წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

წიგნებით მოვაჭრე სვეტლიკ მ-ს - ახალი ერეტიკოსების შესახებ

მწერ, რომ შეიტყვე ვიღაც ადამიანები დუნაის სანაპიროზე როგორ ქადაგებდნენ ახალ და უჩვეულო სწავლებას. მისი არსი შემდეგ სიტყვებამდე დაიყვანება: „რაც უფრო ცუდია, მით უკეთესია“. ისინი ამტკიცებენ, რომ სამყაროს დასასრული უკვე კარსაა მომდგარი. ამტკიცებენ, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის ნაწინასწარმეტყველევი ნიშნები მსოფლიოში უკვე გამოვლენილია. ეს არის მიწისძვრებიც, ომებიც, უღმერთოებაც, ბუნების კანონთა დარღვევა, განხეთქილებანი ადამიანებს შორის და მრავალი სხვა. ყოველივე ამის საფუძველზე ისინი ასწავლიან, რომ არ არის მიზანშეწონილი დაუპირისპირდე ბოროტებას მსოფლიოში, რათა ბოროტება გამრავლდეს და ამით დაჩქარდეს ქრისტეს მოსვლა. საჭიროა, - ამბობენ ისინი, - გვიხაროდეს აჯანყებების, ომების, კრიზისის, წყალდიდობების, გვალვის, შიმშილის, მეზობელთა ჩხუბის, უღმერთოების, დანაშაულებების, უწესრიგობების, ოჯახების ნგრევის, ეკლესიური არეულობების, სახელმწიფოთა ნგრევის არსებობა. არ არის საჭირო ამ ცხოვრების გამოსწორება, არაა საჭირო, შეკრიბო ის, რაც იშლება. დაე, ცხოვრება თვითონ დაიშალოს, დაჟანგდეს, გესლით აივსოს და აუტანელი გახდეს. ყოველივე ეს იმის გამო, რომ აიძულონ ქრისტე, ადრე მოვიდეს და ყველაფერს წერტილი დაუსვას. ერთი სიტყვით, ჩვენ აქტიურად უნდა შევუწყოთ ხელი სამყაროს დაღუპვას, რათა ვაიძულოთ ქრისტე კვლავ მოვიდეს დედამიწაზე. და დაუსრულებლად იმეორებენ, „რაც უფრო ცუდია, მით უკეთესია“.

ეს ახალი სწავლებაა, რომლის მოძღვარნიც საკუთარ თავს ახალ ადვენტისტებს უწოდებენ.

მე სულაც არ მიკვირს ადამიანებს თავში ასეთი აზრები რომ მოსდით, მაგრამ მაკვირვებს ის, რომ ისინი თავს უფლებამოსილად თვლიან, დაეყრდნონ ქრისტესა და სახარებას, რადგანაც, როგორც კი ვინმე ჩამოშორდება ეკლესიას და იწყებს მისი სწავლების თვითნებურ განმარტებას, მას თავში აუცილებლად ლოთის სიზმრების მსგავსი - ყველაზე შეშლილი და აბდაუბდა აზრები მოსდის. როგორც კი ვინმე სტოვებს ნავს, სადაც მესაჭე ქრისტეა, იგი აღმოჩნდება ნავში, რომელსაც სატანა მართავს.

ეს „ახალი სწავლება“ ძალიან ჰგავს ნიკოლაელთა ერესს, აღმოცენებულს მოციქულთა დროს (იხ. გამოცხ. 2,6). ისინი ასწავლიდნენ, რომ საჭირო იყო უფრო მეტი ცოდვის ჩადენა მანამ, ვიდრე ადამიანური გარყვნილება არ გაძღება და არ დაიშრიტება. როცა ადამიანი ამოწურავს საკუთარ გარყვნილებას, იგი წმიდანი გახდება! და ისევე, როგორც ის შეშლილნი ასწავლიდნენ, ეს ახალი ადვენტისტებიც ასწავლიან, რომ ქვეყანაზე ბოროტების გამრავლებით ისინი უფალს აიძულებენ ქვეყნის აღსასრულის მოახლოებას. თითქოს შესაძლებელია, უზენაესს რაიმე აიძულო, ანდა, თითქოს, იგი უმეცრებითა და უძლურებით აყოვნებს მოსვლას და აჭიანურებს ქვეყნის აღსასრულს! უსმინე რას ამბობს ამის შესახებ პეტრე მოციქული: „არა ყოვნოს უფალმან აღთქმისა მისგან... არამედ სულ-გრძელ არს თქუენთვის, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედა, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვა. ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა“ (2 პეტრ. 3, 9-10). ანუ სამყაროს აღსასრული გარკვეულ დროს დადგება, რომელიც მხოლოდ უფალმა იცის. მაგრამ, თუკი ვინმეს სურს მისი მოახლოება, მან არ უნდა აკეთოს ბოროტება, ამრავლოს და იხაროს ბოროტებით იმისათვის, რათა სწრაფად მოვიდეს სიკეთე. პავლე მოციქული არიგებდა ტიმოთეს: „დამარხვად შენდა მცნება იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა“ (ტიმოთ. 6,14). შესაბამისად, ჩვენ ყველა დროში ბოლომდე უნდა მივსდიოთ ქრისტეს მცნებებს, ხოლო მისი მთავარი მცნება - მოყვასის სიყვარულის მცნებაა. რამდენად მახინჯია მათი სიყვარული, ვინც ხალხს გარყვნილებას ასწავლის, ასწავლის სიბილწესა და უფლისაგან განდგომას; სურს, რომ გამრავლდნენ უღმერთოები, წამბილწველნი, მეამბოხენი, დამანგრეველნი, დამნაშავენი! მაშინვე როგორ ვერ შეამჩნიე, რომ ეს თვითმარქვია მოძღვარნი სატანის ნავიდან გადმოვიდნენ!

ჩვენც ვხედავთ მრავალ ნიშანს, ნაწინასწარმეტყველევს უფალი იესო ქრისტესაგან, ჩვენ ბრმები არ ვართ, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, დავადგინოთ ქვეყნის აღსასრულის დღე, და მითუმეტეს - ვამრავლოთ ბოროტება ქვეყანაზე, რადგანაც ბოროტების გამრავლებით იმ ცოდვილთა რაოდენობაც მრავლდება, სულს რომ იღუპავენ. ჩვენ კი უფლის შვილები ვართ და იგივე უნდა ვაკეთოთ, რაც ჩვენს მამას სურს, - ესაა ყველა ადამიანის გადარჩენა. დაე, ზღვა ღელავდეს და მიწა იძრას, დაე, ვარსკვლავნი ცვიოდნენ, ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ და ყოველგვარი შეცბუნების გარეშე მივენდოთ შემოქმედის ნებას. ყველა ადამიანისათვის სიკეთე ვისურვოთ.

მშვიდობა შენდა და სიხარული უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 55)