იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

1954 წ.

ძვირფასო დ.ვ., რამდენადაც ადამიანი ნამდვილად და არა წარმოსახვითაა ახლოს ღმერთთან, იმდენად თავისი თავი უღირსად, ცოდვილად, ყველა ადამიანზე მეტად ცოდვილად მიაჩნია. ასეთებად გრძნობდნენ თავს წმინდა მამები. მაგალითები ბევრია. თქვენ თვითონ გაიხსენეთ.

მეზვერე სხვა მიზეზის გამო თვლიდა თავს ცოდვილად. მაგრამ, შეიცნო რა თავისი ცოდვები, თავი კი არ გაიმართლა, არამედ ღვთისაგან მხოლოდ წყალობა და პატიება ითხოვა და მიიღო კიდეც. ყველა ადამიანს მართებს უფლის გადაუხდელი ვალი. ვერანაირი ღვაწლით ვერ გამოისყიდება ეს ვალი. თავად უფალი ბრძანებს, რომ თუკი ყველაფერს აღასრულებთ (ყველაფერს, რაც გავალიათ, ე.ი. ყველა მცნებას), ჩათვალეთ თქვენი თავი უხმარ მონებად, რომლებიც ვალდებულნი არიან, გააკეთონ ყველაფერი, რასაც მათ ბატონი უბრძანებს. მაშასადამე, ჩვენ, მცნებათა მარადიულ დამრღვევთ, ყოველთვის გვმართებს მეზვერისეული განწყობა. არანაირი ღირსება არ უნდა ვეძებოთ ჩვენში, რა ღვაწლის მტვირთველნიც უნდა ვიყოთ. ჩვენ ყოველთვის უხმარი მონები ვართ. მხოლოდ ღვთის მოწყალებით მიეტევებათ მონანულთ და „შევლენ“ ღვთის სასუფეველში.

ამიტომ გვიკრძალავენ უფალი და წმინდა მამები მაღალი სულიერი მდგომარეობის ძიებას. მთელი ჩვენი შინაგანი ღვაწლი მიმართული უნდა იყოს სინანულისა და ყოველივე იმისკენ, რაც სინანულს უწყობს ხელს, ხოლო უფალი კი თავისთავად მოვა, როცა ადგილი წმინდა იქნება და როცა ამას ღმერთი ინებებს. თუკი მოღვაწეს არ გააჩნია გულის წრფელი შემუსვრილება და ცოდვილობის განცდა, მაშინ ასეთი მოღვაწე აუცილებლად ხიბლშია. განსაკუთრებით ლოცვით ღვაწლში მყოფს უნდა გააჩნდეს მეზვერისეული ლოცვა და გულშემუსვრილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ეშმაკთაგან იქნება ცდუნებული, დაეუფლება ქედმაღლობა, პატივმოყვარეობა და ხიბლი. დაე, უფალმა გვიხსნას ამისაგან.

აი, პასუხი თქვენს სურვილზე იცოდეთ, რას ნიშნავს მეზვერისეული განწყობა. მეზვერისა და ფარისევლის შესახებ იგავით უფალმა გვიჩვენა, თუ როგორ უნდა ვილოცოთ, როგორი სულიერი განწყობით, და როგორით - არა (ფარისევლური განწყობა). მაცხოვრის განკაცებისა და ჯვარცმის შემდეგ წმინდა მამებმა მეზვერის ლოცვა შეცვალეს იესოს ლოცვით, რაც აზრობრივად ერთი და იგივეა.

 

წინა

შემდეგი