იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

1963 წელი

ძვირფასო..!

დღეს მივიღე შენი წერილი, რომელიც ეკლესიის სიწმინდეს ეხება. ვიდრე გავარკვევდეთ, თუ რატომაა ის წმინდა, უნდა გადმოვცეთ ეკლესიის განმარტება ან გაგება. რა არის ეკლესია? ეკლესია ხომ ქრისტეს სხეულია (ეფ.5,23,კორ.1,2,4). ეკლესიის თავია ქრისტე (ეფ. 3,28; კოლ. 1,18). უფალს არა აქვს წარსული და მომავალი, აქვს მხოლოდ აწმყო. „მან (მამა ღმერთმა) გამოგვიჩინა ჩუენ უწინარეს სოფლის დაბადებისა წინასწარ გვიჩინნა ჩუენ შვილებად იესო ქრისტეს მიერ მისა მიმართ... რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოსხნაი სისხლითა მისითა და მოტევებაი ცოდუათა ჩუენთა, სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა“. (ეფ.1;4,5,7).

ქრისტეს მორწმუნენი ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით შედიან ეკლესიაში, როგორც მისი წევრები, ხოლო ზიარების საიდუმლოთი ისინი ერთ ხორც და ერთ სულ უერთდებიან უფალს. თუ ადამიანი სიტყვით და საქმით შეგნებულად არ განეშორება უფალს, ცდილობს, იცხოვრეოს სახარების მცნებებით, ინანიებს ცოდვებს, მაშინ ის წმინდაა არა „პოტენციურად“, არამედ რეალურად, ის ეკლესიის წევრია, ქრისტეს სხეულის ნაწილია.

მძიმე და შეგნებული ცოდვებით ადამიანი დროებით წყდება ეკლესიას, სინანულით კი („მეორე ნათლისღება“) შეუძლია ეკლესიასთან შეერთება. მოძღვარი ასეთ ლოცვას უკითხავს მონანულს: „მიიღე და შეაერთე წმიდასა შენსა ეკლესიასა...“ თუ ცოდვილი არ ინანიებს, ის ეკლესიის გარეთ რჩება.

ადამიანი წმინდაა ღვთის ხატებისა და მსგავსების გამო, წმინდაა იმიტომ, რომ ნათლისღების საიდუმლოთი ქრისტეს „შეიმოსავს“, განსაკუთრებით წმინდაა, როცა ქრისტეს სისხლისა და ხორცის წმინდა საიდუმლოს ეზიარება.

თუ იგი ებრძვის ცოდვებს და ამ ბრძოლაში იღებს ჭრილობებს, მაგრამ მაინც განაგრძობს ბრძოლას, ინანიებს, სთხოვს უფალს შენდობასა და წყალობას, მაშინ იგი ქრისტეს წმინდა მხედარი ხდება, ცოდვებთან ბრძოლაში იძენს სულიერ განძს, რომელსაც სხვა გზით ვერ მოიპოვებდა. როგორც ადამიანის სხეული ჩირქის მეშვეობით განდევნის უცსო სხეულს, ასევე განაგდებს უფალიც წმ. ეკლესიიდან მისთვის უცხო ადამიანებს. უფრო სწორად, ისინი თავად მიდიან ეკლესიიდან. ამიტომ ეკლესია ყოველთვის წმინდაა. ის ქრისტეს საიდუმლო სხეულია. იგი არის კლდე და დადასტურება ჭეშმარიტებისა. მაცდური გონება ამას ვერ ჩასწვდება. ამიტომაა საჭირო რწმენა. „მრწამს ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“ (გაიხსენე მიტროპოლიტი ბენიამინი).

ვისაც სურს, გამოცდილებით შეიცნოს ქრისტიანობის საიდუმლო, მან მთელი ძალები უნდა მიმართოს სულიერი მოღვაწეობისაკენ და არ ეცადოს მხოლოდ გონებით ყველაფრის გაგებას. აი, ზოგიერთი მოსაზრება თქვენ მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით.

არ მიკვირს, რომ ბულგარელი პროფესორები, ისევე როგორც, ყველა თუ არა, ჩვენი პროფესორების უმეტესობაც, პროტესტანტული ნაშრომებით საზრდოობენ და იზიარებენ კიდეც მათ შეხედულებებს. პროტესტანტობა არის მსჯელობა, გარეგნული ცოდნა, ხოლო მართლმადიდებლობა - ქრისტესმიერი საიდუმლო ცხოვრება. ადამიანები კი ლეშად იქცნენ. უფრო ადვილია იმსჯელო, ვიდრე გაისარჯო, ებრძოლო ძველ ადამიანს, ილოცო და სხვ. „ქრისტიანობა შეუმჩნევლად შორდება ადამიანებს, რჩება მხოლოდ პირმოთნეობა“. ეს არის წმ. ტიხონ ზადონელის სიტყვები, რომელიც ეპისკოპოსმა ეგნატე ბრიანჩანინოვმა გადმოგვცა.

უფალი იყოს შენი მფარველი!

 

წინა

შემდეგი