წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ადამიანს, რომელმაც მაღალი თანამდებობა მიიღო, მაგრამ ვერ გაბედნიერდა

თქვენი წერილი თითქოს ცრემლად იღვრება, ცდილობდით, მაღალი თანამდებობა მოგეპოვებინათ: გეჩვენებოდათ, რომ ის ბედნიერებას მოგიტანდათ. თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ასევე იქცეოდნენ, ამიტომაც ბრძოლა გიხდებოდათ, სხვათა შევიწროება: თქვენ თვლიდით, რომ ბედნიერება და არა უბრალოდ ბედნიერება, თვით ცხოვრებაც დაიწყებოდა თქვენთვის ამ მაღალი თანამდებობის მოპოვებასთან ერთად. აქამდე თავს უბედურად, თითქმის არარსებულად თვლიდით. ბოლოსდაბოლოს თქვენ მიზანს მიაღწიეთ, რამოდენიმე დღის განმავლობაში თავს ისე გრძნობდით, თითქოს ახლიდან დაიბადეთ, შემდეგ იმედგაცრუება დაგეუფლათ. ბედნიერება ისევე შორს იყო, როგორც ადრე. ოღონდ მაშინ თქვენ გჯეროდათ, რომ იგი სადღაც იქ, მაღალ წოდებებში არსებობს, ახლა კი რწმენაც დაკარგეთ. ღრუბლებამდე, თითქმის ვარსკვლავებამდე ამაღლდით, ახლა კი მწარედ ნანობთ, რომ ბედნიერებას ცრუ გზებით მისდევდით, სხვებს ბაძავდით. ამიტომაც გსურთ, რომ პირვანდელ მოკრძალებულ თანამდებობას დაუბრუნდეთ, როცა პასუხისმგებლობა ნაკლები, ხოლო ირგვლივმყოფთა შურის ნესტარი კი სუსტი იყო. იქნებ ყალბი ოქროს მონეტების შესახებ ამბავი დაგეხმაროთ.

დიდ პარკში სახალხო სეირნობა მზადდებოდა, მაგრამ მხოლოდ ბილეთებით უშვებდნენ. შესვლა მრავალს სურდა, ფული ბილეთისათვის კი არ ჰქონოდათ. ერთმა მდიდარმა ადამიანმა გადაწყვიტა, ადამიანთა ვნებანი გამოეცადა და ბავშვთა გროვაში პეშვით მონეტები მოისროლა: ეს ყალბი ოქროს მონეტები იყო, რომელთა შორის ერთი ნამდვილი ვერცხლის დინარიც ერია. დაესივნენ ბავშვები მონეტებს, იკამათეს, იჩხუბეს, მანამ, ვიდრე ყველა მონეტა არ შეაგროვეს. ვერცხლის დინარს კი ყურადღება არავინ მიაქცია, რამეთუ თითოეული ფიქრობდა: ოქრო ვერცხლზე ძვირფასიაო; ისინი, ვისაც ხელში ნაყალბევი ეჭირათ, თავს სრულიად ბედნიერად გრძნობდნენ, მაგრამ ბოლო მწარე და მოულოდნელი იყო. როცა ბილეთების საყიდლად მივიდნენ, გამოირკვა, რომ ფული ყალბია და პოლიციამ ისინი ციხეში მიაბრძანა. ერთი მათგანი ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა: როგორც კი დაინახა, თუ რა დაემართათ მის ამხანაგებს, მან გადააგდო ყალბი ოქროს მონეტა და ვერცხლის დინარის საძებნელად გაეშურა, როცა იპოვა, ბილეთი იყიდა და პარკში სეირნობაზეც მოხვდა.

განმარტება: მხიარულება არის ზეციური სამეფო, ანუ სამეფო უკვდავი სიხარულისა; ყალბი მონეტები - ხორციელი სურვილები, მიწიერი პატივმოყვარეობა და საკუთარი თავის მოტყუებაა, ადამიანებს ჭეშმარიტი სიხარულის სამეფოსაგან რომ აშორებს და გაჭირვებისა და ბნელეთის სამეფოსაკენ მიჰყავს; სუფთა ვერცხლი შინაგანი სიკეთისა და მართალი სულის სიმბოლოა. ამქვეყნიურ ცრუ ბრწყინვალებას დახარბებული ბავშვები, არსით ცოდვილნი არიან. ბავშვი, რომელმაც გადააგდო ყალბი ოქრო და ვერცხლის საძებნელად გაეშურა, სიმბოლურად მონანიე ცოდვილს გამოხატავს.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 75)