება, შეინანებს. თუკი ასეთი ადამიანი სულიერ სარგებელს გამოწოვს იმ რამოდენიმე წლიდან, რომელიც მას დარჩენია და გამოიყენებს მის მიერ განვლილი მრავალი წლის გამოცდილებას, ქრისტე არ მიატოვებს და შეიწყალებს ამ ადამიანს...."