შენს წერილს თან ფოტოსურათი დაურთე, რომელიც ხალხში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელით ვრცელდება, სურათზე გამოსახულია ახალგაზრდა მხიარული ქალი, მხრებამდე ჩამოშლილი თმებით, სავსე სახით, ხასხასა ბაგეებით, ჭრელ სამოსში. ხელში ჩვილის გარეშე. შენ თვითონაც მიხვდი, რომ ეს მართლმადიდებლური გამოსახულება არ არის, მაგრამ კითხულობ, როგორ უნდა იცნოს ადამიანმა ღვთისმშობლის მართლმადიდებლური გამოსახულება.
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიშანთაგანს, განმასხვავებელს ღვთისმშობლის მართლმადიდებლური ხატისა, წარმოადგენს სამი ვარსკვლავი. ერთი - მის შუბლზე, მეორე - მარჯვენა მხარზე, მესამე - მარცხენაზე. სამი ვარსკვლავი ქრისტეს შობამდე, შობისას და შობის შემდეგ ღვთისმშობლის ქალწულობის სიმბოლოა.
შემდგომ ამისა - მისი ტანსაცმლის ფერები. როგორც წესი მის სამოსში სამი ფერი სჭარბობს: ოქროსფერი, წითელი და ცისფერი, ოქროსფერი უკვდავების სიმბოლოა, წითელი - მარტვილობისა, დიდებისა და ბატონობისა, ცისფერი - ზეცისა; სამივე ფერი ერთად იმის აღმნიშვნელია, რომ უკვდავი დიდებით გარემოცული ზეცაში, იგი ოდესღაც უფლის მხევალი და მიწაზე წამებული იყო.
მართლმადიდებლურ ხატებზე ღვთისმშობლის სახე არასოდეს გამოისახება სავსე და მრგვალი, არამედ ყოველთვის მოგრძო და ნატიფი, თვალები დიდრონი და ჩაფიქრებულნი. ჩუმი სევდა, მზადმყოფი ნუგეშისმცემელი ღიმილისათვის. სევდა მსოფლიო საწუხართან დაკავშირებით, ხოლო ღიმილი - ნუგეშისმცემელ უფალთან დაკავშირებით. მაგრამ სევდაცა და ღიმილიც თავშეკავებულია - მხოლოდ მისახვედრი. ყველაფერი თავდაჭერილია და სულს ემორჩილება. ეს გახლავთ სახე გამარჯვებულისა, რომელმაც გადაიტანა ტანჯვის და ტკივილის მთელი სიმწარე, რომელსაც ყველას დახმარება ძალუმს, ვინც ტანჯვასა და ტკივილს ებრძვის. თმა მთლიანად დაფარულია. ამ სახეზე არ შეიძლება ითქვას, რომ იგი ადამიანურად ლამაზია, იგი უკუაგდებს ყოველგვარ ფიქრს სხეულებრიობის შესახებ. ის ზეციურ სილამაზეს ასხივებს, რომელიც თავს მხოლოდ სიწმინდეში გამოავლენს. იგი ფიქრებს ამაღლებული რეალობისა და სულის სილამაზისაკენ მიაპყრობს.
ღვთისმშობლის თავი ნარნარად იხრება ჩვილი ქრისტესაკენ, რომელიც მკერდთან უჭირავს. ეს რბილი დახრა სიმბოლოა უფლის ნებისადმი მისი სრული მორჩილებისა, გამოხატული პასუხში მთავარანგელოზ გაბრიელის მიმართ: „აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!“ (ლუკ. 1,38). ასევე მის მიერ აღნიშნავს აღიარებას, რომ ვინც ხელთ უჭირავს, მასზე აღმატებულია.
მართლმადიდებლურ ხატებზე ღვთისმშობელს ჩვილი ქრისტეს გარეშე ძალიან იშვიათად ვხედავთ. ამ შემთხვევებში იგი გამოსახულია, როგორც წამებული, ჯვრის ძირას, გადაჯვარედინებული ხელებითა და დახრილი თავით. ზოგჯერ სიმბოლური მახვილებით, რომლებიც მას გულს უგმირავენ. მაგრამ თვით გული არასდროს გამოისახება. განსაკუთრებით გავრცელებულია მისი ხატები ყრმა მაცხოვრით ხელში. იგი ქვეყნიერებას მისათვის მოევლინა. და ნურავინ და ნურასოდეს დაინახავს მასში ქალს, არამედ ყოველთვის მხოლოდ დედას ხედავდნენ. იგი გამოხატავს ყველაზე ამაღლებულ, სუფთა და წმინდა დედობის გრძნობას, დროთა საწყისიდან ვიდრე დასასრულამდე. იგია დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მაგრამ იგი ჩვენი დედაცაა, ნუგეშისმცემელი და შემწე. და შენთვისაც ყოველთვის ყოფილიყოს იგი ნუგეშად და დამხმარედ.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 62)