წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

კვლავ ჯარისკაც ი.-ს - მის თავს გადახდენილთან დაკავშირებით

თუკი შენ, ურწმუნომ, შეიგრძენი, როგორ შემოდის უზენაესი ადამიანის ცხოვრებაში, წარმოიდგინე, რამდენად შეიგრძნობენ ამას მორწმუნენი და ეკლესიურნი?

ბელგრადის ერთი ცნობილი მაცხოვრებელი მიყვებოდა, თუ როგორ იხსნა ღმერთმა იგი დაპატიმრებისაგან. ის ჰყვებოდა: შეგვყარეს პოლიციის სამმართველოში და ეზოში მოგვაწყვეს. კეისრის მცველები გვცემენ, შეურაცხგვყოფენ, თავში გვითაქებენ. ვის? კოსოვოს შვილებს! თავად ლაზარეს შვილებს! მათ, ვისი ინტერნირებაც სურთ, კუთხეში უბიძგებენ, უყვირიან: - „შედი განყოფილებაში!“ მათ, ვისაც უშვებენ: - „შესახვევში!“ მაგრამ გასაშვები ხალხი ბევრი არ იყო. მე შეშინებული ვდგავარ და ჩემთვის ვლოცულობ: „უფალო მიხსენი!“ მოვიდა ჩემი რიგი. - „რას საქმიანობ?“ - ღვარძლიანად შემეკითხა ჯარისკაცი. - „უფალო, შენ მიხსენი!“ - უკანასკნელად ჩავიჩურჩულე და ისე, რომ არც დავფიქრებულვარ ვუპასუხე: „ბატონო, მე საფუნთუშე მაქვს და შვილებს საკუთარი პურით ვკვებავ“. მან რამოდენიმეჯერ მიბიძგა, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ვიდრე არ დაიყვირა: - „შესახვევში!“

შეუცნობელნი არიან გზანი ყოვლადბრძენი უფლისა. ათასობით და ათასობით გზა არსებობს მისთვის, ვინც მისდამი ლოცვას აღავლენს: „შიშისა უფლისასა არს სასოებაჲ ძლიერი და შვილთა თჳსთა დაუტევის შური მშჳდობისაჲ“ (იგავ. 14,26). განა არ ვიცით შემთხვევები, როდესაც მდევარს თვალთ უბნელდება და ვეღარ ხედავს მას, ვისაც დასაღუპად ეძებს?! ან კიდევ, როდესაც მძარცველი იბნევა და ვეღარ აგნებს გასაძარცვ სახლს?! ერთი სერბი ოფიცრის ცოლი ადასტურებდა ამის შესახებ. იგი ხედავდა, თუ როგორ გადადიან მტრის ჯარისკაცები სახლიდან სახლში, ძარცვავენ, ამტვრევენ, ხალხი ტყვედ მიჰყავთ. აი, ისინი უკვე მეზობლებთან მივიდნენ... რა ქნას? მოუხმო დედამთილს, ბავშვებსაც და ყველანი მუხლზე დაემხნენ მიქაელ მთავარანგელოზის წინაშე, აცრემლებულნი ლოცულობდნენ. ჯარისკაცები კი მეზობლებს აწიოკებდნენ. მათთანაც გადმოვიდნენ, კარმა გაიჭრაჭუნა. აი, ახლა შემოვლენ მის სახლში... აი, აი... არ შემოვიდნენ... არ მისცა ნება ღმერთმა! ამაოდ არ ულოციათ. მეზობლიდან გამოსულებმა იმ ოფიცრის სახლის ახლოს ჩაიარეს და სხვა სახლში შევიდნენ. ისინი მოშორდნენ სახლს, რომელიც ლოცვით ზეცას დაუკავშირდა.

შენთვის ტყვიის მოხვედრა გახდა საჭირო, რომ ცოცხლად დარჩენილს უფლის მყოფობა გეგრძნო. ხოლო უდიდესი წმიდანები და მართლები მის ყოფნას აზრისა და გულის მოძრაობაშიც კი გრძნობღნეჩ. შეეცადე, შენც ახვიდე ასეთ სულიერ სიმაღლეებამდე, უფლის გზების ესოდენ ფაქიზ შეცნობამდე, ღმერთის ესოდენ ცხოვლად შეგრძნობამდე.

მშვიდობა შენდა და სალამი.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 51)