შენ გსურს, შეიტყო, მართლა აუცილებელია თუ არა აღსარება. ადრე ხშირად ამბობდი აღსარებას, მაგრამ შეწყვიტე, რადგანაც ვიღაცამ დაგცინა. ვისთვის არ დაუცინიათ? იცი, რა თქვა ყოვლისმხედველმა? - „ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით“ (ლუკ. 6,25). შენი ხელობის გარდა ვენახიც გკვებავს. მას კარგი მოსავალი მოაქვს, იმიტომ, რომ კარგად უვლი. და თუკი ვინმე, ვინც საკუთარი ზვარი მიატოვა, დასცინებდა შენს გულმოდგინებას, მიატოვებდი ვენახს და შეწყვეტდი მასზე ზრუნვას? როგორ შეგეძლო მერყეობა საკუთარ სულზე ზრუნვასთან დაკავშირებით, რომელიც დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა ვენახზე უმთავრესია? რადგან, როცა მოკვდები, სულს თან წაიღებ, ვენახს კი დატოვებ.
ყველა ზრუნვათაგან ზრუნვა სულზე - უმნიშვნელოვანესია, ყველა გარჯათაგან, რომელსაც კი ადამიანი მიწაზე ეწევა, გარჯა სულისათვის - ყველაზე გონივრულია. ამიტომაც დაუბრუნდი ძველ გარჯას სულისათვის და აღსარება თქვი. აი, რას ამბობს იაკობ მოციქული: „აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა“ (იაკ. 5,16). დაფარული ცოდვები იზრდებიან და მრავლდებიან, ხოლო, როცა დღის სინათლეზე გამოდიან, ხმებიან და იღუპებიან. ნუ იტყვი: მე უცოდველი ვარ! წაიკითხე რას წერს მართალი ფსალმუნებში: „უსჯლოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს. 50,5). ნუ იტყვი: უფალს გავანდობ ჩემს ცოდვებს და ადამიანისათვის განდობას არ ვსაჭიროებ.
ვინ იყო პავლე მოციქულზე უბიწო? მანაც კი შესცოდა მოციქულობამდე - სავლე რომ იყო. და ეს ცოდვა აშკარად აღიარა, არაერთგზის მოინანია არა მხოლოდ მორწმუნეთა, არამედ წარმართთა წინაშეც: „რამეთუ გესმინა თქუენ, - წერდა იგი მოუნათლავ გალატელებს, - რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ“ (შეად. 1 გალატ. 1,13). ამაზევე ლაპარაკობს იგი მოუნათლავი მეფის აგრიპას წინაშე (შეად. საქ. 26). თუკი წმიდა პავლე მოციქული ასე იქცეოდა, რატომღა ინახავ შენი სულის ჭრილობებს საიდუმლოდ? რატომ აძლევ გველებს უფლებას, გამრავლდნენ შენს ფესვებში? ნუთუ მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ დაგცინა? თუკი ერთხელ დაგცინა, განა სულ დაგცინებს? ჩუმად შეევედრე მისთვის ღმერთს: იქნებ მოინანიოს და თავისი ცოდვა ცრემლებით გამოასწოროს.
რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვის, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ უსმინე, რას ამბობს უფლის ეკლესია!
გაესაუბრე მღვდლებს, ადამიანთა აღსარებას რომ იბარებენ და მრავალ მაგალითს მოისმენ, მათი სულიერი შემწეობის შესახებ, ვინც გულით ამბობს აღსარებას. გაიგონებ, რომ მრავალ მომაკვდავს მიუღია შვება სიკვდილისწინა აგონიის ჟამს, როცა აღსარება უთქვამთ მღვდელთმსახურისათვის. და ეს ზღაპარი არ არის, არამედ თვით ჭეშმარიტებაა. მეც შემეძლო შენთვის ისეთი მაგალითების მოყვანა, რომელთა თვითმხილველიც თავად გახლდი. უფალი ჩვენი - უფალი არს წყალობისა და სიკეთისა, მას ყველას ხსნა სურს. მაგრამ როგორ შეძლებს, ადამიანი გადარჩეს, თუკი ნათლად ვერ იაზრებს განსხვავებას ცოდვასა და უფლის სიმართლეს შორის, თუკი არ განდევნის ცოდვას და არ აღიარებს ჭეშმარიტებას?
უფლის სამსჯავროს წინაშე ადამიანი იმით წარსდგება, რაც სიცოცხლის მანძილზე სულით დაჰქონდა: თუკი ცოდვა - ცოდვით, თუკი სიმართლე - სიმართლით. უფალი თითოეული მოკვდავისაგან მონანიებას მოელის, ხოლო მონანიება კი აღსარების გარეშე არ არსებობს. რადგანაც ყოველ დღეს და ყოველ წამს შესაძლოა, სიკვდილის ანგელოზი სულისათვის გვესტუმროს, ამიტომ ეკლესია მორწმუნეებს ხშირ აღსარებასა და მონანიებას სთავაზობს.
დაე, უფალმა დაგლოცოს და გაგანათლოს.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 84)