იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

1960 წელი

... გიხაროდენ! ვინ გარდაგვიგოროს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? - ვინ გარდააგორა? ღვთის ბრძანებით გარდააგორა ანგელოზმა. ჩვენი გულიდანაც გადააგორებს ის უგრძნობელობის ლოდს, როცა ამის დრო დადგება. უფალს უნდა ვუჩვენოთ ჩვენი ერთგულება უგრძნობელობის, მცირედმორწმუნეობის, ეჭვიანობის, გულგრილობის, განსაცდელის, ავადმყოფობის და ყოველგვარი უსიამოვნების ჟამს. როცა ღვთის დაშვებით თანდათან ქრება რწმენა, ჩვენი ნებელობითი ძალებით უნდა განვამტკიცოთ იგი, რათა კვლავდაკვლავ დავუმტკიცოთ უფალს, რისკენ ვისწრაფვით, რას ვანიჭებთ უპირატესობას...

არსებობს მამათა ბრძნული გამოთქმა: ყოველგვარ კეთილ საქმეს ან წინ უსწრებს, ან მოსდევს დაბრკოლება. ისეთი კეთილი საქმეც კი, როგორიცაა მთელი გულით ლოცვა, განსაკუთრებით კი, ზიარება, არ შეიძლება, ეშმაკის შურისძიების გარეშე დარჩეს. იგი ხმარობს ყოველ ღონეს, რათა ადამიანს არ მისცეს სწორი ლოცვისა და ზიარების საშუალება. ხოლო, თუკი ამას ვერ შეძლებს, მაშინ ეცდება, ისე წაბილწოს მიღებული მადლი, რომ მისი კვალიც კი აღარ დატოვოს. ეს ძალზე კარგადაა ცნობილი ყველასათვის, ვინც სულიერი ცხოვრების თანაზიარია. აი, ამიტომაა საჭირო, რომ სიმდაბლითა და გულშემუსვრილობით შეძლებისდაგვარად ვევედროთ უფალს, გვიხსნას მტრის (ეშმაკის) ხრიკებისაგან, რომელიც ან უშუალოდლ მოქმედებს სულზე, ან იმ ადამიანთა მეშვეობით, რომლებიც ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

ნუ გაგიკვირდებათ ეს. ეს უსასტიკესი ბრძოლაა და „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი, არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ ხუმილავნი მისნი“. უფლის მოწყალე ხელს უნდა მივენდოთ, ვაღიაროთ მის წინაშე ჩვენი უძლურება და უმწეობა ხილული თუ უხილავი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. ნუ გეშინიათ. ეშმაკი იმას კი ვერ აკეთებს, რასაც ინებებს, არამედ მხოლოდ იმას, რის უფლებასაც ღმერთი მისცემს. ნახეთ იობის წიგნი.

კურთხევა უფლისა იყოს მუდამ თქვენთანა. სასო არასდროს წარიკვეთოთ. მარად შეგახსენოთ ქრისტეს ჯვარცმა დაცემულ ადამიანის მიმართ ღვთის უსაზღვრო სიყვარული. განა მხოლოდ ეს აზრი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენი თავი მთლიანად უფალს მივანდოთ? ცოტათი მაინც უნდა ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და ასეთ ადამიანს უფალი არასდროს დატოვებს შეწევნისა და ნუგეშის გარეშე. თქვენ ღმერთს უყვარხართ! დაითმინეთ ღვთის გულისათვის!

 

წინა

შემდეგი