იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო..., მშვიდობა! 1962 წელი

...ჩემი ვარაუდით, მ.პ.-მ გკითხა ის, რისი თქმაც საჭიროდ არ მიაჩნდათ, მან კი განზრახ გკითხა, შენ კი ჩაიჭერი. გულს კი ნუ გაიტეხ, არამედ დამდაბლდი. სიამაყითა და პატივმოყვარეობით აღსავსე კუნჭული ყველას გაგვაჩნია. ბევრჯერ, ბევრჯერ უნდა ჩავარდე წუმპეში, რომ გაიგო შენი შეზღუდულობა, ღვთის მუდმივი შეწევნის აუცილებლობა. თუკი მთელი სულიერი ძალები დაცემულობითაა დამახინჯებული, მაშინ საკუთარი პიროვნულობის, საკუთარი „მეს“ შეგნებაც განსაკუთრებით ძლიერაა დამახინჯებული.

ადამიანი, როგორც ღვთის ხატება, რომელიც მოწოდებულია იყოს ღვთის შვილი, ღვთის თვისებათა თანაზიარი, ჭეშმარიტად დიადი განძია, რომელიც მთელ სამყაროზე ძვირფასია. უნდა შევიგნოთ ეს, მადლობა უნდა შევსწიროთ უფალს ამისთვის, ამ ღირსების შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. სინამდვილეში კი ადამიანმა ან არ იცის თავისი ჭეშმარიტი სიდიადე, ანდა თავისი გარყვნილების გამო საკუთარ „მეს“ ამაოდ განადიდებს, შფოთავს უმნიშვნელო თავმოყვარეობის, ქედმაღლობის, სიამაყის გამო და არასასურველი ხდება ღვთისა და ადამიანებისათვის, ეს სიმახინჯე ყველა ცოდვაზე მძიმე დაავადებაა და ძნელად იკურნება, რადგან ის ეხება თვით ადამიანის სულის სიღრმეს, მის საფუძველს, მის „მეს“. ამ ავადმყოფობის წამალი სიმდაბლეა, აი, ამიტომ არის იგი ასე ძვირფასი. აზრს მიახლოებით გამოვთქვამ და არა ზუსტად. ეს საკმაოდ ღრმა და რთული საკითხია, რამოდენიმე ფრაზით მისი გადმოცემა შეუძლებელია. ყველა ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე უწევს ბრძოლა თავის ცრუ, დაცემულ „მესთან“. თვით სულიერი ცხოვრების წარმატება სიმდაბლის სიღრმით განისაზღვრება. ამიტომ ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა, წყენა, დაცემაც კი, ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფლის ხელით გამოგზავნილი (სინამდვილეში ასეცაა), რაც ხელს უწყობს ჩვენი „მეს“ დათრგუნვას, არა დრტვინვით, არამედ მადლიერებით. ასეთი მოქმედებითაც კი ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ვერ აღწევს თავს ქედმაღლობასა და ამპარტავნობას. სიმდაბლის გარეშე ადამიანი ვერანაირ მადლს ვერ მიიღებს ისე, რომ თავის თავს ზიანი არ მიაყენოს. ამიტომაა ნაწინასწარმეტყველები, რომ ბოლო ჟამს, ამპარტავნების გაზრდის გამო, ადამიანები მხოლოდ განსაცდელითა და ავადმყოფობათა დათმენით ცხონდებიან, მათ სხვა ყოველგვარი ნიჭი წაერთმევათ.

ამიტომ მადლობა შესწირე უფალს ამ და მსგავსი შემთხვევებისათვის, იმის მადლობელიც იყავი, ვინც უფლის ამ განზრახვას განახორციელებს, ვისი მეშვეობითაც უფალი სიმდაბლეს გვასწავლის. ვისაც უფალი „სჯის და უყვარს“.. გამოცდლიებით შეიცანი ქრისტიანობის ჭეშმარიტება.

სასულიერო სკოლა იძლევა ქრისტიანობის გარკვეულ თეორიულ ცოდნას. ამ ცოდნის გამო, შეიძლება, სავსებით დამსახურებულად გქონდეს ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება, მაგრამ ამასთანავე სავსებით არ გწამდეს არამარტო ქრისტე, არამედ ღვთის არსეობობასაც კი უარყოფდე. მხოლოდ გამოცდილება, ქრისტესთან რეალური ურთიერთობა იძლევა ცოცხალ, ხილულ რწმენას. ის მოიპოვება მრავალი განსაცდელით, დაბრკოლებით, დაცემით, აღდგენითა და სხვა გზებით, რომელთაც ჯერ სიმდაბლემდე მივყავართ ( სიმდაბლის ხარისხი სხვადასხვაა), შემდეგ კი სხვა სულიერ მონაპოვრებამდეც. შეევედრე უფალს, მოგმადლოს გონიერება, რათა ცოდვით დაცემაცა და დაბრკოლებაც შენს სასარგებლოდ, სულიერი ზრდისთვის, გამოიყენო. მთავარი კი ისაა, რომ ყოველთვის ღვთის სასუფეველს უნდა ვეძიებდეთ, რათა ვპოვოთ...

უფალი იყოს შენი მფარველი და თავისი გზით შეგიყვანოს მარადიულ ცხოვრებაში.

არ გაცვალო უფალი არც მცირესა და არც დიდში. ღვთის კაცის, ალექსის სიღარიბე სჯობს მთელი წუთისოფლის სიმდიდრესა და დიდებას! ერთხელ და სამუდამოდ გააკეთე არჩევანი და, მიუხედავად ყველაფრისა, არ გადაუხვიო შენი გზიდან!!!

 

წინა

შემდეგი