მწერ, რომ გაკოტრდი, მერე მეგობრებმაც მიგატოვეს, ზოგიერთმა ზურგი გაქცია, ზოგიერთნი კი დაგცინიან. მხოლოდ რწმენა ღვთისა გიცავს სიგიჟისაგან და იმისაგან, რომ რაიმე უბედურება არ მოაწიო საკუთარ თავს. ამას მწერ შენ.
დაეცა მამული, მაგრამ შენ არ დაცემულხარ. თუ ვაჭრობა მოისპო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაეცა. სიმდიდრე არ გაჩენილა შენთან ერთად, ის მოგეტმასნა ცხოვრების გზაზე და ამ გზის ბოლოს უნდა ჩამოსცილდეს კიდეც ყველას. თუმცაღა შენ უფრო ადრე გაგეცალა და სწორედ ამან დაგამწუხრა, არადა სწორედ ამან ძალიან ბევრს მოუტანა ბედნიერება, რადგანაც, როდესაც იშორებენ ხრწნად და წარმავალ მიწიერ სიმდიდრეს, ამით იძენენ საკმარის დროს იმისათვის, რათა ღვთით გაიმდიდრონ სულები.
ხოლო ვინც სიმდიდრე და სხეული ერთდროულად დატოვა, შესაძლოა, დააგვიანდეს და ყველაფერი დაკარგოს.
მწერ, რომ პატიოსნად შეიძინე ყოველი. პატიოსნებისთვის სამუდამო და არა დროებითი ჯილდოა დაწესებული. პატიოსანი შრომით შეიძლება როგორც გამდიდრება, ასევე გაღარიბებაც. მაგრამ როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, იგი ცხოვრობს არა ქრისტიანული, არამედ წარმართული მრწამსით, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავისი საფულის წონით განიზომება. ქრისტე მიტომაც ავიდა გოლგოთაზე და ეცვა ჯვარს, რათა აღმოეფხვრა ეს ბარბაროსული საზომი და დაემკვიდრებინა ახალი - სულიერი და ზნეობრივი.
ქრისტიანული საზომით, ის რაც ადამიანისთვის მარადიულ ღირებულებებს შეადგენს, არც სიმდიდრესთან ერთად მოდის და არც სიღარიბესთან ერთად ილევა. მაგრამ, ამ მარადიულ ღირებულებათა მიქცევ-მოქცევა, რომელიც სხეულთან ერთად არ იმარხება, დამოკიდებულია ღვთის მცნებათა მიმართ ადამიანის სიყვარულის ძალაზე.
მტკივნეულია, რა თქმა უნდა, რომ მეგობრებმა გაჭირვებაში მიგატოვეს, ზურგს გაქცევენ და დაგცინიან, მაგრამ ეს კიდევ ერთი მაგალითია წარმართობასთან და მის წეს-ჩვეულებებთან მათი თანაზიარობისა. როდესაც უფალი ჩვენი ჯვარს აცვეს, სად იყვნენ ისინი, რომელთაც მანამდე მისი მეფედ კურთხევა სურდათ? სად იყვნენ ისინი, რომელნიც „ოსანას“ უგალობდნენ მას? არ იყო არც ერთი. ჯვარცმასთან მხოლოდ გულგრილნი და მაძაგებელნი იდგნენ. რომაელი მეომრები მოწყენილობისგან ამთქნარებდნენ, ხოლო ებრაელები ბოროტი სიხარულით ყეფდნენ. შენს ჯვართანაც დგანან მოწყენილი დოყლაპიები და ბოღმიანი დამცინავები. გიხაროდეს, წვეთი შენი გლოვისა ჯვარცმული უფლის გლოვის ზღვას წააგავს.
იხარე, რომ ქრისტეს რწმენით მტკიცედ დგახარ. ეს განგამტკიცებს მძიმე დღეებში, ბურუსივით რომ იზრდებიან. აი, ადამიანს ხელთ უპყრია ჯოხი, რომელიც ეხმარება მას ციცაბო კლდიდან ჩამოსვლაში. ზოგიერთი ჯოხს სილამაზისთვის ატარებს, ზოგიერთი კი - როგორც რთულ გზაზე სავალ დამხმარე საშუალებას. რწმენა ღვთისა ამშვენებს და ეხმარება ადამიანს. ვიდრე მდიდარი იყავი, ის შენი სამკაული იყო, ეხლა კი იგი გეხმარება შენ. უფრო ნათელია ხატება მისი მაშინ, როცა გემსახურება და გეხმარება, ვიდრე მაშინ, როცა უბრალოდ სამკაულია.
ამბობ, რომ გეშინია არ გაგიჟდე. ნუ გეშინია: უამრავია სიღარიბისგან ჭკუიდან გადასულნი, მაგრამ მათზე მეტია - სიმდიდრისაგან გადარეული.
საკუთარი თავისთვის ბოროტის მიგებას აპირებ! თვითმკვლელობა ხომ არ განგიზრახავს? რას გაიხარებს ეშმაკი!.. ე.ი. არა ღვთის, არამედ ეშმაკის ნებას მიჰყვები. ყულფი კისერზე - და მშვიდობით სამუდამო ცხოვრებავ! მართლაც, ცხოვრების მოულოდნელი გარდატეხის ჟამს არაფერი ისე არ განგამტკიცებს, როგორც - რწმენა ცხოველმყოფელი ღმერთისა, რომელიც გვიბოძებს და მოგვიკითხავს, გამოსცდის ჩვენს სარწმუნოებასა და სიყვარულს.
უღვთონი ეცემიან და იღრჩობენ თავს იუდასთან ერთად, ხოლო მამაცი სულები მტკიცე რწმენით ადიან გოლგოთაზე, რათა შესვან მწარე სასმელი და აღდგნენ.
უფალი ღმერთი იყოს შენი შემწე!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 6)