იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო შვილო!

მივიღე შენი წერილი. უფალი იყოს შენი შემწე, რათა შეძლო ამ მორევში ცხოვრება, ბოლომდე გაცურო წუთისოფლის ზღვა და მშვიდ ნავთსაყუდელს მიაღწიო... დღეს ეს ძალიან ძნელია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის! ყოველთვის ითხოვე შეწევნა უფლისა და დედა ღვთისმშობელისაგან. კარგად გახსოვდეს, რომ თუ ადამიანი გულის სიღრმიდან არ მოინდომებს ცოდვის ჩადენას, მაშინ მას მთელი ჯოჯოხეთიც ვერას ავნებს. იმიტომ რომ მასთან იქნება უფლის შემწეობა, ხოლო თუკი ადამიანი თავად მიიდრიკება ცოდვისაკენ, ჯერ გონებით გაესაუბრება მას და, მროგორც შხამიან გველს, არ უარყოფს გულისთქმებს, მაშინ ბოროტი იპოვის გულში შესაღწევ გზას და უფალიც დაუშვებს ცოდვის აღსრულებას. ზუსტად ასევე დასაშვები ხდება ადამიანის დაცემა ქედმაღლობის, ამპარტავნობის, ანდა მოყვასის ბოროტი განკითხვის გამო, აი, ამიტომ უნდა „ვმღვიძარებდეთ“ და არც გონებით, არც გულით არ უნდა შევიწყნაროთ რომელიმე გველი, რათა შემდეგ არ დაგვგესლოს. მხოლოდ მღვიძარებით, საკუთარი გარეგანი გრძნობების (მხედვეობსა, სმენა, შეგრძნება) შეზღუდვით და შეძლებისდაგვარად, უფლის სახელის დაუცხრომელი მოხმობით შეიძლება მტრის ყველა თავდასხის მოგერიება, დიდი ცოდვის თავიდან აცილება. იესო ქრისტეს სახელის მოხმობით უნდა ჩავახშოთ ჩვენი ცოდვილი, დაცემული ბუნებითა და ეშმაკის ზემოქმედებით აღმოცენებული ცოდვილი აზრები და გრძნობები, ვიდრე ისინი არ გაზრდილან და განმტკიცებულან.

საკუთარი თავის განწმენდის სხვა გზა და საშუალება არ არსებობს: „მღვიძარე იყუენით, და ილოცევდით“, მაშინ შეძლებთ, თავი დააღწიოთ ყოველგვარ უბედურებას, მტრებს და მათი ცოდვილი ბუნების ყველანაირ იარაღს. დაითმინე, გაისარჯე..., იბრძოლე, ხელი არ გაუწოდო ბოროტს, იყავი ღვთის ერთგული და იგი არ მიგატოვებს, შენს თავს არავის დააჩაგვრინებს, თუნდაც მთელი სამყარო აღსდგეს შენს წინააღმდეგ. „ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთარ არს ღმერთი“.

უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს.

 

წინა

შემდეგი