წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ათონელ ბერს - წმინდა მთის მფარველის შესახებ

რისთვის მოგიწყენიათ, წმინდა მთის მაცხოვრებელნო, რაზე მწუზარებენ თქვენი სულები, ადამიანები გავიწროვებენ?! გახედეთ ათონის ფიჭვებს, მაღლებს, პირდაპირებსა და გლუვებს, და ნახავთ როგორ შევიწროვებულნი არიან ქვებისაგან ისინი.

თქვენთვის ცნობილია ჭეშმარიტება, ხოლო ჭეშმარიტება შინაგანი თავისუფლებით გვასაჩუქრებს. ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისაგან სულში მშვიდობა მკვიდრდება. მშვიდობა სულში კი - სიხარულის წყაროა. თქვენ ასწლეულების მანძილზე იყავით სიხარულის მატარებელნი და ნუგეშის მთესველნი ბალკანელი ხალხისათვის. ნუთუ ახლა ჩვენგან ელით სიხარულს და ნუგეშს, ამქვეყნიურ ხლართებში რომ ვცხოვრობთ? მთელი სამყაროც ვერ შეძლებს, მოგცეთ მცირე ნაწილიც კი იმ ნუგეშისა, რომელსაც თქვენი უკვდავი დედოფალი გაძლევთ, მეფის პირველი ქალიშვილი. მისი მრავალრიცხოვანი ხატების ყველა სახელი ნუგეშსა და სიხარულზე ლაპარაკობს.

იცით, რა უწინასწარმეტყველა უფალმა მოციქულებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს“. ხოლო ვინ იყვნენ მოციქულები, თუ არა - მოხეტიალე მწირები? მთელი ქვეყნიერება მათთვის მონასტერი იყო, ამ დიდ მონასტერში თითოეულს საკუთარი სენაკი ჰქონდა, რომელშიც მთელი სამყაროს ცდუნება და შფოთი ვერ აღწევდა. თავიანთ გულის სიღრმეში, ჩარაზულ სენაკთა მსგავსად, ისინი ჭეშმარიტებასა და თავისუფლებას ინახავდნენ, სიჩუმესა და სიხარულს. იმ საიდუმლო სენაკებში მათი სულები ხვდებოდნენ ცხოველმოქმედ სულს უფლისას. ამიტომაც შეეძლოთ მათ, უშიშრად აღდგომოდნენ წინ ამქვეყნიურ შავბნელ ცდუნებებს და ნათელი სხივების მსგავსად, ჭეშმარიტებითა და სიხარულით გაბრწყინებულიყვნენ. ხოლო თქვენ წმინდა მთაზე ხართ ვით მღელვარე სამყაროს წყნარი ნავსაყუდელი. ნუ მიატოვებთ თქვენს სენაკებს. რათა თქვენი ჭეშმარიტი და კეთილსურნელოვანი ლოცვის ნათელი გავრცელდეს მთელ ქვეყნიერებაზე. თქვენ იმ კლდესთანა ხართ შერწყმულნი, რომელიც წმიდა მთად იწოდება, ვით მეციხოვნეები გოდოლთან, და ჭეშმარიტად თქვენ ყველანი მეციხოვნეები ხართ. თუკი ზოგჯერ მიწიერი ქარიშხლები ეხეთქებიან თქვენს გოდოლს, განა შეშინდებით? შეხედეთ, ათონის თეთრი ტალღები როგორ ენარცხებიან ღრიალით ათონის მთას და გაფანტულნი უკან იხევენ. მსგავსად ამისა, მიწიერი ბოროტების უძულური ტალღები ზედ ევლებიან თქვენს წმიდა სავანეს, მაგრამ დამსხვრეულნი და შერცხვენილნი თავიანთ კალაპოტს უბრუნდებიან. თავისი მძლავრი კვერთხით ხვდება მათ ოდიგიტრია, როდესაც ადამიანები გავიწროვებენ და გაწუხებენ, თქვენ მათ კი არ უცქერით, არამედ უწმიდეს გამარჯვებულს, იგი შეძლებს, გაუსწორდეს თავისი სამეფოსა და მონაპოვრის მტრებს.

წაგიკითხავთ თქვენ, თუ როგორ მრისხანედ დასაჯა მან ძველ დროში წმინდა მთის დამპყრობნი? გაიხსენეთ, უფრო მზრუნველად, ვიდრე - ბარტყების დამცველმა მერცხალმა! როგორ გიფარავდათ იგი თავის საფარველით მსოფლიო ომის წლებში. განა ადამიანები - ასე საშიში მტრები არიან, რომ მათი გეშინოდეთ? მტვერი და ფერფლია ყველაფერი იმ ქვესკნელის ძალებთან შედარებით, რომელთაც თქვენ - მტკიცედ შეჭურვილნი ყოველდღიურად წინ აღუდგებით და თუკი თქვენი მბრძანებელი გიხსნით მძვინვარე ეშმაკებისაგან, რომელნიც წამითაც არ თვლემენ, განა უმნიშვნელო ადამიანური ღვარძლისაგან აღარ დაგიცავთ? თქვენზე ფიქრობდა წინასწარმეტყველი, როცა თქვა: „მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა“ (ფს. 44,15). იგი მეფის პირველი ქალიშვილია, ხოლო სულნი თქვენნი - ქალწულნი არიან, მას რომ მიჰყვებიან მეფეთამეფის ტახტისაკენ. მისი ხელი მიგიძღვით, მისი კვართი გფარავთ, მისი თვალები გიმზერენ, მისი სიყვარული გათბობთ, მისი მაგალითი განგამტკიცებთ.

ნეტარნი ხართ თქვენ, დაუცხრომლად მადიდებელნი უფლისა! ნეტარნი ხართ თქვენ, ღვთისმშობლის სამეფოს რჩეულო მოქალაქენო, არავითარ გამოსაღებს არ იღებს იგი თქვენგან, მაგრამ ელის კი საჩუქრად ხალასი ოქროს სამ მისხალს. პირველი მისხალი - ქალწულებრივი სიწმინდეა. მეორე - ქალწულებრივი მორჩილება. მესამე - ქალწულებრივი სიმდაბლე; ამ სამი ქალწულებრივი ნიჭისათვის იგი თქვენი წმიდა მიწიერი მთიდან ზეციურ წმიდა მთაზე ამაღლებას გპირდებათ. მაშ რატომღა დარდობთ, წმიდა მთის ბინადარნო? რისთვის მწუხარებენ თქვენი სულები?

ხსენება და კურთხევა უფლისაგან!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 60)