საყვარელო, ძვირფასო...! 1950
ძალიან ბევრი მინდა მოგწერო შენს წერილთან დაკავშირებით, გეტყვი ყველაზე მთავარს. ღვთის სიბრძნე იმდენად დიდია, რომ ბოროტებასაც კი უფალი ადამიანის სასიკეთოდ წარმართავს. ეს აზრი ბევრმა წმინდა მამამ ახსნა. საქმე ის არის, რომ ადამიანი ცხონდება მხოლოდ რწმენითა და მცნებათა აღსრულებით. მათი აღსრულება ცვლის ადამიანის ფსიქიკას (მის სულს) და აახლებს მას. ადამიანი ხდება „ახალი“, ღვთის მსგავსი, უფრო სწორად, ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს მსგავსი. ახალი ადამიანის ყველაზე მთავარი თვისებაა სიმდაბლე („ისწავეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“), რომლის გარეშეც ადამიანი, თუნდაც ყველა მცნების აღსრულებით, არა მარტო ვერ მიეახლება უფალს, არამედ ღვთის მტრადაც კი იქცევა. რადგან, თუ არ გვექნება სიმდაბლე, აუცილებლად ვიქნებით ამპარტავანნი. ჩემი ვარაუდით, სწორედ სულის ამ თვისებისადმია მიძღვნილი სახარების ის აზრი, რომ სატანა, რომელიც განიდევნა, დაძრწის ირგვლივ და, როცა დაინახავს, რომ სახლი დასუფთავებული, გამშვენიერებული, მაგრამ ცარიელია, წამოიყვანს შვიდ, მასზე უფრო ბოროტ სულს და მათთან ერთად დამკვიდრდება სულში და „იქნება უკანასკნელი კაცისა მის უძვირეს პირველისა“. სიმდაბლის დამოკიდებულებას სხვა სათნოებებისადმი წმინდა მაკარი ეგვიპტელი ხსნის იგავით დიდებული ნადიმის შესახებ, რომელიც გაიმართა მეფისა და დიდებულთათვის. მაგრამ, რადგან ყველაფერი გაკეთებული იყო მარილის (სიმდაბლის) გარეშე, ნადიმის გამმართველმა მადლობის ნაცვლად, მეფის რისხვა დაიმსახურა. ამრიგად, სიმდაბლის გარეშე ამაოა ადამიანის ყოველგვარი სათნოება (სიმდაბლის გარეშე სულში შემოვა ამპარტავნება, მასთან ერთად შვიდი ეშმაკი, ე.ი. ყველა ვნება)... საკუთარ თავზე დაკვირვებით, ცოდვებთან განუწყვეტელი ბრძოლით ადამიანი დაინახავს, თუ რაოდენ წამხდარია და რა ღრმადაა გამსჭვალული ადამიანის მთელი არსება ამპარტავნობით. გაიმარჯვო საკუთარ პატივმოყვარეობაზე, საკუთარ ამპარტავნებაზე, საკუთარ თავზე შექმნილ წარმოდგენაზე, ნიშნავს, გაიმარჯვო ყველა ცოდვაზე. და აღმოჩნდა, რომ შეიძლება, ადამიანს ცოდვით დაცემა დაეხმაროს სიმდაბლის მოპოვებაში. (თუკი ადამიანი თავის დაცემაში არავის და არაფერს ადანაშაულებს, გარდა საკუთარი თავისა, ეს სავსებით სამართლიანი იქნება. ყველაფერში თვით ადამიანია დამნაშავე, ხოლო გარემო პირობები და ეშმაკები მხოლოდ ხელს უწყობენ ცოდვას, აცდუნებენ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ადამიანი იღებს, ამიტომ მთლიანად ისაა პასუხისმგებელი. ამას მოწმობს ცოდვის ჩადენის შემდეგ გამოწვეული სინდისის ქენჯნა).
ადამიანი საკუთარ ცოდვებთან ბრძოლისას, ან ამა თუ იმ ცოდვით დაცემისას არა თეორიულად, არამედ გამოცდილებით შეიგნებს თავის უკეთურებას, თავის უძლურებას და თანდათან მოიპოვებს სიმდაბლეს. ყველგან და ყოველთვის ცოდვით დამარცხებული ადამიანი ბოლოსდაბოლოს გულის ღრმა შემისვრილებით, თვალცრემლიანი დაეცემა ღვთის წინაშე, მთელი გულის სიღრმიდან აღიარებს თავის ცოდვილობას, ცოდვებთან ბრძოლაში თავის უსუსურობას და შეევედრება ღმერთს: „უფალო, უკეთუ გინდეს, ძალგიძს განწმენდაჲ ჩემი... (როგორც ამბობდა კეთროვანი), რამეთუ თავით ჩემით არარა ძალმიძს... უფალო, მასწავლე, რათა ვყო ნება შენი, უფალო, აღმოიყვანე საპყრობილით სული ჩემი“. აქ ადამიანი შეიცნობს ღვთის მოწყალებას დაცემული ადამიანის მიმართ, რადგან, „გულწრფელი სინანულის შემთხვევაში, ღმერთი იცავს ადამიანს, ხსნის მას ცოდვებს, კურნავს ცოდვით გაჩენილ სულის იარებს და ადამიანი თავის გამოცდილებით შეიმეცნებს ღვთის არსებობას“, ადამიანისადმი მის მზრუნველობას, გაიგებს, რომ „ახლო არს უფალი შემუსვრილთათვის გულითა“, რომ ის ჭეშმარიტად ჩვენი სულების მკურნალია და სხვა და სხვა...
ამგვარად, ცოდვით დაცემა, რომელიც ბოროტება იყო, იქცევა უდიდესი სიკეთის მიზეზად... ეს არის ღვთის საოცარი სიბრძნე, ისევე როგორც ყოველივე, ყოველივე...
ამიტომ, ჩემო ძვირფასო, გული არ გაიტეხო, როცა რომელიმე ცოდვა დაგძლევს, არამედ თავი დაიდანაშაულე ღვთის წინაშე, აღიარე შენ მიერ ჩადენილი ცოდვა, არავინ დაადანაშაულო, თავი დაიმდაბლე, შეიცანი შენი უძლურება ყველაფერში და ევედრე უფალს, რომ შეგეწიოს თავის წმინდა მცნებათა აღსრულებაში. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ შენ არ გმართებს მთელი ძალით ბრძოლა. მთელი ძალით უნდა იბრძოლო, უნდა შეისწავლო წმინდა მამათა ბრძოლის მეთოდები, უნდა გაითვალისწინო გარემოებანი, რომლებიც ხელს შეგიწყობენ გამარჯვებაში, ან დამარცხებაში. ამ უკანასკნელს უნდა განერიდო და ეძებო პირველი. მთავარი კი ისაა, რომ ცოდვილ გულისთქმათა აღმოცენებისას არ შეწყვიტო მთელი გულით უფლისადმი შეწევნის თხოვნა იმის შეგნებით, რომ თავად არ ძალგიძს ცოდვის დამარცხება. ცოდვა თუ გძლევს, ან ცოდვის აღსრულებისას, არ შეგრცხვეს, გონებით ღვთის წინაშე დამხობისა და თქვი: „უფალო, ხედავ, რასაცა ვიქმ, შემეწიე, რათა თავი დავაღწიო ეშმაკის ძალაუფლებას“. და გულის სიღრმეში იტირე ღვთის წინაშე, რაც შეიძლება ხშირად მოუხმე მას, რათა შეგეწიოს ყველაფერში მთელი ცხოვრების მანძილზე, რამეთუ ძნელია ამ წუთისოფელში მცნებათა აღსრულება. სწორედ ამიტომ ტიროდნენ ძველად წმინდა მამები ჩვენი დროის ადამიანებზე, რადგან ბევრი იქნება ცოდვით წარწყმედილი.
არსებობს ცოდვათა წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მძლავრი საშუალება: როგორც კი რომელიმე დიდ ცოდვაში ჩავარდები, მიდი და აღიარე მოძღვრის წინაშე. თუ მაშინვე შეუძლებელია, როგორც კი მოგეცემა ამის შესაძლებლობა - იმწამსვე, ხვალისთვის, ან შემდგომისთვის არავითარ შემთხვევაში არ გადადო. ვინც ხშირად და მალევე ინანიებს ცოდვებს, ამტკიცებს, რომ ცოდვა სძულს, ვერ იტანს ეშმაკის მონობას და მზადაა, აღსარებისას განიცადოს სირცხვილი, ოღონდ განთავისუფლდეს და განიწმინდოს ცოდვებისაგან. ყოველივე ამისათვის შემდეგში მას უფალი აჯილდოვებს სრული გამარჯვებით, ამასთანავე არ უფლება თავის თავზე დიდი წარმოდგენა და არც ამპარტავნება. ყურადღება მიაქციე ამას (ყველგან ეშმაკის ბადეა).
ამრიგად, საწყისად კეთილი აირჩიე: მთელი ძალით იბრძოლე, დაცემისას სასო არ წარიკვეთო, არამედ იგლოვე, იტირე ღვთის წინაშე, წინასწარ განჭვრიტე ვითარება და ერიდე საზიანოსა და საშიშს, უმალვე უთხარი მოძღვარს აღსარება, ძველ და ახალ ცოდვით დაცემათა გახსენებით მოიპოვე სიმდაბლე, უფალიც შეგეწევა და იქნები ქრისტეს გამოცდილი მხედარი, შემდგომში სხვათა დახმარების შემძლებელი.
თავი არ მისცე სიზარმაცეს... არ დააგდო შენი მცირე კანონი. კანონად დაიდე, აუცილებლად, თუნდაც საათში ერთხელ, თუ საშუალება გექნება, უფრო ხშირადაც, ლოცვით მიმართო უფალსა და ღვთისმშობელ დედას მოტევებისა და შეწევნისათვის.
უფალი იყოს შენი შემწე წმინდა სერგისა და რადონეჟის სხვა სასწაულთმოქმედ მამათა მეოხებით.