ჩივი, რომ ადამიანები უსულგულონი გახდნენ. ერთხელაც არ შეგხვდა კეთილი ადამიანი. გაკვირვებული ხარ, რატომ ითმენს ღმერთი ამ სამყაროს და არ მოუღებს მას ბოლოს. კიდევ უფრო მეტად გაგიკვირდება, თუკი შეიტყობ, რომ შენმა მეზობელმაც ამის შესახებ შემომჩივლა. ისიც ამბობს, რომ აღარ დარჩნენ კეთილი ადამიანები და იგი მარტოა ჭეშმარიტებისა და სიკეთისაკენ მიმავალ გზაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მას არ იცნობ, ის კი - შენ. თქვენ - ორ კარგ ადამიანს ერთმანეთი რომ გაგეცნოთ, შეხედულებას შეიცვლიდით სამყაროზე და თქვენი მწუხარება სიხარულად შეიცვლებოდა. უფალმა თავის მოწაფეებს უთხრა: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს მწუხარებაი თქუენი სიხარულად გარდაიქცეს“ (შეად. იოან. 16,33,20).
მე გეტყვი იმ ადამიანის სახელს, შენ კი მოძებნე იგი და როდესაც ერთად დადგებით ლოცვად, ევედრეთ უფალს, რათა მან სხვა კარგი ადამიანებიც დაგანახოთ თქვენს ქალაქში. მჯერა, მრავალ ადამიანს იხილავთ, თქვენთვის ჯერაც უცნობს. ადამიანები საბადოებს ჰგვანან, საბადოებში კი ჩვეულებრივ ღრმად შეღწევაა საჭირო, რათა მათში დაფარული განძეული მოვიპოვოთ. ასეთი გახლავთ ამ სამყაროს წესი: რაც მეტად ძვირფასია განძი, მით უფრო ღრმად არის დაფლული. მართალ ლოთს რომ დაეჩივლა ბოროტ ადამიანთა შესახებ სოდომში, ადვილად დაეჯერებოდა. მაგრამ ძნელია, დაიჯერო, რომ ქრისტიანულ ქალაქში, სადაც ქრისტეს მოძღვრება იქადაგება და ლიტურგია აღესრულება, არ მოიძებნება ერთი კარგი ადამიანიც კი.
ამბობ, რომ მეზობლებს არ უყვარხარ, თითოეულ შენს კეთილ საქმეს დასცინიან და ამახინჯებენ. ყველგან გლანძღავენ. შენ მწუხარებით კითხულობ: „რატომ? როდემდე?“. იმიტომ, რომ მათ ვერ შეიცნეს ჭეშმარიტება, არ ეძებენ და არ სურთ იგი. ისინი სიცრუის მონები არიან, ცრუ აზრებისა და გრძნობებისა, სულელური ჩვევებისა. უფალმა თქვა: „სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოან. 8,32). ეს შენი მეზობლებისთვისაცაა ნათქვამი. მათ რომ ჭეშმარიტება შეეცნოთ, შენი სიკეთით, როგორც საკუთარით, ისე იხარებდნენ; მას რომ არ დამონებოდნენ, ვისაც მაცხოვარმა სიცრუის მამა უწოდა (იხ. იოან. 6,44), მათ შეეძლებოდათ, ღვთაებრივი თავისუფლების მფლობელნი ყოფილიყვნენ და სიწმიდით დაენახათ, განესაჯათ სამართლიანად, ეხარათ თითოეული კეთილი ადამიანით. მაგრამ ეს შენთვისაცაა ნათქვამი. ეს გახლავს ქრისტეს წმიდა სიტყვა ჭეშმარიტების, როგორც თავისუფლების პირობის შეცნობის შესახებ.
თუკი შენ ჭეშმარიტებას უფრო ღრმად შეიცნობ, ვიდრე ახლა იცი, შეწყვეტ მათ დადანაშაულებას, ვისაც არ უყვარხარ, გლანძღავს, დაგცინის და გაწამებს. ერთ-ერთი ძველი ბრძენის მოწაფეთა შორის პირველი ამპარტავანი და მდიდარი ყმაწვილი იყო: ერთი ცუდი სიტყვის გამოც კი იგი მზად იყო სისხლისღრვამდე ებრძოლა. ამპარტავნებისა და სიფიცხისაგან რომ განეკურნა, ბრძენმა მას ასეთი ეპიტიმია დაადო: სამ წელიწადს უნდა ეხეტიალა ამპარტავანს ქვეყანაზე და ფული ეხადა ყველასათვის, ვინც კი შეურაცხყოფდა მას. ყმაწვილი დაემორჩილა მასწავლებელს და გზას გაუდგა. დადიოდა ქვეყანაზე და ფულს უხდიდა ყველას, ვინც დასთანხმდებოდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის. როდესაც სამმა წელმა განვლო, ის მასწავლებელთან დაბრუნდა, მაგრამ ქალაქში შესვლისას ვიღაცისაგან განრისხებული მცველი შემოხვდა და მთელი რისხვა ყმაწვილს დაატეხა თავს. იმის მაგივრად, შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით ეპასუხა, ახალგაზრდას გაეღიმა. „რას იცინი?“ - ჰკითხა გაკვირვებულმა მცველმა. ბრძენმა მოსწავლემ უპასუხა: „სამი წელი ფულს ვუხდიდი ყველას, ვინც ოდნავადაც კი შეურაცხმყოფდა, შენ კი ვისაც ფულს ვაძლევდი, მათზე მეტად გამომლანძღე“. როდესაც ბრძენმა შეიტყო მომხდარის შესახებ, შეხვდა გამოსწორებულ მოწაფეს, ფრიად გაიხარა და ყველას წინაშე აქებდა მას.
შენ კი წაიკითხე ქადაგება მთაზე, მეთერთმეტე მუხლი, იხარე და იმხიარულე, რადგანაც „სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (შეად. მათ. 5,12).
მშვიდობა და კურთხევა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 83)