იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

მშვიდობა თქვენდა! 1962 წელი.

თქვენ თითქოს შეშფოთებული ხართ იმის გამო, რომ წლები მიდის, თქვენ კი ვერ მოეწყეთ. ყოველივე ეს წუთისოფლისა და მისი ბატონისგანაა (ე.ი. ეშმაკისაგან). ის თქვენ გაშინებთ, გირევთ აზრებს, გინერგავთ ყოველგვარ შიშს, განუწყვეტლივ ცრუობს და ცრუობს, ამით კი ყოველანაირად თავის თავს ააშკარავებს.

რა არის ქრისტიანობის არსი? - ის, რომ სამყაროს ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე შემოქმედს ისე უყვარს და ისე ებრალება ადამიანი, ისე ზრუნავს მისთვის და მისი ცხონებისთვის, რომ თავისი მხოლოდშობილი ძეც კი გაიმეტა შეურაცხყოფის, ჯვარცმისა და სიკვდილისათვის. უფალი არა მარტო მთელ კაცობრიობაზე ზრუნავს, არამედ ცალკეულ ადამიანზეც, ყოველ წუთს უწვდის მას ხელს, იცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან, ასწავლის მას ადამიანების, წიგნებისა და ცხოვრებისეული გარემოებების საშუალებით. თუ აუცილებელია ადამიანის დასჯა იმ მიზნით, რომ გონს მოვიდეს და თავიდან აიცილოს დიდი უბედურება, სიყვარულით სჯის კიდეც, შემდეგ, თუ ადამიანისათვის საზიანო არ იქნება, უხვად აჯილდოვებს, თითქოს ნანობს, რომ დასაჯა. ვისაც ოდნავ მაინც გააჩნია სულიერი ხედვა, ის ამჩნევს ღვთის ამ უჩვეულო ზრუნვას დიდსა თუ პატარაზე. და, მართლაც, თუ უფალმა ადამიანისათვის მსხვერპლად გაიღო ყველაზე ძვირფასი - თავისი ძე, მაშინ როგორღა დაინანებს სხვა რამეს, რამეთუ ამ მსხვერპლის წინაშე არად ღირს მთელი სამყაროც კი. უფალი არაფერს იშურებს განსაკუთერბით მათთვის, ვინც მისკენ ისწრაფვის, ვინც მისი სიტყვის შესრულებას ცდილობს, ვისი გულიც შემუსვრილია თითოეული ჩადენილი ცოდვის გამო, იმიტომ, რომ ის უფლის ნების დამრღვევი, უყურადღებო, უმადურია უფლის მიმართ და არ უყვარს იგი.

„რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“. უფალი ხარობს ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც მისკენ ისწრაფვის, ხარობს გაცილებით მეტად, ვიდრე დედა, რომელიც გრძნობს მისდამი შვილის განუზომელ სიყვარულს.

აი, ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს მომავლისა. „ჩვენთან არს ღმერთი“ დღეს, ხვალ და საუკუნოდ. გეშინოდეთ მხოლოდ რომელიმე ცოდვით მისი შეურაცხყოფისა. თუკი, ჩვენი უძლურების გამო, რაიმე ცოდვა შეგვემთხვევა, შევინანოთ და უფალიც მოგვიტევებს, მხოლოდ შეგნებულად არ უნდა ავირჩიოთ ბოროტება (ცოდვა), არ გავიმართლოთ თავი, არ ვიდრტვინვოთ უფლის მიმართ. ნურაფრისა გეშინიათ, გამხნევდით, მთლიანად უფალს მიანდეთ ადამიანებისა და ეშმაკებისაგან მოვლენილი თქვენი განსაცდელი, გაურკვევლობა, შიში, წყენა და მან უწყის, ასევე სურს, რომ განგათავისუფლოთ მათგან, როცა ეს თქვენთვის სასიკეთო იქნება.

ნუ მიენდობით ნურც თქვენს თავსა და ნურც ადამიანებს. ერწმუნეთ მხოლოდ ღვთის სიტყვას, სახარებას. ცხოვრებით გამოცდილებით შეისწავლეთ სახარება. ქრისტესმიერი ცხოვრება ისე აგავსებთ, განსჯის ისეთ უნარს, ისეთ სულიერ სიხარულსა და სიმტკიცეს მოგმადლებთ, რომ მასთან შედარებით წუთისოფლის კაცთა ყოფა მოგეჩვენებათ (როგორადაც ეს ნამდვილად არის), არარაობად, უინტერესოდ, ღარიბად, საბრალოდ, ამაოდ, რომელიც აღსავსეა წვრილმანი კინკლაობებითა და უსიამოვნეებით. ხშირად უდიდესი მწუხარებითაც კი. თქვენ ბედნიერი ხართ. გაუფრთხილდით ამ ბედნიერებას. მადლობა შესწირეთ უფალს ამისათვის, ის კი მადლიერების გამო განამრავლებს, უფრო გაზრდის თავის წყალობას იმდენად, რამდენსაც იტვირთავთ. იყავნ ესე! უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!

 

წინა

შემდეგი