როდემდე სწყალობთ? და რა დაემართებათ ბოლოს? რა მოელის მათ გვარს? დაგისვამს კი საკუთარი თავისათვის ეს კითხვა? როცა ხედავ, რომ ვიღაცას, თავი მოაქვს ძლიერებით და ივიწყებს ძალის მომნიჭებელს, გაიხსენე, როგორ დაიღუპა ქედმაღალი და თვითდაჯერებული გოლიათი ყრმა დავითის შურდულით (იხ.მეფ. 17, 32-50). დაე ნუ შეცბუნდება გული შენი, როცა ხედავ, რომ ვიღაც არამართალი გზით მდიდრდება. შეჭამს, მაგრამ ვერ გაძღება; წაართმევს, მაგრამ არ ეყოფა. გაიხსენე მდიდარი სოდომის მაცხოვრებლები, ერთ წამში რომ დაიფარნენ ცეცხლითა და ფერფლით - მთელ თავიანთ სიმდიდრესთან ერთად (იხ. დაბ. 19,24-25).
შენ ქრისტიანი ხარ, ხოლო ქრისტიანი მოვლენებს მთლიანობაში აღიქვამს და არა - ცალკეულად... უსამართლო ბედის წყალობას ქრისტიანი არ აფასებს, როგორც რაღაც საბოლოოს, მაგრამ ელის, რა მოჰყვება შემდგომ, რადგან იცის, რომ ცოდვილი წარმატებას საკუთარი ძალით და შესაძლებლობებით კი არ აღწევს, არამედ იმიტომ, რომ უფალი მოუვლენს, რათა ცოდვილმა გაიხსენოს იგი. ღმერთი თავის გამოუთქმელი წყალობით ცოდვილებს იმას მოუვლენს, რაც მათ სურთ, რათა უფალს რომ გაიხსენებენ, შერცხვეთ თავიანთი უკანონობისა და გამოსწორდნენ. ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს, შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშინათვე სჯის. იგი ელის, ვიდრე გზააბნეული თვითონ იპოვის ჭეშმარიტ გზას. იგი უმზერს და დუმს. ელის და არასოდეს იგვიანებს. მიუწვდომელია საკუთარ სიბრძნეში და საოცარია საკუთარი წყალობით.
უგუნური ბუზღუნებს იმაზე, რომ როგორც მას ჰგონია, უფალი არ მართავს სამყაროს, ხოლო გონიერი გამუდმებით ეჭვობს უფლის გონზე. მაგრამ ზოგჯერ გონიერისათვისაც შეუძლებელია იმის გაგება, თუ რატომ ხდება ამათუიმ ადამიანის თავს ერთი შეხედვით თითქოს ამოუხსნელი მოვლენები: რატომ არის, რომ ახალგაზრდა, სიცოცხლესმოწყურებული ადამიანი იღუპება, ხოლო ცხოვრებისაგან დაღლილი მოხუცი ცოცხლობს: რატომაა, რომ მართალი იტანჯება, ხოლო უღვთოს კი კეთილდღეობა მოუპოვებია.
წმიდა გარდამოცემებში ნახსენებია ასეთი შემთხვევა: გარდაიცვალა ცოდვილი მდიდარი, რომლის ცოდვებიც ყველასთვის აშკარა იყო, იგი საზეიმოდ დაკრძალეს. დაკრძალვას მღვდლები და ეპისკოპოსები ესწრებოდნენ. მალევე ამის შემდგომ, ერთ მეუდაბნოეს თავს აფთარი დაესხა და დაგლიჯა იგი. ვინმე ბერმა, რომელიც იმ ცოდვილის დაკრძალვას ესწრებოდა, იხილა უბიწო ადამიანის სისხლიანი ნარჩენები, აქვითინდა და სულიერად შეძრწუნებულმა წამოიძახა: „უფალო, ასე რატომ, რისი გულისათვის? რატომ არის, რომ ის ცოდვილი კმაყოფილი ცხოვრობდა და პატივით დაიკრძალა, ხოლო ეს უბიწო ადამიანი კი ასე სიმწრით ცხოვრობდა და ასე საშინლად დაიღუპა?“. გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: „იმ ცოდვილმა ცხოვრებაში მხოლოდ ერთი კეთილი საქმე გააკეთა, ამ მეუდაბნოემ კი მხოლოდ ერთი მძიმე ცოდვა ჩაიდინა. საზეიმო და საპატიო დაკრძალვით უზენაესმა ბოროტი ცოდვილი მისი კეთილი საქმისათვის დააჯილდოვა და იგი იმქვეყნად მეტს აღარაფერს უნდა ელოდოს, ხოლო უბიწოს ულმობელი სიკვდილით გაუსწორდა მისი ერთად-ერთი ცოდვა, რათა ზეცაში მიეღო სიხარული სავსებით“.
ასევე განსაჯე შენც - უფლის გზების შესახებ და მთელი სასოებით შემოქმედს მიენდე. ნუ უმზერ ცოდვილთ გულისწყრომით, „ნუ გშურნ უკეთურთაჲ, ნუცა გშურნ მათი, რომელნი იქმან უშჯულოებასა“ (ფს. 36,1), დავით მეფის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელიც დიდხანს იტანჯებოდა იმით, რითაც შენ ახლა იტანჯები, ვიდრე უფალმა არ გაანათლა გონება მისი, ხშირად იკითხე ფსალმუნები, მაშინ გაიგებ და დაწყნარდები.
მშვიდობა შენ და კურთხევა უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 76)