კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი:
“პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ერთი კაუჭით იყო ჩამოკიდებული, კაუჭის ზომა დაახლოებით ორი სანტიმეტრი იქნებოდა. იარაღები შევაგროვე, ავდექი, რათა ავტომობილისკენ წავსულიყავი, უცაბ კაუჭი თვალში შემესო და როგორც თევზი ანკესზე, ისე დავრჩი ერთ ადგილზე გაშეშებული.
მთელი ჩემი ძალით ვიყვირე „მიშველეთ“. სახლის მეპატრონე ჩემსკენ გამოემართა. ასეთ მდგომარეობაში, რომ მნახა, მითხრა თვალიდან კაუჭს ამოგაძრობო. უარი ვუთხარი, რადგან შემეშინდა ამოღების დროს არ დავებრმავებინე. ვთხოვე, ჩემი ავტომობილიდან ბრტყელტუჩა მოეტანა, რათა „მავთული“ გადაეჭრა, მერე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში წავეყვანე და კაუჭი იქ ამოეღოთ.
დროის მთელ იმ შუალედში, რომელიც წასვლასა და უკან მობრუნებას მოანდომა, მე ვტიროდი და ვწუხდი, რადგან სამი შვილი მყავდა და არ მინდოდა, რომ მათ ბრმა მამა ჰყოლოდათ.
სწორედ იმ წუთას ჩემს წინ ერთი გამხდარი კაცი გამოჩნდა, რომელიც შავი ანაფორით იყო შემოსილი. როგორც კი ეს კაცი დავინახე და პირჯვარი გადავისახე, ვიგრძენი თრთოლა, ვიგრძენი ასევე თუ როგორ შემეხო მისი ხელი ლოყის ქვევით, ხოლო თავი ზევით ამაწევინა და კაუჭი თვალიდან ამომივარდა.
როდესაც სახლის მეპატრონე, რომელიც ბრტყელტუჩას მოსატანად იყო წასული, დაბრუნდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში წავედით. ექიმებს მოვუყევი თუ რა შემემთხვა, მათ გამსინჯეს, მაგრამ არ დამიჯერეს. თვალის გუგაზე ჭრილობა მქონდა. ერთგვარი მალამო დამადეს და მითხრეს, რომ სამი-ოთხი დღით თვალი აუცილებლად შეხვეული უნდა მქონოდა.
მეორე დღეს, ერთ მაღაზიაში შესვლისას ზევით კედელზე დაკიდებულ ფოტოზე ვხედავ სწორედ იმ ადამიანს, რომელიც იმ საღამოს ჩემს წინ გამოჩნდა. ქალბატონს, რომლის მაღაზიაშიც ვიყავი, ვკითხე თუ ვინ იყო სურათზე გამოსახული. მიპასუხა, რომ იგი ძალიან ცნობილი ბერია*, რომელსაც პაისი ჰქვია. მინდოდა ეს სურათი თან წამომეღო, რადგან ჩემთვის ის ძალიან ძვირფასი იყო. ქალბატონს შევეხვეწე მოეყიდა ის და რა ფასსაც მოისურვებდა გადავუხდიდი. მან ერთი წიგნი მომცა, სადაც მამა პაისზე იყო მოთხრობილი. ის წიგნი იმავე დღეს წავიკითხე და მას მერე, როგორც თავის დამცავი ავგაროზი, მანქანაში მიდევს“.
*გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვარი
წყარო: მღვდელმონაზონი ისააკი, ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, გვერდები: 360-361. აღდგომის კალივის გამოცემა, კაფსალა, მთაწმინდა
მთაწმინდა, 2004
ბერი პაისი* თავისი სენაკის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც იგი მისმა ერთ-ერთმა სულიერმა შვილმა მოინახულა. ბერი გულითადად გამუდმებით იმეორებდა: „დიდება შენდა ღმერთოს“. უეცრად ბერმა თავის სულიერ შვილს მიუგო: „კარგი გაგებით, რომ ვთქვათ, ვიღაც სრულიად უსარგებლო გახდა“.
* გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვარი.
-ვინ, მოძღვარო?
-მშვიდად ვიჯექი ჩემს კელიაში, მოვიდა და თავი დამაკარგვინა. მშვენივრად ატარებენ დროს იქ ზევით.
-რა ხდება, მოძღვარო?
-გეტყვი, მაგრამ არავის უთხრა.
და მაშინ მას შემდეგი მოუთხრო: „ერიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, სადაც ერთ საეკლესიო საკითხზე ვიყავი წასული. სამშაბათს, დაახლოებით დილის 10 საათზე, ჩემს კელიაში ვიმყოფებოდი და ჟამნებს ვასრულებდი. კარზე კაკუნის ხმა მომესმა და ვიღაც ქალის ხმით ამბობს: „ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთაითა …“. ვიფიქრე:
„ქალი როგორ აღმოჩნდა მთაწმინდაზე?“. სწორედ ამ დროს ჩემში ერთგვარი ღმრთაებრივი სიტკბოება ვიგრძენი და ვიკითხე:
-ვინ არის?
-ეფემია, მიპასუხა.
ვფიქრობდი, „რომელი ეფემია? იქნებ რომელიმე ქალმა რაიმე სიგიჟე ჩაიდინა და წმინდა მთაზე კაცის სამოსით შემოვიდა? და ახლა რა ვქნა?“ კვლავ გაისმა კარზე კაკუნი. ვკითხულობ: „ვინ არის?“. „ეფემია“, – კვლავ მესმის პასუხი. ვფიქრობ და კარს არ ვაღებ. მესამედ, რომ დააკაკუნა, კარი, რომელსაც ურდული შიგნიდან ჰქონდა გაყრილი, თავისით გაიღო. შემოსასვლელიდან ნაბიჯების ხმა შემომესმა. გამოვვარდი ჩემი კელიიდან და ვხედავ ერთ მანდილით შემკულ ქალს. მას ვიღაც მოაცილებდა, რომელიც ლუკა მახარებელს ჰგავდა და გაუჩინარდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იყო საცდური, რადგანაც ქალი სინათლეს ასხივებდა, მიუხედავად ამისა, მას მაინც შევეკითხე, თუ ვინ იყო.
-დიდმოწამე ეფემია, – მიპასუხა.
-თუკი დიდმოწამე ევემია ხარ, მოდი თაყვანი ვცეთ წმინდა სამებას. რასაც მე გავაკეთებ, იგივე გაიმეორე შენც.
შევედი ეკლესიაში, გავაკეთე მეტანია და თან ვამბობდი: „სახელითა მამისათა“, გაიმეორა მეტანიის თანხლებით, გავაგრძელე „და ძისათა“ “და ძისათა“, – წარმოთქვა სუსტი ხმით.
-უფრო ხმამაღლა, რომ გავიგო, მივუგე და მანაც უფრო ძლიერად გაიმეორა.
მაშინ როდესაც ჯერ კიდევ შემოსასვლელში იმყოფებოდა, მეტანიას აკეთებდა პირით არა ეკლესიისაკენ, არამედ ჩემი კელიისაკენ იყო მიბრუნებული. თავდაპირველად ეს მეუცნაურა, მაგრამ შემდგომ გამახსენდა, რომ ყოვლადწმინდა სამების ერთი პატარა ქაღალდის ხატი ჩემი კელიის კარს ზევით ხეზე მქონდა მიწებებული. როდესაც მესამეჯერ თაყვანი ვეცით – „და წმინდისა სულისათა“, მე ვუთხარი: „ახლა კი მე შენ გცემ თაყვანს“. თაყვანი ვეცი და ფეხებსა და ფეხის თითებზე ვემთხვიე. სახეზე კი მისი ამბორი უტიფრობად მივიჩნიე.
ამის შემდეგ წმინდანი პატარა სკამზე ჩამოჯდა, მე კი – პატარა სკივრზე. მან იმ მძიმე გაურკვევლობიდან მიხსნა, რომელიც (საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით) მქონდა.
შემდეგ თავის ცხოვრებაზე მიამბო. მანამდეც კი ვიცოდი, რომ არსებობდა ასეთი წმინდანი დიდმოწამე ეფემია, თუმცა მის ცხოვრებაზე არაფერი მსმენოდა. როდესაც მან თავისი წამების შესახებ მიამბო, არათუ უბრალოდ მესმოდა, არამედ თითქოს ყოველივეს განვიცდიდი და ვხედავდი… ვკანკალებდი! პა, პა, პა!
-როგორ გაუძელი ასეთ წამებას? – ვკითხე.
-რომ მცოდნოდა, თუ რა დიდება აქვთ წმინდანებს, რაც შემეძლო ყველაფერს ვიღონებდი, რომ უფრო დიდი წამებაც კი გადამეტანა.
ამ ამბის შემდეგ სამი დღის განმავლობაში არაფრის კეთება აღარ შემეძლო. ვთრთოდი და გამუდმებით ვადიდებდი ღმერთს. არც ვჭამდი და არც არაფერი… დღენიადაგ სადიდებელი მის ყოვლადმოწყალებას.“
ბერი თავის წერილში აღნიშნავს: „მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ვერ შევძლებ გადავიხადო ის დიდი ვალი, რაც წმინდა ეფემიას წინაშე მიმიძღვის. მაშინ, როდესაც ეს წმინდანი სრულიად უცნობი იყო ჩემთვის და ჩემს მიმართ არანაირი მოვალეობა არ გააჩნდა, ასეთი დიდი პატივის ღირსი გამხადა …”
ამ ამბის თხრობისას ბერი პაისი თავმდაბლობით აღნიშნავდა, რომ წმინდა ეფემია მას გამოეცხადა „არა იმიტომ, რომ მე ამის ღირსი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ იმ ხანებში დაკავებული ვიყავი ისეთი საკითხით, რომელსაც კავშირი ჰქონდა ეკლესიის საერთო მდგომარეობასთან და ასევე ორი სხვა მიზეზის გამოც“.
გერონდაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, „თუ როგორ აიტანა ესოდენ მცირე ტანის, სუსტმა არსებამ ამდენი წამება? იტყოდი, რომ იყო ვინმე … (აქ გულისხმობდა ტანადსა და ძლიერს). ერთი წვეთი (ბეწო) იყო“.
ამ ღმრთიურ მდგომარეობაში ყოფნისას წმინდანის პატივსაცემად ფსალმუნის საგალობელის მსგავსი ერთი სადიდებელი შეთხზა: „რომელი დღესასწაულით ვუმღეროთ და ქება ვუძღვნათ ეფემიას, რომელიც ზეციური საუფლოდან ჩამობრძანდა და კაფსალაში განმარტოებულ, უბადრუკ ბინადარს ეწვია. სამგზის დაკაკუნების შემდეგ კვლავ მეოთხედაც დააკაკუნა, კარი კი სასწაულებრივად თავისთავად გაიღო და შემობრძანდა ზეციური სიდიადით, ქრისტეს დიდმოწამე, ჩვენ ერთად ვეცით თაყვანი წმინდა სამებას“.
და ასევე ერთი ექსაპოსტილარიონის (ტროპარი, რომელსაც გამთენიისას გალობენ) მსგავსად, რომელიც ასე იწყება: „ქრისტეს სახელოვანო დიდმოწამე ეფემია, ღმრთისმშობლის შემდეგ შენ მიყვარხარ ძალიან ძალიან…“ (ბუნებრივია, მათ ლიტურგიული დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებდა და არც საქვეყნოდ გალობდა).
ჩვეულებისამებრ კვლავ გამოვიდა სუროტიში (მთაწმინდასთან ახლოს მყოფი ადგილი, იქ მისი ხელშეწყობით დაარსებულია დედათა მონასტერი, სადაც ბერია დასაფლავებული) და სულიერი დედები აზიარა ციურ სიხარულს. მისი დახმარებითა და მითითებებით მათ დაწერეს წმინდანის ხატი, იმ სახით, როგორითაც გერონდას გამოეცხადა.
ბერმა ოსტატურად შეასრულა წმინდანის ხატის ნეგატივი ფოლადის შაბლონზე, რომლის მეშვეობით პატარა დაწნეხილი ხატები შექმნა და წმინდა ეფემიას პატივსაცემად კურთხევის სახით მომლოცველებს ურიგებდა. ამოტვიფრისას გაუჭირდა წმინდანის მარცხენა ხელის თითების გამოსახვა. „გავწვალდი მისი ხელის ამოტვიფრვისას, მაგრამ მერე კი ერთი კარგი აზრი გამოვიტანე: „იქნებ სწორედ იმიტომ გავწვალდი, რომ საბრალო მეც დავტანჯე“.
წყარო: მღვდელმონაზონი ისააკი, ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, გვერდები: 224-228. აღდგომის კალივის გამოცემა, კაფსალა
მთაწმინდა, 2004
1977 წლის სექტემბერში ბერ* პაისისთან მივედი, ორშაბათი იყო, პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარის ამაღლების, ჯვართამაღლების წინადღე. დილით ადრიანად დავუკაკუნე კარზე, ბერმა კარი გააღო, ძალიან გახარებული და იდუმალი ჩანდა. „ა, კარგია, რომ მოხვედი, დიაკონო“, – მეუბნება, „ხვალ ხომ დღესასწაული მაქვს. მგალობლები მოვლენ, ზღვის ქაშაყი უკვე შევუკვეთე და მხოლოდ ერთი დიაკონიღა მაკლდა. ახლა კი შენც მოხვედი და დღესასწაულზე ყველაფერი რიგზე იქნება“. სხვა ამის მსგავს ხუმრობებს ამბობდა. შემდეგ კი მითხრა, რომ ამ ღამეს იქ დარჩენილიყავი. ვიცოდი, რომ გერონდა ღამით თავისთან არავის ტოვებდა და როგორც კი ეს მითხრა, სიხარულისგან ცას ვეწიე
* გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი მოძღვარი.
პატარა ეკლესიაში წავედით, მისი დავალებით წმინდა ტრაპეზი მოვაწესრიგე, მტვერი გადავწმინდე, შემოსასვლელი დავგავე და სხვადასხვა შიდა საქმე გავაკეთე. ძალიან დიდ სიხარულს ვგრძნობდი. შუადღისას საჭმელად წავედით. ჩაი მოამზადა, ორცხობილა მოიტანა, თავის ბაღში კი ველურად მოსული ბოსტნეული მოკრიფა.
როდესაც ვლოცულობდით, ამან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ბერმა „მამაო ჩვენო…“ წარმოთქვა, ხელები აღაპყრო და ისეთი გრძნობითა და ღმრთისმოსაობით ილოცა, რომ თითქოსდა ნამდვილად უფალს ესაუბრებოდა. ამის შემდეგ, კელიაში წამიყვანა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ვისვენებდი. მოგვიანებით, მცირე მწუხრის მსახურება აღვასრულეთ სკვნილით.
როდესაც დავასრულეთ, ბერმა მითხრა: „დიაკონო, მომისმინე, ეხლა სკვნილით ღამისთევა გვექნება, დილით კი მღვდელი მოვა და წირვას აღასრულებს. იცი სკვნილზე ლოცვა? მე გეტყვი, თუ რა უნდა გააკეთო“, და ერთი განრიგი მომცა. ეს ერთი ბრძნული განრიგი იყო, რათა ღამით ძილი არ მომრეოდა. მითხრა გამეკეთებინა ერთი სამასიანი სკვნილი და თან წარმომეთქვა „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. შემდეგ კი გამეკეთებინა ერთი ასიანი სკვნილი ღმრთისმშობლისათვის, მერე – ერთი სამასიანი სკვნილი ქრისტესთვის ცოცხლებზე, ერთი ასიანი სკვნილი ღვთისმშობლისათვის ცოცხლებზე, ერთი სამასიანი სკვნილი იესოსთვის გარდაცვალებულთათვის, ერთი ასიანი სკვნილი ღმრთისმშობლისათვის გარდაცვალებულთათვის, ერთი სამასიანი სკვნილი პატიოსანი ჯვრისათვის და შემდეგ ერთი სამასიანი „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“. პირველად მესმოდა, რომ ასეთი რამ სრულდებოდა. ამიხსნა: „ეს ბოლო სკვნილი სამადლობელი პარაკლისია. როდესაც დაასრულებ, კვლავ თავიდან დაიწყე“.
მითხრა: „თუკი რაიმე ხმას გაიგებ, ნუ შეგეშინდება. აქ გარეული ღორები, ტურები და სხვა მსგავსნი დაძრწიან“. სტუმრებისთვის განკუთვნილ მცირე ოთახში მომათავსა და მითხრა, რომ შუაღამის მოახლოებისას დამიძახებდა, რათა ეკლესიაში წავსულიყავით და იქ წაგვეკითხა წმიდა ზიარების წინა ლოცვები. დროდადრო მესმოდა, თუ როგორ ღრმად ამოისუნთქავდა ხოლმე გერონდა. ზოგჯერ კედელზე მომიკაკუნებდა და მეკითხებოდა: „დიაკონო, გძინავს? კარგად ხარ?“
დაახლოებით პირველ საათზე, მას შემდეგ რაც შუაღამემ გადაიარა, პატარა ეკლესიაში წავედით. მე იმ ერთადერთ სტასიდზე ((ბერძ.) ერთგვარი სკამი, ძირითადად გვხვდება მონასტრებში) მომათავსა, რომელიც ეკლესიაში იყო, ხელში სანთელი მომცა, რათა წმიდა ზიარების წინა ლოცვები წამეკითხა. ბერი ჩემ გვერდით იდგა, მარცხენა მხრიდან, მერე კი შემდეგის თქმა დაიწყო: „დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“ და ყოველთვის როცა ამას ამბობდა, პირჯვარს იწერდა და იატაკამდე იხრებოდა.
როდესაც შემდეგ ტროპარს წარმოვთქვამდით „დედაო ღმრთისავ, წმიდაო მარიამ…“, მახსოვს, რომ მხოლოდ ეს წავიკითხე, შემდეგ კი, როცა ბერმა წარმოთქვა: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“, ვიგრძენი ერთი რამ… არ ვიცი, არ შემიძლია მისი გადმოცემა და გავჩერდი. მაშინ ღმრთისმშობლის კანდელმა რხევა დაიწყო, მკვეთრად კი არა, არამედ მყარად დაიწყო მოძრაობა ხატის სიგანის გასწვრივ და მთელი ეკლესია სინათლით აივსო. სანთლის გარეშეც კი ვხედავდი და ერთ ხანს მისი ჩაქრობაც კი გავიფიქრე.
ბერისკენ შევბრუნდი. მას ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და იატაკამდე დახრილიყო. მიხვდა, რომ მისთვის რაღაცის კითხვა მინდოდა და მანიშნა, რომ არ მელაპარაკა. სტასიდზე დავრჩი, მოძღვარი კი ჩემს გვერდით იყო წელში მოდრეკილი. ისეთ დიდ სიყვარულსა და რიდს (მოწიწებას) ვგრძნობდი ბერის მიმართ, რომ მივხვდი სამოთხეში ვიმყოფებოდი.
ზუსტად გაცნობიერება არ შემეძლო, მაგრამ ნახევარი თუ ერთი საათის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ვიყავით. არ ვიცოდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა. თავისთავად, გაუაზრებლად ვაგრძელებდი წმიდა ზიარების წინა ლოცვების კითხვას და როდესაც ამ ლოცვაზე მივედი „შეგინებულთაგან ბაგეთა…” ჯერ სინათლე ჩაქრა ნელ-ნელა, შემდეგ კი კანდელმა შეწყვიტა რხევა. დავასრულეთ წმიდა ზიარების წინა ლოცვები და გასასვლელში გავედით. მე პატარა სკამზე დამსვა, თვითონ კი უხმოდ სკივრზე ჩამოჯდა. ერთი საათის შემდეგ ვკითხე:
- გერონდა, ეს რა შემთხვევა იყო?
- რომელი შემთხვევა?
- კანდელი. ამდენი ხნის განმავლობაში, როგორ ირხეოდა ის?
- რა დაინახე?
- ღმრთისმშობლის კანდელი ირხეოდა მარჯვნივ და მარცხნივ.
- მხოლოდ ეს დაინახე?
- და სინათლე. სხვა?
- სხვა არაფერი დამინახავს (ჩანს, ბერმა უფრო მეტი რამ დაინახა და სწორედ ამიტომ მეკითხებოდა დავინახე თუ არა კიდევ რამე).
- კარგი. არაფერი ყოფილა.
- როგორ, თუ არაფერი, გერონდა? ირხეოდა კანდელი და სინათლე იფრქვეოდა!
- ე, ნუთუ არ გსმენია, თუ რა წერია წიგნებში, რომ ღმრთისმშობელი ყველა მონაზნის კელიას შემოივლის ხოლმე და ხედავს, რას აკეთებენ ისინი. აი, აქეთაც გამოიარა, ორი ცელქი გვნახა, თქვა, მოდი მათ მივესალმებიო და შეარხია თავისი კანდელი.
ამის შემდეგ თავისთავად დაიწყო თხრობა სხვადასხვა პირად გამოცდილებაზე. გამიმჟღავნა, თუ როგორ იხილა წმიდა ეფემია და სხვა მრავალი. საგრძნობლად გამოეცვალა გუნება-განწყობილება. დილამდე სულიერი საუბარი გვქონდა. ყურადღებას შემდეგზე მიმახვილებდა: „ამ ყოველივეს, დიაკონო, სიყვარულის გამო გეუბნები, იმისათვის, რომ დაგეხმარო და არა იმიტომ, რომ იფიქრო, რომ რაიმეს წარმოვადგენ“.
5.30 საათზე მღვდელი მოვიდა. ბერს სურდა, რომ წმიდა ლიტურგიაში მონაწილეობა მეც მიმეღო, მაგრამ სადიაკვნო შესამოსელი თან არ მქონდა. ერთი ძველი სტიქარი და ერთი ოლარი მომიტანა, ის გინგილად გადააკეთა და ქინძისთავით შეკრა, რაღაც სახელოები იპოვა და ხელებზე შემომახვია, როგორც საბუხრეები. მასხარასავით ვიყავი, მაგრამ ეს ლიტურგია ჩემს სიცოცხლეში ერთ-ერთი უმშვენიერესი იყო. მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით.
შაბათამდე დამტოვა თავისთან. ერთხელ ბურაზერში (ადგილია მთაწმინდაზე) გამგზავნა, რათა ჩემი თანამემამულენი მომენახულებინა და იქ შუადღისას დავრჩენილიყავი, რათა საკვები მიმეღო. ერთხელ კი სტავრონიკიტას მონასტერში გამგზავნა ისევ იმისთვის, რომ საკვები მიმეღო, რადგან მას კელიაში მხოლოდ ჩაი და ორცხობილა ჰქონდა.
წყარო: მღვდელმონაზონი ისააკი, ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, გვერდები: 224-228. აღდგომის კალივის გამოცემა, კაფსალა, მთაწმიდა
მთაწმიდა 2004