არ გესმის, რატომ არის ეკლესიასტეს წიგნი ბიბლიაში ჩართული. შენი აზრით, ეს წიგნი - წმინდა ინდუისტური პესიმიზმის გამოხატულებაა, რამდენადაც ყველა ღირებულებას უარჰყოფს და უფლის მთელ სწავლებას ეწინააღმდეგება. მაგრამ წმიდა მამები, რომელთაც ჩართეს ეკლესიასტეს წიგნი ბიბლიურ კანონში, ასე არ ფიქრობდნენ. მათ იგი სასწავლო წიგნთა რიგს მიაკუთვნეს და ეკლესიაც როგორც სასწავლო წიგნს ისე თვლის და გვთავაზობს მას დღემდე.
„ამაოება ამაოთა, თქუა ეკლესიასტე, ყოველივე ამაო!“ (ეკლ. 12,8). ვინ არის ეს ეკლესიასტე? ეს გახლდათ ყველაზე ბრძენი, ყველაზე მდიდარი, ყველაზე ბედნიერი მეფე ქრისტეს შობამდე - სოლომონი, ძე დავითისი, ადამიანი, რომელმაც ყველაფერს მიაღწია და ყველაფერი ჰქონდა, რაც კი შეიძლება კაცის გულს სწყუროდეს დედამიწის ზურგზე, ამაოებასა და ჩრდილს უწოდებს მთელ თავის ცოდნასა და ქონებას, ბრწყინვალებასა და ფუფუნებას, სამეფო ხელისუფლებასა და დიდებას, ყველა პატივსა და სიტკბოებას. განა ეს ფასდაუდებელი ჭკუისსასწავლებელი არ არის მსოფლიოსათვის?! განა არ არის გამოსაფხიზლებელი ცივი თქეში მათთვის, ვინც უსამართლობითა და დანაშაულობებით, ღმერთმებრძოლობითა და ძმათამოძულეობით, უსინდისობითა და საკუთარი სულის მოკვდინებით გადარეული მისდევს იმას, რაც იგემა ამ დიდმა მეფემ და სიცრუე და ამაოება უწოდა? ეს სიტყვები რომ ვიღაც შიშველ ინდოელ ფილოსოფოსს ეთქვა, ისინი ახლოსაც არ იქნებოდნენ იმ მძლეველი აზრისაგან, რომელიც ყოველგვარ ამქვეყნიურ სიამეთაგან გამაძღარმა ადამიანმა წარმოსთქვა, რამეთუ: „ვინ ჭამა და მიეცა განცხრომას ჩემზე მეტად?“ (ეკლ. 5,17) „და რამეთგ ესეცა ამაო და ხდომა სულისა!“ (ეკლ. 2,26).
ხოლო ის, რომ ეკლესიასტე ყველა ღირებულებას უარყოფს, როგორც შენ ამბობ, არასწორია. იგი ღმერთსა და სიმართლეს არ უარყოფს. ეს კი ორი უმთავრესი ღირებულებაა ამ ამაო სამყაროში: „ღმერთი ცათა შინა არს და შენ ქვეყანასა ზედა“, - ამბობს ეკლესისტე (ეკლ. 5,1,6) - „მართლისა თანა და უღმრთოისა თანა საჯოსმეა ღმერთმან“ (ეკლ. 3,17) - ამბობს იგი.
იგი ხედავს, რომ ქვეყანაზე ხშირად მართალიც ისევე იტანჯება, როგორც უღმერთო და ეს მისთვის ტანჯვაა სულისა, მაგრამ იგი სულში წინასწარმეტყველურ გრძნობას ატარებს, რომ მართალს კეთილად მიეგება. რომელი სიკეთეა ეს - იგი არ საუბრობს. შენ უნდა იცოდე, რომ ეკლესიასტე ქრისტემდე ათასი წლით ადრე ცხოვრობდა და არ შეეძლო, გაეგონა საოცარი სიტყვები მაცხოვარისა, არ შეეძლო, სცოდნოდა ახალი სამყაროს - უფლის სამეფოს შესახებ, რომელიც უფალმა აღმოუჩინა ადამიანებს. ახლა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა მასზე, ყველაზე ბრძენ ქრისტემდელ მეფეზე მეტი იცის. ქრისტიანმა ქრისტესაგან იცის, რომ მართალი მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს და გაბრწყინდება მსგავსად მზისა - თავისი ზეციური მამის საბრძანებელში. მაგრამ რადგანაც ეს არ იცოდა, ბრძენთა-ბრძენი მეფე ზეციური შთაგონებით წინათგრძნობდა, რომ უბიწოს უდიდესი სიკეთე ელის, ხოლო ცოდვილს კი - ბოროტება: „იხარე ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ, გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, - ამბობს ბრძენი მეფე, - მიჰყევ შენს გულს ღა თვითონ მზერას; ოღონდ იცოდე ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი“. „რადგანაც ყველა საქმეს სამსჯავროზე მოიტანს ღმერთი“ (ეკლ. 11,9; 12,14).
ამიტომაც მოეშვი ინდურ პესიმიზმს და ეკლესიასტესთან ერთად თქვი: „ამაოება ამაოებათა ყოველივე ამაოა...“ და შენი გზა ისე განვლე, რომ არც შენ მოგიწიოს სიმართლის ფეხქვეშ გათელვა, არც მას შერცხვეს შენი.
უფალი იყოს შენი შემწე!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 85)