ეს გახლავს დაპირება, რომელსაც ადამიანი აძლევს ღმერთს მადლიერებიდან, ანდა საკუთარი ცოდვებიდან გამომდინარე. მრავალი ახალგაზრდა ადამიანი მიდის ბიტალის მეზობელი სოფლებიდან სამუშაოდ შორეულ მხარეში. დედები და დანი აცილებენ მათ და აღთქმას აძლევენ უფალს მათი ჯანმრთელობისა და შინ მშვიდობით დაბრუნებისათვის. შაბათს ჩვენ მოულოდნელად აღმოვჩნდით სოფლის პატარა ეკლესიაში; როდესაც შევედით, დავინახეთ მოხუცი ქალი, რომელიც იატაკს რეცხდა. შეკითხვაზე მან გვიპასუხა, რომ აღთქმა დადო, ყოველ შაბათს მოსულიყო და იატაკი მოერეცხა; მისი ვაჟი უკვე წელიწადნახევარია ამერიკაში სამუშაოდ იმყოფება. შემდგომ ჩვენ შევიტყვეთ, რომ როცა მისი ვაჟი დაბრუნდა, იგი კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში მიდიოდა ეკლესიაში იატაკის სარეცხად. შვილის მშვიდობიანად დაბრუნებისათვის მადლიერების გამოსახატავად.
„უფალს აღვუთქვი“, - ჩვეულებრივი სიტყვებია ამ მხარეში; ადამიანები მიდიან მონასტერში აღთქმით, იცხოვრონ და იშრომონ იქ გარკვეული დროის მანძილზე. როდესაც სოფელი ლ. იწვოდა, ყმაწვილი თეოდორე გამოვარდა სახლიდან და იხილა, რომ მეზობელი სახლი ცეცხლის ალშია გახვეული, შიშით მოუხმო წმინდა ნაუმს, შესთხოვა დახმარება და დაპირდა, რომ მის სადიდებლად იმსახურებდა. იმწამსვე დაჰბერა ქარმა და ცეცხლის ალი სახლს განარიდა. მოკლე ხანში თეოდორე ჩვენს მონასტერში მოვიდა, უამბო შემთხვევის შესახებ და იღუმენს მონასტერში მიღება სთხოვა, რათა აღთქმა შეესრულებინა.
ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც დედა ავადმყოფი შვილისათვის არასამარხო დღეებში მარხულობს. ეს სავსებით ბიბლიისეულია. დავით მეფეც მარხულობდა, როცა მისი ვაჟი ავად გახდა (იხ. მეფ. 12,15-23).
„ღმერთს აღვუთქვი“, - ამბობს მონაზონი მოსია, დებარადან, რომელიც აგერ უკვე ცხრამეტი წელია ტაძარში მუშაობს და უზეთოდ მარხულობს. რისთვის? ცხრამეტ წელზე მეტი ხნის წინ მისმა ქმარმა კომპანიონად ალბანელი აიყვანა, ერთ პარასკევს იგი დებარაში გაემგზავრა, რათა კომპანიონთან გასწორებულიყო. გამგზავრების წინ იგი სასაუზმოდ დაჯდა, გამოიღო ყველი და კვერცხები. ცოლმა დაინახა, რომ მარხვას არღვევდა და გაბრაზებულმა წამოიძახა: „ღმერთმა უკან ნუ მოგაბრუნოს, თუკი ალბანელს რჯულშიაც დაუძმობილდი!“. იმ საღამოსვე მისი ქმარი, სახლში მობრუნებისას გაძარცვეს და მოკლეს. ამან ქალი შეაძრწუნა და აღთქმა დადო, ემსახურა ეკლესიაში და ემარხულა სიცოცხლის ბოლომდე.
აღთქმის დადების ჩვეულება ინგლისშიაც არსებობს. ომის შემდგომ ერთმა ინგლისელმა მღვდელმა, უკანონოდ დასწერა ჯვარი. მეუფემ სასტიკად გაკიცხა იგი. მონანიებულმა მან აღთქმა დადო, ორშაბათობით მთელი ცხოვრების მანძილზე ემარხულა, რადგანაც ორშაბათ დღეს შესცოდა.
მაგრამ უფალს ჩვენთვის აღვუთქვამთ რამეს, თუ სხვა ადამიანის გულისათვის, ცოდვისა თუ მადლიერებისათვის, ძალზედ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა გადაჭარბებულად არ შევაფასოთ საკუთარი ძალები და არ შევპირდეთ იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება და უგნურებაა. ბიბლიიდან ვიცით იეფთაეს უგუნური აღთქმის შესახებ: მან უფალს აღუთქვა, რომ ამონიციანელებზე გამარჯვების შემთხვევაში, მსხვერპლად შესწირავს პირველს, რასაც ომიდან დაბრუნებული დაინახავს. გაიმარჯვა იეფთაემ და როცა სახლში ბრუნდებოდა, ქალიშვილი პირველი გამოეგება შესახვედრად. - ვაი, რომ ჩემი შვილი, დაიგმინა მამამ, როგორც დაჭრილმა ლომმა, მე უფალს აღთქმა მივეცი და მისი დარღვევა არ ძალმიძს (იხ. სჯ. 11,30-39).
„მისიონერული წერილები“ (წერილი 78)