† ბერი პაისი ათონელი

წმიდა არსენ კაბადოკიელი

წმიდა არსენის სასწაულები

ცნობილია მამა არსენის ზეადამიანური ღვაწლისა და მისი სიყვარულის შესახებ ქვეყნიერებისადმი, რომელსაც იგი ეხმარებოდა როგორც კაცობრივად, ასევე სასწაულებით. ამიტომ, ჩემს წმიდა მოვალეობად მივიჩნევ, უფლის სადიდებლად და წმიდა მამა არსენისადმი მოწიწების გამოსახატავად აღვწერო მისი რამდენიმე ცნობილი სასწაული, რათა ამით ოდნავ მაინც შევამსუბუქო ჩემი უმადურობა. მამა არსენის სასწაულებში, რომელთა შესახებ დიდი თუ პატარა ფარასიოტი მოგვითხრობს, ღვთის მადლი აშკარად წარმოჩნდა, ისინი არ შეიძლებოდა საიდუმლოდ მომხდარიყო, ხოლო მამა არსენის შინაგანი, მისტიკური ცხოვრება ჩვენთვის სრულიად უცნობია.

მათ, ვინც მას დიდი მოწიწებითა და ინტერესით ეპყრობოდა, ახსოვთ ეს სასწაულები ყველა წვრილმანით და ამ ადამიანებს ვიმოწმებ სახელდებით. რაღა თქმა უნდა, მდუმარედ იქნება მოხსენიებული ყველა ფარასიოტის სახელი, რომლებმაც სხვადასხვა სასწაულის შესახებ მიამბეს, მაგრამ მე არ მომყავს ისინი, რათა არ გადავღალო მკითხველი. გამოვტოვებ დიდ ნაწილს იმ ამბებიდან, სადაც ერთსა და იმავე დაავადებათა განკურნებაზეა საუბარი და რაც მრავალ ადამიანს გადახდა. თითქმის ყველა წვრილმანს შეიცავდა მედავითნე პროდრომოს კორცინოგლუს მიერ შეკრებილი ცნობები, რომელიც აგრეთვე თავად იყო ცოცხალი, უტყუარი წყარო კურთხეული ჰაჯიეფენდის ცხოვრების აღწერისათვის.

კლდეზე, გამოქვაბულში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამლოცველო იყო. ფარასიოტებმა ფართობის გასაზრდელად ფიცრული აივანი ააგეს, რომელიც კლდეზე იყო გადმოკიდებული. ზემოთ ასასვლელად უნდა აგევლო კლდეში ამოკვეთილი ორმოცი და კიდევ ასოცი ფიცრისგან აგებული საფეხური. ერთხელ მამა არსენი, ჩვეულებისამებრ, ლიტურგიის აღსასრულებლად პროდრომოსთან ერთად სამლოცველოსაკენ გაემართა. საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა არსენი ცოტა ხნით აივანზე გავიდა. იგი მოაჯირს დაეყრდნო. ამ დროს მოაჯირს ფიცარი აძვრა და მამა არსენი უფსკრულში გადავარდა. ხეობის მეორე მხარეს მყოფმა გლეხმა დაინახა მისი გადავარდნა, მიატოვა შებმული ხარები და ქვევით გაიქცა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მამა არსენი დაიმტვრა. პროდრომოსმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ისევ ტაძარს აწესრიგებდა. როდესაც გლეხი ხეობის ფსკერზე ჩავიდა, მამა არსენის სხეული უვნებელი, მაგრამ უძრავად მყოფი დაინახა და მივიდა მასთან, რათა შეხებოდა. ამ დროს მამა არსენმა უთხრა: "არ შემეხო, მე არაფერი მომსვლია". ის უმოძრაოდ იწვა არა იმიტომ, რომ დაიმტვრა, არამედ იმის გამო, რომ სულიერად აღტაცებული იყო, რადგან როდესაც უფსკრულში ვარდებოდა, ქალმა აიტაცა ხელში, დაუშვა მიწაზე და ასე დატოვა. შემდგომში მამა არსენი ხშირად ამბობდა, რომ ამ დროს თავს დედის ხელში მყოფი ჩვილივით გრძნობდა. გადატანილი მღელვარების შემდეგ იგი ფეხზე წამოდგა, ამოვიდა ხეობიდან და აიარა ას სამოცი საფეხური (მხოლოდ მათი სიმაღლე წარმოადგენდა ორმოცდაათ მეტრს). ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამლოცველოში დაბრუნებულმა მომხდარის შესახებ პროდრომოსს უამბო, რომელიც ტაძრის დალაგებით იყო დაკავებული და ჯერაც არაფერი იცოდა. მოგვიანებით გლეხი ფარასაში ჩავიდა და ხალხს უამბო, რისი მოწმეც გახდა.

ერთხელ სოფელ ტელელიდესში მცხოვრებმა თურქმა წაბილწა იოანე ოქროპირის წმიდა წყარო. წმინდანმა ჭკუის სასწავლებლად დასაჯა იგი: თურქს კისერი მოეღრიცა. იგი წმიდა არსენთან განსაკურნებლად მიიყვანეს, მაგრამ მან ის ერთი კვირით დაიტოვა, ხოლო ლოცვა არ წაუკითხა. მედავითნეს ეს უცნაურად მოეჩვენა და უთხრა მამა არსენს: "მამაო, რატომ გააჩერე ეს თურქი მთელი კვირით, მაშინ, როდესაც სხვებს, უფრო მძიმედ დაავადებულთ, მაშინვე უკითხავდი ლოცვებს და ისინი იკურნებოდნენ?" – "მე მას ვაჩერებ იმისთვის, რომ გააცნობიეროს თავისი დანაშაული. ის ხომ ისეთი ხისთავიანია, რომ მას შემდეგ, რაც განვკურნავ, არაფრად უღირს, ისევ წავიდეს წმიდა წყაროსთან და მასში ჩაყოს თავისი ქეციანი თავი". ერთი კვირის შემდეგ მამა არსენმა ლოცვა წაიკითხა და თურქს თავი გაუსწორდა. დამშვიდობებისას მან თურქს ურჩია: "სხვა დროს, როდესაც დაინახავ რაიმეს, რასაც ქრისტიანულ ეკლესიასთან აქვს კავშირი, მხოლოდ შორიდან მოუდრიკე თავი და წადი შენი გზით".

ანესტის კარაუსოგლუ სატიდან იხსენებს, რომ ერთ-ერთ მღვდელს ჰყავდა უნაყოფო ცოლი. ჰაჯიეფენდის მან ცოლის კაბა მიუტანა, რათა წმინდანს ლოცვა წაეკითხა და ცოლს შვილების გაჩენა შეძლებოდა. ლოცვის აღვლენის დროს მამა არსენმა უთხრა მღვდელს: "შენს ცოლს გოგონა შეეძინება და ევა უნდა დაარქვა". მართლაც ყველაფერი ასე მოხდა.

ერთხელ ჰაჯიეფენდის ტელელიდესიდან მოუყვანეს ბრმა მაჰმადიანი ქალი, სახელად ფატიმა, რათა მას წაეკითხა ლოცვა მის განსაკურნებლად. ეს ყოველივე ოთხშაბათს ხდებოდა და ამიტომ წმინდანი დაყუდებაში იმყოფებოდა. ბრმის მხლებელნი ძალიან დიდხანს აკაკუნებდნენ მისი სენაკის კარზე. შემდეგ მათ დატოვეს ავადმყოფი და თავად სოფლის ცენტრში წავიდნენ. ზუსტად ამ დროს ჰაჯიეფენდის სენაკთან ფარასელი ქალი მივიდა, რომელსაც ხელი ჰქონდა მოკრუნჩხული. მან ცოტაოდენი მიწა აიღო ზღურბლიდან, მტკივან ხელზე მოისვა და განიკურნა (ამგვარად იქცეოდნენ ფარასიოტები იმ ორი დღის განმავლობაში, როდესაც მამა არსენი დაყუდებული იყო, რათა არ შეეწუხებინათ იგი). როდესაც ქალმა ბრმა დაინახა, ჰკითხა, თუ რას ელოდებოდა, და მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაიგო, ქალს ურჩია: "მაშინ რაღატომ ზიხარ აქ და უქმად კარგავ დროს? ნუთუ არ იცი, რომ ჰაჯიეფენდი არ აღებს კარს ოთხშაბათობით და პარასკეობით? აიღე ცოტაოდენი მიწა ზღურბლიდან და თვალებზე მოისვი, რათა განიკურნო. ზუსტად ამგვარად ვიქცევით ჩვენ, თუ ამ ორი დღის განმავლობაში ვხდებით ავად".

ფარასელი ქალი თავის საქმეზე წავიდა, ხოლო მაჰმადიანი ქალი მოსმენილით გაოგნებული დარჩა. შემდეგ მან ხელით მოძებნა ზღურბლი, აიღო ცოტაოდენი მიწა, თვალებზე მოისვა და მაშინვე დაინახა ბუნდოვნად. სიხარულისგან ქალმა ხელი დაავლო ქვას და მამა არსენის სენაკის კარზე გიჟივით დაიწყო ბრახუნი. მამა არსენმა კარი გააღო და, როდესაც დაინახა, რომ ეს მაჰმადიანია, (ჩვეულებრივ იგი არ ლაპარაკობდა ამ დღეებში), გააკეთა გამონაკლისი და ჰკითხა, თუ რა უნდოდა მას. მანაც აუხსნა ყოველივე. მაშინ მამა არსენმა აიღო სახარება, წაიკითხა და ქალს მაშინვე მიეცა თვალის ჩინი. უდიდესი სიხარულით დავარდა იგი მის ფერხთით და მოწიწებით დაუწყო კოცნა. მამა არსენმა დატუქსა იგი და უთხრა: "თუ შენ თაყვანისცემა გინდა, მაშინ თაყვანი მე კი არა, ქრისტეს ეცი, რომელმაც მხედველობა გიბოძა". ბედნიერი ქალი თავისი თანამგზავრების საძებნელად წავიდა და ისინი შინისაკენ გაემართნენ.

კელმირიდან მოიყვანეს კეთროვანი ქალი. მამა არსენმა წაუკითხა ლოცვა და იგი განიწმინდა. როგორც პროდრომოს კორცინოგლუ მოგვითხრობს, ამის შემდეგ მას სახე ისეთივე ნაზი გაუხდა, როგორიც აქვს ჩვილს.

დრამიდან თესალონიკში დამკვიდრებული ფარასიოტები მოგვითხრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა ორი შეიხი (მაჰმადიანთა ტომების ბელადები და ჯადოქრები) მამა არსენთან ჰაჯი-ბეხტაშიდან. მამა არსენმა მიიღო ისინი და ყავაც კი მოუმზადა, მაგრამ თურქებმა სულელური და უაზრო შეკითხვების დასმა დაუწყეს, რომლებიც მხოლოდ თავის ტკივილს იწვევდა. მათგან გასათავისუფლებლად მამა არსენმა თქვა: "მეტი აღარ შემიძლია თქვენი მოსმენა, რადგანაც თავი მტკივა". თურქები ვერ მიხვდნენ მინიშნებას და ერთ-ერთმა მათგანმა შესთავაზა: "პაპას ეფენდი (ბატონო მღვდელო), ჩვენ გაგიკეთებთ შენ ამულეტს და, თუ მას ატარებ, მაშინ თავის ტკივილი ცხოვრების ბოლომდე არ შეგაწუხებს". მამა არსენმა მკაცრად უპასუხა: "მე უფრო დიდი ძალა მაქვს, ვიდრე თქვენ, და ქრისტეს ძალით ისე შემიძლია გავაკეთო, რომ ადგილიდან ვერ დაიძრეთ". მან მიატოვა ისინი და თავის სენაკში წავიდა. შეიხებმა ყავის სმა დაასრულეს და წასვლა მოუნდათ, მაგრამ ვეღარაფრით შეძლეს ადგილიდან დაძვრა. გრძნობდნენ, თითქოს უხილავი თოკები აკავებდათ. ისინი იძულებულნი გახდნენ, გასათავისუფლებლად მამა არსენისთვის დაეძახათ. მამა არსენი მაშინვე მოვიდა, მაგრამ არ დალაპარაკებია მათ, უბრალოდ ანიშნა, წასულიყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მათ თავიანთი ადგილებიდან წამოდგომა.

შეიხები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და მამა არსენს პატიება სთხოვეს. წასვლისას კი უთხრეს: "პაპას ეფენდი, გვაპატიე, შენი ძალა დიდია, რადგან მას იღებ შენი დიდი რწმენისაგან, ხოლო ჩვენ სატანის დახმარებით ვმოქმედებთ".

იმავე ხალხმა მიამბო, რომ სხვა დროს, იოანე ოქროპირის ხსენების დღესასწაულზე, საღვთო ლიტურგიის შემდეგ მრევლი ტაძართან იჯდა ტრაპეზზე.

იოანე ოქროპირის სახელობის ტაძართან იყო წმიდა წყარო. წყალი უხვად მოედინებოდა კლდის ნაპრალიდან და ჩანჩქერის მსგავსად მდინარე ზემანტისში სიმაღლიდან ეშვებოდა. მაგრამ დრო და დრო წყარო სრულიად იშრიტებოდა.

სანამ ყველა ტრაპეზობდა, ერთი ქალი წყლის ასაღებად გაემართა. ზუსტად ამ დროს წყალმა დინება შეწყვიტა. ქალი გაიქცა ჰაჯიეფენდისთან და ამის შესახებ უთხრა. ჰაჯიეფენდი მივიდა კლდესთან, წყაროსთან მუხლი მოიდრიკა, სახარებიდან ნაწყვეტი წაიკითხა და წყალი მაშინვე წამოვიდა.

დრო და დრო ამგვარად ხდებოდა: წყალი დინებას წყვეტდა და შემდეგ ისევ მოდიოდა, საკმაოდ დიდი დროის შემდეგ. ანასტასიოს ლევიდისი ამბობს, რომ ეს "მიქცევისა და მოქცევის" ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ ღვთის მონა ჰაჯიეფენდი ევედრებოდა თავის მბრძანებელ უფალს და ის აძლევდა წყალს ყოველგვარი შეყოვნების გარეშე, ყოველთვის, როდესაც არ უნდა ეთხოვა.

სიმეონ კარაუსოგლუ იხსენებს შემდეგ მოვლენას. ერთმა ჩერქეზმა მაჰმადიანმა ქალმა სთხოვა კოპალოს ვაჟიშვილ პროდრომოსს, რომ მისთვის ჰაჯიეფენდისაგან ავგაროზი მოეტანა, რადგან უნაყოფო იყო და ამის გამო ქმარს გაყრა უნდოდა. პროდრომოსს შეეცოდა ქალი, რადგან ის ამავდროულად ობოლო იყო და ახლობლებიდან არავინ ჰყავდა. მან თავისი საქმე მიატოვა და წავიდა. როდესაც პროდრომოსმა სოფლამდე მიაღწია, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ამიტომ მას მოერიდა მამა არსენთან მისვლა და ტაძრის დარაჯს სთხოვა დახმარება. დარაჯი წავიდა და მიიღო ავგაროზი – დაწერილი ლოცვა, რომელიც მამა არსენს უნდა წაეკითხა სნეულისათვის. დარაჯმა იცოდა, რომ ჩერქეზი ქალი მდიდარი იყო (მის ქმარს ბევრი საქონელი ჰყავდა) და სიხარბემ შეიპყრო. მან აიღო მამა არსენის დაკეცილი ლოცვა და შეახვია თავის წერილში, რომელშიც მოითხოვდა გამოეგზავნათ – ტყავი, ყველი, ხორცი და ასე შემდეგ. ისე ჩანდა, თითქოს ყოველივე ამას ჰაჯიეფენდი ითხოვდა. ანგარებიანმა დარაჯმა წერილი პროდრომოსს მისცა და მანაც მომდევნო დღეს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, იგი ჩერქეზ ქალს გადასცა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. ქალმა ლოცვის ტარება დიდი მოწიწებით დაიწყო, ხოლო ტაძრის დარაჯს გაუგზავნა ყველაფერი, რაც კი წერილში იყო მითითებული, თან მიიჩნევდა, რომ დარაჯი ყველაფერს მამა არსენს გადასცემდა. ერთი წლის შემდეგ ქალს ბავშვი გაუჩნდა, მაგრამ ამის შემდეგაც განაგრძობდა ბევრი რამის გაგზავნას დარაჯთან, რის შესახებაც მამა არსენმა არაფერი იცოდა. ორი წლის შემდეგ მან ყოველივე გაიგო, დაუძახა დარაჯს და კარგად დატუქსა, მაგრამ ბოდიშის მოხდის ნაცვლად დარაჯი ყველაფერს უარყოფდა. მაშინ მამა არსენმა უთხრა: "სჯობს ვალები ამ ცხოვრებაში გაისტუმრო, ვიდრე გაემართო ჯოჯოხეთში. ამიტომ ამ საათიდან შენი სხეული დაიფარება წყლულებით და ისინი იმდენ ხანს შეგჭამენ, რამდენ ხანსაც ჭამდი შენ ჩერქეზი ქალის ყველსა და ხორცს". დარაჯის სხეული მაშინვე გამონაყარით დაიფარა, რომელიც საშინლად ექავებოდა. მან ვერ შეძლო ამ საშინელი ქავილის ატანა, წავიდა მამა არსენთან და პატიება სთხოვა. წმინდანმა მიუტევა, წაუკითხა ლოცვა და განკურნა იგი.

ენჯარაპიდის ვაჟიშვილი, პანაგიოტისი, ოცი წლის ასაკში ჭკუიდან შეიშალა შეყვარებული გოგონას გამო. შეშლილობა აგრესიული ფორმით ვლინდებოდა და ბიჭის შეკვრა შეუძლებელი ხდებოდა. მისმა ძმამ სხვების დახმარებით ბოლოს და ბოლოს მოახერხა ამის გაკეთება, სანამ ყმაწვილს ეძინა, და იგი ჰაჯიეფენდისთან წაიყვანა. როგორც კი მამა არსენმა გააღო სენაკის კარი, რათა ენახა, თუ ვინ აკაკუნებდა და რა უნდოდა, შეშლილი მაშინვე მივარდა მას დასარტყმელად, მიუხედავად იმისა, რომ ჯაჭვით იყო შეკრული. მაშინ ჰაჯიეფენდიმ თქვა: "უფალო იესო ქრისტე!" და დაუმატა: "მიწაზე, სატანა". შეშლილი მაშინვე დავარდა და მოიკრუნჩხა. მამა არსენმა აიღო სახარება, საცოდავს წაუკითხა და ის მაშინვე განიკურნა. შემდგომში მან ცოლიც კი მოიყვანა (ამის შესახებ ჰყვებოდნენ ფარასიოტები დრამის რაიონიდან).

ოსია კარამურატიდუმ გათხოვების შემდეგ მყვირალა ფერის მოსასხამის ტარება დაიწყო. მამა არსენმა მას არა ერთხელ უსაყვედურა ამის გამო. ეუბნებოდა, რომ უნდა ჩაეცვა თავმდაბლურად, ისე, როგორც ყველა ფარასელი ქალი იცვამდა.

ერთხელ, როდესაც მამა არსენმა დაინახა, რომ ქალმა ისევ მოისხა თავისი მოსასხამი, უთხრა მას მთელი სიმკაცრით: "ევროპული სატკივარი ფარასაში არ მჭირდება. თუ არ გამოსწორდები, იცოდე, რომ ყველა ბავშვი, რომელიც გეყოლება, ნათლობის შემდეგ მაშინვე გაფრინდება როგორც ანგელოზი და შენ არცერთისგან არ გექნება სიხარული". სამწუხაროდ, ქალი არ მოიქცა ისე, როგორც უთხრეს, სანამ არ დაკარგა ორი "ანგელოზი". მაშინ მან გადააგდო მოსასხამი და მივიდა მამა არსენთან შენდობის სათხოვნელად, რომელმაც მიუტევა და უთხრა: "ახლა წადი და გფარავდეს ღმერთი. შენი პირველი შვილი იქნება ვაჟი და ჩვენ დავარქმევთ მას არსენს, მეორე იქნება გოგო და დავარქმევთ ირინეს". მართლაც ასე მოხდა.

სტელა კოგლანიდუ ჰყვებოდა, რომ ერთხელ ფარასაში, მისი მამის სახლში, მიიყვანეს ოცდაათი წლის მუნჯი თურქი. მამამისმა იგი წაიყვანა მამა არსენთან, რომ მას წაეკითხა მისთვის ლოცვა და განეკურნა. ჰაჯიეფენდიმ სახარების ბოლომდე წაკითხვაც ვერ მოასწრო, რომ მუნჯი ალაპარაკდა. მომდევნო დღეს იგი ნათესავებმა წაიყვანეს.

სოტირია ქრისტოფორიდუ გვიამბობდა, თუ როგორ მიიყვანეს მამა არსენთან ბრმა თურქი ქალი, სახელად მერიამა. წმინდანმა წაუკითხა მას ლოცვა და ქალს თვალის ჩინი მიეცა.

ერთხელ სამმა თურქმა ჰაჯიეფენდის გაქურდვა გადაწყვიტა. მათ გაიგეს, რომ მამა არსენს უამრავი ადამიანი მიმართავს დახმარებისათვის და ფიქრობდნენ, რომ ბევრი ფული ექნებოდა. სინამდვილეში მამა არსენი ფულს არც კი შეხებია არასოდეს. ქურდები მივიდნენ ერთ-ერთ ოთხშაბათს იმის გამო, რომ იგი სენაკში დახვედროდათ, რადგან იცოდნენ, რომ ოთხშაბათსა და პარასკევს ის დაყუდებული იყო თავის სენაკში. ორი ქურდი გარეთ დარჩა, ხოლო მესამე ფანჯრიდან გადაძვრა, გააღო სენაკის კარი და შიგნით შევიდა. იმ დროს მამა არსენი თავის ღამის კანონს კითხულობდა. როდესაც ხმაური გაიგო, კარისაკენ გაიხედა, მაშინ, როდესაც ქურდმა სენაკში ერთი ფეხი შემოდგა.

მამა არსენის მზერამ ძლიერი ელექტროდენის მსგავსად ქურდი იმ ადგილს მიაჭედა, სადაც იდგა. ამგვარად, ხანჯლითა და წელზე პატრონტაშით შეიარაღებული თურქი ერთ ადგილზე გაშეშდა. მას ერთი ფეხი სენაკში ჰქონდა, ხოლო მეორე – ზღურბლზე. ამის შემდეგ მამა არსენმა სრულიად მშვიდად განაგრძო ლოცვა.

გარეთ დარჩენილი ორი ქურდი შეშფოთდა, მესამე რომ არ დაბრუნდა, თუმცა განთიადი უკვე ახლოვდებოდა. ამის გამო ისინიც შევიდნენ შენობაში. როდესაც მათ თავისი თანამზრახველი პატარა დერეფანში უმოძრაოდ გაშეშებული დაინახეს, რომელსაც ერთი ფეხი სენაკში ჰქონდა, ხოლო მეორე – გარეთ, თავზარი დაეცათ. ქურდებმა მამა არსენს ხვეწნა-მუდარა დაუწყეს, რომ მიეტევებინა და უხილავი ბორკილებისაგან გაეთავისუფლებინა მათი მეგობარი.

მამა არსენმა ლოცვის შეუწყვეტლად მისცა მათ წასვლის ნიშანი. მძარცველი მაშინვე გათავისუფლდა და ყველანი წავიდნენ. თურქები ხალხს მოუთხრობდნენ მომხდარის შესახებ და ამბობდნენ: "ამან, ამან. არ წახვიდეთ ჰაჯიეფენდის გასაქურდად!" (ეს გვაცნობეს ფარასიოტებმა თესალონიკიდან).

სვიმეონ კარაუსოგლუ ჰყვებოდა, რომ იოანის კარაუსოგლუს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის უკან მიწის ნაკვეთი ჰქონდა. ერთხელ იგი მივიდა თავის მინდორში და დაინახა, რომ ღობე ერთი მხრიდან გადმონგრეულია, ხოლო მიწაზე ასვენია ადამიანის ცხედარი, რომელიც ღობის ბოლოში იყო დაკრძალული. ცხედარი არ იყო გახრწნილი, თუმცა მრავალი წლის წინ იყო დაკრძალული, რაც ძველმოდურ ტანისამოსზეც ეტყობოდა. იოანისი შეშინებული წავიდა მამა არსენთან და მომხდარის შესახებ მოუთხრო. მამა არსენი მაშინვე გაემართა მითითებული ადგილისაკენ. მას სხვა ფარასიოტებიც წაყვნენ. როგორც კი მან დაინახა გაუხრწნელი ცხედარი, ახალი საფლავის გათხრა უბრძანა ახალგაზრდებს და წაიკითხა ლოცვები მიცვალებულისთვის. საფლავის მომზადების შემდეგ ცხედარი ისევ დაკრძალეს და წავიდნენ. უკანა გზაზე მამა არსენმა თქვა: "ნუ იდარდებთ. ნახავთ, რომ სამ დღეში გაიხრწნება". და მართლაც, როდესაც სამ დღეში ისინი დაბრუნდნენ, მიწა ბოლომდე იყო დამჯდარი და საფლავი ორმოსავით გამოიყურებოდა, რადგან მთელი სხეული გაიხრწნა და მხოლოდ ძვლები დარჩა.

მოსე კოგლანიდისი გვიამბობდა, რომ ერთმა თურქმა აგიავუდესის დასახლებიდან ტაძარი გაქურდა. გარდა იმისა, რომ წმიდა ჭურჭელი წაიღო, მან ააგლიჯა ვერცხლი, რომლითაც სახარებები იყო მოჭედილი, ხოლო წიგნები იატაკზე დაყარა.

ფარასამ იარაღს დაავლო ხელი. "როდესაც დაინახეს მიწაზე დაყრილი სახარებები, – მითხრა მამასახლისმა, – ყველამ ამ საცოდავი თურქის ძებნა დაიწყო". თუმცა მამა არსენი სრულიად არ ნერვიულობდა. მან უთხრა სხვებს: არ იდარდოთ, რადგან მძარცველი თავად მოვა და თავის ფეხებს მოათრევს. რამდენიმე დღის შემდეგ თურქი მართლაც მოიყვანეს ჰაჯიეფენდისთან, რომ ლოცვა წაეკითხა და განეკურნა, რადგან ის ეშმაკს შეეპყრო, ხოლო მისი სხეულის ქვედა ნაწილს დამბლა დასცემოდა და ფეხებს ძლივს დაათრევდა. მასთან ერთად მოსულებმა დააბრუნეს მოპარული წმიდა ჭურჭელი, მაგრამ მამა არსენმა ქურდი მაშინვე არ განკურნა და დროებით იმავე მდგომარეობაში დატოვა, როგორშიც იმყოფებოდა, იმისათვის, რომ თურქთათვის ესწავლებინა ჩვენი ტაძრებისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება. მართლაც, იმ ოლქში მაცხოვრებელი ყველა თურქი შეშინებული იყო. ვასილ კოროპულოსი იხსენებს, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი უკვე ტოვებდნენ მშობლიურ ადგილებს მოსახლეობის გაცვლასთან დაკავშირებით, აგიავუდესში გავლისას მამა არსენმა მძარცველს ლოცვა წაუკითხა და იგი ეშმაკეულობისა და დამბლისგან განკურნა.

პროდრომოს ეზნეპიდისი იხსენებდა, თუ როგორ დააცხრა ფარასას უამრავი თურქი (ჩეტელერი). მოხდა ისე, რომ ამ დროს იგი ლოგინში იწვა და თევზივით ბორგავდა, რადგან სიცხისგან იტანჯებოდა. როდესაც მას მომხდარის შესახებ აუწყეს, მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან როგორც მამასახლისი პასუხს აგებდა სოფლის წინაშე. მან ჰაჯიეფენდისთან წაყვანა ითხოვა, რაც მას აუსრულეს კიდეც. როდესაც ჰაჯიეფენდიმ იგი ამგვარ მდგომარეობაში დაინახა და თურქთა გამოჩენის შესახებ შეიტყო, თავისი ლოცვების პატარა წიგნიც კი არ აიღო ლოცვების წასაკითხად, არამედ დროის დაუკარგავად აიღო სანთელი, აკურთხა, შემოატარა ვაჟის მარჯვენა ხელს და თქვა: "წადი, ყმაწვილო, გფარავდეს უფალი და გააგდე თურქები, რომ ისინი არ მოვიდნენ ჩვენს სოფელში". როგორც კი მამა არსენმა აკურთხა პროდრომოსი, იგი მაშინვე გამოჯანმრთელდა. მან დასახლების ყველა ახალგაზრდა შეკრიბა და ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე აიძულა თურქები გაქცეულიყვნენ.

იგივე კაცი (პროდრომოსი) ჰყვებოდა, თუ როგორ მოვიდნენ სხვა დროს თურქები ფარასის დასაპყრობად. სოფელში მამაკაცები არ იყვნენ: ერთნი შორეულ მინდვრებში იყვნენ, ხოლო მეორენი – მგზავრობდნენ. ამიტომ იგი  იძულებული გახდა ციხესიმაგრის გარშემო ბავშვები შეეკრიბა, რომ როგორმე დაენახვებინა თურქებისთვის თავისი ძალების მრავალრიცხოვნება, ხოლო შემდეგ მათ დამალვა უბრძანა. რამდენიმე მოხუცი, რომელიც იქვე იმყოფებოდა, ასევე ჩუმად წავიდა. ბოლოს და ბოლოს იგი მარტო დარჩა და გადაწყვიტა, რომ თურქების სოფელში შეშვებას სიკვდილი ერჩია. მალე მას ვაზნები დაუმთავრდა. თურქებმა იგი ტყვედ აიყვანეს, მაგრად შეკრეს და საკუთარი სახლის ტერასაზე მიიყვანეს, სადაც მისთვის სახრჩობელა გააკეთეს. თურქები აწამებდნენ მას და ქონების მიცემას სთხოვდნენ, ხოლო შემდეგ მოკვლას უპირებდნენ. წამების დროს მას მოულოდნელად თავში ერთი აზრი მოუვიდა და თურქებს უთხრა: "ყველაფერი, რაც მაქვს, ჰაჯიეფენდისთან ინახება". იგი დროის დაუკარგავად მამა არსენთან წაიყვანეს. როდესაც მამა არსენმა კარი გააღო და მოსულები დაინახა, მეტად დამწუხრდა. მან თურქები გალანძღა იმის გამო, რომ ადამიანი შეკრეს. უბრძანა მათ სასწრაფოდ გაეშვათ პროდრომოსი და ამასთანავე "საძაგელი თურქები" უწოდა. მეთაური გაბრაზდა, მან იატაგანი იშიშვლა, რომ ჰაჯიეფენდი განეგმირა. მაშინ ჰაჯიეფენდიმ უთხრა: "სასწრაფოდ დაუშვი ხელი, ის პარალიზებულია". და აი, სასწაული! თურქის ხელი დაეკიდა, დასუსტებული და მოკრუნჩხული, ხოლო იატაგანი მიწაზე დავარდა. როდესაც თურქებმა ეს დაინახეს, შიშისაგან აკანკალდნენ, ხოლო მათი მეთაური აბღავლდა და ხვეწნა-მუდარით ხელის განკურნებას ითხოვდა. მამა არსენმა ჯვარი გადასახა მის ხელს და განკურნა. მამასახლისის გათავისუფლების შემდეგ მამა არსენმა თურქებს მკაცრად უბრძანა, რომ აღარასოდეს გამოჩენილიყვნენ სოფელში, და მართლაც, ამის შემდეგ ამ ბანდიდან აღარავინ გამოჩენილა ფარასაში.

ანესტის კარაუსოგლუმ გვიამბო, როგორ მიიყვანეს ჰაჯიეფენდისთან მუნჯი თურქი ქალი ანტინუდესიდან, რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო საშინელი დარდისაგან, ტირილისა და გოდებისაგან, რადგან უცნობებმა ქალიშვილი მოსტაცეს. დედა იტანჯებოდა იმ აზრისაგან, რომ ქალიშვილს ზიანი მიაყენეს ან მოკლეს. მუნჯი მიიყვანეს ხეკიმას სახლში, რომელიც ჰაჯიეფენდის სახლის გვერდით მდებარეობდა და სთხოვეს მამა არსენს მისულიყო მათთან და სნეულისთვის ლოცვა წაეკითხა. იგი მაშინვე მივიდა, წაუკითხა ლოცვა და ქალს ისევ დაუბრუნდა ლაპარაკის უნარი.

იმავე კაცმა გაიხსენა, რომ ადანის მაცხოვრებელ კოსმა სიმეონიდისს, დიდი ფაბრიკის მეპატრონეს, ჰყავდა უნაყოფო ცოლი. მან ჰაჯიეფენდის მისი კაბა გაუგზავნა ლოცვის წასაკითხად. მამა არსენმა ილოცა და კაბა დაუბრუნა. ქალმა ატარა იგი და ერთ წელიწადში შვა ბავშვი.

სტეფანე ზახაროპულოსმა გვიამბო, თუ როგორ მივიდა ოთხი ქურთი ჰაჯიეფენდის გასაქურდად. ამ დროს მამა არსენი ცხვრის ტყავზე იჯდა და კითხულობდა. მან დაინახა ქურდები, რომლებიც სენაკის კარს აღებდნენ, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ისინი შემოვიდნენ და ყველაფრის ქექვა დაიწყეს იმ იმედით, რომ ოქროს მონეტებს იპოვიდნენ. მამა არსენი განაგრძობდა კითხვას ისე, რომ არ დალაპარაკებია. როდესაც ქურდებმა ბოლოს და ბოლოს ვერაფერი იპოვეს და წასვლა გადაწყვიტეს, ერთ-ერთმა მათგანმა აიღო ორი გადასაფარებელი, რომლებიც მამა არსენს კუთხეში ჰქონდა დალაგებული (ეს იყო მთელი მისი ქონება), მაგრამ აი რა შეემთხვათ ქურდებს. მათ უნდოდათ წასვლა, მაგრამ კარს ვერ პოულობდნენ. ისინი თითქოს დაბრმავდნენ, ისე ტრიალებდნენ და ტრიალებდნენ სენაკში, არ შეეძლოთ კარის დანახვა და განაგრძობდნენ ძებნას. რაკი მამა არსენს ისინი კითხვის საშუალებას არ აძლევდნენ, მან მიუთითა კარზე, მაგრამ მაინც ვერ ხედავდნენ მას და განაგრძობდნენ ძებნას. მაშინ მამა არსენი ადგა, ხელი დაავლო ერთ-ერთ ქურდს და უთხრა: "აი კარი, საიდანაც გადიან ქურდები და მიდიან ჯოჯოხეთში!"

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს ქურთებმა გასვლა. ამასთან ისინი ინანიებდნენ და ითხოვდნენ შენდობას. მამა არსენმა მიუტევა და ისინი წავიდნენ. მოგვიანებით კი გამოუტყდნენ სხვა ქურთებს იმის შესახებ, რაც თავს გადახდათ და ამბობდნენ: "ამან, ამან! არ წახვიდეთ ჰაჯიეფენდის გასაქურდად. თუ თქვენ შეძლებთ კიდეც მის სენაკში შესვლას, გამოსასვლელს მაინც ვერ იპოვით".

სოლომონ კოსკერიდისი გვიამბობდა, თუ როგორ მიუყვანეს მამა არსენს საბნით პარალიზებული თურქი ქალი. მან წაუკითხა მას ლოცვა და ისიც მაშინვე განიკურნა.

იოანის კირკალასმა გვაცნობა, რომ ერთხელ მრავალი თურქი (ჩეტელერი) მივიდა ფარასაში. მათ გაიტაცეს სოფლის თორმეტი მდიდარი მაცხოვრებელი, ხოლო მათ ოჯახებს წერილი გამოუგზავნეს, რომლითაც მოითხოვდნენ ხუთასი ოქროს მონეტის გაგზავნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლებისთვის ყელის გამოჭრით იმუქრებოდნენ. თურქებმა გააფრთხილეს ფარასიოტები, რომ მათი მხრიდან თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა ტყვეებისათვის ყველაზე სამწუხარო შედეგს გამოიღებდა: მათ ყელს მანამდე გამოსჭრიდნენ, სანამ ბრძოლა დაიწყებოდა.

მთელი ფარასა ამოძრავდა. ზოგიერთმა მაცხოვრებელმა ახალგაზრდების შეკავება დაიწყო, რომ წინდაუხედავად არ მოქცეულიყვნენ და არ ჩაბმულიყვნენ ბრძოლაში. ქალები და ბავშვები გაემართნენ ჰაჯიეფენდისკენ – თავიანთ ერთადერთ იმედთან, რადგან თურქები ბევრნი და კარგად შეიარაღებულნი იყვნენ. ამბობენ, მათი რიცხვი დაახლოებით სამას ოთხმოცამდე იყო.

როდესაც მამა არსენმა მომხდარის შესახებ გაიგო, ტაძარში მივიდა და დარაჯებს სთხოვა მისთვის მიეცათ მთელი წვრილი ფული, რაც კი იქ იყო. შეგროვდა ორმოცდაათამდე ოქროს მონეტა. მამა არსენმა აიღო ფული და ორ მოხუც კაცთან ერთად თამამად გაემართა თურქების ბუნაგში. მან გამოიძახა მეთაური, რომელიც კარგ ხასიათზე მყოფი მოვიდა, რადგან ფიქრობდა, რომ ხუთასი ოქროს მონეტა მოუტანეს. როგორც კი მამა არსენმა დაინახა მეთაური, მაშინვე ამგვარი სიტყვებით დაუწყო დარიგება: "ნუთუ შენ არ გეშინია უფლის? როგორ არ გრცხვენია? სად შეუძლიათ ამ ღარიბ ადამიანებს მოიპოვონ ხუთასი ოქროს მონეტა. თქვენ კი ამბობთ, რომ თავებს მოაჭრით, თუ ფულს არ მოგცემენ!" შემდეგ მან აიღო ტაძრიდან წამოღებული მომცრო ტომარა, დააგდო და თქვა: "აიღეთ ეს გარჯისათვის, სასწრაფოდ მომიყვანეთ ჩემი ხალხი, და თუ თქვენ ამას არ იზამთ, მაშინ მე გადაგაქცევთ ქვებად, აქვე და ახლავე". როდესაც მან წარმოსთქვა "გადაგაქცევთ ქვებად", ყველა თურქი, ქანდაკებების მსგავსად, როგორც მარმარილოს ლოდები, გაშეშდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებოდა. მამა არსენმა კვლავ უთხრა მათ: "სასწრაფოდ მომიყვანეთ ჩემი ხალხი და აქაურობას მოშორდით". მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს თურქებმა იმ უხილავი ბორკილებისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ისინი შებორკეს. მათ გაუშვეს თორმეტი ფარასელი ტყვე და ფრიად შეშინებულები გაიქცნენ. ისინი არც კი შეჩერდნენ, რათა შეეგროვებინათ ორმოცდაათი ოქროს მონეტა, რომელიც მიწაზე იყო მიმობნეული. მამა არსენმა უთხრა ტყვეებს: "შეკრიბეთ ტაძრის ფული და წავიდეთ". ისინი სიხარულით დაბრუნდნენ სოფელში.

კირიაკოს სეფირიდისმა, მამა არსენის მედავითნემ, გვიამბო, თუ როგორ მიიყვანეს ტელელიდესიდან ჯაჭვით შეკრული თურქი ქალი, რომელიც საშინელი ეშმაკით იყო შეპყრობილი. ქალს ერქვა ტეტევი. მამა არსენმა მას სახარება წაუკითხა, განდევნა ეშმაკი და იგი მაშინვე გამოჯანმრთელდა.

ამავე კაცმა გაიხსენა, თუ როგორ მიიყვანეს სისიდან ფარასაში სხვა შეპყრობილი, – თურქი ოფიცრის ვაჟიშვილი. როგორც კი ჰაჯიეფენდიმ წაიკითხა სახარება, ის მაშინვე განიკურნა და დაჯდა წყნარად, როგორც კრავი, მაშინ, როდესაც ადრე იგი იგლეჯდა ტანსაცმელს და ფრჩხილებით იკაწრავდა სახეს.

ერთხელ თურქებმა ტაძრიდან ისევ მოიპარეს წმიდა ჭურჭელი. ფარასელები მეტად დამწუხრდნენ და ცდილობდნენ ქურდების პოვნას, მაგრამ ჰაჯიეფენდი არ ნერვიულობდა. მან თქვა: "ნუ განიცდით, აი, ნახავთ, წმიდა გიორგი დააბრუნებს მათ უკან". როდესაც მძარცველები კოზანასთან მივიდნენ, მოულოდნელად მათ წინ უცნაური სიბნელე ჩამოწვა (თუმცა იყო დღე და მოწმენდილი ცა), გზის გაგრძელება და მათ წინ მდებარე მდინარის, ფერახტინის გადალახვა შეუძლებელი აღმოჩნდა (ამ უჩვეულო სიბნელეს ხედავდა აგრეთვე ანტონ სტავრიდისი კაბადოკიის ზილედან). ქურდები მიხვდნენ, რომ ეს უცნაური შემთხვევა ღვთის მოვლენილი იყო და ფარასისკენ გატრიალდნენ, რათა წმიდა ჭურჭელი დაებრუნებინათ, მაგრამ, როდესაც ცოტა გაიარეს, სიბნელე გაიფანტა. ამიტომ იფიქრეს, რომ ეს შემთხვევითი მოვლენა იყო და დატვირთულ სახედრებთან ერთად ისევ შემობრუნდნენ თავიანთი დასახლებისაკენ (კოზან-ტაგის მხარეს). ამ დროს თურქებმა იგრძნეს, რომ ვიღაც უხილავი მათ ურტყამს და ამგვარად აიძულებს უკან, ფარასაში დაბრუნებას. ფარასაში მისულმა ქურდებმა ყვირილი დაიწყეს, რომ ფარასიოტებს სასწრაფოდ წაეღოთ გატაცებული ჭურჭელი. თვითონ ხელები დაკავებული ჰქონდათ, რადგან თავს იცავდნენ უხილავი დარტყმებისაგან.

ანესტის კარაუსოგლუმ გვაცნობა, რომ თურქების მიერ სომეხთა ხოცვა-ჟლეტის დროს სამასამდე კაცი ფარასაში წამოვიდა იმისათვის, რომ სასაკლაო მოეწყოთ და სოფელი გაეძარცვათ. ჰაჯიეფენდიმ შეკრიბა ყველა ბავშვი და ქალი და გაემართა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამლოცველოსაკენ, სადაც ლოცვა დაიწყო. მრისხანე თურქებმა ვერ შეძლეს სოფელში შესვლა, რადგან მათ იოანე ოქროპირმა აუკრძალა ამის გაკეთება. წმინდანი გამოჩნდა ხიდზე, რომელზეც მათ უნდა გადაევლოთ, ხელები გაშალა და გზა გადაუღობა (ხეობის ზემოთ, რომელშიც მდინარე მიედინებოდა, იდგა ამ წმინდანის სახელობის პატარა ტაძარი). თურქებს შეეშინდათ და წავიდნენ, რაკი დაინახეს, რომ წმინდანი აგდებდა და არ აძლევდა მდინარე ზამესტისის ხიდზე გადასვლის უფლებას. ბანდის მეთაურმა თქვა: "საჩქაროდ წავიდეთ აქედან, რადგან წმიდა იოანე ოქროპირი არ გვაძლევს ხიდზე გადასვლის უფლებას".

როდესაც მამა არსენი მეხუთედ გაემართა წმიდა მიწაზე, ქალმა, სახელად სოფიამ, ფანჯრიდან მის სენაკში შეაღწია, არა რაიმეს მოსაპარად, არამედ შურისძიების სურვილით, რადგანაც მამა არსენი მეტად მკაცრი იყო მის მიმართ, იმ რამდენიმე საქციელის გამო, რომელიც მან ცხოვრებაში ჩაიდინა. სანამ მასთან ერთად მოსული ქმარი გარეთ ელოდებოდა, სოფიამ სენაკში შეაღწია და ყველაფერი გადაატრიალა, რაც კი იქ იყო, ყოველივე ძირს მიყარ-მოყარა, ჯვრები და სახარებებიც კი. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მან წაბილწა ცხვრის ტყავი, რომელზეც მამა არსენი მუხლებზე იდგა ხატების წინ, ლოცვის დროს.

როდესაც მამა არსენი მომლოცველობიდან დაბრუნდა და ეს ყოველივე იხილა, ძალიან შეეცოდა ეს საწყალი სული და არაერთხელ მიიპატიჟა თავისთან, მაგრამ ის არ პასუხობდა. ბოლოს და ბოლოს მამასახლისი წავიდა და მიიყვანა იგი ჰაჯიეფენდისთან, რომელმაც დანახვისთანავე უთხრა: "ეს რა ჩაიდინე? უსჯულო თურქიც კი არ ჩაიდენდა ამას – სახარებების და ჯვრების მიწაზე დაყრას". სამწუხაროდ სოფიამ მონანიებისა და პატიების თხოვნის ნაცვლად ბილწსიტყვაობა დაიწყო. იგი მამა არსენს ლანძღავდა. მაშინ მამა არსენმა უთხრა: "შვილო, შენთვის აჯობებს საერთოდ არ გქონდეს გონება, ვიდრე გქონდეს ისეთი, როგორიც გაქვს, რადგან ეს ჯოჯოხეთში შეგიყვანს. ამიტომ მე შევევედრები ქრისტეს, რომ გონება წაგართვას, იმისთვის, რომ გაგასამართლონ როგორც შეშლილი, და ამგვარად გადარჩება შენი სული". და მართლაც, ზუსტად იმ წუთიდან სოფიამ დაკარგა ჭკუა-გონება და მხეცი გახდა პატარა, უწყინარი ჩვილის მსგავსი, რომელიც ყოველ წუთს მიამიტად იღიმებოდა. მან იცოცხლა მრავალი წელი აქაც, საბერძნეთშიც. ეს ცნობილია ყველა ფარასიოტისთვის, მაგრამ ზოგიერთმა არასწორად გაუგო მამა არსენს და ფიქრობდნენ, რომ მან იგი დაწყევლა. მაგრამ, როგორც მიამბობდა მამასახლისი, აგრეთვე სხვებიც და ჩემი შეფასებითაც, მან კი არ დაწყევლა იგი, არამედ, ამ სახით ფაქტობრივად დალოცა და უზრუნველყო სამოთხეში შესვლით, რადგან იქ ხვდებიან მხოლოდ ცხვრები და არა – გარეული თხები. მრავალი სერიოზული ფარასიოტი მიიჩნევდა და ახლაც მიიჩნევს, რომ ჰაჯიეფენდიმ ამგვარად გადაარჩინა სოფია.

ამალია ელევთერიადუ (ამჟამად იგი "იეღოვას მოწმეთა" სექტის წევრია) იხსენებს, რომ რვა წლის ასაკში, წისქვილში მიმავალმა დაინახა რვა კაცი, რომლებსაც სოფელ ტელელიდესიდან ჰაჯიეფენდისთან მიჰყავდათ აგადოკის ცოლი, რადგან იგი შეპყრობილი იყო. იმის შემდეგ, რაც მამა არსენმა ლოცვა წაიკითხა, იგი კრავივით თვინიერი გახდა. გახარებულმა მამამისმა ჰაჯიეფნდის უთხრა: "აიღე მთელი ჩემი ქონება, შენ ხომ ჩემი შვილი განკურნე". ჰაჯიეფენდიმ უპასუხა: "ჩვენი სარწმუნოება არ იყიდება. შენი ქონება შენთვის დაიტოვე. მაგრამ თუ კეთილი საქმის გაკეთება გსურს, მაშინ ააგე ხიდი ან წყალი გაიყვანე იქ, სადაც ხალხი უწყლობით იტანჯება".

მოგვიანებით აგადოკმა (ქალის ქმარმა) ააგო კირქვის ხიდი.

ერთხელ, როგორც ვასილ კაროპულოსმა გვიამბო, ჰაჯიეფენდისთან მიიყვანეს თურქი, რომელსაც კისერი მარჯვნივ მოღრეცილი და გაშეშებული ჰქონდა. თურქი იყო ყაჩაღთა მეთაური და მეტად სახიფათო ადამიანი^ მან მრავალ ექიმს მიმართა, მაგრამ ვერ განიკურნა.

მაშინ ის ჰაჯიეფენდისთან მივიდა და, როდესაც მან მისთვის ილოცა, კაცს კისერი გაუსწორდა. ჰაჯიეფენდიმ მკაცრად გაკიცხა იგი უკეთური ცხოვრების გამო და ეპიტიმია დაადო, როგორც მას, ასევე მთელ მის ოჯახს, რადგან ყველანი არა ადამიანები, არამედ ველური მხეცები იყვნენ.

გაბრიელ კორცინოგლუმ, ჰაჯიეფენდის მეორე მედავითნემ, გვაცნობა შემდეგი: "ერთხელ ჰაჯიეფენდისა და ბიძაჩემ პროდრომოსთან ერთად წმიდა იოანე ოქროპირის სამლოცველოში წავედით საღვთო ლიტურგიის აღსასრულებლად. სანამ ჰაჯიეფენდი ემზადებოდა (იმოსებოდა), მე წავედი წმიდა წყაროსთან, რათა ამეღო წყალი ლიტურგიისათვის. როგორც კი წყაროსთან მივედი, იგი შეწყდა. მე გავიქეცი ჰაჯიეფენდისთან, რომელიც მაშინვე წამოვიდა. მან თავისი ლოცვები იღლიის ქვეშ დაიჭირა, სიარულის დროს კი საბუხარებს იკრავდა. როდესაც კლდის ნაპრალთან ლოცვა წაიკითხა, წყალი გადმოედინა. მაშინ მე ავიღე იგი და წავედით საღვთო ლიტურგიის აღსასრულებლად.

ამალია ელევთერიადუმ (რომელიც ამჟამად "იეღოვას მოწმეა") გვიამბო: ჰაჯიეფენდი საბერძნეთში გადასახლების წინ ამბობდა, რომ იქ მხოლოდ ორმოცი დღე იცხოვრებს. როდესაც ეს რომელიღაც ფარასიოტმა მოისმინა, უთხრა მას: "ვინ ხარ შენ, რომ ამის შესახებ იცოდე? ღმერთი ხარ?" მაშინ ჰაჯიეფენდიმ უპასუხა: "მე ღვთის ერთგული მონა ვარ და ამიტომაც ვიცი".

სვიმეონ კარაუსოგლუმ გვიამბო, თუ როგორ გამოცხადდა ფარასაში თურქი, ყაჩაღთა ჯგუფის მეთაური და მივიდა ტაძარში აღდგომის დღესასწაულზე, საღვთო ლიტურგიის დაწყების შემდეგ. როგორც კი ჰაჯიეფენდიმ შენიშნა იგი, შეიარაღებული და ესოდენ თავხედი, გადასცა, რომ სასწრაფოდ გასულიყო. ყაჩაღი არ რეაგირებდა, მაგრამ მამა არსენმა მეტი აღარაფერი უთხრა და მშვიდად განაგრძო საღვთო ლიტურგიის აღსრულება. როდესაც იგი დიდ გამოსვლაზე წმიდა ძღვენით გამოვიდა, თურქს კანკალი დააწყებინა იმ ადგილზე, სადაც იდგა, მას გასვლა არ შეეძლო, რადგან გრძნობდა, რომ უხილავი ბორკილებით იყო დაბმული. ეს დაემართა მაშინ, როდესაც დაინახა, რომ მამა არსენი წმიდა ძღვენით მიდის არა მიწაზე, არამედ ჰაერში. იგი შევიდა საკურთხეველში წმიდა ძღვენით და თურქს მისცა ნიშანი, რომ წასულიყო. თურქმა თავი ბორკილებისაგან გათავისუფლებულად იგრძნო, ტაძრიდან კანკალით გამოვიდა და მიწაზე დაენარცხა, როგორც მკვდარი. როდესაც საღვთო ლიტურგია დასრულდა და ხალხი სახლებისაკენ წავიდა, ტაძრის დარაჯმა მოშორებით დაინახა ყაჩაღი, რომელიც მიწაზე იწვა, და უთხრა ჰაჯიეფენდის: "მამაო, ის თურქი მიწაზე წევს, ტაძრის უკან, როგორც მკვდარი". მამა არსენმა უპასუხა: "ძალიან კარგი". როდესაც საკურთხეველში საქმიანობა დაასრულა, მივიდა თურქთან, წამოაყენა, რომ ფეხზე დგომა შეძლებოდა და მკაცრად უსაყვედურა, ხოლო ტაძრის დარაჯს უთხრა: "მიეცი მას ხუთი პიასტრი პასექის დღესასწაულის გამო". ამის შემდეგ ყაჩაღი მეტად შეშინებული წავიდა. მან შეკრიბა ყველა თურქი (ჩეტელერი), რომლებსაც სოფელი ალყაში ჰყავდათ მოქცეული და ისინი შიშითა და ძრწოლით წავიდნენ.

მამა არსენი ხშირად მიდიოდა წმიდა მიწის მოსალოცად. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ხუთი შემთხვევა. მისი მესამე მომლოცველობის დროს უჩვეულო რამ მოხდა ქრისტეს აღდგომის ტაძარში. ამის შესახებ ფარასაში მამა არსენთან ერთად მყოფი სხვა მომლოცველები (ფარასელი ჰაჯიები) ჰყვებოდნენ. "საღვთო ლიტურგიაზე, დიდი გამოსვლის დროს, რომელშიც ჰაჯიეფენდი მღვდლებსა და ეპისკოპოსებთან ერთად მონაწილეობდა, მისი სახე ბრწყინავდა და სხვა მღვდლები გვთხოვდნენ, – ამბობდა ერთ-ერთი ფარასელი ჰაჯი, – რომ მოგვეთხრო იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრებას ეწევა ჩვენი ჰაჯიეფენდი". მე ამის შესახებ გავიგე კონიცაში, მოხუცი პროდრომოსისა და სხვა ფარასიოტებისაგან, მაგრამ არ დავინტერესებულვარ ამ ძველი შემთხვევით, რადგან ძალიან ბევრი რამ ხდებოდა თავად ფარასაში.

1971 წელს შემთხვევითი საუბრის დროს ამ ამბის შესახებ გავიგე ბერი იოსებისაგან, ახალი სავანიდან, რომელმაც წაიკითხა ეს მამა იოაკიმ სპეცარისის წიგნში: "წმიდა ზიარების შესახებ", სადაც ავტორი ამბობს, რომ თავად მონაწილეობდა ამ მსახურებაში.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შევეცადე გამერკვია, დარჩა თუ არა ცოცხალი ვინმე იმ მომლოცველთა შვილებისაგან, რომლებიც მაშინ თან ახლდნენ მამა არსენს.

მამა არსენის წესების მიხედვით გამოვითვალე, რომ იგი წმიდა მიწაზე ყოველ ათ წელიწადში ერთხელ მიდიოდა. რადგანაც იგი იქ პირველად გაემგზავრა თავისი მღვდლად კურთხევის შემდეგ (დაახლოებით 1870 წელს), ეს მოვლენა მოხდა, როგორც ჩანს, მესამე მომლოცველობის დროს, ანუ დაახლოებით 1890 წელს. მოხუცების გარდა ამის შესახებ ახალგაზრდა ფარასიოტებმაც იციან: მოსე კოგლანიდისმა, ვასილ კაროპულოსმა, ანესტის კარაუსოგლუმ და სხვებმა.

ამ ნაწყვეტიდან, რომელიც მამა არსენის სასწაულებს შეეხება, არ არის რთული იმის გაგება, რომ აქ იფრქვევა ჰაჯიეფენდის სულიერი კეთილსურნელება.

(ციტატა მოტანილია მამა იოაკიმ სპეცარისის წიგნიდან – "წმიდა ზიარების შესახებ", გამოცემულია კ.გ. როდისის მიერ 1937 წელს):

"...კიდევ ერთი მოვლენა მოხდა მართლმადიდებლობის დღესასწაულზე იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში. ღვთისმსახურებას ასრულებდა პატრიარქი ნიკოდიმოსი და მსახურებაში მონაწილეობდა ექვსი ეპისკოპოსი, ორმოცზე მეტი მღვდელი და თორმეტი დიაკონი. რა თქმა უნდა, მრავალი მომლოცველი მღვდელი იყო აღმოსავლეთიდან, რუსეთიდან და სხვა მხარეებიდან. მეც მსახურებაში მონაწილე მღვდლებს შორის ვიყავი. დიდი გამოსვლის შემდეგ, როდესაც პატრიარქმა წაიკითხა ლოცვა და აკურთხა წმიდა ძღვენი, მსახურებაში მონაწილე ერთ-ერთ მღვდელს სახე ძლიერ გაუბრწყინდა, რამაც ჩემზე დიდი ზემოქმედება მოახდინა. მღვდელი, როგორც ჩანს, სამოცდაათ წელს გადაბიჯებული იყო. მე ვიკითხე: "საიდან არის ეს მღვდელი?" მიპასუხეს: "კაბადოკიიდან, და მოვიდა, როგორც მომლოცველი". საღვთო ლიტურგიის შემდეგ მე დავინტერესდი, თუ იყო იქ ხალხი იმავე ადგილიდან, საიდანაც ეს მღვდელი იყო. "დიახ, – მომიგეს, – მღვდელთან ერთად სხვა მომლოცველებიც მოვიდნენ". "თუ შეიძლება, – ვთხოვე მე ერთ-ერთ იეროდიაკონს, – დაუძახე ერთ ან ორ მომლოცველს, რომლებიც ამ მღვდელთან ერთად მოვიდნენ". იეროდიაკონმა დაუძახა და მოვიდნენ სამნი. "თქვენ იქიდან ხართ, საიდანაც ის მღვდელი, რომელიც დღეს მსახურებაში მონაწილეობდა?" – "რა თქმა უნდა, – მიპასუხეს მათ, – ზუსტად იმ ადგილიდან და ეს ჩვენი მღვდელია". მე კიდევ ვკითხე მათ: "როგორ ცხოვრობს იგი? კარგი მღვდელია?" მათ მითხრეს, რომ იგი წმიდა კაცია, სასწაულებს ახდენს, თუ ლოცვას წაიკითხავს რომელიმე სნეულისთვის, იგი იკურნება. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თურქებიც კი წმინდანად მიიჩნევენ, რადგან იგი მათ შორისაც ახდენს სასწაულებს და კურნავს სნეულთ..."

არამიწიერ ღვთაებრივ ადამიანში – მამა არსენში – სულიერი კანონები მეფობდნენ: მართალია იგი დაფარულად ცხოვრობდა და გაურბოდა ამქვეყნიურ დიდებას, მაგრამ ღვთის მადლი ამჟღავნებდა მას.

აქამდე ჩვენ ძირითადად ვლაპარაკობდით მამა არსენის ცხოვრებაზე და სასწაულებზე კაბადოკიაში, თუმცა მე მგონია, რომ უფრო დიდი საღვთო საქმეები წმიდა მამა არსენისა იწყება ახლა, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ საბერძნეთში, როდესაც მისმა დაღლილმა წმიდა ძვლებმა ცოტა შეისვენეს კურთხეულ მიწაში, კორფუს წმიდა კუნძულზე.

როგორც ადრე აღვნიშნე, უკვე 1970 წლიდან, როდესაც მამა არსენმა გამოცხადება დაიწყო, იგი განუწყვეტლივ ახდენდა სასწაულებს. ამჟამადაც მრავალი ადამიანი იკურნება სხვადასხვა დაავადებისაგან, როდესაც მის სახელს მოუხმობენ რწმენითა და მოწიწებით. მე არ ვახსენებ ამ სასწაულებს, სანამ თავად განკურნებულნი არ მოგვიხთრობენ მათ შესახებ წმინდანისადმი მადლიერების ნიშნად და უფლის სადიდებლად.

უფლის მადლი – ეს არ არის წყალსატევი, რომელიც მას შემდეგ შრება, რაც მისგან წყალი გამოედინება, – არამედ უშრეტი წყაროა. და მამა არსენს, ვფიქრობ, უფრო დიდი დახმარება შეუძლია ახლა, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ცხოვრობდა მიწაზე, რადგან ამჟამად იგი ზეციურ მამასთან იმყოფება და როგორც მის შვილს, ადრე მოპოვებული კადნიერებით, შეუძლია უხვად მოიპოვოს მადლი მრავალტანჯული ადამიანების მოსანახულებლად და დასახმარებლად, ზუსტად იმ მკურნალობისათვის, რომელსაც ისინი საჭიროებენ. მამა არსენის მიერ ღვთის სიყვარულით აღსრულებულმა უწინდელმა დიდმა ღვაწლმა, უდიდეს სიყვარულთან და სიმდაბლესთან ერთად შესაძლებლობა მისცა მას იმ ღრმა სულიერი განვითარებისა, რომელიც ამჟამად საშუალებას აძლევს ანგელოზის მსგავსად იფრინოს და უხაროდეს, რომ ეხმარება მრავალ ტანჯულ ადამიანს და კიდევ უფრო მეტად ადიდებს უფლის სახელს. ამჟამად მამა არსენი ფეხით არ დადის და არ ესაჭიროება ქოშინით მიაღწიოს ავადმყოფებამდე იმისათვის, რომ წაუკითხოს საჭირო ლოცვა და განკურნოს ისინი. მსუბუქად, როგორც ანგელოზი, დაფრინავს დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში და შეუძლია ყოველ მორწმუნეს დაეხმაროს, რომელიც მის სახელს მოწიწებით მოუწოდებს.

მამა არსენი ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას მოწმობდა თავისი მართლმადიდებლური ცხოვრებით.

ღვთისადმი მგზნებარე სიყვარულის გამო იგი საკუთარ სხეულს ღვაწლით მოაკვდინებდა და ღვთის მადლის დახმარებით გარდაქმნიდა სულებს. ცოტა სიტყვა და ბევრი სასწაული.

მას ღრმად სწამდა და კურნავდა მრავალ მორწმუნესა თუ ურწმუნოს.

მან განიცადა ბევრი რამ და ფარავდა ბევრს. მტკიცე გარეგნულ გარსში ის ფარავდა თავის ტკბილ სულიერ ნაყოფს.

საკუთარი თავისადმი საკმაოდ მკაცრი, მაგრამ თავისი სულიერი შვილების მეტად მოყვარული, იგი ამორჩილებდა მათ არა კანონს, არამედ მათივე საკუთარი სულიერი მოშურნეობით – კანონის სულს.

როგორც უფლის დესპანი იგი მიწის ზემოთ დააბიჯებს და, როგორც საიდუმლოთა თანააღმსრულებელი, ბრწყინავს ქვეყნის ზემოთ.

უფალმა განადიდა მამა არსენი, რადგან იგი თავისი წმიდა ცხოვრებით განუწყვეტლივ განადიდებდა უფლის სახელს, რომელსაც შეჰფერის ყოველი დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

როგორც ადრე აღვნიშნე, ღირსი მამა არსენის სასწაულები, რომლებსაც იგი ქრისტეს მადლით აღასრულებდა, უთვალავია. ფარასიოტებთან ყოველი შეხვედრის დროს ჩანაწერებისათვის მჭირდებოდა ახალი წიგნაკი, რომ ჩამეწერა ყველა მონათხრობი. ამის გამო შემოვიფარგლე მხოლოდ უფრო მნიშვნელოვანი ამბებით, თუმცა, როდესაც დავინახე, რომ მამა არსენის ცხოვრებაში მომხდარი სამი ან ოთხი მოვლენა არსებითად განსხვავდება დანარჩენებისაგან, რომელთა შესახებაც ადრე ვწერდი, მე გონივრულად ჩავთვალე, ვახსენო ისინიც დამატებითი მასალის სახით, რადგან ეს შემთხვევები დაგვეხმარებიან იმ მძიმე დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

დავიწყოთ იმით, რომ იანიციდან ღვთისმოსავმა ქალებმა მაგნიტოფონის ჩანაწერის სახით გამომიგზავნეს ოთხმოცდაათი წლის ფარასელი ქალის მონათხრობი, რომელსაც სახელად აგათია ერქვა. მასთან შესახვედრად 1982 წელს გავემართე, რაც მეტად დამეხმარა მეხსიერებაში აღმედგინა ბევრი რამ იმ ამბიდან, რაც ბავშვობისას მსმენოდა. პატივცემულ, ხანშიშესულ ფარასელ ადამიანებთან საუბრის შემდეგ ჩავწერე ის, რაც მიამბეს.

ერთხელ მამა არსენი სოფლის მცხოვრებლებთან ერთად ლიტურგიის ჩასატარებლად წავიდა მიქაელ მთავარანგელოზის სამლოცველოში. სოფლიდან სამლოცველომდე საათნახევრიანი გზა იყო გასავლელი. სამლოცველოს შემოგარენში არაერთ ფარასიოტს ჰქონდა მიწის ნაკვეთი. ისინი, ფაქტობრივად, იქ ცხოვრობდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, მოსავლის აღებამდე. ამიტომ, როდესაც მამა არსენმა დაასრულა საღვთო ლიტურგია, აიღო ნაკურთხი წყალი, რათა მინდვრებისთვის ესხურებინა. მომლოცველთა ნაწილი გაჰყვა მას, ხოლო დანარჩენები ტაძართან, ხის ჩრდილქვეშ ისხდნენ.

ამ ხეზე ფოთლებზე მეტი ძაფი და ნაკუწი ეკიდა, რომლებიც განსაცდელში მყოფმა ადამიანებმა ტოტებზე შეაბეს. უნდა ითქვას, რომ, როდესაც თავის ნაკვეთებში დარჩენილი ფარასელები ავად ხდებოდნენ, დიდი მანძილის გამო უჭირდათ ჰაჯიეფენდისთან წასვლა, სამლოცველო კი ყოველთვის ღია არ იყო, მას კეტავდნენ, რომ თურქებს არ წაებილწათ. ამიტომ ისინი მიდიოდნენ და ლოცულობდნენ მიქაელ მთავარანგელოზის სამლოცველოსთან, შემდეგ აგლეჯდნენ ძაფს ან ნაკუწს ტანსაცმლის იმ ნაწილს, რომელიც მტკივან ადგილს ეხებოდა და ხეზე აბამდნენ, თან ამბობდნენ: "წმიდაო, მიხსენ მე ტკივილისაგან, შენ წმიდა ხარ და ამის გაკეთება შეგიძლია". და მიქაელ მთავარანგელოზი მაშინვე კურნავდა განსაცდელში მყოფ მორწმუნეებს.

მომლოცველთა შორის, რომლებიც ხის ჩრდილქვეშ ისხდნენ, იყო ერთი მდიდარი კაცი ფარასიდან, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა და მშობლიურ სოფელში მრავალი წლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა. მშობლიურ ადგილებთან დიდი ხნის განშორებამ იგი ღმერთს დააშორა. ის სამარცხვინოდ და უშვერად ლაპარაკობდა ქრისტესა და ჩვენი ეკლესიის საწინააღმდეგოდ, მორწმუნეებს ბნელ ხალხს უწოდებდა. ყველა ამ ბრიყვულ მსჯელობასთან ერთად, რომელიც ზიანს აყენებდა მის თანამემამულეებს, მან ახალგაზრდა კაცს უბრძანა ხის მოჩეხა. ახალგაზრდამ მაშინვე ჩეხა დაიწყო, მაგრამ სხვებმა შეაჩერეს. ამ დროს, მინდვრების კურთხევის შემდეგ, დაბრუნდა მამა არსენი. იგი მეტად დამწუხრდა, რადგან დაინახა, თუ რამოდენა ზიანი მოჰქონდა ათეისტს მორწმუნეთა სულებისათვის. მან მას მკაცრად უთხრა: "მე შენ უკან გაგისტუმრებ, საიდანაც მობრძანდი, ანასტასი". შემდეგ ჰაჯიეფენდი წავიდა და ლოცვა დაიწყო. მოულოდნელად ძლიერი გრიგალი ამოვარდა, რომელმაც ანასტასი აიტაცა და იგი გაქრა. ახლობლები აღელდნენ, მაგრამ მამა არსენმა ისინი დააწყნარა: "ნუ იდარდებთ, ანასტასი ჯანმრთელად არის და თავის დუქანშია".

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ანასტასისგან არანაირი ცნობა არ მოსულა, რადგან მას თავის თანასოფლელებთან ურთიერთობის გაგრძელება რცხვენოდა. ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ორი ფარასელი მიდიოდა ტოკატის (სებასტიასთან) გავლით. მათ დუქნის თავზე აბრა დაინახეს წარწერით: "ანასტასი ვარტოპულოსი". ისინი განცვიფრდნენ, რადგან ახსოვდათ ჰაჯიეფენდის სიტყვები. უკვე ამის შემდეგ, ანასტასი ვარტოპულოსის ნათესავს, პანაგიოტისს, მოენატრა ფარასა და დაბრუნდა მშობლიურ ადგილას. სამწუხაროდ, იგი თავისი ბიძის ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული და არ იყო მორწმუნე. მანაც თავისი ათეისტური მსჯელობებით ზიანის მიყენება დაიწყო.

ერთხელ, როდესაც მამა არსენი სოფლის ცენტრის გავლით მიდიოდა, ყველა მოწიწებით ადგა, რათა მისგან კურთხევა მიეღო. პანაგიოტისი არა მხოლოდ არ ადგა, არამედ მან სხვების დაცინვაც დაიწყო და ამბობდა, რომ ისინი ბებერ ქალებს ჰგვანან, რომლებიც მღვდლებს დასდევენ. მამა არსენმა გულისტკივილით შეხედა მას, წავიდა და შეევედრა ღმერთს, რათა მას ამ ადამიანის სულის სასიკეთოდ ემოქმედა. მალე პანაგიოტისმა მიწაზე გორაობა დაიწყო. თავიდან თანასოფლელები ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა, ისინი ფიქრობდნენ, რომ პანაგიოტისი იმათ აბრაზებს, ვინც მეტანიებს აღასრულებს, და უთხრეს: "ადექი პანაგიოტის, რას აკეთებ, პატარა ბავშვივით იქცევი და მთელი ტანისამოსი დაისვარე". შემდეგ მიხვდნენ, რომ თავისი ცოდვილი საქციელის გამო ღვთის მადლმა მიატოვა იგი და ეშმაკმა შეიპყრო. ისინი მაშინვე წავიდნენ ჰაჯიეფენდისთან და ამის შესახებ აცნობეს, ხოლო მან უთხრა: "მომიტანეთ მისი ტანისამოსი და მე წავიკითხავ მასზე ლოცვებს იმისათვის, რომ იგი თქვენ არ გერჩოდეთ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მომავალში იგი ჭკუანაკლული იქნება, მაგრამ არაფერს გააკეთებს ცუდს და საზიანოს. შემდეგ იგი წავა მოსახნავად და იქ ღამე დარჩება, რომ მეორე დღეს განაგრძოს მუშაობა. იმ ღამით მივლენ ჩეტელერები და მოკლავენ მას. ამგვარად, გადარჩება მისი სული". და მართლაც, რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა ზუსტად ისე, როგორც მამა არსენი ამბობდა.

ერთხელ ფარასელი ქალი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა ქმრის სიკვდილის შემდეგ, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი იცხოვრა. ამის გამო მას აღარ შეეძლო არც სოფლის და არც ხალხის დანახვა. ქალმა გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება და ველური მცენარეებით იკვებებოდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ თავს რაღაც დონით ქმრის სიკვდილში დამნაშავედ მიიჩნევდა. სამი წლის შემდეგ მძიმე განსაცდელისაგან ქალი იმდენად შეიცვალა, რომ ვერ იცნობდი. იგი მამა არსენთან მივიდა და უთხრა: "ჰაჯიეფენდი, შემიწყალე, შენ ქვეყნიერებას ყირამალა ატრიალებ. შეგიძლია დამიბრუნო ჩემი ვასილაკისი? თუ ეს შენთვის რთულია?" მამა არსენმა მიუგო: "შვილო ჩემო, ამ მწუხარებაში შენ ბევრი გადაიტანე, თუ გინდა, მოგცემ კურთხევას ხელმეორედ გათხოვებაზე". ქალმა უპასუხა: "არა, მე მინდა ვნახო მხოლოდ ჩემი ვასილაკისი. ნუთუ შენ გული არ გეტკინება, თუ მე თავს მოვიკლავ?" მამა არსენი მეტად დამწუხრდა და ევედრებოდა: "არ ქნა ეს, შვილო, შენი სული არ მისცე ეშმაკებს". მაგრამ ქალი საშინელ მდგომარეობაში იყო და თავისას გაიძახოდა. მაშინ მამა არსენმა დააწყნარა იგი და უბრძანა იმ გამოქვაბულში დაბრუნება, სადაც ცხოვრობდა, რადგან იქ ვასილაკისი გამოეცხადებოდა იმისათვის, რომ შეძლებოდა მისი ნახვა და შერიგება. ხოლო თავად მამა არსენი განუწყვეტლივ ლოცულობდა მწუხარე თანაგრძნობით.

როგორც კი ქალი გამოქვაბულში მივიდა, ჩვენებაში ვასილაკისი მოევლინა და უთხრა: "ა, ბოროტმოქმედო, შენც აქ მოხვედი? მაგრამ მე ვიცი შენ ვინ გამოგგზავნა, – ჰაჯიეფენდიმ, რომელსაც დიდი კადნიერება აქვს უფლის წინაშე". მონანიების შემდეგ ცოლმა მუდარა დაუწყო, რომ მიეტევებინა და, როდესაც მიუტევა ცოლს, ვასილაკისი ისევ გაუჩინარდა, ხოლო ქალი დამშვიდებული დაბრუნდა სოფელში, სადაც მას შემდეგ სიმდაბლითა და სინანულით ცხოვრობდა. მართალია სატანამ ითამაშა როლი იმაში, რომ მასაც ჰქონდა ბრალი ქმრის სიკვდილში, და ბოროტმა სულმა მიიყვანა სასოწარკვეთამდე და თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა, მაგრამ უფალმა თავისი ერთგული მონის, არსენის საშუალებით არ დაუშვა მისი სულის წარწყმედა.

ერთხელ, წმიდა კონსტანტინეს ხსენების დღესასწაულზე, მამა არსენი ამ წმინდანის სახელობის სამლოცველოში წავიდა ღამისთევის მსახურებისთვის. ის დაბინდებისას გავიდა ხუთ მომლოცველთან ერთად. ესენი იყვნენ: პროდრომოს კორცინოგლუ, ჰაჯი-ხრისტოსი, ჰაჯი-მინა, პროდრომოს ეზნეპიდისი და ქრისტოფორიდისი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მამა არსენს განსაცდელში მყოფი ადამიანები ერთნი აქ ეძახდნენ, ხოლო მეორენი იქ. სოფლიდან რომ გავიდნენ, დაღამდა კიდეც და სიარული გაუჭირდათ. ისინი აღელდნენ. "რა გემართებათ?" – ჰკითხა მამა არსენმა. მათ უპასუხეს: "მოგვიტევე ჰაჯიეფენდი, ჩვენ ვერაფერს ვხედავთ". მამა არსენმა უთხრა: "დალოცვილებო, ნუთუ ვერ ხედავთ კაშკაშა ჯვარს, რომელიც წინ მიგვიძღვის?" "ვერ ვხედავთ", – უპასუხეს მომლოცველებმა, რადგან მართლაც ვერაფერს ხედავდნენ. მხოლოდ მამა არსენს შეეძლო დაენახა გაბრწყინებული ჯვარი და უთხრა მათ: "მოდით აქ და მომკიდეთ ხელი". სწორედ ამგვარად მივიდნენ მამა არსენის კვალდაკვალ დანარჩენები წმიდა კონსტანტინეს სამლოცველოში, სადაც აღასრულეს ღამისთევის მსახურება და შემდეგ საღვთო ლიტურგია. მსახურების შემდეგ ყველა სიხარულით აღსავსე გამოვიდა ტაძრიდან. ისინი დასხდნენ ბალახზე და იტრაპეზეს. შემდეგ ასაკოვანებმა დაიწყეს საუბარი, ხოლო ახალგაზრდებმა – ცეკვა და გალობა. მოულოდნელად მათ სიხარული მწუხარებად შეეცვალათ, რადგან თურქეთის ჯარის დეზერტირები გამოჩნდნენ. მათ ჩადენილი ჰქონდათ უამრავი მკვლელობა და ქურდობა. ისინი კბილებამდე შეიარაღებულნი იყვნენ და ჩეტელერებზე უარესად იქცეოდნენ. ქალებმა და ბავშვებმა ტირილი და ყვირილი დაიწყეს. მათ ჰაჯიეფენდის გარშემო მოიყარეს თავი. მოხუცებმა ჭაბუკებს განზე გადგომა უბრძანეს, რათა არ ესროლათ და არ მოეწყოთ სისხლიანი სასაკლაო. ბავშვიან ქალებს დამალვა უბრძანეს, დარჩნენ მხოლოდ ხანშიშესული კაცები და ქალები. მამა არსენმა ისინი დაამშვიდა, რადგან დიდიცა და პატარაც შეშინებულები იყვნენ: "ნუ გეშინიათ, დაე მოვიდნენ, დაე მოვიდნენ". ფარასიოტებმა თავდაჯერებულობა იგრძნეს ჰაჯიეფენდის სიტყვებში და დამშვიდდნენ. როგორც კი თურქები მიუახლოვდნენ, მამა არსენმა ასწია ხელი და თქვა: "თქვენ წყეულნი ხართ ღვთის მიერ და შეკრულნი იქნებით ჩემი ბრძანებით".

ამ სიტყვებისთანავე ყაჩაღები თითქოს ერთ ადგილს მიეზარდნენ. მაშინ მათ მოინანიეს და მამა არსენს პატიებას სთხოვდნენ: "მოგვიტევე, გაიღე მოწყალება. ვაღიარებთ, რომ დამნაშავენი ვართ, გაგვათავისუფლე. მოვალთ და შენს კურთხევას მივიღებთ. ჩვენ ამ წუთიდან გამოვსწორდებით". მამა არსენმა გაათავისუფლა ისინი და უთხრა: "დაყარეთ იარაღი, ჩვენ იგი არ გვჭირდება, და აქ მოდით". ყველანი დადგნენ რიგში, დაყარეს იარაღი, ჰაჯიეფენდის ფეხებთან დაემხნენ ცრემლებით და პატიებას ევედრებოდნენ. იქ მყოფი ქალები და ბავშვები ტიროდნენ დიდი სიხარულისა და გულაჩუყებისაგან.

რამდენადაც სოფლის ახალგაზრდა მამაკაცებს არ მიეცათ შეტაკებაში მონაწილეობის უფლება, პროდრომოს ეზნეპიდისი ძალიან გაღიზიანდა და მოინდომა ჯავრი ეყარა თურქებზე. მან თავი ვერ შეიკავა, დაიჭირა ყაჩაღთა გუნდის ერთ-ერთი მეთაური, თანაც ძლიერი, და ცემა დაუწყო. მოწყალე ჰაჯიეფენდიმ თურქი გადაარჩინა დარტყმებისაგან და უთხრა: "მე გპატიობ შენ". შემდეგ სოფლის მცხოვრებლებმა შეკრიბეს იარაღი, დააწყვეს ჯორებზე და გადასცეს თურქეთის ხელისუფალთ ვერეკეში (აგიოს კონსტანტინოსი).

გარდა იმისა, რომ დეზერტირებმა მოინანიეს და შეიცვალეს ცხოვრების წესი, ზოგიერთი მათგანი ფარული ქრისტიანიც გახდა და ფარულად გაემგზავრა საბერძნეთში მოსახლეობის გაცვლის დროს. ის თურქიც, რომელსაც პროდრომოს ეზნეპიდისი სცემდა, გაქრისტიანდა და სახელი სულეიმანი შეიცვალა ელევთერით. იგი ფარულად გაემგზავრა საბერძნეთში და დასახლდა იანიცაში. 1982 წელს იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ის ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული იყო და ეძახდნენ თურქ ელევთერის.

ფარასაში მცხოვრები მაჰმადიანის ერთ-ერთმა ცოლმა მონათვლა მოისურვა და ამის შესახებ უთხრა აგათიას (რომელმაც ეს ამბავი გადმომცა) დედას. მან ამის შესახებ მამა არსენს შეატყობინა, რომელმაც დაავალა ფარულად მიეყვანა მასთან ქალი, რათა დაემოძღვრა სარწმუნოებაში, და უბრძანა თვითონ ყოფილიყო მისი ნათლია. კათაკმეველად დადგენის შემდეგ თურქი მოინათლა – სახელით ელევთერია. თურქმა ქალმა დაიწყო ცხოვრება, როგორც ფარულმა ქრისტიანმა. მან მხოლოდ სამჯერ მიიღო წმიდა ზიარება და ყოველ ჯერზე ფარულად მოქმედებდა.

ნათლობის შემდეგ ელევთერიამ თავი მოიავადმყოფა და, ამგვარად, არ შებღალა წმიდა ნათლისღება თავის თურქ მეუღლესთან.

რადგანაც ელევთერიასთვის ძნელი იყო ურწმუნოთა გარემოცვაში ცხოვრება, მოწყალე უფალმა მალე გაათავისუფლა იგი და წაიყვანა: ის მოულოდნელად, რამდენიმე დღით ლოგინად ჩავარდა. ავადმყოფს სურდა ზიარება, მაგრამ მისთვის რთული იყო ჰაჯიეფენდისთან მისვლა. მამა არსენისთვის კიდევ უფრო რთული იყო მის სახლში მისვლა და მისი ზიარება, როგორც ფარული ქრისტიანისა, მაგრამ მან არ დატოვა იგი უზიარებლად. მან ძალიან პატარა ვაშლი აიღო, გაუკეთა მომცრო ნახვრეტი, ჩადო შიგ წმიდა ნაწილი და დალუქა. შემდეგ მამა არსენმა სთხოვა ნათლიას, წასულიყო ავადმყოფთან და გადაეცა მისთვის ვაშლი, რათა მას ზიარება შესძლებოდა. ნათლიამ მოწიწებითა და სიხარულით აიღო ვაშლი და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული გაემართა ელევთერიასთან. ელევთერია ზეშთაგონებით მიხვდა რა ხდებოდა და სახის შეცვლილი გამომეტყველებით თქვა: "ქრისტე, სულო ჩემო", – არადა მას არასოდეს მოუვიდოდა აზრად, რომ ნათლია წმიდა ნაწილის მოტანას შეძლებდა. ნათლიამ ამოიღო ვაშლი და მისცა ნათლულს. ამგვარად, კურთხეული სული ეზიარა. ზიარების შემდეგ ელევთერიამ თავისი სული ქრისტეს მიაბარა, აღელვებული ნათლია კი გაიქცა მამა არსენთან და უთხრა: "ჰაჯიეფენდი, შემიწყალე, ელევთერია გარდაიცვალა, ახლა რა მოხდება? მას თურქები განბანენ?" "ნუ დარდობ" – უპასუხა მან, მაგრამ ქალი თავისას იმეორებდა: "რა მოხდება, ჰაჯიეფენდი?" მამა არსენმა მიუგო: "დაივიწყე ეს". მაგრამ ნათლია მეტად შეწუხებული იყო, რადგან მაჰმადიანები მიცვალებულთა განბანას მონათვლის მნიშვნელობას ანიჭებენ და სჯერათ, რომ ადამიანს ცხოვრებაში ჩადენილი ყველა ცოდვა მიეტევება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ცდომილებაა!

რაკი ნათლია მამა არსენს არ ასვენებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, იგი იძულებული გახდა ეთქვა მისთვის: "მისმინე, ნუთუ ფიქრობ, რომ მე ვაპირებ ნება დავრთო, განბანონ ის, ვინც მოვნათლე?" ის განუწყვეტლივ ლოცულობდა ელევთერიასათვის და აი, რა მოხდა! რამდენჯერაც არ სცადეს თურქებმა მისულიყვნენ გარდაცვლილი ქრისტიანის სხეულის განსაბანად, მათ ხელის განძრევაც კი ვერ შეძლეს. ამიტომ იგი განუბანავი დაკრძალეს თურქულ სასაფლაოზე.

ჰაჯიეფენდიმ მიცვალებულისგან დაშორებით მყოფმა შეასრულა მისთვის პანაშვიდი და განაგრძობდა ლოცვას. ამის შემდეგ კიდევ მოხდა ერთი რამ.

ელევთერიამ ყოველ ღამით დაიწყო თავის სახლში გამოცხადება, ყველაფერს თავდაყირა ატრიალებდა, ჭურჭელს ფანტავდა და ამბობდა: "რატომ მაწვალებთ მე ამ ჯოჯოხეთში, თქვენს სასაფლაოზე? მალე წამიყვანეთ აქედან და გამიშვით სახლში, ქრისტიანულ სასაფლაოზე".

ეს გრძელდებოდა ყოველ დღე. თურქულ ოჯახს გაუჭირდა ამის ატანა და გაემართნენ მამა არსენთან: "ჰაჯიეფენდი, შეგვიწყალე, ჩვენ საშინლად ვიტანჯებით გარდაცვლილი ქალისაგან. გვიშველე! შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია რამის გაკეთება. იგი ყოველ ღამით გვაწვალებს, სახლს ყირამალა ატრიალებს და იმეორებს, რომ იგი თქვენს სასაფლაოზე დაკრძალონ, როგორც ჩანს მას უყვარდა თქვენი სარწმუნოება". მამა არსენმა მიუგო ქმარს: "მე რას მეკითხები? მე ბერძენი ვარ და შენ თურქი. მოიქეცი ისე, როგორც გინდა". მან უპასუხა: "არა, ჰაჯიეფენდი, მე არ მინდა ვიმოქმედო შენი კურთხევის გარეშე". მაშინ მამა არსენმა უთხრა: "ჩვენ თქვენთვის გავაკეთებთ გამონაკლისს. თქვენ ამოთხრით მას და მოასვენებთ, ხოლო ჩვენ დავკრძალავთ ჩვენი სასაფლაოს კუთხეში". მართლაც ამგვარად მოიქცნენ.

ამის შემდეგ გახარებული ელევთერია გამოცხადდა თურქების სახლში და ყველას სიკეთე უსურვა: "იცხოვრეთ ათასი წელი! მე ახლა სამოთხეში ვარ, ნათელში, ვნეტარებ უფლის ნიჭებით".

დაე, მოწყალე უფალმა მშვიდობა მისცეს ყველა იმ ერთგულთა სულებს, ვინც მოწიწებით შემოინახა ჩვენი ეკლესიის წმიდა მამათა გარდამოცემები და აგრეთვე წმიდად დაიცვა თავის მეხსიერებაში ცხოვრება და ღვაწლი წმიდა მამა არსენისა კაბადოკიაში და გადასცა ეს თავის შთამომავლობას. დაე, წმიდა მამა არსენმა უხვად მიმადლოს თავისი კურთხევა ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს, რომლებმაც შეგვატყობინეს სხვადასხვა ამბავი და დაგვეხმარნენ მისი ცხოვრების დაწერაში. ამინ.

 

თარგმნა თეა იაკობაშვილმა