შენ სახარებაში წაიკითხე მაცხოვრის წმიდა სიტყვები უღლისა და ტვირთის შესახებ და მეკითხები, თუ რას აღნიშნავენ ისინი, აი როგორ თქვა უფალმა: „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს“ (მათ. 11,30). უღელი მსახურებას აღნიშნავს, ტვითი კი ტანჯვას. წაგიკითხავს შენ, როგორ ასწავლიდა უფალი სიტყვითაც და მაგალითითაც განსწავლიდა, რომ მოვიდა იგი არა იმისათვის, რათა მას მსახურებდნენ, არამედ - რათა თვით მსახურებდეს. იმის შესახებაც წაგიკითხავს, რომ ადამის ძეს ტანჯვა მართებს. და ჭეშმარიტად, იგი მსახურებდა მართლებსა და ცოდვილებს, ბრმებსა და კეთროვნებს, ეშმაკეულებსა და უძლურებს. და ეს მძიმე უღელი მან წყალობად მონათლა! და მონათლა ასე იმიტომ, რომ სიყვარულით მსახურებდა და იტანჯებოდა უცოდველი უფალი: ვისგან აღარ იტანჯებოდა: მეფისაგან და მისი კარისაგან, მეგობრებისა და მტრებისაგან, მეცნიერებისა და უმეცრებისაგან. გალანძღული და გაშოლტილი, დამცირებული და ბრალდადებული საბოლოოდ ჯვარს აცვეს. და ამ ტანჯვას უფალმა მსუბუქი ტვირთი უწოდა! ხოლო მსუბუქად ეს საშინელი ტვირთი მონათლა იმიტომ, რომ ტანჯვაში იმედს ჭვრეტდა.
ვიდრე ქრისტემ ქვეყნიერებას არ განუცხადა მაცხოვნებელი ჭეშმარიტება ცხოველი ღმერთის შესახებ, რომელის არის მშობელი და წინაგამზრახველი ყოვლისა, ასევე - ღვთის ჭეშმარიტების, სიკვდილის არარსებობისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. მანამდე ყოველგვარი მსახურება სიძულვილთან, ხოლო ტანჯვა სასოწარკვეთილებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც ეჩვენებოდათ წარმართებს ყველაზე რბილი უღელი უხეშად, ყველაზე მსუბუქი ტვირთი კი - მეტად მძიმედ. არავის შეუძლია, საკუთარ უღელს უწოდოს კეთილი, უფლის სიყვარულის, ხოლო ტვირთს - მსუბუქი, უფლისადმი სასოების გარეშე. რა დიდია სხვაობა უღმერთოებსა და ქრისტიანებს შორის! მოციქულები სიხარულით უწოდებდნენ თავს ქრისტეს მონებს, რატომ ქრისტესი, თუკი ისინი ხალხს ემსახურებოდნენ? დიახ, ხალხს მსახურებდნენ, მაგრამ - ქრისტესადმი სიყვარულით, ამიტომაც უღელი მათი მსახურებისა კეთილი იყო. მოწამენი ქრისტესათვის გალობდნენ ჯურღმულებსა და ჯალათის კუნძზე, გალობდნენ იმიტომ, რომ ქრისტესათვის და მისი იმედით ეწამებოდნენ. მსუბუქი იყო ტვირთი მათი ტანჯვისა.
დღესაც მრავლად არიან მსოფლიოში ქრისტიანები, რომელნიც სიყვარულით მსახურებენ ქრისტეს, იტანენ მძიმე ავადმყოფობებს, ლანძღვას, ცილისწამებას, ცხოველმყოფელი უფლის სასოებით. ეს ის უდიდესი სულები არიან, რომელთაც თავიანთი მაცხოვრისაგან ისწავლეს, რომ მიწიერი ცხოვრება მსახურება და ტანჯვაა და არა - გართობა და ტკბობა, სამოთხის შესასვლელია და არა - სამოთხე, მწირობა და არა - ნავთსაყუდელი. ამ უდიდეს სულთათვის უღელი ჭეშმარიტად ტკბილია, ხოლო ტვირთი - მსუბუქი. რამეთუ სიყვარული მათი ქრიტეა, იმედია მათი ქრისტეა, ხოლო ქრისტესთან ერთად ჯვარზეც იოლია, საფლავშიაც სინათლეა და ჯოჯოხეთშიც სიტკბოებაა.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 80)