იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო ვ.ნ.! 1954 წ.

მივიღე თქვენი წერილი. ის ფაქტი, რომ თქვენ აფორიაქებული ხართ, მოწმობს თქვენს უსამართლობას. „ორგულო! ამოიღე პირველად დვირჱ თუალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუჱლი თუალისაგან ძმისა შენისა“. აქ ღრმა ფსიქოლოგიურ ფაქტზეა მინიშნებული. თუ ადამიანი, ღვთის შეწევნით, განიწმინდება ცოდვებისგან და, ამრიგად, ყველას წმინდა თვალით შეხედავს, მაშინ: 1. მას ყველაფერი სხვაგვარად მოეჩვენება და მხოლოდ მაშინ შეძლებს ყველაფრის სწორად შეფასებას, 2. მაშინ მის გულში ყველა ქმნილების მიმართ დაისადგურებს მხოლოდ სიყვარული, დაუცხრომელი სიბრალული და სურვილი იმისა, რომ არავინ იტანჯებოდეს, არავინ ევნოს (იხ. ეფრემ ასური). მხოლოდ მაშინ შეძლებ, ასწავლო მოყვასს (ღვთის კეთილისმყოფელი შთაგონებით), მხოლოდ მაშინ იქნება სიტყვა ქმედითი, სასარგებლო, მაშინ განკურნავს და არ მოწყლავს... სანამ არ მიგვიღწევია ამისათვის, არ უნდა დავიბრალოთ მასწავლებლობა.

ღირსი ნილოს სორელი არასდროს პასუხობდა თავის აზრს, მხოლოდ წმინდა მამათა აზრს გამოთქვამდა. თუკი მაშინვე ვერ პოულობდა, არ პასუხობდა, ვიდრე არ იპოვიდა წმინდა მამათა მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ კი თავად არაფერი ვიცით და, თუ რაღაცისთვის ყური მოგვიკრავს, ან უბრალოდ, იმის გამო, რომ „მე ასე მიმაჩნია“, უამრავს ვლაპარაკობთ. ჭკვიანი ადამიანი მაშინვე მიხვდება ჩვენს ფუჭსიტყვაობას და განგვსჯის... ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის გამოთქმით, ჩვენ ყველანი ვიმყოფებით „საშინელ ხიბლში“, ე.ი. წყვდიადში, ცდომილებაში, ეშმაკის მონობაში. ღვთის წყალობით, მხოლოდ მცირედნი თავისუფლდებიან ამ მდგომარეობიდან: როგორ შეძლებს ბრმა ბრმის წინამძღოლობას? თქვენ კი ყველანი, ყველას ასწავლით. შეწყვიტეთ! მეზვერე არავის ასწავლიდა, არამედ გულშემუსვრილი ამბობდა: „უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, ამას ამბობდა არა მარტო ეკლესიაში, არამედ ყოველთვის ჰქონდა ამგვარი განწყობა (სხვაგვარად ეკლესიაში ასე ვერ ილოცებდა). განა ამგვარ მდგომარეობაში ყოფნისას შეეძლო მას, ან ნებისმიერ სხვას, ვინმეს სწავლება? ცხადია, არა. მხოლოდ იმისთვის, ვინც ცოდვებისა და ეშმაკის მონობაში იმყოფება, ერთადერთი მართებული სულიერი მდგომარეობაა მეზვერის მდგომარეობა. როცა ის მთლიანად მოიცავს ადამიანს, მხოლოდ მაშინ აღსრულდება მასში „ღვთის ძალა“. „ჩემი ძალა უძლურებაში აღესრულება“, ე.ი. როცა ადამიანი თავის თავში მეზვერეს შეიცნობს (სიმდაბლით) - მაშინ აღესრულება მასში ღვთის ძალა და გამოიყვანს ეგვიპტიდან აღთქმულ მიწაზე დასამკვიდრებლად. სხვა გზა არ არსებობს. თუ ამას გწერთ, მხოლოდ მოძღვრის უფლებით. მომიტევეთ!

ღმერთმა დაგიფაროთ და გაგინათოთ გონება ყოველივე სიკეთისათვის.

 

წინა

შემდეგი