წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

განათლებულ ადამიანს, რომელიც უბედურებაზე ჩივის

ჩივით, რომ თქვენი დიდი გარჯა საბავშვო სახლის შემოწირულობებისათვის აღიარებისა და ჯილდოს გარეშე დარჩა. სხვებმა, რომლებმაც იმის ნახევარიც კი არ გააკეთეს, რაც თქვენ, ესა თუ ის ჯილდო მიიღეს, თქვენ - არაფერი. ღმერთო ჩემო, რაზე ჩივით! იმაზე, რაც სახარების მიხედვით უნდა გახარებდეთ. კიდევ მწერთ, რომ თქვენ, როგორც ქრისტიანი, ყველაფერს ქრისტესათვის აკეთებდით. განა არ უწყით, რომ ვისაც ადამიანი თავის გარჯას მიუძღვნის, მისგანვე ელის ჯილდოს? სახარებისეულად, მსახური ბატონის ცხვრებს აძოვებს და ცხვრებისაგან კი არ მოელის ჯილდოს, არამედ - ბატონისაგან. მეომარი თავისი მეფის სახელით იბრძვის, მისგან ელის შექებას და არა მათგან, ვისათან ერთადაც, ან ვის წინააღმდეგაც იბრძვის. ასე ხართ თქვენც, თუკი როგორც ქრისტიანი, ქრისტესთვის სიკეთეს იქმოდით, ქრისტესგანვე ელოდეთ ჯილდოს. განა არ დაპირდა უფალი მარადიულ ჯილდოს ყველას, ვინც სიკეთეს იქმს ან მწუხარებასა და დევნას იტანს მისი სახელით? განა არ თქვა მან: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“? (მათ. 5,12). და კიდევ: „ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლუკ. 17,10). უხილავმა მოგვავლინა ამქვეყნად. უხილავი განსაზღვრავს ადგილს ჩვენი მსახურებისა ამქვეყნად. უხილავს მივყავართ ამ ქვეყნიდან. ამ უხილავს უნდა ვევედროთ, მას ვუმზიროთ, მისგან ველოდოთ საზღაურს. რას მოგვცემენ დაქირავებულები, ჩვენი მსგავსები და ისეთივეები, როგორებიც ჩვენ ვართ - ღატაკები? და რას უნდა ველოდეთ იმათგან, ვინც ყოველ წუთს იძირება სიკვდილის მორევში, მსგავსად ციცაბო ფლატედან უფსკრულში მოხტუნავე კალიებისა?

გარდა ამისა, დარწმუნებული ხართ კი თქვენ, რომ შესძლებდით ხალხისაგან ქება-დიდების ატანას? წმიდა იოანე მგონი ჩვენზე უკეთ იცნობდა ადამიანურ ბუნებას, რადგან თქვა „არავის ძალუმს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად - წმიდათა გარდა“. რამეთუ მხოლოდ წმიდანები განჭვრეტენ ადამიანებს და ესმით, თუ საიდან გამომდინარეობეს ქების სიტყვები. ზოგჯერ ყველაზე მღვრიე წყალი მზეზე ისევე ელვარებს, როგორც გამჭვირვალე. ზოგჯერ ყინულის თხელი ფენის ქვეშ ბლანტი შლამი იმალება. ასევეა მათი სულებიც, ვინც გვაქებს. ამიტომაც წმიდანებს ქება რომ ესმით, აღიქვამენ მას ან როგორც უმეცრებას, ან კიდევ - როგორც აშკარა ტყუილს. ბევრად მეტი სული დაიღუპა ამქვეყნიური ქება-დიდებისაგან, ვიდრე - ლანძღვისა და სიძულვილისაგან. იცით, ვის მიათვლის ქრისტე მათ, ვინც ადამიანურ ქება-დიდებას ეძიებს? ურწმუნოებს. წაიკითხე მისი საუბარი ებრაელებთრ და საკუთარ თავს დაეკითხე, რომელ მხარეს მიეკუთვნები. იგი საკუთარი თავის შესახებ ამბობს: „დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო“ (იოან. 5,41), მათ კი ეკითხება: „ვითარ უკუე ჴელგეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ (იოან. 5,44). ასე რომ, თქვენ ვისთან ხართ: ქრისტესთან თუ ებრაელებთან? თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვრც ადამიანურ დიდებას იღებს. შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი თავი შეებრალებათ და კვლავ გეტყვით თქვენ: შეიბრალეთ ისინი, რადგან თავიანთი სიბეცით მარადიული - დროებითის სანაცვლოდ გასცეს, ღვთიური, ადამიანურის სანაცვლოდ, ჭეშმარიტი - სიცრუის სანაცვლოდ.

დაე, უფალმა გაგანათლოთ და დაგლოცოთ.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 70)