იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო..! 1962 წელი

გმადლობ წერილისათვის. ო-ს მივწერე, რომ ის, ვინც სერიოზულად ეძიებს ღვთის სასუფეველს, მარტო უნდა იყოს და რომ ამ გზით მავალს უფალი მოუვლენს ნუგეშს, რომლის წინაშეც ყოველგვარი ამქვეყნიური სიხარული არარაობაა. მხოლოდ „უკან აღარ უნდა მოიხედო“, როგორც გააკეთა ეგნატე ბრიანჩანინოვმა.

ყველა ჩვენგანმა უნდა ითხოვოს სულიერი სიბრძნე, რამეთუ არსებობს ეშმაკეული სიბრძნეც (იაკ. 3,15). ადამიანები, თავისი არსით, სიღრმისეულად გაცილებით უკეთესნი არიან, ვიდრე ამას ცხოვრებაში გამოხატავენ. ერთია - ღვთის ხატება და მადლი, რომელსაც ნათლობის საიდუმლოთი ვიღებთ; სწორედ ეს არის ადამიანის პიროვნება, მისი „მე“. ეს არის ღვთის უდიდესი მადლი. არარაობიდან აღმოცენდა თვითშემეცნების ახალი ცენტრი „მე“, რომელიც შეიცნობს თავის თავსა და მთელ სამყაროს. „მე“ მთელი სამყაროს ტოლფასია, რადგან „მე“-ს, როგორც თვითშემეცნებად პიროვნებას, თავის ობიექტად ჰყავს არა მარტო მთელი სამყარო, არამდე ღმერთიც. „მე“ ისწრაფვის, რომ შეიცნოს, გაიგოს, ე.ი. მადლი მიიღოს, თავის თავში მოიცვას როგორც მთელი სამყარო, ასევე ღმერთი. „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი“. ეს, ანუ შემეცნება, შემოქმედმა მიანიჭა ადამიანს, ადამიანიც აქეთკენაა მოწოდებული, მაგრამ მხოლოდ კანონიერი გზით. აი, რა დიადია ადამიანი! აი, ამიტომ გვგონია ადამიანი ზოგჯერ ასე ბრწყინვალე, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიადი არსება თითქოს სამარეში წევს, ემპირიის სიბინძურით, ე.ი. უსუსური შემეცნებებით, გრძნობებით, წვრილმანი საქმეებით, ინტერესებით არის დაფარული. „ადამიანი ამგვარი პატივით ვერ გულისხმაჰყოფს!“

აი, ზოგს ახალგაზრდობაში და ზოგიერთ ადამიანს ყოველთვის აქვს უნარი, ადამიანური სულის სიღრმე მისი ემპირიის წიაღში შეიცნოს. მუდმივი შეხება ემპირიულ ძველ ადამიანთან, ასაკის შესაბამისად, გვაიძულებს მათ მიმართ ვიყოთ ფრთხილი, რისკენაც მაცხოვარი მოგვიწოდებს. მეტად აღარ განვავრცობ ამ საკითხს, თუმცა კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა. იმედი მაქვს, ასეც გასაგებია.

ახლახან, მართალია, ძალზე სწრაფად, წავიკითხე „ძმები კარამაზოვები“. აი, სად არის გახსნილი ადამიანის სული! რა საბრალო პაროდიად გამოიყურება მეცნიერული ფსიქოლოგია დოსტოევსკის ფსიქოლოგიასთან შედარებით. ოდესღაც ისეთი მიამიტი ვიყავი, რომ ფსიქოლოგიის კურსის შესწავლით მსურდა სულის შემეცნება. რამდენ სისულელეს ვიქმთ ახალგაზრდობაში, როცა სულიერი ხელმძღვანელი არა გვყავს! მე, მართლაც, გზაარეული ვიყავი. „წუთისოფლის თავადი“ ისე აბრმავება ადამიანებს, რომ ისინი ბრმებივით ხელების ცეცებით დადიან, შემდეგ კი განუწყვეტლივ ცვივდებიან ერთი წუმპიდან მეორეში.

მეცნიერება სიცრუეა, მის მონაცემებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას მიიჩნევ მაშინ, როცა ხვალინდელი მეცნიერება უარყოფს დღევანდელს. ხელოვნება, უმეტესწილად, შეგნებული ფალსიფიკაციაა, პოლიტიკა ყოველთვის აღსავსე იყო ტყუილით, სიცრუით, დანაშაულით, აქ ყველაფერი „პირიქით’’ უნდა გაიგო, ხოლო ის, რასაც „ცხოვრება“ ჰქვია, არის ამაოებათა ამაოება, სრული ამაოებაა, რაც მთავარია, ეს საშინელიდ დაწვრილმანება, სიცარიელე და და უსრულეებლი სიცრუეა. ერთი სიტყვით, ეს არის „სიცრუის ეპოქა“, წუთისოფლის თავადი ბატონობს.

ამ წერილს დილით გწერ, განახლებული ძალებით, ამიტომ ვლაპარაკობ ამდენს, „ფილოსოფიაში“ გადავვარდი.

ეცადე, ძვირფასო, რომ ამაოებას მოწყდე და „არსში“ გადახვიდე, როგორც ადრე ამბობდი, ემპირიკიდან - ნოუმენალურ სფეროში, სადაც სიმართლე, მშვიდობა და სიხარულია. მიენდე მაცხოვარს. ის არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ის არის კარი, მხოლოდ მისით და მხოლოდ მისგან შეიძლება ჭეშმარიტებასა და მარადიულ ცხოვრებაში შესვლა, მხოლოდ მისი წყალობით შეიძლება მოწყდე ამაოებასა და ეშმაკის მეუფებას და დაიმკვიდრო ღვთის სასუფეველი.

კარგად იყავი, უფალი იყოს შენი მფარველი!

 

წინა

შემდეგი