იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

1950 წ.

ძვირფასო დ.ვ., „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა“. განა ადამიანი საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს თავის თავს? თუკი იღვწით ხორციელად, სულიერადაც უნდა იღვაწოთ. გულს ისევე, უფრო სწორად, მეტად უნდა დამუშავება, ვიდრე ბოსტანს. თუკი ადამიანი უხდის გასამრჯელოს დაქირავებულ მუშას, განა უფალი დატოვებს გასამრჯელოს გარეშე მას, ვინც მისთვის შრომობს? და როგორ უნდა ვიშრომოთ ღვთისთვის? - თქვენ ყველაფერი იცით. უნდა ილოცოთ, თვალყური უნდა ადევნოთ საკუთარ თავს, უნდა ებრძოლოთ გულისთქმებს, უბრალო რამისთვის არ უნდა იჩხუბოთ, უნდა იყოთ დამთმობი, მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, საქმეში დაზარალდეთ (შემდეგ მეტს მოიგებთ), სწრაფად უნდა შერიგდეთ, უნდა აღიაროთ გულისთქმანი, ხშირად უნდა ეზიაროთ და სხვა.

შეიძლება თუ არა სამსახურთან ამის შეთავსება? თუ უმწეობით ყველაფრისა არა, ბევრის გაკეთება მაინც შეიძლება. გაუკეთებლობისას უნდა ინანიო მაინც და ამით სიმდაბლეს მოიპოვებ, მაგრამ თავი არაფრით გაიმართლო, რადგან თავის მართლებით ხელს ვუშლით ჩვენი სულიერების ზრდას. თუკი არ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გვმართებს, ამასთანავე ვერ ვითმენთ წყენასა თუ განსაცდელს და ამის გამო აღარც ვნანობთ და არც ვმდაბლდებით, მაშინ აღარც ვიცი, რაღა გითხრა, მაშინ რითღა ვყოფილვართ ურწმუნოებზე უკეთესი? ამიტომ გთხოვთ ყველას: მოითმინეთ წყენა, ყვედრება, ადამიანთა უსამართლობა, იტვირთეთ უერთიერთის სიმძიმენი, თუნდაც ამით რომ შეავსოთ სულიერი მოღვაწეობის ნაკლი, მთავარი კი ისაა, რომ შენი თავი ყოველგვარი შეურაცხყოფისა და განსაცდელის ღირსად ჩათვალო - „და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენით, მოგუჱგების“.

თქვენთვის ცნობილია, რომ ბოლო ჟამს განსაცდელით ცხონდებიან. განა ჩვენ არ გვეხება ეს კანონი? ტყუილად როდი გვირჩევენ წმინდა მამები, რომ ხშირად (დღეში რამდენჯერმე) გავიხსენოთ სიკვდილი, სამსჯავრო, რომ თითოეული სიტყვის, საქმის, გულისთქმის, წუთისოფლისადმი მიჯაჭვულობის, პატივმოყვარეობის, ყოველგვარი ფარულისა და ცხადის გამო პასუხი უნდა ვაგოთ ღვთის წინაშე. მხოლოდ უფალია ჩვენი სინდისის მსაჯული. და თქვენ ხშირად უნდა გაიხსენოთ ეს.

ღმერთმა გაკურთხოთ ყველანი.

 

წინა

შემდეგი