მწერთ, რომ თქვენთან ახალგაზრდა კაცი მოვიდა, რაღაც ახალი რწმენით. იგი უარჰყოფს ყველაფერს, ეკლესიას, წმიდანებს, ხატებს, ჯვრებს, ხოლო განსაკუთრებით კი ღვთისმშობლის წინააღმდეგ გაილაშქრა. დადის სახლიდან სახლში, ფარდულიდან ფარდულში, უფასოდ არიგებს წიგნებსა და გაზეთებს, რომლებშიც დაწერილია ყველაფერი ის, რასაც იგი ქადაგებს, - ძრახვა მართლმადიდებელი რწმენისა. ამბობს, რომ მოვიდა ამერიკიდან, რათა გაგანათლოთ. კიდევ ამტკიცებს, რომ ყველა ამერიკელს ასევე სწამს, როგორც მას. იმის შესახებ, თუ რომელ სექტას წარმოადგენს, არაფერს ამბობს: იმაში, რომ იგი სექტანტია, თვითონვე დარწმუნდით.
მე რომ არ გელაპარაკოთ, ძმანო, დაე მოციქულმა გითხრათ, წმიდა პეტრე მოციქული ასეთებს ცრუ მასწავლებლებს უწოდებს და მათი ქვეყნად გამოჩენის შესახებ წინასწარმეტყველებს: „იყვნეს ცრუ-წინასწარმეტყველნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ“ (2 პეტრ. 2,1). ხოლო შორსმჭვრეტელი იოანე ღვთისმეტყველი გვაფრთხილებს: „საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად“ (1 იოან. 4,1).
ჩემგან კი ამას გეტყვით, ძმებო, ცრუობს იგი ამერიკელების რწმენასთან დაკავშირებით. სიცრუე იგივეა, რაც ღვარძლი, ხოლო იგი კი ღვარძლის მთესველი გახლავთ. ამერიკაშიც არის მართლმადიდებელი ეკლესია, მრავალი ტაძარი, მღვდლები და ეპისკოპოსი, ისინი ჩვენი ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ძმები არიან: რუსები, სერბები, ბულგარელები, რუმინელები, სირიელები. ოდესღაც დამძიმებული მძიმე შრომის მტანჯველი ტვირთით, ახლა კი უფრო მეტად მტანჯველი - უმუშევრობით, მათ დაიცვეს თავიანთი რწმენა და თავიანთი სულები ამდაგვარი მთესველებისაგან. მაშინ, როდესაც ამერიკაში მარცხი განიცადეს, სექტანტებმა თავიანთი აგენტები ბალკანეთში გამოგზავნეს, რათა თავიანთი წყეული ფულებითა და უფასო წიგნებით იყიდონ ჩვენი სულები. ჩვენ თურქებს არ მივეყიდეთ და ნუთუ ამერიკელ მედუქნეებს მივეყიდებით? სალაფავისათვის რწმენის გაყიდვა ჩვენს წეს-ჩვეულებებში არ არის.
ჩვენ ათას წელზე მეტია, ცხოვრების გზას მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან ერთად მივუყვებით, ჩვენ მისთვის სისხლი დავღვარეთ: მან სულით დაგვაჯილდოვა. ჩვენი წმიდანები ცოცხლობენ და დღემღე ავლენენ თავს მრავალრიცხოვან ნიშნებსა და სასწაულებში. მსგავსად იმისა, როგორც ელექტროობა მიედინება სადენებში, ასევე აღწევს უფლის ძალაც ჩვენამდე, წმინდათა მეშვეობით. ძალა და შემწეობა უფლის წმიდანებისა არა მარტო ჩვენ - ქრისტანებმა შევიგრძენით, არამედ ჩვენმა ბალკანელმა მუსულმანებმაც. მუსულმანები აღიარებენ ჩვენი რელიგიის ძალას, მაგრამ არ აღიარებენ ძალას ჩვენი რწმენისა. მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ, წერს, რომ ისინი ღვთისმოსაობის ნიღაბს ამოფარებულნი, რწმენას განუდგნენ და ტიმოთეს ურჩევს: „ამათგანცა განეშორე“ (2 ტიმ. 3,5) ჩვენ ხომ ვეყრდნობოდით და ვეყრდნობით წიგნებს, ანუ წმიდა წერილს, ძალებს, ანუ ნიშნებსა და სასწაულებს უფლისა - წმიდანთა, ხატების, ჯვრების, ლოცვებისა და ზიარების მეშვეობით გაცხადებულთ.
განა ჩვენი დასაცავია ღვთისმშობელი მაძაგებელთაგან? იგი თვით დაიცავს საკუთარ თავს. მაძაგებელნი მისნი სასიკვდილო სარეცელზე ტანჯვისაგან გმინავენ. იყო ჩვენს შორის ერთი მონათლული ადამიანი, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი შეურცხყო. დიდხანს ავადმყოფობდა იგი სიკვდილამდე და სულ ვიღაცისგან იცავდა თავს, ჰაერში ხელებს იქნევდა დღე და ღამე გაჰყვიროდა: „არაბები! შავი არაბები! თავი დამანებეთ!“ როდესაც მასზე ღვთისმშობლის ლოცვა წაიკითხეს, იგი დამშვიდდა, შემდეგ ატირდა და თქვა: „აი, მოვიდა ღვთისმშობელი და თავისი კვერთხით განდევნა ჩემგან არაბები“. რამოდენიმე დღე ტიროდა და კოცნიდა იგი ღვთისმშობლის ხატს. „დიდება შენდა დედაღვთისავ! შენ შემიწყალე მე“! - ჩურჩულებდა ის, ჩუმად გალობდა და მშვიდად განგვერიდა.
დაე, კურთხევამ უფლისა განგამტკიცოთ ძმანო!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 67)