იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო..!

ღვთის წყალობა და მშვიდობა იყოს შენთან და...-თან. მივიღე შენი წერილი. დიდი ხანია, არ მოგიწერია შენი მდგომარეობის შესახებ. მიხარია, რასაც მწერ, თუ მართლა განიცდი იმას, რასაც აღმიწერ, თორემ ხშირად მხოლოდ თავიანთი ნაოცნებარის, წაკითხულის, ან სხვისგან გაგონილის შესახებ მწერენ. იმას, რასაც შენ აღმიწერ, აუცილებლად განიცდის ყველა, ვინც სწორი სულიერი გზით მიდის. იზრუნე ცხონებისათვის, იშრომე, ილოცე. ყველასთან შეინარჩუნე მშვიდობა, არავინ განიკითხო. ყველა შეიბრალე, ცხადად მცოდველებს ნუ განსჯი, არამედ უფალს ევედრე, რომ მიუტევოს და გონება გაუნათოს მათ, რათა ცხონდნენ.

ადამიანის სულიერი ზრდის საზომია მისი სიმდაბლე. რაც უფრო მაღალია ადამიანი სულიერად, მით უფრო მდაბალია, და პირიქით, რაც უფრო მდაბალია, მით მეტად მაღალია. კანონის შესრულებას, მეტანიებს, მარხვას, წმინდა წერილის კითხვას კი არ მიყავს ადამიანი ღმერთთან, არამედ - მხოლოდ სიმდაბლეს. სიმდაბლის გარეშე ყველაფერი, თვით უდიდესი ღვაწლიც კი, არა მარტო უსარგებლოა ადამიანისთვის, არამედ, შეიძლება, საერთოდ, დამღუპველიც იქნეს. დღეს კი ვხედავთ, რომ საკმარისია, ადამიანმა ოდნავ მეტი ილოცოს, ფსალმუნები იკითხოს, მარხვა დაიცვას და თავი სხვაზე უკეთესი ჰგონია, მოყვასს განიკითხავს, სხვას ასწავლის მაშინ, როცა არ ეკითხებიან და სხვა... ამით კი თავის სულიერ სიცარიელეს და ღვთისაგან სიშორეს, „შორეულ ქვეყანაში“ (უძღებმა შვილმა მიატოვა მამის წიაღი ურჩობით და წავიდა „შორეულ ქვეყანაში“ ე.ი. ეშმაკთა სამყოფელში) ყოფნას ამტკიცებს. გეშინოდეს საკუთარი თავის განდიდებისა. უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ თუ ყოველივე დაწერილს აღასრულებთ (ე.ი. ყველა მცნებას შეასრულებთ), თქვენი თავი უხმარ მონებად ჩათვალეთ, ჩათვალეთ, რომ გააკეთეთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც გევალებოდათ. ცხონება კი ღვთის ჯილდოა მდაბალთათვის და გულშემუსცრილთათვის. ამიტომ უნდა შევთხოვოთ უფალს სიმდაბლე. სიმდაბლე ვერ ითავსებს მოყვასის განკჲთხვას და წყენას. თუ ჩვენ განვიკითხავთ სხვებს, ანდა გვწყინს, როცა რაიმეთი შეურაცხგვყოფენ, მაშინ არანაირი სიმდაბლე არ გაგვაჩნია. წმინდა მოღვაწენი ყოველთვის გულწრფელად მადლობდნენ მათ, ვინც აწყენინებდა და შეურაცხყოფდა, რადგან წყენის დათმენით ისინი სიმდაბლეს სწავლობდნენ. ღვთისმშობელი დედა ამტკიცებს, რომ ღმერთმა ის მისი სიმდაბლის წყალობით გამოარჩია. თვით მაცხოვარიც ყველას მოგვიწოდებს, რომ მისგან ვისწავლოთ სიმდაბლე; არა მარხვა, არა ლოცვა, მოყვასის სიყვარულიც კი არა, არამედ - სიმდაბლე. მხოლოდ სიმდაბლის წყალობით იქცევა ადამიანი „ერთ სულ“ ღვთისა, რომელმაც ფურთხების, ყვრიმლისცემისა და ჯვარცმისთვისაც კი დაიმდაბლა თავი. თავისთავად გასაგებია, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევით უნდა შევეცადოთ ყველა მცნების აღსრულებას, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, რომ სიმდაბლის გარეშე, ეს ან უსარგებლოა, ან საზიანო, ცუდად არ გამიგო.

უფალმა გაგინათოს გონება, გიხსნას ხილული თუ უხილავი მტრების მზაკვრობისაგან.

ღმერთმა გაკურთხოს.

 

წინა

შემდეგი