იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

მშვიდობა შენდა, დაო!

რატომ მწერ ასეთ სასოწარკვეთილ წერილებს? განა მანდ მარტო შენ ტვირთულობ სიძნელეებს? საქმე გარეგნულ სიძნელეებს არ ეხება, ეს, ჩემი აზრით, შენ თვითანაც გესმის, არამედ შენს სულიერ მდგომარეობას: სადაც არ უნდა წახვიდე, ვერც შენს თავს დაემალები და ვერც მტერს. ყველაფერი, რაც შენია, შენთან იქნება და სხვაგან გაცილებით მეტად დაგტანჯავს, ვიდრე მანდ. არ უნდა დაივიწყო, რომ სულიერი კანონი ასეთია: „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლუად სასუფეველსა ღმრთისასა“, „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლაი, უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“, „სასუფეველი ცათაი იიძულების“, „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“, „რომელმან დაითმინოს სრულად, იგი ცხონედეს“, „ჰსძულთ თქუენ სოფელსა“, „სოფელსა ამას ჭირი გაქუს“, „უკუეთუ გსურს სამსახური უფლისა, განამზადე სული შენი განსაცდელისთვის“ და ა.შ.

წმიდა მამები კი ამ აზრს გამოხატავენ მოკლე და ყოვლისმომცველი გამონათქვამით: „გაიღე სისხლი და მოიპოვე სული“. ეს საერთო კანონია ყველასთვის, ვისაც ცხონება სურს. თუ მაგალითებს მოვუხმობთ, ყველას ცხოვრებაში ვიპოვით ამ კანონის დადასტურებას: საყოველთაო მაგალითია უფალი იესო ქრისტე, მოციქულები, მოწამენი, სულიერი მამები, წმინდანები. ეს ნათელი მაგალითები ყველასთვის ცნობილია. ვისაც სურდა, ოდნავ მაინც მიებაძა იესო ქრისტეს ცხოვრებისათვის, ყველამ განიცადა დევნა, შეურაცხყოფა, ავადმყოფობა, სულიერი თუ ხორციელი განსაცდელი. გარდა ამისა, შენ უნდა იცოდე ძველი მამების წინასწარმეტყველება, რომ ბოლო ჟამს მონაზვნები ცხოდებიან არა ღვაწლით, არამედ განსაცდელის დათმენით. ეს იმდენად სარწმუნო და იმდენად აუცილებელია, რომ ურიცხვი განსაცდელი და ხანგრძლივი ავადმყოფობა ადამიანის ღვთისაგან რჩეულობისა და სიყვარულის ყველაზე უტყუარ ნიშნად მიიჩნევა და პირიქით: თუ ადამიანი თავს მორწმუნედ თვლის, ხოლო განსაცდელი და ავადმყოფობა არ შეხვედრია, ეს, წმინდა მამათა აზრით, იმის ნიშანია, რომ უფალი არ სათნოყოფს ამ ადმიანს. ახლა ნათქვამი შენს თავს მიუსადაგე. უფალს შენი ცხონება უნდა, უყვარხარ და გიგზავნის, გამონაკლისის გარეშე, ყველასათვის აუცილებელ საშუალებას - განსაცდელს. და შენ რას აკეთებ? შენ ეს არ გესმის, განსაცდელი ზედმეტად და დამღუპველადაც კი მიგაჩნია. ეს, მართლაც, დამღუპველია, მაგრამ არა შენი სულისთვის, არამედ შენი ცოდვილი ბუნებისთვის, დამღუპველია ძველი ადამიანისთვის, ხოლო მაცხონებელია „ახალი ადამიანისთვის“. მტერმა ეს იცის, გაკრთობს, გინერგავს მცდარ აზრებს, მოუთმენლობას, სასოწარკვეთილებას, ადამიანთა, ცხოვრების წესის, ხელმძღვანელობის განკითხვას და ა. შ. შენ ეს უნდა გაიგო, გამოცდილებით უნდა შეიცნო და შეეწინააღმდეგო ეშმაკს. ღვთის სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანისათვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში განსაცდელი და ტანჯვა არათუ ბოროტებაა, არამედ ღვთიური მადლიც არის: „თქუენ მიგემადლა არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაი, არამედ მისთვის ვნებაიცა“ (ფილ.1. 9).

ადამიანის ცხონებისათვის აუცილებელი განსაცდელი, შეიძლება, აღქმულ იქნეს როგორც ძნელი ან როგორც ადვილი, ეს დამიკიდებულია ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. თუ ადამიანი, უფლის სიტყვისადმი რწმენით განსაცდელს მიიღებს, როგორც ცხონებისათვის აუცილებელსა და გარდაუვალ საშუალებას, თუ შეიცნობს სიტყვით და საქმით ჩადენილ თავის უამრავ ცოდვას, გონებით მიხვდება, რომ სავსებით იმსახურებს არამარტო მოვლენილ განსაცდელს, არამედ გაცილებით მეტსაც, დამდაბლდება ღვთისა და ადამინათა წინაშე და მაშინ განსაცდელი შეუმსუბუქდება, შემდეგ კი ადამიანში აღმოცენდება ის, რაც მთელ სამყაროს, მთელ მიწიერ სიკეთეს აღემატება, პავლე მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ: „რაც თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია, ადამიანის გულს არ გარდახდომია, რომელიც განუმზადა უფალმა მოყვარეთა მისთა“. თუ ადამიანი განსაცდელისა და ავადმყოფობის ჟამს დრტვინვას მიეცემა, თუ ამ განსაცდელის მიზეზის ძებნას დაიწყებს ადამიანთა, ეშმაკთა, გარემოებათა შორის და ყოველნაირად შეეცდება მისგან თავის დაღწევას, მაშინ მას ამაში მტერი დაეხმარება, დაანახვებს მოჩვენებით დამნაშავეებს (ხელმძრვანელობას, ვითარებას, მეზობლებს და სხვა), გააღვივებს მასში მტრობას, ამ ადამიანებისადმი სიძულვილს, შურისძიების, შეურაცხყოფის სურვილსა და სხვას. ამის შემდეგ ასეთი ადამიანის გულს დაეუფლება წყვდიადი, სასოწარკვეთილება, უიმედობა, სხვაგან წასვლის სურვილი, თუნდაც მიწაში ჩაძვრეს, ოღონდ არ ხედავდეს, არ ესმოდეს მოჩვენებითი მტრებისა, სინამდვილეში კი, ის უჯერებს და აკმაყოფილებს მისი მომაკვდინებელი მტრის - ეშმაკის, ნებას, რომელიც ამ ბოროტებას შთააგონებს და რომელსაც მისი წარწყმედა უნდა. მას ზოგჯერ ადამიანი თვითმკვლელობამდე, ე.ი. ნამდვილ წარწყმედამდე მიყავს. თუ გსურს სულიერი სიმშვიდე, ნუგეში და ნამდვილი ცხონება მოიპოვო, დამდაბლდი ღვთის ძლიერი ხელის წინაშე და იგი აღგამაღლებს. ის იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც გარდაგხდა, ჩათვალე, როგორც უფლის ხელიდან და არა კაცთაგან მომდინარე, რამეთუ ჭეშმარიტად შეუძლებელია ღვთის ნების გარეშეE გარდაგვხდეს რაიმე. ადამიანები და გარემოებანი მხოლოდ ღვთის იარაღია, ხშირად მათ არც ესმით, რას აკეთებენ. უფალმა იესო ქრისტემ ყველას აუწყა, რომ მისი მომავალი ჯვარზე ვნება არ იყო ადამიანთა: ფარისეველთა, მწიგნობართა, პილატეს, იუდას - საქმე, ისინი მხოლოდ იარაღს წარმოადგნდნენ: „სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შვსვაა“. ტანჯვათა ფიალა იესო ქრისტეს მისცეს არა ადამიანებმა, არამედ - ზეციურმა მამამ ცოდვილ კაცთა მოდგმის გადასარჩენად. ასევე ჩვენც, ცხონების მსურველთ, უფალი გვიბოძებს ტანჯვათა ფიალას და არა - ადამიანები. თუ უფალი ჩვენთვის ევნო, მითხარი ერთი, რატომ არ უნდა ვევნოთ ჩვენს აურაცხელ ცოდვათა გამო, რომელთაც, ამასთანავე ვერც კი ვხედავთ. უნდა ვევედროთ უფალს; „მომანიჭე მა განცდა თვისთა ცოდვათა“. თუ მივიებთ ამ მადლს - განცდას თვისთა ცოდვათა, ვიგრძობთ მთელ მათ სიმძიმეს, იმას, რაოდენ მიუღებელია ღვთისთვის ცოდვილი ადამიანი, რაოდენ აუცილებელია უფლისაგან შენდობის მიღება, ღვთის შეწევნით ჩვენი კეთროვანი სულის განწმენდა, მაშინ კი დავემხობით ღვთის წინაშე, ავტირდებით, როგორც ცოდვილი დედაკაცი და მთელი გულით შევღაღადებთ, როგორც მეზვერე: „უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი, მომიტევე ჩემი ცოდვები, განწმინდე ჩემი კეთროვანი სული, ნუ წამართმევ შენს ზეციურ მეუფებას, ნუ ჩამაგდებ ჩემი მტრების - ეშმაკების ხელში“. დამდაბლდი ღვთის წინაშე, ე.ი. როგორც კეთილგონიერმა ავაზაკმა, მთელი გულით თქვი: “ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენით, მოგუეგების“, არ დაემსგავსო მეორე ავაზაკს, რომელიც ყველას აძაგებდა, იმუქრებოდა, სხვებს აბრალებდა თავის ტანჯვას, ამით მხოლოდ დაიმძიმა თავისი მდგომარეობა და წარწყმდა. უფალმა ყოველივე გააკეთა ჩვენი ცხონებისათვის, მას თითოეული ცოდვილის ცხონება ნებავს, ჩვენც უნდა გავისარჯოთ ჩვენივე ცხონებისათვის, ვაიძულოთ ჩვენი თავი, რომ ვიცხოვროთ, ე.ი. ვიმოქმედოთ, ვიაზროვნოთ, ვიგრძნოთ ისე, როგორც ამას უფალი იესო ქრისტე იქმოდა და როგორც სახარებაში გვასწავლიდა...

 

წინა

შემდეგი