წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ყავახანის მფლობელს - თვითმკვლელობასა და
სიღატაკეს შორის არჩევანის გაკეთება რომ მოუხდა

მწერ, რომ მთელი ქონება დაკარგე, ქუჩაში დარჩენილი და არაფრისმქონე ღამით სასაფლაოზე წახვედი, რათა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაგესრულებინა. მერყეობასა და ფიქრში რამოდენიმე საათი გავიდა. მტანჯველი ფიქრებისაგან განაწამები მშობლების საფლავზე დაწექი და ჩაიძინე. სიზმრად დედა გამოგეცხადა. იგი გაფრთხილებდა და გიამბობღა, რომ უფლის საბრძანებელში მრავალია ისეთი, ვინც ღატაკი იყო, მაგრამ არც ერთი იმათგანი, ვინც შეგნებულად მოისწრაფა სიცოცხლე. ამ სიზმარმა თვითმკვლელობაზე ხელი აგაღებინა. სწორედ შენმა საყვარელმა დედამ, უფლის განზრახვით გიხსნა მისგან. შენ მოწყალების თხოვნა დაიწყე, ამით ცხოვრობდი. და, აი, კითხულობ, ხომ არ არღვევ ამით საღვთო სჯულს?

გული გაიმაგრე ადამიანისშვილო! უფალმა გვიქადაგა: არა იპარო! (შეად. გამოსლ. 20,15) მაგრამ არ უთქვამს: „არ ითხოვო!“ თხოვნა უკიდურესი გაჭირვების გარეშე - ქურდობაა, მაგრამ შენს შემთხვევაში თხოვნა ქურდად არ გაქცევს. იმპერატორ იუსტინიანეს ვოევოდა, სახელოვანი ელიაზარი, მოხუცებულობისას სიღატაკეში დარჩა, თვალისჩინწართმეული და მარტოსული იჯდა იგი ქალაქის კარიბჭესთან და მათხოვრობდა. მას, როგორც ქრისტიანს, თვითმკვლელობის აზრად გაელვებაც კი არ შეეძლო, რადგანაც, რამდენადაც სიცოცხლე სიკვდილზე ლამაზია, იმდენადვეა უპოვარი თვითმკვლელზე უკეთესი.

შენ ამბობ, რომ სირცხვილის გრძნობა გღრღნის და დარდმა ძვლები გაგიშრო. დგახარ ღამით შენი ყავახანის წინ და მომსვლელებს მოწყალებას სთხოვ. იხსენებ, რომ ცოტა ხნის წინ მისი მეპატრონე იყავი, ახლა კი სტუმრად შესვლასაც ვერ ბედავ. თვალები ცრემლებისაგან ჩაგწითლებია.

ნუგეში ჰპოვე, კეთილო ადამიანო! შენს გვერდით უფლის ანგელოზები არიან. რად მისტირი ყავახანას?! გსმენია ბელგრადის გარეუბანში მდებარე რესტორნის შესახებ, რომელსაც „ვისიც უნდა იყოს, მისი არ იქნება“ ერქვა. ჭეშმარიტად, ამ სიტყვების დამწერი ფილოსოფოსი გახლდათ, რამეთუ შესაფერისია ისინი ყველა რესტორნისათვის, ყველა სახლისათვის და სასახლისათვის დედამიწის ზურგზე. ვისიც არ უნდა იყვნენ, მათნი არ იქნებიან.

რა დაკარგე შენ? ის, რაც შენი არ იყო მაშინ, როდესაც გაჩნდი, ახლაც არაა შენი. იყავი პატრონი, გახდი ღატაკი. ეს არაა დანაკარგი. დანაკარგია, როცა ვიღაც ადამიანი იყო და მხეცად იქცა. შენ კი ადამიანი იყავი და ადამიანადვე დარჩი. ვიღაც „წარჩინებულ“ სტუმრებს ფასიან ქაღალდებზე ხელი მოუწერე, მათ მოგატყუეს და შენ ყავახანის გარეშე დარჩი. ახლა ფანჯრიდან შესცქერი, თუ როგორ იცინიან, ვიდრე შენ ქუჩაში დგახარ, ცრემლად იღვრები და სირცხვილისაგან იწვი. ნუ გეშინია, უფლის სამართალი არსებობს. ისინი თავიანთი უკანონობის გამო პასუხს აგებენ და თუკი თვითმკვლელობას გადაწყვეტენ, ვინ იცის, დართავს კი უფალი მათ დედებს ნებას, რათა გამოეცხადონ იმქვეყნიური სამყაროდან და დანაშაულის ჩადენაში დააბრკოლონ. ნუ შეგშურდება მათი ბედნიერებისა, რამეთუ მათი დასასრულის შესახებ არაფერი იცით. ერთმა ძველბერძენმა ბრძენმა თქვა: „ნურავის უწოდებ ბედნიერს, ვიდრე არ ნახავ, როგორი იქნება მისი სიკვდილი!“

ძნელია შენთვის იყო ღატაკი! მაგრამ განა ყველა ჩვენგანი უპოვარი არ არის? განა ყოველ დღე და ყოველ წამს იმაზე არ ვართ დამოკიდებულნი, ვინც გვაძლევს სიცოცხლეს და ყველაფერს - სიცოცხლისათვის?! შენ ახლა მნიშვნელოვანი მისია გაქვს - შეახსენო ადამიანებს ღმერთისა და სულის შესახებ და გახადო ისინი მოწყალენი. შენ იძულებული ხარ, მდუმარებაში იცხოვრო, ანუ ჩაღრმავდე საკუთარ სულში და ლოცვით ისაუბრო უფალთან. უპოვარი ცხოვრება გაცილებით მეტ ვაჟკაცობას მოითხოვს, ვიდრე მეპატრონისა. ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სასურველი ხალხი კი - დამცირების სიმწარით. მაგრამ შენ უკვე წარმოაჩინე საკუთარი თავი გმირად - დაამარცხე შავი აზრები თვითმკვლელობისა. დაამარცხე სასოწარკვეთილების ეშმაკები, ამგვარი გამარჯვების შემდეგ ყველა დანარჩენი შენთვის იოლი იქნება. უფალი შენს გვერდითაა.

მშვიდობა შენდა და ნუგეში უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 49)