„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“
შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.
მაგრამ, თუკი გონებამ სძლია საცთურს და ლოცვა იწყო, დემონები მას თავს უკვე სხვაგვარად ესხმიან. ისინი ადამიანებს ამჯერად ხილვებით აცდუნებენ, მლოცველს წარმოუსახავენ „ღვთის დიდებას“ და შთააგონებენ, თითქოს მან უკვე თვით ლოცვის მიზანს მიაღწია. მამა ევაგრე ამბობს, რომ ამგვარი ცდუნება პატივმოყვარეობის ვნების შედეგად მოდის და დემონები მას ადამიანის ტვინის გარკვეულ ადგილზე ზემოქმედებით აღწევენ. ვფიქრობ, რომ დემონი ზემოქმედებს გონების მახლობლად არსებულ ნივთიერ ნათელზე; ამის შედეგად პატივმოყვარეობა გულისთქმად იქცევა და გონება ქარაფშუტულად მიიწერს, რომ იტვირთა ღვთაების არსის აღქმა და შემეცნება. და ვინაიდან ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არაა დამძიმებული ბილწი ხორციელი ვნებებით და წმიდა ლოცვას აღავლენს, - მისთვის წარმოუდგენელია, რომ ხილვა შესაძლოა ბოროტი სულების მიერ იყოს წარმოსახული. ამგვარი მსჯელობით ადამიანი რწმუნდება, რომ ხილვა უფლისმიერია. სინამდვილეში კი სწორედ დემონი აქცევს ხილვად ქმნილ ნათელს ადამიანის ტვინზე ზემოქმედებით.
წმიდა ანგელოზის გამოცხადება წამიერად წყვეტს ადამიანში დემონთა ზეგავლენას და გონებრივ ნათელს ხიბლისგან ათავისუფლებს.
აპოკალიფსში ანგელოზის შესახებ ნათქვამია, რომ მას მოაქვს საკმეველი და აძლევს მას წმიდანების ლოცვებს: „და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაითა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა...“ (გამოცხ. 8,3). ვგონებ, რომ ეს ადგილი წმიდა წერილიდან იმ მადლზე მიუთითებს, რომელსაც ანგელოზის საშუალებით ვეზიარებით და რომელიც გვანიჭებს უნარს ვილოცოთ სულიერად. ამ დროს გონება უშფოთველ ლოცვას მიეცემა და უსასოობისა და სულმოკლეობისაგან თავისუფლდება.
სასაკმევლე საკმეველით „გამოცხადების“ ტექსტში წმიდანთა ლოცვას განასახიერებს, სასაკმევლე - უფალთან ერთობაა და მისდამი სრულყოფილი სულიერი სიყვარული, საკმეველი კი _ ლოცვა „სულითა და ჭეშმარიტებით“.
თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.
ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.
ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.
ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.
ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.
ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.
სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.
თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.
„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!
ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!
თარგმნა მარიამ გაგუამ